კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაურთულა თურქეთმა საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა და როგორ იცავს თურქულ ბაზარს ქართველი მუშახელისგან

ის, რომ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა ყველას შეუძლია, შეიძლება, ითქვას, რომ პოსტრევოლუციური საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მეორე მხრივ, ეს დამოკიდებულება ორმხრივი, სულაც არ არის, ვინაიდან, სახელდობრ, ევროპულ ქვეყნებს არა მხოლოდ სავიზო რეჟიმი აქვთ დაწესებული, არამედ იქ მოსახვედრად საქართველოს მოქალაქეებს სკურპულოზურადაც ამოწმებენ. მართალია, ამასობაში ევროკავშირის ქვეყნებთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი დავამყარეთ, თუმცა ამ ახალმა რეჟიმმა, საბოლოოდ, იმ კატეგორიის მოქალაქეებს გაუმარტივა ევროპასთან მიმოსვლა, ვინც ამ სერვისით შესაძლოა, არც არასდროს ისარგებლოს და ისეთებსაც, რომლებსაც ევროკავშირის ვიზის აღება არც გამარტივებამდე უჭირდათ. რას აძლევს ჩვენს ქვეყანას ლამის მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან უვიზო მიმოსვლა და რაზე მეტყველებს იმ ქვეყნების მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვა, – თემაზე მოსაზრებებს „თავისუფალი დემოკრატების“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი კონსული დიდ ბრიტანეთში კოტე სურგულაძე გაგვიზიარებს.

 

– იმისთვის, რომ საფუძვლიანად გავერკვეთ საკითხში, თუ როგორია ჩვენს მეზობლებთან და სხვა ქვეყნებთან სავიზო ურთიერთობა, აუცილებელია, გავარკვიოთ, როგორია ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულება მიგრაციის საკითხებისადმი. მე ამას დავარქმევდი უფრო ცალმხრივად ღია კარის პრინციპს.

– ჩვენ ღია ვართ და ისინი დახურულები?

– დიახ, ისინი დახურული არიან ჩვენთვის. 80-ზე მეტი ქვეყანა სარგებლობს საქართველოში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიით, ხოლო ამ 80 ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზის მიღება.

– 80-ვესთან?!

– შეიძლება, ერთი-ორი იყოს გამონაკლისი. თავისთავად, ეს აკნინებს საქართველოს და მის იმიჯს. ღია კარის პრინციპს არანაირი კავშირი არ აქვს სტუმართმოყვარეობასთან. სტუმართმოყვარეობა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უვიზოდ უნდა შემოვიდეს შენს ქვეყანაში უცხო ადამიანი. 

– არის ქვეყნები, სადაც ჩასვლისთანავე გიფორმებენ ვიზას და არანაირი დისკომფორტი არ გექმნება. ღია საზღვრის პრინციპს ხელისუფლება ამართლებს ინვესტორების მოზიდვის მოტივით. ინვესტორები არიან იმ კატეგორიის მოქალაქეები, რომლებსაც ინვესტიციების ჩასადებად წაახალისებს უვიზო შემოსვლა?

– ადამიანისთვის, რომელიც საკმაოდ დიდი ინვესტიციების ჩადებას აპირებს ქვეყანაში, არ მგონია, დიდი პრობლემა იყოს საქართველოს ვიზის მიღება. ვმუშაობდი კონსულად უცხოეთის ქვეყანაში და ვერც ერთი ინვესტორი პრობლემას ვერ ხედავდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის ვიზა მიეღო. არათუ ინვესტორი, არც ტურისტი თუ რამე სხვა მიზნით ჩამოსული ადამიანი ხედავს პრობლემას ვიზის აღებაში და არავისთვის იყო უცხო და აღმაშფოთებელი, რომ საქართველოში შემოსასვლელად სჭირდებოდა ვიზა. ვიზა არის დამატებითი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ არეგულირო შენს ქვეყანაში შემომსვლელის ვინაობა და მიზანი. გარდა ამისა, ჩვენ ვაწყდებით ძალიან დიდ პრობლემას იმასთან მიმართებაში, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ლეგალურად შემოდის ქვეყანაში, იმთავითვე აქვს მუშაობის უფლება.

– ჩვენი კანონმდებლობით?

– დიახ, ჩვენ არ გვაქვს მოთხოვნა, რომ ქვეყანაში შემოსულმა ადამიანმა მუშაობისთვის უნდა მიიღოს ნებართვა. როგორც კი შემოვა უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვიზით ან უვიზოდ, მას არ სჭირდება ნებართვა, ისე შეუძლია, დაიწყოს მუშაობა. ალბათ, ხვდებით, რას ნიშნავს ეს: ის იკავებს ჩვენი მოქალაქეების სამუშაო ადგილს და ამით უმუშევარს ტოვებს მათ. მით უფრო, რომ ჩვენი მოქალაქეები არ არიან განებივრებული სამუშაო ადგილებით, პირიქით, უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია.

– სხვა ქვეყნებში როგორ არის დარეგულირებული უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მუშაობის უფლების მინიჭება?

– ვინაიდან საიმიგრაციო პოლიტიკაზე ვმუშაობ, გადავხედე თითქმის ყველა ქვეყნის პოლიტიკას მუშაობის უფლებასთან მიმართებაში. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, ყველაზე განვითარებულით დაწყებული და ყველაზე განუვითარებლით დამთავრებული, არსებობს მუშაობის ნებართვის მოთხოვნა.

– და რას გულისხმობს ეს?

– მუშაობის უფლებას ანიჭებს როგორც ფინეთი, ისე სომალი, გნებავთ, ავსტრალია, მაგრამ განვითარებული ქვეყნები იკვლევენ თავიანთი მოსახლეობის სამუშაო პოტენციალს და ალაგებენ დარგების მიხედვით. შესაბამისად, გამოყოფენ სფეროებს, სადაც მათ ჰყავთ საკმარისი ან საკმარისზე მეტი მუშახელი და სფეროებს, სადაც პრობლემა აქვთ. ისინი არავითარ შემთხვევაში არ გასცემენ უცხოელებისთვის მუშაობის ნებართვას ისეთ დარგში, სადაც ჰყავთ საკმარისი ან ჭარბი საკუთარი მუშახელი. ისინი  მხოლოდ იმ დარგებში მუშაობის ნებართვას გასცემენ, სადაც მუშახელის დეფიციტი აქვთ. მეტიც, არა მხოლოდ მუშაობის უფლებას გასცემენ, არამედ ვიზა-ლიბერალიზაციასაც აცხადებენ. თან არჩევენ იმ ქვეყნებს, საიდანაც უნდა ამ პროფესიის მიგრანტების მიღება, ანუ აცხადებენ ვიზა-ლიბერალიზაციას იმ დარგებში სამუშაოდ, სადაც აქვთ პრობლემა. მაგალითად, რაღაც პერიოდის განმავლობაში ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ ესაჭიროებოდა ბავშვის მომვლელები და ის ქვეყნებიც დაასახელა, საიდანაც ისურვებდა მათ მიღებას. სხვათა შორის, ბევრი ქართველიც მოხვდა ამ ტალღაში და ისინი სამუშაოდ წავიდნენ ბრიტანეთში. ასევე, გამოაცხადა მოთხოვნა სანიტრებზე, ინჟინრებსა და ფიზიკურ მუშახელზე. ჩაიყვანეს და დაასაქმეს, მაგრამ იქ უცხო ქვეყნის მოქალაქე ექიმი, ფიზიკოსი თუ იურისტი, რომლებიც თვითონაც ჭარბად ჰყავთ, ამ პროფესიებით მუშაობას ვერ დაიწყებს ან ძალიან გაუჭირდება. ახლა, მოდი, შევხედოთ, რა ვითარებაა ევროკავშირთან მიმართებაში. როგორ წარმოგიდგენიათ, ვთქვათ, მიხვედით ევროპის რომელიმე ქვეყნის საელჩოში და გამოუცხადეთ, რომ გინდათ სამუშაოდ წასვლა ჟურნალისტად, მოგცემენ ისინი ვიზას?

– ალბათ, არა. შეიძლება, მივლინების მიზეზითაც არ შემიშვან ევროპაში.

– რა თქმა უნდა, არ მოგცემენ და ეს გამოხატავს მათ ბუნებრივ დამოკიდებულებას თავიანთი მოსახლეობის მიმართ. საერთოდ, სავიზო პოლიტიკით ხელისუფლება გამოხატავს თავის დამოკიდებულებას საკუთარი მოქალაქის მიმართ, პატივს სცემს და უფრთხილდება მის კეთილდღეობას თუ პირიქით.

– ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეები მაინც ახერხებენ მოხვედრას ევროპულ ქვეყნებში და შემდეგ იქ არალეგალურად ცხოვრობენ და მუშაობენ. მაგალითად, იტალიიდან ფულადი გზავნილების სიდიდემ მესამე ადგილას გადაინაცვლა მიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხაში. როგორ ახერხებენ ვიზების მიღებას? მოხერხებულად ატყუებენ ევროპელ კონსულებს?

– როდესაც საქართველოს მოქალაქე მივდივარ ევროპული ქვეყნის საკონსულო ვიზის მისაღებად უარის თქმის მიზეზი მხოლოდ ორია: ან უნდა ვიყო დამნაშავე, ან უნდა არსებობდეს რისკი, რომ იმ ქვეყანაში დავრჩები. სხვა არანაირი მოტივაცია არ აქვს საკონსულოს, უარი მითხრას. თუ დაუსაბუთებთ, რომ არ აპირებთ დარჩენას, აქ ტოვებთ ოჯახს ან ბიზნესს, მაშინ ვიზას მოგცემენ. ალბათ, ქართველები ახერხებენ რაღაც ისეთი დოკუმენტების მოპოვებას, რომლებიც კონსულებს აჯერებს. ისინი ახერხებენ გადასვლას ევროპულ ქვეყნებში და შემდეგ იქ არალეგალურად რჩებიან. ჩვენ უცხოეთში გვყავს როგორც ლეგალურად მყოფი, ისე არალეგალური დიასპორა.

–  არალეგალი უფრო მეტია?

– 70 პროცენტამდე უფრო არალეგალურად არის, ვიდრე ლეგალურად.

– ანუ იმ 70 პროცენტამდე ადამიანმა მოატყუა კონსულები?

– ასე გამოდის. თან ის ადამიანები წავიდნენ ისეთ პირობებში, რომ სამუშაო არ ჰქონდათ ნაპოვნი, ბევრმა ენაც არ იცის იმ ქვეყნის, სადაც წავიდა. მაგრამ, წარმოგიდგენიათ, როგორი თავგანწირვაა ასე ხელაღებით უცხო ქვეყანაში წასვლა.

– სქესთა ბალანსი როგორია?

– ვიცი, რომ საბერძნეთში ქალი მეტია, ვიდრე კაცი. მეორე მხრივ, უცხოელებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ ვინმემ თავისი ოჯახი დატოვოს და სხვა ქვეყანაში წავიდეს არალეგალად. სხვათა შორის, როდესაც ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო მიმოსვლას მოეწერა ხელი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმავდროულად, მეორე ხელშეკრულებაც გაფორმდა.

– არალეგალი მიგრანტების დაბრუნების ვალდებულება აიღო საქართველოს ხელისუფლებამ.

– დიახ. რას ნიშნავს ეს? ჯერ ერთი, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს არის ერთიანი პაკეტი. რიად მისიის ხელშეკრულებით, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ თავის მოქალაქეებს მიიღებს თავის ქვეყანაში. მართალია, ეს ვალდებულება საქართველოს ხელისუფლებას აქამდეც ჰქონდა, მაგრამ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ეს პროცედურები ხდება უფრო სწრაფი. ამ პროცედურებით საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც დაიჭერენ უკანონოდ მუშაობის ან ცხოვრების გამო ევროკავშირის ქვეყნებში, შეუძლიათ, მაშინვე გაუკეთონ დეპორტაცია. თავისთავად, ეს ხელშეკრულება წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელისუფლებას ვარდების რევოლუციის შემდეგ პერიოდში უნდა ეზრუნა იმდენი სამუშაო ადგილის შექმნაზე, რომ მოქალაქეები არ გაქცეოდნენ ქვეყნიდან, წასულები კი თავიანთი ნებით დაბრუნებულიყვნენ. პირადად მე, არასწორად მიმაჩნია ადამიანის ძალდატანებით დაბრუნება საქართველოში. მე მომხრე ვარ იმის, რომ ადამიანებს ისეთი პირობები შევუქმნათ, თავად მოუნდეთ საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ოჯახთან ჩამოსვლა.

ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მიგრაციის დონე 3-7 პროცენტია. მათგან ნახევარზე მეტი არის ის ხალხი, ვინც ისევ ბრუნდება თავის ქვეყანაში, დანარჩენი კი მუდმივ საცხოვრებლად რჩება სხვა ქვეყანაში. მაგრამ, როდესაც ოთხმილიონიანი ქვეყნიდან მილიონ-ნახევარი მოქალაქე გასულია და კაცმა არ იცის, კიდევ რამდენს უნდა ქვეყნიდან წასვლა, ეს ნიშნავს, რომ შენთან მიგრაციის დონე 30 პროცენტზე მეტია, რაც დამღუპველია დემოგრაფიულადაც და ეკონომიკურადაც.

– თურქეთმა შეგვიცვალა სავიზო პირობები: თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ მხოლოდ 3 თვეს შეუძლია გაჩერება საქართველოს მოქალაქეს, შემდეგ ისევ საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მხოლოდ სამი თვის შემდეგ წავიდეს ისევ თურქეთში. შედეგად, ისინი კარგავენ სამუშაოს.

– ეს გამოხატავს თურქეთის დამოკიდებულებას, იმიტომ რომ თურქეთში ბევრი ჩვენი მოქალაქეა გადასული სამუშაოდ. იგივე პროცესია, რასაც გეუბნებოდით, ყველა ქვეყანა უფრთხილდება თავის სამუშაო ადგილებს. თურქეთში უნდა მიიღოთ მუშაობის უფლება და, დარწმუნებული ვარ, მუშაობას ვერ დაიწყებთ იმ პროფესიით, სადაც სპეციალისტები ჭარბად ჰყავთ, მაგრამ დაიწყებთ იმ პროფესიით, სადაც მუშახელი აკლიათ. ამას არეგულირებს თურქეთი და საკუთარ მოქალაქეებს უმუშევრად არ დატოვებენ.

სტატისტიკას მოვიშველიებ: 1991 წლიდან 2010 წლამდე 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი უცხოეთში. 1991 დან 2004 წლამდე პერიოდში, ანუ ცამეტი წლის განმავლობაში ბევრად უფრო ნაკლებმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, ვიდრე 2004-დან 2010 წლამდე. ეს იცით, რაზე მიუთითებს, რომ მიგრაციაც უფრო გაზრდილია პროცენტულად.

– თავშესაფრის მოთხოვნაზე დაკმაყოფილების პროცენტი როგორია?

– ძალიან დაბალი. ეს ადამიანები ან დეპორტირებული არიან, ან იმალებიან. ბევრი ამის გამო ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება. ბევრი აგირავებს ან ყიდის სახლს, რომ წავიდეს, იქ იმასაც კარგავს და კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში ცვივდება.

– რამე შეცვალა ევროკავშირთან გამარტივებულმა სავიზო მიმოსვლამ მათთვის, ვისაც სამუშაოდ სჭირდება ევროპაში წასვლა?

– გამარტივდა იმ ხალხისთვის, ვინც ადრე ისედაც დადიოდა და იღებდა ვიზას. გაიაფდა კიდეც, რაც კარგია, თუმცა იქ წამსვლელი ადამიანისთვის 60-დან 35 ევრომდე ვიზის ფასის შემცირება დიდი შეღავათი მაინც არ არის. ერთი სიტყვით,  ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივება უფრო საქართველოს ინტერესი იყო, მაგრამ რიად მისიის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება უფრო ევროპული მხარის ინტერესია. ადამიანს, რომელიც გარბის ამ ქვეყნიდან, აქვს საამისო მიზეზი. მას აქ არ დაედგომება, ოჯახს ვერ არჩენს და ეს მას უქმნის დაუცველობის შეგრძნებას. თქვენ გინახავთ სადმე, რომ მეხანძრე ცეცხლმოკიდებულ სახლში უკან აბრუნებდეს ადამიანს?

– ჯერ არა.

– დაახლოებით იგივეა, როდესაც ადამიანს, რომელიც გაქცეულია ქვეყნიდან იმისთვის, რომ თავისი ოჯახი დაღუპვას გადაარჩინოს, დააძალო, ჩამოდიო, მაშინ, როდესაც არც არაფერს არ სთავაზობ. სად უნდა დაბრუნდეს?! საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ხშირად დავდიოდი რიად მისიის ხელშეკრულების მოლაპარაკებებზე, დელეგაციის ხელმძღვანელიც ვყოფილვარ. ყოველთვის, როდესაც ვსაუბრობდით რიად მისიაზე, გვქონდა დათქმები და პირობები. რაც მთავარია, ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, რომ რეინტეგრაციის პროგრამები დაფინანსებულიყო იმ ქვეყნების მიერ, საიდანაც განხორციელდებოდა ჩვენი მოქალაქეების დეპორტაცია. რეინტეგრაციის პროგრამა ნიშნავს, რომ ქვეყანა, რომელიც აძევებს შენს მოქალაქეს, გარკვეულ თანხას გამოყოფს, რომ შენს იმ მოქალაქეს, რომელსაც აბრუნებს შენს ქვეყანაში, რაღაც შეღავათი მისცეს.

– ეს რა გამოდის, ჩვენ არალეგალურად მივდივართ მათ ქვეყნებში და შემდეგ ისევ მათ ვთხოვთ ფულს, რომ ჩვენს ქვეყანაში ნაკლები სტრესები მივიღოთ?!

– მათ უღირთ, რომ ეს ადამიანები დააკავონ თავიანთ ქვეყნებში. ცოტა სირცხვილიც არის, როდესაც სხვა ქვეყანას სთხოვ, ჩემი მოქალაქე ჩემს ქვეყანაში დამაკავებინოო, მაგრამ სხვა გზა არ არის. უფრო ნათელი რომ გახდეს, რას ნიშნავს სახელმწიფოს დამოკიდებულება თავის მოქალაქეებისადმი, ჩემი პრაქტიკიდან გავიხსენებ ფაქტებს. სამწუხაროდ, ევროპის ქვეყნებში ქართველებს ხშირად იჭერენ ქურდობისა თუ სხვა არასასიამოვნო ინციდენტების გამო. როგორც საქართველოს საელჩოს კონსულს დიდ ბრიტანეთში, მომდიოდა ეს შეტყობინებები. მივდიოდი ამ ხალხთან და, თუ ეს მათთვის პირველი შემთხვევა იყო, პოლიცია მენდობოდა, როგორც კონსულს და ამ ადამიანებს მატანდნენ, ანუ ისინი ციხიდან გამომყავდა. მაგრამ, მეორე მხრივ, იყვნენ სტუდენტები, რომლებიც სავსებით ლეგალურად ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ დიდ ბრიტანეთში. მათ კვირაში 24 საათს მუშაობის უფლება ჰქონდათ, თუმცა, თუ საიმიგრაციო პოლიცია წაასწრებდა, რომ ამაზე ნახევარი საათით მეტი იმუშავეს, მეორე დღესვე აძევებდნენ ქვეყნიდან. მე ეს ძალიან მიკვირდა და ერთხელაც მომეცა შესაძლებლობა, მეკითხა, რადგან გაუგებარი იყო ჩემთვის, რატომ მატანდნენ ციხიდან დამნაშავეს და რატომ აძევებდნენ სტუდენტს, რომელიც მუშაობდა. იცით, რა მიპასუხეს? ადამიანმა მაღაზიაში, მაქსიმუმ, 200-300 ფუნტის საქონელი მოიპაროს, იმასაც ვაბრუნებინებთ  და ამით დიდ ზიანს ვერ გვაყენებს, მაგრამ ადამიანი, რომელიც უკანონოდ იწყებს მუშაობას, ჩვენს მოქალაქეს ჰპარავს სამუშაო ადგილს.

 

 

скачать dle 11.3