კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ინახავდნენ სვანები თავიანთ ოჯახებში სვანეთში დაცულ სიწმიდეებს ეკლესიების დაკეტვის შემდეგ და რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის სიწმიდეების მეორედ მოსვლამდე მიტანა

მესტიის მუზეუმის დანგრევის (იმ მიზნით, რომ იქ თანამედროვე სტანდარტების მუზეუმი აშენდეს) გამო, სამუზეუმო ექსპონატები კონტეინერებში მოთავსდა. სამუზეუმო ექსპონატებს ვამბობთ, თორემ იმ ოფიციალური ვერსიით, ჰოლანდიიდან გამოწერილ თითქოს უზადო კონტეინერებში, დროებით იმ ეროვნული საგანძურის ნაწილია მოთავსებული, სვანეთმა რომ საუკუნეების განმავლობაში გადაურჩინა და შემოუნახა საქართველოს. ხელისუფლების განცხადებით, ექსპონატებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება (კონტეინერებში კლიმატ-კონტროლის მექანიზმი მუშაობს და თითოეული ექსპონატი ჟანგბადით გაჟღენთილ ქაღალდებშია გახვეული), საპატრიარქოსა და სპეციალური კომისის განცხადებით კი, ემუქრება და მერე – როგორ (კლიმატ-კონტროლის მექანიზმი შეფერხებით მუშაობს, კონტეინერები შელახულია, მეტიც, აქეთ – ნგრევის პროცესია, იქით – გზის გაყვანის). მართალია, კულტურის სამინისტრო დაგვპირდა, რომ რკინის კონტეინერებს უფრო უსაფრთხო ადგილას გადაიტანენ, თუმცა ამ დროებითი განთავსების ადგილად იქვე მდებარე წმიდა ნიკოლოზის ეკლესია არ იგულისხმება, სადაც, სასულიერო პირების აზრით, საგანძური გაცილებით უსაფრთხოდ შეინახება. თუმცა, ვიდრე გაირკვევა, სად მოასვენებენ მუზეუმის აშენებამდე ქართულ საგანძურს, ქართული ხელოვნების ძველი ხუროთმოძღვრების ისტორიკოსთან, ქეთევან აბაშიძე-დადიანთან, იმის გარკვევას შევეცადეთ, როგორ მოხვდა და რა საგანძური შემოუნახა სვანეთმა დანარჩენ საქართველოს.

 

– ცნობილია, რომ სვანეთში მტრების შემოსევების დროს არა მხოლოდ ადამიანები იხიზნებოდნენ, არამედ ჩვენი განძიც ინახებოდა. უფრო კონკრეტულად, რა საგანძურზეა ლაპარაკი?

–  საქართველოს ყველა კუთხეს აქვს თავისი ფუნქცია და ეს შემთხვევითი არ არის. თავისთავად, ჩვენი ბუნებაც ისეა მოწყობილი, რომ ყოველი კუთხე თავის ფუნქციას გთავაზობს. ეს ადამიანის ხასიათშიც აისახება და ისტორიულად ყალიბდება. სვანეთი, ისევე, როგორც მთლიანად საქართველოს მთიანეთი, იმგვარად იყო დაცული რთული მისასვლელი გზებით, გინდა თუ არა, გაფიქრებინებდა, რომ კარგი სახიზარი იქნებოდა ჩვენი საგანძურისთვის, როდესაც მტერი შემოიჭრებოდა. ასეთი პერიოდები საქართველოს მრავალგზის ჰქონია და ვხედავთ კიდეც, რომ ეს საგანძური იქ საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა. არსებობს ჟორდანიას „ქრონიკები“ და იქ არის მინიშნებული ერთი ასეთი ფაქტი: ქვემო სვანეთში, სოფელ ჩუკულიში, იყო სვეტიცხოვლის სახიზარი, სწორედ იქ გაჰქონდათ სვეტიცხოვლის სიწმიდეები. იმ „ქრონიკებში“ ჟორდანიას უწერია, რომ უნახავს მომავალი ლევაშოვი, რომელიც, მაინცდამაინც კარგად არ არის დახასიათებული ისტორიაში. ის ცაგერში შეჩერებულა ვიღაც გლეხთან და თან მოჰქონდა თურმე სვანეთიდან სვეტიცხოვლის ვახტანგ გორგასლისეული კანკელი. ის გლეხი ირწმუნებოდა, რომ ლევაშოვმა მას აჩვენა გაბრიელ ქიქოძის ქაღალდი იმის დასტურად, რომ ჰქონდა ამ კანკელის წამოღების უფლება. თავად ფაქტია საინტერესო, რომ მეხუთე საუკუნის ვახტანგ გორგასლისეულ კანკელსაც კი შესაძლებელია, ჩვენამდე მოეღწია. აი, ასეთი უძველესი ნივთები ინახებოდა სვანეთში და ჩვენი წინაპრები ყოველთვის ზრუნავდნენ, რომ გადაერჩინათ ეს სიწმიდეები. ისინი გვინახავდნენ ჩვენ და არა მარტო ჩვენ –  ვიდრე მეორედ მოსვლამდე.

– განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს?

– არსებობს ნიკოლოზ კულაბერიძის „სვეტიცხოვლის საკითხავი“, რომელშიც ბევრი საინტერესო ისტორიული ფაქტია მოყვანილი. იქ წერია, რომ საქართველოში დამარხულია უამრავი სიწმიდე და ბოლოს ერთგან ამბობს, რომ ეს არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ერისთვის, რადგან ეს ხატები და სიწმიდეები წარგვადგენენ ღვთის წინაშე. იგულისხმება, რომ მეორედ მოსვლისას ხატები იღაღადებენ და წარადგენენ ერს იმ თვისებით, როგორითაც მათ ისინი მიიტანეს მეორედ მოსვლამდე. ერთ-ერთ შეკრებაზე პატრიარქმა თქვა, ქართველი კაცი მომხვეჭელია თავისი ბუნებითო და ყველანი დავიძაბეთ. პატრიარქმა განაგრძო,  განსაკუთრებით მომხვეჭელია: ის მთელი ცხოვრება სიწმიდეებს იხვეჭავდაო. მართლაც, ვერსად ნახავთ იმდენ სიწმიდეს ერთობლივად შეკრულს, რამდენიც საქართველოშია დავანებული: ხალემი, კვართი, ღვთისმშობლის პერანგი. ამათგან ზოგი ხილულად, ზოგი კი უხილავადაა დაფლული.

– ანუ?

– ზოგი საერთოდ სივრცეშია დაფლული და ჩვენ არც კი ვიცით, სად. ანტონ მარტყოფელის ცხოვრების ბოლო რედაქციაში, თუ არ ვცდები, მეჩვიდმეტე საუკუნის მინაწერია, სადაც წერია, რომ ქართულ სივრცეში დამარხულია ანტონ მარტყოფელის მიერ მობრძანებული კერამიონის ხატი. ეს ის ხატია, რომელიც გამოისახა მყისიერად, როგორც კი მაცხოვარი შეეხო მანდილიონს. შემდეგ ანტონ მარტყოფელმა მოაბრძანა ის ხატი საქართველოში. მაგრამ დღეს თავად ხატი აღარ არსებობს. თუმცა ძალიან საინტერესოა, „ქართლის ცხოვრებაში“ ერთი მომენტი, სადაც ასახულია, რომ, თუ არ ვცდები, დემეტრე მეორე ერთ-ერთი ომის შემდგომ მიდის მარტყოფში კერამიონის ხატის მოსალოცად. ესე იგი, იმ დროს, მეთორმეტე საუკუნეში ის ხატი არსებობდა. შემდეგ ის სადღაც იკარგება სივრცეში, მაგრამ მეორედ მოსვლისთვის ეს ხატები წარდგებიან ღვთის წინაშე, ჩვენ კი წარვდგებით იმით, თუ როგორ მივაბრძანეთ ეს ხატები მეორედ მოსვლამდე.

– არ ვიცი, რამდენად ეხება ამ თემას, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე მასობრივად სდიოდათ ხატებს მთელ საქართველოში მირონი, ცრემლი და სისხლიც კი.

– ეს არის სასწაული და სასწაულმა არ იცის კანონიკა და არაკანონიკა. მაგრამ ის ხატები, რომლებიც ჩვენ ჩაგვბარდა, უნდა მივიტანოთ მეორედ მოსვლამდე. ძალიან საინტერესოა თვითონ ხატის თვისება: საქართველო არის ის ქვეყანა, სადაც, სხვა რომ არაფერი იყოს, დაცულია ალავერდის ოთხთავი, რომელიც ამჟამად თბილისის მუზეუმშია. მას დართული აქვს ავგაროზ მეფის ამბავი, ეტრატზე ოქროს მელნით ამოწერილი ასომთავრულით და რამდენიმე მინიატურით. ოქროს მელანი საოცრად მკაფიოდ ჩანს, მაგრამ მისი ფოტოაპარატზე აღბეჭდვა ძალიან რთულია: ეს ჰგავს ვარსკვლავებით მოჭედილ მზით განათებულ ცას. აქედანაც ჩანს, რომ განსაკუთრებულად განიცდის ქართველი კაცი ამ მანდილიონის ისტორიას.

– შევახსენოთ მკითხველს ეს ისტორია?

– როდესაც ავგაროზ მეფეს უგზავნის მანდილიონს უფალი, ეუბნება, მე გიგზავნი ხატს სალოცავად მხოლოდ ჩემი ამაღლების შემდგომო. ავგაროზ მეფე კეთროვანია, ცხოვრობს ედესაში, მაგრამ შორიდან განიცდის უფალს, ეპატიჟება თავისთან. იცის, რომ უფალს ჯვარცმა ელის, სთავაზობს, ეს ქვეყანა ორივეს გვეყოფა სამეფოდო და აგზავნის მხატვარს მასთან უფლის პორტრეტის დასახატავად. მაგრამ მხატვარი ვერ ხატავს უფალს, ეს უშუალოდ ჯვარცმის წინ ხდება. არადა, ბუნებრივია, სამეფო კარის მხატვარი უნიჭიერესი იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ეს პირველი საუკუნეა –  პორტრეტული მხატვრობის განვითარების მწვერვალი, მაგრამ მხატვარი ვერ ხატავს, იმიტომ რომ უფალში ხედავს არა მხოლოდ პორტრეტს, არამედ მის მეორე, ღვთაებრივ ბუნებას. უფალი მანდილიონს მიიდებს სახეზე და მყისიერად აღიბეჭდება მისი სახე ამ მანდილიონზე. ესე იგი, პირველი ხატი უფლისა, რომელიც დარჩა, არის თავად უფლის მიერ დატოვებული ხატი და უფალი ავგაროზს უბარებს: გიგზავნი თომა მოციქულს და თადეოზს, ისინი განგკურნავენ შენ, ხოლო ამ ხატზე ილოცე ჩემი ამაღლების შემდგომო. აი, იმ დროიდან, ვიდრე მეორედ მოვა უფალი ხილულ სივრცეში, განკითხვის დღემდე თავის სანაცვლოდ დაგვიტოვა თავისივე ხელთუქმნელი ხატი მისივე ნებით შექმნილი. ამიტომაც ჩვენ უნდა მივიტანოთ ეს ხატები მეორედ მოსვლამდე. მით უმეტეს, გადმოცემით ვიცით, რომ ანჩისხატი არის ხატი მანდილიონისა. მეცნიერების თქმით, ის, სავარაუდოდ, შესრულებულია მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში, შესაძლოა, უფრო ადრე ან გვიან, მაგრამ, მეორე მხრივ, მას აწერია, რომ ეს არის მანდილიონი. ხელოვნებათმცოდნეები ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ასლთაგანი, თუმცა არავინ იცის, ის ხატი, რომელიც მანდილიონზე აღბეჭდა უფალმა, როგორ და რა მასალით აღიბეჭდა. უფალი არასდროს აკეთებს ისეთს არაფერს, რაც ადამიანისთვის მიუღებელი, მოულოდნელი და კოსმოსური უცნაურობაა. ანუ იმ ენაზე ემეტყველება ადამიანს, რაც ადამიანისთვის გასაგებია. ამიტომ შესაძლოა, ის ხატები ჩვეულებრივი საღებავითაც იქნენ გამოსახული.  როგორც მხატვარი აკეთებს – ცოცხალი ადამიანიდან ხატავს პორტრეტს, ისევეა ხატმწერიც, მან ხატიდან უნდა გააკეთოს პორტრეტი: სწორედ ამას ჰქვია ასლი. დედაეკლესია ინახავს საეკლესიო გადმოცემას, რომ დედა სიდონია მეორედ მოსვლისას ღვთის წინაშე მაცხოვრის კვართით წარდგება. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ მეორედ მოსვლისას ყველა ხატი იღაღადებს და უფალთან წარგვადგენენ იმ სახით, როგორც ჩვენ მოვეპყარით მათ. ამდენად, ჩვენი წინაპრები სახიზრად იყენებდნენ ამ განსაკუთრებულ მხარეებს, ანანურს, ყაზბეგს, მთიულეთს და, ასევე, განსაკუთრებული იყო სვანეთი.

– თუ არის აღნუსხული ზუსტად, რა სიწმიდეებია სვანეთში? მათ შორის, მესტიის მუზეუმში, ამჟამად განთავსებულ კონტეინერებში?

 – სრული ნუსხა არ არის, თუმცა არსებობს რამდენიმე გამოცემა, რომლებშიც აღნუსხულია სვანეთის სიწმიდეები და ხატები. მესტიის მუზეუმში ინახება მეათე-მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების ჭედური და დაწერილი არაჩვეულებრივი ხატები. ეს არის უზარმაზარი კულტურის, სიმამაცისა და ღვთის წინაშე დიდი რწმენის მხარე, რომელმაც ეს კულტურა საუკუნეების განმავლობაში შემოინახა. 1920 წლიდან ის საშინელი პერიოდი, ისევე, როგორც მთელ საქართველოს, შეეხო სვანეთსაც. მეოცე საუკუნიდან სვანეთის ეკლესიებში მღვდელი აღარ იყო და შეწყდა ღვთისმსახურება.

– სად ინახებოდა იმ პერიოდში ის სიწმიდეები, რომლებიც ახლა მუზეუმში, უფრო ზუსტად, კონტეინერებშია?

– ხალხი ინახავდა. ბუნებრივია, სვანეთის ჩემზე უკეთესი მცოდნეები არიან, მაგრამ მე გიამბობთ იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მიშა ჩართოლანს, ისტორიკოსს, რომელიც აღწერებს აკეთებდა სვანეთში, დავყვებოდით. მახსოვს, მასთან ერთად ვიყავით და ვნახეთ ძალიან ბევრი საეკლესიო დავთარი, რომლებშიც ეწერა, თუ ვინ როდის დაიწერა ჯვარი, ვინ როდის მოინათლა. მოხუცებსაც გავესაუბრეთ და აღმოვაჩინეთ, რომ სვანეთში ჯვარდაწერილები არ იყვნენ. მეტიც, ხელიც კი ცოტას ჰქონდა მოწერილი. უშგულიდან მესტიაში ჩასვლა უჭირდათ მმაჩის ბიუროში, მღვდელი კი არ ჰყავდათ, მაგრამ თვითონ ხასიათით არის ის ხალხი ისეთი, რომ ოჯახები მაინც შეინარჩუნეს. ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო სვანეთისთვის და ამან ძალიან დიდი დაღი დაასვა მათ, მაგრამ შეიკრნენ ოჯახებად. სწორედ იმ დროს ამოტივტივდა ძველი წესები, არაქრისტიანული, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ოჯახი შეენარჩუნებინათ. ამიტომ ძალიან შეკრული არიან თემობრივად. იყო ბევრი ოჯახი, რომლებსაც თავიანთ ოჯახებში ჰქონდათ დაფლული სიწმიდეები, განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიტანდნენ და ინახავდნენ, სანამ ღირსეული მეპატრონე არ დაბრუნდებოდა. იყო ვალერი თამლიანის ოჯახი, რომლებსაც ჰქონდათ არაჩვეულებრივი ვერცხლის ჯვარი, ის ახლა ეკლესიაშია. ათი წლის განმავლობაში დავდიოდით მასთან, ჩაგვქონდა ცნობები, რომ ენახვებინა ჩვენთვის ის ჯვარი, მაგრამ მხოლოდ მეათე წელს შევძელი ჯვრის ნახვა. მაშინ მამა გიორგი გამრეკლის, ახლა მეუფე იოანეა, ხელმოწერილი წერილი ჩავუტანე. თან სტუდენტები მახლდნენ. ვალერი თამლიანმა რატომღაც გვაჩვენა ჯვარი, ოღონდ 15 წუთით. თვითონ იარაღასხმული იდგა. სწრაფ-სწრაფად ვუყურებდი და ვიწერდი, რადგან პირველად მომეცა ამის შესაძლებლობა. იმ ოჯახმა პატრონად ეკლესია იგულვა და, როდესაც ეკლესია აღდგა, ჯვარი ეკლესიაში წააბრძანა.

– სრულად არის დაბრუნებული ცალკეულ ოჯახებში არსებული სიწმიდეები?

– ნელ-ნელა აბრუნებენ, მუზეუმმა  შეკრიბა იმ ოჯახებიდან. ნაწილმა ეკლესიებს გადასცა. სვანეთისთვის განსაკუთრებულია ტაძარს გადაცემა. ცხადია, ხატი ცოცხალია, მასთან მუდმივი ურთიერთობა უნდა გქონდეს, მაგრამ მეორეა მისი დაცვა. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი საეკლესიო ხელოვნება და ჩვენმა შვილებმა მანდილიონი უნდა იგულვონ ცოცხალ პორტრეტად, იქიდან უნდა ისწავლონ.  მუზეუმებმა, თავის დროზე, გადაარჩინეს ეს ხატები. მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნეში დატრიალდა, ხატთა გადარჩენის ერთადერთი გზა მუზეუმი იყო. დღეს კი მუზეუმები ერთგვარი სულიერი სავანეებია. არავინ დავობს ამაზე, მეტიც, სასურველია, რომ გადმოვიღოთ უცხოური მაგალითი. პირადად მე, მაქვს ნანახი საფრანგეთის ძალიან ბევრი პროვინცია, სადაც უნიკალური ხატებია დაცული ეკლესიის გვერდით არსებულ საეკლესიო მუზეუმებში. მეტიც, ჩვენთან დღეს ტაძრებშიც არაჩვეულებრივი ხატებია, იმავე სვანეთში. ყველა იმ ტაძარს გვერდით რომ ჰქონდეს საეკლესიო მუზეუმი, ეკლესიაც იქვე იქნებოდა და მუზეუმის თანამშრომელიც დაიცავდა. იმ მუზეუმში შესვლაც შეგეძლება, ლოცვაც, სიწმიდესთან მიახლებაც. ისიც გვესმის, რომ სანთელი აზიანებს, მაგრამ არსებობს ლოცვა და სხვანაირი ურთიერთობა ხატებთან. მაგრამ ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა ნახოს. რა თქმა უნდა, ეკლესია ამ სიწმიდეების ერთადერთი მეპატრონეა: ისინი მის წიაღში შეიქმნა, მაგრამ დღეს ამ საგანძურის მფლობელი ბევრი ურწმუნოცაა, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული განძი. მით უმეტეს, რომ ეკლესია არ ამბობს, არ მოხვიდეთ და არ ნახოთო, მაგრამ რაღაც ფორმა უნდა არსებობდეს, რომ ეკლესიას, მის შემქმნელს, ჰქონდეს მისვლისა და მოლოცვის უფლება. არ შეიძლება, შემქმნელს დაუწესო რეჟიმი, როდის მივიდეს და რამდენი წუთით მიეახლოს სიწმიდეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ დღედაღამ იქ უნდა იყო და შეაწუხო ხატი, მაგრამ არც ის ვნებათაღელვა მესმის, რაც დღეს მესტიის მუზეუმის ექსპონატების გარშემო ხდება.

– ის, რაც თქვენ მიერ ნაჩვენებ ფოტოებზეა აღბეჭდილი და ის, რაც ტელევიზიით გადაიცა, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამ ფოტოებზე კონტეინერები არ ტოვებს ჰოლანდიური წარმოშობის შთაბეჭდილებას, მეორადს უფრო ჰგავს და პირდაპირ ნაგავშია ჩადგმული. რატომ ვერ მოხერხდა შეთანხმება, რომ წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში განთავსდეს ეს კონტეინერები, რომლებშიც სიწმიდეები ინახება?

– პირად საუბრებში არ მალავენ, რომ საშიშია საგანძურის ეკლესიისთვის დროებით გადაცემა, რადგან ეკლესია ამ ხატებს დაიტოვებსო, რაც აბსურდია. როგორ მოუვლის? როგორ შექმნის საამისო პირობებს?! ეს ხომ უზარმაზარ თანხებთანაა დაკავშირებული?! ერთობლივად უნდა მოვუაროთ ამ საგანძურს. მაგრამ ამწუთას ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ, როგორც ბავშვს სცივა, ისე სცივათ ხატებს. ხატი ისევეა მატერიალური, როგორც სულიერი. სცივა მატერიას ყინვაში. სვანეთში დღე მინუს 9-10 გრადუსია, ღამით კი მინუს 16-მდე ეცემა ტემპერატურა. კონტეინერს კი რკინის კედლები აქვს და რა კლიმატ-რეჟიმიც უნდა დააყენო, ვერ აკავებს ყინვას. სულ ახლახან ვიყავი სვანეთში: ორი დღე და ღამე არ იყო შუქი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არანაირი გენერატორი იქ ჩართული არ ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში დენის გათიშვა იშვიათი მოვლენა ხომ არ არის, მით უმეტეს, სვანეთში, სადაც უმძიმესი მეტეოპირობებია?! ეკლესია სთავაზობს წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას, სქელკედლიანს, რომლის ირგვლივაც ნგრევა არ არის. დღეს სვანეთში აღმშენებლობაა: ძველ შენობებს ანგრევენ და გზები გაჰყავთ. წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის ირგვლივ კი არაფერი ხდება. მით უმეტეს, რომ მოძღვარმა სურვილი გამოთქვა, შეწყვიტონ ტაძარში ლიტურგია, დაკეტონ გასაღებით და დროებით საცავად აქციონ იმ საგანძურისთვის, რომელიც კონტეინერებშია.

 

скачать dle 11.3