კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიწყო გია ჭირაქაძემ ცხოვრება თავიდან და რა შესთავაზა მას ნანი ბრეგვაძემ

 

წარმოუდგენელია, „ქართულ ხმებს“ მოუსმინო და განუმეორებელი სიამოვნება არ განიცადო. ანსამბლს თავიდანვე გამორჩეული წევრები ჰყავდა, რომელთაგან ბევრი ცოცხალი აღარ არის: გოგი დოლიძე, დათო გოგიაშვილი (თავგასა), გურამ თამაზაშვილი, ზაურ ბოლქვაძე... დღევანდელ ნომერში „ქართული ხმების“ ბანის, ერთი არაჩვეულებრივი კაცის, გია ჭირაქაძის ცხოვრების დღიურებს შემოგთავაზებთ, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან დაგაინტერესებთ.

– ბატონო გია, თქვენს თაობაშიც და ჩვენს თაობაშიც ძალიან საინტერესო პიროვნება ბრძანდებით. დიდი გზა გაქვთ გამოვლილი, ბევრი რამ გინახავთ ცხოვრებაში. თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენი და თქვენი ოჯახის შესახებ. 

– დავიბადე ინტელიგენტების ოჯახში. მაშინ ტრანსპორტი არ არსებობდა. როდესაც დედა მოსალოგინებელი გახდა, ფაეტონით წაიყვანეს მაშინდელ არამიანცის საავადმყოფოში. ამბობენ, გზაში ფაეტონს ბორბალი მოსძვრა. ვცხოვრობდით ვორონცოვის მოედანზე, ყოფილ „მოდელების სახლთან“. მამა ექიმი გახლდათ, დედა ლიტერატორი და დიდი ხნის განმავლობაში „საქართველოს რადიოს“ ჟურნალისტი იყო. შემდეგ გადავიდა სოხუმში. იქ აფხაზეთის სახელმწიფო გამომცემლობაში მუშაობდა რედაქტორად. დადიანის ქალი გახლდათ. ბაბუას და გათხოვილი იყო ვინმე აფხაზ ანჩაბაძეზე. მახსოვს, მის დაკრძალვაზე რამდენი მოხუცი აფხაზი მოვიდა. ვსწავლობდი თბილისის პირველ საშუალო სკოლაში. მას შემდეგ, როგორც კი დავიწყე სცენაზე გამოსვლა და კონცერტების რუსულ ენაზე წაყვანა, ჩემმა პედაგოგმა, რაჟდენ ნაცვლიშვილმა, მითხრა: ყოველთვის გახსოვდეს, ის, რომ შენ კარგად ფლობ რუსულ ენას, ჩემი დამსახურებაცააო. ძალიან მიხაროდა, რომ ჩემმა პედაგოგმა ასეთ მაღალ დონეზე შეაფასა ჩემი რუსულის ცოდნა. მთელ არდადეგებს, რა თქმა უნდა, სოხუმში ვატარებდი. გული მტკივა დღევანდელი სიტუაციის გამო და ეს არა მხოლოდ ჩემი, ყველას საერთო ტკივილია, რადგან აფხაზეთში ცხოვრობდა ბევრი ჩემი უახლოესი ადამიანი, ყველას ჰყავდა იქ მეგობრები, ახლობლები.

– როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო წინაპრები გყავდათ, თითოეული მათგანი მჭიდროდ იყო დაკავშირებული რელიგიასთან.

– მამაჩემის მამამ, პარმენ ჭირაქაძემ, რომელიც დეკანოზი იყო, თავის დროზე სოფელ გოდოგანში (ეს სოფელი ქუთაისის მახლობლადაა და იქ მხოლოდ ჭირაქაძეები ცხოვრობენ, – ავტორი) ჯვართამაღლების ეკლესია ააშენა. მამაჩემის დაბადებამდე ყველა ჭირაქაძე სასულიერო პირი ყოფილა. ქალები უმეტესწილად ან მონაზვნები ხდებოდნენ, ან სასულიერო პირების ცოლები იყვნენ. ჩემი და, მანანა, დაინტერესდა, ჩვენი გვარის წარმომავლობით და გაარკვია, რომ თურმე, ჩვენი გვარი ტაოდან, კერძოდ, ხახულიდან მოდის, ანუ, ჩვენ ვყოფილვართ ხახულის ხატის ყმები (როდესაც დავით აღმაშენებელმა გელათი აღაშენა, ტაოდან ხახულის ხატი მაშინ წამოაბრძანა და გელათში დააბრძანა). „ჭირაქ“ თურქულად „ყმას“ ნიშნავს. სამცხე-საათაბაგო მთლიანად თურქეთის შემადგენლობაში რომ გადავიდა, ჩვენი გვარის ერთმა ნაწილმა მაჰმადიანობა მიიღო, მეორე ნაწილმა კი – არა. სწორედ ეს ნაწილი გადმოვიდა შემდგომ ქრისტიან საქართველოში და, ამიტომაც, ჩვენი გვარის ყველა წარმომადგენელი სასულიერო პირი იყო. ბაბუაჩემი სამჯერ დაიჭირეს. 1937 წელს, გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, მესამედ მაშინ დაიჭირეს და კვლავ შუა აზიაში გადაასახლეს. არასდროს გაუპარსავს წვერი და არც ანაფორა გაუხდია. როდესაც ის დაიჭირეს, მამაჩემი და მამიდაჩემი უკვე სტუდენტები იყვნენ და ინსტიტუტიდან ორივე გარიცხეს. 1924 წელს მამა, თავის მამიდაშვილთან ერთად, ბაბუასთან ჩავიდა სოფელში. იქ გაიგეს, რომ მღვდელს შვილი და დისშვილი ჩამოუვიდაო, დააბრალეს, ვენახში მალავსო და მთელ ვენახს ცეცხლი წაუკიდეს. ბაბუამ  ცხენზე შესვა ორივე და შუაღამისას გამოისტუმრა. იმავე ღამეს დაიჭირეს ბაბუა, შემდეგ კი მამა  გამოაგდეს სასწავლებლიდან. ჩვენმა ერთმა ნათესავმა, რომელიც სამხედრო პირი იყო, მამაჩემი სამხედრო ორკესტრში მიიყვანა და დაკვრა დააწყებინა – მას მცირედი მუსიკალური განათლება ჰქონდა. იმ პერიოდში პროდუქტების ტალონები რიგდებოდა. ორკესტრში მუშაობის წყალობით მას შინელი, კვების ტალონი და ღამის გასათევი მისცეს. ბაბუასგან ბევრი საინტერესო ნივთი შემოგვრჩა, რომელთა უმეტესობა ჩემს დასთან ინახება. მე მაქვს ერთი ასეთი საინტერესო ნივთი – ემბაზი, რომელშიც ბაბუა ბავშვებს ნათლავდა. აგრეთვე, გვაქვს კრიალოსანი ქარვისა და გიშრის ჯვრით, რამდენიმე წიგნი. ბაბუა გელათის სამრევლო სკოლის მასწავლებელი იყო და სინოდმა სლავური ბიბლიით დააჯილდოვა.

– თქვენი სასცენო გამოსვლები იმ დროისთვის ძალზე პოპულარულ „გეპეის“ ორკესტრთან ერთად დაიწყო. გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი.

– სკოლაში სასულე ორკესტრში კლარნეტზე ვუკრავდი და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმიტომ ჩავაბარე, რომ ცნობილი სტუდენტური ორკესტრი იყო. სხვათა შორის, არც ისე ძლიერი კლარნეტისტი აღმოვჩნდი, თუმცა, მაინც ვიღებდი მონაწილეობას ოლიმპიადებზე – ვუკრავდი, ვმღეროდი, ვცეკვავდი... ბოლოს ორკესტრში კონფერანსიედ მიმიღეს. ეს იმხელა სიხარული იყო ჩემთვის, ლამის დავფრინავდი, იმ დროს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. ჩემი პირველი პარტნიორები სცენაზე გახდნენ აბესალომ ლორია და ირაკლი მამაცაშვილი. ცოტა ხანში ლორია კინოში წავიდა, მე და ირაკლი კი განვაგრძობდით ინსტიტუტის ორკესტრში გამოსვლას. იმ დღიდან დავმეგობრდით, ძალიან მიყვარდა. მალე ჩვენმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს ახალგაზრდულ და სტუდენტურ ფესტივალზე, მოსკოვში და ფესტივალის ლაურეატები გავხდით.  მაშინ 20 წლის ვიყავი. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო. ამის შემდეგ მე და ვოკალური კვარტეტი გურამ ბზვანელის ხელმძღვანელობით (ჩვენ ყველა გამოვდიოდით „გეპეის“ ორკესტრში) ნანი ბრეგვაძემ მიგვიწვია სახელმწიფო ორკესტრ „რეროში“, რომლის ხელმძღვანელიც კონსტანტინე პევზნერი გახლდათ.

– და, აქედან დაიწყო თქვენი პოპულარობა...

– მაპატიეთ გულახდილობა, მაგრამ, მე უკვე ვიყავი პოპულარული ბიჭი. მაგალითად, სტუდენტურ პრაქტიკებზე ხშირად გვიწევდა მოსკოვში ჩასვლა. ერთხელ, ბარში ვისხედით, გოგოები მომიახლოვდნენ და მკითხეს: „როგორ არიან თქვენები, უკვე ჩამოვიდნენ“? – ანუ, მოსკოვში უკვე მცნობდნენ. „რეროში“ მუშაობის დროს ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ მთელ საბჭოთა კავშირში ვმოგზაურობდით. ხშირად ჩვენი გასტროლები ემთხვეოდა მოსკოვის თეატრების, ცირკის კოლექტივების გასტროლებს და, როგორც წესი, ყველა  ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. განსაკუთრებული მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა თეატრ „სოვრემენნიკთან“. მოსკოვში, ჩვეულებრივ, ვჩერდებოდით სასტუმრო „პეკინში“, თეატრი „სოვრემენნიკი“ კი, იქვე ახლოს, მაიაკოვსკის მოედანზე იყო. ჩვენი გასტროლები თვეები გრძელდებოდა. თითქმის ყოველ საღამოს მსახიობები პევზნერის ნომერში იკრიბებოდნენ. მასზე შეყვარებული იყო ყველა – ესტრადის თეატრი, სატირის თეატრი, სტანისლავსკის სახელობის თეატრი. „რეროს“ წყალობით გაიშალა არა მხოლოდ ჩვენი გამოსვლების გეოგრაფია, არამედ, საერთო ნაცნობობის წრეც. პევზნერი ძალიან ნიჭიერი ადამიანი გახლდათ. ჩემთვის ის იყო არა მხოლოდ მუსიკოსი, არამედ რეჟისორიც.

– თქვენ ფილმებშიც გაქვთ ნათამაშები, რაც ყველამ არ იცის. ამაზეც გვიამბეთ.

– ოთარ იოსელიანის ფილმში „აპრილი“ სრულიად შემთხვევით მოვხვდი. მაგ დროს უკვე დამთავრებული მქონდა „გეპეი“ და კათედრაზე ვმუშაობდი. ქუჩაში ოთარის ასისტენტმა გამაჩერა და გადაღება შემომთავაზა. მოხდა ისე, რომ ოთარს უკვე ჩაშვებული ჰქონდა ფილმი წარმოებაში, სხვა მსახიობები თამაშობდნენ, მაგრამ რატომღაც, დაშორდნენ. ეჩქარებოდა და მთავარ როლებზე მე და ტატიანა ჭანტურია აგვიყვანა. მართალია, ამ ფილმში სიტყვები არ არის და ეს ჩვენ ამოცანას გვირთულებდა, მაგრამ, რაც მთავარია, მას შემდეგ მე და ოთარი მეგობრები გავხდით. ბოლოს თბილისში იყო ჩამოსული თავისი ფილმით „შანტრაპა“ და ჩვენებაზე მეუღლესთან ერთად დამპატიჟა.

– ტელევიზიის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– დადგა მომენტი, როცა კონფერანსიეს ფუნქცია ნაკლებად საჭირო გახდა. გენადი ხაზანოვმაც და პეტროსიანმაც შეამცირეს თავიანთი გამოსვლები. 40 წლის ასაკში, შეიძლება ითქვას, სუფთა ამერიკული ნაბიჯი გადავდგი (ამერიკელები ასე ხშირად იქცევიან – იცვლიან პროფესიას და ყველაფერს თავიდან იწყებენ) – წავედი ტელევიზიაში. დიდხანს ცდილობდნენ, დავეთანხმებინე, რეჟისორად მემუშავა, მაგრამ, რედაქტორი ვიყავი – მუსიკალური გადაცემის ხელმძღვანელი გახლდით და ტექსტებსაც თვითონ ვწერდი გადაცემისთვის. ამავდროულად კადრში ვიდექი და კონცერტები მიმყავდა დონარა კინწურაშვილთან ერთად. ტელევიზიაში რომ არ მივსულიყავი, არ გავხდებოდი „ქართული ხმების“ წევრი. ზუსტად მაგ პერიოდში გაიხსნა ხალხური შემოქმედების რედაქცია და რამდენიმე კაცი იქით გავეშურეთ. სულ ერთად ვიყავით, სიმღერა კარგად გამოგვდიოდა და ყველაფერი თავისთავად აეწყო.

– საინტერესოა ისიც, რომ თავდაპირველად ანსამბლს საკმაოდ უცნაური სახელწოდება ჰქონდა – ვინ შეგარქვათ „ჟურნალისტი“?

– იმ პერიოდში ტელე-რადიოს ხელმძღვანელი ნუგზარ ფოფხაზე გახლდათ და მან შემოგვთავაზა, ჩვენი სიმღერისთვის ოფიციალური სახე მიგვეცა, გაგვეკეთებინა ანსამბლი და სახელი დაგვერქმია. ასე წარმოიშვა ანსამბლი, რომელსაც ფოფხაძემ პროფესიული სიამაყით დაარქვა „ჟურნალისტი“, მაგრამ, როდესაც დაიწყო უცხოეთში გასტროლები, ერთ-ერთ კონცერტამდე ჩვენმა პარიზელმა იმპრესარიომ გამოაცხადა – რა წერია ამ აფიშაზე, ხალხი ვერ გაიგებსო და ჩვენთვის მოიფიქრა ახალი სახელი –  „ქართული ხმები“.

– თქვენს ოჯახზე არაფერი ვიცით. როდის დაოჯახდით?

– ყველაზე მეტად მახარებს ოჯახი და შემოქმედება. პირველად ახალგაზრდა დავოჯახდი და 22 წლის ასაკში მამა გავხდი. რას არ მეუბნებოდნენ, თუმცა, მაინც დავქორწინდი ამ ასაკში. რა თქმა უნდა, ადრე იყო, მაგრამ ყველა მოვლენილი სიყვარული ხომ ბედნიერებაა?! რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენი ოჯახი დაინგრა. დიდხანს ვიყავი  ასე, შემდეგ კი ჩემს ნინას შევხვდი და დღეს რვა შვილიშვილის ბაბუა ვარ.

 

 

скачать dle 11.3