კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ იქმნებოდა „წმიდა ნინოს მიძინება” და რა საქმეს შესწირა ირა გველესიანმა ეს ნიმუში თავისი კოლექციიდან

 

წლების წინ, ჩვენმა რესპონდენტმა, ირა გველესიანმა, ოჯახისა და ნათესავების სურვილის გათვალისწინებით, სამედიცინო სასწავლებელი დაამთავრა. თუმცა, სწავლის პერიოდშივე მიხვდა, რომ ეს საქმე არ იყო მისი მოწოდება. დღეს იგი დიდი, საინტერესო, ფერადოვანი და, ცოტა არ იყოს, ზღაპრული კოლექციის მფლობელია. თუ როგორ იქმნებოდა ეს კოლექცია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. 

ირა გველესიანი: დავიბადე და გავიზარდე თბილისში, მედიცინის მუშაკთა ოჯახში. მამა ქალაქში ცნობილი პროთეზისტი იყო, მისი ოთხივე დედმამიშვილიც ექიმები იყვნენ. ისევე, როგორც მამაჩემს, მთელ ოჯახსა და სანათესაოს სურდა, რომ მეც მათი პროფესია ამერჩია.

– მაშინ ხომ ასე იყო მიღებული. კარგი მოსწავლე, მით უმეტეს, მედიცინის მუშაკთა ოჯახში აღზრდილი, აუცილებლად ექიმი უნდა გამოსულიყო.

– გეთანხმებით, ასე იყო, თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოხდა. მართალია, მეც სამედიცინო სასწავლებელში ჩავაბარე, მაგრამ, ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მივხვდი, რომ ეს ის გზა არ იყო, რაც მე მინდოდა, მომწონდა და მთელი ცხოვრება არ მომბეზრდებოდა.

– მერე, როგორ მოიქეცით?

– ოჯახსა და ნათესავებს ხომ არ დავწყვეტდი გულს?! სამედიცინო სასწავლებელი დავამთავრე, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც უკვე დაოჯახებული ვიყავი, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე. ჩემს ამ გადაწყვეტილებაში დიდი წვლილი მიუძღოდა ჩემს მამამთილს, ცნობილ მხატვარსა და ჭედურობის ოსტატს, გურამ გაბაშვილს. ამ არაჩვეულებრივმა პიროვნებამ ჩემს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი პიროვნების ხელოვანად ჩამოყალიბებაში. რომ არა ის, ალბათ, გამბედაობა არ მეყოფოდა. 

 ხელოვნების სიყვარული გენეტიკურად გამოჰყვათ ჩემს შვილებსაც – გურამ და მარიამ გაბაშვილებს.

– ესე იგი,  თუ დაოჯახებამდე, მედიცინის მუშაკთა გარემოცვაში ცხოვრობდით, მერე მხოლოდ ხელოვანთა საზოგადოებაში გაგრძელდა თქვენი ყოველდღიური ცხოვრება...

– ...და, მინდა გითხრათ, რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ მათ გარემოცვაში. დაკავებული ვარ იმ საქმით, რაც მიყვარს, მომწონს და სულიერ სიამოვნებას მანიჭებს.

– ამაზე თქვენი კოლექციაც მეტყველებს. ნებისმიერ ნამუშევარს ემჩნევა, რომ დიდი სიყვარულითაა შესრულებული.

– მიხარია, თუ ეს იგრძნობა ჩემი კოლექციის დათვალიერებისას. 

ვმუშაობ, როგორც ზეთში, ასევე, ვაკეთებ გრაფიკას, მაქვს ბისერებით შესრულებული ნამუშევრები როგორც რელიგიურ, ასევე, თავისუფალ თემებზე. მაქვს ქსოვილებითა და ძაფებით შესრულებული კომპოზიციებიც, ოღონდ, არა ქვილთი. ვმუშაობ მინანქარზეც.

– როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენი არაერთი ნამუშევარი კერძო კოლექციებშიც ინახება.

– ჩემი ნამუშევრები დაცულია, როგორც გერმანელ, ამერიკელ და რუს, ასევე, ქართველ კოლექციონერთა კერძო კოლექციებში. 

ზაფხულში სასტუმრო „რადისონში“ ჩატარდა საქველმოქმედო აუქციონი – „მოქვის სახარების გადასარჩენად”. მე ამ საქმეს შევწირე ჩემი ერთ-ერთი დიდი და საყვარელი ნამუშევარი „წმიდა ნინოს მიძინება“.

– ქალბატონო ირა, როგორ იქმნება ნამუშევრები თქვენი კოლექციისთვის?

– ჯერ ესკიზებს ვხატავ და შემდეგ ვიწყებ ბისერებით მუშაობას. ეს იმდენად, შრომატევადი საქმეა, რომ, თუ არ გიყვარს, ვერ დაასრულებ, გულს ვერ დაუდებ.

– რა პერიოდი სჭირდება ერთი ნამუშევრის სრულყოფას?

– გააჩნია ზომასა და სირთულეს. მაგალითად, „წმიდა ნინოს მიძინებაზე” და „სამებაზე” ოთხ-ოთხი თვე ვმუშაობდი, დღეში 7-8 საათის განმავლობაში. 

– ამჟამად რაზე მუშაობთ?

– ამჟამად წმიდა გიორგის ხატზე ვმუშაობ, რომელსაც ვასრულებ ბისერებით. მთავარი სამუშაო თითქმის დამთავრებული მაქვს და საბოლოო სახეც მალე მიეცემა ამ ნამუშევარს.

– რაც შეეხება გრაფიკას?

– როგორც ამბობენ, ჩემი გრაფიკა არაორდინარული, განსხვავებული, ფერადოვანი და ცოტა ზღაპრულიცაა. სამი წელია, რაც ამ თემით დავკავდი. ერთ მშვენიერ დღეს მომინდა, მომესინჯა ამ ჟანრში მუშაობა და მოვსინჯე... საერთოდ, შინაგანად ყოველთვის მინდოდა რაღაც ფერადოვანი, ყველასათვის გასაგები და მისაღები შემექმნა და, მგონი, გამომივიდა...

– მგონი?! თავმდაბლობთ...

– არ ვიცი... (იცინის).

– ნაჭრით ფერწერა, თუ შეიძლება, ასე ვიტყვი, ანუ, როგორც თქვენ უწოდებთ, პირველი არაქვილთი როგორ შეიქმნა?

– ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მეგობრისთვის საჩუქრის გაკეთება მინდოდა და პირველად მაშინ მოვსინჯე ამ ჟანრში ჩემი ძალები. შემდეგ დამთვალიერებელთა რეაქციამ მიკარნახა და სტიმული მომცა, რომ უფრო მეტი მემუშავა და, როგორც ხედავთ, ვმუშაობ კიდეც. 

– დამთვალიერებლები ვახსენეთ. გამოფენებს ხშირად აწყობთ?

– უკვე დიდი ხანია, რაც მონაწილეობას ვიღებ ჯგუფურ გამოფენებში. პერსონალური გამოფენა არ მქონია, მაგრამ, ვგეგმავ. იმედია, გაზაფხულზე მოვაწყობ.

– გაქვთ საყვარელი ფერები, რომლებსაც ხშირად იყენებთ?

– ძალიან მიყვარს წითელი და შაბიამნისფერი. შესაბამისად, ჩემს ნამუშევრებში ეს ფერები ჭარბობს. სამაგიეროდ, ამ კოლექციის ვერც ერთ ნიმუშში ვერ ნახავთ ყავისფერს, ნაცრისფერს, ლურჯს, ისევ და ისევ ჩემი განწყობიდან და გემოვნებიდან გამომდინარე.

– ვის აზრს ან შეხედულებას ითვალისწინებთ, როდესაც რომელიმე კონკრეტულ ტილოზე მუშაობთ?

– მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეუღლის, მხატვარ ზაზა გაბაშვილის აზრს ვითვალისწინებ. ჩვენ ერთნაირი ხედვა და გემოვნება გვაქვს და, ალბათ, ამიტომ არის მისი რჩევები ჩემთვის ღირებული და მისაღები. საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ოჯახი ძალიან მიწყობს ხელს. რომ არა ისინი, ჩემი კოლექცია ასეთი მდიდარი ნამდვილად ვერ იქნებოდა. 

– ამჟამად რამდენი ნიმუშია ამ კოლექციაში დაცული?

– ორასზე მეტი.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– ეს კოლექცია ჩემთვის ყველაფერია, ჩემი მესამე შვილია. ჩემი ფიქრი, გრძნობა, ემოცია – ყველაფერი მასშია ჩადებული, ის ჩემი სულის ნაწილია.

 

 

скачать dle 11.3