კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადმოდის თუ არა ადამიანზე მშობლებისგან ცოდვა გენეტიკურად და როდის შეგვიძლია წინაპრების ცოდვების განწმენდა

საქართველოში ხშირად გაიგებთ ასეთ გამონათქვამს: „პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოჰკვეთა კბილიო“. ადამიანები თავიანთი წინაპრების ჩადენილ ცოდვებზე აგებენ პასუხს და ამის გამო ისჯებიანო. როგორია ამ საკითხის მიმართ მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– ადამიანი მაშინ ხდება ადამიანი, როდესაც ის საკუთარ თავს აცნობიერებს. როდესაც ადამისა და ევას დაცემის შემდეგ, პირველქმნილი ცოდვა შემოვიდა კაცობრიობაში, ადამიანი დაემორჩილა ცოდვას და მთელი კაცობრიობა მოკვდავი გახდა. თუმცა, პირველცოდვის გაგება განსხვავებულია როგორც აღმოსავლეთის, ანუ ჩვენს ეკლესიაში, ასევე დასავლეთის – ლათინურ, კათოლიკურ ეკლესიებს შორის. დასავლური ეკლესია, ანუ, კათოლიკურიც და პროტესტანტულიც, პირდაპირ აკეთებს ციტირებას: დაეცა ადამი, დაეცა ევა და, მათი მეშვეობით, ანუ მათ შთამომავალში გადმოვიდა პირველი ცოდვა; რომ ყველა ახალდაბადებულზე არის პირველი მშობლების – ადამისა და ევას ცოდვა და ეს ცოდვა ადამიანს გაჰყვება. მარტივად რომ ავხსნათ: წარმოვიდგინოთ, ადამიანი დაიბადოს ამქვეყნად და ისე ცხოვრობდეს, საერთოდ არ სცოდავდეს, მაგრამ ის მაინც დაისჯება, ოღონდ, წინაპრების, ანუ ადამისა და ევას შეცოდებებით. დღესაც ასეა კათოლიკურ ეკლესიაში და დოგმატის დონეზე არის აყვანილი. ამ საკითხის მართლმადიდებლური გაგება უფრო ღრმა შინაარსის არის და ის ემიჯნება დასავლურ, კათოლიკურ, პროტესტანტულ გაგებას. ჩვენი ეკლესიის მამები: მაქსიმე აღმსარებელი, იოანე დამასკელი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ამ საკითხთან, ამბობენ: გასაგებია, რომ შესცოდეს ადამმა და ევამ. მათი მეშვეობით ადამიანებში, მათ შთამომავლობაში შემოვიდა ცოდვა, მაგრამ ჩვენ, ანუ შთამომავლები, ამაში არ ვართ დამნაშავენი. სწორად რომ გავიგოთ, ცოდვა პიროვნული, ინდივიდუალურია, თუმცა, ერთია, რომ შენ სცოდავ საკუთარ თავში და ეს არავის  ეხება. ასევე, არის ცოდვა, რომელიც ყველას ეხება – ერთი ამბობს და სხვებს გადაეცემა. ეს დაბრკოლების ერთ-ერთი სახეა. უფალი ბრძანებს: თუ ერთ ადამიანს, ჩემდა მიმართ მომავალს, დააბრკოლებს ვინმე, ერჩივნა მას, საერთოდ არ დაბადებულიყოო. ანუ, ცოდვა პიროვნული მდგომარეობაა, თუმცა ის, შეიძლება, ერთი ადამიანიდან რამდენიმეზე გავრცელდეს. მაგრამ, რადგან ეს ცოდვა ერთიდან სხვებზე გადავიდა, ეს მაინც იმ ერთის ბრალია, ანუ, იმისი, რომელიც სცოდავს და არა იმათი, ვისზეც ეს ცოდვა გადავიდა. ადამიანი თავის ჩადენილ ცოდვაზე აგებს პასუხს და არა წინაპრების ცოდვებზე როდესაც ადამმა და ევამ შესცოდეს, ამის შემდეგ ადამიანების სამოთხისეული მდგომარეობა დაზიანდა.

– ეს რას ნიშნავს?

– ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს  იმას, რომ ადამიანი გახდა ვნებიანი და, სადაც ვნებაა, იქ ტანჯვაც არის, რადგან ვნება ტანჯვის გარეშე არ არსებობს: ადამიანს შია, სწყურია, განიცდის, ნერვიულობს, სტკივა, წუხს. ეს ყველაფერი არ იყო სამოთხეში, ადამიანებს არ შიოდათ, არ სწყუროდათ და ვნებებს არ განიცდიდნენ. მათ ერთმანეთთან ადამიანური, ხორციელი ცხოვრება არ ჰქონიათ. როდემდე გაგრძელდა მათი სამოთხეში ყოფნის პერიოდი, ეს არავინ იცის, თუმცა, ცნობილია, რომ ადამი და ევა მალევე დაეცნენ და ამის შემდეგ იწყება მათი მოდგმის გამრავლება. თუმცა, უფალი მათ ჯერ კიდევ სამოთხეში ეუბნება: გამრავლდით და ინაყოფიერეთ. ადამისა და ევას შეცოდება, ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, აისახა მათ შთამომავლებზე, მაგრამ ჩვენ მათი ცოდვები არანაირად არ მოგვეკითხება, ყველა ადამიანი მხოლოდ თავის ცოდვებზე აგებს პასუხს. ადამიანი ინდივიდია და, არ შეიძლება, მან სხვა ადამიანის, პიროვნების ცოდვების გამო აგოს პასუხი, ან მამის ცოდვების გამო შვილს მოჰკითხოს უფალმა. ადამისა და ევას დაცემით ადამიანი გახდა მოკვდავი, არადა, მანამდე უკვდავი იყო და ცვალებადი თავისი ბუნებით, ანუ ის იბადება, გადის გარკვეულ პერიოდს, ბავშვობას, ახალგაზრდობას და ბოლოს მიდის სიბერეში, კვდომაში. ეს გახდა ჩვენს პირველ წინაპრებში ცოდვების შედეგი, მიზეზი და არა ის, რომ, რადგან მათ შესცოდეს, ჩვენ, კარგად ვიცხოვრებთ თუ ცუდად, მაინც დავისჯებით, მათი ცოდვა მოგვეკითხება.

– ასეთი სწავლებაც არსებობს, რომ ყველა ადამიანი პირველქმნილი ცოდვით იბადება და ის ამ ცოდვისგან ნათლისღების საიდუმლოში მონაწილეობით თავისუფლდება.

– არსებობს ასეთი გაგება: როდესაც ადამიანი ინათლება წმიდა სამების სახელზე, მას მაშინ მიეტევება ეს ცოდვა. ვერ ვიტყვით, რომ ეს არასწორი გაგებაა, უბრალოდ, ამ საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, ეს აზრი არასწორად არის ჩამოყალიბებული. რადგან ქრისტიანობა ასწავლის, რომ ჩვენ არ მოგვეკითხება მშობლების ცოდვა, ასევე, არ მოგვეკითხება ადამისა და ევას ცოდვები. ადამიანი შინაგანად სჩადის ამას, რადგან თავად არის შემოქმედების მთავარი ობიექტი, ამიტომ, ცუდს აკეთებს თუ კარგს, ცუდისკენ მიიხრება თუ კარგისკენ, ყველაფერს თვითონ აკეთებს, მას ამას ღმერთი არც ავალდებულებს, არც აძალებს. ღმერთი სიყვარულია, ის არავის სჯის, არავის უბიძგებს ცოდვისკენ – შენ ეს ჩაიდინე და მერე გახდები კარგიო, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ზოგადად, ადამიანის ბუნებითი მდგომარეობა არ არის ცოდვიანობა, ცოდვა ბოროტებისგან მოდის, თუმცა, ბოროტება არ არსებობს.

– მამაო, რას გულისხმობთ ბოროტის არარსებობაში?

– ბოროტება არ არსებობს, როგორც მყოფი, რომელსაც გააჩნია თავისი მყოფობა რამეში, ვიღაცასთან. რადგან არ არსებობს ბოროტება, ესე იგი, არ არსებობს ცოდვაც, ანუ ორივე არ არსებობს მანამდე, სანამ ის არ განვითარდება, არ განხორციელდება ვინმეში ან რამეში. როცა ადამიანი არ არის მიდრეკილი სიყვარულისკენ, სიკეთისკენ, არ ცდილობს საკუთარი ცხოვრება ასე წარმართოს, ამ დროს ხდება მისი როგორც პიროვნების აზროვნების დამახინჯება და ეს დამახინჯება იწვევს უსიყვარულობას, ანუ ბოროტებას. როცა ბოროტება ვლინდება ადამიანში, მაშინ მასში ასევე ვლინდება ცოდვა უკვე ვნებების სახით. რადგან ადამიანი ვნებიანი გახდა, ამიტომ ის იწყებს ბრძოლას საკუთარ გრძნობებთან, დამახინჯებულ მდგომარეობასთან.

– როგორც მივხვდი, ადამიანი არ აგებს საკუთარი წინაპრების ცოდვაზე პასუხს, მაგრამ, ალბათ, მის ცხოვრებაზე აისახება მშობლების, წინაპრების განვლილი ცხოვრება.

– ყველა უდიდესი საეკლესიო მოძღვარი, რომელიც შეხებია ამ თემას, ამტკიცებს, რომ ჩვენ ჩვენი წინაპრების ცოდვები არ მოგვეკითხება. ეს არა მხოლოდ ახალაღთქმისეული, ქრისტიანული სწავლებაა, არამედ, მანამდეც, ძველ აღთქმაშიც იყო ამ საკითხზე საუბარი. შეგვიძლია, მოვიყვანოთ ეზეკიელ წინასწარმეტყველის სიტყვები, სადაც ის მიმართავს ებრაელ ხალხს: თქვენ ითხოვთ, რატომ არ მოეკითხება მამის ცოდვები შვილს, რომლის მამა იყო ცოდვილი, მკვლელი. უფალი ამბობს: მე არ განვიკითხავ შვილს მამის ცოდვების გამო თუნდაც იმიტომ, რომ შვილი ასრულებს ყველა ჩემს მცნებას, იმ რჯულს, რომელიც მე დავუდგინე, იმ კანონებს, რომელიც მე მივეცი. ასე რომ, შვილი მართალია ჩემ წინაშე და არ დაისჯება, მამის გამო არ დავსჯი მას და შვილის ცოდვების გამო არ დავსჯი მამას, ანუ,  ყველა ადამიანი თავისი ცოდვების გამო ისჯება, მას არც ღმერთი სჯის, არც ეშმაკი და, მით უმეტეს, სხვა ადამიანის ცოდვების გამო არ ისჯება. დავუშვათ, ადამიანი დაიწყებს საკუთარი სხეულის დაზიანებას – ერთხელ, ორჯერ, სამჯერ მიიყენებს ჭრილობას. ის ცოდვების ჩადენითაც ყოველდღე აყენებს თავის თავს სასიკვდილო ჭრილობებს, ოღონდ, არა ისეთს, რომელიც მას მალე მოკლავს, არამედ, ნელ-ნელა აგდებს უმოქმედობის, უსულობის მდგომარეობაში. ადამიანი, რომელიც შეზრდილია ვნებიან ცხოვრებასთან, არის სულიერად მკვდარი, როგორც უფლის, ასევე საკუთარი თავის წინაშე, რადგან მას სულიერება არ გააჩნია. იმას კი არ ცდილობს, საკუთარი თავი განავითაროს, უკეთესი გახდეს, პირიქით, დაკავებულია იმით, რომ თავის თავს რაც შეიძლება მეტი დაუშავოს. თუმცა, ამას, შეიძლება, ვერც აცნობიერებდეს, ან, პირიქით, აცნობიერებდეს, მაგრამ, არაფერს ცვლიდეს. უნდა დავიმახსოვროთ, რომ, რაც უნდა მოხდეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს სასიკეთოდ, რადგან ღმერთს, უნდა თავად გამოვიტანოთ დასკვნა: როგორი იყო ჩვენი ცხოვრება და როგორი უნდა გახდეს. როგორც აღვნიშნე, შვილებზე არ გადმოდის საკუთარი წინაპრების ცოდვები, მაგრამ ადამიანებზე აისახება თავისი წინაპრების ცხოვრება. საზოგადოებაში ხშირად არის გავრცელებული მოსაზრება, რომ, თუ ამ ადამიანის მამა იყო მკვლელი, ცუდი ადამიანი, ესე იგი, შვილიც ცუდი იქნება; ან, თუ დედა ჰყავდა მრუში, ამიტომ, ისიც მრუში უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს არასწორი შეხედულებაა, მაგრამ, თუ ადამიანს ჰყავდა მამა მკვლელი, დედა კი მრუში, ეს აისახება მხოლოდ ერთი გზით – გენეტიკურობით. მაგრამ, ეს ნიშნავს იმას, რომ გენეტიკურად ჩვენში გადმოდის არა ცოდვა, არამედ თვისებები, მიდრეკილებები, გრძნობები, ვნებები, რადგან ჩვენ ერთი სისხლი და ხორცი გვაქვს. თუმცა, ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენც მათი მსგავსნი გავხდეთ, ისე გავაგრძელოთ ცხოვრება, როგორც ისინი ცხოვრობდნენ. პირიქით, შეგვიძლია, უკეთესები გავხდეთ და ჩვენი კეთილი ცხოვრებით მათი ცუდი ცხოვრება ზედაპირულად განვწმინდოთ. ზუსტად ეს არის ის უწყვეტი კავშირი, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს გარდაცვლილებთან – ცუდებთანაც და კარგებთანაც. თუ ისინი იყვნენ ცოდვაში და ისე გავიდნენ ამქვეყნიდან, მათ სახელზე უნდა ვაკეთოთ ბევრი სიკეთე, ვილოცოთ და ეს არა მხოლოდ ჩვენ წაგვადგება, არამედ მათაც.

 

 

скачать dle 11.3