კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

შეყვარებულისთვის „ლომკის მოსახსნელად“ 18 წლის გოგონამ ქუჩაში ქალი დააყაჩაღა

 

შეყვარებულის გამო ჩადენილი ქურდობისთვის 18 წლის გოგონას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. რეალურად, განსასჯელმა დანაშაული მართლაც შეყვარებულის „გადასარჩენად” ჩაიდინა, მაგრამ, საინტერესოა სხვა გარემოება – 26 წლის კაცს ნაქურდალი ეგრეთ წოდებული „პლანისთვის” ანუ „ლომკის მოსახსნელად” სჭირდებოდა, რის გამოც გოგონას ქურდობა აიძულა... 

18 წლის მარიამ ვ-ს სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტით, ბრალი ძარცვაში დაედო. სასამართლომ მას 4 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა, ვინაიდან დანაშაული არასრულწლოვნობის პერიოდში ჩაიდინა, მასზე სს კოდექსის 77-ე მუხლის მეოთხე ნაწილი გავრცელდა და სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა. საბოლოოდ, ის 3 წლითა და 6 თვით ჩასვეს ციხეში, ნაქურდალის ანაზღაურება კი მის შეყვარებულს დაეკისრა.

ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, დანაშაული დანაშაულია და სრულწლოვანმაც და არასრულწლოვანმაც ჩადენილისთვის პასუხი უნდა აგონ, მაგრამ ასე არ ფიქრობს განსასჯელის ადვოკატი. როგორც ჩანს, მას პატიმართა დაცვის განსაკუთრებული სტილი აქვს და აცხადებს, რომ გოგონამ დანაშაული კეთილშობილების გამო, სხვის დასახმარებლად ჩაიდინა... ასეთ მიდგომას კი, სამწუხაროდ, იურისპრუდენცია არ ცნობს. მოკლედ, ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოა და სჯერა, რომ, ადრე თუ გვიან, სიმართლე აუცილებლად გაირკვევა. მანამდე კი, საკუთარ არგუმენტს საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით ამტკიცებს: ჯობს ასი დამნაშავე იყოს დაუსჯელი, ვიდრე ერთი უდანაშაულო ციხეში იყოს გამოკეტილიო. თუმცა, ფაქტია, რომ მარიამ ვ-ს საქმე ყველა ინსტანციამ განიხილა და ყველამ დამნაშავედ ცნო...

მარიამ ვ-ს მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტი 20 მაისს მოხდა. საღამოს 00 საათსა და 10 წუთზე თბილისში „ნახალოვკაში“ მეგობარ ქალბატონთან ერთად ქუჩაში მიმავალმა ლილი რ-მ მოულოდნელად უკნიდან ყელზე ხელის შეხება იგრძნო. ხელი იმდენად ნაზად შეეხო, ეგონა, რომ თავისი ქალიშვილი წამოეწია და ის ეხუმრებოდა, მაგრამ, სრულიად უცნობმა გოგონამ ყელიდან ოქროს მსხვილი ძეწკვი ისე მოხსნა და გაიქცა, თავიდან ვერც კი მიხვდა, რა მოხდა. დაზარალებულმა მაშინვე პოლიციას აცნობა და ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა, საქმე მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ გაიხსნა და პოლიციამ დამნაშავედ 18 წლის მარიამ ვ. გამოაცხადა, რომელსაც ბრალი ძარცვის მუხლით წაუყენეს და პატიმრობაში აიყვანეს.

საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ 20 მაისს მარიამ ვ-მ განიზრახა, მოქალაქეები გაეძარცვა. იმავე საღამოს „ნახალოვკაში“, მან უცნობი ქალბატონი შენიშნა, რომელსაც ოქროს ყელსაბამი ეკეთა. გოგონა  მიუახლოვდა და დაზარალებულს ხელის სწრაფი მოძრაობით ყელსაბამი (რომლის ღირებულება 1 300 ლარი იყო), შეხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმის მასალების მიხედვით, დაკავების შემდეგ გოგონა თავს უდანაშაულოდ ცნობდა, მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფდა. აცხადებდა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ის სახლში იმყოფებოდა, თუმცა, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სასამართლომ განსასჯელის მტკიცება მისი უდანაშაულობის შესახებ არ გაიზიარა, ჩათვალა, რომ ვერსია არ იყო გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ის დამნაშავედ ცნო.

დაზარალებული ლილი რ-ს ჩვენებით, ის სასურსათო მაღაზიაში მუშაობს და ბოლო პერიოდში დამატებითაც რჩებოდა სამსახურში. მიზეზი ის იყო, რომ მალე შვილის ქორწილი უნდა ჰქონოდა და ცდილობდა, გვიანობამდე მუშაობით მეტი შემოსავალი ჰქონოდა. მისი თქმით, მისი ერთ-ერთი ახლობელი „ოქროს ბირჟაზე“ მუშაობს და სარძლოსთვის საჩუქრად მაღალი ხარისხის ძვირფასი ყელსაბამი დააბარა, რაც ნაცნობმა სწორედ იმ დღეს მოუტანა და მაღაზიაში თანამშრომლებსაც აჩვენა, რომლებსაც სამკაული ძალიან მოეწონათ.

ლილი რ-ს თქმით, მაღაზია იმ ღამითაც გვიან დაკეტა და, მეგობარ ზაირასთან ერთად, რომელიც სხვადასხვა საქმეში ეხმარებოდა, სახლში წამოვიდა. გზაზე მიმავლები ქორწილის ამბებს განიხილავდნენ და სწორედ ამ დროს იგრძნო უკნიდან ყელზე ხელის შეხება, რამდენიმე წამში კი ოქროს ყელსაბამი აღარ ეკეთა...

როდესაც მოტრიალდა, დაინახა მისთვის უცნობი გოგონა, რომელიც სახეში უყურებდა. ის ჯერ ნელ-ნელა იხევდა ნაბიჯით უკან, მერე კი უცბად შებრუნდა და გაიქცა. ქალბატონის თქმით, მან დაიმახსოვრა დამნაშავის თეთრი ლამაზი სახე და გრძელი ოქროსფერი თმა. საბოლოოდ კი ლილი რ-მ განაცხადა, რომ მან 1 300 ლარი იზარალა, რადგან მძარცველმა მისგან 25-გრამიანი, 1 300 ლარად ღირებული ყელსაბამი წაიღო, რომლის საფასურიც დაზარალებულმა იმ დღეს, სხვების თანდასწრებით გადაიხადა.

საქმის ირგვლივ სხვა მოწმეებიც დაიკითხნენ. ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ ის ეზოს გარეთ იყო, როდესაც მის წინ გოგონამ ჩაირბინა და მაშინვე შემოესმა ქალის კივილი, მოგვიანებით კი გაიგო, რომ ვიღაცას ძვირფასი ყელსაბამი მოჰპარეს. დამნაშავეს მოწმეც აღწერდა. ისიც ამბობდა, რომ გოგონა საშუალო სიმაღლის იყო და გრძელი და ხვეული ოქროსფერი  თმა ჰქონდა, რომელიც კისერს ნამდვილად უფარავდა, თუმცა, სახე კარგად არ დაუნახავს. ბუნებრივია, გამოძიებამ დაზარალებულთან ერთად მყოფი მისი მეგობარი ზაირაც დაკითხა, რომელიც განმარტავდა, რომ დამნაშავის სახე მას საერთოდ არ დაუნახავს და, შესაბამისად, ამოცნობა არ შეეძლო. მისი ჩვენების თანახმად, ყველაფერი ისეთი ელვისებური სისწრაფით მოხდა, გონზე მოსვლა ვერ მოასწრო...

ასეა თუ ისე, დაკავების შემდეგ დაზარალებულმა მარიამ ვ. ამხილა: „როცა ამოცნობა მოხდა, ჩემ წინ ბავშვები იდგნენ. ჰგავდნენ თუ არა ერთმანეთს, ვერ გეტყვით, მაგრამ, „მას” რომ შევხედე (იგულისხმება დაკავებული), რაღაცნაირი რეაქცია ჰქონდა – რომ დამინახა, თავადაც შეცბა. თავიდან შემეცოდა, რადგან ის ჩემს შვილზე პატარაა. კარგა ხანს ვფიქრობდი, მემხილებინა თუ არა და, საბოლოო გადაწყვეტილება მის მხილებაზე იმიტომ მივიღე, რომ მსგავსი დანაშაული აღარ ჩაედინა. თუმცა, არ ვიცი, პატიება რომ ეთხოვა, შესაძლოა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი. ხელი რომ დავადე, ბებიამისს, გული წაუვიდა და ამოცნობის პროცესი შეწყდა... მე კი ვთხოვდი, ეღიარებინა დანაშაული. მისი დაჭერა არ მინდოდა, მაგრამ ისეთი რამ მითხრა, მდგომარეობიდან გამომიყვანა – მიმტკიცებდა, შენთვის არაფერი მომიპარავს, მაგრამ, მაინც აგინაზღაურებო... მდგომარეობიდან სწორედ მისმა ასეთმა ნათქვამმა გამომიყვანა და ამიტომ ვამხილე”, – ვკითხულობთ ოქმში.  

ადვოკატი კატეგორიულად არ ეთანხმებოდა დაზარალებულის პოზიციას და მის ჩვენებებს ეჭვქვეშ აყენებდა, თუმცა, დაკავებულმა ბოლოს დანაშაული თავად აღიარა. სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადა დაკავებული მისმა დამცველმა მსხვერპლად და არა დამნაშავედ...

მარიამ ვ., რომელსაც საბოლოოდ სამწელიწად-ნახევარი პატიმრობა მიესაჯა, 11 ივნისსაა დაბადებული, ანუ, 20 მაისს, როდესაც დანაშაული ჩაიდინა, ის ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. 

როგორც  გამოძიებამ დაადგინა და შემდეგ თავად განსასჯელმაც აღიარა, დანაშაულის ჩადენამდე მას ჰყავდა შეყვარებული, გიორგი ტ. რომელთანაც ინტიმური კავშირიც ჰქონდა, რაც მისმა ოჯახმა არ იცოდა, რადგან გოგონას ძალიან ეშინოდა მშობლების. მისი თქმით, გოგას (გულისხმობს გიორგის) მშობლები შეძლებულები იყვნენ, რის გამოც მას ფული მუდამ ჰქონდა და მარიამს ყველა სურვილს უსრულებდა, მაგრამ, ბოლო პერიოდში პირიქით მოხდა – გოგა ფულს მას სთხოვდა. განსასჯელმა განმარტა, რომ დანაშაული სწორედ მის გამო ჩაიდინა, ეს მას გოგამ აიძულა. კერძოდ, მისი აღიარებიდან ირკვევა, რომ გოგა ნარკომანი იყო და ფული ამ მიზნით სჭირდებოდა. ხოლო, თუ ასე არ მოიქცეოდა, ანუ, ფულს თუ არ უშოვიდა, მისი თქმით, შესაძლოა, მისი შეყვარებული მომკვდარიყო...

პარალელურად, მარიამ ვ. ჩვენებაში იმასაც ამბობს, რომ ბოლო დროს მასა და გოგას შორის სიტუაცია დაიძაბა: გოგა სულ აფორიაქებული და აგრესიული იყო. მან ჯერ ოქროს საყურე სთხოვა, რომელიც თითქოს მანქანის ნაწილის საყიდლად სჭირდებოდა, შემდეგ ოქროს ძეწკვი და კულონი გამოართვა, ბოლოს კი – მობილური ტელეფონი. განსასჯელის თქმით, მას გოგა უყვარდა და არაფერი ენანებოდა, მაგრამ, ის უფრო და უფრო მეტს ითხოვდა და ბოლოს ქურდობა აიძულა...

როგორც მარიამ ვ-მ განაცხადა ჩვენებაში, ის გოგას საქციელის რეალურ მიზეზს ხვდებოდა, მაგრამ, მისი  ნარკომანობის შესახებ დანაშაულის დღეს გაიგო შეყვარებულმა. სწორედ იმ დღეს უთხრა, რომ ძალიან ცუდად იყო და, ფულს თუ არ უშოვიდა, მოკვდებოდა: სწორედ იმ დღეს გამომიტყდა და სხვა გამოსავალი არ მქონდაო, – თქვა გოგონამ.

განსასჯელის თქმით, ფულის საშოვნელად მან ყველა მეგობარს დაურეკა, მაგრამ 20 ლარზე მეტი ვერ იშოვა, არადა, სულ მცირე, კი 100 ლარი ჰქონდა საშოვნელი. სწორედ ამიტომ გახდა იძულებული, ექურდა...

როგორც მარიამ ვ-მ აღიარა ჩვენებაში, მან იმ ღამეს შემთხვევით შენიშნა ლილი რ., რომელსაც ყელზე მსხვილი ძეწკვი ეკიდა. იყო თუ არა სამკაული ძვირფასი, ამაში არც იყო დარწმუნებული, მაგრამ, ქურდობა მაინც გადაწყვიტა და ჩუმად აედევნა. მისი თქმით, თავიდან შეეშინდა, რადგან ქალი მარტო არ იყო, მაგრამ, შიში დაძლია და, იმ დროს, როდესაც ქალებმა მოსახვევში შეუხვიეს, დაზარალებულს უკნიდან მიეპარა და... რა მოიმოქმედა, დეტალები არ ახსოვს... სხვათა შორის, სწორედ ასეთი მიპარვის გამო, დაზარალებულმა სასამართლოზე ეჭვი გამოთქვა, რომ, შესაძლოა, ეს დანაშაული გოგონას მხრიდან პირველი არ იყო, რადგან ასე „დახვეწილად“, მხოლოდ პროფესიონალი ქურდები იქცევიან...

„დანაშაული, მით უმეტეს – ქურდობა, არასდროს ჩამიდენია, მაგრამ, სხვა გამოსავალი არ მქონდა” – თავს იმართლებდა განსასჯელი, რომელმაც დაზარალებულს პატიება სთხოვა...

არანაკლებ საინტერესოა დანაშაულის გახსნის ისტორია, რაშიც სამართალდამცველებს თავად ნარკომანი დაეხმარა. როგორც გაირკვა, მოპარულ ოქროს ძეწკვში აღებული ფული გოგა ტ-მ მეგობრებთან ერთად მოიხმარა. მათგან ერთ-ერთი კი სულ მალე „ჩავარდა“ – ქუჩაში ქალს საფულე ამოაცალა. მისი ჩვენების საფუძველზე კი დააპატიმრეს მისი სხვა მეგობრები, მათ შორის გოგა ტ. და მარიამ ვ. არადა, დაკავების მომენტში მარიამ და გოგა უკვე დაშორებულები იყვნენ...

არის თუ არა მარიამ ვ. დამნაშავე, ეს მართლა საკამათო თემაა, მით უმეტეს, გოგა ტ. აღიარებს, რომ არასრულწლოვანთან არა მხოლოდ სექსუალური კავშირი ჰქონდა, არამედ, ქურდობა მან აიძულა... 

ასეა თუ ისე, იმის გათვალიწინებით, რომ დანაშაული მარიამ ვ-მ თავად აღიარა, სასამართლომ ყველა დეტალი გაითვალისწინა და სასჯელის მინიმუმი მიუსაჯა. რაც შეეხება ზარალს – 1 300 ლარს, მისი გადახდა გოგა ტ-ს დაეკისრა, რომელიც ნარკოტიკული დანაშაულისთვის გაასამართლეს...

 

 

скачать dle 11.3