კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ მინიატურულ გამოცემას მალავდნენ ქალბატონები პარიკში და რამდენ მსგავს გამოცემას მოიცავს ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექცია

მსოფლიოში არაერთი მინიატურული წიგნის კოლექციონერია ცნობილი: ნაპოლეონ ბონაპარტე, ფრანკლინ რუზველტი, ელიზაბეთ მეორე, აბრაამ ლინკოლნი და სხვები. ჩვენმა რესპონდენტმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ნინო ხვედელიძემ ამ ბიბლიოთეკაში დაცული უცხო ენებზე გამოცემული მინიატურული წიგნების კოლექცია დაგვათვალიერებინა და გვიამბო, თუ როდის შეიქმნა მსოფლიოში პირველი მინიატურული წიგნი და რომელია მათ შორის ყველაზე მცირე ზომის გამოცემა. 

 

ნინო ხვედელიძე: მრავალი მინიატურული წიგნია დაცული ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში. 

მინიატურული წიგნი მცირეფორმატიანი ხელნაწერი ან ბეჭდური გამოცემაა, რომლის ზომა, საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, 10X10 სანტიმეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ტერმინი „მინიატურული გამოცემა” მტკიცედ დამკვიდრდა წიგნმცოდნეობის და ბიბლიოგრაფიულ ლიტერატურაში. ზოგადად კი მათ „ჯიბის წიგნებად“ მოიხსენიებენ. მათ შორის  გამოირჩევა ისეთი წიგნები, რომლებიც მინიატურულ გამოცემათა ფონზეც  კი პაწაწინად გამოიყურებიან – ეს მიკროწიგნებია. 

ასეთი წიგნის შექმნა მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული და პოლიგრაფისტთა პროფესიული პრესტიჟის საქმეა. 

– როდის წარმოიშვა მსოფლიოში პირველი მცირეფორმატიანი ანუ მინიატურული წიგნი?

– მცირეფორმატიანი წიგნის ისტორია ჩვენს ერამდე, ანტიკურ ეპოქაში იწყება. მრავალი მკვლევრის აზრით, პირველ მინიატურულ ეგზემპლარებად ითვლება ლურსმული დამწერლობის ძეგლები – თიხის მინიატურული ფირფიტები, რომლებიც  ქალაქ ურშია  აღმოჩენილი. მათი სისქე 10 მილიმეტრია, ხოლო ზომა – 41X39 მილიმეტრი, აღნიშნულია მათი დამზადების თარიღიც – 2325 წელი ჩვენს ერამდე. 

წიგნების დასამზადებლად სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ საწერ მასალას იყენებდნენ: გასანთლული ხისა და ბამბუკის დაფებს; პალმის ფოთლებს; სპილოს ძვალს; ცვილით დაფარულ არყის ხის ქერქს; ლითონის ფირფიტებსა და აბრეშუმს; პაპირუსისა და პერგამენტის ფურცლებს; მოგვიანებით კი – ქაღალდს. უძველესი წყაროების მიხედვით, ქაღალდი პირველად 105 წელს შექმნა ჩინელმა ცაი ლუნმა, უკვე ცნობილი მეთოდის დახვეწის შედეგად. 1957 წელს ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციის სამარხებში იპოვეს ქაღალდის ნაკუწები. მეცნიერთა ვარაუდით, ისინი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეშია დამზადებული. ჩინეთიდან ქაღალდი პირველად იაპონიაში შეიტანეს, შემდეგ – არაბეთში, ესპანეთსა და მაროკოში. მეთორმეტე საუკუნეში ესპანეთიდან ქაღალდმა ევროპის მრავალ ქვეყანაში შეაღწია. აქ ქაღალდის წარმოება განვითარდა, დაიხვეწა და  სასაქონლო მნიშვნელობა შეიძინა. 

ქაღალდის გამოგონებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მინიწიგნების  შექმნას, თუმცა, მინიატურული წიგნები ძველთაგანვე იპყრობდა წიგნის მკვლევართა თუ მოყვარულთა ყურადღებას. ისინი მოხსენიებულია ძველი რომაელი მწერლებისა და მეცნიერების ნაშრომებშიც. პლინიუს უფროსი  „ბუნებისმეტყველების ისტორიის“ 37 ტომისგან შემდგარი ენციკლოპედიის ერთ-ერთ ტომში გადმოგვცემს სახელგანთქმული ორატორის – მარკუს ტულიუს  ციცერონის მონათხრობს ჰომეროსის უკვდავი „ილიადას” მიკროსკოპული წიგნის შესახებ: პოემა მოიცავს 15 686 სალექსო სტრიქონს  და  ძალიან თხელ პერგამენტზე ისეთი წვრილი ასოებითაა დაწერილი, რომ მისი მოთავსება შეიძლება კაკლის ნაჭუჭშიო. პოემის კაკლის ნაჭუჭში მოთავსება, ზღაპარს უფრო წააგავდა, ვიდრე სინამდვილეს. ფრანგმა ეპისკოპოსმა გიუემ ციცერონის ნაამბობის გადამოწმება გადაწყვიტა და ეს გამოცდა წარმატებულად ჩატარდა მეფე ლუდოვიკო მეთორმეტის კარზე. 

– საინტერესო ისტორიაა. ქალბატონო ნინო, ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციაში თუ მოიპოვება ხელნაწერი მინიატურული წიგნი?

– ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია მინიატურული ხელნაწერი „ძველი აღთქმა“. ხელნაწერი წიგნის კორპუსის აკინძვისა და დაყდავების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის დაახლოებით მეთვრამეტე საუკუნის  დასაწყისში უნდა იყოს შექმნილი. 

– ცნობილია როდის გამოჩნდა პირველი ნაბეჭდი მინიატურული წიგნი?

– მეთხუთმეტე საუკუნეში გერმანელმა მესტამბემ და გამომგონებელმა იოჰან გუტენბერგმა მსოფლიოს პირველი ნაბეჭდი წიგნი აჩუქა. „ფრაგმენტი განკითხვის დღისა“ – ასე ეწოდებოდა ამ წიგნს, რომელიც 1445 წელს დაიბეჭდა. მოგვიანებით წიგნის ბეჭდვა დაიწყეს: იტალიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ბელგიასა და  ნიდერლანდებში. გაჩნდა პირველი მინიგამოცემები.  1501 წლის 1 იანვრამდე მოძრავი შრიფტით ანაწყობ პირველ ნაბეჭდ წიგნებს შეარქვეს „ინკუნაბულები“, რაც ლათინურად აკვანს, დასაწყისს ნიშნავს. მსოფლიოში პირველ ბეჭდურ მინიატურულ ინკუნაბულად ითვლება იოჰან გუტენბერგის მოწაფის, პეტერ შეფერის მიერ წვრილი გოთური შრიფტით დაბეჭდილი „მაინცის ფსალმუნი”, რომელიც 1468 წლითაა დათარიღებული. 

მინიატურული წიგნის ხელოვნებამ ნამდვილ აყვავებას მიაღწია ჰოლანდიაში, „ელზევირების“ საგამომცემლო ფირმაში, რომელიც 1581-1712 წლებში ფუნქციონირებდა ჯერ ლეიდენში, შემდეგ კი – ამსტერდამში. საგამომცემლო საქმეს ემსახურებოდა ელზევირების ოჯახის თხუთმეტი წარმომადგენელი. ფილიალები და სააგენტოები მათ თითქმის მთელ ევროპაში ჰქონდათ განთავსებული. სხვადასხვა ენაზე გამოსცემდნენ წიგნებს, რომლებიც მრავალ განსხვავებულ დარგს მოიცავდა. ელზევირების დინასტიამ 2 200 წიგნი და 3 000 საუნივერსიტეტო დისერტაცია გამოსცა. ორიგინალური შრიფტის გამოგონებამ მათ საშუალება მისცა, გამოეცათ პატარა და ვიწრო ფორმატის წიგნები, რომლებიც უძვირფასეს საგანძურად ითვლება მსოფლიოს ნებისმიერი წიგნსაცავისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულია ელზევირების  საგამომცემლო სახლში გამოცემული მინიატურული წიგნი  – „Russia feu Moscivia Itemque Tartaria“, რომელიც 1630 წლითაა დათარიღებული.

მინიატურული წიგნი მეტად პოპულარული იყო მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეების ინგლისსა და საფრანგეთში. გამოდიოდა სასულიერო ხასიათის წიგნები: ბიბლიები, ლოცვები, ფსალმუნები, თვენი; მათ გვერდით კი იბეჭდებოდა ისტორიული და მხატვრული ნაწარმოებები, პოეტური კრებულები და ლექსიკონები,  კულინარიული და სამკურნალო წიგნები, კალენდრები და გზამკვლევები. პრაქტიკული დანიშნულების მინიატურული წიგნების გამოცემამ განაპირობა მათ მიმართ ინტერესის გაზრდა. ქაღალდისა და მუყაოს გარდა, წიგნის ყდის დასამზადებლად  დაიწყეს კუს ჯავშნისა და სპილოს ძვლის, ტყავისა და ძვირფასი ქსოვილების გამოყენება. წიგნის ყდებზე ამაგრებდნენ  ლითონის შესაკრავებს, საკინძებს, ჯაჭვებსა და გამადიდებელ შუშებს. მინიატურულ წიგნებს ამკობდნენ ძვირფასი თვლებით, ოქროსა და ვერცხლის დეტალებით. გაჩნდა თანსატარებელი მინიწიგნები. ზოგჯერ მათ სუვენირებად ან გასართობ საშუალებებად იყენებდნენ. საღამოებსა და წვეულებებზე ხელთათმანში ჩამალული წიგნით სტუმრობა კარგ ტონად ითვლებოდა და იმდენად შემოვიდა მოდაში, რომ წიგნის ფორმატის შემცირება გამომცემელთა თვითმიზნად გადაიქცა.

–  საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციაში დაცული მინიატურული წიგნებიდან, რომელს გამოყოფდით? 

– განყოფილების  ფონდში მრავალი უნიკალური წიგნია დაცული, აი, თუნდაც, ფრანგული, პაწაწინა ლექსად დაწერილი „წმინდა ბიბლია“ ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ის 1759 წლითაა დათარიღებული. ძველი და ახალი აღთქმა საგამომცემლო კონვოლუტია გვერდთა ორმაგი აღნუსხვით (192+192 გვ.) თავფურცლის მონაცემების მიხედვით, ძველი აღთქმა დაბეჭდილია ჰააგაში, ხოლო ახალი აღთქმა გამოცემულია ბაზელში იმავე წელს, გრაფინია ბრულის პატივსაცემად. როგორც ჩანს, ბიბლიის ეს ორი ნაწილი გაუერთიანებიათ ერთად გამოსაცემად. ბიბლია პროტესტანტი მინისტრის, ანტუან კურტის ბრძანებით დაიბეჭდა, მაგრამ, პროტესტანტული შინაარსის გამო, აკრძალული იყო საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიის მიერ. მცირე ფორმატის წიგნს ქალბატონები ადვილად მალავდნენ პარიკში და ამიტომ მას  „შინიონის ბიბლიის“ სახელითაც მოიხსენიებენ. 192-გვერდიანი წიგნი 50X35 მილიმეტრი ზომისაა და მართლაც თავისუფლად მოთავსდებოდა ქალბატონის პარიკში. 

მინიგამოცემები ხშირად ლითონისა თუ ტყავის ბუდეებში მოთავსებული გამოდიოდა. ამ მხრივ საყურადღებოა ორი პაწაწინა, თანსატარებელი წიგნი: ფრანგულ-ინგლისური ლექსიკონი და ყურანი, რომელთა ზომები 26X20 მილიმეტრს არ აღემატება. თითოეული მათგანი მოთავსებულია ლითონის ბუდეში, რომლებზეც ყელსაბამზე ჩამოსაკიდი საკინძეებია მიმაგრებული, რაც ამ წიგნთა დანიშნულებაზე მიგვითითებს. უწვრილესი  ნაბეჭდის წასაკითხად ბუდეზე დისკის ფორმის გამადიდებელი შუშაა დამაგრებული.

იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდში ინახება გერმანული ენის მასწავლებლის, ციმერმანის  მიერ შედგენილი მინიატურული „გერმანულ-ფრანგული ლექსიკონი“, „ცეროდენა კოლექციის“ სამარკო ნიშნით. წიგნი გამოცემულია  პარიზში, ცოლ-ქმარ ატიეების საგამომცემლო სახლში. მათ მსოფლიოში მოიხვეჭეს სახელი სახელმძღვანელოებისა და მეთოდური ლიტერატურის დიდი კოლექციების გამოცემით. 

– კიდევ რომელ ნიმუშს გამოყოფდით?

– განყოფილების ფონდში დაცულია 1855 წელს ქალაქ ტურნეში დაბეჭდილი   მინიატურული გამოცემა, რომლის  სათაურია „L‘IMITATION de JESUS-CHRISR“ – „წმინდა წიგნი“ – „იესოსთან მიმსგავსება“. პაწაწინა წიგნი მომზადებულია  გამომცემლობა  „კასტერმანში“, მისი ბრწყინვალება ჰერცოგინია ბარბანტელისთვის საჩუქრად. ეს გამომცემლობა 1780 წელს ტურინში დააარსა დონატ კასტერმანმა. აქ იბეჭდებოდა ძვირფასი წიგნების კოლექციები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

განყოფილების ფონდში დაცულ მრავალ საინტერესო წიგნთა შორის აღსანიშნავია  შავი ტყავის ყდაში ჩასმული, პაწაწინა ალბომი – „დåðîè âîéíû 1812 ჯîჰჭ“. ის ოქროვარაყითა და ოქრომელნით შესრულებული ტვიფრული, მინიატურული წარწერებითაა დამშვენებული. 26X19 მილიმეტრი ზომის ციცქნა წიგნში 1812 წლის ომის 20 გმირის ფრჩხილისოდენა პორტრეტებზე გასაოცრად აღიქმება თითოეული დეტალი. მათ შორისაა პეტრე ბაგრატიონის პორტრეტიც.

ყურადღებას იქცევს სასკოლო სახელმძღვანელო მოსწავლეთათვის – „კðჭòêჭÿ პîñèéñêჭÿ ჯåîჯðჭôèÿ ჰëÿ ჰåòåé“, რომლის პირველი ტომი 1836 წელსაა გამოცემული და  29-გვერდიანია. 

– როგორც ცნობილია, მინიატურული წიგნების შეგროვებით არაერთი ცნობილი პიროვნება იყო გატაცებული.

– მინიატურულ წიგნთა მოყვარული მრავალი ცნობილი პიროვნება იყო. ნაპოლეონ ბონაპარტეს თავისი საომარი მსვლელობების დროს თან დაჰქონდა სპეციალურ ტყავის ფუტლარში განთავსებული. 

მცირეფორმატიანი წიგნების თაყვანისმცემელი იყო  ამერიკის შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი. მას საკმაოდ დიდი კოლექცია ჰქონდა თავის ბიბლიოთეკაში, ჰაიდ-პარკში. ამერიკის შეერთებული შტატების  მე-16 პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი კი თავისი ადვოკატობის პერიოდში   ხშირად სარგებლობდა მინიატურული ლოცვანით. 

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეთა მეორისთვის სპეციალურად დაამზადეს მინიატურული თოჯინის სახლი, რომლის ერთ-ერთ ოთახში 1-2 დიუმის სიდიდის მინიწიგნების ბიბლიოთეკა იყო განთავსებული.

– არის ცნობილი მსოფლიოში გამოცემული ჯუჯა წიგნებიდან, რომელია ყველაზე მცირე ზომის?

– მსოფლიოში ყველაზე პატარა მინიწიგნი გამოიცა 1981 წელს იაპონიაში, რომლის    ზომა 3,5 მილიმეტრია და, რა თქმა უნდა, მისი წაკითხვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელი იქნება.

დღეისთვის მინიატურული წიგნის გამოცემით მსოფლიოს მრავალი წამყვანი გამომცემლობაა დაკავებული. მინიატურული წიგნის მოყვარულთა კლუბი და მუზეუმი კი მრავალ ქვეყანაში ფუნქციონირებს. 

 

 

скачать dle 11.3