კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდისთვის ელოდება ბარბრა სტრეიზანდი ახალი ალბომისთვის თინათინ ჯაფარიძის დაწერილ სიმღერას და რატომ ინტერესდებიან მისით ცნობილი მომღერლები და პროდიუსერები

„საქართველოდან ყველაზე მეტად მენატრება ის სითბო, ის ადამიანები, ვინც ჩემ მიმართ სიყვარულს, სითბოს გამოხატავდნენ. ძალიან დიდი სიყვარული მქონდა ბებიებისგან, ბაბუებისგან. 7 წლის განმავლობაში არ ვიყავი საქართველოში ნამყოფი, ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და ისინი, ვინც ძალიან მიყვარს, აღარ დამხვდნენ ცოცხლები. თბილისში თითქოს ყველაფერი ისევ ისეა, მაგრამ მაინც აღარ ჰგავს იმ ძველ თბილისს, რადგან ვის ხელშიც გავიზარდე, ისინი აღარ არიან“... ეს სიტყვები საოცრად ნიჭიერ კომპოზიტორს, მომღერალსა და ჟურნალისტს, არაჩვეულებრივ ადამიანს, თინათინ ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელიც უკვე დიდი ხანია, ნიუ-იორკში ცხოვრობს. მის სიმღერებს კი ძალიან ბევრი მღერის. სულ ახლახან გადაწყდა, რომ თინუკა, როგორც მას შინაურულად ეძახიან, მისი საყვარელი მომღერლებისთვის: ბარბრა სტრეიზანდისა და სელინ დიონისთვის დაწერს სიმღერებს.

 

– ამერიკის გარდა ლონდონში მუშაობ...

– რამდენიმე თვის წინ დიანა ღურწკაიას დავუწერე ახალი სიმღერა და  ვინაიდან მისთვის ლონდონში უფრო მოსახერხებელი იყო ჩამოსვლა და მეც ვაპირებდი იქ საქმეებზე ჩასვლას, ამიტომ დავამთხვიეთ ეს ვიზიტი. ასევე, ინგლისის კომპანიასთან ახალი კონტრაქტი მაქვს, რომელიც ჩემს საკომპოზიტორო საქმეებთან არის დაკავშირებული და პარალელურად, სხვადასხვა ადგილობრივ კომპოზიტორისთვის ჩავწერე სიმღერები. დიანას ძმა პირადად დამიკავშირდა. მათ ჩემი ორი სიმღერა მოუსმენიათ: საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევი ტურისთვის რომ დავწერე და ისლანდიური სიმღერა, დამიკავშირდნენ და ერთად დავიწყეთ მუშაობა. უნდა დავწეროთ ინგლისურენოვანი ალბომი, რომელსაც შემდეგ ჩავწერთ ამერიკასა და ლონდონში.

– რა გეგმები გაქვს კანადასთან დაკავშირებით?

– კანადაში მყავს ჩემი პროდიუსერი რიკ ალისონი, რომელიც ლარა ფაბიანის პირველი პროდიუსერი, კომპოზიტორი და მისი პირველი ქმარი იყო. ისინი რამდენიმე წლის წინ დაშორდნენ ერთმანეთს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ლარა ფაბიანი აღმოვაჩინე. ბავშვობაში საძინებელში სამი მომღერლის ფოტო მქონდა გაკრული, მამამ გამომიჭრა ლამაზად და ესენი იყვნენ – ბარბრა სტრეიზანდი, სელინ დიონი და ბრაიან ადამსი. 1989 წელს საფრანგეთში ჩავედი, მივედი დისკების მაღაზიაში, სელინ დიონის ახალი დისკი სამ დღეში უნდა გამოსულიყო. გამყიდველს ვთხოვე, იქნებ მომაწოდოთ-მეთქი. რა ვქნა, არ მაქვს, მაგრამ გაჩუქებ ერთი მომღერლის დისკს, რომელიც ძალიან ჰგავს სელინ დიონსო. კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ მაინც მომცა. არ მომისმენია. მეორე დღეს იყო ფრანგი ვოკალისტების კონკურსი, სადაც საპატიო სტუმარი ვიყავი და ვიმღერე. მეორე ნაწილში კონკურსანტებმა იმღერეს და ერთ-ერთის სიმღერა ძალიან მომეწონა. კონცერტი რომ დასრულდა, ვკითხე პროდიუსერს, ეს ვისი სიმღერაა-მეთქი და ლარა ფაბიანის, რომელიც ძალიან პოპულარულიაო. კარგად მახსოვს, საფრანგეთიდან მოსკოვში რომ მოვფრინავდი, მთელ დისკს მოვუსმინე და აღვფრთოვანდი. წლების განმავლობაში მის  შემოქმედებას ყოველთვის ვადევნებდი თვალს. „ევროვიზიის“ შემდეგ შემთხვევით მეგობრის კონცერტზე შევხვდი კანადელ მომღერალს, კაილ ჰანნას. მკითხა: თქვენ თინათინი ხართ? ძალიან მერიდება, ვიცი, ბევრი დრო არ გაქვთ, ამიტომ პირდაპირ გეტყვით: თუ მომცემთ უფლებას, ის სიმღერა, რომელიც „ევროვიზიაში“ ისლანდიის სახელით გაიტანეთ, ჩემი ალბომისთვის ჩავწეროო. დიდი სიამოვნებით-მეთქი, მაგრამ რადგან ინგლისური ვერსია ძალიან წარმატებული იყო, ამიტომ კონვერსიად ჩაგეთვლება და იქნებ ფრანგულად ჩაწერო-მეთქი. ასე დავშორდით. რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, რიკ ალისონმა მოითხოვა, ფრანგული ტექსტი დაწეროს ამ სიმღერისთვისო. გავგიჟდი, ლარა ფაბიანი... ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ძალიან გამიხარდა. მეგონა, რომ რიკთან იმ დროს არ მქონდა ურთიერთობა, მაგრამ ადრე, როდესაც „მაი სფეისი“ ძალიან პოპულარული იყო, თურმე რიკ ალისონი მეგობრების სიაში დამიმატებია და არ მახსოვდა. მას ასევე, ახსოვდა ისლანდიური სიმღერის დემო, რომელსაც მე ვმღეროდი და იოჰანას ჯერ არ ჰქონდა ნამღერი. გადავწყვიტეთ, ერთად გვემუშავა, მაგრამ ორივეს ბევრი საქმე გვქონდა და ვერ მოვახერხეთ შეხვედრა. მაისში დამიკავშირდა, მითხრა, თვალყურს გადევნებ, ვხედავ, როგორი სერიოზული პროექტები გაქვს და მინდა, შენთან მუშაობაო. დამპატიჟა კანადაში, აგვისტოში ჩავედი მასთან. ძალიან ლამაზი სახლია და იქვე აქვს სტუდიაც. რამდენიმე სერიოზული პროექტი გვაქვს, ერთ-ერთი მათგანი ბარბრა სტრეიზანდისთვის სიმღერის დაწერაა, რომელსაც უკვე ვასრულებთ. გახსოვს, ალბათ, ის სიმღერა, რომელიც დეივ გრუზინს მივუძღვენი და ფილ გილდსტონმა მოასმენინა ბარბრა სტრეიზანდის მუსიკალურ დირექტორს, რომელიც დიდი ხანია, ურჩევს ბარბრას მუსიკალურ რეპერტუარს. ფილმა მითხრა, იმდენად მოეწონა, მკითხა, ვერ დაუწერს ბარბრას სიმღერას, ოღონდ ძალიან მინდა, თავად იმღეროსო,  როგორც მივხვდი, ვოკალზე ბარბრას დიდი გავლენა აქვს, ბარბრა სკეპტიკურად უყურებს სხვა მომღერლებს და ვინ იმღერებს ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო. ფილმა არაფერი მითხრა, გავიდა ორი კვირა და კიდევ დაურეკა ბარბრას მუსიკალურმა დირექტორმა – აუცილებლად გადაეცით თინათინს სიმღერა დაწეროს, მომავალი წლისთვის ვამზადებთ ახალ ალბომს და ახალი კომპოზიტორები გვინდა, რომლებთანაც მას ჯერ არ უმუშავიაო. მე და რიკმა დავიწყეთ ამ სიმღერაზე მუშაობა. სიმღერა ბარბრას ხასიათსა და სტილშია, თუმცა ვცდილობთ, არ გავიმეოროთ მისი წარმატებული ჰიტები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მას უყვარს სერიოზული მუსიკა, ძალიან გემოვნებიანია და დიდ ყურადღებას აქცევს ტექსტს. ტექსტზე ვმუშაობ კრისტოფერ ნეილისთან ერთად, სერიოზული ლირიკოსი და მაღალი დონის პროფესიონალია. ვიცი, სანამ ბარბრა მელოდიას მოუსმენს, მანამდე აუცილებლად გადახედავს ტექსტს და თუ არ მოეწონება, სიმღერას აღარ მოუსმენს. თითქმის ერთი თვეა, ამ სიმღერაზე ვმუშაობთ, პარალელურად, 6-7 სიმღერა დავწერე. არ ვაჯანჯლებ, უბრალოდ, მინდა, ძალიან კარგი და ყველაზე ხარისხიანი იყოს  ჩემს კარიერაში. დროით არ ვართ შეზღუდულები, მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყებს მუშაობას ახალ ალბომზე. ჩვენგან კი სიმღერას ელოდება, ალბათ, წლის ბოლომდე.

– მერე, იმედია, შევხვდებით ერთმანეთს.

– ძალიან მინდა მასთან შეხვედრა. სელინ დიონის გაცნობაც ძალიან გამიხარდა. სელინმა ლას-ვეგასში დამპატიჟა, ვნახე მისი ახალი შოუ. კრისტოფერ ნეილის სთხოვეს, სელინისთვის დაეწერა ახალი ალბომი. რამდენიმე სიმღერა მომასმენინა, არა მხოლოდ სელინისთვის დაწერილი, არამედ ისინიც, რაზეც „სონიში“ მუშაობენ. „სონიში“ უკვე მცნობენ და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა კრისტოფერს უთხრა, შეიძლება თინათინი ჩავრთოთ სელინის პროექტში, რამდენიმე ახალი სიმღერა დაუწერესო. კრისტოფერმა დამირეკა და მეკითხება: დღეს საღამოს რა გეგმები გაქვს? 6 საათზე უნდა იყო აეროპორტში და ჩემოდანი ჩაალაგე. ბილეთი, სასტუმროს ნომერი „დაბრონილია“. მივფრინავთ ლას-ვეგასში, ხვალ სელინ დიონს კონცერტი აქვს და უნდა შევხედოთო. ძალიან დავიბენი, ისე ჩქარა მოხდა ყველაფერი, ვერ აღვიქვი, სად მივდიოდი. ჩემებსაც ვერ დავურეკე. თბილისში ჩემს ბიძაშვილს ქეთუთას მივწერე მესიჯი: მივფრინავ ლას-ვეგასში სელინ დიონის გასაცნობად, არ ინერვიულონ, დღეს ვერ დავრეკავ-მეთქი. 6 საათის განმავლობაში მივფრინავდი და მაშინ გავაცნობიერე, რომ ხვალ შევხვდებოდი სელინ დიონს და ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნებაც ასრულდებოდა. მოგატყუებ, რომ გითხრა, არ ვნერვიულობდი-მეთქი. ბევრი ადამიანი გავიცანი, მაგრამ დარჩნენ ისეთი პიროვნებები, – ჩემთვის იმდენად დიდები, რომ მათთან შეხვედრისას, მაინც ვნერვიულობ. ისეთი გრძნობა მქონდა – პატარა თინუკას ოცნება ჩემს ხელში იყო და ვალდებული ვიყავი, ყველაფერი კარგად ჩამეტარებინა, რომ ჩემი ბავშვობისთვის პატივი მეცა. სელინ დიონმა კონცერტამდე გამონახა დრო, რომ ჩვენთან ერთად გაეტარებინა. რატომღაც ეგონა, 19 წლის ვიყავი. რომ ვუთხარი, 27 წლის გავხდი, გაუკვირდა – არ გამაგიჟო, 19 წელზე მეტს ვერ მოგცემდიო. ჩემ შესახებ უკვე ჰქონდა ინფორმაცია, ისიც მითხრა, „ევროვიზიაზე“, შენი სიმღერა ძალიან მომეწონა და მიყვარსო. შემომთავაზა, იქნებ, დამიწერო სიმღერა ახალი ალბომისთვისო. ძალიან გამიხარდა, მთელი კონცერტის განმავლობაში ვფიქრობდი, რა დამეწერა. ბალადა უნდა დავუწერო, რადგან სურს, დაუბრუნდეს იმ ჟანრს, რომელსაც ჩამოშორდა. ძველი სელინი ყველას ენატრება. ალბათ, იმიტომ დაუბრუნდა კრისტოფერ ნეილისაც, როგორც პროდიუსერს, რადგან მან ჩაუწერა სელინს პირველი რამდენიმე ჰიტი და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. რამდენიმე სიმღერა დაწყებული გვაქვს, ძიების პროცესში ვართ. დრო მაქვს, არ მინდა, გავუგზავნო სიმღერა, მერე კი უკეთესი დავწერო და ახლა ის გავუგზავნო.

– ბროდვეიზე, შენი ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით, შოუს გაკეთებას აპირებდი. რა ხდება ამ მხრივ?

– რეპეტიციებს უკვე ვასრულებ, მაგრამ სულ წასული ვარ და ამიტომ, ძალიან გამიჯანჯლდა. ჩემი ბროდვეის პროდიუსერიც მიბრაზდება, რადგან ეს შოუ მხოლოდ ჩემზეა. ერთადერთი მსახიობი და მომღერალი ვარ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. მე თუ არ მივედი, რეპეტიციაზე ვერავინ იმუშავებს. ძალიან კარგია სელინ დიონი, ბარბრა სტრეიზანდი, მაგრამ ამ საქმეს უნდა მივხედო. სანამ კანადაში წავალ, სულ რეპეტიციები მექნება. სცენარი დაწერილია, უნდა ვისწავლო მონოლოგი. ყველა მეკითხება, რატომ არ ჩქარობო? ბროდვეიზე შოუს გაკეთება სერიოზული ბიზნესია, გარდა იმისა, რომ კარიერაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. რამე რომ შემეშალოს, არ მაპატიებენ. შოუ-ბიზნესმა შეიძლება, არ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ ბროდვეის კრიტიკოსებს ისე აქვთ გაწაფული თვალი, ყური, ვერაფერს გამოაპარებ. თუ რამეში არ ვიქნები კარგად მომზადებული, შეამჩნევენ და მეორე შანსს აღარ მომცემენ. ამიტომაც არ ვჩქარობ. მომავალში ძალიან გვინდა, ამ შოუთი ვიმოგზაუროთ და თან, გაგვიადვილდება ამის გაკეთება, რადგან ერთი მსახიობის შოუა. იმედია, საქართველოშიც ჩამოვიტან.

 

 

скачать dle 11.3