კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი მილიონი დოლარი დაუჯდა ალექს ფერგიუსონს კრიშტიანუ რონალდუს ყიდვა და ვინ ითვლება მისი რაზმის საკვანძო ფიგურად

 

2011 წლის 6 ნოემბერს ზუსტად 25 წელი შესრულდა, რაც შოტლანდიელი სპეციალისტი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელი, ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი, სათავეში უდგას „მანჩესტერ იუნაიტედს” – ბოლო დროის ყველაზე წარმატებულ ინგლისურ კლუბს. ბრიტანულმა გაზეთმა „სანმა” ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ ნათამაშები იმ ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებმაც, საფეხბურთო ექსპერტების აზრით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კლუბის ბოლოდროინდელ წარმატებაში.

პიტერ შმეიხელი (1991-1999)

დანიელი გოლკიპერი ალექს ფერგიუსონმა 530 ათას ფუნტად იყიდა „ბრონდბიუდან” და ამ ტრანსფერს მოგვიანებით „საუკუნის გარიგება” ეწოდა. შმაიხელმა უდიდესი წვლილი შეიტანა კლუბის 90-იანი წლების გამარჯვებაში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბაიერნთან” ლეგენდარულ გამარჯვებაში 1999 წელს. „მანჩესტერის” რიგებში ჩატარებულ 398 მატჩში შმეიხელმა 1 გოლი გაიტანა. 

გარი ნევილი (1992-2011)

„მანჩესტერის” აკადემიის აღზრდილი და ფერგიუსონის „ბარტყებიდან” ერთ-ერთი. ნევილმა მთელი თავისი ხანგრძლივი კარიერა „წითელ ეშმაკებში” გაატარა და, რომ არა ხშირი ტრავმები, შესაძლოა, მას კარიერა ასე არ დაესრულებინა. აღსანიშნავია, რომ ტრავმების გამო ნევილს, რომელიც დევიდ ბექჰემის უახლოესი მეგობარია, ეროვნულ ნაკრებში კარიერა არ აეწყო და მან რამდენიმე მნიშვნელოვანი სანაკრებო ტურნირი გამოტოვა, მათ შორის – ევროპის ჩემპიონატი და მუნდიალი. 602 მატჩში გარი ნევილის ანგარიშზე 7 გოლია.

რიო ფერდინანდი

(2002 წლიდან – დღემდე)

ფერდინანდის ყიდვა „მანჩესტერს” „ლიდს იუნაიტედიდან” 30 მილიონი ფუნტი დაუჯდა და მას შემდეგ იგი ფერგიუსონის რაზმის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად და, ასევე, ბრიტანეთის საუკეთესო ცენტრალურ მცველად ითვლება. რიოს კარიერა კლუბის რიგებში ჯერაც გრძელდება და ამ მომენტისთვის 369 ჩატარებულ მატჩში მას 7 გოლი აქვს გატანილი.

ნემანია ვიდიჩი

(2006 წლიდან –დღემდე)

რიო ფერდინანდთან ერთად, ნემანია ვიდიჩმა მსოფლიო ფეხბურთში უმძლავრესი ცენტრალური დამცველების დუეტი შექმნა. სერბი მცველი ფერგიუსონმა მოსკოვის „სპარტაკში” შენიშნა და „მანჩესტერის” რიგებში გადმოიბირა. ტრანსფერი 7 მილიონი ფუნტი დაჯდა და დღესდღეობით მისი გამოსყიდვა რომელიმე კლუბს საგრძნობლად მეტი – რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდება. 

დენის ირვინი (1990-2002)

„მისტერ საიმედოობა” და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი, რომელიც ფერგიუსონის დასაყრდენი იყო წლების განმავლობაში. მისი ტრანსფერი „ოლდჰემიდან” სულ რაღაც 625 ათასი ფუნტი დაჯდა და 11-წლიანი „მანჩესტერული” სეზონის განმავლობაში მან 33 გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე.

კრიშტიანუ რონალდუ (2003-2009)

 18 წლის იყო რონალდუ, როდესაც ფეხი შეაბიჯა „ოლდ ტრაფორდზე” და წლების შემდეგ მსოფლიო დონის ვარსკვლავის სტატუსით დატოვა გუნდი. მადეირელი ჭაბუკის ტრანსფერი ლისაბონის „სპორტინგიდან” 12,24 მილიონი ფუნტი დაჯდა და 292 მატჩში მან 118 გოლის გატანა მოახერხა, რაც საუცხოო შედეგია.

პოლ სქოულზი (1994-2011)

ლეგენდარულმა წითურმა ნახევარმცველმა წელს დაასრულა კარიერა და, ძნელად სავარაუდოა, რომ ალექს ფერგიუსონმა მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძიება მოახერხოს. სქოულზი უაღრესად საკვანძო ფეხბურთელად ითვლებოდა „წითელი ეშმაკებისა” და ინგლისის ნაკრებისთვის.

როი კინი (1993-2005)

ირლანდიური ფეხბურთის ლეგენდა და „მანჩესტერის” კაპიტანი, რომელმაც თავგანწირული ქმედებით 1998-1999 წლების ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაგვამახსოვრა თავი, როდესაც არ შეუშინდა ყვითელ ბარათს, რომელმაც მას ფინალი გამოატოვებინა. 480 მატჩში კინმა 51 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ კინმა კარიერა „მანჩესტერის” რიგებში არ დაასრულა, თუმცა ამაზე მისი უამრავი ქომაგი ოცნებობდა.

რაიან გიგზი (1990 წლიდან – დღემდე)

ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა, რომელსაც „მანჩესტერის” რიგებში 885 მატჩი აქვს ჩატარებული. გიგზს ორი წლის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი კარიერის დასრულება, თუმცა 2009 წელს იგი „პრემიერლიგის” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და მანაც გადაწყვეტილება შეიცვალა. რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ უელსელი უცნობია, თუმცა, მის გარეშე „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახვა წარმოუდგენელი რომ არის, ფაქტია.

ერიკ კანტონა (1992-1997)

ფრანგმა ფეხბურთელმა 30 წლის ასაკში დაასრულა კარიერა და, ბევრის აზრით, სწორედ ის არის „მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. კანტონაზე საუბარი გაცილებით მეტ ადგილს იმსახურებს და ჩვენ მხოლოდ იმას შეგახსენებთ: ნუთუ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი სპექტაკლების დადგმა შეეძლო გატანილი გოლების აღნიშვნის დროს?!

უეინ რუნი (2003 წლიდან – დღემდე)

კრიშტიანუ რონალდუს კლუბიდან წასვლის შემდეგ უეინ რუნი გაცილებით სასარგებლო და შედეგიანი ფეხბურთელი გახდა. ალექს ფერგიუსონის ამჟამინდელი გუნდის შეუცვლელი ფიგურა და ბომბარდირი ინგლისის ნაკრებისთვისაც შეუცვლელი ფიგურაა და, მას შემდეგ, რაც „ფიფამ“ იგი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „ევრო 2012-ზე“, ფაბიო კაპელოს სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა მისი შემცვლელის მოძიების საკითხში.

ედვინ ვან დერ საარი (2005-2011)

ჰოლანდიელი გოლკიპერი 35 წლის იყო, როდესაც „წითელი ეშმაკების” მაისური მოირგო. ამის შემდეგ მას მეორე სუნთქვა გაეხსნა და „პრემიერლიგის” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ვან დერ საარმა, ნევილისა და სქოულზის მსგავსად, წელს დაასრულა კარიერა და, ბევრის აზრით, მისი შემცვლელი, დავიდ დე ხეა, ჯერჯერობით ვერ ამართლებს იმედებს.

იაპ სტამი (1998-2001)

ჰოლანდიელი მცველი, რომელიც ერთ დროს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად ითვლებოდა სამშობლოში. იაპ სტამმა სამი სრული სეზონი ითამაშა „მანჩესტერში” და ფერგიუსონთან კონფლიქტის გამო გადაწყვიტა კლუბის გამოცვლა. მოგვიანებით სტამმა ავტობიოგრაფიული წიგნი დაწერა, სადაც აღიარა, რომ „ოლდ ტრაფორდიდან” წასვლა მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

პატრის ევრა (2006 წლიდან – დღემდე)

„მანჩესტერ იუნაიტედის” კაპიტანი და ფერგიუსონის დასაყრდენი ამჟამინდელ შემადგენლობაში. პატრის ევრა „წითელ ეშმაკებში” 2006 წელს მივიდა „მონაკოდან” და მისი ტრანსფერი კლუბს 5,5 მილიონი ევრო დაუჯდა.

დევიდ ბექჰემი (1993-2003)

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის გაგრძელება მადრიდის „რეალში” არჩია. ბექჰემმა „მანიუს” რიგებში 399 მატჩი ითამაშა და 87 გოლი გაიტანა. ბექჰემზე საუბარი რომ შორს წაგვიყვანს, ფაქტია, „ფერგის ბარტყებიდან” იგი ისედაც ყველაზე ცნობილი და პოპულარულია.

ბრაიან რობსონი (1981-1994)

რობსონი ფერგიუსონის მოსვლამდე ირიცხებოდა „მანჩესტერის” შემადგენლობაში და სწორედ მასთან ერთად დაიწყო იმ დიდი გუნდის მშენებლობა, რომელმაც 1999 წელს ჩემპიონთა ლიგაში მოიპოვა გამარჯვება, თუმცა, იმ დროს რობსონს უკვე დასრულებული ჰქონდა კარიერა. საფეხბურთო ექსპერტების აზრით, რობსონი 80-90-იანი წლების „მანჩესტერის” საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 

მარკ ჰიუზი (1988-1995)

მარკ ჰიუზი უელსური ფეხბურთის ლეგენდაა და მის სახელს უკავშირდება „მანჩესტერ იუნაიტედის” ადრეული წარმატებები ფერგიუსონის მწვრთნელობის პირველ წლებში.  ამჟამად ჰიუზი თავადაც მწვრთნელია და არაერთხელ შეხვედრია ფერგის, ამჯერად, სამწვრთნელო ადგილიდან.

რუუდ ვან ნისტელროი (2001-2006)

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ფანტასტიკური ხუთი სეზონი ითამაშა „მანიუს” რიგებში და 219 მატჩში 150 გოლი გაიტანა. შესაძლოა, მის ანგარიშზე გაცილებით მეტი გოლი ყოფილიყო, რომ არა უთანხმოება ფერგისთან, რის გამოც ვან ნისტელროიმ მადრიდის „რეალს” მიაშურა, სადაც ჩვეულ რეჟიმში განაგრძო გოლების გატანა.

 

скачать dle 11.3