კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძიეს შური „მწვანე საძმოელებმა“ მკვლელ ჩეკისტებზე 30 წლის შემდეგ

 

დღევანდელი პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია და ამის გამო წინასწარ გიხდით ბოდიშს.

საზარელი მკვლელობა

1978 წლის 9 დეკემბერს თბილისში ერთ-ერთი ელიტური სახლის ხუთოთახიან ბინაში 34 წლის გენო ბროძელის დასახიჩრებული გვამი აღმოაჩინეს. ბროძელი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში „დადაშას“ მეტსახელით იცნობდნენ, ოთხჯერ ნასამართლევი რეციდივისტი-კრიმინალი იყო. ის ქურდობასა და ძარცვაში იყო დახელოვნებული და მკვლელობამდე სამი თვით ადრე მორდოვიის ¹19 სპეცკოლონიიდან გაიქცა, რის გამოც მასზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.

დადაშა დანით იყო მოკლული. მას 21 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და აქედან 9 სასიკვდილო იყო. როგორც ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, ბინაში ბროძელი გასაძარცვად იყო მისული, რაზეც ბინის გაღების მისეული მეთოდი მიანიშნებდა. გარდა ამისა, კარის საკეტში აღმოჩნდა ტყავის ხელთათმანების ნაწილაკები, ხელთათმანები კი დადაშას სიკვდილის შემდეგაც ეცვა.

ბინა, სადაც მოკლული კრიმინალი იპოვეს, ანტონ ხორავას ეკუთვნოდა. პროფესიით იუველირ ხორავას უნიკალური ბრილიანტების კოლექცია ჰქონდა და, მისივე განცხადებით, მისი ბინა პირწმინდად იყო გაძარცული.

წნევააწეული ხორავა ძლივს მოასულიერეს და, ოდნავ რომ მოითქვა სული, გამომძიებელს უთხრა:

– ორმოცდასამი უნიკალური ბრილიანტია გატაცებული, რომლებსაც მე საიდუმლო კედლის სეიფში ვინახავდი, ჩემს საძინებელში.

– როგორც ჩანს, მძარცველებმა კარგად იცოდნენ თქვენი საიდუმლო სეიფის ადგილი და კოდი – უთხრა ხორავას გამომძიებელმა პეტრე ბუკიამ.

– მის შესახებ მარტო მე ვიცოდი, – მოუჭრა ხორავამ გამომძიებელს, თან, იქვე დაამატა: – ჯანდაბას, დანარჩენი ორმოცდაორი ბრილიანტი, ყველა თქვენი იყოს, ოღონდ „ციმბირის განთიადი“ დამიბრუნეთ!

– „ციმბირის განთიადი“? – გაიმეორა პეტრე ბუკიამ.

– დიახ, ეს სამკარატიანი ცისფერი იაკუტიური თვალია, რომელიც მე ჯერ კიდევ ოცდაათი წლის წინ აღმოვაჩინე ციმბირში, ერთ-ერთ საბადოზე და მთავრობამ ის მე მაჩუქა. „ციმბირის განთიადი“ ნამდვილი სასწაულია. ის ისეთ ჯადოსნურ სხივებს აფრქვევს, ჭკუიდან შეგშლით, მე საათობით ვუმზერდი მის ზღაპრულ ელვარებას. ძალიან გთხოვთ, იპოვეთ, დამიბრუნეთ და, როგორც უკვე გითხარით, დანარჩენი ბრილიანტები თქვენი ფეშქაში იყოს.

– რას ბრძანებთ, – ჩაეცინა ბუკიას, – მთავარია, ნაძარცვი ნივთები ვიპოვოთ და ყველაფერს უკლებლივ დაგიბრუნებთ.

მოკლული დადაშას დასახიჩრებული გვამი პროზექტურაში გადაიტანეს გასაკვეთად და პათოლოგანატომმა მის ხელთათმანში ღია ფერის თმის  ათიოდე ღერი აღმოაჩინა...

დიაბეტიანი უცნობი

პეტრე ბუკია გამოცდილი გამომძიებელი იყო და მისი საგამოძიებო ჯგუფი ერთ-ერთ საუკეთესოდ  ითვლებოდა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. მის „შესანიშნავ შვიდეულში“ ყველა პროფესიონალი იყო და ამიტომ გაუხსნელი საქმეები არც ჰქონდათ.

– ვფიქრობ, არც ეს საქმე იქნება ადვილი გასახსნელი, – უთხრა ბუკიამ ხელქვეითებს ერთ-ერთ თათბირზე, – მართალია, ექსპერტიზის დასკვნით ბროძელის ხელთათმანში აღმოჩენილი თმის პატრონი დიაბეტითაა დაავადებული, მაგრამ, ათიდან ოთხი ბოროტმოქმედი დიაბეტიანია. თან, ჩვენ არ ვიცით, ეს დიაბეტიანი პროფესიონალი ბოროტმოქმედია თუ არა. ერთი სიტყვით, ტრადიციულად, მუხლჩაუხრელი შრომა მოგვიწევს.

„შვიდეულის“ ვერსიით, დადაშას მკვლელი სწორედ ის დიაბეტიანი იყო. მათ მიაჩნდათ, რომ ბოლო მომენტში დიაბეტიანმა მარტომ გადაწყვიტა მთელი ნაძარცვი ნივთების დაუფლება და მეწყვილე მოკლა. ასე სასტიკად კი იმიტომ დაჩეხა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია.

– ბატონო პეტრე, – სიტყვა აიღო კოტე სულაძემ, რომელიც ბუკიას ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო, – თუ მოკლული დადაშას აღნაგობით ვიმსჯელებთ, მაშინ ის დიაბეტიანი მკვლელი არანაკლები აღნაგობისა და ძალის პატრონი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ბროძელს დანითაც კი ვერ გაუმკლავდებოდა ასე იოლად.

– შენი ვარაუდი საკმაოდ ახლოსაა სიმართლესთან, – თქვა ბუკიამ, – თუმცა, ძალიან კატეგორიულები ნუ ვიქნებით. ახლა კი ჩვენი ჯგუფის ახალ, მერვე წევრს გაგაცნობთ და, გთხოვთ, გულთბილად მიიღოთ.

ბუკიამ თავის ხელქვეითებს 23 წლის ქეთევან ნოზაძე გააცნო, რომელიც კუთხეში იჯდა და მანამდე მისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. ახალბედა გოგონა ფეხზე რომ წამოდგა და სამუშაო მაგიდას მიუახლოვდა, მხოლოდ მაშინღა შეამჩნია „შვიდეულის“ დანარჩენმა ექვსმა წევრმა, რომ ახალი წევრი ტანწერწეტა და ლამაზი სახის გოგონა იყო. ქეთი სათითაოდ გაეცნო ყველას. ბოლოს მას კოტე სულაძემ ჩამოართვა ხელი და უთხრა:

– კოტე.

– ქეთევანი, – მიუგო გოგონამ, შემდეგ კი ბუკიას მიუბრუნდა: – დავიწყო, ბატონო პეტრე?

– ერთი წუთით, ქეთი, – გაუღიმა ნოზაძეს ბუკიამ და დანარჩენებს ამცნო: – მეგობრებო! ჩვენი ქეთი მხატვარ-რესტავრატორია, ანუ, მას შემუშავებული აქვს ახალი მეთოდი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია, უცნობი ბოროტმოქმედის სავარაუდო პორტრეტის შექმნა, რაზეც ის თავად მოგითხრობთ.

ქეთევან ნოზაძემ რამდენიმე ნახატი დაალაგა უზარმაზარ მაგიდაზე და კოლეგებს უთხრა:

– აი, მეგობრებო, ამ ხუთი ნახატის მეშვეობით უნდა ვეძებოთ ბროძელის, იგივე დადაშის მკვლელი, თუკი, რა თქმა უნდა, მისი მკვლელი ის კაცია, ვისი თმის ღერებიც ხელთათმანში აღმოჩნდა.

– კი მაგრამ, ბოროტმოქმედის ფოტორობოტი რის საფუძველზე დახატეთ? ის ხომ მხოლოდ დადაშამ ნახა, რომელიც მკვდარია და მკვდარს ხომ არ დაკითხავდით? – სიტყვა გააწყვეტინა ქეთის კოტე სულაძემ. გოგონას კი მისი სარკაზმი სულაც არ სწყენია და სერიოზულად მიუგო:

– ფოტორობოტების შექმნის ჩემებური მეთოდი ადამიანის ფიზიოლოგიურ და ბიოლოგიურ მონაცემებზეა დამყარებული. არსებობს თორმეტი ჯგუფის ადამიანი და, საკმარისია, მათი სამი-ოთხი კომპონენტი ვიცოდეთ, რომ მათი პორტრეტი დავხატოთ. მართალია, ეს პორტრეტები ორიგინალთან 60-65 პროცენტითაა მიახლოებული, მაგრამ, სულ არარაობას, ეს ჯობია. ხოლო, რაც შეეხება ჩვენს დიაბეტიანს, მე მისი ექვსი კომპონენტი ვიცი და ეს ხუთი პორტრეტიც მათზე დაყრდნობით შევქმენი. გარწმუნებთ, რომ მათი მეშვეობით უფრო ადვილად მოვძებნით ბოროტმოქმედს, რომელმაც, სავარაუდოდ, დადაშა მოკლა და 43 ცალი უნიკალური ბრილიანტი გაიტაცა...

„მწვანე შამანი“

მიუხედავად იმისა, რომ ქეთევან ნოზაძის მეთოდი თითქმის ყველამ არასერიოზულად ჩათვალა და არავის სჯეროდა ეფემერული პორტრეტის მეშვეობით ბოროტმოქმედის შეპყრობისა, სწორედ ამ პორტრეტის საშუალებით დააპატიმრეს 32 წლის ვაჟა კუხიანიძე, რომელიც დიაბეტით იყო დაავადებული. იგი მილიციის ოპერებმა  თბილისის ¹33 პოლიკლინიკაში ექიმის კაბინეტში იმ დროს აიყვანეს, როდესაც საკონსულტაციოდ მივიდა. მილიცია, პოლიკლინიკაში იყო ჩასაფრებული და მას მერე დაუდარაჯდნენ კუხიანიძეს, რაც პოლიკლინიკის ენდოკრინოლოგმა ქეთი ნოზაძის მიერ დახატულ პორტრეტებს დახედა და წამოიძახა:

– ეს ხომ ჩემი პაციენტია, კუხიანიძე ვაჟა! თუმცა, მისი მისამართი არ ვიცი, რადგან ის ჩემთან კერძოდ, უანკეტოდ მკურნალობს...

ვაჟა კუხიანიძე მილიციის სამმართველოში მიიყვანეს და პეტრე ბუკიას მიჰგვარეს. გამომძიებელმა მას ჰკითხა:

– აღიარებთ, რომ ბროძელი თქვენ მოკალით, ხოლო ანტონ ხორავას კუთვნილი 43 ცალი საკოლექციო ბრილიანტი გაიტაცეთ?

– მე თავს ვიცავდი. ბროძელს თავად უნდოდა ჩემი მოკვლა და თავის სიხარბეს შეეწირა, – მშვიდად მიუგო ბუკიას კუხიანიძემ.

– თავს იცავდით და ამიტომ მას ოცდაერთი ჭრილობა მიაყენეთ, რომელთა შორის ცხრა სასიკვდილო იყო? რატომ ცრუობთ?

– არ ვცრუობ, – მშვიდადვე განაგრძო კუხიანიძემ, – ბრილიანტები პატარა ტყავის ტომსიკაში რომ ჩავაწყვე და პალტოს ჯიბეში ჩავიდე, უცებ გენომ თმაში წამავლო ხელი და ჯერ ქვემოთ დამწია, შემდეგ კი დანა მომიქნია ქვევიდან ზევით, გულის მიმართულებით, მაგრამ მე მას მისივე ხელით მივაყენე სამი ჭრილობა და დანა წავართვი. მიუხედავად ამისა, მას თმით ვყავდი დაჭერილი და, ხელი რომ გამეშვებინებინა, დანარჩენი თვრამეტი ჭრილობაც ამიტომ მივაყენე.

– ბროძელს საიდან იცნობთ?

– კოლონიიდან.

– ციხეში იჯექით?

– არა, იქ მე ექიმად ვმუშაობდი.

– თბილისში როგორ შეხვდით?

– ის ჩემს ბინაში იმალებოდა, კოლონიიდან კი ჩემი დახმარებით გაიქცა.

– რატომ დაეხმარეთ გაქცევაში?

– იმიტომ, რომ ბრილიანტი „ციმბირის განთიადი“ მოგვეპარა. თუმცა, ის უპატიოსნო ადამიანი აღმოჩნდა და ყველაფრის მითვისება მოინდომა.

ვაჟა კუხიანიძე ბუკიას გამოუტყდა, რომ „ციმბირის განთიადის“ მოპარვა მას „მწვანე შამანმა“ შეუკვეთა.

– „მწვანე შამანი“ ვინ არის? – იკითხა ბუკიამ.

– ვინ არის და „ციმბირის განთიადის“ კანონიერი მფლობელი, იაკუტიის საძმოს ბელადი და სწორედ მათ წაართვეს ეს ქვა „ჩეკისტებმა“...

ვაჟა კუხიანიძე მოულოდნელად ცუდად გახდა და, სანამ მას სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენდნენ, ბუკიას კაბინეტში დალია სული. იმავე საღამოს კუხიანიძის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და მილიციამ იქ 42 ცალი საკოლექციო ბრილიანტი აღმოაჩინა. არ ჩანდა მხოლოდ „ციმბირის განთიადი“. იქვე იპოვეს ბინის პატრონის, გარდაცვლილი ვაჟა კუხიანიძის ჩანაწერები. ერთ-ერთ ფურცელზე ეწერა: „ბროძელი თავისმა სიხარბემ შეიწირა. ჩემი მოკვლა რომ არ მოენდომებინა, 42 ცალ ბრილიანტს შუაზე გავყოფდით. „ციმბირის განთიადი“ ურუმოვს გადავეცი და ის მას „მწვანე შამანს“ ჩაუტანს...“

– ჰმ, როგორც ეტყობა, ეს „მწვანე შამანი“ მართლა არსებობს და მის კვალს უნდა დავადგეთ, – ჩაილაპარაკა ბუკიამ, როდესაც კუხიანიძის ჩანაწერების კითხვა დაასრულა...

ბართლომეს ღამე და საშინელი შურისძიება

პეტრე ბუკიასა და მილიციის სამმართველოს ოპერების მიერ განხორციელებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1978 წლის 29 დეკემბერს, ანუ, ბრილიანტების გატაცებიდან ოცი დღის შემდეგ, თბილისის აეროპორტში 40 წლის ბულა ურუმოვი დააპატიმრეს. ის პირდაპირ ტრაპიდან ჩამოხსნეს მაშინ, როდესაც თბილისი-მოსკოვი-იაკუტსკის სარეისო თვითმფრინავში ადიოდა. ურუმოვი პირდაპირ თბილისის მილიციის სამმართველოში მიიყვანეს, გაჩხრიკეს და სამკარატიანი ბრილიანტი, ეგრეთ წოდებული „ციმბირის განთიადი“ უპოვეს.

– საიდან აღმოჩნდა თქვენთან კოლექციონერის ბინიდან გატაცებული ბრილიანტი? – ჰკითხა დაკავებულ ურუმოვს ბუკიამ.

– ეს ქვა ჩვენი ტომის – მწვანე იაკუტების საძმოს კუთვნილებაა და „ჩეკისტებმა“ ის მწვანე ბელადს, შამან ბუღა ურუმოვს, ანუ ბაბუაჩემს წაართვეს, ის კი მოკლეს. მე ეს ქვა კანონიერ მფლობელებთან მიმქონდა, – აბსოლუტური დამაჯერებლობით თქვა ურუმოვმა.

– ამ ქვის კანონიერი მფლობელი ანტონ ხორავაა, თქვენ კი – სასტიკი დანაშაულის თანამონაწილე, – მოკლედ მოუჭრა ბუკიამ დაკავებულს.

– ხორავა ბინძური და სასტიკი მკვლელია და მას საშინელი სასჯელი ელის, – მიუგო ურუმოვმა ბუკიას, – მე თქვენ ახლა ერთი ბართლომეს ღამის შესახებ მოგიყვებით, რომელიც 1948 წელს „ჩეკისტებმა“ მოუწყვეს ჩვენს ტომს და, თითქმის ყველა მამაკაცი დახოცეს, მამაჩემი, ოკუნ ურუმოვი კი სრულიად შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. ის ახლა ჩვენი ტომის ბელადია, „მწვანე შამანი“ და, თუ ქვას არ გამატანთ, მაშინ თქვენც ისეთივე რისხვა დაგატყდებათ თავს, როგორც ბროძელს, „ჩეკისტებს“ და პირადად ანტონ ხორავას.

– ბროძელი მოკლულია. „ჩეკისტებისას“ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ, ანტონი საღ-სალამათია და ბრილიანტს ელოდება, – სიტყვა გააწყვეტინა ურუმოვს ბუკიამ. დაკავებულ იაკუტიელს ჩაეცინა:

– ნუ ვიჩქარებთ, ყველა თავისას მიიღებს. მე კი თხრობას გავაგრძელებ. მოკლედ, „ჩეკისტებისა“ და გეოლოგების სადამსჯელო რაზმი ჩვენს დაბაში იმ მიზნით შემოიჭრა, რომ ალმასების საბადო აღმოეჩინა. ისინი ჩვენს საკულტო სახლში შეცვივდნენ და ყველა ბრილიანტი, მათ შორის „ციმბირის განთიადიც“, წაგვართვეს, თან ცდილობდნენ, ბაბუაჩემისთვის საბადოს ადგილი დაეცდენინებინათ, მაგრამ, ბაბუამ ის არ გათქვა და „ჩეკისტებმა“ ის და კიდევ 39 ადამიანი წამებით დახოცეს. ბოლოს კი ერთ-ერთმა ჩვენიანმა საბადოს ადგილსამყოფელი გათქვა და, მას მერე, რაც იქ „ჩეკისტები“ მოვიდნენ, მოღალატე ჩვენიანი მოკლეს. „ციმბირის განთიადი“ ჩვენი საკულტო ქვაა, „მწვანე საძმოს“ სიცოცხლის წყაროდ ითვლება და მას ჩვენ ოცდაათი წლის განმავლობაში ვეძებდით. თუკი მას ადგილზე არ დავაბრუნებთ, როგორც ხორავას, ასევე თქვენც და სხვებსაც, საშინელი აღსასრული გელით. მე დავასრულე. ახლა კი ისე მოიქეცით, როგორც, თქვენმა გონებამ გიკარნახოთ...

ბულა ურუმოვი საკანში ჩასვეს, ბუკიამ კი ანტონ ხორავას მოყვანა უბრძანა სულაძეს და, როდესაც კოტე სამმართველოში დაბრუნდა, პეტრეს უთხრა:

– ამხანაგო მაიორო, ხორავა ამ დილით თავის ბინაში იპოვეს დამწვარი, როგორც ვარაუდობენ, მას ნავთი გადაესხა და დაიწვა. მოკლედ, უბედური შემთხვევაა...

– შეიძლება, უბედური შემთხვევა სულაც არაა, – თავი გააქნია ბუკიამ და სულაძეს უთხრა: – ურუმოვი ამომიყვანეთ და მის გასათავისუფლებლად საბუთები გაამზადეთ...

P. S. ბულა ურუმოვი დღესაც ცოცხალია, ოთხმოც წელსაა მიტანებული და იაკუტიაში შამანების მეფის ტიტულს ფლობს. „ციმბირის  განთიადი“ კი იაკუტიის საკულტო სახლშია მოთავსებული და მას, როგორც ღვთაებას, ისე ეთაყვანებიან.

 

 

скачать dle 11.3