კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პროფესიონალის შეცდომა

 

ბობ ფერფილდი ყოველთვის მარტო მგზავრობდა. ახლაც საქმიანი კაცის იერით გამოჩნდა სან-ფრანცისკოს ვაგზალზე. მატარებელი მისთვის უცხო არ იყო. მისი სახის გამომეტყველებაში, მის ქცევაში არაფერი იყო ისეთი, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მსუბუქ, სამგზავრო ხელჩანთაში ბრილიანტები ეწყო. ბობ ფერფილდს, ბრილიანტებით მოვაჭრეს, ყოველთვის ყველაფერი, წინასწარ ჰქონდა გათვლილი. მან არ მისცა გამცილებელს ნება, ჩამოერთმია სამგზავრო ჩანთა. ბილეთი აჩვენა და ვაგონში შევიდა. პალტო გაიხადა. იქაურობა მოათვალიერა და სავარძელზე ჩამოჯდა. ჩანთა მარჯვნივ ედო და ზედ ხელი ჰქონდა ჩამოდებული. შეუმჩნევლად ბღუჯავდა იარაღს, ქამარში რომ ჰქონდა გარჭობილი. არასდროს გამოუყენებია, მაგრამ, თუ დასჭირდებოდა, ამის პრობლემაც არ იქნებოდა. მან ფრთხილად მოათვალიერა ვაგონი და პირი გაუშრა მღელვარებისგან – ვაგონის კუთხეში, პირდაპირ კარის წინ, სიმს სლიკი იდგა – მთელ სანაპიროზე სახელგანთქმული ქურდი. ფერფილდმა მაშინვე იცნო ძვირფასეულობის სახელგანთქმული მომპარავი და შეშფოთდა. მარჯვენა ხელით ჩუმად მოსინჯა პისტოლეტი, მერე გასწორდა, ყურადღებაგამახვილებულმა კიდევ ერთხელ, კარგად დაათვალიერა იქაურობა და ნებისმიერი გადამჭრელი და რადიკალური მოქმედებისთვის მოემზადა. ეს სლიკი იმითაც იყო ცნობილი, რომ პოლიციამ ვერც ერთხელ გამოიჭირა ფაქტზე, ვერც ერთხელ ვერ დაუმტკიცა ვერც ერთი ჩადენილი დანაშაული. ის არასდროს ტოვებდა კვალს. მის სინდისზე ძვირფასეულობის მოპარვის ოცზე მეტი შემთხვევა იყო, მაგრამ, ყოველ ჯერზე მშრალი ამოდიოდა წყლიდან. ბობ ფერფილდი, სავაჭრო ფირმის უფროსი ექსპერტი და წარმომადგენელი, ყველა ქურდს, რომლებსაც ძვირფასეულობასთან რამე კავშირი ჰქონდათ, სახეზე იცნობდა... ვაგონში მგზავრების ნაკლებობა იგრძნობოდა. ბობი უკვე ხუთი წლის განმავლობაში, წელიწადში რამდენჯერმე მგზავრობდა ძვირფასეულობით და ერთხელაც არ ჰქონია შემთხვევა, საშიშროება შეჰქმნოდა გასაყიდად გამიზნულ ნაკეთობას. მშვიდობიანად ჩაჰქონდა ახალ მფლობელამდე და მშვიდობიანად ბრუნდებოდა უკან. სლიკის მოქმედებაში იყო რაღაც ისეთი, რაც მას მსხვერპლს ჩასაფრებულ ნადირს ამსგავსებდა. კაცს, რომელიც ჩიტს ეპარება. ¹20 სკამზე ახალგაზრდა ქალი იჯდა, თითქმის გოგონა. ბობმა ჯერ კიდევ ამოსვლისას შენიშნა მისი მზერა – თავის პირდაპირ მჯდარ არსებას დაღლილი, რაღაცით შეწუხებული და, ჯიუტად, თითქოს სიძულვილით უყურებდა. ბობს წესად ჰქონდა: არავითარი კონტაქტი მგზავრებთან. ამ წესის დარღვევას არც ამჯერად აპირებდა. ვაგონ-რესტორანშიც არ ჩასულა, ოფიციანტს ვაგონშივე მოატანინა ყავა და ფუნთუშა. ორი საათი გავიდა. მატარებელი სრული სიჩქარით მიდიოდა. მას მხოლოდ ერთი გაჩერება ჰქონდა – სან-ფერნან-დოდი. ბობს მთელი ღამე არ სძინებია, არც კი დაწოლილა. დილით, მზის ამოსვლასთან ერთად, მატარებელი ლოს-ანჯელესის არკეთდის სადგურში შევიდა. ბობი დაელოდა და, როცა ვაგონიდან ყველა მგზავრი ჩავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიდა ბაქანზე. პირველივე ტაქსიში არ ჩამჯდარა, მეორეს დაელოდა – ესეც მისი „ოქროს წესი“ იყო. ბობ ფერფილდს ყოველთვის ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა ლოს-ანჯელესში. ამიტომაც, შეეძლო, საკუთარი თავისთვის იმის ნება მიეცა, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ ოტელში  მუდმივად დაჯავშნული ჰქონოდა კომფორტული ნომერი. ის თითქმის მისი მეორე სახლი იყო. კარადაში აუცილებელი ტანსაცმელი ეკიდა, თაროზე მისი საყვარელი რამდენიმე წიგნი იდო და, რაც ყველაზე მთავარია, ნომერში მისთვის საგანგებოდ ჩაამონტაჟეს პატარა, მაგრამ ძალიან სანდო და გამძლე სეიფი სპეციალურად ძვირფასეულობისთვის. ბობს ბრილიანტები საიმედოდაც ჰქონდა შენახული და, თან, ნებისმიერ მომენტში შეეძლო, პოტენციური მყიდველისთვის ეჩვენებინა. ფერფილდი, რა თქმა უნდა, არც ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა, საკუთარ აპარტამენტებში გაეძარცვათ, მაგრამ, ნომერში სეიფის არსებობა სიმხნევეს ჰმატებდა. 

სამხრეთის მზემ გული გაუთბო ბობს და ვაგონში ნანახი „მოჩვენება” თითქმის გადაავიწყდა. საუზმე კიდევ უფრო უკეთესი გამოდგა. ბრილიანტებით მოვაჭრემ მთელ სამყაროსთან სრული ჰარმონია იგრძნო და მიხვდა, რომ ცხოვრება მართლაც კარგი რამ იყო.

ბრილიანტები სეიფში შეინახა და შვებით ამოისუნთქა. ახლა შეეძლო, ღიმილით გაეხსენებინა თავისი ღამეული ისტორია, მაგრამ სიმს სლიკის მზერაში, მის მოძრაობებში, იყო რაღაც ისეთი, რამაც ბობს უსიამოვნო ჟრჟოლა მოჰგვარა. „არა, არა, ნერვებმა არ უნდა მიმტყუნოს“! – ჩაიბურტყუნა და ვისკი დაისხა. მოზრდილი ულუფა მიირთვა და კარისკენ გაემართა. დერეფანში ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ ვიღაცამ მის ზურგს უკან ჩაახველა და კისერთან რაღაც ცივი შეეხო. ეს რევოლვერის ლულა აღმოჩნდა. ძალიან ნელა შემობრუნდა და ის ქალიშვილი დაინახა მატარებლიდან. თვალები რისხვით ჰქონდა ანთებული: 

– მე ვიცოდი, ვიცოდი, რომ მითვალთვალებდით. გინდათ, ჩემი მარგალიტები ჩაიგდოთ ხელში? ახლავე პოლიციას გამოვუძახებ! მატარებელშივე მივხვდი, რა გედოთ გულში. ერთი განძრევა და შუბლს გაგიხვრეტთ! კარგად მოვიქეცი, ჩემი მდივანი რომ გავაგდე, ეს მან გითხრათ, რომელი მატარებლით და ვაგონით ვმგზავრობდი. ლიფტისკენ წადით! ჰოლში ჩავალთ და იქ პოლიციას ჩაგაბარებთ!

ფერფილდმა ხმამაღლა გაიცინა:

– მე გგონივართ ქურდი? მომეცით საშუალება, ჩემი სავიზიტო ბარათი გადმოგცეთ. აი, ბობ ფერფილდი ვარ, „სატერ, მედისონ და ფერფილდიდან“ ჩვენ ბრილიანტებით ვვაჭრობთ. აქ კლიენტთან ჩამოვედი. სასტუმროს ადმინისტრაცია კარგად მიცნობს. ისინი დაადასტურებენ ჩემს ვინაობას.

ქალიშვილს ლამაზი, ყავისფერი თვალები გაუფართოვდა:

– ღმერთო ჩემო! მე კი გრეის დელანო ვარ სიეტლიდან. თქვენს ფირმასთან საქმიანი კონტაქტებიც მქონია. რა სირცხვილია! საქმე ისაა, რომ თან ძალიან ძვირფასი სამკაული მაქვს – მარგალიტის ყელსაბამი პოტერების კოლექციიდან. თქვენ გაგონილი გექნებათ მასზე. მყიდველთან მაქვს შეხვედრა. შეხედეთ – ქალიშვილმა პატარა ხელჩანთა გახსნა და ბობმა შავი ტყავის ფონზე, მარგალიტების რძისფერი ბზინვარება დაინახა. ქალიშვილმა  ერთბაშად, სწრაფად დახურა ხელჩანთა და გაფითრდა. ბობმა უკან მიიხედა ხალიჩით მოგებულ დერეფანში სიმს სლიკი დაინახა თავის ორ თანამგზავრთან ერთად. ისინი პირდაპირ მათკენ მოდიოდნენ სწრაფი ნაბიჯით. ბობ ფერფილდმა ქალიშვილს ხელი სტაცა, თავის ნომერში შეაგდო და კარი შიგნიდან ჩაკეტა. დროზე მოასწრო. კარზე ბრახუნი ატყდა და სამი მამაკაცის ქშენაც გარკვევით მოისმა.

– რა მოხდა? – იკითხა ქალიშვილმა, რომელიც ვერაფერს მიხვდა.

– აქ სიმს სლიკია, ძვირფასეულობის ცნობილი ქურდი. აი, ვინ მოგდევდათ და გითვალთვალებდათ. მე თითქმის მეგონა, რომ ჩემს ბრილიანტებს მოსდევდა. მადლობელი უნდა ვიყო თქვენი. თქვენმა სიფრთხილემ სიტუაციაში გამარკვია. ახლა პოლიციაში დავრეკოთ და ვუთხრათ, სლიკს ყურადღება მიაქციონ. მეტი სიმშვიდისთვის კი, ჩემს სეიფს შემოგთავაზებთ – საკმაოდ მტკიცეა და ყველაზე გამოცდილი მძარცველისთვისაც კი მიუწვდომელი. ჩემს ბრილიანტებს ყოველთვის აქ ვინახავ. გნებავთ, თქვენი მარგალიტებიც აქ შევინახოთ?!

ქალიშვილმა მაშინვე გახსნა ჩანთა და ყელსაბამი ამოიღო. ბობმა ერთი შეხედვით შეაფასა ის. მერე სეიფი გააღო და შავი ფუტლარი გამოიღო.

– რა შესანიშნავი ბრილიანტებია! – წამოიყვირა ქალიშვილმა და მბრწყინავ ქვებს ოდნავ შეახო თლილი თითები. სწორედ ამ დროს, ნომერში ტელეფონმა დარეკა. ბობმა წუთით მიატოვა ბრილიანტებით მოხიბლული ქალიშვილი და ყურმილი აიღო.

– არა. არავითარ შემთხვევაში! არამზადა. ეს უკვე მეტისმეტია!

ქალიშვილმა ორივე ფუტლარი გადასცა, თან ჰკითხა:

– ვინ იყო?

– ადმინისტრატორი მირეკავდა. ვინმე სიმს სლიკს თქვენთან შეხვედრა უნდაო. როგორი თავდაჯერებულია. ახლა ამ ძვირფასეულობას სეიფში ჩავკეტავ, ქვემოთ ჩავიდეთ და  პოლიცია გავაფრთხილოთ. თქვენს კლიენტთან შეხვედრა რომელ საათზე გაქვთ? ხუთზე? მშვენიერია. მე სამ საათზე ველოდები მყიდველს და, მერე, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ერთად ვისადილოთ.

ქალიშვილმა პასუხად გაუღიმა. ბობს გული შეუქანდა.

– ისეთი ბედნიერი ვარ, რომ გაგიცანით, მის დელანო...

მყიდველი ბობთან ორ საათსა და ორმოცდათხუთმეტ წუთზე გამოცხადდა. ბობმა ვისკი დაუსხა და სეიფთან მივიდა.

– მთელ სანაპიროზე რჩეული ბრილიანტებია, ასეთებს სხვაგან ვერ ნახავთ, ამ სიტყვებით გაუწოდა მან ფუტლარი. კლიენტმა გახსნა. რამდენიმე წუთიანი სიჩუმის შემდეგ, უცებ კლიენტის ბრაზით ნათქვამი სიტყვები გაისმა: 

– ეს რა ხუმრობაა?

– ხუმრობა? – ბობ ფერფილდი შეხტა, – რას გულისხმობთ?

კლიენტმა ფუტლარი უსიტყვოდ გაუწოდა. შავ ხავერდზე ბრილიანტების ცივი ბრწყინვალება ცირკონების ფერად ციმციმს შეეცვალა. ბობს ხავილი აღმოხდა გამშრალი ყელიდან და სეიფს ეცა.  მეორე ფუტლარმა კიდევ უფრო გაუცრუა იმედი – უძვირფასესი მარგალიტის ყელსაბამის ნაცვლად, ჩვეულებრივი, თეთრი ბურთულების მძივი შერჩა ხელთ.

„ღმერთო!.. როგორ გამაცურეს.. ის ზარი... ქალიშვილი ვაგონიდან... მისი მიამიტური მზერა! ეს ყველაფერი თამაში იყო. რა იდიოტი ვარ! სლიკმა ისევ არ დაუშვა შეცდომა. აი, მე კი სულელი აღმოვჩნდი და მის ანკესს წამოვეგე!..“

ნამდვილი გრეის დეილანო მხოლოდ მეორე დღეს იპოვა პოლიციამ, ხელფეხშეკრული, საკრამენტოს სადგურის ტუალეტში. ქალიშვილი, რომელმაც ფერფილდი მოატყუა, „ლამაზი მილი” აღმოჩნდა – ძვირფასეულობის მძარცველი და თაღლითი. მისთვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა, ფუტლარები შეეცვალა. პოლიციამ კი ისევ ვერ დააპატიმრა სიმს სლიკი.

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3