კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

 

აღარ მინდა, „პენსიონერი“ ვიყო!

ვარ 15 წლის. ვსწავლობ ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ყველა მეუბნება, ლამაზი გოგო ხარო, მაგრამ, რატომღაც, ბიჭებს არ მოვწონვარ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ, ჩემს თანაკლასელ გოგონებს, რომლებზეც იმასაც კი ვერ იტყვი, სიმპათიურები არიანო, ბიჭები ბუზებივით ეხვევიან და ლამის ერთმანეთი დახოცონ მათი ყურადღებისა თუ სიყვარულის მოსაპოვებლად, მე კი ზედაც არავინ მიყურებს. უფრო სწორად, ჩემთან მხოლოდ ძმაკაცობენ. ისე მექცევიან, მგონი, საერთოდ არ აღმიქვამენ გოგოდ. ამის გამო, ჩემი ორი-სამი უახლოესი დაქალის გარდა, დანარჩენ თანაკლასელ გოგოებსაც განაპირებული ვყავარ. ისე გამოდის, რომ, რადგან ბიჭებში პოპულარული არ ვარ, დაბალ დონედ მივაჩნივარ და ჩემთან მეგობრობისაც კი რცხვენიათ. სიმართლე გითხრათ, ვიცი კიდეც, რა არის ამ ყველაფრის მიზეზი: მოდურად არ მაცვია, თმას არ ვიღებავ, „ტუსოვკებზე“ არ დავდივარ და ბიჭებს თავზე არ ვახტები – ამას სულ ახლახან მივხვდი, მაგრამ, ვერაფერს შევცვლი (ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით), რადგან, ჯერ ერთი, ჩემს მშობლებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, ყოველდღე ახალი ტანსაცმელი მიყიდონ, თანაც, რომც ჰქონდეთ, მაინც არ მიყიდიან, რადგან, ასეთ რაღაცეებზე თავიანთი შეხედულება აქვთ და ეს ბავშვის ზედმეტ გათამამებად და, საერთოდაც, უზნეობად მიაჩნიათ. ის კი არა, ისეთი მკაცრები არიან, მე და ჩემს უმცროს ძმას სკოლიდან ხუთი წუთის დაგვიანების უფლებაც კი არ გვაქვს. ტანსაცმელს ვინ ჩივის, მობილურებიც ახლახან გვიყიდეს (ყველაზე იაფი რაც ღირდა), ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველი ნაბიჯი გვიკონტროლონ. არ ვიცი, რა ჯობია, მაგრამ, ფაქტი ისაა, რომ ამ ყველაფრით ძალიან ვითრგუნები. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, ის ორი-სამი დაქალიც აღარ შემრჩება, რადგან, ვატყობ, რომ იმათაც აღარ აინტერესებთ ჩემისთანა „პენსიონერთან“ მეგობრობა (თვითონ შემარქვეს „ახალგაზრდა პენსიონერი“). არადა, მართლაც პენსიონერივით ვცხოვრობ, რაც უკვე ყელში ამომივიდა. ბოლოს და ბოლოს, მეც გამიხარდება ჩემს ტოლებთან ერთად მხიარულება, დროსტარება და წასვლა-წამოსვლა. აღარ მინდა, „პენსიონერი“ ვიყო!

სალი, 15 წლის.

 

არ ვიცი, დედას

როდის შევურიგდები

მე და ჩემი ძმა ტყუპები ვართ. გვყავს ორი დაც, რომლებიც ჩვენზე 7 და 8 წლით უფროსები არიან. რამდენიმე წლის წინ ორივე გათხოვდა და თავიანთი ოჯახები აქვთ. ოთხივე ძალიან კარგად ვართ ერთმანეთთან, მაგრამ, მე და ლადოს პატარაობიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ჯერ ერთი, ალბათ, იმიტომ, რომ ტყუპები ვართ, თანაც, ჩვენი დების გათხოვების შემდეგ შვილებიდან მარტო ჩვენ დავრჩით მშობლების სახლში.

მე და ლადომ სკოლაც ერთად დავამთავრეთ და უნივერსიტეტიც, მხოლოდ სამსახურში „დავშორდით“ ერთმანეთს. ისე მოხდა, რომ ჩვენი მშობლების სამსახურები გააუქმეს და ორივე უმუშევარი დარჩა. უფროს დებს თავიანთი პრობლემები ჰქონდათ და, შესაბამისად, ოჯახის რჩენა მე და ლადოს დაგვაწვა კისერზე.

სხვათა შორის, რადგან ლადო ერთადერთი ვაჟი და გვარის გამგრძელებელი იყო, მის მიმართ დედასაც და მამასაც განსაკუთრებული გართულება ჰქონდათ: „ლადო არ გაცივდეს... ლადო არ დაიღალოს... ლადოს ეს უყვარს... ლადოს ის უხარია...“ – ერთი სიტყვით, სწორება ლადოზე იყო. 24 წელი რომ შეგვისრულდა, მთელმა სანათესაომ აქტიური „მუშაობა“ დაიწყო მისთვის შესაფერისი საცოლის მოძებნაზე.

„24 წლის გახდა ბიჭი. დროზე თუ არ დავაქორწინეთ, უცოლოდ არ დაგვრჩეს“, – გაიძახოდა დედაჩემი და მამაც კვერს უკრავდა.

„ხელფასი არ გამოართვა, ჰქონდეს ბიჭს ჯიბის ფულად, იქნებ, გოგოს დაპატიჟება მოუნდეს კაფეში, ან, ყვავილების ყიდვა? ბოლოს და ბოლოს, დილიდან დაღამებამდე მუშაობს და იმის ღირსი აღარ არის, თავისი ხელფასი თვითონ მოიხმაროს? ჩვენ ნინოს ხელფასი ვიმყოფინოთ“, – ამბობდა მამა და დედაც ეთანხმებოდა.

ის კი ორივეს ავიწყდებოდა, რომ ნინოც (ანუ – მე) 24 წლის იყო, ისიც დილიდან დაღამებამდე მუშაობდა და მასაც უნდოდა ხანდახან კაფეში წასულიყო მეგობრებთან ერთად, ან, უბრალოდ, ახალი „კალგოტკა“ ეყიდა და დაკერებული არ სცმოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არავის აინტერესებდა. არც ის ადარდებდა ვინმეს, გავთხოვდებოდი თუ შინაბერად დავრჩებოდი. თავიდან ლადო საკმაოდ აქტიურად აპროტესტებდა მშობლების ასეთ საქციელს, მაგრამ, თანდათან ისიც შეეჩვია და, ბოლოს იმ დონეზე შეიფერა, პურსაც კი აღარ ყიდულობდა თავისი ფულით. ის კი არა, ყოველ მეორე დღეს მართმევდა ხან 20 ლარს, ხან 30-ს და მეტსაც. მე ეს ძალიან მწყინდა, მაგრამ, უსიამოვნებას ვერიდებოდი და ხმას არ ვიღებდი. 

26 წელი რომ შეგვისრულდა, ლადომ ცოლი მოიყვანა. ჩვენთან ცხოვრება არ მოინდომეს და, რადგან ჩვენს რძალს თავისი ოროთახიანი ბინა ჰქონდა, იქ გადავიდნენ საცხოვრებლად. მეგონა, ცოტა ამოვისუნთქებ-მეთქი, მაგრამ, უარეს დღეში ჩავვარდი. ლადოს დაქორწინებიდან ორ თვეში დედაჩემმა გამომიცხადა, ჩვენი რძალი ორსულად არის, ხელის შეწყობა სჭირდებაო და, გარდა იმისა, რომ მათთვის ათას რამეს ყიდულობდა (რა თქმა უნდა, ჩემი ფულით. დედაც და მამაც თავიანთ პენსიებს ლადოს მომავალი შვილებისთვის აგროვებდნენ), ყოველგვარი უხერხულობის გარეშე გამომიცხადა, შენი ხელფასის ნახევარი ლადოს უნდა მისცე ხოლმე, დანარჩენი ნახევარი კი როგორმე ჩვენ უნდა ვიმყოფინოთო. ისე მეწყინა, კინაღამ ტირილი დავიწყე. რა ჰქონდა ლადოს ჩემი დასახმარებელი, როცა თვითონაც და მის ცოლსაც ჩემზე ლამის ორჯერ მეტი ხელფასი ჰქონდათ (ცალ-ცალკე, რა თქმა უნდა). ვეღარ მოვითმინე და დედაჩემს ვუთხარი, კი მაგრამ, უფლება აღარ მაქვს, ჩემი საკუთარი ხელფასიდან ცოტა საკუთარი თავისთვისაც გამოვიყენო? იქნებ, მეც მჭირდება რამე-მეთქი. დედამ გაოცებულმა შემომხედა და, ცოტა არ იყოს, ირონიით მკითხა – შენ რაში უნდა დაგჭირდეს ფული, რა, რამეს გაკლებთ მე და მამაშენიო?! ისეთი მტკივნეული იყო ჩემთვის ამ სიტყვების მოსმენა, თავი ვეღარ შევიკავე და ხმამაღლა ავტირდი. დედაჩემი კი მაშინვე გავიდა მამასთან და უთხრა, მიდი, მიხედე იმ შენს ისტერიჩკა შვილს. ასეთი ძუნწი ადამიანის მნახველი არ ვარ. ნეტავი, ვის დაემსგავსა. თან ვართ მაგაზე გადაყოლილები და ვერაფერი დავანახვე. ოთხ შვილში ყველაზე უმადური და დაუნახავი ეს გვყავსო.

ეს ამბავიც გადავყლაპე და, საბოლოოოდ, მაინც იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემგან ითხოვდნენ.

ერთ დღეს კი გავიცანი მამაკაცი, რომელიც შემიყვარდა. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ მან ცოლობა მთხოვა და მე სიხარულით დავთანხმდი. მერე მითხრა, შენი ოჯახი გამაცანი, რომ შენს მშობლებს ოფიციალურად ვთხოვო შენი ხელიო. სახლში რომ ვთქვი, ჩემი საქმრო უნდა გაგაცნოთ-მეთქი, მამას ხმა არ ამოუღია, დედამ კი ერთი ამბავი ამიტეხა – რა დროს შენი გათხოვებააო. მერე გავიგონე, როგორ ეუბნებოდა მამაჩემს, ეგ რომ გათხოვდეს, აღარც ლადოს მისცემს ფულს და ჩვენც ნულზე დაგვტოვებსო, რაზეც მამა შეედავა, მაგრამ დედაჩემი არ დაეთანხმა. ეს იყო ჩემთვის ბოლო წვეთი. ძალიან გამიჭირდა ამის გაკეთება, მაგრამ, ჩემს საქმროს ყველაფერი მოვუყევი, მან კი მითხრა, ხვალვე ჩაალაგე შენი ნივთები და ჩემთან გადმოდიო. ასეც მოვიქეცი. ბარგს რომ ვალაგებდი, დედაჩემი წივილ-კივილით დამდევდა უკან, თან უმადურს მიწოდებდა, თან ტიროდა, რომ შემცოდებოდა, მაგრამ მისი ასეთი საქციელი უფრო მაღიზიანებდა. რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ დედას არ ვუყვარვარ და ამ შეგრძნებამ საშინლად დამთრგუნა.

მინდოდა, მამას მოსვლამდე წამეღო ჩემი ბარგი – რატომღაც, მაინც მერიდებოდა მისი თანდასწრებით ამის გაკეთება, მაგრამ, სწორედ მაშინ შემოაღო კარი, გასვლას რომ ვაპირებდი. თვალებში შევატყვე, რომ მიხვდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ, მაინც იკითხა, რა ხდებაო. დედაჩემმა ისტერიკული ხმით უამბო, სახლიდან მიბრძანდება ვიღაც არაკაცთანო. მამას აღარაფერი უთქვამს, დედაჩემი ძალით გაიყვანა მეორე ოთახში, მერე ჩემთან მოვიდა, თავზე მაკოცა, ცრემლიანი თვალებით დაიხარა და დამორცხვებულმა მითხრა – სწორად იქცევი, ეს აქამდეც უნდა გაგეკეთებინა, ჩვენ ცუდი მშობლები გამოვდექითო. მე გული ამიჩუყდა და ავტირდი. მამამ ცრემლი მომწმინდა, დაავლო ხელი ჩემს ჩანთებს და წინ გამიძღვა – მე თვითონ მიგიყვან იმ კაცთანო. „ის კაცი“ სახლთან მელოდა თავისი მანქანით. არ მინდოდა, ასეთ სიტუაციაში გაეცნო მამაჩემი და მამას ვთხოვე, სადარბაზოდან ნუ გამოხვალ, ხვალ გაგაცნობთ ერთმანეთს-მეთქი.

ასე წავედი სახლიდან. ქორწილი არ გადაგვიხდია, ჯვრისწერაზე კი დედაჩემის გარდა მთელი ჩემი ოჯახი მოვიდა. სიძე ყველას ძალიან მოეწონა, მამაჩემს კი ისე შეუყვარდა, მგონი, ის უფრო ენატრება ხოლმე, ვიდრე მე.

დედა როდის შემირიგდება, არ ვიცი. მართალია, ჩემი ქმარი მეუბნება, შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯიო, მაგრამ, არ ვიცი, როდის გამივლის ის ტკივილი, რაც დედაჩემის საქციელმა მომაყენა.

ნინო, 27 წლის.

 

მიყვარს ქალები და რა ვქნა?!

მეხუთე კლასიდან მყავს შეყვარებულები. მრავლობით რიცხვში იმიტომ ვამბობ, რომ ყოველ თვეში „ახალი“ გოგო მიყვარდა, თან, არც ვმალავდი. სანამ პატარა ვიყავი, მამა, ბაბუა და ბიძაჩემები ამაზე სულ იცინოდნენ და „ღადაობდნენ“ – ლაშამ მაჰმადიანობა უნდა მიიღოს, რომ რამდენიმე ცოლის უფლება ჰქონდესო, რაზეც დედა და ბებია ბრაზდებოდნენ. ჩემი პატარა ასაკის მიუხედავად, მათ არ მოსწონდათ ეს ყველაფერი, მაგრამ, არ იცოდნენ, თითის ტოლა ბავშვისთვის როგორ აეხსნათ.

ცოტა რომ წამოვიზარდე და „სტილი“ მაინც არ შევიცვალე (რის გამოც, სხვათა შორის, არაერთი უსიამოვნება შემემთხვა), ბებიამ დამისვა და მხოლოდ ერთი წინადადება მითხრა: ცანცარა კაცზე საშინელება ამქვეყნად არაფერია და ეს სიტყვები სიცოცხლის ბოლომდე გახსოვდესო. მე, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ეს დარიგებაც „გავატარე“. უკვე სტუდენტობისას თავს იმით ვიმართლებდი, რა ჩემი ბრალია, გოგოები თვითონ მესევიან-მეთქი. მუშაობა რომ დავიწყე, ერთი თანამშრომელი გოგო შემიყვარდა. მართლა ძალიან მაგარი გოგო იყო ყველაფრით. იმასაც შევუყვარდი და, ის იყო, გავიფიქრე, მგონი მეშველა, ანანოს გარდა აღარავინ მაინტერესებს-მეთქი, რომ ანანოს ერთი მეგობარი გოგო გავიცანი (ისევ ანანოსგან), რომელიც, წესით, ჩვენი მეჯვარე უნდა ყოფილიყო. ისიც ძალიან მაგარი გოგო იყო და, კი არ მომეწონა, შემიყვარდა, თანაც – მაშინვე, ოღონდ, ანანოც ისევ მიყვარდა. არ დამიჯერებთ და, ასეთმა სიტუაციამ პირველად დამაბნია, რადგან ორივე უზომოდ მიყვარდა და არც ერთის დათმობა არ შემეძლო. თავიდან ანანოს დაქალს ვერ ვუმხელდი ჩემს გრძნობას – ძალიან ვიკავებდი თავს, იქნებ გამიაროს-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც ავუხსენი სიყვარული. მეც მომწონხარ, მაგრამ, შენ ანანოს შეყვარებული ხარ, მე კი – მისი ბავშვობის მეგობარი და ამიტომ, ჩვენ შორის რომ რამე მოხდეს, გამორიცხულიაო. მე რაღაც სისულელეების მტკიცება დავუწყე და, როგორც ჩანს, ისე მოვაბეზრე თავი, იმ საღამოსვე დაურეკა ანანოს და ყველაფერი უამბო. ახლა რომ ვფიქრობ, მეგობრის პოზიციიდან სწორად მოიქცა, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა: ორივე ერთად დამადგა თავზე და ისეთი დღე მაყარეს, სიკვდილს ვნატრობდი. ეს ამბავი მამაჩემმაც გაიგო და, რაც ანანომ და მისმა დაქალმა დამაკლეს, მამამ შემისრულა: უკანასკნელი სიტყვებით გამლანძღა და სულ არაკაცი მიძახა.

რა თქმა უნდა, ანანო დავკარგე (მის დაქალზე რომ აღარაფერი ვთქვა). ამჟამად „ტაიმ-აუტი“ მაქვს აღებული: არავინ მიყვარს, არავის ვხვდები და არავისზე (კონკრეტულზე) არ ვფიქრობ. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდება, მაგრამ, ახლა რომ ვინმე მაგარი გოგო მომადგეს და მითხრას, სიგიჟემდე მიყვარხარ, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ და შენთან მინდა ყოფნაო, ალბათ, იმასაც უარს ვეტყვი, რადგან, ჯერ ერთი, ცოტა არ იყოს, მომბეზრდა ორმაგი თამაშებიც და ქალებზე თან გადაყოლაც; თანაც, გარდა ამისა, პატარა ბიჭიც აღარ ვარ და საკუთარ თავში უნდა გავერკვე: რა მინდა, ვინ მინდა, რატომ მინდა და ასე შემდეგ.

მამაჩემმა მითხრა, შენ ისეთი ტიპი ხარ, ასი წლისაც თინეიჯერად დარჩებიო. დამეთანხმებით, რომ 28 წლის კაცისთვის ეს კომპლიმენტი ნამდვილად არ არის. ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება ბებიაჩემის სიტყვები. საწყალი, ცოცხალი აღარ არის, თორემ, ვიცი, რასაც მეტყოდა და ღირსიც ვიქნებოდი.

ძალიანაც მინდა, ჩემი ზოგიერთი მეგობარივით „ადნალუბი“ ვიყო, მაგრამ, არ ვარ ასეთი, მომწონს და მიყვარს ქალები, არ შემიძლია (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით), ერთის ამარა ვიყო, მთელი ცხოვრება ის ერთი მიყვარდეს და იმ ერთს ვუყურო თვალებში და, რა ვქნა?!

ლაშა, 28 წლის.

 

ჩემი უფროსი შემიყვარდა

ვარ 23 წლის. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ახლობელმა კარგი სამსახური მიშოვა – თან ჩემი სპეციალობით ვმუშაობ, თან ნორმალური ხელფასიც მაქვს. ჩემს განყოფილებაში უმრავლესობა ქალები არიან, უფრო სწორად, გოგოები, დაახლოებით ჩემი ასაკის. უფროსიც ქალი გვყავს, რომელიც ათი წლით არის ჩემზე უფროსი, გათხოვილია და ორი შვილიც ჰყავს. სხვათა შორის, მისი ქმარიც იმავე ფირმაში მუშაობს, ოღონდ, სხვა განყოფილებაში.

მიუხედავად იმისა, რომ სულ ლამაზი გოგოების გარემოცვაში ვარ და, შემიძლია, ვთქვა, ხელისგულზე მატარებენ (მათ უმრავლესობას მოვწონვარ და აქტიურად მეპრანჭებიან), მე მაინც ჩემი უფროსი შემიყვარდა. ეს ისე თავისთავად მოხდა, ჩემდაუნებურად, რომ, როცა გონს მოვედი, მივხვდი, ძალიან მიყვარდა და ამ სიყვარულს ვეღარსად გავექცეოდი. ძალიან არ მინდა, რომ ამის შესახებ ვინმემ გაიგოს და ჩემ გამო ჩემს საყვარელ ქალს ოჯახი დაენგრეს, მაგრამ, არ ვიცი, როგორ შევძლებ ამ გრძნობის დამალვას, რადგან მისი ყოველი დანახვისას პატარა ბავშვივით ვწითლდები, ენა მებმება, ვიბნევი და აღარ ვიცი ხოლმე, როგორ მოვიქცე. თან, ისეთი ქალიც არ არის, რომ რამე ადვილად გაუბედო, საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი უფროსია და თავისი წესები და პრინციპები აქვს, რომელთა დარღვევასაც არავის აპატიებს. ამიტომ, იმისიც მეშინია, რამე რომ შემატყოს, სამსახურიდან არ გამიშვას. მაგრამ, მარტო სამსახურის დაკარგვას კი არ ვჩივი, იქ თუ არ ვიმუშავებ, ვეღარც ყოველდღე ვნახავ და მერე რაღა მეშველება?!

ძალიან ძნელი ყოფილა ცალმხრივი, თანაც, გაუმხელელი სიყვარული. ხანდახან ბოროტი სურვილიც კი გამჩენია – ნეტავი ქმართან უსიამოვნება მოუვიდეს და გაეყაროს-მეთქი. მაგრამ, კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ არც ეს იქნება ჩემთვის გამოსავალი. ჯერ ერთი, რომელი დედა და მამა (ქართველ მშობლებს ვგულისხმობ, თორემ, ალბათ, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ამის პრობლემა არ აქვთ) დათანხმდება, მათმა ერთადერთმა მემკვიდრემ ცოლად განათხოვარი, ორშვილიანი და ათი წლით უფროსი ქალი შეირთოს; მეორეც, ჩემს მშობლებს კიდეც რომ უნდოდეთ მისი რძლობა, თვითონ კი იქნება თანახმა, ლამის შვილის ტოლ ლაწირაკს გაჰყვეს ცოლად?! სხვათა შორის, სიტყვა „ლაწირაკი“ მისი ლექსიკონიდან არის: ამას წინათ ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა გოგომ (რომელიც ჩემზე ორი წლით უფროსია) რაღაც საქმე ისე ვერ გააკეთა, როგორც საჭირო იყო, რაზეც ჩვენი უფროსი (ანუ, ის ქალი, რომელიც მიყვარს) ძალიან გაბრაზდა და ყველას გასაგონად თქვა: აივსო აქაურობა ლაწირაკებით და იმიტომ არის, რომ წესიერად აღარაფერი კეთდებაო.

ასე რომ, არც მომავალში მაქვს არანაირი პერსპექტივა. მისნაირ ქალს, გათხოვილიც რომ არ იყოს, ჩემნაირი ბიჭი მაინც არ შეუყვარდება. ასეთებს ძლიერი, ფეხზე დამდგარი და ფულიანი მამაკაცები მოსწონთ. მე ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ, ჯერჯერობით მაინც ვერ ვერევი ჩემს გრძნობას და, არ ვიცი, საკუთარ თავთან ორთაბრძოლა როდემდე გასტანს და რით დამთავრდება.

ანდრო, 23 წლის.

 

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com 

ან მოიტანოთ რედაქციაში 

წერილის სახით.

 

скачать dle 11.3