კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-4(578)

 

– წარმატება არ არსებობს, არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც წარმატებულობის მითს ქმნიან. რას უნდა ელოდო?! სისულელეა. სიცოცხლე მეტისმეტად ხანმოკლეა. ამიტომ არასდროს დავლოდებივარ, იღბალი როდის გამიღიმებდა – არასდროს ვყოფილვარ ასეთი მიამიტი... სულ ვმოქმედებდი... ვგრძნობდი და ვრისკავდი, ცხოვრება რისკია, ნებისმიერი ადამიანის ყოველი ნაბიჯი რისკია... ზოგი გააზრებული და ზოგიც გაუაზრებელი... გგონია, შენ არ გარისკე, ნიკას რომ გაჰყევი ცოლად?! – იამ რძალს, მსუსხავი მზერა მიაპყრო, – როგორც არასდროს, ისეთი გულახდილი ვარ და, მინდა, ყველაფერი გავარკვიოთ.

მარიკა თავდახრილი, უხმაუროდ ურევდა კოვზს ყავით სავსე ფინჯანში. ფიქრობდა, რა ეთქვა ისეთი, რაც ქალს კიდევ უფრო მეტად აალაპარაკებდა. თუმცა, კარგად ხვდებოდა, ეს მაინც ქალის ნებაზე იყო დამოკიდებული. მისი დედამთილი აშკარად არ განეკუთვნებოდა იმ ადამიანების კატეგორიას, რომელსაც იძულებით ან თუნდაც დაფარული ძალდატანებით გააკეთებინებ რამეს.

– „მე თავად ვქმნი ჩემს სამყაროს... მე თავად ვქმნი ჩემს წარმატებას“... – ვერ ვიხსენებ, ეს ვისი სიტყვებია, – თქვა მოგონილი გულწრფელობით.

– კოკო შანელის, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. მე სულ სხვა რამეზე მინდა დაგელაპარაკო.

– ვიცი, თქვენ ჩემი თქვენს ოჯახში შემოჭრა გადარდებთ, – მოურიდებლად მიუგო მარიკამ, – ... და ველოდები, ამას როდის მეტყვით.

– გეტყობა, რომ ელოდები. არ უარვყოფ... – ქალმა სიგარეტს მოუკიდა, – ტყუილს რა აზრი აქვს? მით უმეტეს, რომ ერთმანეთს ვერ მოვატყუებთ.

– მე ისედაც არასდროს ვტყუი, – გამომწვევად ჩაილაპარაკა გოგომ.

– კარგია, ვაფასებ გულახდილობას. თუმცა, ტყუილი მაინც პირობითი და ფარდობითია, თან, ინდივიდუალურიც, როგორც ადამიანები ვართ ინდივიდები. მაგრამ, მასაც არსებობს, როგორი მონდომებითაც არ უნდა ვცდილობდეთ ამის უარყოფას. მე არაერთხელ მითქვამს ტყუილი, მაგრამ, იმ კონკრეტულ მომენტში ეს ტყუილი გაცილებით სჯობდა სიმართლეს.

– შემიძლია, არ დაგეთანხმოთ?

– რა თქმა უნდა.

– კარგია. თორემ, ვერაფრით დავიჯერებ, როგორ შეიძლება, საკუთარი დედა გატყუებდეს და ეს სიმართლეს გერჩივნოს?! თუმცა, სულ დამავიწყდა, რომ ნიკამ მხოლოდ ის „სიმართლე“ იცის, რომელსაც თქვენგან ისმენს.

ქალს ოდნავ აუთრთოლდა სიგარეტიანი ხელი, მაგრამ მღელვარება არ შეიმჩნია.

– ჰმ, ჭკვიანი ხარ. ეტყობა, ჯეროვნად მაინც ვერ შეგაფასე. ალბათ, კონკრეტულ ტყუილებსაც გულისხმობდი.

– რა თქმა უნდა. მაგალითები გჭირდებათ? – არ შეეპუა მარიკა.

– ჩემს ოჯახში ძალიან გამიჭირდება მზვერავის ატანა. რატომ ცდილობ გაიგო ის, რაც შენი საქმე არ არის?

– ცდებით. მე ზუსტად იმის გაგებას ვცდილობ, რაც ჩემი საქმეა. ნიკას ვუყვარვარ და მეც მიყვარს. მისი ცოლი ვარ და აუცილებლად დავიცავ.

– რა სისულელეა! ჩემი შვილის დაცვა გინდა? გინდა, საკუთარი დედის ვერაგობისგან დაიცვა?

– მე ეგ არ მითქვამს. რაც შეეხება ტყუილს, ხომ არ უარყოფთ, რომ მოატყუეთ?

– საყვარელო გოგონი, მე შენ წინაშე არანაირ ვალდებულებას არ ვგრძნობ, რომ თავს რამე ვაიძულო ან მოვთხოვო. არ ვაპირებ იმაზე ლაპარაკს, რაც შენ საერთოდ არ გეხება.

– არაფერიც, ნიკა სწორედ რომ მე მეხება.

– შეგიძლია, არ იდარდო, ჩემგან საფრთხე არ ელოდება. მე ყოველთვის მზად ვარ, მისი სიცოცხლისთვის საკუთარი გავიღო. ეჭვი ხომ არ გეპარება?

– მაშინაც კი, როცა მას უცხოეთში ჰგონიხართ წასული მივლინებაში, სინამდვილეში კი...

– სინამდვილეში?.. – ქალი შეიჭმუხნა, – საშინელებაა, როცა ვიღაც შენს სულში იქექება. გულისამრევია და ზიზღის მომგვრელი... და, ამის მერე გინდა, ერთად მშვიდობიანად და ბედნიერად ვიცხოვროთ? მეეჭვება, ეს გამოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მეც ნამდვილად მქონდა, ვეცადე კიდეც.

– დიახ, არ უარვყოფ.

– სანაცვლოდ, შენ რა გააკეთე – უარესად დაიწყე ქექვა. ისეთი პროფესია გაქვს, საშუალებებს მოკლებული ნამდვილად არ ხარ. ეს გამოიყენე და ახლა რა გინდა, მაშანტაჟებ?

მარიკამ თავი გააქნია.

– მაშინ, რა გინდა?

– ხომ გითხარით, ნიკას ვიცავ... სიმართლეც აუცილებლად უნდა გავარკვიო.

– რომელი სიმართლე? რატომ აღარ წავედი და სად ვიყავი? იქნებ, ეს ჩემი პირადი საქმეა?! თუ, რადგან ნიკაა, მე პირადი აღარაფერი უნდა მქონდეს?!

– ვგრძნობ, რაღაც ხდება. თქვენს პირადთან მე არაფერი მესაქმება. ნიკა განსაცდელშია.

ქალს ჯერ გაეღიმა, მერე რძალს წარბშეკრული მიაშტერდა:

– გეყოფა! ნიკას ერთადერთი განსაცდელი შენ ხარ. რაც შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში, იმის მერე ვეღარ ვცნობ საკუთარ შვილს.

– ვერ ცნობთ? საერთოდ, რა იცით მის შესახებ?

– ჩვენ შორის ნუ ჩადგები, არ გირჩევ, – ქალის ხმა გაფრთხილებასავით გაისმა.

– მე არა, მაგრამ, სხვა რამე შეიძლება ჩადგეს თქვენ შორისაც და ჩვენ შორისაც – შეიძლება, ნიკა ციხეში აღმოჩნდეს.

ქალმა ხმამაღლა გაიცინა:

– შეიძლება ჩემი ნიკა აღმოჩნდეს ციხეში?! შენ მოიგონე ეს სისულელე? ნიკა ჭიანჭველასაც არასდროს დაადგამს ფეხს, უწყინარია და პატიოსანი. შენი პრობლემა ის არის, რომ ზედმეტად შეიჭერი როლში – თავი სუპერმაძებრად და სუპერდეტექტივად წარმოიდგინე. ოჯახის წევრებსაც, ქმარსაც კი, რომელიც გიყვარს, ეჭვის თვალით დაუწყე ყურება. მე არ ვიცი, ამისგან როგორ უნდა გათავისუფლდე.

– გეუბნებით, საქმე სერიოზულად არის. შეიძლება, ნიკას მკვლელობაში დასდონ ბრალი, – მარიკამ თვალებში შეხედა დედამთილს, – არ ვხუმრობ.

იამ პირთან მიტანილი ფინჯანი ნელა დაუშვა მაგიდაზე:

– რისი თქმა გინდა, პირდაპირ მითხარი...

მარიკამ რვეულს დახედა:

– რატომღაც, მგონია, რომ ეს ამბავი თქვენთან კავშირშია. თქვენთან თუ არა, რაღაც ისეთთან, რაც წარსულთანაა დაკავშირებული. იმ ტყუილთან, რომელსაც თქვენ სიმართლის საბურველში ხვევთ. თუ ნიკა მართლა გიყვართ, ისე ნუ მიყურებთ, როგორც შემოჭრილ მტერს. მე არც თქვენი დაშანტაჟების სურვილი მაქვს, არც შეშინების. ვამბობ იმას, რაც რეალობაა. ასე რომ, ემოციები და პირადი შეხედულებები ერთმანეთის შესახებ გვერდზე გადავდოთ და სერიოზულად ვილაპარაკოთ.

ია ცოტა ხანს დუმდა. მის შუბლზე რამდენიმე გრძელი ხაზი გაჩნდა. თითებმა ძლივს მოძებნეს სიგარეტის კოლოფი... 

მარიკამ სულის მოთქმა არ აცადა:

– ჯერ ნიკას მამაზე მომიყევით. სად არის, ცოცხალია?..

***

... დათომ ხელები გაშალა.

– აბა, რა გითხრა?! მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მაკამ სპეციალურად დაგიბარა. მაგას როგორ წარმოვიდგენდი, რომ არ გეტყოდა. გეფიცები, მაგრად გამიტყდა... – დათომ გულზე მიიდო ხელი და დამნაშავესავით გაიღიმა, – იქნებ, საერთოდ არც უნდა მეთქვა?

– მოიცა, შენ რას გულისხმობ, რომ, შეიძლება, ეგ ბავშვი ჩემი არ იყოს?

– არა, ტო, რას ამბობ, აბა, ვისი უნდა იყოს! თუმცა, რა ვიცი... აუ, არ გამაგიჟოთ, რა... დაელაპარაკე მაკას. ხომ დაელაპარაკები? თუ გინდა, მე თვითონ შევეკითხები...შენ აქ დამელოდე და ავირბენ...

– ფეხი არ მოიცვალო, შენთან სხვა საქმე მაქვს!

– ამაზე მნიშვნელოვანი საქმე?! მართლა გინდათ, გამაგიჟოთ?

– დათო, დაწყნარდი, მაკას მე დაველაპარაკები. ამ ახალმა ამბავმა შოკში ჩამაგდო, მაგრამ, მაინც უნდა გავარკვიო ის, რისთვისაც აქ მოვედი.

– ჰო, მართლა, თუ მაკას სანახავად არა, აბა, რისთვის მოხვედი?

– შენს ძმაკაცზე უნდა დაგელაპარაკო. იმით დავიწყებ, რომ მე ყველაფერი ვიცი. უფრო სწორად, ის ვიცი, რაც შენ დამიმალე და, ალბათ, გეგონა, ვერც ვერასოდეს გავიგებდი, რომ მარიკა ამაზე სიტყვას არ დაძრავდა...

– მარიკა? – დათოს თვალები გაუფართოვდა და ფერი დაეკარგა, – მარიკა რა შუაშია, რა უნდა ეთქვა?

თემომ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი:

– ოჰ, დათო... დათო, მოსაკლავი მყავხარ. მაკა როგორ შემოგიჩნდებოდა, ვხვდები, მაგრამ, ჩემთვის უნდა გეთქვა. შენ კი როგორ მოიქეცი?

– კარგი, რა, თემო, მართლა ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.

– თუ გინდა, გაპატიო, ზურგში მახვილი რომ ჩამეცი, გულახდილად უნდა მიპასუხო შეკითხვებზე.

– აუ, კარგი რა, ტო!.. როდის მომიტყუებიხარ?!

– ამ წუთში რაზე გელაპარაკებოდი? გეუბნები, ყველაფერი ვიცი-მეთქი.

დათომ ამოიოხრა:

– ჰო, კარგი, დამნაშავე ვარ. მაგრამ, სხვა გამოსავალი არ მქონდა. შენზე ადრე მარიკამ მიმიმწყვდია კედელთან. თუმცა, არ მეგონა, თუ მოგიყვებოდა.

– ჰმ, ჯერ ერთი, მარიკას არაფერი უთქვამს და მეორე – შენ გამართლება არ გაქვს. მეც რა გამიკეთე და მარიკაც როგორ გაწირე?

– რატომ გავწირე? – თავისი სიყვარული ვაპოვნინე.

– აი, სწორედ ეგ არის საკითხავი, – პაპავამ შუბლი მოისრისა. ვერაფრით ახერხებდა, მარტო საქმეზე ეფიქრა და იმ ამბავზე არა, რაც დათოსგან გაიგო. თავში თითქოს ზარები რეკდნენ და რაღაც ხმა ჩასძახოდა: „ფეხმძიმედ არის! ფეხმძიმედ არის! შვილი გეყოლება“!.. შვილი? მერე, ჩემია?!“ – ეს კითხვა დამოკლეს მახვილივით დაეკიდა მის თავზე და თვითონაც ვერ გაერკვია, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ახლა მისთვის – სიმართლის გაგება თუ ის სიხარული, რაც ამ ახალმა, მოულოდნელმა ამბავმა განაცდევინა. „მაკა უნდა ვნახო, სასწრაფოდ“, – თითქოს პირობა მისცა საკუთარ თავს და დათოს მიუბრუნდა, ცოტათი დამფრთხალი რომ ადევნებდა თვალს ყოფილი სიძის გამომეტყველების ცვლილებას.

– თემო, შენ ახლა მაკა გჭირდება, მე კი არა... ავალ, ჩამოვიყვან...

– გითხარი, ჯერ შენ უნდა დაგელაპარაკო-მეთქი. ნიკამ მარიკასთან ქორწინება თავის სასარგებლოდ გამოიყენა. ალბათ, ეგონა, ცოლით მუდმივ და უეჭველ ალიბის შეიქმნიდა.

– რა ალიბი? არაფერი მესმის, უბრალოდ, შეუყვარდა, რა... ჩვენ ეს არ დაგვიგეგმავს, თავისით მოხდა.

– შენი ძმაკაცი ძალიან ცუდად ფიგურირებს რამდენიმე მკვლელობის საქმეში.

– ეგ რას ნიშნავს? – პირი დააღო დათომ.

– იმას, რომ შენ ახლა სიმართლე უნდა თქვა. ნიკა ყველაზე მეტ დროს შენთან ერთად ატარებდა. გაიხსენე რამე საეჭვო სიტუაცია ან მისი საქციელი, რაც მაშინ უცნაურად მოგეჩვენა და ყურადღება არ მიაქციე.

დათომ თავზე შემოიწყო ხელები:

– არა, არაფერი მახსენდება. საერთოდაც, წარმოუდგენელია, ნიკას რამე კავშირი ჰქონდეს დანაშაულთან. გამოვრიცხავ ამას, რაღაც გეშლებათ...

– დათო, შენ იცი, ჩემი პროფესია შემთხვევითობას და დამთხვევებს გამორიცხავს. ფრთხილად იყავი!

– ფრთხილად ვიყო? ეს რატომ მითხარი, გგონია, რამეს ვმალავ? მე მართლა არაფერი ვიცი. არაფერი ვიცი ისეთი, რაც შენს საქმიანობასთან იქნება კავშირში. ნიკა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია. არ მახსოვს, ვინმესთან ეჩხუბოს.

– ჰო, მაგრამ, ჩილაჩავას მამას ვერ იტანდა. ამ სიძულვილსაც გამოხატავდა.

– მერე რა, არც მე მეხატებოდა გულზე ის კაცი. თუმცა, უარზე არ ვიყავი, მისი მოცემული ფულით „გაგვეჯაზებინა“. ნიკა კი მეუბნებოდა, უპასუხისმგებლო ხარო. სულ ეს იყო. თანაც, არ მესმის... ხომ მოკვდა ის კაცი. „ვიაგრა“ დალია თუ ისე მიაბარა სული უფალს, ჩვენ რა შუაში ვართ? მორჩა ეს ამბავი. მგონი, მისი ოჯახის წევრებიც აღარ დარდობენ ამას.

– დათო, სერიოზულად მიუდექი ამ ამბავს, არ არის სასაცილო და სახუმარო. მე გასართობად ნამდვილად არ მცალია.

დათო შეიჭმუხნა.

– რა უნდა ვთქვა, რომ არ ვიცი?

– გაიხსენე ნიკას ყველაზე უჩვეულო, უცნაური საქციელი, მაშინ რომ რაღაცაში დაგაეჭვა და არ ჩაეძიე.

დათო დაფიქრდა... მერე ხელები გაშალა:

– მართლა არაფერი მახსენდება... აუ, თემო, დავიტანჯე... მოიცა, აი, ნიკა მირეკავს, ვუპასუხო?

– ჰო, მაგრამ, არ უთხრა, რომ აქ ვარ.

დათომ ამოიოხრა და მობილური ყურთან მიიტანა:

– რაო, ნიკუშ... სახლში ვარ, სად უნდა ვიყო? არა, ტო... ვინა? არ ვიცი... ჩემთვის რატომ უნდა დაერეკა?! მერე, რა განერვიულებს? მოვა, სად წავა? შეიძლება, დაუჯდა, ან, ისეთ ადგილას არიან, რომ ვერ იჭერს... პანიკაში ნუ ჩავარდები... რა ვიცი, ტო... თუ  გინდა, შენთან მოვალ...

დათომ თემოს შეხედა:

– რაო, რას გეუბნებოდა?

– მარიკას ეძებს... წერილი დაუტოვებია, საქმეზე ვარ, არ ინერვიულოო, ახლა კი მობილური ჰქონია გამორთული და ნიკა ნერვიულობს. ალბათ, შენთან დარეკვა ვერ გაბედა. მთხოვა, მასთან მივიდე.

– მეც არ ვიცი, სად არის მარიკა, წარმოდგენა არ მაქვს. დევის დავურეკავდი, მაგრამ, ვერაფერს ვხედავ საგანგაშოს... – თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მისი მობილური აწკრიალდა.

– გისმენ, დევი... ახლავე? სასწრაფოდ?.. კარგი, მოვდივარ! მოკლედ, ასე, – მოუბრუნდა დათოს, მე უნდა წავიდე. შენც ნიკასთან აპირებ, ხომ ასეა? იფიქრე იმაზე, რაც გითხარი, მაგრამ, ენას კბილი დააჭირე, ნიკას არაფერი უთხრა.

– მაკა? მაკასაც არაფერი ვუთხრა? – უკვე მანქანასთან მისულს დააწია დათომ შეკითხვა.

– რა მაკა?.. ჰო, მესმის. აუცილებლად ვნახავ, რაც შეიძლება მალე...

***

იამ თავი ასწია და მარიკამ მისი უჩვეულოდ აბრჭყვიალებული თვალები დაინახა.

– ყველაფერი თქვი?

მარიკამ თავი დაუქნია.

– თითქმის...

– არა, „თითქმის“ – არ გამოვა. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ვიცოდე...

– რისი თქმის უფლებაც მქონდა, გითხარით. ხომ მიხვდით, რომ ეჭვის სრული და რეალური საფუძველი არსებობს? მითხარით, როგორ მოვიქცე? კიდევ გიკვირთ, რომ თქვენი რვეულის წაკითხვას ვცდილობდი? გიკვირთ, რომ ყველგან ვეძებდი პასუხებს ჩემს შეკითხვებზე? დრო ბევრი არ მაქვს, სიმართლე მალევე უნდა გავარკვიოთ...

– შენ რომელ სიმართლეს ეძებ, – იას ხმა შესამჩნევად უთრთოდა. გალურჯებულ ტუჩებზე სიგარეტის ფერფლი შერჩა, მაგრამ, საერთოდ ვერ გრძნობდა ამას, – ჩემი შვილი დამნაშავე არ არის... არც მკვლელი არ არის... მისი ერთადერთი დანაშაული ისაა, რომ მე გავაჩინე. არადა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ბედნიერ მომავალს შევუქმნიდი. ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის. შენ არ იცი, რას ნიშნავს, როცა საკუთარ შვილში რაღაცის, უფრო სწორად, ვიღაცის არდანახვას ცდილობ, წვალობ, იტანჯები... ზოგჯერ თითებს იკბენ. ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი ამ აბსურდში დამერწმუნებინა...

– რომელ აბსურდში? – მარიკამ იგრძნო, რომ დრო მოვიდა – ქალი ნელ-ნელა იხსნებოდა. რაღაც საშინელის მოსასმენად მოემზადა და  შინაგანი ხმა, ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ ბანალურ ისტორიას არ მოუყვებოდა.

– აბსურდია, როცა საკუთარ თავს აიძულებ, შექმნა მითი და ეს მითი მარტო შენთვის კი არა, სხვისთვისაც რეალობად დააკანონო.

– ეს „სხვა“, ალბათ, ნიკაა, არა?!

– ჰო. მისი რეალობა ისაა, რაც მე თავად შევთავაზე. საკუთარ თავს კი სულ სხვა რეალობა „მოვუმზადე“ და ისიც ვაიძულე, დაეჯერებინა. ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ნიკას დავკარგავდი. ვერ შევძლებდი, შემეყვარებინა. გიკვირს? ალბათ, ფიქრობ, როგორ შეიძლება, ქალს თავისი შვილი არ უყვარდესო. დამიჯერე, შეიძლება. თუმცა, არავის, არც ერთ ქალს არ ვუსურვებ ამას. ნიღბის ქვეშ ცხოვრება საშინელებაა...

– ნელ-ნელა ვხვდები... ნიკას მამა...

– მამა?! – ქალმა ხმამაღლა გაიცინა, – „მამა“ ხმამაღალი ნათქვამია... დამიჯერე, გოგონი... იმ ორფეხა ცხოველს ამ სიტყვასთან და მის რეალურ მნიშვნელობასთან საერთო არაფერი ჰქონდა... მერე მე მოვყევი ზღაპარი ნიკასთვის... ვიზუალური მტკიცებულებებით.

– რა?!

ქალმა რვეულის ყდა მოჭმუჭნა...

– ეს დასასრულია... – ჩაილაპარაკა სულისშემძვრელი, გაყინული ხმით. 

მარიკას შეაჟრჟოლა, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. იგრძნო, ქალი მას არ ელაპარაკებოდა... იმასაც მიხვდა, თუ ახლა ხელს შეუშლიდა დაცლაში, მეორე ასეთი მომენტი აღარ იქნებოდა...

– ნიკასთვის სიმართლე მომაკვდინებელი იქნებოდა. მასაც ვერ მოვკლავდი. ერთი მკვლელი და შეწირული – ჩემი სახით, საკმარისი იყო. ჰოდა, მოვუგონე მამა: სასაფლაოზე ადგილი ვიყიდე და ჩემს შვილს „მამა“ დავუსაფლავე. ამ ტრაგიკომედიას იმდენ ხანს ვთამაშობდი, ბოლოს ლამის თავადაც დავიჯერე და... შემეშინდა. მართლა, გულწრფელად შემეშინდა, ადამიანურად, რაც ჩემისთანა ქალებისთვის ძალიან უცხოა. ჩემისთანაო, რომ ვამბობ, წარმოდგენაც არ გაქვს, რას ვგულისხმობ. ეს დასასრულია... ეტყობა, შენ უნდა გაგეკეთებინა ეს, შენ უნდა დაგესვა წერტილი. თავიდან თითქოს გადანაშაულებდი... ვაღიარებ, ეს ჩემი სისუსტე იყო. ვცდილობდი, ინტუიციისთვის არ დამეჯერებინა, რომელსაც არასოდეს უღალატია ჩემთვის. დაგინახე თუ არა... არა, მითხრა თუ არა ნიკამ შენ შესახებ, შინაგანმა ხმამ თითქოს თითი დამიქნია... შენ არაფერ შუაში ხარ, თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს წუთი ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგებოდა. როგორი იქნებოდა, ვერ წარმომედგინა, თუმცა არაფერს ვნანობ. ეს ალბათ, სწორედ ის არის, რასაც ვისურვებდი... წარმატება არ არსებობს... არსებობენ ისინი, ვისაც, ამ წარმატების შექმნის უნარი შესწევთ... მე დავამთავრე... ყველაფერი მორჩა... რატომ მეგონა, რომ კიდევ მეტის გაკეთებას შევძლებდი? კიდევ უფრო მეტ ორფეხა პირუტყვს მოვაშორებდი ჩვენს ისედაც დაავადებულ საზოგადოებას?! ვრისკავდი, მაგრამ, ეს რისკი მიღირდა... მორჩა, ლიმიტი ამოიწურა – მე ვარ ის, ვისაც თქვენ ეძებთ... მე ვარ მკვლელი...

მარიკას გაოცებისგან გაფართოებულ თვალებში შიში და სასოწარკვეთა აისახა... 

***

დევიმ კარი გააღო... თემო პირდაპირ ოთახში შევარდა და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა...

– რა სახე გაქვს, რამე მოხდა?

– ჰო. პირველად რომელი ამბავი გითხრა, არ ვიცი.

– თუ გინდა, ჯერ მე გეტყვი.

თემომ თავი გააქნია:

– მე დავიწყებ... მაკა ფეხმძიმედ არის...

დევიმ ისე შეხედა მეგობარს, თემომ უხერხულობა იგრძნო და იფეთქა:

– რამე სისულელე არ მკითხო, თორემ დაგახრჩობ, ისედაც აღარაფერი მიკლია გადარევას! ერთი უბედურება ის მჭირს, რომ წინ ვერ მივდივარ და „ვბუქსაობ“.

– მაგაზე, შეგიძლია, აღარ იდარდო... ბევრით არა, თუმცა, წინ ნამდვილად მივდივართ. ისეთ რაღაცას გეტყვი... მაგრამ ჯერ თავად უნდა დავიკმაყოფილო ცნობისმოყვარეობა. მაკას ფეხმძიმობის ამბავი საიდან შეიტყვე?

– სიზმარში ვნახე! – ისევ გაცხარდა თემო, – საიდან შევიტყობდი? დათომ მითხრა. მანამდე მაკასაც ველაპარაკე, თუმცა, ერთი სიტყვაც არ დასცდენია. არ ვიცი, რატომ დამიმალა. ცოტა უცნაურად კი ლაპარაკობდა, მაგრამ, რას მივხვდებოდი?! ახლა რას იტყვი, როგორ გუნებაზე უნდა ვიყო?

– არაჩვეულებრივზე. შვილი ხომ ყოველთვის გინდოდა? ახლა უკვე აუცილებლად შერიგდებით. შეიძლება, მაკამ ცოტა იჭირვეულოს, მაგრამ, მის მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის ნორმალური იქნება. აი, მოთმინება ნამდვილად დაგჭირდება, თუმცა, ღირს ამად, დამიჯერე. 

– ჰო, არა?! – თემომ შუბლი მოისრისა, – როდისმე ასეთ მდგომარეობაში ყოფილხარ?! არა, ხომ?! – მაშინ, ვერ წარმოიდგენ, რას ვგრძნობ ახლა.

 – შემიძლია თეორიულად წარმოვიდგინო, თუმცა, ძალიან მალე თავს გადასარევად იგრძნობ. მეორე ამბავი მითხარი...

თემომ ხელი ჩაიქნია:

– მარიკას მობილური აქვს გამორთული და ნიკა პანიკაშია...

დევის ღიმილი გაუქრა სახიდან:

– რა? რატომ აქვს გამორთული და, საერთოდ, სად არის?

– ვინ?

– ვინ და მარიკა. სასწრაფოდ უნდა მოვძებნოთ.

– მოიცა, რა ხდება? ასე რატომ აფორიაქდი? ნიკასთვის მესიჯი მიუწერია, ყველაფერი კარგად არის, სახლში მოვალო... ისიც გადარეულია და შენც ფერი დაგეკარგა. რა დაგემართათ?

– მარიკა მობილურს არ გამორთავდა... – დევიმ ქურთუკს სტაცა ხელი, – ადექი და გამომყევი... ახლავე!..

– კი მაგრამ, რა მოხდა? გესმის? რა უნდა გეთქვა?

– ეზოში გეტყვი... მკვლელი ქალია. ამაში უკვე ეჭვი არ მეპარება.

– ქალია? ვინ? რომელ საქმეს გულისხმობ?

– ჩქარა!.. გზაში მოგიყვები...

– ის მაინც მითხარი, სად გავრბივართ?..

– მარიკას მოსაძებნად... – დევიმ ხელისკვრით გააგდო თემო ბინიდან და კიბეზე კისრისტეხით დაეშვა...

***

ნიკა ვერ დამშვიდდა... მართალია, მარიკას მესიჯში არაფერი იყო შემაშფოთებელი და საგანგაშო, გამორთულ ტელეფონსაც მოუძებნიდა ახსნას, მაგრამ, მოუსვენრობის განცდამ ლამის ჭკუიდან შეშალა.

დათოს კარი რომ გაუღო, უკვე ხელებიც კი უკანკალებდა. მეგობრის ასეთ მდგომარეობაში ნახვას დათო არ ელოდა:

– რა დაგემართა, ტო! ეგრევე გამოვვარდი, მაგრამ, ნაღდად არ მეგონა, რამე სერიოზული თუ გჭირდა. დამშვიდდი, ტო... არ დაურეკავს?

– არა... მობილური გამორთული აქვს.

– არ იცი, სად მუშაობს? ეტყობა, საქმეზეა.

– საქმეზე? – ეგ ვიფიქრე, მაგრამ... – ნიკამ ხელები მომუშტა, – მოკლედ, რაღაცას ვგრძნობ, ოღონდ, არ დამიწყო, მე ეგეთების არ მჯერაო... გირჩევნია, მირჩიე, სად წავიდე და რა გავაკეთო. მამამისს ხომ არ დავურეკო? ან თემოს.

– თემოს ველაპარაკებოდი სწორედ, შენ რომ დამირეკე...

– მერე?

– არაფერი. იმის თქმა მინდოდა, რომ თემოსთან ერთად არ არის... არც დევისთან ერთადაა, იმიტომ, რომ თემო მერე იმასთან წავიდა.

– ხვდები, რომ ამით უფრო შემაშინე? – ნიკა ისევ წამოხტა, – მამამისმაც თუ არ იცის, სად არის, მაშინ, არ ვიცი, რა ვიფიქრო. წამომყევი, რა...

– წამოგყვები, მაგრამ, რას აპირებ? ტეხავს, ტო... ჯერ საღამოს შვიდი საათია და მოგვეცადა ცოტა, გამოჩნდება. ქალების ამბავი არ იცი? შეიძლება, სალონში ზის და, არ უნდა, ხელი შეუშალო. მოვა ახალი ვარცხნილობით და გეტყვის, სიურპრიზი იყოო...

– სისულელეების თქმას, აჯობებს, გაჩუმდე... მარიკა სალონში საერთოდ არ დადის და არც ჩერჩეტ ქალებს ჰგავს... გავგიჟდები, დროზე თუ არ გამოჩნდა. დედაჩემსაც ვერაფრით დავუკავშირდი. სამსახურში არ არის... მისმა ექთანმაც არასოდეს არაფერი იცის...

– იმასაც გამორთული ხომ არ აქვს მობილური?

– არა, მაგრამ, არ მპასუხობს... – ნიკა ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა.

– ნუ დარბიხარ და დამშვიდდი, გესმის? ნუ დარბიხარ-მეთქი, თავბრუ დამეხვა!.. – დათომ ხელები აიქნია და უცებ წამოიძახა: – კარზე ვიღაც რეკავს, გავაღო? მგონი, მოვიდა, შენი ცოლი და ტყუილად დაიგლიჯე ნერვები...

– მარიკას თავისი გასაღები აქვს, – თქვა ნიკამ და კარის გასაღებად გაემართა. თემო და დევი ერთდროულად შემოვიდნენ ოთახში,

– ხომ არ დაურეკავს?

– არა. მობილურიც ისევ გამორთული აქვს... მამამისთან ვაპირებ წასვლას.

– ჩვენ უკვე ვიყავით მასთან. მარიკა არ უნახავს, მაგრამ, ჯერ სანერვიულო არაფერია. ნიკა, დედაშენი ბოლოს როდის ნახე?

ნიკამ თავზე იტაცა ხელები.

– დედაჩემი? დილით, სამსახურში წასვლის წინ... მანქანის გასაღებს ეძებდა.

– შენი თუ თავისი მანქანის?

– თავისი... ოთახში რომ შევედი, კომოდის უჯრაში იქექებოდა. ვკითხე, რას ეძებ-მეთქი და, მანქანის გასაღებსო. მერე, მგონი, მალევე იპოვა და წავიდა. ის რა კავშირშია მარიკასთან?

– მოკლედ, მე და დევი მივხედავთ ყველაფერს, თქვენ სახლში დაელოდეთ. ვფიქრობ, მალე გამოჩნდება, – თემომ მკლავზე მოჰკიდა დევის ხელი და გვერდზე გაიყვანა, ჩუმად რაღაც უთხრა და იმანაც თავი დაუქნია.

– მინდა ვიცოდე, რა ხდება, – ნიკა მათ მიუახლოვდა. ოთახში შემოსული მარიკა პირველად დათომ დაინახა:

– აი, მოვიდა! გეუბნებოდი, რა... აჰა, არაფერი არ სჭირს... სად იყავი, ტო, ამდენი ხალხი რომ გადარიე?

მარიკას ყურადღება არ მიუქცევია დათოს საყვედურისთვის. ნიკასთვისაც არაფერი უთქვამს, პირდაპირ დევისთან მივიდა და ხელზე მოჰკიდა ხელი.

– რაღაც მაქვს სათქმელი, ახლავე... შენთვის და თემოსთვის, თანაც, ახლავე, სამზარეულოში გავიდეთ.

– მარიკა, იქნებ, მეც მითხრა, რა ხდება და სად იყავი მთელი დღე დაკარგული? იმდენი ვინერვიულე...

– მესიჯი ხომ მოგწერე, სანერვიულო არაფერია-მეთქი, – მარიკას ნიკასთვის არც შეუხედავს, დევის მიშტერებოდა დაჟინებით.

– კი მაგრამ, მარიკა...

– ნიკა, სასწრაფო საქმე მაქვს. ეს ჩვენი საქმეა, სამსახურის. ძალიან გთხოვ, დათოს დაელაპარაკე... ნახევარი საათი დამჭირდება... მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნდა გავაცნო ჩემს თანამშრომლებს. კარგი იქნება, თუ კართან არ მოხვალ და არ მოგვისმენ.

მარიკა შებრუნდა და სამზარეულოსკენ გაემართა. დევი და თემო უკან მიჰყვნენ. ნიკამ დათოს შეხედა და, როცა სამზარეულოს კარი მიიხურა, ამოიოხრა:

– ამ გოგოს სამსახური გამაგიჟებს.

– შენც, ნუ გაგიჟდები. გეყოფა, რა. ხომ ხედავ, ყველაფერს მხოლოდ ართულებ... ერთხელაც, ადექი და უთხარი საკუთარ თავს, რომ შენი ცოლი... მუშაობს და ამით მორჩება ყველაფერი. ნელ-ნელა დამშვიდდები და შეეგუები...

ნიკამ სამზარეულოს მჭიდროდ მიხურულ კარს მიაპყრო მზერა:

– იცი, როგორ მაინტერესებს, რაზე ლაპარაკობენ?

– აი, მე კი, საერთოდ არ მაინტერესებს... უჰ, – დათომ ტელევიზორი ჩართო და სავარძელში ნებივრად გადაწვა...

მარიკამ რვეული მაგიდაზე დადო:

– ეს არის... აქ თითქმის ყველაფერი წერია, გვარებისა და სახელების გარდა, მაგრამ ამის აუცილებლობა არ არის... ყველა მკვლელობა მისი ჩადენილია... შოკში ვარ...

– ყველა მკვლელობა?! მარიკა, დარწმუნებული ხარ? – პაპავამ რვეული გადაფურცლა.

– ჰო. თავადაც არ მჯერა და, მგონია, რომ ვიღაც სხვას მოუყვა ეს ყველაფერი...

დევიმ თავი გადააქნია:

– რაღაცას კი ვეჭვობდი, მაგრამ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მანიაკი? ასეთი ქალი და ფსიქოლოგიური გადახრებით?!

– ძალადობის მსხვერპლი, რომელიც მკვლელად იქცა. წარმოუდგენელია, მაგრამ, ფაქტები აქ არის, ამ რვეულში. ყველა მკვლელობა აღწერილი აქვს. დეისაძეზე ინტუიცია არ გღალატობდათ, ბატონო თემო, ბერაძის მკვლელობაში დამნაშავე არ არის. ჩილაჩავასაც არ დაულევია „ვიაგრა“ შემთხვევით... მოძალადეზე კი შური საკმაოდ გვიან იძია. გუსტავ ფუგანი...

– მდინარეში ჩაგდებული გვამი...

– ჰო... – მარიკამ წყალი დაისხა და მთელი ჭიქა სულმოუთქმელად დალია, – ცუდად ვარ, ძალიან ცუდად... ფუგანი – იგივე გოგი ფაილოძეა, ნიკას ნამდვილი მამა. საფლავი კი, უბრალოდ, ცარიელია...

დევიმ მხარზე მოხვია მარიკას ხელი და გასამხნევებლად მსუბუქად შეანჯღრია.

– გონს მოდი, საყვარელო... შენ ახლა მაგრად უნდა იყო. ნიკა ხომ გიყვარს? მას ბოლომდე უნდა სჯეროდეს იმ ლამაზი ზღაპრის, რომელიც დედამისმა საგანგებოდ მოიგონა... ქალი – შურისმაძიებელი.

– ჰო, შურისმაძიებელი... ყველა იმ ქალის მაგივრად აღასრულებდა სამართალს, რომლებზეც ძალა იხმარეს.

– ესე იგი, გია ნოდიას შვილიც ტყუილად აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.

პაპავა შეიჭმუხნა:

– როგორ უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი ახვლედიანს? ლომიძე სასწრაფოდ უნდა დავაპატიმროთ.

მარიკამ თავი გააქნია.

– გამორიცხულია. ხომ მითხარი, ნიკას ბოლომდე უნდა სჯეროდეს იმ ზღაპრის, რომელიც მისთვის დედამისმა მოიგონაო....

– ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკვლელს უფლებას მივცემთ, თავისუფლად ისეირნოს, – თემომ ამოიოხრა, – შენ კი არა, მეც შოკში ვარ... ოთხი... არა, ხუთი გვამი და ხუთივე ერთი ქალის ხელიდან მკვდარი... სერიოზული მკვლელია...

– არ ისეირნებს თავისუფლად... – მარიკა დაჯდა და ცრემლით სავსე თვალები ხელისგულებით მოიწმინდა, – მან ამაზეც იზრუნა: რამდენიმე საათში ნიკა დედამისის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავს შეიტყობს. უბედური შემთხვევა კოჯრის გზაზე. დამსხვრეული ავტომობილი და გარდაცვლილი ცნობილი ექიმი, რომლის რეპუტაციაც ისევე შეურყვნელი დარჩება... დევი, იმედია, გვამს არ გაკვეთენ და ორგანიზმში შხამის კვალს არ აღმოაჩენენ. ამის საჭიროება არ არსებობს... მე ახლა იმაზე უნდა ვიფიქრო, როგორ დავეხმარო ნიკას დედის სიკვდილის გადატანაში... რვეული კი თქვენ გქონდეთ, ბატონო თემო... თქვენც ბევრი საქმე გაქვთ – ორი უდანაშაულოდ ბრალდებული გყავთ ციხიდან გამოსაყვანი...

 

 

скачать dle 11.3