კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

კუბო ორისთვის

 

შენობის ცენტრალური შესასვლელი ისე იყო თოვლით ჩახერგილი, რომ დოროთი ჰენდერსი იძულებული გახდა, ოფისში – დამკრძალავ ბიუროში, სათადარიგო შესასვლელით შეეღწია. თან, თავბედს იწყევლიდა, ასეთ უკიდურესობამდე როგორ მივედიო. სათადარიგო შესასვლელიდან დამკრძალავი ბიუროს ცენტრალურ ნაწილში ისე ვერ მოხვდებოდი, მორგი და კრემატორიუმი რომ არ გაგევლო. დოროთიმ ცხვირი პალტოს საყელოში ჩამალა. „მთავარია, სწრაფად გავიარო დიდი დარბაზი, რომ ბალზამირების სითხით გაჟღენთილი ჰაერი ბევრი არ ჩავისუნთქო, თორემ თავბრუ დამეხვევა და ამ იდიოტურ კიბეზე ასვლას ნამდვილად ვერ შევძლებ“, – გაიფიქრა  და სწრაფად აუარა გვერდი გამოფენილ მზა კუბოებს. კიბე მართლაც საშინელი იყო – ციცაბო და დამრეცი, თანაც ვიწრო. დოროთიმ ბენჯამენ ბორტასარის დამკრძალავ ბიუროში მუშაობის შესაშური სტაჟი დააგროვა. ოცდათხუთმეტი წელი გაატარა ამ არცთუ მხიარულ დაწესებულებაში. ამ ხნის განმავლობაში მაინც ვერ შეეჩვია ვერც გარემოს და მით უმეტეს, ვერც სუნს. დღის განმავლობაში ცდილობდა, საერთოდ არ გამოსულიყო თავისი კაბინეტიდან. მით უმეტეს, თითქმის არასოდეს ჩადიოდა ქვემოთ. ასე გვიან კი აქ რომ მივიდა, მთლიანად მისი დანაშაული გახლდათ. იმის ნაცვლად, რომ დეკემბრის ამ ყინვიან საღამოს სახლში თბილად მჯდარიყო, ჩაით სავსე ფინჯნით ხელში და საყვარელი ტელეგადაცემისთვის ედევნებინა თვალი, ამ თოვლსა და ქარბუქში ოფისში იმიტომ მობრუნდა, რომ კუბოსთვის შემკვეთის მისამართი მიეწებებინა. დილით ამის გაკეთება დაავიწყდა და ახლა გაბრაზებული სწყევლიდა თავის გულმავიწყობას. მეორე დღეს, დილით კატაფალკა კუბოს იარლიყზე აღნიშნულ მისამართზე წაიღებდა. ჰენდერსმა ამოიოხრა. საწყალი კლაივი. როგორი უბედურია. საყვარელი მეუღლე გამოეცალა. აქ კი ჩარლზი როგორ მოექცა?! კუბოს ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი შეაჩეჩა. წითელი ხის, თანაც რამხელა... არავითარი მორიდება და უხერხულობა არ უგრძნია. სიძე აშკარად არ ჰგავდა სიმამრს. კეთილ, გულმოწყალე მოხუცს – მისტერ ბორტასარს. სიძე სულ მზად იყო, რამდენიმე ზედმეტი დოლარი ეშოვნა, თუნდაც მეგობრებისა და ახლობლების ჯიბიდან.

დოროთი შეიჭმუხნა. საქმე გააკეთა. ახლა შეეძლო, სახლში წასულიყო. მაგრამ უცებ შემოსასვლელი კარი გაჯახუნდა და დოროთიმ ქალისა და მამაკაცის ხმა გაიგონა. მან მაშინვე იცნო – ჩარლზი და სარა იყვნენ. ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. უფრო ჩხუბობდნენ. ეს მათთვის უცხო არ იყო. დოროთიმ თავიდანვე არ მოიწონა სარას არჩევანი. ჩარლზი კი საბოლოოდ მას შემდეგ შეძულდა, როცა სხვა ქალთან ერთად რესტორანში ნახა შემთხვევით. ის მაშინ უკვე დანიშნული იყო სარაზე და რესტორანში სხვა ქალს აღარ უნდა ჩახუტებოდა. დოროთიმ მაშინ ბევრი იფიქრა, უნდა ეთქვა თუ არა უფროსის ქალიშვილისთვის ნანახის შესახებ. მთელი ღამე არ სძინებია, მაგრამ ბოლოს ისევ გაჩუმება ამჯობინა. თუმცა, ეს არაერთხელ ინანა. გარდა იმისა, რომ ჩარლზ კრონონი ცოლს ღალატობდა, ცუდი ბიზნესმენი იყო – დამკრძალავი ბიურო გაკოტრების პირამდე მიიყვანა. სიმამრის აწყობილ ბიზნესს ღუპავდა... 

დოროთი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. აშკარად არ სურდა, ცოლ-ქმრის ჩხუბის მოწმე გამხდარიყო. თან, იმისი ახსნაც მოუწევდა, რას აკეთებდა აქ, ასე გვიან. ამიტომ, სწრაფად გამოაღო კედელში ჩაყოლებული კარადა და შიგ დაიმალა. სწორედ დროზე მოასწრო. ცოლ-ქმარი კიბის ბაქანზე გამოჩნდა.

– სად არის ჩვენი ფული, სად? – სარა ძალიან იყო გაბრაზებული, – სანამ შენი ცოლი გავხდებოდი, არაფერი მაკლდა, სამოგზაუროდ დავდიოდი, ახლა რატომ უნდა გამჭირვებოდა?

– საქმეები ცუდად მიდის, – კბილები გაუღრჭიალა ქმარმა, – რით ვერ გაიგე?

– ჰო? შენ მე საერთოდ არ მაქცევ ყურადღებას. თითქოს, მე შენი კანონიერი ცოლი კი არა, „ცარიელი ადგილი“ ვიყო... – სარა აქვითინდა.

დოროთიმ ოდნავ შეაღო კარადის კარი. ახლა ის ხედავდა კიდეც, რაც კიბის თავთან ხდებოდა. უცებ ჩარლზ კრონონი ცოლს ეცა და მკერდზე მაგრად ჰკრა ორივე ხელი. სარამ არაადამიანური ხმით იკივლა და კიბეზე დაგორდა. დოროთიმ მუშტი ჩაიტენა პირში, რომ არ ეყვირა. საკუთარმა უძლურებამ სიმწრის ცრემლები მოჰგვარა. ქალბატონს ვეღარაფერს უშველიდა. ის კი არა, ჩარლზს რომ მისი აქ ყოფნა გაეგო, აუცილებლად სარას გზას გაუყენებდა. რისთვის სჭირდებოდა მოწმე?! დოროთიმ ლამის სუნთქვა შეიკრა. ჩარლზი არც ჩასულა ქვემოთ. ტელეფონი აიღო და დარეკა.

– ჯეინ, საყვარელო... ყველაფერი მორჩა. ის ახლახან დაგორდა კიბეზე. როგორც იქნა, თავისუფლები და ბედნიერები ვიქნებით. რა თქმა უნდა, მკვდარია. ეჭვი არ მეპარება... არ მჭირდება ამის გადამოწმება. იცი, როგორ მიხტუნავდა რკინის საფეხურებზე? სიცილით მოკვდებოდი... საყვარელო, ხვალ დოროთი მოვა და სარას გვამს იპოვის... ყველაფერი ისე იქნება, როგორც მოვილაპარაკეთ. მერე შენ ცოტა ხნით ბალტიმორში გაემგზავრები, საყვარელო... სიფრთხილისთვის. ნუ მეჩხუბები, მემკვიდრეობის მიღებას დრო დასჭირდება. ვიცი, რომ ლოდინით დაიღალე, მაგრამ ბევრი აღარ დარჩა. მერე შენს საოცნებო რიოშიც წაგიყვან და ყველა სურვილს აგისრულებ. ნუ ჭირვეულობ, ჯეინ, პატარავ... დამიჯერე, ასეა საჭირო... – ჩარლზმა ტელეფონი ჯიბეში ჩაიტენა და სტვენა-სტვენით გაიხურა კარი.

დოროთიმ რამდენიმე წუთი მოიცადა და აცრემლებული გამოვიდა კარადიდან. პოლიციაში ვერ დარეკავდა. სერიოზული საშიშროება არსებობდა იმისა, რომ ჩარლზს იქით გადაებრალებინა დანაშაული, მერე კი მისი ლიკვიდაციაც მოეხდინა. რით უნდა აეხსნა, კარადაში ყოფნა? ახლა უკვე ძალიან ნანობდა, რომ დაიმალა და ჩარლზს ამ ბოროტების ჩადენაში ხელი არ შეუშალა. რაღაც ისეთი უნდა მოეფიქრებინა, რაც ამ დანაშაულს დაუსჯელს არ დატოვებდა. დოროთი ნელ-ნელა დამშვიდდა და თავი ხელში აიყვანა. კიბეზე ჩავიდა და სარა ბორტასარის უსიცოცხლო სხეულთან დაიხარა. პატარა იმედი, რომ შეიძლებოდა ქალი ცოცხალი ყოფილიყო, გაუქრა. ცოცხალ ადამიანებს შეუძლებელია, კისერი ასეთ მდგომარეობაში ჰქონოდათ. ჰენდერსი მაინც დაიხარა მიცვალებულისკენ და პულსი გაუსინჯა. დოროთი ხვდებოდა, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, თორემ სარას მკვლელობაში დაადანაშაულებდნენ და თავის სიმართლეს ადვილად ვერ დაამტკიცებდა. უცებ, თავში გენიალური იდეა დაებადა. დოროთი მორგში შევიდა. მაგიდის უჯრიდან რეზინის ხელთათმანები ამოიღო, ჩაიცვა და საქმეს შეუდგა... 

სახლში საშინლად დაღლილი დაბრუნდა. მთელი ღამე არ მოუხუჭავს თვალი. დილით ისევ სამსახურში იყო. ორი ჭიქა მაგარი ყავა დალია და ლოდინი დაიწყო. კუბო უკვე წაეღოთ... თერთმეტის თხუთმეტ წუთზე ჩარლზმა დარეკა.

– დოროთი, სარა არ გინახავთ? – ჰკითხა ქალს.

– არა, – მშვიდად უპასუხა დოროთიმ, ჩარლზი ვერაფერს ვერ უნდა მიმხვდარიყო, – რაშია საქმე?

– არ ვიცი... – ჩარლზს რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია. გენიალურად მოწყობილი მკვლელობა კრახის პირას იყო, – იქნებ, ნახოთ, მანდ სადმე ხომ არ არის? გავიღვიძე და სახლში არ დამხვდა. გაუფრთხილებლად არსად მიდის ხოლმე. არც ვიცი, რა ვიფიქრო.

– ახლავე ვნახავ, თავის კაბინეტში თუ არის.

– დიახ, დოროთი, ჰქენით სიკეთე...

დოროთი არც ამდგარა სკამიდან. რამდენიმე წუთი შეიცადა და მერე ქოშინით, თითქოს იჩქარა, ყურმილში ჩასძახა – არა, ბატონო ჩარლზ. აქ არ მოსულა.

– მე ახლავე მოვალ, – ამოიხრიალა ჩარლზმა და ყურმილი დაკიდა.

დოროთი ზეიმობდა. წარმოიდგინა ჩარლზის შიშისგან მობრეცილი სახე. ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ სარა ცოცხალი გადარჩა და თავს უშველა. ალბათ, როგორ ნანობდა, რომ ქვემოთ არ ჩავიდა და გვამი არ შეამოწმა... ახლა უკვე ძალიან გვიან იყო... ზუსტად ერთ საათში ჩარლზ კრონონი გაფითრებული უყურებდა დოროთის.

– პოლიციაში ხომ არ დაგვერეკა? თუ ქალბატონი მართლა დაიკარგა, უნდა განვაცხადოთ.

– რას ნიშნავს, მართლა დაიკარგა. ღმერთო, ნეტავი, სად არის. სად მოვძებნოთ? დოროთი, თქვენთან სათხოვარი მაქვს. იქნებ ნელი ბაქსტერის დაკრძალვაზე ჩემ მაგივრად წახვიდეთ და კლაივს აუხსნათ. მისი ცოლი მოკვდა, ჩემი – დაიკარგა, გამიგებს.

დოროთი დაესწრო ნელი ბაქსტერის დაკრძალვას. უყურებდა მის ძვირფას კუბოს და ფიქრობდა იმაზე, რაც წუხელ, დამკრძალავ ბიუროში მოხდა. ჩარლზმა თავად გაითხარა სამარე, როცა ბაქსტერს თავისი სიფრიფანა ცოლისთვის უზარმაზარი კუბო აყიდინა. მასში თავისუფლად დაეტია მეორე გვამიც. არავითარი რისკი, რომ ვინმე სარას გვამს იპოვიდა. ნელის სხეული და სახე ისე იყო ავტოკატასტროფის შემდეგ დამახინჯებული, რომ ქმარმა კატეგორიულად მოითხოვა, კუბოსთვის თავი არ აეხადათ. რათა მისი ლამაზი ცოლი არავის ენახა ასეთ მდგომარეობაში. დოროთიმ იცოდა, რომ დაკარგული ადამიანი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ ითვლება ოფიციალურად გარდაცვლილად. მანამდე ჩარლზ კრონონს მემკვიდრეობის მიღების იოტისოდენა იმედიც არ უნდა ჰქონოდა. „ვნახოთ, დაელოდება თუ არა ექვს წელს მისი ჭირვეული საყვარელი მშვიდად...“, – კმაყოფილებით გაიფიქრა დოროთიმ, თანაც ორ წელიწადში შეიძლება, ვინმე „კეთილისმსურველმაც“ დარეკოს პოლიციაში და აცნობოს, სად შეიძლება დაკარგული მისის კრონონის პოვნა“...

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3