კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის გასაიდუმლოებული ქირურგიული ოპერაციის ღირებულების დათვლის მექანიზმი და რატომ არ იღებენ ღარიბ პაციენტებს ზარ-ზეიმით გახსნილი თანამედროვე ჰოსპიტლები

რაკი ერთხელ მაინც თითოეული ჩვენგანი ყოფილა პაციენტის როლში, დიდი საბუთების მოხმობა არ სჭირდება იმის თქმას, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქისთვის დიდი ფუფუნებაა, უპირველესად, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ სამედიცინო მომსახურება ძვირად ღირებული სიამოვნებაა. სამწუხაროდ, ვერანაირი შეღავათია ხელისუფლების განმარტება, რომ ჯანდაცვა ყველგან ძვირი ღირს. ძვირი ღირს თუ იაფი, არანაკლები პრობლემაა ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა, რადგან ექიმს თეთრი ხალათიც უწყობს ხელს იმაში, რომ პაციენტს ზედმეტადაც გამოუწეროს მედიკამენტები და სრულიად არასაჭირო გამოკვლევებიც დაუნიშნოს, რომელთა მიზანიც უბრალოდ პაციენტისთვის მეტი ფულის დაცინცვლაა (ოღონდ ისიცაა, რომ პაციენტის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს, მხოლოდ ჯიბეს აზარალებს). მეორე მხრივ, დღემდე უცნობია, რა პრინციპით დგინდება ფასები ამა თუ იმ სამედიცინო მანიპულაციაზე და რა შეძლების მოქალაქეზეა გათვლილი, თუნდაც, პაციენტის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობის ფასი (დღიურად –  საშუალოდ 1 000 ლარი). ვიქტორ დოლიძეს გავესაუბრეთ საქართველოში პაციენტისა და ექიმის, საქართველოს მოქალაქისა და ქართული ჯანდაცვის სისტემის მეტად მტკივნეულ და არცთუ იშვიათად ლეტალური ფინალისთვის განწირულ ურთიერთობაზე.

 

– ადეკვატურია თუ არა კანონი, რომელიც იცავს პაციენტის უფლებებს, რამდენად ეხმიანება არსებულ ვითარებას და თუ უმსუბუქებს პაციენტს მდგომარეობას?

– სამწუხაროდ, არანაირად არ ეხმიანება დღევანდელ ვითარებას, თუმცა უნდა გითხრათ, რომ ქაღალდზე დაწერილი კანონი, რაოდენ კარგიც უნდა იყოს, იმდენად აუწყობელია ჯანდაცვის სისტემა, რომ ძალიან რთულია მიესადაგოს მას. თუმცა ამ ბოლო დროს რაღაცეები გაითვალისწინეს ევროკავშირის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებიდან და ახლაც მიდის მუშაობა ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსთა სამინისტროთან ერთად, მაგრამ, მართალი გითხრათ, მათი კონცეპტუალური ხედვა არ გვინახავს. როდესაც ვეკითხებით, გვეუბნებიან, რომ მუშაობენ და მაქსიმალურ ჰარმონიზაციას აკეთებენ ჩვენი კანონმდებლობისა როგორც ევროკავშირის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობასთან, იმიტომ რომ ჯანდაცვის უფრო ამერიკული მოდელის აღება სურდათ. თუმცა, რეალურად, დანამდვილებით დღესაც არ იციან, რა სისტემაზეა საუბარი. ამდენად, პაციენტთა უფლებები რომ დაუცველია, ისევე, როგორც ექიმების, ისეთივე ნათელია, როგორც ის, რომ ორჯერ ორი ოთხია.

– რა უფლებები აქვთ პაციენტებს თუ არანაირი უფლებები არ აქვთ, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში ხვდებიან?

– მე არ მინახავს ასეთი რამ კონკრეტულად გაწერილი და თქვენც რომ გამოითხოვოთ ეს საჯარო ინფორმაცია, ვეჭვობ, ვინმემ მოგაწოდოთ.

– მე უკვე მოვიკითხე და ვერაფერი მითხრეს, ვერც ჯანდაცვის სამინისტროში და არც სახალხო დამცველის ოფისში. იქ ცოცხალი ადამიანი, ვისაც ეს ევალება, საერთოდ არ დამელაპარაკა, ჩვენს საიტზე ანგარიშია გამოქვეყნებული და გაეცანითო. ამ პასუხმა შოკი მომგვარა.

– ვერც ნახავთ ასეთ დოკუმენტს, თუმცა სამინისტროში აქვთ რაღაც გამოკვლევები, რომლებიც კითხვარებს ეფუძნება. მათ პერიოდულად ატარებენ ამერიკული და ევროპული ორგანიზაციები და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ანალიზისთვის, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ქაღალდზე დაწერილი ხედვა ან სამართლებრივი ნორმა, მე არ მინახავს.

– ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში პაციენტს აქვს ერთადერთი გზა –  სასამართლო?

– და ამის მაგალითებიც ბევრი ყოფილა. ჩვენთანაც მოსულან პაციენტები, სასამართლოშიც მოსულან. ყოფილა პაციენტის სიკვდილიანობის შემთხვევებიც. მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორსულთა სიკვდილიანობით საქართველო 44 ევროპულ ქვეყანას შორის, ბოლო ადგილზეა, იგივე სურათია ჩვილთა სიკვდილიანობის მხრივაც. ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? მაგრამ ეს მიბმული უნდა იყოს არა მხოლოდ პაციენტების, არამედ ექიმთა უფლებების დაცვაზეც. უნდა გაირკვეს, სად იყო ექიმის გადაცდომა და სად –  შეგნებული შეცდომა, ოღონდ ეს სადღაც უნდა იყოს გაწერილი და ამის შესახებ უნდა იცოდეს როგორც ექიმმა, ისე პაციენტმა. რატომ არის მთავარი პრობლემა არაინფორმირებულობა? იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის, რა უფლებით შედის საავადმყოფოში, ისევე, როგორც ექიმმა არ იცის, რა უფლება აქვს პაციენტთან ურთიერთობისას. არაფერს ვაბმობ იმ მიზანმიმართულ კამპანიაზე, რომელიც ექიმთა წინააღმდეგ დაიწყო. შესაძლოა, ბევრი არაკვალიფიცირებული კადრი მართლაც იყო, მაგრამ ამ სფეროს უკანასკნელი მოჰიკანებიც გაიცხრილნენ ამ კამპანიის შედეგად. სანამ ეს არ მოწესრიგდება, მე ნამდვილად ვერ ვხედავ ამ სისტემაში ნორმალური რეგულაციის შესაძლებლობას.

– ყველასთვის ცნობილია, რომ ექიმს შეუძლია პაციენტით მანიპულირება, გამოუწეროს დანიშნულება, რომელიც არაფერს ავნებს და არც არგებს. აიძულოს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება. ეს თუ რეგულირდება კანონით თუ ყველა ქვეყანაში თეთრხალათიანების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული?

– ექიმის უმთავრესი დანიშნულებაა, არ ავნოს პაციენტს, თუ არ გამოაჯანმრთელებს, მაგრამ უმთავრესია, არ ავნოს.

– მაგრამ არც ფული არ უნდა დაცინცლოს, თან, რაც შეიძლება ბევრი.

– რა თქმა უნდა, მაგრამ, ვიმეორებ, თვითონ სისტემაა იმდენად მოუწყობელი, რომ აქამდე საქმე აღარ მიდის. პაციენტს და ექიმს თავიანთ უფლებებზე ფიქრის საშუალებაც არ ეძლევათ. წარმოიდგინეთ, მთელი ჯანდაცვის სისტემა გადასულია პრივატიზაციაზე და ეგრეთ წოდებულ ჰოსპიტალურ რეფორმაზე. ჰოსპიტალური რეფორმა რა არის? სადაზღვევო კომპანიები აშენებენ კერძო კლინიკებს და ეს ხდება პრეზიდენტის უშუალო დავალებით. ანუ სადაზღვევო კომპანია არის ჰოსპიტალური კომპანიაც, ფარმაცევტული კომპანიაც, ერთი დამკრძალავი ბიუროს ფუნქციები არ შეუთავსებიათ მათთვის.

– ისე, კი მოუხდებოდა, ბარემ რკალი შეიკვრებოდა. რა თქმა უნდა, ეს „შავი იუმორია“.

– დიახ, დანარჩენი ყველაფერი მათ ხელშია. აშენდა ძალიან კარგად მოწყობილი ჰოსპიტლები, მაგრამ რა აზრი აქვს ამას, თუ იქ ავადმყოფი ვერ შევიდა, თუ „სასწრაფო დახმარებამ“ ვერ მიიყვანა პაციენტი?! იცით, რომ ბევრი ინსულტიანი გვყავს, მაგრამ ასეთ კარგად მოწყობილ ჰოსპიტლებში გონებადაკარგული ადამიანი ვერ მიჰყავთ, იმიტომ რომ კერძო კლინიკები ასეთ პაციენტებს არ იღებენ. ასეთ პაციენტს აქვს იმის საშუალება, რომ იცოდეს, რა უფლებები აქვს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები?!

– რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტის მოთავსება რამდენიმე დღის შემდეგ ღირს დღეში, საშუალოდ, 1 000 ლარი. საიდან მოაქვთ კლინიკებს ასეთი ფასი? რა დაუჯდათ ასეთი იმ აპარატის შესყიდვა, რომ ვერაფრით ამოიღეს ჩადებული თანხა? მესმის, რომ საბაზრო ეკონომიკაა, მაგრამ რა შეძლების პაციენტზე თვლიან ამ ფასებს, თქვენ ხომ არ იცით?

– ხუთიდან სამოც წლამდე ასაკის პაციენტებს, რომლებსაც სასწრაფო გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ, ექვსი დღის განმავლობაში თანხას უხდის სახელმწიფო, მაგრამ შემდეგ დღიურად ფასები 600 ლარიდან იწყება. ეს ძალიან დიდი თანხაა. მოდიან ადამიანები და გვეუბნებიან, დავაწვინე დედა, ხვალ ბოლო დღეა, შეგიძლიათ, რომ დაგვეხმაროთ? ადამიანს თუ დაზღვევა აქვს, თუმცა დაზღვევასაც გააჩნია, კიდევ არა უშავს, მაგრამ, თუ არ აქვს დაზღვევა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, სახლებიც კი გაუყიდიათ.

– და ვერც გადაურჩენიათ ოჯახის წევრი.

– დიახ, მაგრამ ყველა ადამიანი ბოლომდე ცდილობს, გადაარჩინოს თავისი ახლობელი. ამდენად, ესეც პრობლემაა. ფასებთან დაკავშირებით ძალიან მიჭირს რამის თქმა. არანაირი პრობლემა არ გვაქვს იმასთან, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები უნდა არსებობდეს, პირიქით, ჯანსაღი კონკურენციის ამაღლების თვალსაზრისით, სახელმწიფომ შესაძლოა, ამ სფეროს სუბსიდირებაც კი მოახდინოს.

– აკეთებს კიდეც ამას: სახელმწიფო აზღვევს მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას.

– მაგრამ სწორედ აქ არის კორუფციული პირამიდა –  350 მილიონი ლარიდან, რომლითაც სახელმწიფომ შეისყიდა ჯანმრთელობის პოლისები, მხოლოდ 145 მილიონი მივიდა პაციენტებამდე, დანარჩენი თანხა გაქრა. ეს კონტროლის პალატის მონაცემებია: სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულთა 45 პროცენტზე მეტს ეს პოლისები ან არ მიუღია, ან, თუ მიიღო, ვერ გამოიყენა. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფო სადაზღვევო სისტემის აუცილებლობაზე, ჩვენ ამას შემთხვევით არ ვაკეთებთ. კარგია, რომ კერძო სადაზღვევო სექტორი არსებობს, მაგრამ მასზე ხელი ყველას არ მიუწვდება, დანარჩენებმა რა უნდა ქნან?! ქვეყანაში ხომ საშუალო ფენა არ არსებობს?!

– როგორი საშუალო ფენაც უნდა არსებობდეს, დღეში 1 000 ლარს ვერ გადაიხდის.

– რა თქმა უნდა, სისტემა უნდა მოწესრიგდეს. მაგრამ სახელმწიფომ ეს პასუხისგებლობა მოიცილა და მიუშვა თვითდინებაზე. არადა, ამბობენ, რომ მივდივართ დასავლეთისკენ, დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კი უზრუნველყოფილია სახელმწიფო სადაზღვევო სისტემა და, იმავდროულად, არის კერძო კომპანიებიც. ჩვენ არანაირი წინააღმდეგობა არ გვაქვს კერძო კომპანიებთან, მაგრამ აშკარაა მათი მონაწილეობა ამ კორუფციულ პირამიდაში: თითოეული კომპანიის მოგების მარჟა 27 პროცენტზე მეტია. სწორედ აი, ამას ჰქვია ელიტური კორუფცია! მეტი რაღა უნდა მოხდეს? კონტროლის პალატის მონაცემებით, ასობით მილიონი ლარია გამქრალი. კარგია, რომ კონტროლის პალატა შევიდა ამ სისტემაში და დაიწყო ამ პრობლემის გამოკვლევა, მაგრამ ბოლომდე უნდა მიიყვანოს საქმე. ის, რომ სადაზღვევო კომპანიის ვიღაც ორი თანამშრომელი დაიჭირეს და  მეორე დღეს გარეთ გამოუშვეს, ჩემთვის არ არის პრობლემის მოგვარება.

– კერძო კომპანიის საქმეა ფასების რეგულირება, მაგრამ აი, ამ დღეში ათასი ლარის  ლოგიკა ვერ გავიგე, ვერც სამედიცინო და ვერც საბაზრო.

– ორი აზრი არ არსებობს, რომ სამედიცინო ბიზნესი მომგებიანი უნდა იყოს.

– რა თქმა უნდა, მაგრამ ადეკვატური არ უნდა იყოს?

– მე არ მგონია, რომ ერთ კომპანიას ფარმაცევტული ბიზნესიც უნდა ჰქონდეს, ჰოსპიტლურიც და სადაზღვევოც, მაგრამ, თუ სამედიცინო დაწესებულებამ რაღაც შემოსავალი არ იპოვა, ვერ შეძლებს საქმიანობას, მაგრამ მოგების ამხელა მარჟას ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში 5-6  პროცენტს რომ გადასცილდეს სადაზღვევო კომპანიის მოგების მარჟა, წარმომიდგენია, რა სკანდალი ატყდება. მაგრამ ახლა ნახეთ აქ რა ხდება: სახელმწიფო აძლევს ფულს სადაზვევო კომპანიას, აძლევს საშუალებას, რომ ეწეოდეს ფარმაცევტულ საქმიანობას, რომელსაც, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვს ეს სეგმენტი და შემდეგ იგივე სახელმწიფო მათგან ყიდულობს ჯანმრთელობის პოლისებს. მე არ ვიცი, სხვა რა არის კორუფცია. თან იმ ფულის დიდი ნაწილი დაიკარგა, რადგან აღმოჩნდა, რომ ხალხს არ უსარგებლია პოლისებით. იმედი მაქვს, კონტროლის პალატა მხოლოდ ორი ადამიანის დაჭერითა და მათთვის ფულის გამორთმევით არ შემოიფარგლება  და ამ სფეროს შესწავლას განაგრძობს. ძალიან მეპარება ეჭვი, რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ ამისკენ.

– ვიცით, რომ ოპერაციები საკმაოდ ძვირი ღირს. არც ექიმები და არც სახელმწიფო საავადმყოფოს მესვეურები არ ლაპარაკობენ ამაზე აშკარად, თუმცა პირად საუბრებში არ მალავენ, რომ საავადმყოფოს მცირე თანხა რჩება იმ ძვირად ღირებული ოპერაციებიდან, ისევე, როგორც ძალიან დაბალია მედპერსონალის ჰონორარიც?

– ეს რთული და ხელმიუწვდომელი ინფორმაციაა.

– შეიძლება, ეს იყოს არახელმისაწვდომი ინფორმაცია?

– არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრი რამაა არაგამჭვირვალე. მაგალითად, ვერ გაიგებ, რა ხდება სახელმწიფო და მუნიციპალურ ბიუჯეტებში. ერთი ოპერაციის გამო სახლებს ჰყიდის ხალხი. ამიტომ, მხოლოდ კანონის ქაღალდზე გადატანით, არაფერი გამოვა, სისტემაა ასაწყობი. სოციალური სისტემა მიბმულია ჯანდაცვაზე, მიუხედავად იმისა, ამ სამინისტროებს გაყოფ თუ ერთად გექნება. მთავარია, ინსტიტუციურად როგორ ააწყობ ამ სისტემას. ჩვენთან კი ააშენებინებენ ჰოსპიტალს, შევა პრეზიდენტი, გაჭრის წითელ ლენტს, იტყვის, აი, რა კარგი საავადმყოფო აგიშენეთო, მაგრამ, თუ მილიონები არ გიდევს, იმ საავადმყოფოში ვერ იმკურნალებ.

– მეორე მხრივ, რატომ არ უნდა უნდოდეს ხელისუფლებას, ააწყოს ეს სისტემა? უნდა, რომ ავადმყოფი და დაუძლურებული მოსახლეობა ჰყავდეს?

– ერთია პოლიტიკური ნების არარსებობა, მაგრამ მეორეა არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა. ამ ხალხმა არ იცის, როგორ და რა გააკეთოს. შეიძლება, რომ იგივე სისტემა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თუნდაც, ტაჯიკეთში, გნებავთ, ყაზახეთში ჩვენსაზე კარგად იყოს აწყობილი?! შეიძლება გაუნათლებელი და ავადმყოფი ადამიანებით შეიქმნას სახელმწიფო?!

 

 

скачать dle 11.3