კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აშინებდა სამშობიაროში მისული გია ფერაძე მშობიარეებს და რატომ არ მიატოვა ის პირველმა შვილმა განსაცდელის ჟამს

 

არსებობენ ადამიანები, სიკვდილის შემდეგაც რომ არ ავიწყდება ხალხს. მისი წარსულის ნაკვალევი კი მომავალშიც გრძელდება და კიდევ უფრო დიდი ბედნერების მომტანია ბევრისთვის. სწორედ ასე მოხდა, როცა პირველად, თბილისში გია ფერაძის უმცროსი ვაჟი, მამის მოსახელე – გია ფერაძე გამოჩნდა და ყველაფერი, რაც მსახიობის ცხოვრებას და იმ ტრაგედიას უკავშირდება, რომელმაც თავის დროზე მთელი ქალაქი შეძრა, თითქოს განაახლა. 

ქალბატონი ლალი კერესელიძე გიას პირველი მეუღლე გახლდათ. მართალია,  მათი ოჯახური თანაცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ, მათი სიყვარულის ნაყოფი – სოფო ფერაძე დღესაც მამის სახლში ცხოვრობს და თავის და-ძმებთან ერთად იზიარებს ფერაძეების ოჯახის სიხარულსა თუ ტკივილს. 

 

ლალი კერესელიძე: გია მეგობრის სახლში, სუფრასთან გავიცანი. მახსოვს, ამ მეგობრის დაბადების დღეზე მივედი. გიაც იქ მოვიდა და რომ იტყვიან, საბურთალოზე დაიწყო ჩვენი მომავალი სიყვარულის ისტორია. გია ფერაძე, ყველა სახლში მიღებული და სასურველი ადამიანი იყო. ერთხელ რომ გენახათ, ისეთი განცდა გექნებოდათ, თითქოს დიდი ხნის ნაცნობ-მეგობრები იყავით. მისი უმცროსი ვაჟი, გია რომ გავიცანი, ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ეს ბავშვი ჩემს თვალწინ იზრდებოდა. თავისუფალი, ლაღი და მოუსვენარია – ამაში მამის ხასიათი დაჰყვა. მოკლედ, რასაკვირველია, გიას შესახებ ინფორმაცია მქონდა. მაგალითად, ვიცოდი, რომ არაჩვეულებრივი მსახიობი იყო, უყვარდა ახლობლები, უშუალო და უბრალო ბუნებით გამოირჩეოდა და თბილისში ყველა სახლის კარი მისთვის ღია გახლდათ. სიმართლე გითხრათ, იმ სუფრაზე არ მეგონა, თუ გია ჩემზე შეაჩერებდა ყურადღებას. იმიტომ კი არა რომ ცუდი ან ულამაზო გოგო ვიყავი (იცინის), არა, უბრალოდ, მისი პოპულარობიდან გამომდინარე. მაგრამ ფაქტია, ასე მოხდა. იმ პერიოდში, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მიმიწვიეს სამუშაოდ, თარჯიმნის სტატუსით. არ დამავიწყდება, გია იქ ყოველ დილით ჩემზე ადრე მიდიოდა და მელოდებოდა. თანამშრომლები მეხუმრებოდნენ, შენი დარტანიანი შენზე ადრე მოვიდაო. მაშინ ახალი გამოსული იყო „სამი მუშკეტერი” და გია რაღაცით ამ გმირს ჰგავდა. დავდიოდით მეგობრებთან, კინოში, თეატრებში. 

– საჩუქრებით არ განებივრებდათ?

– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. გია ხელმოკლედ ცხოვრობდა და, იმდენი ფული არ ჰქონდა, საჩუქრები ეყიდა. ამის პრეტენზია არც მქონდა. არც სასახლეებზე მიფიქრია იმ დროს და არც რაიმე მატერიალურზე. უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა და მორჩა. ისეთი იმპულსური ჩანაფიქრები ჰქონდა ხოლმე გიას და ისე გაგაოცებდა თავისი საქციელით, ნამდვილად კეთილად განგაწყობდა მისი პიროვნების მიმართ. ერთი სიტყვით, თანდათან ურთიერთობა უფრო გაღრმავდა და ქორწინებით დასრულდა. 

– არ იყო რთული მის გვერდით ცხოვრება?

– რასაკვირველია, რთული იყო. უფრო მეტსაც გეტყვით, რომ დავშორდით, მას მერე, ასეთ ადამიანს აღარც შევხვედრივარ. არ მინდა, მთლიანად გია დავადანაშაულო ჩვენს განშორებაში. როგორც ჩანს, არც მე აღმოვჩნდი დიდად მეოჯახე და ვერც მან გაითავისა ოჯახური პასუხისმგებლობა. თორემ, სიცოცხლის ბოლომდე, ჩემს დედამთილთან, ქალბატონ თინასთან, არაჩვეულებრივი, თბილი და დედაშვილური დამოკიდებულება მქონდა. ჩემი დის შემწვარი  კატლეტები უყვარდა და ხშირად ვუგზავნიდი ხოლმე. რამდენჯერაც გია ბავშვის სანახავად მოვიდა და გამოვატანე, ადრესატამდე ვერ მიაღწია ძღვენმა, ქუჩაში, საძმაკაცო-სანაცნობოსთან დაამღერა. (იცინის). ამიტომ, მერე ჭკუა ვიხმარე და თავად მიმქონდა. ამდენი ხნის გაშორებული ვიყავი ქმართან და დედამთილი არასდროს დამვიწყებია. ასე იყო თავადაც, სულ მირეკავდა და მკითხულობდა. რომ გავთხოვდი, მის გვერდით ვცხოვრობდი და საკუთარი შვილივით მანებივრებდა, მივლიდა. თემას გადავუხვიე. მოკლედ, ოჯახის შექმნა, ჩემი აზრით, მსხვერპლშეწირვაა, ამას კი დიდი ნებისყოფა და გამძლეობა უნდა, რაც მე არ აღმომაჩნდა. რომ დავქორწინდით, 21 წლის ვიყავი, გია კი – 23-ის. საკმაოდ ახალგაზრდები ვიყავით. სხვათა შორის, მეორედაც გავთხოვდი, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა, მაგრამ მივხვდი, ისევ შეცდომა დავუშვი. ოჯახში ტრიალი არ მიზიდავდა, სულ სხვა ინტერები მქონდა და ამიტომ ვამბობ, ჩემთვის ოჯახური მსხვერპლშეწირვა ცოტა უცხოა და ამ კონტექსტში ვერ ვჯდები-მეთქი. ჩემი მეორე მეუღლე და გია, კლასელები იყვნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. მე რომ გავთხოვდი, გიას უკვე მესამე ოჯახი ჰქონდა.

– როგორც ვიცი, მშობლები თქვენი პირველი  ქორწინების წინააღმდეგები იყვნენ. მაშინ გია ერთ-ერთ სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა და რას უწუნებდნენ?

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. გია ყველა ოჯახში სასურველი სტუმარი იყო და არა – სასურველი სასიძო და ეს მისი ხასიათისა და ქცევებიდან გამომდინარე. ქორწილის დღე დანიშნული იყო, საქორწინო კაბა სახლში მქონდა და დედაჩემმა დაიბარა ჩემი უახლოესი დაქალები, ეხვეწებოდა: ოღონდ ლალის ამ კაცზე დაქორწინება გადააფიქრებინეთ და არ დავეძებ გაწეულ ხარჯსო. დედა სწორი იყო, რადგან იცოდა, რომ გია ის ტიპაჟი იყო, ვინც ოჯახს ვერ შექმნიდა და მე კი ის გოგონა, ვისაც სხვა ამბიციები გააჩნდა. რაც გიას ვიცნობდი, საწოლთან სულ ედო ედიტ პიაფის ბროშურა და მას კითხულობდა. სხვა წიგნი მის ხელში არ დამინახავს. მე კი სულ წიგნებში ვიყავი თავჩარგული.  გულწრფელად, ძალიან მეცოდება გია, რადგან დესტრუქციული კაცი იყო, თვითგანადგურების საოცარ მუხტს ატარებდა. არადა, მას ბუნებამ ისეთი ნიჭი მისცა, ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა – ლანგარზე დაწყობილი მიდიოდა მასთან. პრინციპში, მას ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ, შინაგანი ტრაგიზმი და სევდა, მუდამ თან სდევდა. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. მიუხედავად ყველაფრისა, გიას ცოლობას არც ერთი წამით არ ვნანობ და ტკბილ მოგონებად დამრჩა. აი, მისი ბედის გამო კი ნამდვილად მინანია. გაყრილები კი ვიყავით, მაგრამ მისი ტრაგედია ჩემი ოჯახის ტრაგედიაც იყო. გიას მეგობრებს კი ერთი წუთითაც არ დაუტივებიათ სოფო უყურადღებოდ, დღესაც ეკონტაქტებიან მას. 

– ქორწილი სად გადაიხადეთ და ვინ იყო თამადა?

– ქორწილი, თბილისის ზღვაზე, რესტორანში გადავიხადეთ. მახსოვს, თოვლი, ლურჯი ზღვა და უამრავი საინტერესო, საყვარელი სტუმარი, მათ შორის გიას მეგობარი მსახიობებიც. ეს ქორწილს კი არა, უფრო მინი-სპექტაკლს ჰგავდა. თამადა ვახტანგ ცხადაძე გახლდათ, მანამდე კი სიმონ სხირტლაძე უძღვებოდა სუფრას. მეჯვარეები ჩემი და გიას ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ის დღე გუშინდელი დღესავით მახსოვს და ჩვენს შვილს რომ ვუყურებ, მაშინ ვხვდები, რა დრო გასულა (იცინის). ასე რომ, გიასგან, ყელაზე დიდი განძი, სოფო დამრჩა, რომელიც საოცრად ჰგავს მამამისს, როგორც ფიზიკურად, ასევე, ხასიათით. ჩემი, პრაქტიკულად, არაფერი დაჰყვა. ალი-კვალი მამამისია. იმ საშინელი ტრაგედიის გამო, რაც გიას შემთხვევით დაატყდა თავს, ხაზს ვუსვამ, შემთხვევით, რადგან დარწმუნებული ვარ, ის ამას განზრახ არ ჩაიდენდა, მე მას კარგად ვიცნობდი და მის ბუნებაში ეს არ იჯდა – იარაღი გაუვარდა და ცოლი შემოაკვდა, მის გარშემო ყველანი დავზარალდით. ეს ტრაგედია, ყველამ გავითავისეთ და ყველას შეგვეხო. ასეა თუ ისე, გია ამის გამო მძიმედ დაისაჯა. სოფო, ხშირად მიჰყავდათ მამასთან ციხეში. ისიც წერილებს წერდა, უგზავნიდა საკუთარ ლექსებს და ყველა დღესასწაულს ულოცავდა ღია ბარათებით. ეს ყველაფერი მის ბინაში დღესაც არსებობს და სათუთად ინახება. ლექსებსა და ნახატებში აქსოვდა იმ დანაკლისს, რაც შვილების მიმართ ჰქონდა. როცა გია ციხიდან გამოვიდა, სოფო მას გვერდიდან არ მოცილებია. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ზურა ყიფშიძესთან ერთად, პირველად ჩემთან მოვიდა. საოცრად შეცვლილი იყო, მაგრამ – იმედით სავსე. ეგონა, საზოგადოება მას ციხიდან დაბრუნებულს ისე მიიღებდა, როგორც დატოვა. როგორც ჩანს, დამნაშავეობის გრძნობა გათავისებული არ ჰქონდა. რასაკვირველია, განიცდიდა, მაგრამ მაინც მომავლის იმედი ჰქონდა. ერთად ცხოვრობდნენ ქალბატონი თინა, გია და სოფო. გიას გარდაცვალების შემდეგ, ქალბატონი თინა ლოგინად ჩავარდა. საკმაოდ რთული იყო მის გვერდით ცხოვრება, მაგრამ სოფომ ეს საკუთარ თავზე აიღო და პატარა გოგომ, ისეთი რამ შეძლო, რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა. ის დღესაც იმ ბინაში ცხოვრობს და ისევ იმ მოგონენებით არის სავსე. 

– სოფო მისი პირველი შვილია. გია გიჟი მამა იყო?

– გიჟი მამა, ნამდვილად არ ყოფილა (იცინის). როგორც შეეძლო, ისე გამოხატავდა იმ სიხარულს, რაც მამობამ მოუტანა. სამშობიაროში მოვიდოდა ნასვამი, დადგებოდა ამოშენებულ კედელზე, ქანაობდა და გულს გვიხეთქავდა ყველა მშობიარეს. (იცინის). სხვათა შორის, შვილს დედაჩემის სახელი დავარქვი და ეს გიას არც გაუპროტესტებია. 

სოფო ფერაძე: მართლაც ვამაყობ, რომ ასეთი დედ-მამა მყავს. მიუხედავად, ყველაფრისა, მაინც ბედნიერი ვარ. მამა რომ ციხიდან დაბრუნდა, მე უკვე უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა. მიუხედავად იმისა, მამა ჩემგან შორს იყო წლების განმავლობაში, რომ დაბრუნდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს სულ მის გვერდით ვიყავი და წამითაც არ მომცილებია. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და როგორც შეგვეძლო, ერთმანეთს ვუადვილებდით რთულ ცხოვრებას. 

ლალი კერესელიძე: გია დაავადებული დაბრუნდა ციხიდან და ბევრი მეგობარი ერიდებოდა მასთან ურთიერთობას. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიყავი დიდად ბედნიერი, ასეთი ავადმყოფის გვერდით რომ ცხოვრობდა ჩემი შვილი. მაგრამ, მამის სიყვარულს ხომ ვერ დავუშლიდი. ეს სოფომ თავად გადაწყვიტა, იტვირთა და ბოლომდე სიყვარულითა და სითბოთი იცხოვრა მის გვერიდით. 

სოფო ფერაძე: მე, მამა და ბებია დავჯდებოდით ხოლმე, ვკითხულობდით მამას დაწერილ ლექსებს, ვისმენდით ჩანაწერებს, სადაც მამას ხმა ისმოდა და ბევრს ვტიროდით. 

ლალი კერესელიძე: ახლა სოფოს ორი ძმა და ერთი და ჰყავს მამის მხრიდან და გიჟდება მათზე. მეც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ისინი ჩემი შვილები არიან და მრავალშვილიანი დედა ვარ. 

სოფო ფერაძე: ბიძაჩემის, ილიკოს დიდი მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე, რომ მამას შვილი – უმცროსი გია, დიდხანს ძებნა და ჩვენამდე მაინც მოიყვანა. საქართველოში რომ ჩამოვიდა, ჩემმა დამ, მარიკუნამ დამირეკა და მითხრა, მე და ბიძინას შენთან გვინდა მოსვლაო. გადავირიე სიხარულით. ჩემს და-ძმაზე სასიხარულო, ვინ უნდა მოვიდეს ჩემთან. მოკლედ, გაისმა ზარი. გავაღე კარი და უცბად დავიყვირე: მამა! სიურპრიზი მომიწყვეს, არ გამაფრთხილეს და ისე მომიყვანეს გია სახლში. ისე ჰგავდა მამას, რომ უნებურად, მამა-მეთქი, ვიყვირე.  

ლალი კერესელიძე: არამარტო ფიზიკურად, ხასიათიც და ქცევებიც გიასი აქვს. ასეთი მსგავსება, წარმოუდგენელია. სუფრასთან რომ იჯდა და ოხუნჯობდა, რაღაეებს აკეთებდა, სულ გია მედგა, თვალწინ. ასე მეგონა ის იჯდა და მას ვუცქერდი. ძალიან კარგი ბიჭია და მიხარია, რომ მისი დების და ძმის გაცნობა, წლების შემდეგ, მაინც მოახერხა. 

სოფო ფერაძე: მამა რომ გარდაიცვალა, სამივე – მე, ბიძინა და მარიკუნა აქ ვიყავით, ერთმანეთის გვერდით, მამის ცხედართან. გული მწყდება, რომ გია მამას ვერ გამოემშვიდობა, მხოლოდ სურათებით იცნობს და ის არც კი უნახავს. დღეს ამ სახლში, მამას გალერეა მოვაწყვე და ცოცხალი რომ იყოს, ზუსტად ვიცი, ჩვენით – შვილებით იამაყებდა. დღესაც მახსოვს, ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ესალმებოდა, უღიმოდა და მეგონა, მთელი თბილისი მისი მეგობარი იყო. ის ჩემთვის გმირი იყო, მისაბაძი ადამიანი და ძალიან თამამი, ბედნიერი და ამაყი ვიყავი მაშინ. ისე კი, გია ფერაძის შვილობა ცოტა რთულია. ეს თავის მხრივ, ბედნიერებაცაა და ტრაგედიაც. ახლაც ვერ ვუშვებ იმას, რომ მამას შეეძლო ადამიანი მოეკლა, მით უმეტეს – საყვარელი ადამიანი. 

– ქალბატონო ლალი, გიას დანარჩენ ცოლებს თუ იცნობდით?

ლალი კერესელიძე: სხვათა შორის, არა. თბილისი პატარაა, მაგრამ შემთხვევითაც კი არ შევხვედრივართ ერთმანეთს. თუმცა, მესმოდა, რომ არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ირინას, უმცროსი გიას დედას კი ტელეფონით ვესაუბრე და ძალიან დადებითად განვეწყვე მის მიმართ. იმედია, რომ ჩამოვა თბილისში, გავიცნობ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ საერთო შვილები გვყავს. ილიკომ დიდი საქმე გააკეთა, რომ ეს ბავშვი აჩუქა და-ძმებს. 

სოფო ფერაძე: გია მამას ასლია. აქ მსგავსებაზე აღარ არის საუბარი. ჩემი ძმა მამას ორეულია. ბიძინაც ჰგავს მამას, მაგრამ გია ასლია. 

ლალი კერესელიძე: წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა, როცა კარები გაიღო და დავინახე გია ფერაძე იმ ასაკში, როცა მე მას ცოლად გავყევი. მე და გია სკანდალის გარეშე დავშორდით ერთმანეთს, არც შვილის ნახვა ამიკრძალავს მისთვის და დღესაც ძალიან მიხარია, ბავშვებს ერთმანეთი  რომ უყვართ. სოფო ხომ ძალიან ჰგავს გიას და სულ ვამბობდი, რა ძნელია, როცა შვილს ზრდი შენი კი არაფერი სცხია და მარტო იმ ადამიანისა აქვს ყველაფრი, ვისაც წლების წინ გაეყარე-მეთქი. ახლა კი მეორე ასეთი გამომეცხადა, თანაც მისი მოსახელე (იცინის). ღმერთს მადლობა, რომ სოფო, ბიძინა, მარიკუნა და გია არსებობენ, ერთმანეთის სისხლი და ხორცი არიან და უყვართ ერთმანეთი. მე კი მათ გვერდით ვარ და მათთვის  უკან არაფერზე დავიხევ.

 

 

 

скачать dle 11.3