კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ააშენა არქიტექტორმა მერაბ გაგნიძემ წყნეთში შაქრო კალაშოვის სახლი, ვისთვის კითხულობდა ის ციხეში „ფაუსტს“ და რატომ „მოჭრეს თავი“ მას

არქიტექტორი მერაბ გაგნიძე იმ რჩეულთა შორისაა, ვისაც იღბალმა განსაკუთრებული ხვედრი არგუნა –  იყო  გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მთავარი შემოქმედი, ალბათ, მისი პროფესიის ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებული პატივია, მით უფრო მაშინ, როცა ეს ტაძარი შენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას იქმნება.  მერაბ გაგნიძე დარიალის ახლახან გახსნილი ტაძრის მთავარი შემოქმედია. ამ პროექტში უცნაურად მოხვდა, როგორც თავად ამბობს, უცნაურობები ტაძრის  მშენებლობას არც  შემდგომ აკლდა. შვიდი კაციდან დარჩენილი სამეგობრო დარიალში,  მძიმე განსაცდელი, რომელმაც მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაყო და პატიმრობის დროს წაკითხული „ფაუსტი” – მერაბ გაგნიძე საკუთარი  ისტორიით დღეს ჩვენი სტუმარია. 

 

მერაბ გაგნიძე:  დარიალის სამონასტრო კომპლექსი, თავისი მასშტაბურობით, არქიტექტურითა და ყველა სხვა ღირებულებით, ჩემთვის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.  ნებისმიერი არქიტექტორისთვის, ტაძრის აშენება, მით უმეტეს, ასეთი გრანდიოზული ტაძრის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რის გამოც  ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის. დარიალის სამონასტრო კომპლექსის აშენება მისმა უწმინდესობამ  შავნაბადას ეკლესიის წინამძღვარს, მამა შიოს დაავალა. მშენებლობისთვის შეირჩა ულამაზესი  ადგილი რუსეთ-საქართველოს საზღვართან. იქ, სადაც ცნობილი ისტორიის მიხედვით, ოთხმა ხევსურმა გააჩერა  რუსების მეთვრამეტე არმია, რომელიც საქართველოში შემოდიოდა.  ჩვენ ამ მშენებლობაში უცნაურად ჩავერთეთ.  ერთ დღეს მამა შიომ  მე და ჩემს მეგობრებს გვითხრა: ნახეთ ტერიტორია, სადაც ტაძრის აშენებას ვაპირებთ, ეგებ თქვენი მოსაზრება შემოგვთავაზოთო. მე, გურამ ჟვანია და ოთარ ქვრივიშვილი  წავედით დარიალის ხეობაში. იმ დღეს ძალიან ცივი და სუსხიანი ამინდი იყო, გაგვიჭირდა სამუშაოების შესრულება, მაგრამ ამის მიუხედავად, ესკიზები მაინც  გავაკეთეთ.  გურამი ხატავდა. ისე ციოდა, ფუნჯი გვეყინებოდა ხელში. საღამოს პატრიარქი ჩამობრძანდა, დიდი მრევლის თანხლებით. მათ მოჰყვნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. საღამოს, როცა ყველა ერთად, პატრიარქის სნოს რეზიდენციაში შევიკრიბეთ, ყველა თავის აზრს გამოთქვამდა.  ჩვენ ჩვენი ესკიზები მივაწოდეთ პატრიარქს, მან დახედა და ბრძანა: რა კარგია, ამის მიხედვით ააშენეთო. პროექტი იქვე  დალოცა.

– ადრე გქონდათ სამონასტრო მშენებლობის გამოცდილება? ამხელა სამონასტრო კომპლექსის აშენება, რომელმაც  საუკუნეებს უნდა გაუძლოს, იოლი საქმე ხომ არ არის?

– 90-იან წლებში, არქიტექტურისთვის ამ ქვეყანაში არავის ეცალა.  დრო ბევრი იყო – მე და ჩემმა მეგობრებმა სიარული დავიწყეთ გუდარეხში, სადაც მივდიოდით  „პალატკებით”, ორი კვირა მაინც ვრჩებოდით ხოლმე. ჩვენთან ერთად მოდიოდნენ მღვდლები, ფილოსოფოსები, ხელოვანები და ძალიან საინტერესო საუბრებში ვატარებდით დღეებს კოცონის ირგვლივ.  სწორედ იმ პერიოდში გაგვიჩნდა იდეა, მუშაობა დაგვეწყო ტაძართმშენებლობაზე. მაშინ  ამ მიმართულებით არაფერი ხდებოდა. როცა ტაძართმშენებლობის  თემა გააქტიურდა, პროფესიული თვალსაზრისით არ იყო ის  დონე, რაც ახლა  გვაქვს. ამ წლებში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგროვდა. მე მქონდა ტაძრებზე მუშაობის გამოცდილება, ერთი ტაძარი ავაშენე თბილისის ზღვის სასაფლაოზე. ამას გარდა, ჩემი აშენებულია ტაძარი  წყნეთში და თბილისის გასასვლელში, არმისული ჯვრის მონასტრის გადასახვევამდე. მაგრამ, ეს, იმასთან შედარებით, რაც გაკეთდა დარიალში, მცირემასშტაბიანი სამუშაოები იყო. როცა გამოცხადდა კონკურსი სამების საკათედრო ტაძარზე, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო კონკურსში. მაშინ შვიდნი ვიყავით, შესაბამისად, ჩვენს ჯგუფს ასეც ეწოდებოდა.  გავაკეთეთ პროექტი, რომელიც კონკურსზე გავიტანეთ და მისი  დეტალური განხილვაც მოხდა. მაგრამ, გარკვეული  გარემოებების გამო, მაშინ სხვა პროექტმა გაიმარჯვა.  ჩვენ გვქონდა მცდელობა, წავსულიყავით ახალი მიმართულებით და სწორედ ამან შეგვიშალა ხელი.  ამის შემდეგ ძალიან  გაგვიჭირდა ცხოვრება. ისეთი განცდა გქონდა, რომ დაგვანგრიეს, თუმცა  მაინც არ  შეგვიწყვეტია ძალისხმევა, ერთად აგვეშენებინა დიდი ტაძარი. იმ შვიდი კაციდან რამდენიმე გამოგვაკლდა და ჯგუფში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ხუთნი დავრჩით: მე, გურამ ჟვანია, ოთარ ქვრივიშვილი, ვიტალი ქორიძე, ვიქტორ კვიტატიანი. სამწუხაროდ, გურამ ჟვანია ვერ მოესწრო ტაძრის გახსნას, მაგრამ მას ძალიან  დიდი წვლილი მიუძღვის კომპლექსის ესთეტიკური მხარის დამუშავებაში და  იმ ურთიერთობების დამყარებაში, რომელიც ამ რთულ პერიოდში, დიდი სამუშაოების შესრულების დროს  ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ტაძარზე მუშაობა საინტერესო პროცესი იყო,  დროდადრო ვხვდებოდით პატრიარქს. ის ისე დაგვაკვალიანებდა ხოლმე,  პრობლემები უცებ გვავიწყდებოდა. სისწრაფის გამო, რაღაც დეტალები ისე ვერ გაკეთდა, როგორც გვინდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ ამ დეტალებს თავიდან მივუბრუნდით და უკეთესად ვაკეთებთ.

– როგორ აშენდა ტაძარი?

– მშენებლობა მთელი ცხრა წელიწადი გრძელდებოდა. როცა ასეთ წმინდა  ნაგებობას აშენებ, არ არსებობს, წინააღმდეგობები არ შეგხვდეს. ამას ვერც ჩვენ გადავურჩით – გარდა იმისა, რომ  ძალიან გვიტევდა სტიქიური მოვლენები, ერთ-ერთ სტიქიას შეეწირა ჩვენი ტრაქტორისტი და მემანქანე, ისინი მდინარემ წაიღო და მოგვიანებით აღმოაჩინეს მათი ცხედრები.   მშენებლობის დაწყებიდან ორ წელიწადში უგზოუკვლოდ გაქრა ერთი ქართველი ბიზნესმენი, რომელიც კომპლექსის მშენებლობას აფინანსებდა. ის სტავროპოლში ცხოვრობდა და როგორც ხმები დაირხა, ვიღაცეებმა  გაიტაცეს. თავიდან ცოტა სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები,  ასეთი დიდი მასშტაბის მშენებლობა შეწირულობებით იოლი არაა, მაგრამ მამა შიო ძალიან აქტიური კაცია და ყველანაირად ცდილობდა, ინვესტორები მოეზიდა. მათ შორის აღმოჩნდა ლევან ვასაძე. ნელ-ნელა ყველაფერი  გამოსწორდა. იქ ჩამოდიოდა უამრავი ადამიანი,  ისინი უანგაროდ, ფიზიკურად შრომობდნენ  ტაძრის მშენებლობაზე.  იყო ისეთი მომენტებიც, როცა ეს ხალხი მხოლოდ ლობიოს წვენით  იკვებებოდა,  მაგრამ აუგი  სიტყვის მთქმელი არავინ იყო. ყველას ისეთი ამაღლებული განცდა ჰქონდა, არავის ახსოვდა არც სიცივე და არც საკვები. მღვდელმსახურები სულ ამბობდნენ: ეს ისეთი სიწმინდეა, თვითონ მოიზიდავს ხალხს,  აუცილებლად აშენდება ეს ტაძარიო და ასეც მოხდა.    

– თუმცა, თქვენ ტაძრის მშენებლობას საკმაოდ დიდხანს ჩამოშორებული იყავით, მაშინ, როცა წყნეთში მდებარე, კალაშოვის სახლთან დაკავშირებული ისტორიის გამო დაგაკავეს. ის სახლიც თქვენი აშენებულია? რა გაკავშირებდათ კალაშოვთან?

– ის სახლი ჩემი აშენებულია, მაგრამ კალაშოვთან არაფერი მაკავშირებდა. ერთხელაც არ შევხვედრივარ მას. ამ სახლის აშენება დამიკვეთა სამმა წყნეთელმა ადამიანმა. მათი მოთხოვნა იყო, ამეშენებინა შენობა, რომელსაც ექნებოდა როგორც დასასვენებელი ფუნქცია, ასევე გამოდგებოდა  საქმიანი  შეხვედრებისთვის.  უკვე  დაწყებული გვქონდა სამი ფლიგელის  მშენებლობა, როცა წყნეთელებმა  გაყიდეს ეს ტერიტორია, რომელიც იყიდა შაქრო კალაშოვის ძმამ თუ შვილმა. მათ გააგრძელეს მშენებლობა, რომლის ხელმძღვანელობაც მე მთხოვეს.  მე მომიწია ბევრი რამის გადაკეთება პროექტში,  მაგრამ უცვლელი დარჩა  საქმიანი შეხვედრებისთვის საჭირო სასტუმრო ოთახები. შენობაში იყო დიდი სასადილო ოთახი, სამზარეულო, რვა საძინებელი, თავისი აბაზანებითა და ტუალეტებით. პრინციპში, შენობა სასტუმროს ტიპის ნაგებობა იყო, ეზოს უკანა ნაწილში გაკეთდა პარკი  და საცურაო აუზი.  შენობა გარედან ჩანს გრანდიოზული, თორემ სულ სამი სართულია და არც თუ ისე გრანდიოზული ფართობით.  დამკვეთმა მომიტანა არქიტექტურული ორდერის ფრაგმენტი, მისი სურვილი იყო, შენობა იმ სურათის  იდენტური ყოფილიყო. ეს გახლდათ ძალიან დაბალი დონის, ამერიკული, კოლონიალური შენობა, რაზეც დამკვეთს ჩემი აზრი ვუთხარი. იმ პერიოდში იტალიაშიც კი წავედი, სადაც ვნახე ვინიოლა და ბრამანტე „ნატურში“. გამოყენებული გვქონდა იტალიური, საოცარი ხარისხის საშენი მასალები, კარალას მარმარილო, რომლითაც დავითია გამოქანდაკებული.  საბოლოო ჯამში, გამოვიდა ძალიან კარგი ნაგებობა: აივნებით, კოლონებით, ფრიზით. სტილით უფრო ნეოკლაციზიმს მიეკუთვნება.

– მშენებლობის დროს შაქრო კალაშოვს არ შეხვედრიხართ?

– არა. მე მქონდა ურთიერთობა მის ძმასთან, ნათესავებთან, მშენებლობისთვის საჭირო ფინანსებს ისინი უზრუნველყოფდნენ. თუმცა, იყო ისეთი პერიოდებიც, როცა მე საკუთარი ფინანსებით მიწევდა სხვადასხვა სამუშაოს შესრულება. ამ სახლზე დაახლოებით ხუთი წელი ვიმუშავე, მშენებლობა დასრულდა 2002 წელს.  ერთ დღეს კალაშოვმა  დამიბარა და მითხრა: შენობა უნდა გავყიდოო, მოლაპარაკების მიხედვით, მას  ჩემთვის თანხა ჰქონდა გადასახდელი საკმაოდ სოლიდური რაოდენობით. მე თანხის გარანტია მოვითხოვე, რაზედაც პასუხად მივიღე, რომ თანხას მივიღებდი სახლის გაყიდვის შემდეგ. მე არ დავთანხმდი. მაშინ შევთანხმდით, გავაკეთეთ  სააქციო საზოგადოება და მეც გავხდი ამ სახლის ერთ-ერთი მფლობელი.  მე არასდროს გამომდის რაიმე მარტივად. აუცილებლად უნდა ვიმუშაო დილიდან ღამემდე, რომ რამე გამომივიდეს და რაღა აქციონერობაში მექნებოდა ბედი?! ამიტომაც, ჩემი ოცნება აქციონერობაზე თავიდანვე განწირული იყო, თუმცა მაინც ვცადე (იცინის). 

– ეს სახლი ძვირად დაგიჯდათ, წელიწად-ნახევარი ციხეში გაატარეთ.

– ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სახლი  გაიყიდა ვინმე მდინარაძეზე, რომელიც კალაშოვის ახლობელი გახლდათ. ჩემგან მოითხოვდნენ დამეწერა,  რომ ხელშეკრულება, რომელზეც ხელი მოვაწერე, იყო ფიქტიური. ამას საკუთარ თავს ვერ ვაკადრებდი, უარი განვაცხადე და ცნობილი ისტორიის პერსონაჟს თუ ხელი მოჭრეს, კარგი რატომ აგიგიაო, მე თავი მომჭრეს ამდენ ხალხში (იცინის). გამიშვეს ციხეში ცრუმოწმეობის ბრალდებით, სადაც მე სასჯელი ბოლო წუთამდე მოვიხადე.

– იმ პერიოდის ციხეში შაქრო კალაშოვის სახელით ცხოვრება არ გაგიჭირდებოდათ. გეხმარებოდათ მისი ავტორიტეტი ციხეში? 

– მე ეს არ მჭირდებოდა. არ დავმალავ და გეტყვით, ციხეში  სიმპათიითა და პატივისცემით მეპყრობოდნენ. მაგრამ, ეს, ალბათ, იმის გამო, რომ მე ჩემი პოზიციისა და პრინციპის ერთგული  დავრჩი. ციხე  ძალიან უცნაური სამყაროა. მე არ ვიცნობდი ამ სამყაროს,  არასდროს დავინტერესებულვარ ამ მიმართულებით. წყნეთში დავიბადე, მეშვიდე კლასიდან თბილისში ვიყავი. მთელი ახალგაზრდობა ვერაზე გავატარე, მაგრამ ჩემი ქუჩური მენტალიტეტი ბირჟას არ გასცდენია, რაც ციხისთვის არაფერი ყოფილა (იცინის). ხანდახან ვფიქრობდი, რომ ეტყობა, განგებამ სპეციალურად მომახვედრა ამ სიტუაციაში, რომ საზოგადოება ბოლომდე შემეცნო-მეთქი. ციხე რომ არ მენახა და ისე მოვმკვდარიყავი, ნახევარი ცნობიერებით წავიდოდი ამ ქვეყნიდან.  ჩემ გვერდით იყო  უამრავი ყოფილი ქურდი, მომპარავი, ნარკომანი, ყაჩაღი, მკვლელი, მაგრამ  იქ იყო წესები, ადამიანური  ურთიერთობის წესები, რომელიც ისე, უბრალოდ, არ ირღვეოდა.  ერთი-ორჯერ რომ შემომთავაზეს ნარკოტიკი და უარი ვთქვი, არ ვეწევი-მეთქი, მას შემდეგ ჩემთვის ეს არავის შემოუთავაზებია.  ჩემთან ყველა მეგობრობდა. თუ იქ შეგამჩნიეს, რომ ცდილობ, აფერისტობას და ვიღაცის მოტყუებას, ისე მოგატყუებენ, აზრზე  ვერ მოხვალ. მაგრამ, როცა გაქვს პოზიცია, შენი, პრინციპული, იმაზე არავინ გედავება. ციხეში ყველას თავისი ადგილი აქვს. შეიძლება, ადამიანი ძალიან სუსტი იყოს, იმასაც თავისი ადგილი აქვს, არავინ დაჩაგრავს. იქ ყველაზე უკეთ ჩანს  ადამიანი – ყველას ეშინია, რამე არ შეეშალოს. ერთ სასაცილო ამბავს მოგიყვებით. ერთხელ ფილოსოფიურ თემებზე ვსაუბრობდით,  „ფაუსტზე” ჩამოვარდა ლაპარაკი. ვიკითხე: წაგიკითხავთ-მეთქი? არა, კაცო, მაგას რა წაგვაკითხებსო, მითხრა ერთ-ერთმა. მე მათ შევთავაზე, რომ აგვეღო წიგნი და საჯარო კითხვა მოგვეწყო, 4-5 კაცი ამყვა მხოლოდ. დავჯექით და დავიწყეთ კითხვა. ზოგიერთი პასაჟი გაუგებარი რომ არ დარჩენილიყო, ხმამაღალი ახსნისა და განსჯის  საგანი გახდა. ერთ-ერთმა ვერ გაუძლო ამდენ საუბარს ეშმაკებსა და სატანებზე, გაგვერიდა, წავიდა და ეკლესიაში შევიდა. ეს ეკლესია იმ გარემოში მყოფ პატიმრებს ძალიან შველოდა.  გამიხარდა ძალიან, ეს უკვე კარგი იყო. ბოლოს და ბოლო, ჩავამთავრეთ საჯარო კითხვა. ცოტა ხანში ჩემთან მოვიდა რამდენიმე გავლენიანი პატიმარი და მითხრა: ძმაო, აქ შენ რაღაც სხვა მიმართულებით მიგყავს სიტუაციაო (იცინის).       

– ციხიდან გათავისუფლებული ტაძრის მშენებლობას იოლად დაუბრუნდით? 

– როცა ციხიდან გამოვედი, არავითარი სურვილი აღარ მქონდა, ისევ არქიტექტურაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ დარიალზე უარს ვერ ვიტყოდი, აუცილებლად უნდა დამემთავრებინა.  რამდენიმე ძველი დამკვეთი არ შემეშვა, ლამის ციხის კარებთან დამხვდნენ – გინდა თუ არა, წამოდი და ეს გააკეთეო.  მერე მაიძულეს, რომ მუშაობა დამეწყო.  თან, არქიტექურის კათედრაზე ვმუშაობდი. წელს დავწერე განცხადება და წამოვედი. მე არ შემიძლია, ლექციის დაწყებამდე და ლექციის შემდეგ თითის ანაბეჭდი დავტოვო სადღაც, იმიტომ რომ ვიღაცას ასე სურს.  ამას ვერ მივიღებდი, ამიტომაც ვუთხარი ეს ჩემს სტუდენტებს და წამოვედი. არ მინდოდა მათი დატოვება, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდა. წამოვედი და ახლა მთლიანად ჩემს  არქიტექტურაში დავრჩი...  

 

 

скачать dle 11.3