კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-43(565) 

 

– კოკი, ძამიკო, – მითხრა „ძიამ“, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, – ჩვენ უკვე არარსებული ქვეყნის ყოფილი უწყების ყოფილი თანამშრომლები ვართ და, თუ საკუთარ მომავალზე თვითონვე არ ვიზრუნეთ, სხვას სულ ფეხებზე ვკიდივართ.

– მაინც, რას მთავაზობ? – ვკითხე რომანს.

– შენთვის უცხოსა და უჩვეულოს არაფერს. თუ თანახმა იქნები, ძველ სამუშაოს გააგრძელებ. უბრალოდ, დაზღვევის გარეშე იმუშავებ და ყველაფრის გაკეთება თავადვე მოგიწევს.

– ანაზღაურება?

 – უმაღლესი კატეგორიის. „ზაკაზის“ ორი მესამედი შენი იქნება, ერთი მესამედი კი – ჩემი.

– ანუ, შენ ჩემზე ორჯერ ნაკლებს აიღებ.

– ჰო, ასეა.

– საქმე რომ არ შესრულდეს, პასუხს ვინ აგებს?

– მე, – მითხრა რომანმა და იქვე დაამატა: – თუმცა, ასეთი რამ შენთან გამორიცხულია.

– გამორიცხული არაფერია, – ვთქვი მე, – შენ გარდა სხვას თუ ეცოდინება, რომ საქმეში ვარ?

 – მეტს არავის.

– მაშინ, თანახმა ვარ.

– ასეც ვიცოდი, – მითხრა რომანმა, შუახნის მამაკაცის ფოტოსურათი მიჩვენა და მკითხა: – ხომ არ გეცნობა ეს ფიზიონომია?

– არა! – კატეგორიულად ვიუარე მე, რადგან ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს და, ერთხელ, თვალმოკვრითაც რომ ვნახო ნებისმიერი ადამიანი, არსება ან ნივთი, ყოველთვის ამოვიცნობ. გარდა ამისა, ადამიანის ამოცნობა ხმითა და ყნოსვითაც შემიძლია.

– ეს კაცი ჩვენი კოლეგაა, შენსავით ყოფილი პოლკოვნიკი, მკვლელი, ძალიან გამოცდილი ადამიანი და მისი მოხელთება ურთულესი საქმე იქნება. იმედია, შენ ამას შეძლებ. თუ ამ საქმეს აიღებ, 200 ათას დოლარს მიიღებ. ფულს, გინდა ხელზე გადაგიხდიან, გინდა საბანკო ანგარიშს გაგიხსნიან ნებისმიერ ქვეყანაში და იმ ანგარიშზე დაგისვამენ. ნაწილს წინასწარ გაძლევენ, დანარჩენს კი – საქმის შესრულებისთანავე. რას იტყვი, იღებ ამ საქმეს?

 – ვიღებ, – მივუგე რომანს, – ფულის ნაწილი ხელზე მინდა, დანარჩენი კი ანგარიშზე დამისვან. 50 ათასი დოლარი ხელზე მომცენ, ხვალვე, ხოლო 150 ათასი კი, შესრულებისთანავე გადმომირიცხონ.

– გასაგებია. დამისახელე ქვეყანა და ბანკი, სადაც ანგარიშის გახსნა გინდა და ხვალვე გაგიხსნიან ანგარიშს, – მითხრა რომანმა. მე კი მას ღიმილით მივუგე:

– აი, ესაა ჩემი შვეიცარიული ბანკის ანგარიში და ყველა ფული მასზე უნდა დაჯდეს. მას ვერავინ გამიკონტროლებს და ვერც ვერავინ შეიტყობს, რა თქმა უნდა, შენ გარდა, რომ ეს ჩემი ანგარიშია. მე ის ჯერ კიდევ შუა „ზასტოის“ დროს, ერთ-ერთი მივლინებისას გავხსენი და ძალიან საიმედოა. იმედია, დაიმახსოვრებ.

– ერთი ამას შეხედე, – ხუმრობით თავი გააქნია რომანმა, – შენს უფროსობას რომ გაეგო, შვეიცარიის ბანკში საიდუმლო ანგარიში გახსენი, თავს წაგაცლიდნენ.

– იმიტომაც ჰქვია საიდუმლო ანგარიში, რომ ვერავინ გაიგოს, – მივუგე „ძიას“.

– ფულის ნაწილს დღესვე მიიღებ, ხოლო დანარჩენ თანხას საქმის შესრულებისთანავე ჩაგირიცხავენ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ, – თქვა „ძიამ“, პატარა პაუზა გააკეთა და განაგრძო: – მოკლედ, ეს ძველი „კაგებეშნიკი“ გამაფიოზდა, კრიმინალში ჩაყო ცხვირი და იქ ბანაობს, სადაც აკრძალულია. მან თავისნაირები შემოიკრიბა ირგვლივ, ყველა ფეხებზე დაიკიდა და კონკურენტების ხოცვას მიჰყო ხელი. აბა, ასეთ რამეს ვინ აპატიებდა? ამიტომ, სხოდკა შეკრიბეს, მეტკა დაადეს და ახლა მხოლოდ შესრულებაღა დარჩა. ეს კი შენზეა და წარმატებას გისურვებ.

მე და რომანი ერთი საათის შემდეგ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მან კონვერტში ჩალაგებული დოლარის დასტები გადმომცა და წავიდა.

„ჰმ, ორასი ათასი დოლარი! ფანტასტიკური თანხაა. ამდენი წელი ვიმუშავე „კაგებეში“ და კიდევ ორი ამდენი რომ მემუშავა, ამხელა ფულს მაინც ვერ მოვაგროვებდი“, – ჩავილაპარაკე, როდესაც სახლში დავბრუნდი, ჩემს კაბინეტში ჩავიკეტე, კონვერტიდან 50 ათასი დოლარი ამოვიღე და ბანკნოტები დავათვალიერე.

– კოკი, ერთი წუთით არ გცალია, რომ გამიღო? – შემომძახა მერიმ და კარზე მომიკაკუნა.

– ახლავე, – მივუგე ცოლს, ფული საწერი მაგიდის უჯრაში ჩავყარე, უჯრა ჩავკეცე, კაბინეტის კარი გავაღე და ზღურბლზე მდგარ მერის ვუთხარი:

– შემოდი.

– არა, უბრალოდ, რაღაც უნდა გკითხო.

– გისმენ, საყვარელო.

– კოკი, ქეთო დეიდამ მთხოვა, იქნებ, ერთი თვით ასი მანეთი მასესხოთო. შვილიშვილის ზღვაზე გაშვება უნდა და, მითხრა, მომავალ პენსიაზე დაგიბრუნებო. ჩვენ სამასი მანეთი გვაქვს და ასი რომ მივცე, ორასს როგორმე ვიმყოფინებთ ერთ თვეს, – მითხრა მერიმ.

ქეთო დეიდა ჩვენი მეზობელი იყო და, ისევე, როგორც ჩვენი დანარჩენი მეზობლები, ჩვენს ოჯახთან საუცხოო დამოკიდებულებაში იყვნენ.

 რაზეა ლაპარაკი, საყვარელო, რა თქმა უნდა, მიეცი. ხვალ მე მოსკოვში მივფრინავ სამი-ოთხი დღით და ერთ-ორ კაპიკს იქიდანაც ჩამოვიტან. თანაც, ორასი მანეთი მეც მაქვს და გვეყოფა, – მივუგე მერის, გუნებაში კი მეცინებოდა, რადგან საწერი მაგიდის უჯრაში იმდენი ფული მქონდა, რომ ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს კარგა ხანს ეყოფოდა.

– მოსკოვში? კი მაგრამ, რატომ? – შეიცხადა მერიმ.

– ამერიკული დელეგაციაა ჩამოსული, რუსეთის ისტორიული ადგილები უნდა ვუჩვენო და, შეიძლება, საქართველოშიც კი ჩამოვიყვანო, – მოვატყუე მერი.

– შენ რომ გეძახიან, რა, თავისი გიდები არ ჰყავთ რუსებს? – ნაწყენი ტონით მითხრა მერიმ, რომელსაც ჩემი მივლინებები არასოდეს ეხატებოდა გულზე.

– კარგი, რა, მერიკო, რა ბავშვივით იქცევი! მადლობელი არ ხარ, რომ ასეთი გაჭირვების დროს ორი კაპიკის გაკეთების შანსი მაქვს? – გავუღიმე ცოლს და თმაზე მივეფერე.

– არ ვბრაზობ, მაგრამ, ხომ იცი, რომ შენი მივლინებები არ მიყვარს, – მომიგო მერიმ, გამიღიმა და დაამატა: – კარგი, კარგი, ხელს აღარ შეგიშლი, იმუშავე, მე კი ქეთო დეიდას ფულს მივუტან.

მერი წავიდა. მე ისევ კაბინეტში ჩავიკეტე და ფული საიდუმლო სეიფში შევინახე, სადაც სხვა ნივთებთან ერთად მამაჩემის, ბაბუაჩემისა და ამხანაგ სერგოს ნაჩუქარი ძვირფასი საათებიც მქონდა შენახული. სეიფი სქელ კედელში, წიგნების კარადის უკან მქონდა ჩამონტაჟებული და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მე ვიცოდი.

სეიფი რომ დავკეტე და კარადა თავის ადგილზე დავაბრუნე, სავარძელში მოვკალათდი და მომავალ საქმეზე დავიწყე ფიქრი. „ობიექტი“, როგორც რომანმა მითხრა, მართლაც ძალიან რთული მოსახელთებელი იყო და „სხოდკაზე“ მას „მეტკა“ იმიტომ დაადეს, რომ კაცის კვლის ბიზნესის ხელში ჩაგდება მოინდომა. მას ძველი, გადამდგარი „კაგებეშნიკებისა“ და მილიციელებისგან მძლავრი დაჯგუფება ჰქონდა ჩამოყალიბებული. საკმაოდ მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავდა და ამ სამუშაოს ჩვეულებრივზე ორჯერ იაფად ასრულებდა. ამის პარალელურად კი, მსგავსი პროფილის დაჯგუფებების მეთაურებს ხოცავდა, ხოლო მათ რიგით წევრებს თავის ორგანიზაციაში გაწევრიანებას სთავაზობდა. ერთი სიტყვით, ჩემი „ობიექტი“ ქილერების ბაზარზე მონოპოლიის მოპოვებას ცდილობდა და ის მე უნდა გამეჩერებინა.

მოსკოვში უპრობლემოდ ჩავფრინდი. მართალია, საბჭოთა კავშირი უკვე დაშლილი იყო, მაგრამ, როგორც ერთიანი ფულად-საკრედიტო, ასევე, სატრანსპორტო სივრცე ისევ არსებობდა. აეროპორტიდან კონსპირაციულ ბინაში მივედი, რომელიც სპეციალურად წინასწარ იყო ჩემთვის მომზადებული. მე, რა თქმა უნდა, ჩემს კუთვნილ ბინაში შემეძლო მისვლა, რომელიც „კაგებემ“ მაჩუქა, მაგრამ, ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ჩემს გამოჩენას უეჭველად შეიტყობდნენ, გამორიცხული არ იყო,  ვიზიტის მიზნითაც დაინტერესებულიყვნენ და საქმე ჩამშლოდა. სხვათა შორის, „კაგებეს“ ნაჩუქარი მოსკოვური ბინა დღემდე ჩემია, პრივატიზებული მაქვს და არც არავის არასოდეს უცდია მისი ჩემთვის ჩამორთმევა.

კონსპირაციული ბინიდან სპეციალურად ჩემთვის დატოვებული „09-ით“ კურსკის რკინიგზის სადგურზე გავემართე და ავტომატური შემნახველი საკნიდან შავი ფერის ტყავის ჩანთა გამოვიღე, რომელშიც მაყუჩიანი „აკაემი“, მაყუჩიანი „ბერეტა“, ექვსი ცალი ცრემლმდენი ბალონი და ათი ცალი სასწავლო-ასაფეთქებელი პაკეტი, ეგრეთ წოდებული „ვზრივპაკეტი“ ელაგა. მთელი ეს არსენალი კონსპირაციულ ბინაში მივიტანე, იქ დავტოვე და დაზვერვაზე გავემართე, რომ „ობიექტი“ შემესწავლა. ის მე სამი დღე „ვაძოვე“ და დავრწმუნდი, რომ თითქმის მიუდგომელი იყო. მას კარგად გაწვრთნილი რვა პირადი მცველი დაჰყვებოდა, რომლებიც მთლიანად კეტავდნენ საცეცხლე ხაზს და სასიკვდილო გასროლა სნაიპერული შაშხანიდანაც კი შეუძლებელი იყო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ „ობიექტი“ თითქმის არ გადაადგილდებოდა და ერთადერთი ადგილი, სადაც ის რეგულარულად მიდიოდა ხოლმე, კაზინო „იმპერატორსკოე“ იყო. ის და მისი ამალა ყოველ საღამოს, ზუსტად 9 საათზე შედიოდნენ კაზინოში, იქიდან კი ზუსტად 12 საათზე გამოდიოდნენ. კაზინოში „ობიექტის“ მოკვლა გამორიცხული იყო, რადგან იმ პატარა ოთახში ერთადერთი „რულეტკა“ და ჯეკპოტის სათამაშო მაგიდა იდგა. თითოეულ იქ შემსვლელს გულდასმით ჩხრეკდნენ და ნემსსაც კი არ ატანდნენ შიგნით. გარდა ამისა, როცა „ობიექტი“ „რულეტკას“ თამაშობდა, მისი პირადი მცველები მის ირგვლივ იმყოფებოდნენ და, ვინმეს რომ ზედმეტი მოძრაობა გაეკეთებინა, იქვე ჩაცხრილავდნენ. მართალია, შეიძლებოდა კაზინოს აფეთქება დისტანციური პულტით, მაგრამ ეს დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა და უდანაშაულო ადამიანები დაიხოცებოდნენ. ასეთ ბინძურ და არაპროფესიულ საქმეს კი მე არასდროს ვაკეთებდი.

საგონებელში ვიყავი ჩავარდნილი და თითქმის ჩიხში შევედი, როდესაც ერთმა აზრმა გამიელვა თავში: კაზინო „იმპერატორსკოესთან“ მეტროში ჩასასვლელი კიბეები მდებარეობდა, იქ კი ერთი წვერგაბურძგნული, შუახნის მამაკაცი მათხოვრობდა, რომელსაც „ობიექტი“ და მისი ამალა არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ, რადგან მისგან არანაირ საფრთხეს არ გრძნობდნენ. გვერდით რომ ჩაუვლიდნენ ხოლმე, მათხოვარი ამბობდა:

– წყალობა მოიღეთ, ბატონებო, და ავღანეთის ომის ვეტერანს ორიოდე კაპიკით შეეწიეთ!

მათხოვრის ამ სიტყვებზე, ერთ-ერთი პირადი მცველი, წითურთმიანი, რომელიც ყველაზე ბოლოს იდგა, მათხოვარს ქუდში უფურთხებდა და ამით ხალისობდა, მათხოვარი კი მუშტს უღერებდა მას და აყოლებდა:

– ფუი, შენი დედაც, შე რიჟა!..

„აი, ჩემი ხსნა“, – გავიფიქრე გუნებაში, შორიახლოს დავდექი და დაველოდე მათხოვარს, სანამ ადგებოდა. შემდეგ ასიოდე მეტრის გავლა ვაცალე, წამოვეწიე, შემოვაბრუნე და ვუთხარი:

– მართლა ავღანეთის ომის ვეტერანი ხარ?

– მერე შენ რა? – შემომიბღვირა მათხოვარმა.

– მეც ავღანეთში ვიბრძოდი, – გავუღიმე მათხოვარს. 

– მერე რა, ავღანეთში ნახევარი საბჭოეთი იბრძოდა. მთავარია, რა გაქვს გაკეთებული.

– დიდი არაფერი. ვიბრძოდი და სულ ეგაა. ერთხელ მსუბუქად დავიჭერი მხარში – ტყვიამ გამკრა.

მათხოვარმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა და დამცინავად მითხრა:

– სალაგა, ჩვეულებრივი პრიზივნიკი იყავი ალბათ.

– დიახ. ასე მითხრეს, მოსკოვში იმსახურებო და, სოჩაში რომ თვითმფრინავში ჩამსვეს და ამაფრინეს, ბაგრამის აეროდრომზე დავეშვით.

– ეეჰ, ბაგრამი, ბაგრამი, – ამოიხვნეშა მათხოვარმა, – რამდენი ვაჟკაცი გამომიცილებია იქიდან ცინკის კუბოთი...

– ჰო, საშინელება იყო...

– რაც იყო, იყო, – თქვა მათხოვარმა, თვალი თვალში გამიყარა და მკითხა: – ჩემგან რა გინდა, რატომ გამაჩერე?

– როგორც ვეტერან ავღანელს, მინდა ფულით დაგეხმარო, თან, იქნებ, ორიოდე ჭიქაც აგვეწია და ძველი დრო გაგვეხსენებინა, – ვუთხარი მათხოვარს და ასდოლარიანი ვუჩვენე, რომელიც მარჯვენა ხელში მეჭირა.

– ეს რა, ასდოლარიანია? – თვალებს არ უჯერებდა მათხოვარი.

– ასდოლარიანია.

– ნამდვილად?

– ჰო, თანაც, შენია, – მივუგე მათხოვარს, ფული ჟილეტის ჯიბეში ჩავუდე და ვუთხარი: – ახლა კი, ძამიკო, თუკი მიკადრებ, სადმე რესტორანში ჩავსხდეთ და წავიქეიფოთ.

– რესტორანში ასეთი სამოსით ვინ შემიშვებს? თანაც, რომც შემიშვან, მე არ შევალ.

– აბა, პირდაპირ ქუჩაში დავლიოთ?

– ქუჩაში რა, ბრადიაგები ხომ არ ვართ? ჩემთან წავიდეთ. აქვე, ახლოს ვცხოვრობ და ჩემს ბინაში ადამიანურად დავლიოთ, – შემომთავაზა მათხოვარმა.

ღამის ათ საათს იყო გადაცილებული, როდესაც ძვირფასი საჭმელ-სასმლით დატვირთულები მათხოვრის ბინაში ავედით.

– შემობრძანდი, ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩემს სახლში, – მითხრა მათხოვარმა, ბინაში შუქი აანთო და წინ გამატარა.

მოსკოვის ცენტრში მდებარე სამოთახიანი ბინა სულაც არ ჰგავდა მათხოვრის საცხოვრებელს – ის საუცხოოდ იყო მოწყობილი და ისე დასუფთავებული, რომ, აშკარად ეტყობოდა მზრუნველი ხელი.

– მშვენივრად ცხოვრობ, – გულწრფელად ვუთხარი მათხოვარს.

– მარტოხელასთვის არა უშავს, – გამიღიმა მათხოვარმა, მომიბოდიშა და გავიდა. ხუთიოდე წუთის შემდეგ დაბანილ-დავარცხნილი და მწვანე ხალათში გამოწყობილი მეახლა, სუფრა გააწყო, ჭიქებში არაყი ჩამოასხა და მითხრა:

– აბა, ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს! ჭიქა მომიჭახუნა და არაყი გადაკრა. იგივე გავიმეორე მეც.

როგორც მასპინძლისგან შევიტყვე, ის თურმე ყოფილი სამხედრო ოფიცერი, „სპეცნაზელი“ და სამი საბრძოლო ორდენის კავალერი ყოფილა. ქალიშვილი გერმანიაში ჰყოლია გათხოვილი, ცოლი კი „პერესტროიკის“ დაწყებისას გაჰქცევია და ვიღაც კოოპერატორს გაჰყოლია უცხოეთში.

– ცოლის დედაც, ძმაო, მთავარია, ჩემს ქალიშვილს ვუნდივარ და, თუკი რამ გამაჩნია, იმისია, ცოლს კი ცხრა მთას იქით ჰქონია გზა, – მითხრა მასპინძელმა და მორიგი ჭიქა გამოცალა.

– სამუშაოს ვერ შოულობ? – დელიკატურად ვკითხე მასპინძელს, რადგან ის ჩვეულებრივი მათხოვარი არ იყო და მომერიდა მეკითხა, რატომ მათხოვრობ-მეთქი.

– შემომიარე, ხომ? – მიხვდა ჩემს მანევრს მასპინძელი, – საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, პოლკოვნიკობა ახალი მიღებული მქონდა და დანიშნულებას ველოდებოდით, მაგრამ, ახალმა მთავრობამ ქუჩაში მომისროლა. ცოტა ხანს სხვადასხვა ადგილას ვიმუშავე, მაგრამ, იქიდანაც გამომიშვეს. ბოლოს კაცის კვლის პროფესია შემომთავაზეს, მაგრამ, ქილერობას მათხოვრობა ვარჩიე და, აგერ უკვე თითქმის ერთი წელია, იქ ვზივარ. შუადღეს მივდივარ, საღამოს ათ საათზე მოვდივარ და პურისა და კონსერვის საყიდელ თანხაზე ცოტა მეტს ვშოულობ. თანაც, მათხოვრობას მიჩვევა სცოდნია და, რომ იტყვიან, თავს კომფორტულად ვგრძნობ. აი, შენნაირი რომ თვეში ორი გამოჩნდებოდეს და ას-ასი დოლარი მაჩუქოს, სამ თვეში ფულს შევაგროვებდი და ჩემს ავღანურ დღიურებს გამოვცემდი, რომელსაც სულ რაღაც 600 დოლარი სჭირდება, გავმდიდრდებოდი, მათხოვრობას თავს დავანებებდი და კაცურად ვიცხოვრებდი.

– ავღანურ დღიურებს? – გავიმეორე მე.

– წამომყევი, – მითხრა მასპინძელმა, მეორე ოთახში გამიყვანა, სადაც საბეჭდი მანქანა ედგა და მითხრა: – აი, სამასი ფურცელი უკვე დაბეჭდილი მაქვს. კიდევ ხუთასია დასაბეჭდი და 600 დოლარი მჭირდება, რომ ეს ყველაფერი ორ ტომად გამოვცე და გავმდიდრდე.

– დარწმუნებული ხარ, რომ შენი ავღანური დღიურები შემოსავალს მოგიტანს?

– ასი პროცენტით, – მომიგო მასპინძელმა, შემდეგ სუფრასთან დავბრუნდით და სმა განვაგრძეთ. ერთი ბოთლი რომ გამოვცალეთ, მასპინძელს ჭიქაში დასაძინებელი ფხვნილი ჩავუყარე, მივაძინე, საათს შევხედე, რომელიც ღამის 12 საათს უჩვენებდა და ჩავილაპარაკე: ოცდაოთხი საათი გაუნძრევლად იქნები, შემდეგ კი შენ იცი და შენმა ბედისწერამ-მეთქი.

მერე მასპინძლის საბეჭდ მანქანასთან მივედი და სუფთა ფურცელზე ამოვუბეჭდე: „გირჩევ,  სამათხოვროდ აღარ გახვიდე, თორემ დიდ შარს გადაეყრები. შენი დღიურები დაბეჭდე და გამოეცი, იქნებ, მართლა გამდიდრდე. ეს ათასი დოლარი კი წიგნის გამოსაცემად და კვებისთვის გქონდეს“. ფურცელი და ფული გაშლილ სუფრაზე დავტოვე. შემდეგ ჩემი თითის ანაბეჭდები წავშალე საბეჭდი მანქანიდან და ჭურჭლიდან, ბოლოს კი მასპინძლის მათხოვრული სამოსი ავიღე, ცელოფნის პარკში ჩავდე, ბინიდან გავედი და კარი გამოვიხურე.

სხვათა შორის, ავღანური დღიურები მართლაც გამოსცა იმ კაცმა. ზღაპრულად გამდიდრდა, დღესაც ცოცხალია და რუსეთში ძალიან პოპულარული ადამიანია. წიგნის ერთი ეგზემპლარი ჩემს ბიბლიოთეკაშიც მაქვს და ვერა და ვერ გამოვნახე დრო, რომ ეს ორტომეული წავიკითხო. თუმცა, იმედი მაქვს, ოდესმე გავეცნობი მის შინაარსს და გავიგებ ჩემი ღამის მასპინძლის გამდიდრების საიდუმლოს.

ერთი სიტყვით, მათხოვრის ბინა რომ დავტოვე, ჩემს კონსპირაციულ ბინაში დავბრუნდი და „ობიექტის“ ლიკვიდაციისთვის მზადებას შევუდექი. მათხოვრის სამოსი ზედგამოჭრილივით მომერგო, შემდეგ პარიკი და გაბურძგნილი წვერიც გავიკეთე და სარკეში რომ ჩავიხედე, სწორედ იმ მათხოვარს ვგავდი, რომელიც კაზინო „იმპერატორსკოესთან“ იჯდა.

„ძალიან კარგი. მთავარია, „ობიექტი“ დროულად მოვიდეს, დანარჩენი კი ჩემზე იყოს“, – ჩავილაპარაკე ჩემთვის. შემდეგ მათხოვრის „რეკვიზიტები“ მოვიხსენი, შევინახე და დავიძინე.

მეორე დღეს, დღის პირველის ნახევარზე, უკვე მათხოვრის ფორმაში გამოწყობილი, ნაჭრის ტომრით ხელში კაზინოსთან მივედი და სამათხოვროდ დავჯექი. ტომარაში მაყუჩიანი ავტომატი მედო, მაყუჩიანი „ბერეტა“ კი ქამარში მქონდა გარჭობილი. საღამოს 9 საათამდე საკმაოდ სარფიანად ვიმათხოვრე და 75 მანეთის ხურდა შევაგროვე. ფული ქილაში ჩავცალე და ქუდი ისევ მიწაზე დავდე, როდესაც ტროტუართან უახლესი მოდელის ორი „მერსედესი“ გაჩერდა, იქიდან კი „ობიექტი“ და მის რვა პირადი მცველი გადმოვიდნენ. გვერდით რომ ჩამიარეს, მე მათ მოწყალება ვთხოვე და ვთქვი:

– წყალობა მოიღეთ, ბატონებო და ავღანეთის ომის ვეტერანს ორიოდე კაპიკი შეეწიეთ-მეთქი.

წითურთმიანმა მცველმა, რომელიც ბოლოში მოდიოდა, ტრადიციულად ქუდში ჩააფურთხა, მერე უშნოდ გაიჭყანა და გზა განაგრძო. მე კი მაყუჩიანი „ბერეტადან“, რომელიც ჟილეტის შიგნით მქონდა დამალული, ორი ტყვია გავისროლე „ობიექტის“ მიმართულებით, ორივე მოვარტყი, ტვინი გავასხმევინე, ადგილზევე მოვკალი და სანამ მისი პირადი მცველები გაარკვევდნენ, რა მოხდა, მეტროს კიბეებზე დავეშვი, ხალხში შევერიე და შემთხვევის ადგილიდან გავუჩინარდი...

თბილისში მეორე დილით დავბრუნდი. სახლში რომ მივედი, ჩემები ტელევიზორს უყურებდნენ.

– კოკი, ძვირფასო, რა კარგია, რომ ჩამოხვედი. ხედავ, მოსკოვში რა ხდება? – მითხრა მერიმ და ჩამეხუტა.

– რა ხდება?

– რა და, წუხელ ვიღაც მაფიოზი მოუკლავთ კაზინოსთან, მერე კი მოკლულის ხალხს დარევიან და სულ ერთიანად ამოუჟლეტიათ. მოკლედ, მოსკოვში კრიმინალური ომი დაიწყო და, კიდევ კარგი, გამოასწარი.

– რომელი ალ კაპონე მე ვარ, რომ სროლა დამიწყონ? – მივუგე მერის და გავუღიმე, თუმცა, კარგად ვიცოდი, რომ მოსკოვში დაწყებულ კრიმინალურ ომს მე დავუდე სათავე.

– რა იცი, კოკი, რა ხდება? ტყვიამ გარჩევა არ იცის. რასაც ტელევიზორში უჩვენებენ, ყოველგვარ ზღვარს სცილდება და, ვინმემ შემთხვევით ტყვია რომ მოგარტყას, ჩვენ რა გვეშველება?

– ნუ გეშინია, მერიკო, დამშვიდდი. სადაც მე დავდივარ, იქ ტყვიებს არ ისვრიან, – დავამშვიდე მერიკო და, ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვატყუებდი ჩემს საყვარელ ცოლს, რომელიც, ჩემს შვილებთან ერთად, ყველასა და ყველაფერს მერჩივნა ამქვეყნად და, თუკი რამეს ვაკეთებდი, ყველაფერი მათი ბედნიერებისთვის მინდოდა.

„ბედნიერება ფარდობითი ცნებაა, – იტყვის მავანი ჩემი მისამართით და, ალბათ, იქვე დასძენს: – რა ბედნიერებაზე ლაპარაკობ, შე საცოდავო, როდესაც უამრავი ადამიანი გყავს მოკლული, სული ისე გაქვს დამძიმებული, რომ ჯოჯოხეთი გარანტირებული გაქვს და გაუთავებელი ტანჯვა-წამებისგან ვერავინ გიხსნისო.

შეიძლება, ის მავანი მართალია და, მოვკვდები თუ არა, ჯოჯოხეთში აღმოვჩნდე, ადუღებულ კუპრში და იქიდან ვეღარასოდეს დავიხსნა თავი. თუმცა, ჯოჯოხეთი არც სიცოცხლეშივე გვაკლია ადამიანებს. მაგრამ, ჩემი აზრით, ბედნიერება ის არის, რომ შენს ახლობლებს ყოველივე ამას აარიდებ და ჯოჯოხეთში მოხვედრის ხარჯზეც კი გააკეთებ ამას. ეგოიზმი – აი, რა ღუპავს ადამიანებს და, თუ ეგოისტი არ ხარ და მოყვასი მართლა გიყვარს ცოლ-შვილზე უახლოესი და საყვარელი კი, აბა, ვინ უნდა იყოს, მაშინ, მათ გამო სხეულთან ერთად სულსაც გაწირავ... სწორედ ასეთი გაგებით ვცხოვრობ დღემდე და ამ აზრს ვერავინ ვერასოდეს ვერ შემაცვლევინებს.

– შენისთანა სანიმუშო მეოჯახე მეორე არ მეგულება ამქვეყნად, – მითხრა გენერალმა მუხინმა, როდესაც მორიგი დავალების მისაღებად თბილისიდან მოსკოვში ჩავფრინდი და მის კაბინეტში შევდგი ფეხი, – ეს კი, ჩემო ძვირფასო, წმიდათაწმიდა რამაა და კარგი მეოჯახე მოღალატე არასოდეს გახდება.

მუხინს კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რომ ჩემი ახალი დავალება არამეოჯახე, მოღალატე ადამიანთან იყო დაკავშირებული და არც შევმცდარვარ. გენერალმა მაგიდასთან მიმიხმო, ორმოციოდე წლის მამაკაცის ფოტოსურათი მიჩვენა და მითხრა:

– თუ იცი, ვინ არის?

– არა, არ ვიცი, ანდრეი ლუკიჩ.

– გენიოსი კონსტრუქტორია და მის მიერ შექმნილმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მტკიცე ფარი შექმნა. თუმცა, რად გინდა, ამ ორი კვირის წინ შტატებში გაიქცა, სამშობლოს უღალატა და მისი ფასი ჩვენთვის კაპიკიც არაა. სამაგიეროდ, მილიარდობით მანეთის ზარალი მოგვიტანა და, რაც მის მიერაა შექმნილი, ყველაფერი უნდა გამოვცვალოთ, რადგან ყველა საიდუმლო უკვე მტრისთვის იქნება ცნობილი. ეს კი უზარმაზარ თანხებს მოითხოვს, – მუხინმა ქალის ფოტოსურათი მიჩვენა და მითხრა, – აი, ამ ძუკნამ გადაიბირა და აიძულა ეს ამორალური კაცი, რომ მოღალატე გამხდარიყო და მასთან ერთად შტატებში გაქცეულიყო. ეს მისი მეოთხე ცოლია, სინამდვილეში კი ამერიკის ჯაშუში აღმოჩნდა, ჩვენ ცხვირწინ მუშაობდა და კონტრდაზვერვას ის გამოეპარა. შენ შტატებში უნდა გაემგზავრო და ამ წყვილის ლიკვიდაცია მოახდინო.

– გასაგებია, ამხანაგო გენერალო, როდის უნდა გავემგზავრო?  – ვკითხე ანდრეი ლუკიჩს.

– ჯერ არ ვიცი, კოკი. ეს საკმაოდ რთული დავალებაა. წყვილი მიუვალ, საიდუმლო ლაბორატორიის ტერიტორიაზე ცხოვრობს, მათ საიმედოდ იცავენ და იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ იქ ჩვენ არ გვყავს ჩანერგილი აგენტი, ვერც ვერავინ მოვისყიდეთ იქიდან ინფორმაციის გამოსატანად და, სავარაუდოდ, მარტო მოგიწევს ყველაფრის გაკეთება. ასე ვთქვათ, ბრმად უნდა იმოქმედო და, გამორიცხული არ არის, რომ, წინასწარ დაუგეგმავი, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოს. მაქსიმალურად რომ გაგიადვილდეს ორიენტირება, ჩვენი ტოპოგრაფები ადგილმდებარეობის გეგმის შედგენაზე მუშაობენ და, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება, მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება, როდის გაემგზავრები შტატებში.

გენერალი მუხინი მართალი აღმოჩნდა: კონსტრუქტორი და მისი გადამბირებელი ქალი, კორდილიერების მთიანი სისტემის ერთ-ერთ მიუვალ ტყიან მასივში განლაგებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. იქვე მდინარე სნეიკი ჩაედინებოდა და ეს ტერიტორია პატარა დაბა ბოისესგან 40 კილომეტრით იყო დაშორებული. „კაგებეს“ ტოპოგრაფებმა, თანამგზავრიდან მიწოდებული მონაცემების მეშვეობით, ზუსტი რუკა შეადგინეს და იმ კვადრატის დეტალური აღწერილობა გადმომცეს.

გაქცეული კონსტრუქტორის ლიკვიდაციის ოპერაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამიტომ, მის შემუშავებაში პირადად შჩუკინი და მუხინი მონაწილეობდნენ. დაგეგმვის პროცესი შჩუკინის კაბინეტში მიმდინარეობდა და რამდენიმე ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად რუკის შემდგენელი ტოპოგრაფები მოიწვიეს, რომელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა თქვა:

– ამ კვადრატის ტყიანი მასივი, ასე ვთქვათ, ბუნებრივი მიუდგომლობით გამოირჩევა და ტყემდე მას ირგვლივ პიტალო კლდეებით გარშემორტყმული სქელი ზღუდე აკრავს. ჯერ ერთი, ამ კლდეებზე შეუმჩნევლად ასვლაა გამორიცხული და, ვინმე რომც ავიდეს, ტყიან მასივში ვეღარ შეაღწევს, რადგან იქაურობის გაკონტროლება შეუიარაღებელი თვალითაც კი უადვილესი საქმეა. იქ კი, დარწმუნებული ვარ,  თანამედროვე კონტროლის ელექტროსაშუალებები იქნება დაყენებული და ბუზიც ვერ შეფრინდება.

– იქაური თანამშრომლები როგორ შედიან იმ ზონაში? – იკითხა შჩუკინმა.

– ორი საშუალებით, – მიუგო შჩუკინს ტოპოგრაფების შეფმა, – პირველი საშუალებაა ჰაერი – იქ ვერტმფრენით შეიძლება ჩაფრენა, მეორე კი – სამხედრო გზა, რომელიც ისევე მიუვალია, როგორც კლდეები.

ტოპოგრაფები რომ წავიდნენ, საქმეში უკვე ოპერატიული დაზვერვის სამმართველოს უფროსი ჩაერთო, რომელმაც შჩუკინს მოახსენა:

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, იმ კვადრატში ჰაერით ვერ შევალთ, მე თქვენ სახმელეთო გზას გთავაზობთ.

– გისმენ, ბრძანე! – თქვა შჩუკინმა.

– ჩვენი კაცი, – თქვა სამმართველოს უფროსმა, რომელმაც „კაცში“ მე მიგულისხმა, – დაბა ბოისეში უნდა ჩაჯდეს ლაბორატორიაში მიმავალ მანქანაში და ამგვარად შეაღწიოს დახურულ ტერიტორიაზე. ანუ, ჩემი ბიჭები შეცვლის ოპერაციას ჩაატარებენ – მძღოლს გაიტაცებენ და მის ნაცვლად ადგილს ჩვენიანი დაიკავებს.

– არ ივარგებს! – კატეგორიული უარი სტკიცა შჩუკინმა, – ჩვენ საიდუმლოდ უნდა შევაღწიოთ იქ, გატაცება კი ამას გამორიცხავს. ასე რომ, არ ვარგა.

– აბა, სხვა გზა რომ არ არსებობს იქ შესაღწევად, ამხანაგო გენერალო?

– უნდა ვიპოვოთ. გზა ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, კარგი ძებნაა საჭირო და სწორედ იმიტომ ვართ დაზვერვა, რომ ურთულესი ამოცანები გადავწყვიტოთ. იფიქრეთ, თან, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად!

– ნება მიბოძეთ, წავიდე და ვიმუშაო.

– წადი და, მაქსიმუმ ორ საათში კარგად გააზრებული ვარიანტი მომიტანე, – შჩუკინმა სამმართველოს უფროსი გაისტუმრა და მე და მუხინს მოგვიბრუნდა:

– თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ვართ, სწორი გადაწყვეტილების მოძებნა ძალიან რთული იქნება.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, – უთხრა მუხინმა შჩუკინს, – ის მოხუცი ტოპოგრაფი ხომ არ დაგვეხმარება, შარშან რომ გვყავდა საკონსულტაციოდ მოწვეული? გემახსოვრებათ, ალბათ, ერთი ოპერაციისთვის ჩრდილოამერიკული ტყიანი რელიეფის დეტალური ცოდნა გვჭირდებოდა და მან ამ საქმეში შეუფასებელი დახმარება გაგვიწია. კარგად მახსოვს, რომ თქვა, ოცდაათიანი წლების დასაწყისში „ენკავედეს“ სპეცმივლინებით ვიმყოფებოდი ამერიკაში და იქაურ რელიეფს ვსწავლობდიო. შემდეგ ის სამი წელი ციხეშიც კი იჯდა, თურმე, ცრუდასმენით, მაგრამ, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, პირადად სტალინის ბრძანებით გაათავისუფლეს და სამხედრო მნიშვნელობის საიდუმლო რუკების შედგენაზე ამუშავებდნენ.

– კი, მახსოვს, – დაადასტურა შჩუკინმა, – ის მოხუცი მართლაც ძალიან მცოდნე იყო და შეუფასებელი დახმარება გაგვიწია, მაგრამ, ცოცხალი იქნება?

– ცოცხალია. უკვე გადავამოწმე, – თქვა მუხინმა.

– მაშინ, მოიყვანეთ, რაღას უცდით? დრო არ ითმენს.

ოთხმოც წელს მიტანებული ტოპოგრაფი ასაკთან შედარებით ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, გონება და მეხსიერება კი საერთოდ არ ჰქონდა დაქვეითებული. როგორც კი შჩუკინის კაბინეტში შემოდგა ფეხი, ცოცხალი თვალებით შეგვათვალიერა იქ მყოფები, მოგვესალმა და გვითხრა:

 – აბა, გისმენთ, ახალგაზრდებო. რაში დაგჭირდით, რით შემიძლია, გემსახუროთ?

– ძვირფასო პროფესორო! – გაუღიმა შჩუკინმა მხცოვან პროფესორს, – ალბათ, კარგად გესმით, რომ ჩვენი საუბრის შესახებ არავინ არ უნდა შეიტყოს და ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს.

– ეეჰ, ჩემო მეგობარო, – მიუგო პროფესორმა შჩუკინს და თავზე მარჯვენა ხელი დაიდო, – რომ იცოდეთ, ამ ბებერ ტვინში რამდენი მნიშვნელოვანი საიდუმლოა შენახული, რომელიც საფლავში ჩამყვება და ვერავინ ვერასოდეს შეიტყობს... ჯერ კიდევ ცხონებულ იოსებ ბესარიონოვიჩს შევპირდი, რომ სახელმწიფო საიდუმლოებებს არც ერთი სულიერი არ შეიტყობდა ჩემგან.

სტალინის ხსენება „კაგებეს“ კედლებში მაინცდამაინც სასურველი არ იყო, თანაც, დადებით კონტექსტში, თუმცა პროფესორს ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვდა და გენერალმა შჩუკინმა მას უთხრა:

– ძალიან კარგი. ახლა კი საქმე. ჩვენ, ძვირფასო პროფესორო, აი, ამ ზონის ზუსტი დახასიათება გვინდა, რადგან, ვიცით, რომ ჩრდილოეთ ამერიკას კარგად იცნობთ, – გენერალმა პროფესორს „კაგებეს“ ტოპოგრაფების შედგენილი რუკა დაუდო.

– ბრწყინვალე ნამუშევარია, – თქვა პროფესორმა, ტოპოგრაფიული რუკა გულდასმით დაათვალიერა და დაამატა: – კორდილიერების ეს ტყიანი მასივი განსაკუთრებული მიუვალობითა და კლიმატითაა გამორჩეული. მე შემიძლია, ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი, რადგან სწორედ ეს ზონა მაქვს საუკეთესოდ შესწავლილი. მისი ყოველი მტკაველი კარგად ვიცი და ერთ ადგილზე ჩემი ნიშანიც კი მაქვს დატოვებული.

– ნიშანი? – თქვა შჩუკინმა.

– დიახ, დიახ, – ჩაეცინა პროფესორს, – ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ, ოცდაათიანი წლების დასაწყისში, როდესაც „ენკავედეს“ სპეცდავალებით ვიმყოფებოდი იქ, ამ ზონის ყველა გამოქვაბულში ვიძრომიალე და ერთ-ერთ ნიშაში ფოლადის კაფსულა დავტოვე, რომელშიც საბჭოეთის დროშა დევს, დროშაზე კი ჩემი ხელმოწერაა.

– იქ გამოქვაბულებია? – იკითხა შჩუკინმა.

– დიახ, ჩემო ძვირფასო. მდინარე სნეიკის კალაპოტი ხან მიწის ზევით, ხან კი მიწის ქვევით მიედინება და ამ კალაპოტის შესწავლამ მაპოვნინა სწორედ ეს გამოქვაბულები. ერთ-ერთი მორიგი ვოიაჟისას, მდინარეში ჩავვარდი, დინებამ ქვევით წამიღო და გამოქვაბულში აღმოვჩნდი. ამის მერე კი უკვე თვითონ შევდიოდი შიგნით, იქაურობას ვიკვლევდი და კაფსულაც მაშინ დავტოვე იქ.

– ძვირფასო პროფესორო, – თქვა შჩუკინმა, – იმ კვადრატში ერთი საიდუმლო ლაბორატორია მდებარეობს, სადაც ჩვენი თანამშრომელი შეუმჩნევლად უნდა შევიდეს და, იმიტომ მოგიწვიეთ, რომ იქ შეღწევის გზა გვასწავლოთ.

პროფესორმა რუკას დახედა და იკითხა:

– აბა, თქვენი ლაბორატორიის ზუსტი ადგილმდებარეობა მიჩვენეთ.

– აი, აქ, – შჩუკინმა კვადრატი მოხაზა.

– ძალიან კარგი, – თქვა პროფესორმა, – სწორედ ამ ადგილებშია მდინარე სნეიკის ყველაზე გრძელი, ოთხასმეტრიანი მიწისქვეშა კალაპოტი და სწორედ აქ მდებარეობს ყველაზე დიდი გამოქვაბულიც. აქვეა შვიდი ხვრელიც, რომლებიც მიწის ზევით ადის და, თუკი იმ ლაბორატორიის მშენებლებს ისინი არ აღმოუჩენიათ, მაშინ ზედაპირზე ასვლა უპრობლემოდაა შესაძლებელი.

მოხუცმა პროფესორმა ისე დაწვრილებით და ცოცხლად ამიწერა მის მიერ ნახევარი საუკუნის წინ გამოკვლეული ლანდშაფტი, მეგონა, ფილმს ვუყურებდი და მისი ზუსტად აღქმა არ გამჭირვებია. საუბრის დასასრულს კი პროფესორმა მითხრა:

– აი, ამ ადგილზეა ის ნიშა, სადაც მე დროშა დავტოვე ჩემი ხელმოწერით და, თუ ის ვინმემ არ იპოვა, მაშინ, უჟანგავი კაპსულა ახლაც იქ იქნება.

პროფესორი დიდი პატივით გავისტუმრეთ შჩუკინის კაბინეტიდან, მომავალი ოპერაციის ყველა დეტალი და სავარაუდო ვარიანტის გულდასმით განხილვის შემდეგ შჩუკინმა მითხრა:

– მართალია, პროფესორმა მრავალი სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდა, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი მისია ასი პროცენტით შესრულდება, რადგან, მაინც ურთულესი ამოცანის წინაშე დგახარ. ამიტომ შენ იცი...

ამერიკის დაბა ბოისეში ალპინისტ-კლდეზე მცოცავის სტატუსით ჩავედი, რაც იმ კუთხისთვის უცხო მოვლენა არ იყო. თუმცა, ალპინისტის ზურგჩანთში „ობიექტის“ ლიკვიდაციისთვის საჭირო ყველა მოწყობილობა მელაგა. მდინარე სნეიკის ნაპირს ფეხით გავუყევი და იმ ადგილზე, რომელიც მოხუცმა პროფესორმა მიმანიშნა რუკაზე, ჩემი წყალგაუმტარი ზურგჩანთიანად ჩავყვინთე. ოციოდე მეტრი რომ გავცურე, უზარმაზარ გამოქვაბულში ამოვყავი თავი. იქაურობა სპეციალური ფანრით გავანათე, მიწისქვეშეთს გავყევი და პირველად სწორედ იმ ნიშასთან შევჩერდი, სადაც პროფესორმა ავტოგრაფიანი საბჭოთა კავშირის დროშა დატოვა. კაფსულა ხელუხლებლად იდო თავის ადგილზე, დროშაც შიგნით იყო და მივხვდი, რომ იქაურობა არავის გამოეკვლია.

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3