კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ძარცვავდა ქართველ „ცეხავიკებს“ თბილისში მოქმედი მილიციურ-ქურდული სინდიკატი

 

მილიციის კაპიტნის, შალვა მოსიძის ისტორიამ გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. იმის გამო, რომ ამ საქმის ზოგიერთი მონაწილე დღესაც ცოცხალია, მათი სახელები შევცვალეთ.

უცნაური სიკვდილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელი, მილიციის მაიორი ლევან ლაღიძე და იმავე უწყების კაპიტანი შალვა მოსიძე ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ერთ კლასში სწავლობდნენ, უნივერსიტეტიც ერთად დაამთავრეს და მილიციაშიც ერთდროულად დაიწყეს მუშაობა. ისინი განუყრელი მეგობრები იყვნენ და სამინისტროში მათ სიამის ტყუპებს ეძახდნენ. 9 ივლისს ლაღიძე და მოსიძე კაფე „მეტროში“ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები შეხვდნენ ერთმანეთს, განმარტოვდნენ და დაბალ ხმაზე დაიწყეს საუბარი. მოსიძე ლაღიძემ დაიბარა პაემანზე. მოსიძე თხუთმეტი წუთით ადრე მივიდა კაფეში და ორი ბოთლი შამპანური შეუკვეთა. მეგობარი რომ მოვიდა, ჭიქა შუშხუნა სითხით შეუვსო და უთხრა:

– ვისაუბროთ, თან, ნელ-ნელა ვწრუპოთ.

– არა, შაკო, – თავი გააქნია ლაღიძემ, – ვერ დავლევ. უკვე ორი დღეა ვმარხულობ და სასმელს არ ვეტანები.

– მარხულობ? რას ამბობ, ლეო, – გაეცინა მოსიძეს, – რა მარხვა, რის მარხვა. ხომ არ გაგიჟდი?! დალიე, თუ კაცი ხარ და მითხარი, რა ხდება. ასე კონსპირაციულად რატომ დამიბარე აქ. სამინისტროში ვერ ვილაპარაკებდით? დალიე, რა!

– არა, შაკო, არ გეწყინოს, ვერ დავლევ.

– ჩემი ხათრით, ლეო.

– არა, შაკო, არ გეწყინოს, – თავი გააქნია ლაღიძემ და შამპანურით სავსე ჭიქა გვერდზე გაწია.

იგივე გააკეთა მოსიძემაც და მეგობარს უთხრა:

– ესე იგი, მართლა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩემი ხათრითაც არ სვამ.

– არ ვსვამ, იმიტომ რომ ვმარხულობ და რაც არ უნდა მოხდეს, წვეთიც არ გადამივა ყელში. გვეყო უღმერთოდ ცხოვრება. რაც შეეხება შენი აქ დაბარების მიზეზს, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.

– თქვი, გისმენ.

– ამ დილით მინისტრის მოადგილემ დამიბარა და გორელიშვილის საქმის დახურვა მიბრძანა. მითხრა, რომ საგამოძიებო ვადებს გადავაცილე, თან ბევრიც არაფერია გამოსაძიებელი,  გორელიშვილი ინვალიდია და მისი პატიმრობა მიზანშეუწონელიაო. ერთი სიტყვით, მას უნდა, რომ ის ნაძირალა გავათავისუფლო. არადა, ამ საქმეში რაც უფრო ღრმად ვერკვევი, მით უფრო საინტერესო ხდება. მით უფრო მეტი ხალხი ჩნდება და გამოძიება ხორცს ისხამს. მოკლედ, მინისტრის მოადგილის არგუმენტი, გორელიშვილის ინვალიდობის გამო გათავისუფლების შესახებ, სისულელეა. ის ხარივით ჯანმრთელია და მისი ინვალიდობის ცნობა „ლიპაა“. ერთი სიტყვით, მინისტრის მოადგილეს ძიების გაგრძელება არ სურს, რადგან არ აწყობს და ვფიქრობ, ის ამ საქმეში გარეულია.

– რა საქმე უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კანონიერ ქურდს და მინისტრის მოადგილეს?

– მაგას სულ მალე დავადგენ, მაგრამ ამის დაშვება არ უნდა და ამიტომ მომთხოვა, ამ საქმის შეწყვეტა.

– შენ რა უთხარი?

– უარი. თანაც, დავემუქრე, რომ მინისტრთან შევიდოდი პატაკით.

– მერე?

– რა მერე. შევატყვე, შეცბა და არ მოელოდა ჩემგან ამას. მაგრამ, არ შეიმჩნია და მითხრა, რომ ჩემთვის ზედმეტი ხლაფორთის თავიდან აცილება უნდოდა. მისი თქმით, გორელიშვილს გავლენიანი ნათესავები ჰყავს და ვითომ ისინი აწუხებენ.

– სულ ესაა?

– ერთი შეხედვით – კი. მაგრამ ვფიქრობ, მინისტრის მოადგილე ასე იოლად არ მომეშვება და შენ აქ იმიტომ დაგიბარე, ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო. მე რომ რამე დამემართოს, ედუარდ ამბროსოვიჩს ყველაფერი მოუყევი. მინისტრი ამ დღეებში ჩამოვა და სანამ ვნახავ, შენთან დავიჭირე „სტოპერიოდი“.

შეხვედრის შემდეგ შალვა მოსიძე სახლში წავიდა დასასვენებლად, რადგან ზედიზედ ორი დღე იმორიგევა. ლევან ლაღიძე კი სამინისტროში დაბრუნდა, რადგან მორიგე იყო და მხოლოდ დილის 8 საათზე იცვლებოდა. მაგრამ, 10 ივლისს, ღამის 3 საათსა და 45 წუთზე, ლევან ლაღიძე მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადავარდა, ბეტონის ფილებზე დაეცა და დაიღუპა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ მის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ალკოჰოლი აღმოაჩინა და მომხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ამას მაიორ პავლე კოღუაშვილის ჩვენებაც ამყარებდა, რომელიც იმ ღამეს ლაღიძესთან ერთად მორიგეობდა სამინისტროში. კოღუაშვილი წერდა: „მე და ლევან ლაღიძემ ორი ბოთლი არაყი გამოვცალეთ. შემდეგ ლევანი ტუალეტში წავიდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ კი შევიტყვე, რომ ის ფანჯრიდან გადავარდა. პავლე კოღუაშვილი მეორე დღესვე გაათავისუფლეს სამსახურიდან დისციპლინის დარღვევისთვის. ერთ კვირაში კი ის თბილისიდან გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.

მაიორი ლევან ლაღიძე მხედრული პატივით დაკრძალეს, რომელსაც იმჟამინდელი მინისტრი  ედუარდ შევარდნაძეც ესწრებოდა. ქელეხში კი სწორედ მინისტრის მოადგილე თამადობდა, რომელმაც ლაღიძეს გორელიშვილის საქმის შეწყვეტა მოსთხოვა. მეგობრის პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე შალვა მოსიძეს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერი იცოდა. ქელეხიდან სახლში რომ დაბრუნდა, ტახტზე წამოწვა და თვალცრემლიანმა ჩაილაპარაკა: „საცოდავი ლეო, მარხულობდა, ესე იგი არც დალევდა. ის მოკლეს. ხვალიდან მისი მკვლელების ძებნას ვიწყებ!“

შალვას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს და მხოლოდ განთიადისას ჩაეძინა...

მარტოხელა შურისმაძიებელი

შალვა მოსიძემ მეგობრის მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ყველაზე მარტივი და სარისკო, ძალისმიერი მეთოდი აირჩია. გადაწყვიტა მინისტრის მოადგილე მოეხელთებინა და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად ეთქმევინებინა მისთვის ყველაფერი. საამისოდ საგანგებო მზადება დაიწყო, რამდენიმე ვარიანტი შეიმუშავა, მაგრამ ამასობაში მინისტრის მოადგილე დააწინაურეს და მოსკოვში, საკავშირო შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიყვანეს სამუშაოდ. მოსიძე, მინისტრის მოადგილესთან ჩვეულებრივ მიღებაზე უნდა მისულიყო, შემდეგ მისთვის იარაღი დაედო შუბლზე და მოკვლის მუქარით იძულებული გაეხადა, ყველაფერი მოეყოლა, ის კი ფირზე ჩაიწერდა. მაგრამ მისმა დაწინაურებამ ეს გეგმა ჩაუშალა და სხვა ვარიანტების ძებნა დაიწყო. შალვას მიხეილ გორელაშვილის, მეტსახელად „ჩიტას“ მოხელთებაც უნდოდა, რომელიც ციხიდან ლევანის სიკვდილიდან მესამე დღესვე გაათავისუფლეს, მაგრამ ისიც მოსკოვში გაემგზავრა და შალვასთვის დროებით მიუწვდომელი გახდა. არც ყოფილი მილიციელი, პავლე კოღუაშვილი ჩანდა და მოსიძემ მინისტრ ედუარდ შევარდნაძესთან შესვლა და პატაკის ჩაბარება გადაწყვიტა. მაგრამ, მოულოდნელად შეიტყო, რომ კოღუაშვილი დაბრუნდა და მისი ნახვა მოინდომა. შალვა პავლე კოღუაშვილს სახლთან ჩაუსაფრდა და როცა ის სახლში დაბრუნდა, იარაღი კეფაზე დაადო, ბინაში შეაგდო, რადიატორზე მიაბა და უთხრა:

– დაბრუნდი, შე  ნაბოზარო?

– რას მერჩი, შაკო, რა დაგიშავე?

– ვითომ არ იცი, არა? სიმართლე უნდა მითხრა, თორემ სასტიკად გაწამებ. შემდეგ დაგანაწევრებ და შენს ხორცს მაწანწალა ძაღლებს შევაჭმევ.

– ჩემგან რას მოითხოვ?

– სიმართლეს. მითხარი, როგორ მოკალით ლეო?

– რას სულელობ? ლეო მთვრალი იყო და ტუალეტის ფანჯრიდან გადავარდა.

– ტყუილს ამბობ. ლეო მარხულობდა, არ სვამდა და ეს მე ზუსტად ვიცი. სიმართლე მითხარი, თორემ, ლეოს სულს ვფიცავ, ნაკუწ-ნაკუწ აგქნი.

– მართლა არაფერი ვიცი, – თავი გააქნია კოღუაშვილმა, – ლეო მართლა ტუალეტში გავიდა და ნახევარი საათის შემდეგ გავიგე მისი სიკვდილის ამბავი. ჩოჩქოლი რომ ატყდა, მინისტრის მოადგილემ მიხმო და მითხრა, თუ  ისე არ ვიტყოდი ყველაფერს, როგორც დამარიგებდნენ, მაშინ ლეოს კვალს გამიყენებდნენ და ცოლ-შვილსაც დამიხოცავდნენ, ხოლო თუ მას დავუჯერებდი, 100 ათას მანეთს მომცემდნენ. აქედან სწორედ შიშის გამო გავემგზავრე და ცოლ-შვილი გადავმალე. ახლა კი ბინის გასაყიდად დავბრუნდი და რომ მცოდნოდა, შენ მეძებდი, საერთოდ არ გამოვჩნდებოდი.

– შენც დარტყმის ქვეშ ხარ და რომ იცოდე, არ გაცოცხლებენ. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მოგკლეს, რომ ცრუ მოწმედ სჭირდებოდი. ახლა კი მათთვის უკიდურესად საშიში ხარ და არ დაგინდობენ.

– აბა, რა ვქნა?

– დამეხმარე სიმართლის გაგებაში და ერთად ვიძიოთ შური.

– თანახმა ვარ, – თავი დააქნია კოღუაშვილმა, რის მერეც შალვამ ის ახსნა, შეხვედრაზე შეუთანხმდა და იქაურობა კონსპირაციულად დატოვა. მეორე დღეს კი პავლე კოღუაშვილი სასტიკად ნაწამები ჩამოხრჩობილი იპოვეს საკუთარ ბინაში.

შალვა მოსიძე კვლავ მარტო დარჩა. ის აშკარად გრძნობდა, რომ ვიღაცის უხილავი თვალი უთვალთვალებდა და ნებისმიერი სასტიკი შეტაკებისთვის მზად იყო. შალვა დარწმუნდა, რომ ის ნაწამებმა კოღუაშვილმა გათქვა და უკვე აშკარად დევნიდნენ. ამიტომ, კონტრშეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა. მასზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ, როდესაც ის მარცხენა მხარში მსუბუქად დაიჭრა, ხოლო თავდამსხმელი კი მოკლა, ორკვირიანი შვებულება აიღო და ჩიტას ხელში ჩასაგდებად მოსკოვში გაემგზავრა.

ქურდულ-მილიციური სინდიკატი

მიხეილ გორელიშვილის, იგივე ჩიტას საქმე, რომელსაც, ფაქტობრივად, ლევან ლაღიძის სიცოცხლე შეეწირა, დახურულ არქივში იყო გადაცემული. საქმე კი ის იყო, რომ ჩიტა 10 ათასი მანეთის გამოძალვისთვის დააპატიმრეს, რომელიც მან „ცეხავიკ“ შოთა ალავიძეს გამოსძალა. მაგრამ, მოგვიანებით, ალავიძემ ჩვენება შეცვალა, რის შემდეგაც ის აბაზანაში იპოვეს ვენებგადაჭრილი. სწორედ ამიტომ, ცდილობდა ლევან ლაღიძე ამ საქმის საფუძვლიანად გამოძიებას, რასაც საბოლოოდ შეეწირა კიდეც.

მოსკოვში შალვა მოსიძე მაიორ ანტონ პეტრენკოსთან მივიდა, რომელიც მისი და ლევან ლაღიძის ძველი მეგობარი და ნათესავი იყო. პეტრენკოს შალვას ბიძაშვილი, ნატო ჰყავდა ცოლად, თავად კი „კაგებეს“ საგარეო დაზვერვის თანამშრომელი გახლდათ და ხშირად უწევდა უცხოეთში გამგზავრება. სწორედ ამ მიზეზით ვერ დაესწრო ლევანის დაკრძალვას. შალვამ ყველაფერი დაწვრილებით უამბო პეტრენკოს და უთხრა:

– შენი შარში გახვევა არ მინდა. ამიტომ, ერთი თხოვნა მაქვს, თუ, რა თქმა უნდა, შესრულება შეგიძლია – მე ჩიტას ადგილსამყოფლის დადგენა, მისი ბინის მისამართი მაინტერესებს. ეს, რა თქმა უნდა, მეც შემიძლია, მაგრამ აქ ინკოგნიტოდ ვარ ჩამოსული და ჩემს მოსკოველ კოლეგებს რომ მივმართო, გავიშიფრები.

– ლევანი ჩემი ძმა იყო და შურს ერთად ვიძიებთ. ამ ნაძირლებს ერთად გამოვააშკარავებთ, – უპასუხა ანტონმა.

 პეტრენკომ უპრობლემოდ დაადგინა ჩიტას მისამართი, რომელიც ძველ არბატზე, ფეშენებელურ ბინაში ცხოვრობდა. შემდეგ მოსიძესთან ერთად გრიმი გაიკეთა და კანონიერი ქურდი ზედ ცხვირწინ ააცალა მისივე კოლეგებს. მათ ჩიტა მოსკოვის მახლობლად, მიტიშჩის დასახლებაში მიიყვანეს და ერთ-ერთი აგარაკის სარდაფში თავქვე დაკიდეს. მოსიძემ გორელიშვილს მიმართა:

– რა კავშირი გაქვთ პოლკოვნიკთან და რატომ მოკალით ლევან ლაღიძე?

პოლკოვნიკი მოსკოვში გადაყვანილი ყოფილი მინისტრის მოადგილე გახლდათ. ჩიტამ ჯერ ურჩობა სცადა, მაგრამ კბილებში რომ პისტოლეტის ტარი მოხვდა, ყველაფერი დაწვრილებით დაფქვა:

– პოლკოვნიკს თავისი დაჯგუფება ჰყავს. ის მე და ჩემს ბიჭებს ჯერ კიდევ თბილისში დაგვიკავშირდა და ცეხავიკებსა და ფაშისტებს რომ ვწეწავდით, პასუხისგებისგან გვიცავდა. ალავიძეც მათ მოკლეს.

– კონკრეტულად ვინ?

– შეკვეთა პოლკოვნიკის იყო, „გოგრამ“ და „ხისთავამ“ კი შეასრულეს.

გოგრა და ხისთავა პოლკოვნიკის ადიუტანტები იყვნენ, რომლებიც მან მოსკოვშიც თან წაიყვანა. მოსიძემ სიმწრით ტუჩი მოიკვნიტა და ჩაილაპარაკა:

– როგორ ვერ მივხვდი ამას. მაგრამ, მაინც გამოვუყვან მათ წირვას, – შემდეგ მგლური თვალები ჩიტას მიანათა და ჰკითხა:

– შენს ძმაკაც ქურდებსაც შენ აჭერინებდი?

– არა, – უარყო ჩიტამ.

მოსიძემ ქურდს კიდევ სამი კბილი ჩაუმტვრია და უთხრა:

– ახლაც უარყოფ?

– ჰო, მე ვაჭერინებდი, – დააზუსტა ჩიტამ, – ვინც არ გვაწყობდა, პოლკოვნიკი ყველას იჭერდა.

მოსიძემ ჩიტას მონათხრობი ფირზე ჩაიწერა და მოსკოველი ქურდების წინამძღოლს პავლე ბორუსოვს, მეტსახელად „ბანანს“ გაუგზავნა, თან თავქვედაკიდებული ჩიტას ადგილსამყოფელიც მიუთითა.

ბანანმა და მისმა კოლეგამ ჩამშვები ჩიტა სასტიკაც სცემეს. შემდეგ ხმლით თავი მოაჭრეს და აგარაკს ცეცხლი წაუკიდეს.

მოსიძემ კი გოგრა და ხისთავა მეორე დღეს „ვოლგის“ მარკის ავტომობილში ჩაცხრილა და თითოეულს რვა-რვა ტყვია მოხვდა. შალვამ პოლკოვნიკის მოკვლაც სცადა, მაგრამ ის ჯავშანჟილეტმა იხსნა. მოსიძე კი მისმა მცველებმა დაჭრეს. ის ჯერ საავადმყოფოში წაიყვანეს და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს, შემდეგ გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს...

P. S. შალვა მოსიძე საკასაციო სარჩელის განხილვის შემდეგ სასამართლოს შენობიდან გაიქცა. ყოფილი მინისტრის მოადგილე კი იმავე საღამოს ვიღაც უცნობმა მისივე სახლის სადარბაზოში ჩაცხრილა.

მიუხედავად  იმისა, რომ მოსიძეს მთელი საბჭოთა მილიცია ეძებდა, მან და პეტრენკომ კანადაში გაქცევა მოახერხეს.

 

 

скачать dle 11.3