კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ახდენს გიორგი ლიფონავა „რევოლუციას“, ვის „კბენს“ ის და რაში გაუმართლა მას

კიდევ ერთი წარმატებული სერიალი – გიორგი ლიფონავას გვარი თითქოს ერთგვარი გარანტიაა ხარისხიანი, რეიტინგული, ხალხისთვის საყვარელი პროექტის შექმნისა. „ჩემი ცოლის დაქალებს” პირველივე სერიიდან ვუყურებ. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც, საერთოდ, სერიალს ვუყურებ და მით უმეტეს, პირველი სერიიდან. შეყვარებული ვარ პატარებზე და მეცინება, როდესაც დაახლოებით ჩემი ასაკის გოგოებში საკუთარ თავს ვპოულობ. 

 

გიორგი ლიფონავა: „ბიჭები და გოგოები”, „ჩვენი ოფისი”, „კლინიკა”, „ჩემი ცოლის დაქალები” პრინციპულად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. „ჩვენ ოფისსა” და ამ სერიალს შორის ერთადერთი პარალელი მხოლოდ ისაა, რომ ორივეში მხიარული, ლამაზი ფერებია და თვალს ახარებს. სრულიად განსხვავდება „ჩემი ცოლის დაქალები” იმისგან, რაც აქამდე გაგვიკეთებია. 

– რატომ ისევ სერიალი? კინო ხომ ძალიან მაგარი გამოგივიდათ?

– მართალი ხარ, მაგრამ, ალბათ, კინოს მაინც თავისი ადგილი აქვს. სერიალების კეთებაში იმხელა გამოცდილება გვაქვს, რომ ამის არგამოყენება შეუძლებელი იყო. ასე უფრო ხშირი და ინტენსიური კონტაქტი გვაქვს მაყურებელთან, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით, რა სჭირდება მათ, რა მოთხოვნები აქვთ.

– ყველა გმირი „ტიპაჟურია”, არ არსებობს დღევანდელ რეალობაში ვინმემ საკუთარი თავი არ იპოვოს.

– სცენარისტის, ქეთი დევდარიანის იდეა იყო, სერიალი ქალებზე გაგვეკეთებინა. დაქალებზე სერიალი ბევრია, რომლებისგანაც ჩვენი აბსოლუტურად განსხვავდება. ის მთლიანად ქართული რეალობიდან არის აღებული. ვაკვირდებით ადამიანებს და მათი ცხოვრების კოპირებას ვახდენთ სერიალში. ამას კი ძალიან ნიჭიერად აკეთებს ქეთი.

– და შენ.

– მთელი გუნდი. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ საკუთარი თავი, ასევე ჩვენი მეგობრები და გარშემო მყოფებიც. შეიძლება, ბევრჯერ ისინი ღიმილს იწვევენ, მაგრამ არიან როგორც კომიკური, ისე სევდიანი პერსონაჟები. ეს ორი ცნება ერთმანეთს არ გამორიცხავს. არაფერს არ უნდა შეხედოს ადამიანმა ძალიან სერიოზულად. ასეთი ხედვა უფრო მეტად არასერიოზულია. 

– „ჭამა და სექსში” დიდი დოზით იყო მოწოდებული ის, რასაც გაფანტულად ამ სერიალშიც ვხედავთ. პატარ-პატარა კულტურულ შოკს „გვარტყამთ“ სისტემატურად.

– (იცინის) კი, ასეა. რაღაცეებზე ხომ იცი, თვალებს სულ ვხუჭავთ. ამ შემთხვევაში კი, ცოტა გავთამამდით, უფრო უხეშად ვთქვით ის, რაც არ მოგვწონს. „ჭამა და სექსი” სულ სხვა მოვლენაა, მაგრამ ხალხი ამ ფილმის გაგრძელებად ახალ სერიალს ნამდვილად აღიქვამს. „ჭამა და სექსიდან” მოყოლებული, ამ მხარეებს ცოტა ვკბენთ ხოლმე. ის, რომ მაყურებელმა ეს ფილმი არაერთგვაროვნად მიიღო, უფრო სახელწოდებიდან მომდინარეობდა, თორემ შინაარსთან დაკავშირებით, არავის ჰქონია პრობლემა. იგივე ხდება ამ სერიალზეც, უბრალოდ, ეს მაინც სერიალია და უფრო მსუბუქად არის მოწოდებული ყველაფერი – გასართობია. ფილმში კი, განსაკუთრებით ბოლო ნოველაში, ისეთი მძიმე თემაა, რომ არა მგონია, ვინმეს გაღიმებოდა.

– ჩემთვის ბოლო ნოველა შოკის მომგვრელი იყო. ქმრები თუ მივლინებების დროს ცოლის საქალწულე აპკს აღადგენდნენ, ვერასდროს წარმოვიდგენდი. მივხვდი, რამხელა პრობლემებთან გვაქვს საქმე.

– არადა ეს ნამდვილი ამბავია. ერთხელ ტელევიზიითაც ითქვა და პლუს, მიშა მშვილდაძეს, სცენარისტს მეგობარმა უამბო. ის ექიმია და წყალი არ გაუვა, ეს ამბავი რეალურია. ალბათ, ამიტომაც მიიღო ეს ფილმი ასე არაერთგვაროვნად მაყურებელმა. გტკივა ის, რაც რეალურად პრობლემაა და არა თითიდან გამოწოვილი ისტორია.

– „ჩემი ცოლის დაქალები” პირველივე სერიიდან გახდა პოპულარული.

– ასეთი რამ მართლა არასდროს მომხდარა. იყო წარმატებული სერიალები, მათ შორის „შუა ქალაქში”, რომელსაც გარკვეული პერიოდი მაინც დასჭირდა მაყურებლის ნდობის მოსაპოვებლად. ამის შედეგი კი, უცნაურია და ძალიან მალე მივიღეთ.

– რატომ გადაწყვიტე, მსახიობების ასეთი რადიკალური შეცვლა? 

– სპეციალურად არ გავქცევივართ იგივე სახეებს, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, სხვა ასაკის მსახიობები გვჭირდებოდა. აი, ახლა ვანიკო შემოვიყვანეთ. ოცდაათ წელს გადაცილებული ქალები გვჭირდებოდა და ზუსტად ვიცოდით, ვისაც ავიყვანდით. ქასთინგიც კი არ გვქონია. ერთადერთი, ვინც ისე ავიყვანეთ, რომ არ ვიცნობდით, ბავშვები იყვნენ და გაამართლა. ქეთა ჩემმა მეგობარმა მირჩია და რომ მოვიდა, მივხვდით, ზუსტად ის იყო, ვინც გვჭირდებოდა. გიორგი ვიქტორის ძმაა, რომელიც უკვე პროფესიონალი მსახიობია, ჩვენთანაც ითამაშა „კლინიკაში”. მისგან მოვიყვანეთ მისი ძმა და აღმოჩნდა, რომ ორივე ძმას თანდაყოლილი სამსახიობო ნიჭი აქვს.

– ეს რევოლუციური მიმართულება გაგრძელდება? ანუ, ეცდებით, ცოტა სასაცილოდ დაგვანახვოთ ის, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ?

– თუ რაიმე სახის სტერეოტიპი დასანგრევია, არსებობს მოძველებული, წყალშეყენებული ტრადიციები, თავისთავად, ის მიდრეკილია იმისკენ, რომ დაინგრეს. ლომის წილი ამ საქმეში კულტურას აქვს. არ შეიძლება, კულტურა ამას აცდეს. უპირველესად, კულტურის სფეროში უნდა მოხდეს „რევოლუცია” და მერე უკვე, საზოგადოებაში. მგონია, რომ ადამიანს, რომელიც ამ სფეროში მოღვაწეობს, სხვა მიზანი არც უნდა ჰქონდეს. ყველაფერი, რაც ცუდია, თუ მოვიშორებთ, ახალი აუცილებლად ახალ ცუდს მოიტანს. მაგრამ, ძველით ახლის შეცვლა – სახელად პროგრესი, სასიცოცხლოდ აუცილებელია. ადამიანებმა საკუთარ თავში მანკიერებების დანახვა უნდა შეძლონ.

– კინოს ხომ არ გეგმავთ კიდევ?

– კინოზე ფიქრი პარალელურ რეჟიმში სულ მიმდინარეობს, მაგრამ ახლა მთლიანად ამ სერიალზე ვართ კონცენტრირებული. იმდენწლიანი გამოცდილება გვაქვს, რომ ღამისთევა და აუტანელი რეჟიმი არც გვქონია, დავიხვეწეთ ამ ამბავში (იცინის).

– როგორი პერიოდი გაქვს ახლა, შემოქმედებით ასაკს ვგულისხმობ?

– ყველაფერს თავისი დრო აქვს. არასდროს ვნანობ იმას, რასაც ვაკეთებ. რაც გაკეთდა საჭირო და აუცილებელი იყო, სხვანაირად, ვერ ვიქნებოდი ის, რაც დღეს ვარ. ყველა ეტაპი მნიშვნელოვანი საფეხურია, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი გადასახედიდან, პროფესიონალიზმი, ხარისხი აკლდა. მაგრამ, დღემდე ვსწავლობ, ახლაც ვერ ვიტყვი,  ჩემი შემოქმედების ისეთ ეტაპამდე მივედი, რომ რაღაცით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი, ის მახარებს, რომ როგორც იქნა, ჩვენი პროექტი იმდენად წარმატებულია, მასთან დაკავშირებით ორი აზრი, პრაქტიკულად, არ არსებობს. პირველად ხდება, რომ კრიტიკის ქარცეცხლი არ გადაგვიტანია. „ჩვენი ოფისი” ამაზე გაცილებით პროვოკაციული იყო, უბრალოდ, სიმართლე იმდენად უხეშად, შიშვლად მიგვქონდა მაყურებლამდე, რომ ზოგისთვის მისი ფორმა მიუღებელი გახლდათ. მოვძებნეთ ფორმა, სადაც ყველა კმაყოფილია. 

– რაც შეეხება პირადად შენი ცხოვრების წესს?

– ოცდათექვსმეტი წლის ასაკში, რა თქმა უნდა, აღარ მოგეწონება და ვეღარ გაერთობი იმით, რითიც ოცი წლის წინ ერთობოდი, მოგწონდა. რადგან სტარტაფია, მთელ ჩემს დროს სერიალი მოითხოვს, თუმცა ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი... თუ შენი საქმე არ გიყვარს, ის ყოველთვის მოსაწყენი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებებიც ხშირად რუტინულია, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ თან ვმუშაობ, თან ვერთობი და ვისვენებ. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემი გასართობი ჩემი საქმეა. თუ პავილიონში არ ვარ, „ფორმულა კრეატივში” ვიკრიბებით, სადაც ასევე, გადაღებებზე მიდის მსჯელობა. 

 

 

скачать dle 11.3