კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავსებენ კანადელი ცნობილი ადამიანები საკუთარ გარდერობს გიო გოდეტის პალტოებით და რით იქნება გამორჩეული მისი ახალი კოლექცია

კანადაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ დიზაინერთან, გიო გოდეტთან (გოდე) ერთხელ შეხვედრა და თუნდაც მცირეხნიანი საუბარი, საკმარისია იმისთვის, რომ ამ ნიჭიერი, მიზანდასახული, საოცრად თბილი ადამიანისადმი დადებითად განეწყო და მის მიმართ დიდი სიმპათიებით განიმსჭვალო. გიოს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით კანადაში მცხოვრები ქართველები მოიხსენიებენ. ყველა ამ თვისებასთან ერთად, ის პატრიოტია და ყოველთვის ცდილობს კანადაში ქართულ პროდუქციას, ნაწარმს პოპულარიზაცია გაუკეთოს. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში მისი შექმნილი პალტოები, ბეწვის კოსტიუმები, კაბები იყიდება მარკით – „მეიდ ინ ჯორჯია”. როგორც გიომ ჩემთან საუბრისას განაცხადა, მას ყველაზე მეტად წარმატების მიღწევაში თბილისური გამოცდილება და ბევრი ის თვისება დაეხმარა, რომელიც ამ საქმეში აუცილებელია – არასდროს არ უნდა დაიღალო, არ უნდა იყო ზარმაცი და შენი საქმე ყოველთვის ღიმილით უნდა აკეთო.

 

გიო გოდეტი: ეს წელი საკმაოდ დატვირთული მქონდა, მაგრამ ახლა მოვახერხე ჩამოსვლა, თან „თბილისი ფეშენ-ვიქსაც” დავამთხვიე. მაინტერესებს რა ხდება, თან ჩემი ძველი კოლეგების ნახვა და ახლების გაცნობაც მინდა. პარალელურად, კოლექციაზე ვმუშაობ, მინდა დავასრულო, მარტისთვის უნდა იყოს მზად. ტორონტოს „ფეშენ-კვირეულზე“ უნდა წარვადგინო. ნელ-ნელა უკვე წარმოებას ვაკეთებ მონრეალში. საქართველოში წარმოება ძალიან გამიჭირდა, მინდოდა, ქართული პროდუქცია ყოფილიყო, მაგრამ საგადასახადო სისტემაში ცვლილებებმა ბევრი ბიზნესის დახურვა გამოიწვია. ფაქტობრივად, არ მაქვს ისეთი შეკვეთები, რომ ასობით, ათასობით ნედლეული ვიყიდო. კანადაში ამის გაკეთება უფრო შესაძლებელია, თან ის პლუსი აქვს, რომ ბევრი ბუტიკია, სადაც იყიდება სამოსი და აწერია დამზადებული კანადაში. ამიტომ, საქართველოში დამზადებულს იქ ვერ გაყიდიდნენ. შესაბამისად, ამან გამიხსნა ბაზარზე ახალი გზები. თან, ატელიეც გავხსენი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის.

– ანუ, შენს სამოსს აღარ ექნება მარკა „დამზადებულია საქართველოში”?

– ზოგს ექნება, ზოგს – არა. ძალიან მინდა, ყველას ჰქონდეს, მაგრამ არანაირი ხელშეწყობა არ მაქვს. შენი ბიზნესი შენი საქმეა, არავინ დაგეხმარება, მე კი გრანტებზე არ ვცხოვრობ. მონრეალი ისეთი ქალაქია, სადაც ყველაფრის წარმოება ხდება. თან, კომპანია ატარებს ფრანგულ გვარს „გოდე” და ამ ფაქტმაც დიდი როლი ითამაშა. ასე რომ, ჩვენი სამოსი მონრეალში შეიკერება. თან, ეს ქალაქი ხიდს ხსნის საფრანგეთის ბაზარზე შესასვლელად. ბიზნესი რომ ააწყო, გლობალურად, ამისთვის 7-10 წელი გჭირდება. სამი წლის კვალობაზე, ჩემი აზრით, კარგად მიდის ჩვენი ბიზნესი.

– სამი წელი არ არის დიდი დრო, მაგრამ შენ და შენმა კომპანიამ უკვე სერიოზულ წარმატებას მიაღწიეთ – გაიზარდეთ, თქვენს სამოსზეც მოთხოვნა საკმაოდ დიდია.

– ფაქტობრივად, თუ „შოუ-რუმი“ აქამდე გვქონდა ტორონტოში, ახლა გვაქვს ატელიე, სადაც ვიღებთ შეკვეთებს ფილმებისთვის, მსახიობებისთვის, ადგილობრივი „ფეისებისთვის.” ეს ძალიან კარგია ბიზნესისთვის, თუმცა ადრე ამას არ ვაკეთებდი. იყო მასიური შეკვეთები და მასზე ვმუშაობდი, ბაზარს ვაკმაყოფილებდი. ჩემი კოლექცია ტენდენციას, არც ერთ სილუეტს არ მიჰყვება. პალტოებმა თავისი სტილი შექმნა და ჩემმა დამკვეთებმა, ბაიერებმა მირჩიეს: არ არის აუცილებელი ახალი კოლექცია შექმნა, შენი პალტოები ისევ და ისევ მოდაშია. არ გადასულა მოდიდან და შეგიძლია, კოლექცია გამოტოვოო, – ეს ჩემთვის კომპლიმენტი იყო.

– რომელ ფილმებში აცვიათ მსახიობებს „გოდეს” სამოსი?

– ჰოლივუდური ფილმების 80 პროცენტს, როგორც იცით, ტორონტოში, კანადაში იღებენ. როდესაც ფილმებისთვის გადასაღებად ჩამოდიან,  სჭირდებათ განსაკუთრებული, სპეციფიკური სამოსი და სხვას ვის მიაკითხავენ, თუ არა მე? აქ სპეციალური ბიზნესკომპანიებია, ამ ფირმებს რომ ემსახურება, მათგან დაკვეთას ვიღებ და მერე ვაწვდი სამოსს. რაც მთავარია, შევდივარ შტატების ბაზარზე. ლოს-ანჯელესშიც დაინტერესდნენ ჩემი პალტოებით. შეკვეთა უკვე გაშვებულია და ამ სეზონზე გაიყიდება იქ ჩემი პალტოები. მომავალ წელს ლას-ვეგასში სასტუმრო „ცეზარში”, „შოპინ მოლში” იხსნება მაღალი ბრენდის მაღაზიები. მეც გამომიჩნდა კანადელი ინვესტორი და ის გახსნის იქ „გოდეს” მაღაზიას. ტორონტოში ყოველ წელს ტარდება ალტერნატიული „ფეშენ-კვირეული“ – FAT, რომელიც უფრო ავანგარდული „ფეშენ-კვირეულია“. მე ვიმუშავე კანადელ წამყვან ქალთან – ვანიასთან ერთად და ჩვენ ტორონტოში დავიწყეთ „საერთაშორისო ფეშენ ფილმ ფესტივალის” გაკეთება, რომელიც გაიმართა FAT-ის ფარგლებში. სულ წარდგენილი იყო ხუთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი და ჩვენი ფილმით გაიხსნა ჩვენება. ჩვენს ფილმს ერქვა – „In the house of gaudet“. დაახლოებით 5 დღე იყო გადაღებები. მთავარ როლს ასრულებდა ელენა პოპოვიჩი, საკმაოდ კარგი მსახიობია, ნიჭიერი.  მოდელივით არ გამოიყურება, მაგრამ ჩემი პალტოები კარგად მოიხდინა. ფილმი – ეს არის ერთი ქალის ცხოვრება, მისი ფანტაზიები და ტრაგიკული დასასრული. ანუ, ეს არის რეკლამა კომპანიის შესახებ, რომელიც უნდა ყოფილიყო ფილმი თავისი შინაარსობრივი დატვირთვით. რეჟისორი წარმოშობით უკრაინელია, ანუ, ფესტივალის ფარგლებში მოხდა რეჟისორებისა და დიზაინერების დაწყვილება. სცენარის ავტორიც ძალიან საინტერესო ადამიანი იყო. ის ტორონტოს ფილმების ინდუსტრიის კულისებში ერთ-ერთი „ფეისია.”

– როგორი იქნება შენი ახალი კოლექცია?

– რა თქმა უნდა, იქნება პალტოები, მაგრამ უკვე სხვადასხვა თემაზე გადავედი. პალტოებმა თავისი ვალი უკვე მოიხადა, – ყურადღება მიიქცია და შექმნა უკვდავი მოდა – თუ ინსტრუქციას წაიკითხავენ, ანუ იმას, თუ როგორ უნდა მოუარონ პალტოებს, 20 წელი აუცილებლად გაძლებს. ახალ კოლექციაში იქნება ყველაფერი: ჯინსები, კაბა. მაქსიმალურად მინდა, გამოვაჩინო ის, რატომაც ვარ „ფეშენში.” მე ვარ დიზაინერი და მიხარია, რომ ახლა ფრთებს გავშლი. უფრო მეტი მუშაობა და თავის ტკივილი მელოდება, მაგრამ ეს არის ჩემი პროფესია, საქმე და მზად ვარ ამისთვის. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, მაგრამ თავიდანვე ავირჩიე ის პროდუქცია, რომელშიც კონკურენტი არ მყავდა და ამან მომაპოვებინა წარმატება, ბაზარი და ეს მაძლევს იმის საშუალებას, ჩემი სტილის დაცვით, უკვე სხვა პროდუქციაც შევიტანო ბაზარზე.

– როგორც მახსოვს, შენ და „დისქვარდი” ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავდით, რომელიც მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ აქციას ეხებოდა.

– მარტში მათთან და სხვა დიზაინერებთან ერთად გავაკეთეთ საქველმოქმედო აქცია, ოღონდ არა მკერდის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლთა მხარდასაჭერი, არამედ ინვალიდ ბავშვთა დასახმარებლად. ჩემი სამი პალტო ჩაეწერა ამ აქციაში, ბავშვებს დავეხმარეთ და ეს „დისქვარდის” მხრიდან იყო გაკეთებული. მე მიყვარს გაჭირვებული ადამიანების დახმარება და მით უმეტეს, ინვალიდი ბავშვების.

– როგორც ვხვდები, შენს პროდუქციაზე კანადაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ამის მიზეზი კი, ალბათ ის არის, რომ ძალიან უცხო, განსხვავებული და ლამაზია.

– მოთხოვნა ყოველთვის არის, მართლაც ძალიან უცხოა. ასეთი სამოსი არ აქვთ კანადელებს გარდერობში და უნდათ, რომ ჰქონდეთ. ეს კი ჩემს პროდუქციას მოთხოვნადს ხდის. რაც მთავარია, ჩემს პალტოს ყველა ცნობს. თუ ვინმეს სადმე აცვია, მეორე დღეს იმეილზე მწერენ: გამაჩერეს და პირდაპირ მკითხეს, ვისი პალტო გაცვიაო. როცა შენი ნაწარმი ცნობადია, ესე იგი, შენი, განსხვავებული ხელწერა გაქვს და უკვე არავისში აღარ აერევი. როგორც „ლუი ვიტონისა” და „ჰერმესის” ჩანთა არავის არ აერევა სხვა პროდუქციაში, ასევეა „გოდეს” პალტოც.

– ვინ მუშაობს შენს ატელიეში?

– ქართველები მოვძებნე და დავასაქმე. ძალიან პატრიოტი ვარ, ეს არის ჩემი პლუსი. საერთოდ, მუშაობის დროს ძალიან მომთხოვნი ვარ, ვიცი, ზუსტად რა მინდა და თუ ის არ დავინახე, თავიდან გავაკეთებ ყველაფერს. თუ ადამიანთან ავეწყობი, შემდეგ ის უკვე ორ სიტყვაში მიგებს – რა მინდა და ეს ძალიან მომწონს.

– როგორი დღის რეჟიმი გაქვს?

– დილით ხუთის ნახევარზე ვდგები, მივდივარ სპორტდარბაზში, ერთი დღე ვვარჯიშობ, ერთი დღე იოგათი ვარ დაკავებული, მერე მივდივარ სამსახურში და გვიანობამდე ვრჩები – ეს არის ორშაბათიდან პარასკევამდე. შაბათ-კვირას უიქენდი მაქვს, მაგრამ ისე ვიღლები მთელი კვირის განმავლობაში, რომ ვეღარ ვერთობი. ამ დროს მინდა, მოვიხვიო თბილი პლედი, ვუყურო ფილმს და დავლიო ჩაი – ბოლო დროს „ჩაისტი“ გავხდი. თუ უიქენდზე რამე ივენთი ეწყობა, რაც კომუნიკაციის გაღრმავებისთვის არის კარგი, მივდივარ და სამსახურებრივად ვუდგები. წელს ძალიან დატვირთული ვიყავი, ამიტომ ვერ მოვაწყვე ივენთები. ახლა იანვრიდან ისევ დავიწყებ ივენთების გაკეთებას, სალონსაც აღვადგენ. სხვათა შორის, ახლახან 24-საათიანი გამოცდები ჩავაბარე, ანუ ფინანსური საფუძვლები შევისწავლე. ყველა იარაღი მქონდა, გარდა ფინანსური დაგეგმარებისა და ესეც შევისწავლე – ქულების 79 პროცენტი მივიღე. ეს იყო ახალი საგანი უცხო ენაზე. ვამაყობ, რომ თავი გავართვი. ახლა უკვე ამ ცოდნასაც ვიყენებ და მე უკვე ყველა იარაღი მაქვს იმისთვის, ამ სფეროში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.

 

 

скачать dle 11.3