კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ბაგრატიონების ქორწინებას სპარსეთის მმართველი დინასტიის წარმომადგენლებთან

სპარსეთის მმართველი – აფშართა (ანუ იგივე ავშართა) დინასტიის ორმა წარმომადგენელმა: ნადირ-შაჰმა და მისმა ძმისწულმა – ადილ-შაჰმა ქართველ ასულებზე იქორწინეს. პირველმა ცოლად შეირთო თავად გივი ამილახვრის ასული, ხოლო მეორემ – მეფე თეიმურაზ მეორის ასული. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი რესპონდენტია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ნიკო ჯავახიშვილი.

 

ნიკო ჯავახიშვილი: საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიაზე წარმოქმნილ სამეფოებში დედოფლებად, ძირითადად, ქართული წარჩინებული საგვარეულოს წარმომადგენლებს არჩევდნენ. მათ შორის იყვნენ როგორც ბაგრატიონთა ცალკეული შტოს წარმომადგენლები, ასევე ქართველ მთავართა და თავადთა ასულები. ამასთანავე, ბაგრატიონები რამდენჯერმე დაუნათესავდნენ სპარსეთის მმართველ დინასტიებს, რასაც იმხანად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭებოდა. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულ მოთხოვნაზე უარს, ზოგჯერ, აღმოსავლეთ საქართველოსათვის გამანადგურებელი შედეგები მოსდევდა. სპარსეთის სამეფო სახლის წარმომადგენელთა ქორწინება ქართველებზე განსაკუთრებით ხშირი იყო სეფიანთა დინასტიის მმართველობის ხანაში, რომელიც ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. 

ირანელი ისტორიკოსი, ნასროლა ფალსაფი თავის ნაშრომში „შაჰ-აბას პირველის ცხოვრება” მოგვითხრობს, რომ შაჰინ-შაჰ აბას პირველს ქართველი და ჩერქეზი ქალები მათი სილამაზის გამო განსაკუთრებით უყვარდა. შაჰის ჰარამხანაში ირანელი ქალები ძალიან ცოტანი იყვნენ და მისი ცოლები უმეტესად ქართველი, ჩერქეზი და რუსი დიდგვაროვანი ქალები ან მხევლები გახლდნენ... ჰარამხანა 400-500 ქალს ითვლიდა... ამათგან სამი-ოთხი მეფური ჩამომავლობის ქალი მისი კანონიერი ცოლი იყო, სხვები კი დროებითი ცოლებისა და მხევლების სახით იმყოფებოდნენ მის ჰარამხანაში. 

– ბატონო ნიკო, რა ვიცით აფშართა შესახებ, ვინ იყვნენ ისინი?

– აფშართა დინასტიას სათავე 1736 წელს დაედო. მას საფუძველი ჩაუყარა ერთ-ერთი ყიზილბაშური აფშართა ტომის, ყირხლუს კლანის უბრალო ოჯახის წარმომადგენელმა, ნადირმა, რომელიც ცნობილია ნადირ-შაჰის სახელით.

– ნადირ-შაჰის შესახებ გარკვეული ინფორმაცია აქვს ქართველ მკითხველს.

– გეთანხმებით, თუმცა, ალბათ, ურიგო არ იქნებოდა ამ ინფორმაციის შევსება: ნადირი 18 წლის ჭაბუკი იყო, როდესაც დედასთან ერთად მონად წაიყვანეს ხვარაზმელმა უზბეკებმა. ნადირმა გაქცევა მოახერხა და ხორასანში დაბრუნდა, სადაც ადგილობრივ ფეოდალთა სამხედრო სამსახურში ჩადგა. მან თავი ისახელა, როგორც უშიშარმა და ნიჭიერმა სარდალმა. მალე ნადირ ყული-ბეგი სპარსეთის შაჰინ-შაჰ თაჰმასპ მეორის სამსახურში ჩადგა. შაჰინ-შაჰმა მას რამდენიმე პროვინციის მმართველობა ჩააბარა. ნადირ ყული-ბეგი უნარიანად ხელმძღვანელობდა სპარსელების ბრძოლას ავღანელთა და ოსმალთა წინააღმდეგ, რამაც ხელი შეუწყო მისი ავტორიტეტის ამაღლებას და გავლენის გაძლიერებას. 1732 წელს, ნადირის ინიციატივით, მოწვეულ ყურულთაიზე თაჰმასპ მეორე გადააყენეს და შაჰინ-შაჰად მისი რვა თვის ვაჟი – აბას მესამე გამოაცხადეს. 1736 წელს ოსმალეთთან დადებული ზავით, სპარსეთმა დაიბრუნა 1722 წლამდე კუთვნილი ყველა ტერიტორია, რაც უდიდესი გამარჯვება იყო. იმავე წლის 8 მარტს, მუღანის ველზე მოწვეულ ყურულთაიზე, შაჰინ-შაჰად გამოაცხადეს ნადირი, ხოლო ოთხი წლის აბას მესამე ხორასანში მყოფ მამასთან გაგზავნეს. 1739 წელს, ნადირ-შაჰის ბრძანებით, სპარსეთის ყოფილი გვირგვინოსანი მამა-შვილი დახოცეს.  

ნადირ-შაჰი სპარსეთის ტახტზე ასვლისთანავე, თავად გივი ამილახვრის ასულზე დაქორწინდა. ამ ფაქტს წინ შემდეგი ისტორიული მოვლენები უძღოდა: გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარი ქართლის ფეოდალთა შორის გასაკუთრებული გავლენითა და ავტორიტეტით გამოირჩეოდა. მის ოჯახს დაუახლოვდა ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენელი – თეიმურაზ ბატონიშვილი, რომლის მამა იყო ვახტანგ მეექვსის ძმა – იესე, ხოლო დედა – ელენე-ბეგუმი, ასული მეფე ერეკლე პირველისა. იესე ორჯერ მეფობდა ქართლში, პირველად როგორც შიიტი მუსლიმი ალი-ყული-ხანი, ხოლო მეორედ – როგორც სუნიტი მუსლიმი მუსტაფა-ფაშა. ამდენად, თეიმურაზ ბატონიშვილი, როგორც საქართველოში დარჩენილი ქართლის ბაგრატიონი, თანაც მეფის ძე, იმ დროისთვის, სამეფო ტახტის ლეგიტიმურ პრეტენდენტად ითვლებოდა. არსებობს ცნობა, რომ თეიმურაზ ბატონიშვილმა დანიშნა გივი ამილახვრის ასული. ამ ქორწინებას თეიმურაზისთვის ქართლის მეფის გვირგვინი უნდა მოეტანა, ვინაიდან გავლენიანი სიმამრი ამისთვის არაფერს დაზოგავდა. მაგრამ, მოულოდნელად, ეს გეგმა ჩაიშალა, რამაც ახალგაზრდა ბატონიშვილი მორალურად გატეხა.

– რა იყო ამ ქორწინების ჩაშლის მიზეზი?

– 1736 წელს, ნოვრუზის დღესასწაულზე ნადირ-შაჰთან მიწვეულ საპატიო სტუმართა შორის იყვნენ კახეთის მეფე თეიმურაზ მეორე და მისი მეუღლე, დედოფალი თამარი – ასული ვახტანგ მეექვსისა. ამდენად, თეიმურაზ იესეს ძე – თამარ დედოფლის ბიძაშვილი იყო. კახეთის მეფე-დედოფალს ქართლის შეერთება სურდათ და ამ მიზნით, მიზანმიმართულად იღვწოდნენ. იმდროინდელ რეალობაში ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, რადგან ქართლის ბაგრატიონებსაც არაერთხელ უცდიათ კახეთის შეერთება და ზოგჯერ შედეგიანადაც. ბუნებრივია, ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში თეიმურაზსა და თამარს ხელს შეუშლიდათ გივი ამილახვრისა და თეიმურაზ ბატონიშვილის შესაძლო დანათესავება. ამიტომ, მათ სპარსეთის მბრძანებელს მოახსენეს: გივი ამილახვარს მეტად ლამაზი ქალი ჰყავს, ღირსი შაჰის ცოლობისა და გამოითხოვეო. ნადირ-შაჰმაც აღარ დააყოვნა და გივი ამილახვარს ასულის ხელი სთხოვა. 

– ცხადია, ამილახვარი უარს ვერ გაბედავდა. 

– ვერც გაბედა. მაგრამ, ამ ამბავმა ძალიან მძიმედ იმოქმედა საქმროზე – თეიმურაზ ბატონიშვილზე. ის იმერეთში გადასახლდა და ანტონის სახელით ბერად შედგა. 1740 წელს ანტონი ხელდასხმულ იქნა ქუთათელ მიტროპოლიტად. შემდეგ  დავით გარეჯის უდაბნოში შეუდგა მოღვაწეობას. გარკვეული ხნის შემდეგ თეიმურაზ მეორისა და მისი მეუღლის უშუალო ჩარევით, ანტონი კათოლიკოს-პატრიარქი გახდა. არსებობს ცნობა, რომ თამარ დედოფალს ამით სურდა ანტონის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ოდნავ შერბილება მაინც... ანტონ კათალიკოსი, თავის მხრივ, ცდილობს, ქართლის მეფის ავტორიტეტის ამაღლებას. 1745 წლის 1 ოქტომბერს, სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში თეიმურაზ მეორეს ქართული საეკლესიო წესით, მეფედ აკურთხებს. კათალიკოსად არჩევისას ანტონი 24 წლის იყო, თუმცა, ამ თანამდებობის დაკავება, იმხანად არსებული წესის თანახმად, მხოლოდ 30 წლისას ჰქონდა. საგულისხმოა, რომ ნადირ-შაჰი თვით თეიმურაზ მეორესაც დაუნათესავდა.

– ეს უკვე მეორე ისტორიაა ქართველზე დაქორწინებისა. გვიამბეთ მის შესახებ?

– სპარსეთის მბრძანებელმა მასთან ჩასულ მეფე თეიმურაზს მოსთხოვა, რომ მეფის ასული – ქეთევანი თავისი ძმისწულის, ალი ყული-მირზასათვის (იგივე ალი-ყული ხანისთვის) მიეთხოვებინა. იმავდროულად, ნადირ-შაჰმა თეიმურაზს უბრძანა, რომ სპარსეთში გამოეძახა თავისი ვაჟიც – ერეკლე ბატონიშვილი. რეალურად, ტყვეობაში მყოფი თეიმურაზ მეორე იძულებული გახდა, ამ მოთხოვნებზე დათანხმებულიყო. მის ასულს – ქეთევანს და ალი ყული-მირზას ბრწყინვალე ქორწილი გადაუხადეს ქალაქ მეშჰედში. 

– რას გვეტყვით თეიმურაზ მეორის სიძეზე?

– თეიმურაზ მეორის სიძე, ალი ყული-ხანი გახლდათ უფროსი ძე იბრაჰიმისა, ნადირ-შაჰის ძმისა, რომელიც დაღესტნის მმართველად დანიშნული – ჭარში (ანუ ისტორიულ ჰერეთში), ბრძოლაში მოკლეს. ნადირ-შაჰის საგადასახადო პოლიტიკამ, საგარეო დაპყრობით ომებში განცდილმა მარცხმა, აჯანყებათა მთელი ტალღა გამოიწვია, რომელიც შაჰინ-შაჰმა დიდი სისასტიკით ჩაახშო. როდესაც სპარსეთში სახალხო მღელვარება დაიწყო, ნადირ-შაჰმა მათი ჩახშობა სწორედ ალი ყული-მირზას დაავალა. ის კი მამაცი მეომარი და ბრწყინვალე სარდალი იყო, რაც არაერთხელ დადასტურდა. ნადირ-შაჰისთვის საბედისწერო აღმოჩნდა 1747 წელს სისტანში მომხდარი აჯანყება, რომლის ჩასახშობადაც ზემოხსენებული ძმისწული მიავლინა.

– რატომ საბედისწერო?

   – სისტანში ჩასული ალი ყული-ხანი დარწმუნდა, რომ ამ აჯანყების ჩახშობა შეუძლებელი იყო. ამიტომ მან გვირგვინოსანი ბიძა გაწირა, აჯანყებულთა მხარეს გადავიდა და თავი შაჰად გამოაცხადა. საყვარელი ძმისწულის ღალატმა ნადირ-შაჰს წონასწორობა დააკარგვინა. გადაწყვიტა, მოღალატე სანიმუშოდ დაესაჯა, თუმცა, 19 ივნისს, იგი მეშჰედში მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა. 6 ივლისს, 25 წლის ალი ყული-ხანი სპარსეთის შაჰად აკურთხეს. იგი ტახტზე ადილ-შაჰის, ანუ „სამართლიანი შაჰის” სახელით ავიდა. მან იმ დროს სპარსეთში მყოფი თავისი სიმამრი, თეიმურაზ მეორე დიდებულად მიიღო და გულუხვად დაასაჩუქრა. მომდევნო წელს მეფე ერეკლე მეორეს მიართვეს თავისი სიძის, ადილ-შაჰის მიერ სპარსეთიდან გამოგზავნილი ძვირფასი ხალათი და რაყამი დიდი წყალობისა. ასე რომ, სპარსეთის მმართველ აფშართა დინასტიასთან დანათესავება ფრიად მომგებიანი აღმოჩნდა თეიმურაზისთვისაც და ერეკლესთვისაც. 

– ამის შემდეგ რა მოხდა?

– ამის შემდეგ, ადილ-შაჰი ტახტიდან ჩამოაგდო საკუთარმა ძმამ – იბრაჰიმმა, რომელიც ორიოდ თვეში თავადაც შეთქმულების მსხვერპლი გახდა. ვერც ახალმა გვირგვინოსანმა, ნადირ-შაჰის შვილიშვილმა – შაჰროხმა გაძლო დიდხანს. ისიც ტახტიდან ჩამოაგდეს და დააბრმავეს. სულ ორიოდე წლის (1747-1749) განმავლობაში, სპარსეთში ზედიზედ ოთხი შაჰინშაჰის ჩამოგდების გამო, ამ სახელმწიფოში დიდმა არეულობამ და ქაოსმა დაისადგურა. შექმნილი მდგომარეობით მოხერხებულად ისარგებლეს თეიმურაზ მეორემ და ერეკლე მეორემ, რომლებმაც თბილისი სპარსული გარნიზონისაგან გაათავისუფლეს. როგორც იქნა, ჩვენმა ქვეყანამ რეალური დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბუნებრივია, შეწყდა სპარსეთის სამეფო კარზე ქართველ მეფეთა ასულების გაგზავნაც, რაც საუკუნეთა განმავლობაში, ძირითადად, იძულებით ხდებოდა.  საგულისხმოა, რომ მეფე ერეკლეს ინიციატივით, 1748 წელს თბილისში გამართული საეკლესიო კრების დადგენილებით, მართლმადიდებელთა დაქორწინება სხვა სარწმუნოებრივი აღმსარებლობის ადამიანებზე ოფიციალურად აიკრძალა.   

 

 

скачать dle 11.3