კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აწყენინა ირაკლი ჩარკვიანმა ქეთათოს და შეძლებს თუ არა ის ვინმეს შეყვარებას


19 ნოემბერს 48 წლის გახდებოდა, თუმცა მისთვის და მისი ახლობელი ადამიანებისთვის ასაკს მნიშვნელობა საერთოდ არ ჰქონდა. ირაკლი ჩარკვიანი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თანამედროვე და პროგრესული ხელოვანი იყო და, ოცდამეერთე საუკუნეშიც წინასწარ ბევრი რამ შეცვალა. მისი მეუღლე და ცხოვრების უდიდესი სიყვარული ქეთათო, ირაკლის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მასთან გატარებულ დროს იხსენებს.

ქეთათო: 19 ნოემბერს, ვაკის პარკში, კლუბ „33ა-ში“ გაიმართება კონცერტი, რომელიც ეძღვნება ირაკლის 48-ე დაბადების დღეს. კონცერტზე იქნება ჩემი, ჩემი და ირაკლის ერთობლივი სიმღერები, ნაცნობი და, მათ შორის, ახალი რეპერტუარიც. საერთოდ, რასაც ვმღეროდი, როგორც ტექსტი, ისევე მუსიკა, ყოველთვის ჩემი იყო, მათ შორის – დუეტებშიც. ბენდთან ერთად მუშაობის დროს, იმ ძველ სიმღერებს უამრავ ახალ თემას ვადებ, რაღაცეები იცვლება და განახლებული სახით იქნება წარმოდგენილი მაყურებლის წინაშე. პარალელურად, ერთი დღით ადრე, ირაკლის მოთხრობების კრებულის – „ძველი სათამაშოების“ პრეზენტაციას ვაკეთებ. ეს კრებული კომუნისტების დროს საკმაოდ დიდი ტირაჟით გამოიცა და ძალიან მალე არც ერთ მაღაზიაში აღარ იყო დარჩენილი. სხვათა შორის, ირაკლი ამბობდა, რომ ამ წიგნიდან საკმაოდ დიდი ჰონორარი აიღო, რომლითაც ზღვაზე წავიდა და, გადასარევად გაერთო. არ ვიცი, რა გამოხმაურება მოჰყვება ამ კრებულს. ირაკლის რომანი „მშვიდი ცურვაც“ ბესტსელერი იყო. ამ კრებულში აბსოლუტურად კლასიკური ტიპის მოთხრობები შედის, რომლებიც ძალიან მშვიდი წასაკითხია და, დარწმუნებული ვარ, ისიც ბესტსელერი გახდება.

– ქეთათო, შენ ახსენე ირაკლის მუსიკა, ლექსები, რაც მისი შემოქმედების სხვადასხვა მხარეა, მაგრამ, ვფიქრობ, ერთი დიდი მთლიანის ნაწილიცაა.

– ირაკლი იყო უნიკალური შემთხვევა. რასაც კი ეხებოდა სხვადასხვა დარგში, ყველაფერს ნოვატორულსა და საინტერესოს აკეთებდა. მის სამეგობრო წრეში იყვნენ: მწერლები, მუსიკოსები, მხატვრები. ადამიანს ყოველთვის აქვს ამბიცია და, იცი როგორი მომენტია?! „შენ თუ მაგარი მუსიკოსი ხარ, მე მწერლობაში ვარ უფრო მაგარი“, ეს ქვეცნობიერი შეჯიბრებისა და კონკურენციის მომენტი სულ იყო. პარადოქსია, რომ მწერლობაშიც ძალიან საინტერესო იყო, მისი ლექსებიც ბევრისას სჯობია და სჯობდა, მუსიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არაერთხელ მსმენია ვიღაცეებისგან, რომ კლასიკური განათლება არ ჰქონდაო. არ დაუმთავრებია ირაკლის კონსერვატორია, უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ კი, ოქსფორდში – თანამედროვე პოეზიის კურსები, რაც, სხვათა შორის, მის ლექსებს ეტყობა. აბსოლუტურად ახლებურად დაინახა სიტყვა და მისდამი დამოკიდებულება. თვით რეაქტიული კლუბის იდეაც კი, უკვე იყო ძველი ჩარჩოების დამსხვრევა. ყველას უკვირდა მისი არსებობა – ეს რა სიგიჟეაო. თვითონ რეაქტიული კლუბის წევრებსაც კი უკვირდათ ეს ყველაფერი. რეაქტიული იყო თავადაც და, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოცხალი აღარ არის, მისი რეაქტიულობა ისევ აწმყოშია. მართალია, ირაკლი ჩარკვიანი უკვე ისტორიაა, მაგრამ მასთან შეხება სულ მოგვიწევს და ეს მხოლოდ და მხოლოდ გაგვაბედნიერებს და გაგვამდიდრებს.

– გრძნობდა, რამხელა ფუნქცია ჰქონდა?

– დიახ. ყოველთვის გაცნობიერებული ჰქონდა ის ტვირთი, რომელსაც ატარებდა. მას რაღაცეები უნდა შეეცვალა. ქართულ რეალობაში ბევრ რამეს ებრძოდა. ახლა ხშირად მეკითხებიან ხოლმე, თუნდაც პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, რას იტყოდა ირაკლიო. ეს კითხვა მაგიჟებს, როგორი თავხედი უნდა ვიყო, როგორ უნდა გავკადნიერდე, რომ მის მაგივრად რაღაც ვთქვა?! შეიძლება, ვიღაცეები არ კითხულობდნენ მის ლექსებს, ლიტერატურას, არ უსმენდნენ მის მუსიკას, მაგრამ, ირაკლი ჩარკვიანს მათზეც კი აქვს გავლენა. შესაძლოა, ქვეცნობიერი, არაღიარებული და ვერაღქმული, მაგრამ მაინც აქვს. და თუ ადამიანი ცოტას მაინც აზროვნებს, მაშინ ირაკლის გავლენა უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია. ძალიან რთულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც, მიუხედავად იმისა, უნდა თუ არა, ამხელა პასუხისმგებლობას ატარებს. შესაძლოა, კონსერვატორია ბევრს აქვს დამთავრებული, მაგრამ „ტანაი-ნანაის“ თემების იქით ვერ წავიდნენ. თანამედროვედ აზროვნებდა, იყო თანამედროვე მუსიკოსი, პოეტი. ჩემთვის ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი.

– როგორი იყო სამყარო მის მიმართ?

– არ არის ადვილი ასეთი ადამიანების ბედი. თუმცა, მათ სულ იციან, რომ – „სიკვდილი მათთვის არაფერია“, იცი, რომ უსასრულოდ გრძელდები, იცი, რომ, ის, რასაც აკეთებ, ღრმა ფესვებს გაიდგამს და ამოვა ხე – აი, ეს პლუსია ასეთი ადამიანების ცხოვრებაში – საკუთარი არსებობის მიზეზის შეგრძნება. მეორე მხრივ კი, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, აბსოლუტურად განსხვავებული იყო, არ ჯდებოდა არანაირ სტანდარტში.

– გავიდა ოთხი წელი. რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ქეთათოსთვის?

– ყოველდღე ვიცვლები, უფრო მეტად შევიცნობ სამყაროს, უფრო მეტ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა. ადრე ჩაკეტილი კი არ ვიყავი, უბრალოდ, მინდოდა ასე ვყოფილიყავი, სრულყოფილად ბედნიერი ვიყავი და რა მინდოდა სხვა ადამიანებთან?! რაღაც სისტემა გვქონდა შექმნილი და იმ სისტემით ვცხოვრობდი, გარეთ არ გამოვდიოდი. ახლა უკვე მიწევს გარეთ გამოსვლა, ხალხთან ურთიერთობა. არ ვარ იმ ასაკში და იმ ტალღაზე, რომ ვიღაცამ ან რაღაცამ, ზოგადად გარემომ დამაბინძუროს. ასე თუ ისე, ვახერხებ, რომ გარემოს ნეგატივი და დამთრგუნველი ძალა ჩემზე არ გადმოვიდეს, არ იქონიოს გავლენა, არ დავიქსაქსო და არ „დავჩმორდე“, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამის კბილები უკვე მოცვლილი მაქვს.

– სრულყოფილი ბედნიერება ახსენე. არ გაშინებდა ის?

– როგორ არა. სულ ამას ვამბობდი, იმდენად ბედნიერი ვარ, მეშინია-მეთქი. ახლა უფრო ლაღად და თავისუფლად ვარ იმ მხრივ, რომ აღარაფრის მეშინია. ეს ქვეცნობიერი შიშის განცდა, – „ხომ არ შეიძლება, სულ ასე კარგად ვიყო, რაღაც არ დამთავრდეს“, – სულ იყო ჩემში. ახლა აღარაფრის მეშინია. ვერ ვიტყვი, რომ უკეთესად ვარ, მაგრამ შიში ნამდვილად დავკარგე.

– გულგრილი ხომ არ გახდი ადამიანური ემოციების მიმართ?

– არა, რას ამბობ?! პირიქით, უფრო შემიყვარდა ადამიანები, ადრე არც ვიცოდი, ეს რა იყო, რადგან მხოლოდ ერთ ადამიანზე ვიყავი კონცენტრირებული, ახლა კი ეს სიყვარული გაიშალა და განზავდა ბევრში ერთად. მართალია, ყველას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მაინც.

– ადამიანების ირაკლისთან შედარების მცდელობა არ გაქვს? როგორები ჩანან ისინი ირაკლის ფონზე?

– არა მგონია, სწორი იყოს ადამიანების ერთმანეთთან შედარება. ყველას თავისი მონაცემები აქვს და ზოგიერთი ამ მონაცემების მეოთხედსაც კი ვერ იყენებს. ყველას აქვს რაღაც კარგი. მეტს არ უნდა ითხოვდე ადამიანებისგან. მე ასე ვარ, არავისგან არაფერს ვითხოვ. ზოგი იღებს ოქტავას, ზოგი – ვერა. დიაპაზონს გააჩნია.

– თქვენ როგორი დამოკიდებულება გქონდათ, ითხოვდა ის რამეს შენგან?

– არა და არც მე ვითხოვდი რაიმეს მისგან ამაში იყო ჩვენი ბედნიერება. ძალიან პატარა, 16-17 წლის ვიყავი, როდესაც ეს ურთიერთობა დაიწყო და ისე მოვედით ბოლომდე, რომ ჩვენი ურთიერთობა სისტემატურად ვითარდებოდა კარგისკენ.

– ამ ასაკში გოგომ ჯერ კიდევ არ იცის ხოლმე, რა უნდა. შენ როგორ მიხვდი, რომ ირაკლი სწორედ „ის“ არის?

– თავიდანვე ამას ვერ მივხვდი, მერე და მერე მოვიდა ეს შეგრძნება. სულ მეკითხებიან, ის შენზე ასაკით უფროსი იყო და როგორ უგებდიო. საერთოდ არ ეტყობოდა ასაკი. 44 წლის გარდაიცვალა და ისევ ბიჭურ „ვიდზე“ იყო. ხანდახან ვიღაც ჭაღარა, ღიპიანი კაცი შეგვხვდებოდა და, ირაკლი რომ იტყოდა, ჩემი კლასელი იყოო, ცოტა მეშინოდა როგორ შეიძლება, ეს ადამიანი შენი თანაკლასელი იყოს-მეთქი? ახლა იგივე მჭირს ჩემს თანაკლასელებზე. (იცინის).

– რამეს თუ ნანობ ირაკლისთან მიმართებაში?

– საერთოდ არაფერს ვნანობ, ოღონდ, ეს არ არის პასუხი ჟურნალისთვის, მართლა ასე ვგრძნობ.

– როგორი იყო თქვენი ყოველდღიურობა?

– აბსოლუტურად მრავალფეროვანი. თითქოს ეს ყველაფერი თეატრი იყო და ჩვენ საინტერესო სპექტაკლს ვთამაშობდით. მანამდე თეატრში ვმუშაობდი და მერე თავი დავანებე, უბრალოდ, მივხვდი, რომ უფრო კარგი თეატრი, რეჟისორი და მსახიობი – სახლში იყო. სახლში საოცარი მიკროკლიმატი გვქონდა. ჩვენს ყოველდღიურობას რიტუალის სახე ჰქონდა. მხოლოდ ნიჭიერ ადამიანს შეუძლია ამხელა სიყვარული. სხვათა შორის, ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში ირაკლის სიყვარულზე რაღაც ვთქვი და სულ სხვანაირად დაიწერა. ერთხელ ვისხედით და ირაკლიმ, უცებ, „ნი სტავო, ნი სჩივო“, თქვა, შენ გარდა არავინ მყვარებიაო. არ დავუჯერე, კარგი, რაებს იგონებ-მეთქი. ცოტა მეწყინა კიდეც, რადგან ვიცოდი, ასე არ იყო. ვიცი, რომ ის იმდენად შედიოდა როლში, იმდენად ნიჭიერი იყო, რომ, შეუძლებელია, არ ყვარებოდა. ცოლის გარდა, ძალიან ბევრი ქალი ჰყავდა და ძალიან ბევრს მოსწონდა.

– კი მაგრამ, ზოგჯერ გგონია, რომ ახლა ისე გიყვარს, თითქოს, საერთოდ არ გყვარებია მანამდე.

– ალბათ ირაკლიც ამას გულისხმობდა, მაგრამ, კიდევ ვამბობ, ისეთი ნიჭიერი იყო, აუცილებლად სიყვარულშიც ასეთი იქნებოდა.

– საუბრობდით ხოლმე მის წარსულ „სიყვარულებზე“?

– თავიდანვე ყველაფერზე ვლაპარაკობდით. სულ მიყვებოდა ყველაფერს, თითოეული დეტალი და ნიუანსი ვიცი მისი ცხოვრებიდან, მის მეგობრებზე, მეგობარ ქალებზე, ვისთან იყო, როგორ. ახლა ძალიან ბევრი იჩემებს ირაკლის მეგობრობას, მაგრამ ვერ მომატყუებენ. ადრე რომ აღარ იცოდნენ, რა „ეგველათ“, ახლა მისი ყველაზე დიდი ხოტბის შემსხმელები არიან. პრინციპში, ეს არც მიკვირს, ნორმალურია. სანამ ცხოვრობდა, ყველას აკვირვებდა, ბავშვობიდან. 4 წლის იყო, როდესაც უნიტაზზე რუსულად ლექსი დაწერა, მაშინ როდესაც ბავშვები ძლივს აბამენ წინადადებებს. 3 წლიდან ფორტეპიანოზე აბრახუნებდა. რაღაც განსხვავებულობას სულ გრძნობდა თვითონაც და სხვებიც.

– შეძლებ ვინმეს შეყვარებას?

– ყველა ამას რატომ მეკითხება?

– იმიტომ, რომ გვერდით საოცარი ადამიანი გყავდა.

– არ ვიცი, მართლა. მთავარი ის არის, რა გინდა მამაკაცისგან. თუ გჭირდება ოჯახი და ის, რომ ვიღაც გპატრონობდეს – ეს სხვაა; თუ გჭირდება დიდი განცდები და ვნებები – ეს კიდევ სხვა. მე არც ერთი მჭირდება და არც მეორე. ჩემთვის მთავარია, ადამიანი, პირველ ყოვლისა, საინტერესო და ნიჭიერი იყოს, რადგან უნიჭო და მშიშარა ადამიანზე საშიში არაფერია, ის დაკომპლექსებულიც არის და ამ კომპლექსებით შენც დაგაჭკნობს და დაგახრჩობს.

– არ გრძნობ თავს მარტო? მით უმეტეს, რომ ნანაც ბებიასთან და ბაბუასთან არის.

– ირაკლის გარეშე მე შევძელი ცხოვრება და ამით ყველაფერი ნათქვამია!


скачать dle 11.3