კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ შეიძლება მშობლების, მეგობრების გარეშე ქორწინების საიდუმლოს აღსრულება და შეიძლება თუ არა ჯვრისწერის შემდეგ პირდაპირ სამოგზაუროდ წასვლა

ქორწინება, ჯვრისწერა უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ამისთვის წყვილი განსაკუთრებულად უნდა მოემზადოს. რატომ არის ჯვრისწერის საიდუმლოში ნეფე-დედოფლის გარდა სხვა ადამიანების მონაწილეობა მნიშვნელოვანი და რა მოვალეობები აკისრიათ მათ ერთმანეთის წინაშე, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– ქორწინება შვიდ საიდუმლოთაგან ერთ-ერთია და მას შეიძლება, პირდაპირ ეწოდოს სიყვარულის საიდუმლო. ჯვრისწერის დროს ნეფე-პატარძალს თავზე ედგმება გვირგვინი, რაც ნიშნავს გარკვეულ მეუფებას, გამარჯვებას ცოდვაზე. ამიტომ, ყველა ოჯახი, რომელიც იკურთხა და რომელზეც აღესრულა ქორწინების საიდუმლო, პატარა სამეფოა, რომელშიც მთავარი სიყვარული და უფლის მყოფობაა. სამწუხაროდ, თანამედროვე ახალგაზრდებს ეს ნაკლებად ესმით და სწამთ. მათთვის ჯვრისწერა ერთგვარი რიტუალი, სანახაობაა, რომელსაც მათი ახლობლები ესწრებიან, ან უნდა ესწრებოდნენ. ბევრ ყოფილა, მოდის დამწუხრებული დედა და აცხადებს: ჩემი შვილის ჯვრისწერა იქნება მალე, მაგრამ მე არ მაქვს უფლება დავესწრო, რადგან უნდათ, მხოლოდ ახალგაზრდები იყვნენო. ეს სწავლება და ტრადიცია საიდან მოდის, არ ვიცი. ტყუილად არ მითქვამს, ყველა ოჯახი პატარა სამეფოა და პატარა სამეფოს შექმნას ბუნებრივია, უნდა ესწრებოდეს უამრავი ახლობელი, მეგობარი. ეს სიხარული იმდენად დიდია, რომ მხოლოდ მეუღლეებს არ შეუძლიათ მისი აღქმა, დატევა. მეათე საუკუნემდე ქორწინების საიდუმლო ევქარისტიის საიდუმლოებასთან ერთად სრულდებოდა ანუ ჯერ ხდებოდა ზიარება და წირვა-ლოცვის შემდეგ აღესრულებოდა ჯვრისწერის საიდუმლო. დღეს ასე აღარ ხდება, ქორწინების საიდუმლოს აღსრულების დროს, ნეფე-პატარძალს ღვინოს ასმევენ და ეს არის სიმბოლო ზიარებისა, მათი ბოლომდე ერთად ცხოვრებისა. ძალიან ცუდია, რომ ამ ყველაფერმა ნელ-ნელა დაკარგა თავისი სულიერი დატვირთვა, მნიშვნელობა. ამიტომ დღეს მივიღეთ ასეთი მდგომარეობა: ეკლესიაში მხოლოდ საქორწილო ფორმაში გამოწყობილი წყვილი მოდის, ვიდეოკამერით იღებენ ყველაფერს, რათა შემდგომში შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის გასახსენებლად ჰქონდეთ: ნახეთ, როგორი ჯვრისწერა გვქონდა და როგორი ძვირფასი სამოსი ეცვა ნეფე-პატარძალსო. რა თქმა უნდა, გარეგნული მხარე ძალიან კარგია, მაგრამ თუ ამ საიდუმლოს სულიერ დატვირთვას, სულიერ შინაარსს გამოვაცლით, მომავალში არაფერი დაგვრჩება. დღეს მექორწინეებს შორის გარკვეული ხელშეკრულებები იდება იმასთან დაკავშირებით, თუ ოჯახი დაინგრევა, ვის რა ერგება წილად. ეს ნიშნავს, წყვილი წინასწარ შეგუებულია იმას, რომ შეიძლება ისინი მომავალში ერთად აღარ იყვნენ. იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ მათი შეუღლება მტკიცე და ურყევი იყოს, იცოდნენ საკუთარი მოვალეობები, არამედ ქონების განაწილებაზე მიდის მსჯელობა და იმაზე, ვის რა ერგება. ქორწინება დიდი საიდუმლოა, რომელიც პავლე მოციქულმა ქრისტესა და ეკლესიის ურთიერთობას შეადარა, მაგრამ ეს ყველფერი დღეს დავიწყებულია. თანამედროვე ახალგაზრებმა თავისებურად მოირგეს ის და იმ დონემზე სრულდება ახლა, როგორც მათ წარმოუდგენიათ და კათოლიკურ სერიალებში უნახავთ. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან მძიმე შედეგამდე მიგვიყვანს. შეიძლება, მალე ქორწინების საიდუმლოზე მხოლოდ მექორწინეები, ხელისმომკიდეები და მექორწილეები ვნახოთ. ეს ნიშნავს, რომ ჯვრისწერა მოხდება ფარულად და არა ხილულად. ანუ, ზეიმი და სიხარული კი არ იქნება, არამედ უსულგულო რიტუალი, რომელიც შეიძლება, საბოლოოდ, მოისპოს და გადაგვარდეს. ამიტომ, უკვე დროა, ხმა ამოვიღოთ და ეკლესიამ მიუთითოს იმ ადამიანებს, რომლებსაც ქორწინება სურთ: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მომზადება, რწმენა, მზაობა იმისა, რომ შენ გწადია ოჯახის შექმნა და არა ვნებების დაკმაყოფილება, სექსუალური პარტნიორის შერჩევა, მასთან კონტრაქტის გაფორმება. ქორწინება არის ასევე მოწამეობა და გვირგვინის დადგმაც ნიშნავს, უკვე გარკვეულ მზადებას მოწამეობისთვის. წინასწარ უნდა იცოდე, რომ ყველაფერი კარგად არ იქნება, შეიძლება, გარკვეული მწუხარება, სნეულებაც იყოს შენს ცხოვრებაში. გვირგვინის დადგმაც გარკვეული სიმბოლოა იმისა, რომ შენს წყვილთან ერთად მზად ხარ ტანჯვისთვის, განსაცდელებისთვის და ყოველგვარი მწუხარებისთვის. სამწუხაროდ, ამაზე არავინ ფიქრობს, ყველას ჰგონია, რომ მათი ქორწინება იქნება ბედნიერი, კონტრაქტი შედგება, მატერიალურ დოვლათს მიიღებენ ერთმანეთისგან. თუმცა, მალევე იგებენ ეს რომ ასე არ არის და მათი თაფლობის თვე შემდეგ  სიმწრის წელიწადებად და საუკუნეებად გადაიქცევა, რაც სამარცხვინოა.

– რა არის ამის მიზეზი?

– მათ არავინ ასწავლა, ან ასწავლა და არ მოუსმინეს, რომ ოჯახის შექმნა სიყვარულით ხდება. ქორწინება კი ეს არის სიმტკიცე, მზაობა იმისა, რომ ერთად იქნებიან: სიყვარულში, რწმენაში, განსაცდელებში და ეს არის თავგანწირვა ერთმანეთისთვის. პავლე მოციქული პირდაპირ ბრძანებდა: ქალი ცხონდება შვილების შობით, თუ ის იდგება კდემამოსილებაში. კდემამოსილებაში როგორ იდგება, თუ მას არ ეცოდინება თავისი დანიშნულება და ფუნქციები. ის უნდა იყოს ღვთისმოშიში და ერთგული მეუღლე, მორჩილი ქმრისა. დღეს ისეთი დამანგრეველი იდეოლოგია, როგორიც ფემინიზმია, ქალს თავისი მოვალეობებისგან ათავისუფლებს და ეუბნება: შენ არაფრით ხარ ნაკლები შენს ქმარზე, არაფერში დაემორჩილო მას. ამ იდეოლოგიას მხარს უბამს თანამედროვე საზოგადოებრივი მდგომარეობა, რომელიც გამეფებულია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში. ამან შეიძლება, სავალალო მდგომარეობამდე მიგვიყვანოს. შვილები ხედავენ, რომ მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს არ ემორჩილებიან, დედა და მამა უდიერად მოიხსენიებენ უხუცესებს და ისინიც იგივეს გაიმეორებენ. ამ ყველაფერს სჭირდება ქორწინების საიდუმლოს კარგი გააზრება, რომელიც ასევე მოიცავს ხორციელ და სულიერ ურთიერთობებს. ადრე ქორწინების დღე იმდენად წმინდა და უბიწო იყო, იმ დღეს ცოლ-ქმარს ურთიერთობაც არ ჰქონდა, რადგან ამ დროს წყვილზე სულიწმიდა იყო, მათ გვირგვინები ედგათ თავზე. მათ შეჰფიცეს, რომ ერთმანეთს არ უღალატებდნენ – მამაკაცს ისე ეყვარება ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი იქნება მეუღლის ერთგული, მორჩილი, მოშიში. დღევანდელი დედოფლები ამ სიტყვებს რომ იგებენ, პირზე ღიმილი დასთამაშებთ: რა მოშიშობაზეა ლაპარაკი, ერთი სული აქვთ, ქორწინების ხანგრძლივი რიტუალი მალე დამთავრდეს და თავიანთი პრეტენზიები განუცხადონ მეუღლეს: მე სახლში არ დავჯდები, სამსახურს არ მივატოვებ, შენზე არაფრით არ ვარ ნაკლები. ერთ სიტყვას არ აპატიებენ ერთმანეთს. ეს ნიშნავს, რომ მათი შეუღლება ფიქტიური, მომავალი კი ბუნდოვანია. მათი ოჯახი ქვიშაზეა აგებული, პირველივე ქარიშხალი გამოაცლის საძირკველს და მალე მივიღებთ მრავალ დანგრეულ ოჯახს, გაუბედურებულ ბავშვებს. როდესაც მე შევდივარ ნებისმიერ ოჯახში, მგონია, რომ შევედი მცირე ეკლესიაში, მცირე სამეფოში, სადაც უნდა მეფობდეს კაცი, დედოფლობდეს ქალი და ვაზირებივით უნდა იყვნენ ბავშვები. ამ ყველაფერს ერთი ლამაზი სახელი უნდა ერქვას: წმინდა, პატიოსანი ოჯახი, სადაც სიყვარული მკვიდრობს.

– ხშირად სხვადასხვა ეკლესიაში ქორწინების საიდუმლოს სხვადასხვანაირად აღასრულებენ. ზოგი მოძღვარი ამას დიდ დროს ანდომებს, ზოგიც ძალიან მალე ამთავრებს, ისე, რომ წყვილს საიდუმლოს გააზრების საშუალებაც არ აქვს.

– ბევრი მოძღვარი მოკლე დროში აღასრულებს ჯვრისწერის საიდუმლოს. მას არა თუ ქადაგების დრო აქვს, არამედ ჯვრისწერის საიდუმლოსაც შემოკლებულად აღასრულებს. ბუნებრივია, როდესაც მექორწილეები ხედავენ, რომ მღვდელი ღვთისმსახურებას მიაფუჩეჩებს და მალე გაუშვებს მათ, ისინი ფიქრობენ, რომ მღვდელმაც მარტივად შეხედა ამ საიდუმლოს, არ გამოხატა სიყვარული მათ მიმართ, მხოლოდ გარკვეულ საფასურს ელოდება. თუ ამას გააკეთებს სასულიერო პირი, მექორწილეებშიც ჩაქრება ის ნაპერწკალი, რომელიც მათში იყო. ამიტომ, მღვდელმა მტკიცედ, დამაჯერებლად, მთელი სულითა და გულით, სიყვარულით უნდა აღასრულოს ქორწინების საიდუმლო. ამით კი ამ ადამიანებში რაღაც პატარა კვალი უნდა დატოვოს, რომ მათ იგრძნონ ეკლესიაში გასართობად, დროის გასაყვანად კი არ მოვიდნენ, არამედ სიყვრულის საიდუმლოში მონაწილეობის მისაღებად.

– მამაო, ხშირად ახალდაქორწინებული წყვილი ჯვრისწერის შედმეგ პირდაპირ სამოგზაუროდ მიდის. ამას როგორ უყურებს ეკლესია?

– ჩემთვის წარმოუდგენელია, ქორწინების საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, პირდაპირ გაეშუროს წყვილი ავტოვაგზლის, ან აეროპორტისკენ და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრონ საქორნილო მოგზაურობში. თუ გვწამს, რომ ოჯახი პატარა ეკლესია და სამეფოა, ამიტომ ეკლესიიდან უნდა წავიდეთ ოჯახში.  ოჯახის უფროსმა ჭერი და წყვილი დალოცოს, ტკბილეულით მაინც გაუმასპინძლდეს. წყვილების პირველი ღამის ურთიერთობაც სასურველია, აღესრულოს ნაკურთხ ოჯახში, სადაც არის ნაკურთხი ჯვარი, ხატები. დიდ ეკლესიაში აღსრულებული სიხარულის გაზიარება პატარა ეკლესიაში უნდა მოხდეს. ეკლესია არ კრძალავს, თუ მათი ურთიერთობა გაგრძელდება შემდეგ მოგზაურობაში, მაგრამ პირდაპირ სამოგზაუროდ წასვლა და მათი ხორციელი ურთიერთობა მატარებელში, ან სასტუმროს ნომერში, ჩემი პირადი აზრია და არა ეკლესიური სწავლება, არ იქნება ნორმალური. შეუღლება, მეუღლეების შეერთება, ეს არის გარკვეული სიწმინდე, უფლის განგებულება და მას სჭირდება გარკვეული ფორმა, ადგილი, ნაკურთხი სახლი. თუ გვინდა, მომავალი თაობა კარგი და ჯანსაღი იყოს, ამაზე ქორწინების პირველივე ღამიდან უნდა ვიზრუნოთ. ყველაფერს გააზრება სჭირდება. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, მივიღებთ ძალიან ბევრ ბედნიერ  ოჯახს და კეთილგონიერ შვილებს.

 

 

скачать dle 11.3