კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაიკარგა კავშირი და-ძმას შორის და ვის ეძებენ უკრაინიდან საქართველოში

 

51 წლის იზოლდა ომარის ასული სავიჩევა (ქალიშვილობის გვარი – ღვედაშვილი) ეძებს 49 წლის ვახტანგ ომარის ძე ღვედაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ძმას, 49 წლის ვახტანგ ომარის ძე ღვედაშვილს. მე და ჩემს ძმას შორის კავშირი 1990 წელს შეწყდა და მას შემდეგ მე ის აღარ მინახავს. სამწუხაროდ, ოჯახის ალბომში ვახოს ფოტო არ მაქვს. ბოლოს, ვახტანგი მაშინ ვნახე, ჩემთან სტუმრად რომ იყო ჩამოსული დონეცკში. მას შემდეგ 21 წელია გასული, მე კი მისგან წერილიც არ მიმიღია. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი ძმა და აღვადგინო ჩვენ შორის დაკარგული კავშირი. მინდა გავიგო, როგორაა ის ამჟამად. სულ ვნერვიულობ მასზე და მეფიქრება. მე მხოლოდ ერთი დედმამიშვილი მყავს და არ მინდა, ერთმანეთი სამუდამოდ დავკარგოთ.

– რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რამაც და-ძმა ერთმანეთს დაგაშორათ? თქვენ უკრაინაში ხართ, თქვენი დედმამიშვილი კი საქართველოშია.

– მეც და ჩემი უმცროსი ძმაც, ვახტანგი, დავიბადეთ საქართველოში, სიღნაღში. ორივე პატარები ვიყავით, როდესაც ოჯახური პირობების გამო საცხოვრებლად თბილისში ჩამოვედით. თბილისში ბებიას (დედის დედა, მარიამ ზაქარიას ასული შალიკაშვილი) სახლში ვცხოვრობდით. ვახოს ბავშვობიდან რთული ხასიათი ჰქონდა. უმეტესად გულჩათხრობილი იყო, მაგრამ, უზომოდ ნიჭიერი, რასაც კი მოჰკიდებდა ხელს, ყველაფერი გამოსდიოდა. ჩემი ძმა 27 წლის იყო, როდესაც მე გათხოვება გადავწყვიტე. ჩემს გადაწყვეტილებას ვახტანგი არ დაეთანხმა – მას არ უნდოდა, რომ არაქართველს გავყოლოდი ცოლად, მაგრამ, დიმიტრი ისე შემიყვარდა, რომ ოჯახის თანხმობის გარეშე გადავდგი ეს ნაბიჯი. ასაკიც არ მქონდა ისეთი, რომ მათ დიდი წინააღმდეგობა გაეწიათ. მოხდა ისე, რომ მე ჩემს ქმართან ერთად მის სამშობლოში, დონეცკში გავემგზავრე. დიმა საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული, როდესაც ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. ასე მოვხვდი მე უკრაინაში, ჩემი ოჯახის წევრები კი თბილისში დარჩნენ. თავიდან მეგონა, რომ რაღაც დროის შემდეგ ისინი მაპატიებდნენ და შემირიგდებოდნენ, მაგრამ, ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა. სულ მენატრებოდა ჩემი მშობლები, ჩემი ძმა. ბოლოს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, ვახო ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად, 1990 წლის ოქტომბერში. სიმართლე გითხრათ, რომ არა ჩემი ბიჭის დაბადება, შეიძლება, ვახტანგი არც ჩამოსულიყო. მაშინ მეგონა, რომ ერთმანეთს შევურიგდით და ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ მას შემდეგ, დღემდე, მე ჩემი ძმა აღარ მინახავს და არც არაფერი ვიცი მის შესახებ. დარწმუნებული ვარ, მან შექმნა ოჯახი და ალბათ შვილებიც ჰყავს, მე კი მათ არ ვიცნობ. ხომ არ შეიძლება, მუდამ ასე იყოს?! 

– პირადად თქვენ თუ გიცდიათ საქართველოში ჩამოსვლა და ძმის მონახულება? ბებიის ძველი მისამართი, ალბათ, გეხსომებათ.

– როდესაც ვახო ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდა, ის ამბობდა, რომ ბებიის სახლის გაყიდვას აპირებდნენ. მე ჩავაწერინე მას ჩვენი ტელეფონის ნომერი და დავაბარე, თუ საცხოვრებელ მისამართს შეიცვლით, აუცილებლად შემატყობინე-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ეს დაავიწყდა. ჩემი მეუღლე მამშვიდებს ხოლმე და მეუბნება, ალბათ, ვახომ დაკარგა ჩვენი ტელეფონის ნომერი და რომ ვერ გვიკავშირდება, მხოლოდ გაუგებრობის ბრალიაო. მაგრამ, ამდენი წლის განმავლობაში ასეთი დუმილი ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. თუკი ვახომ შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და ჩვენს მშობლებთან ერთად სხვაგან ცხოვრობს, მაშინ ჩემთვის გასაგები იქნება, წერილებზე რომ არ მპასუხობს. არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, როცა კარგავ ურთიერთობას ახლო ნათესავებთან და, თან, ისე, რომ ამის რეალურ მიზეზსაც ვერ ხვდები.

– თუკი დაკარგულ ნათესავებსა და ძმას იპოვით, სად ან როგორ გეგმავთ მათთან შეხვედრას?

– ღმერთმა ქნას და, თუ მე მათ ვიპოვი, ყველანაირ ღონეს ვიხმარ და ჩამოვალ საქართველოში. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ჩემი სამშობლოა. უბრალოდ, ამდენი წლის განმავლობაში ისე ვცხოვრობდი, თითქოს ყველამ მიმატოვა. მოგეხსენებათ, რაოდენ რთულია ტერიტორიული სიშორე. მართალია, მე მაქვს ჩემი ოჯახი და მყავს შვილებიც (მალე ბებია უნდა გავხდე), მაგრამ, ჩემს მშობლებსა და ძმას ვერ ვივიწყებ. იმედი მაქვს, ისიც იმავეს გრძნობს ჩემ მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის არც 1990 წელს ჩამოვიდოდა დონეცკში.

– თქვენი ოჯახის წევრებმა თუ იციან, რომ ძმას ეძებთ და რას ფიქრობენ ისინი ამასთან დაკავშირებით?

– ყველამ იცის, რომ ვახოს ვეძებ. მთელ ჩემს ოჯახს ძალიან უნდა, რომ ჩვენ ერთმანეთი ვიპოვოთ. მეუღლე სულ მეხუმრება და მეუბნება, ქართველები ძალიან პრინციპული ხალხი ყოფილხართ. თუკი შენი ძმა ამას პრინციპის გამო აკეთებს, შენ არ დანებდე, მაინც იპოვე და შამოირიგეო (იცინის). ჩემს შვილებს კი ერთი სული აქვთ, გაიცნონ ბიძა. დიმა (ჩემი მეუღლე) დედისერთაა და ვახო ჩემი შვილებისთვის ერთადერთი ბიძაა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3