კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მიუსწრო ბიძინა ბარათაშვილმა დედას ცოცხალს და რა მოუყვა ბადრი პატარკაციშვილმა მას თავის ახალგაზრდობაზე


ბიძინა ბარათაშვილი იმ ოჯახისა და თაობის წარმომადგენელია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს. მისი საოჯახო ალბომიდან ეს ადამიანები ისევ ისეთი მეტყველი თვალებით გიმზერენ და გიღიმიან, როგორც უწინ. თითქოს რაღაცაზე მიგანიშნებენ, რაღაცას გიყვებიან, თუმცა მედეა ძიძიგურმა, რომლის სიმღერებიც ყველას სიამოვნებას ჰგვრიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კვალი მაინც შვილის გულში დატოვა.


ბიძინა: შვიდთვიანი დავიბადე. დედაჩემი და მამაჩემი ლიკანში ისვენებდნენ და აბსოლუტურად მოულოდნელად გავჩნდი. იქ არ იყო სამშობიარო პირობები და მე და დედა ბორჯომში გადაგვიყვანეს. თავდაპირველად საერთოდ არ ჰქონდათ იმედი, თუ გადავრჩებოდი. მთავარი აქცენტი დედაჩემის გადარჩენაზე იყო. მომვლელმა უთხრა ბაბუაჩემს, თუ ბავშვს ფრჩხილები აქვს, გადარჩებაო და მე მქონდა ფრჩხილები. სასწრაფოდ წამომიყვანეს თბილისში და ორი თვე ინკუბატორში ვიყავი. მყავს ათი წლით უმცროსი ძმა მამის მხრიდან. ფანტასტიკური ძმობა გვაქვს. პატარა ვიყავი, დედა და მამა ერთმანეთს რომ დაშორდნენ, მაგრამ ამას აბსოლუტურად არაფერში შეუშლია ხელი, პირიქით, მიმაჩნდა, რომ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით. მას ჩემთვის ზრუნვა არ დაუკლია. მეტიც, მამაჩემი ზოგჯერ ჩვენთან სტუმრებთან ერთად მოდიოდა. ყოველ ოთხშაბათს და შაბათს ბებია-ბაბუასთან ვიყავი და მეტი რა მჭირდებოდა?! ბავშვობიდან კარგი ურთიერთობა მაქვს მამაჩემის მეუღლესთან, ისევე, როგორც ჩემს ძმას ჰქონდა დედაჩემთან. დედა და მამა ბოლო წუთამდე მეგობრობდნენ და მამაჩემი ჭირისუფლებს შორის იდგა, როცა დედა გარდაიცვალა. შეიძლება, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ყველა, ვინც იცნობს ჩვენს ოჯახს, ამას დაადასტურებს.

– არასდროს გაგჩენიათ სურვილი, გაგეგოთ მშობლების დაშორების მიზეზი და რატომ არ შეიძლებოდა, ისინი კვლავ ერთად ყოფილიყვნენ?

– შეგნებული ბავშვი ვიყავი. არ მქონდა მამასთან ურთიერთობის დეფიციტი, და, შესაბამისად, არც კითხვები დამისვამს. ეს კითხვები, ალბათ, უფრო გვიან გამიჩნდა. დედა 19 წლის გათხოვდა, მამა მასზე ბევრად უფროსი იყო. შეიძლება, ასაკის ბრალიც იყო მათი დაშორება. ვერ გეტყვით, რომ ხასიათებით ვერ ეწყობოდნენ, რადგან როგორც უკვე ვთქვი, სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდნენ. იმ დროს მედეა სტუდენტი იყო და ისეთი სიხშირით არ დადიოდა გასტროლებზე, როგორც ბოლო წლებში, ამიტომ, ვერც ეს იქნებოდა მათი დაშორების მიზეზი. მამაჩემს ხშირად უწევდა მოსკოვში გამგზავრება და, შეიძლება, არც ის იყო მზად ოჯახური ცხოვრებისთვის.

– ასეა თუ ისე, ქალისთვის რთულია უქმროდ დარჩენა და ბიჭის გაზრდა.

– სხვათა შორის, ადვილად გასაზრდელი ვიყავი. როცა მედეა გასტროლებზე იყო, ბებია და ბაბუა მზრდიდნენ. მე და მედეას დაძმური ურთიერთობა უფრო გვქონდა, ვიდრე დედაშვილური. მისთვის დედა არ დამიძახია. ოჯახში ყველას სახელებით მივმართავდი. როცა დედა ჩემთან იყო, მისგან იმდენად დიდ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობდი, სადმე რომ წავიდოდა, აღარ განვიცდიდი.

– გარდატეხის ასაკში დიდია ალბათობა, ვიღაცამ შეგაცდინოს, თავის ჭკუაზე გადაგიყვანოს. ზოგი ფიქრობს, რომ ქუჩა კაცად ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ქუჩას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. თქვენს შემთხვევაში რა ხდებოდა?

– ქუჩა და ძველბიჭობა არასდროს მიზიდავდა. მიჩხუბია და კბილებიც ჩაუმტვრევიათ ჩემთვის, მაგრამ ჩხუბი ჩემი სტიქია არასდროს ყოფილა. საკმაოდ ბევრი გასართობი მქონდა, რომ ქუჩაში არ ვყოფილიყავი. ეზოში ჩავდიოდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ვკითხულობდი, კინოში დავდიოდი, ვიღაცეებს თავს ვაწონებდი. მაგ დროს გინდა, რაღაც ისეთი გააკეთო, გოგოს თავი დაამახსოვრო, რომ არაორდინარული ტიპი ხარ. თუ გოგონები მატარებლით მიდიოდნენ, მატარებელს ვაჩერებდით, გადავასწრებდით ან ცხრა მთას იქით ჩავაკითხავდით, ვაჩუქებდით ყვავილებს და უკან ვბრუნდებოდით.

– ესე იგი, გარდატეხის პერიოდი მშვიდად გადალახეთ.

– დიახ, დანა, ნარკოტიკები და ისეთი გატაცებები არ მქონია. ბავშვობაში ხშირად მესმოდა – შეიძლება, ვიღაც მორფინისტმა სადარბაზოში შეგათრიოს და წამალს მიგაჩვიოსო. სიგარეტი პირველად სკოლის გამოსაშვებზე მოვწიე. ჩემმა მეგობარმა, არჩილ აბაშიძემ, მითხრა – ერთხელ მაინც ხომ უნდა გასინჯოო. მეორე კურსზე ვიყავი, ინტენსიური მოწევა რომ დავიწყე და რაღა აზრი ჰქონდა დამალვას, თუმცა, სიგარეტისადმი განსაკუთრებული ლტოლვა არ მქონია. მერე ექვსი წელი არ ვეწეოდი. ორი წლის წინ, „იმედში“ მომხდარი ამბების გამო ისევ დავიწყე და ჯერჯერობით თავს ვერ ვანებებ.

– პროფესიით ისტორიკოსი ხართ. იყო ისეთი რამ, რაც გულით გინდოდათ და გარკვეული მიზეზის გამო ხელი შეგეშალათ?

– იყო მომენტი, როცა კინორეჟისორობა მინდოდა, რადგან ძალიან მიყვარდა. თან, მამაჩემი და ბაბუაჩემი მთელი ცხოვრება ამ წრეში ტრიალებდნენ. ამდენად, ეს სფერო ჩემთვის ნაცნობი და ახლობელი იყო. მაშინ არ იყო საშუალება, რამე გადამეღო. რაღაცეებზე ვფიქრობდი, ბავშვური ოცნებები, ალბათ, ყველას აქვს, მაგრამ აბსოლუტურ სისულელეს გადავიღებდი. მივხვდი, რომ ჩემგან ბერგმანი და ფელინი არ გამოვიდოდა და ამიტომ ისტორიულზე ჩავაბარე, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე. წლების განმავლობაში ვმუშაობდი უნივერსიტეტში, ვკითხულობდი ლექციებს. მერე მივხვდი, რომ ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ამ მიმართულებით.

– ამავდროულად, როცა თბილისი ჯერ კიდევ არ იყო განებივრებული ჟურნალ-გაზეთებით, თქვენ დააარსეთ გაზეთი „რვა-ნახევარი“. ვინ გეხმარებოდათ იდეების განხორციელებაში?

– ვფიქრობ, რომ ბევრ რაღაცაში გამიმართლა: დავიბადე და გავიზარდე კარგ ოჯახში, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ჩემი ოჯახის შესაძლებლობები და სახელი გამომიყენებია. ოჯახმა მომცა კარგი განათლება. სხვა ოჯახში და სხვა პირობებში ამას, ალბათ, ვერ შევიძენდი. ჩავთვალე, რომ კარგად ვწერ, ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, გამეკეთებინა გაზეთი, რომელიც იმ დროს წარმოუდგენლად დიდი – ოცდათხუთმეტათასიანი ტირაჟით გამოდიოდა. რაც შეეხება ტელევიზიას, არ ვარ კომერციულად დიდად განსწავლული ადამიანი. რაშიც ვხედავდი ჩემს თავს, იმ გზას გავუყევი. ბაბუაჩემს, კაკო ძიძიგურს, რომელმაც საქართველოში ტელევიზია დააარსა და პირველი ტელედიქტორი იყო, არ უნდოდა ტელევიზიაში წავსულიყავი. თავი დაანებე ამას, მეცნიერებაში წადიო – მეუბნებოდა, იმიტომ რომ მას თვითონ ჰქონდა გავლილი ეს გზა და უკეთესად იცოდა ის მინუსები, რომელიც ამ პროფესიას ახლდა.

– თქვენს ოჯახში ქართული და არაქართული ელიტა იყრიდა თავს. გვიამბეთ იმდროინდელ შთაბეჭდილებებზე.

– მე მომწონდა ის ატმოსფერო, რომელშიც ვიზრდებოდი. ვხედავდი, როგორ დადიოდა ბაბუაჩემი კინო და ტელეფესტივალებზე, მეგობრობდა საბჭოთა კავშირისა თუ უცხოელ კინოვარსკვლავებთან. ჩვენთან სტუმრად იყო რუბენ მამულიანი, თბილისში დაბადებული სომეხი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა. მან გადაიღო თავის დროზე „ზორო“. ის იყო ერთ-ერთი დიდი რეჟისორი. ბაბუა მეგობრობდა ფრენსის ფორდ კოპოლასთან. ბიჭვინთაში, შემოქმედთა სახლში ვისვენებდი ხოლმე, სადაც სერგეი გერასიმოვთან და ტამარა მაკაროვასთან მქონდა ურთიერთობა. ეს ხალხი ჩემთვის ვარსკვლავები კი არა, ოჯახის წევრებივით იყვნენ. საღამო არ ჩაივლიდა, რომ მედეა ჯაფარიძე და რეზო თაბუკაშვილი არ მოსულიყვნენ. გვიანობამდე ისხდნენ და საინტერესო ისტორიებს ყვებოდნენ. ერთხელ, უნივერსიტეტის ბაღში ჩხუბი იყო. რეზომ ეს გაიგო და ბაღში გამომეცხადა, გვერდზე დამიდგა. მედეა ჯაფარიძე, ერთი მხრივ, მიამიტი, მაგრამ საოცრად ჭკვიანი და საინტერესო ქალი იყო. მათ ისევე შეეძლოთ ჩემთან მეგობრობა, როგორც ბაბუაჩემს – ჩემს მეგობრებთან. სხვა ტიპის ადამიანები იყვნენ. მე მყავდა ფანტასტიკური სიმამრი, ჩემი მასწავლებელი სპორტულ ჟურნალისტიკაში, ნოდარ გუგუშვილი. სწორედ მისი გავლენით დავიწყე „ლელოში“ წერა. ბიჭვინთაში, როცა რუს გოგოებს მივდევდი თავის მოსაწონებლად ან „შესაბმელად“, გამოვივლიდი და, ბაბუაჩემი, დათიკო გამრეკელი, ჯანო კახიძე სამ ხმაში ღიღინებდნენ. მთელი ცხოვრება ისეთი სიმღერები მაქვს მოსმენილი, რომ ვერავინ და ვერაფერი გამაკვირვებს. თვითონ დედაჩემთან ერთად მაქვს ნამღერი ჩემს დაბადების დღეზე წავკისში, მაგრამ მაშინ მთვრალი ვიყავი. ბევრი ისტორიული მომენტის მოწმე ვარ. გოგი დოლიძე, მიშიკო შენგელია, ზაურ ბოლქვაძე, ნიკო ჯადუგიშვილი, ივიკო საყვარელიძე ისეთს მღეროდნენ, ტანში ჟრუანტელი დაგივლიდათ და ჩაგივლიდათ. დღეს ჩემი მეგობრები მღერიან ასევე ფანტასტიკურად.

– როგორ ცხოვრობდა მედეა ძიძიგურის ოჯახი?

– მატერიალურად არასდროს ვყოფილვართ დიდად დალხენილი. ყველა მუშაობდა, ჰქონდათ ანაზღაურება იმ ფარგლებში, რაც მაშინ არსებობდა. მაგალითად, დედაჩემს სოლო კონცერტში, ფილარმონიას რომ გაავსებდა, 72 მანეთს აძლევდნენ. რაც გვაქვს, დედაჩემის ბაბუასგან მოგვყვება. ისე არასდროს გაგვჭირვებია, რომ ოჯახიდან რაღაც გაგვეყიდა. ვერ გეტყვით, რომ რამე გვაკლდა, მაგრამ არც ზედმეტი გვქონდა. სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ, არაფერი მიჭირდა. თითქმის ყველა ერთიანად გამომეცალა ხელიდან. ჯერ იყო ჩემი სიმამრი, მერე – ბაბუა, დედა და აღმოჩნდა, რომ მე ვარ ოჯახის მარჩენალი. ფსიქოლოგიურად იყო რთული, თორემ ერთდროულად ოთხ ადგილას ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა. მიჩვეული ვიყავი, ბაზარში ბაბუა დადიოდა. მეც წავიდოდი, მაგრამ სიამოვნებდა, თავს ოჯახის უფროსად რომ გრძნობდა. უცებ აღმოჩნდა, რომ მე უნდა ვიარო. არ ვიცოდი, სად უნდა წავსულიყავი, რა უნდა მეყიდა. მოუმზადებელი ვიყავი ამ ყველაფრისთვის. რჩევის საკითხავად აღარ დამრჩნენ ადამიანები, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მატერიალურად ყველაზე მეტად გამიჭირდა, როცა მინისტრის მოადგილე ვიყავი. თურქებზე ვაქირავებდი დედაჩემის ბინას. ჩემთვის გამოწვევა, ახალი ეტაპი იყო და ამიტომ წავედი სამინისტროში ას ლარზე, თორემ გაზეთში, ტელევიზიაში შემოსავალი ორი ათას ლარამდე მქონდა. მერე ყველაფერი ერთიანად დავხარჯე, რაც დაგროვილი მქონდა. მივხვდი, რომ შეიძლება, შიმშილით მოვკვდე. ტოტალიზატორშიც სულ ხომ არ მოიგებ, ხანდახან წააგებ.

– თქვენი ქალიშვილი „იმედში“ მომხდარი ორომტრიალის დროს გათხოვდა. გაიხსენეთ ორი წლის წინანდელი ამბები, გვიამბეთ ელენეზე.

– ელენე 21 აგვისტოს, ჩემი დაბადების დღემდე ოთხი დღით ადრე დაიბადა. ამიტომ აგვისტოში ორი სუფრის გაკეთება გვიწევს. ძალიან კარგი ქმარი ჰყავს, გიორგი კობახიძე. უბედნიერესი კაცი ვარ. აი, რომ ვთქვი, ყველაფერში მიმართლებს-მეთქი, ამაშიც გამიმართლა. თვითონაც, საოცარი სიდედრი და სიმამრი მყავდა. მსუბუქი ადამიანი ვარ და ამიტომ ისეთი რეაქცია არ მქონია ელენეს გათხოვებაზე. რეაქცია იმ დღეებმა შემინელა. სამწუხაროდ, ჯვრისწერაზე ვერ მივედი, მაგ დროს გადაუდებელი შეხვედრები მქონდა. მხოლოდ სუფრაზე მოვახერხე მისვლა, ისიც, სტუმრები რომ იშლებოდნენ მაშინ. მივეჩვიე იმას, რომ ვიღაცეები მოდიან, ერთსა და იმავე ამბავს ვუყვები ტელევიზიასთან დაკავშირებით. ჩემი მძახალი ლერი მოვიდა. მეც ჩავთვალე, რომ ამ თემაზე მელაპარაკება და რაღაცეებს ვუყვები. ამ დროს მეუბნება – ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ შაბათს რას ვშვრებითო. მგონია, იმას მეკითხება, შაბათს კიდევ ვისთან მაქვს შეხვედრა. რა უნდა ვქნათ-მეთქი. ჯვრისწერაზე გეკითხებიო. ვის ჯვრისწერაზე-მეთქი. ჩვენი შვილებისო. ვერ მივხვდი. ჩათვალა, რომ აბსოლუტურად გამოვშტერდი. მერე ჩემს ცოლს და ელენეს ვკითხე, ამ კაცთან კრეტინად ნუ გამომიყვანთ, ის მაინც მითხარით, შაბათს ჯვრისწერაა თუ რა არის-მეთქი. როდის უნდა გითხრათ, სახლში არასდროს ხარ და „მარიოტში“ ვერ მოვალთ ქორწილის ამბების მოსაყოლადო. გადასახლებული ვიყავი იქ, ვიჯექი და ელჩებს და ვიღაცეებს ველაპარაკებოდი.

– დედა რით გარდაიცვალა?

– იმ ღამეს, როცა დედაჩემისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, გაზეთში მორიგე ვიყავი. დედას კუჭ-ნაწლავზე კეთილთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ერთი ოპერაცია გაკეთებული ჰქონდა და მეორე უნდა გაეკეთებინა. როგორც ექიმმა მითხრა, ეს იყო 15-წუთიანი ოპერაცია და საშიში არაფერი იყო. რომელ საათზეა-მეთქი, ვკითხე. რა მნიშვნელობა აქვს შენთვის, რომ გითხრა, რომელ საათზეა, ნახევარ თბილისს მოყრიო. მეც იოლად შევხედე ამ სიტუაციას და სამსახურში წავედი. სერიოზულად რომ ჩამეთვალა, სად წავიდოდი? 7 საათზე სახლში მივედი, დავიძინე და 10 საათზე საავადმყოფოში წავედი. დავაგვიანე. უკვე შეყვანილი ჰყავდათ. რომ გამოიყვანეს, უგონოდ იყო. წინა დღით პალატაში ეცეკვებოდა ჩემს მეგობარს. მოხდა ძალიან იშვიათი რამ: 15 ლიტრი სისხლი გადაუსხეს და ორგანიზმმა არ მიიღო, არ შედედდა. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა განცდა, რომ დროულად ვერ მივედი ოპერაციაზე და დედა ვერ ვნახე. დიდუბის პანთეონში დავკრძალეთ. რედაქციაში, სადაც იმ პერიოდში ვმუშაობდი, ოთახის ფანჯარა მის საფლავს გადაჰყურებდა. კინაღამ გადავირიე.

– არ შემიძლია, ბადრი პატარკაციშვილზეც არ გკითხოთ. თქვენ მის ოჯახთან დაახლოებული იყავით. როგორი იყო ეს ადამიანი პირად ურთიერთობებში, რას განიცდიდა, რა სწყინდა, რა უხაროდა?

– ჩემი ცხოვრების უზარმაზარი პერიოდი მასთან არის დაკავშირებული და იმ საქმესთან, რომელიც მან ჩამაბარა. მადლიერი ვარ მისი და მისი ოჯახის, რომელმაც ამერიკაში მიმასპინძლა არა როგორც თანამშრომელს, არამედ როგორც მეგობარს და დამათვალიერებინა მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები. ჩემთვის ეს ადამიანი იყო ჭკვიანი კაცი, კარგი მოსაუბრე, კარგად მღეროდა. არაერთხელ ვმსხდარვართ ერთად სუფრასთან. თავისი მეგობრებისთვის იცოდა დღესასწაულების მოწყობა. რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველაფერი საუკეთესო მოგონებებად დარჩება.

– როდის და სად შეხვდით მას?

– ბადრი გავიცანი, როცა სამინისტროდან წამოვედი. მაშინ „იმედის“ დირექტორი კოკა ყანდიაშვილი იყო. სპორტული განყოფილება უნდა ჩამებარებინა. წარდგენაზე მასთან სასახლეში მიგვიყვანეს. ხელი ჩამოვართვით, ჩვენ შესახებ მოვუყევით. შემდეგ პერიოდულად გვქონდა შეხვედრები. „იმედი“ ერთი წლის შემდეგ „დაიქოქა“. მერე სხვა სფერო ჩამაბარეს – კინოს შერჩევა, შესყიდვები. ნოემბერში, დედაჩემის გარდაცვალების დღეს დამიბარა. ვინჩიუკიც იქ იყო და დამნიშნა არხის გენერალურ დირექტორად. ჩემთვის ეს აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვინჩიუკთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. მან შესთავაზა ჩემი კანდიდატურა. შემდეგ მოხდა მისი ოჯახის გაცნობა, პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება. მისი გარდაცვალება ჩვენთვის აბსოლუტურად შოკი იყო. დილით ირაკლი შარაბიძემ დამირეკა, ჩემმა იურისტმა და ეს ამბავი მითხრა. არ დავიჯერე. მერე ლონდონში გადავრეკე, მისი სიძე შემხვდა და დამიდასტურა. როცა ასეთი პიროვნება მიდის ქვეყნიდან, ყოველთვის არის მოარული ხმები. ძნელია, კონკრეტულად ვინმეზე რამე თქვა. ძალიან თბილი ადამიანი იყო. თავისი ცხოვრების, ახალგაზრდობის ისეთ ეპიზოდებს გვიყვებოდა მე და თავის უახლოეს მეგობრებს, რასაც ყველასთან არ იტყოდა. ბიჭი რომ ჰყავდა, ვიცოდი, მაგრამ არც მას ვიცნობდი და არც მის დედას.

– ახლა ისიც მოგვიყევით, თქვენ და ნანა როგორ შეუღლდით.

– ნანა უნივერსიტეტში გავიცანი. მანამდე იყო ბევრი სერიოზული გატაცება, რომანები, მაგრამ, საბედნიეროდ, სხვებთან ეს არ მოხდა, თუმცა მათაც ფანტასტიკური ოჯახები შექმნეს. სხვათა შორის, ჩვენ ერთი პერიოდი დაშორებული ვიყავით, ერთწლიანი პაუზა გვქონდა.


скачать dle 11.3