კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა შემთხვევაში შეუძლია 2012 წლის მოწვევის ახალ პარლამენტს მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება

ცნობილია, რომ 2013 წლიდან საქართველოში სახელმწიფო მოწყობის ახალი მოდელი უნდა ამოქმედდეს და ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გარდაიქმნას. მეორე მხრივ, ოპონენტები ამ გარდაქმნაში მოქმედი ხელისუფლების ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობასაც ხედავენ და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის ამპლუაში მოგვევლინოს. ზაქარია ქუცნაშვილი განგვიმარტავს, ახალი და 2013 წლიდან ასამოქმედებელი კონსტიტუციით, როგორ შეუთავსდებიან ერთმანეთს 2012 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პარლამენტი და 2008 წლის იანვარში არჩეული ძველი პრეზიდენტი; რა მექანიზმით აირჩევა 2013 წელს პრემიერ-მინისტრი და რა სქემითაა შესაძლებელი, რომ მოქმედი პრეზიდენტი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ პრემიერ-მინისტრი გახდეს.

 

– როდიდან ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია?

–  ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მმართველობის სისტემა შეიცვალა ქვეყანაში, 2010 წლის 15 ოქტომბერს დაკანონდა და დაიყო სამ კატეგორიად ძალაში შესვლის მიხედვით. კერძოდ, ნაწილი ამოქმედდა ცვლილებების გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს, ნაწილი –  2011 წლის პირველი იანვრიდან, ძირითადი მუხლები კი, რომლებიც ეხება მმართველობითი სისტემის შეცვლას, უნდა ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

– გამოვყოთ, რას შეეხება მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნები?

– მაგალითად, ცვლილებები ეხება იმ პერიოდს, როდესაც პარლამენტს არ შეუძლია პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება და, ასევე, იმ პერიოდს, როდესაც პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა. კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს, რომ არ გამოვიდეს, მეც მივდივარ და პარლამენტსაც ვშლიო. წესით, მოქმედ პრეზიდენტს უფლებამოსილების 5-წლიანი ვადა 2013 წლის იანვარში გასდის. მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ –  2013 წლის ოქტომბერში. ანუ, იმ 10 თვეს, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიკლო წინა ვადაში, რადგან გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვარს, ის ინაზღაურებს ახლა. ისმის კითხვა: საიდან უნდა გადავითვალოთ პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვის ვადა –  2013 წლის ოქტომბრიდან თუ 2013 წლის იანვრიდან? წესით, პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადა 2013 წლის 5 იანვარს ეწურება. 2012 წლის ოქტომბრიდან, როდესაც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, 2013 წლის 5 იანვრამდე კი, სულ რაღაც, 2 თვეა. ამდენად, თუ ხუთწლიანი უფლებამოსილების პერიოდის დაცვით მოხდება საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის ვადის ათვლა, ანუ 2013 წლის 5 იანვრიდან, მაშინ მას უკვე აღარ შეეძლება პარლამენტის დათხოვნა. მაგრამ, თუ საპრეზიდენტო უფლებამოსილების გასვლის ვადად 2013 წლის ოქტომბერს ავიღებთ, მაშინ პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნა შეუძლია 2013 წლის მაისამდე. კონსტიტუციაში 2006 წლის ბოლოს შეიტანეს სპეციალური ცვლილება, რომლის მიხედვითაც „პრეზიდენტის მორიგი არჩევნების პირველი ტური უნდა მოეწყოს არა წინა არჩევნების ჩატარებიდან მეხუთე წლის აპრილის მეორე კვირა დღეს, არამედ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის თვეში.“ როდესაც ეს ჩანაწერი კეთდებოდა კონსტიტუციაში, მე მივწერე ჩემი შენიშვნები კომისიას, მაგრამ კომისიამ ამ გარემოებას აღარ მიაქცია ყურადღება.

– ესე იგი, კონსტიტუციით, ძველ პრეზიდენტს აქვს უფლება, დაითხოვოს 2012 წლის ოქტომბერში არჩეული ახალი პარლამენტი?

– ეს მუხლები არ ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრამდე, სანამ საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება და პრეზიდენტს თავისი უფლებამოსილების ვადა არ გაუვა. მაგრამ, თუკი მისი პოლიტიკური ძალა დამარცხდება 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, მას 2013 წლის აპრილამდე შეუძლია, დაითხოვოს პარლამენტი. ანუ ეს პერიოდი, თითქმის ერთწლიანი, ერთგვარი რეზერვია ხელისუფლებისთვის. რაც მთავარია, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა ისევ პრეზიდენტს ემორჩილება. მართალია, მას აქვს გადადგომის ვალდებულება ახალი პარლამენტის არჩევნის შემდეგ, მაგრამ, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს, მთავრობას კვლავ პრეზიდენტი წარუდგენს ახალ პარლამენტს ნდობის გამოსაცხადებლად. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს შეუძლია სამთავრობო კრიზისის შექმნა. კერძოდ, ვთქვათ, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტის ისეთ შემადგენლობას, რომელსაც პარლამენტი არ დაამტკიცებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს, საბოლოოდ, აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება.

– პარლამენტის დათხოვნის შემთხვევები დაწვრილებით განვიხილეთ წინა ნომერში და, რადგან 2012 წლის ოქტომბერში არჩეული პარლამენტიც მოქმედ საკონსტიტუციო ნორმებს ემორჩილება, მისი დათხოვნა მხოლოდ პროცედურის საქმეა. 

–  თუმცა არის მეორე მომენტი: 2012 წლის ოქტომბერში არჩეულ პარლამენტს შეუძლია, იმპიჩმენტი გამოუცხადოს პრეზიდენტს, მაგრამ აქაც მოქმედებს შეზღუდვა: როგორც პრეზიდენტს არ შეუძლია თავისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ბოლო ექვს თვეში პარლამენტის დათხოვნა, ასევე არ შეუძლია პარლამენტს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ექვსთვიან პერიოდში. ანუ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ ვის გადასძალავს 2013 წლის ოქტომბრამდე, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებამდე: პრეზიდენტი –  პარლამენტს თუ, პირიქით, პარლამენტი –  პრეზიდენტს. ამიტომაც ვამბობდით საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრები, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს უწყობს არა ჰარმონიულ პოლიტიკურ თანაცხოვრებას, არამედ პირდაპირ გვიბიძგებს დაპირისპირებისკენ. პარლამენტი დაასწრებს –  პრეზიდენტს გამოუცხადებენ იმპიჩმენტს, პრეზიდენტი დაასწრებს –  პარლამენტს დაითხოვენ.

– მაგრამ ეს საინტერესოცაა, ოპოზიციაც ხომ უნდა გამოიწვრთნას პოლიტტექნოლოგიებში?

– რეალურად, ამ სქემით არჩევნის მეტი თავისუფლება აქვს ფორმალური ძალაუფლების მქონე მაღალი თანამდებობის პირს, ანუ პრეზიდენტს. მაგალითად, ასეთიც: არ შემოვა შენთან კონფლიქტში და შემოგევაჭრება. 

– როგორია კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა? 

– ადრე გვეწერა კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის წევრთა ერთი მესამედი აღძრავს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას, ახლაც იგივე ჩანაწერია, მაგრამ არის განსხვავებაც: თუ ადრე ეწერა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებია, საქმეს იხილავს უზენაესი სასამართლო და, თუკი კონსტიტუციური დარღვევაა –  საკონსტიტუციო სასამართლო, ახალი რედაქციით, პირდაპირ საკონსტიტუციო სასამართლო ჩაიწერა. რატომ? იმიტომ რომ განხილვის პროცედურები საკონსტიტუციო სასამართლოს უფრო ხანგრძლივი აქვს, ვიდრე უზენაესს. ამდენად, რომც მოინდომოს 2012 წლის ოქტომბერში არჩეულმა პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრა, საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის აღძვრის ვადები საკმაოდ ხანგრძლივი აქვს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პარლამენტმა ზეწოლა მოახდინოს საკონსტიტუციო სასამართლოზე, რომ მან ორ თვეში განიხილოს საქმე, მაგრამ ფორა მაინც ფორმალური ძალაუფლების მქონე პირს, ანუ პრეზიდენტს აქვს. ამასობაში ის პარლამენტს პრემიერ-მინისტრად ისევ გილაურის კანდიდატურას წარუდგენს და ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ორ კვირაში.

– ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დარღვევები, რამდენი ხმა სჭირდება იმპიჩმენტის გამოცხადებას?

– პარლამენტის წევრთა ორი მესამედი. მაგრამ, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს პარლამენტის წევრთა ორი მესამედი, ერთი წლის განმავლობაში ამ საკითხის დაყენების უფლება უკვე აღარავის აქვს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.“ ერთი სიტყვით, ახალ რედაქციაში ამოვარდნილია ის ნაწილი, რომ პრეზიდენტი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკას.

– ოღონდ ეს მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ?

– დიახ. ახალი რედაქციით: საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს უფლება, დაიკავოს სხვა თანამდებობა, მათ შორის, პარტიული, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვა სახის მუდმივ ანაზღაურებას რამე საქმიანობიდან. ანუ დღეს შეუძლია პრეზიდენტს, იყოს მთავრობის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც, სახელისუფლო პარტიის თავმჯდომარეც, მაგრამ 2013 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მას ყველა ამ უფლებას ართმევენ, მათ შორის, პარტიულსაც. ის ვერ აწარმოებს დამოუკიდებელ მოლაპარაკებას მთავრობასთან შეთანხმების გარეშე.

– მთავრობა რას აკეთებს ამ პერიოდში?

– კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვკითხულობთ: „2012 წლის ოქტომბრის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის ახალი შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან მთავრობას ეხსნება უფლებამოსილება და საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მისაღებად.“

ახალი რედაქციით, საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. მოქმედ კონსტიტუციაში წერია, რომ პრემიერ-მინისტრიც მთავრობის თავმჯდომარეა, ახალი რედაქციით კი, ის მეთაურია. დიდი დისკუსია იყო ამ ტერმინის ირგვლივ და ითქვა, რომ, რადგან გვინდა, რომ სახელმწიფოს მეთაურად ჩაითვალოს არა პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი, დაერქვას მეთაურიო. ახალი რედაქციით, სახელმწიფოს ფორმალური ლიდერი იქნება პრემიერ-მინისტრი. ის ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის წევრებს. მისი გადადგომის შემთხვევაში გადადგება მთავრობაც.

2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დადებს ფიცს, ახალი რედაქციით, მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას. კერძოდ, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა, „2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე და მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.“ ამ კანონით დადგენილი წესი კი შემდეგნაირია: საქართველოს პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში მთავრობის მიერ უფლებამოსილების მოხსნიდან, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიული სუბიექტის მიერ წამოყენებულ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტში. დაუკვირდით სიტყვებს: საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო სუბიექტი შეიძლება, იყოს როგორც პარტია, ისე საარჩევნო ბლოკი. პრემიერმინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრების კანდიდატურებს ნდობის მისაღებად და წარადგენს სამთავრობო პროგრამას. შვიდი დღის ვადაში პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას. ამისთვის საჭიროა პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერა. შეამჩნევდით, რომ ძალიან მცირე ვადებია მთავრობის დასაკომპლექტებლად, მაგრამ ეს ნორმალურია, რადგან მთავრობა მყისიერად უნდა დაკომპლექტდეს. თუ მთავრობის შემადგენლობამ ნდობა ვერ მიიღო, განმეორებით ეყრება კენჭი მთავრობის თავდაპირველად წარდგენილ ან განახლებულ შემადგენლობას ნდობის გამოსაცხადებლად. თუ პარლამენტმა ვერ მოახერხა პრეზიდენტისთვის პრემიერმინისტრობის კანდიდატის წარდგენა და პარლამენტი მთავრობას ნდობას ვერ გამოუცხადებს, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში წამოაყენებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ წამოყენებულ კანდიდატურას. რადგან სიითი შემადგენლობის ორი მეხუთედი, დაახლოებით, 40-პროცენტია, შესაძლოა, პრემიერმინისტრობის ორი კანდიდატურაც იყოს, კანონით, პრეზიდენტი მათგან ირჩევს იმას, რომლის კანდიდატურაც უფრო მეტმა დეპუტატმა წამოაყენა. ხოლო თანაბარი ხმების შემთხვევაში კი – ერთ-ერთს, რომელიც მას უნდა. აი, სწორედ ამ შემთხვევაში ედება ოქროს ფასი ეგრეთ წოდებულ სატელიტ პარტიებს. ვთქვათ, პარლამენტში გავიდა ორი ძალა, ერთი 45 პროცენტით, მეორე –  40 პროცენტით, მესამე ძალა კი –  დარჩენილი 15 პროცენტით. მართალია, პირველ ჯერზე საუკეთესო შედეგის მქონე პარტიას ან ბლოკს შეუძლია თავისი კანდიდატურის წამოყენება პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაგრამ ამ კანდიდატურის ჩავარდნის შემთხვევაში, ვინც იმ მესამე ძალას მიიმხრობს, სწორედ მისი კანდიდატი გავა პრემიერ-მინისტრად. ანუ ამ შემთხვევაშიც იქმნება დაპირისპირების საფუძველი. ხოლო, თუ პარლამენტი ვერ მოახერხებს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს. ასე რომ, განმსაზღვრელი მნიშვნელობა ენიჭება საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის ჩვენებას და გარანტირებული გამარჯვებისთვის ადგილების 51 პროცენტის მოპოვებას.

– პრემიერ-მინისტრი როდიდან იძენს თავის მეთაურულ უფლებამოსილებას?

– იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუციის ეს მუხლები ამოქმედდება მხოლოდ 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის ოქტომბრიდან. მანამდე პრემიერ-მინისტრი ისარგებლებს იმ უფლებებით, რაც ამჟამად მოქმედ პრემიერ-მინისტრს აქვს, ის იქნება მთავრობის თავმჯდომარე.

– როდესაც ლაპარაკია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შესაძლოა, გახდეს პრემიერ-მინისტრი, ეს როგორ უნდა მოხდეს პროცედურულად?

– 2013 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა რჩება პრეზიდენტის კონტროლქვეშ. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი აღარ იქნება პრეზიდენტი. და, თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ მისი პარტია შეძლებს არჩევნებში საუკეთესო შედეგების ჩვენებას, პროცედურულად მისი კანდიდატურა უნდა წარადგინონ პრემიერ-მინისტრად და მან უნდა მოიპოვოს პარლამენტის ნდობა.

– პარლამენტის წევრთა შემადგენლობიდან არ აირჩევა პრემიერ-მინისტრი?

– იმისთვის, რომ გახდე პრემიერ-მინისტრი, არ არის აუცილებელი, იყო პარლამენტის წევრი. პარლამენტი თავისუფალია თავის არჩევანში. 

 

 

скачать dle 11.3