კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას არ მალავს ვიქტორ სანიკიძე და აქვს თუ არა მას რომანი ქრისტინე იმედაძესთან

ყველასათვის კარგად ცნობილი და წარმატებული კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე უკვე რამდენიმე წელია, იტალიაში თამაშობს და ბოლონიის „ვირტუს” არაერთ წარმატებაში მიუძღვის წვლილი. ჩვენი რესპონდენტისთვის ევროპის ჩემპიონატი სხვებზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა – ის საუკეთესო მესამე ათეულში დასახელდა სხვა სპორტსმენებთან ერთად. 

 

– ბოლო დროს ხმა გავრცელდა, თითქოს იტალიის სხვა გუნდთან აფორმებდი კონტრაქტს. 

– გადაწყდა, რომ სხვა გუნდში აღარ გადავდივარ, ბოლონიის „ვირტუში” დავრჩები და ამ სეზონს აქ ვითამაშებ. როგორც ჩანს, არ უნდოდათ ჩემი გაშვება. ახალი სეზონი უკვე დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ.

– არაერთხელ ითქვა, რომ ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. შენი თამაში კი, როგორც ყოველთვის, გამორჩეული იყო. გულშემატკივრები შენგან ყოველთვის მაქსიმუმს ელიან და იციან – როცა სანიკიძე მოედანზეა, ლამაზი თამაში გარანტირებული აქვთ.

– ძალიან კარგია, თუ ასეა.

– იმასაც ამბობენ, ვიქტორს ჰაერში ფრენა ნამდვილად არ უჭირსო.

–  აბა, რა გითხრა, ფრთები ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ, შეიძლება, ნახტომის ხარჯზე „ავფრინდე“ ვიღაცაზე მაღლა. თამაშს რაც შეეხება, როგორც მაყურებელი ითხოვს ჩემგან კარგ თამაშს, ანალოგიურად, საკუთარი თავისგან  მეც ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ. 

– ერთია კარგი თამაში, მაგრამ, მეორეა – ლამაზად ითამაშო. ყველა დამეთანხმება, რომ ნამდვილი სანახაობაა, შენ რომ ბურთს ტენი კალათში.

– მაყურებელს უყვარს ლამაზი თამაში, არ აქვს მნიშვნელობა, კალათბურთელი ჩააგდებს ლამაზ ბურთს თუ ფეხბურთელი გაიტანს კარგ გოლს. ასევე, ძალიან დიდი ემოცია მოდის მათგან, ეს კი სპორტსმენისთვისაც სტიმულის მიმცემია. 

– ევროპის ჩემპიონატი შენთვის იმითაც აღმოჩნდა გამორჩეული, რომ საუკეთესო მოთამაშეების მესამე ათეულში დასახელდი. 

– ეს მართლაც ძალიან გამიხარდა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ბევრი სახელოვანი და ძლიერი კალათბურთელი მონაწილეობდა. მათ შორის რომ დაგასახელებენ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

– საქართველოში როდის გეგმავ ჩამოსვლას?

– სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ვერ ვახერხებ ჩამოსვლას საქართველოში, რადგან, გრაფიკი ასეა შედგენილი. ამიტომ, უკვე მესამე წელია, ველოდები სეზონის დამთავრებას, რომ თავისუფალი დრო თბილისში გავატარო. 

– ყველასგან განსხვავებული სტილი გაქვს: არ ვიცი რატომ, მაგრამ ყველა თამაშზე წვერგაუპარსავი ხარ. რატომ?

– ყოველთვის არა, მაგრამ, ხშირად ასეა. 

– მე პირადად, არ მახსოვს ისეთი თამაში, სადაც, წვერგაპარსული თამაშობ. 

– ალბათ, დამთხვევაა, თორემ, იმის გამო არ ვაკეთებ ამას, რომ ეს ჩემი სტილია და მაინცდამაინც ასე უნდა ვითამაშო. უბრალოდ წვერის გაპარსვა არ მიყვარს და ამიტომ ვარ ხშირად ასეთ ფორმაში (იცინის).

– კიდევ რა არ გიყვარს?

– არ მიყვარს, როცა მაღვიძებენ, რადგან, ძალიან მიყვარს ძილი. 

– რა ხდება ვიქტორ სანიკიძის პირად ცხოვრებაში? ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?

– ძალიან ბევრი ჭორი მსმენია საკუთარ თავზე. მოკლედ, უკვე აღარ ვიცი, ხან ვისი შეყვარებული ვიყავი და ხან – ვისი; ხან ვინ მომყავდა ცოლად, ხან – ვინ. თუ დამიჯერებ, გეტყვი, რომ ვიქტორ სანიკიძის პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, არაფერს არ ვმალავ. ასე რომ, არც შეყვარებული მყავს და არც საცოლე.

– პრესაში ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ ვიქტორ სანიკიძეს ქრისტინე იმედაძესთან აქვს რომანიო. ესეც ჭორია?

– რამდენ პოპულარულ გოგოსაც გავიცნობ, შეიძლება, ყველას მიაწერონ, რომ მასთან რომანი მაქვს?! იმის გამო, რომ საერთო მეგობრების წრეში ერთად მოვხვედრილვართ კაფეში, არ უნდა თქვან, რომ რომანი მაქვს მასთან. ქრისტინე ჩემი მეგობარი და ახლობელია, ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. საიდან აგორდა ეს ჭორი, არ ვიცი.

– შენზე თუ მოქმედებს, საკუთარ თავზე ჭორს რომ იგებ?

– რა ვიცი, გააჩნია ჭორს. მაგალითად, ეს ჭორი არც სასიამოვნო იყო და არც გამაღიზიანებელი. არ მიყვარს ბოროტ ჭორებს რომ გიგონებენ. მიუხედავად ამისა, ჭორი ჭორია და ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორედან გაუშვა.

– ისე, როგორი გოგონები მოგწონს?

– შავგვრემანი გოგოებიც მომწონს, ქერაც და, საერთოდ, ყველანაირი, მთავარია, კარგი იყოს. 

– საკუთარი თავი ტყუილში ხშირად დაგიჭერია? ანუ, ხშირად ტყუი?

– კეთილი ტყუილი ნამდვილად მითქვამს. ზოგჯერ ასეთ ტყუილს, შეიძლება, ბევრი სასიკეთო რამ მოჰყვეს. ისეთ ტყუილს არასდროს ვიტყვი სხვას რომ ავნოს. ერთხელ, მაგალითად, ამერიკაში რომ ვიყავი, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, რაზეც დედაჩემი ძალიან ნერვიულობდა. ოპერაცია პარასკევს იყო დაგეგმილი. წინა დღეს დედაჩემმა რომ დამირეკა, მოვატყუე, ოპერაცია გადაიდო და შაბათს ვიკეთებ-მეთქი. რამდენიმე დღეში რომ გადმომირეკა, ოპერაცია უკვე გაკეთებული მქონდა. მართალია, ტყუილი ვთქვი, მაგრამ, სამაგიეროდ, ნერვიულობა ავარიდე დედას თავიდან.

– რამდენი წლის იყავი, დამოუკიდებლად რომ დაიწყე ცხოვრება, ანუ, როდის წახვედი საქართველოდან?

– საქართველოდან წასვლა ადრეულ ასაკში მომიწია – მაშინ 16 წლის ვიყავი. ევროპაში რომ ვყოფილიყავი, მაინც ახლოს ვიქნებოდი სამშობლოსთან, მაგრამ, ამერიკაში 16 წლის ბავშვის დამოუკიდებლად ცხოვრება რთულია. ძალიან გამიჭირდა. ერთადერთი პლუსი რაც იყო, ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად ვიყავი წასული. ამერიკაში კალათბურთს ვთამაშობდი, თან, კოლეჯში ვსწავლობდი. 

– ალბათ იმ წლებმა გასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და, ასევე, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. 

– რა თქმა უნდა, ჩემთვის ნიუ-იორკში წასვლა იყო ძალიან დიდი გამოცდილების შეძენა. როცა ამერიკიდან ევროპაში წამოვედი სათამაშოდ, უკვე ძალიან გამიადვილდა ყველაფერი, რადგან გამოცდილება მქონდა. თან, ჩემებიც ჩამოდიოდნენ სანახავად.

– ამ ეტაპზე რა არის შენი ოცნება?

– არ ვიცი, ოცნება მართლა არ მაქვს, ალბათ, იმიტომ, რომ არ ვოცნებობ. ჩემთვის ოცნება უფრო ისეთი რაღაცაა, რომელიც ოცნებად უნდა დარჩეს და აუხდენელი იყოს. ასეთ რაღაცეებზე კი ნამდვილად არ ვოცნებობ.

– მიზანდასახული თუ ხარ?

– დიახ, მიზანდასახული ნამდვილად ვარ.

– რამდენი წლიდან ვარჯიშობ?

– 12-13 წლიდან, ცოტა გვიან დავიწყე კალათბურთის თამაში და ეს სრულიად შემთხვევით მოხდა, რადგან გადაწყვეტილი არც მქონია სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში. ჩემებს ძალიან ვთხოვე და შემიყვანეს. მერე ძალიან შემიყვარდა კალათბურთი და მას შემდეგ დღემდე ვთამაშობ.

– ძალიან ბევრი ადამიანისთვის რიცხვი  13 არასასურველია, შენთვის კი, პირიქით, ის წარმატებული აღმოჩნდა. დიდი ხანია, ამ ნომრით თამაშობ?

– ახალგაზრდული ნაკრებიდან დაწყებული, სულ 13 ნომრით ვთამაშობ. ადრე საქართველოს ნაკრებში ამ ნომრით გუნდის კაპიტანი, ვატო ნაცვლიშვილი თამაშობდა. რაც ვატო წავიდა, მას მერე მე ვარ 13 ნომერი. ბევრი ამბობს, 13 თარსიაო, მაგრამ, რომ ვეკითხები, რატომ არის თარსი-მეთქი, პასუხი არავის არ აქვს.

– ანუ, ცრუმორწმუნე ნამდვილად არ ხარ.

– არა. ძალიან არ მიყვარს, ცრუმორწმუნეები რომ არიან და თავიანთი რიტუალები რომ აქვთ.

– როგორია ვიქტორ სანიკიძე მოედნის მიღმა, მაგალითად, მეგობრებში?

– მეგობრებში ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული და მხიარული ვარ.

– ყველაზე მეტად რისი გეშინია?

– ალბათ, ახლობლის დაკარგვის ან რამე ასეთის. საკუთარ თავზე არაფრის შიში არ მაქვს.

– ხიფათიანი ადამიანი ხარ?

– ბავშვობაში ყველას მოსვლია რაღაც, მაგრამ, სულ შარში რომ ვებმებოდე და  მშვიდ სიტუაციაში რაღაცეები მომდიოდეს, ასე ნამდვილად არ ხდება.

– რას ეტყვი იმ გულშემატკივარს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარხარ და ყოველთვის გგულშემატკივრობს?

– რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვეტყვი ყველას, განსაკუთრებით კი – ნამდვილ გულშემატკივარს. ნამდვილი გულშემატკივარი ისაა, ვისაც, მართლა გული შესტკივა შენზე: თუ კარგად ითამაშე – უხარია, ხოლო, თუ თამაში არ გამოგივიდა, გამხნევებს. სამწუხაროდ, არის კატეგორია და, თანაც, საკმაოდ ბევრი, რომლებიც ძალიან ცუდ კომენტარებს აკეთებენ, თუ თამაში არ წაუვიდა ნაკრებს – ამბობენ, ეგენი არაფრის ღირსები არ არიანო. კრიტიკა ყოველთვის უნდა იყოს, მაგრამ, სამართლიანი; ისე კი არა, ფეხი რომ დაგიცდეს, გაუხარდეთ. ასეთი ხალხი თავის თავს გულშემატკივარს ნუ დაუძახებს. რაც არ უნდა მოხდეს, გულშემატკივარი შენ გვერდით უნდა იყოს. ძალით არავინ აგებს, ყველას მოგება უნდა. 

 

 

скачать dle 11.3