კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნიკალური იდეები მოსდის ქალს, როცა მოღალატე ქმარზე შურისძიებას გადაწყვეტს

თემა მარადიულია – ღალატი! კითხვა კი, უნდა ვაპატიოთ თუ არა, – მუდმივად აქტუალური და სადავო. ძალიან რთულია, უბრალოდ ურჩიო ადამიანს, რომელსაც დიდი ტკივილი მიაყენა ღალატმა, სულის სიღრმემდე შეძრა და დეპრესიაში ჩააგდო. ზოგჯერ ასეთი ტკივილი საღად აზროვნების უნარსაც უკარგავს ადამიანებს და ისინი ემოციების კარნახით, ავტომატურად მოქმედებენ მხოლოდ ერთი მიზნით – თავადაც ისე ატკინონ, როგორც მას ატკინეს. ერთი შეხედვით, ეს ლამის ბუნებრივია. სამაგიეროს მიზღვა ლამის ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ არის კი, შურისძიება გამოსავალი?! რა ხდება მერე, როცა ემოცია ჩაივლის და განსჯის უნარი ბრუნდება. მოაქვს შურისძიებას სასურველი სიმშვიდე, თუ ის ახალი, გაცილებით დამანგრეველი ქარიშხლის დასაწყისია?!

 

ნატალია (26 წლის): მე მგონია, რომ ათი წლით დავბერდი. ისეთ თემაზე მიწევს თქვენთან ლაპარაკი და ისეთი რამ გადავიტანე ამ ერთი წლის განმავლობაში. გათხოვებამდე რატომღაც მეგონა, რომ მხოლოდ 35-40 წელს გადაცილებულ ქალებს ღალატობენ ქმრები. საიდან გამიჩნდა ასეთი მიამიტური და გულუბრყვილო აზრი, წარმოდგენა არ მაქვს. თურმე, კაცისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ოცი წლის გოგო ეყოლება ცოლად თუ მოწიფული ქალი... თუ ღალატი მას ბუნებაში უდევს, მაინც უღალატებს. იქნებ, გათხოვებისთვის ჯერ მზად არ ვიყავი და ეს იმიტომ დამემართა?! ფაქტია, რომ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას შეცდომა დავუშვი.

– რამდენი წელია, გათხოვილი ხართ?

– ხუთი. ოცდაერთის ვხდებოდი, როცა ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი. მამაჩემის ფირმაში დაიწყო მუშაობა. ერთხელ ოფისში მივედი და შემთხვევით ვნახე. გარეგნობა ძალიან კარგი აქვს და მომეწონა. თუმცა, მე არ მიაქტიურია. თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და მეორე დღესვე დამხვდა უნივერსიტეტთან. ვითომ შემთხვევით და მას მერე, გასაქანი აღარ მომცა. ისე დააჩქარა მოვლენები, ორ თვეში დავინიშნეთ.

– მოვლენების დაჩქარებაში რას გულისხმობთ? თქვენ არ გიყვარდათ და რამე გარიგებას ჰქონდა ადგილი?

– არა. არანაირ გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ყველაფერი ჩემი ნებით მოხდა. შემიყვარდა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გადარეული ვიყავი მისი სიყვარულით. მასზე ძვირფასი, სანატრელი, სასურველი და უკეთესი არავინ მეგონა. ვამაყობდი კიდეც, აი, როგორმა კაცმა ამომარჩია ამდენ ქალებში-მეთქი.

– ამოსარჩევი არაფერი გჭირთ, ძალიან კარგი გარეგნობა გაქვთ.

– საქმეც ეგაა. რატომ უნდა დამეკარგა თვითშეფასების უნარი, რატომ უნდა დამენახა, რომ ამ ქორწინებით ის უფრო მოგებული რჩებოდა, ვიდრე მე?! უბრალო იურისტად მივიდა ფირმაში. მამაჩემი თავის ერთადერთ სიძეს უბრალო იურისტად ხომ არ დატოვებდა, ოთხასლარიან თანამდებობაზე?! თვალები ძალიან გვიან ამეხილა. არ დავუჯერე დედაჩემს, რომელსაც ჩემი არჩევანი არ მოსწონდა და უკმაყოფილებას არც მალავდა. მეუბნებოდა, შენი შესაფერისი არ არისო.

– მიზეზი გითხრათ? რითი გისაბუთებდათ?

– არაფრით არ მისაბუთებდა. მხოლოდ ამბობდა, შენი შესაფერისი არ არისო. მგონი, მამაჩემმა არ მისცა თემის განვრცობის საშუალება. რას ერჩი, წესიერი ბიჭია, პატიოსანი, განათლებული. არ გიხარია, ვინმე ყურში საყურეგაჩრილს რომ არ გადაეკიდაო. დედაჩემი იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. ორივეს წინააღმდეგ აღარ წავიდა. შეიძლება, იფიქრა კიდეც, იქნებ, ვცდები და შვილს ბედნიერება არ დავუნგრიოო. მე ისე მქონდა აჩემებული, მიყვარს, მიყვარს-მეთქი, რომ ეტყობა, შევეცოდე. ჩემი შინაგანი ხმაც გაჩუმდა. დედაჩემს კი საშუალება არ მივეცი, თავისი შინაგანი ხმის კარნახით მოქცეულიყო. ქორწილზე ერთხელაც არ გაუცინია. ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. გააპროტესტა მამაჩემის საჩუქარიც – მანქანა, რომელიც მან ჩემს ქმარს საქორწინო მოგზაურობიდან ჩამოსვლის შემდეგ დაახვედრა. ჯერ დაიმსახუროსო. თავიდან ყველაფერი იდეალურად იყო. ლამის არ მჯეროდა საკუთარი ბედნიერების. თაიგული მოჰქონდა, ყავას მიდუღებდა... უჩემოდ ვერ ძლებდა. ყოველ საღამოს სადღაც დავყავდი... ასე გაგრძელდა წელიწად-ნახევარი. მერე მითხრა, მოდი, ჯერ ბავშვი არ გვინდა, ძალიან ახალგაზრდა ხარ. ბავშვი სახლში დაგსვამს და ცხოვრებას მაგრად ჩამორჩები. ერთ წელიწადში ვიფიქროთო. მე ამაში საგანგაშო ვერაფერი დავინახე, მაგრამ დედაჩემი გამწარდა. მართალია, მე მითხრა, შვილის გაჩენა შენთვის მართლა ადრეაო, მაგრამ მიზეზი აშკარად სხვა ჰქონდა. არ უნდოდა, ჩემი ქმრისგან გამეჩინა.

– თქვენ ეს გითხრათ?

– არ უთქვამს, მაგრამ ყური მოვკარი, მამიდაჩემს რომ ეუბნებოდა, სულ არ მინდა, მაგ კრეტინის შვილი გააჩინოსო.

– ალბათ, უნდა დალაპარაკებოდით დედას და გეკითხათ, სიძის მიმართ მისი სიძულვილის მიზეზი.

– ჰო, უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ ჭკუა არ მქონდა. თან, ხომ ვიცოდი დედაჩემის აზრი, მას ჩემ გათხოვებამდეც ვერ იტანდა და მერე რაღა შეაყვარებდა? ფეხმძიმედ მაინც დავრჩი. ჩემი ქმარი ამან აშკარად არ გაახარა და არც დამალა. პირველი ჩხუბი სწორედ მაშინ მოგვივიდა. ძალიან გავმწარდი. როგორ არ გიხარია-მეთქი. თურმე, რა გაახარებდა, როცა საყვარელიც ფეხმძიმედ ჰყავდა. იმას კი მოაცილებინა, მაგრამ მე მაგას როგორ გამიბედავდა, ისედაც ისტერიკა მოვუწყვე. მერე ვითომ მოლბა. მე შენზე და ბავშვზე ვდარდობ, ათასი ლარით როგორ უნდა შეგინახოთ, ამაზე ვნერვიულობო. მამაჩემი დაგვეხმარება-მეთქი. სწორედ ეგ არ მინდა, თავმოყვარეობა კი არ მაქვს დაკარგულიო. ნაძირალა! რატომ არაფერი უთხრა თავისმა თავმოყვარეობამ, მამაჩემმა ლამის გვერდით რომ მოისვა და ხელფასი ორი ათასი ლარი გაუხადა? ამის მერე ნელ-ნელა აუშვა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ საყვარელი თქვენთან შეხვედრამდე ჰყავდა და თქვენმა ფეხმძიმობამ ოჯახში პოზიციები გაუმყარა?

– კონკრეტულად, როდის გაიჩინა ის ქალი საყვარლად, ეგ არ ვიცი, მაგრამ სულ მღალატობდა. მე ხომ არ ვუყვარდი. ცოლად იმიტომ შემირთო, რომ მამაჩემის ხელშეწყობით ცხოვრება მოეწყო. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, რატომ არ უნდა შევეყვარებინე-მეთქი. მაგრამ, მგონი, პრობლემა ჩემში კი არა, თავად მასშია. საკუთარი თავის მეტი არავინ უყვარს. მოახერხა და ჩემში შურისძიების სურვილი დაბადა. ანგელოზი ვარ-მეთქი, არ ვიტყვი, მაგრამ აგრესია აქამდე არავის მიმართ არ მქონია.

– შურისძიების სურვილი გამიჩნდაო, ანუ როცა ღალატის შესახებ გაიგეთ...

– დიახ, როცა ღალატში გამოვიჭირე, ისე გავმწარდი, შურისძიებაზე მაშინვე დავიწყე ფიქრი. ზოგი ხომ ისტერიკას აწყობს და დეპრესიაში ვარდება. მე მსგავსი არაფერი დამმართნია და მიკვირდა კიდეც, ასე მშვიდად რომ შევხვდი ამ ამბავს. მაგრამ, ახლა ვხვდები, მთელი გამწარება სწორედ შურისძიებაზე ფიქრში გადავიდა. კაცებს რატომ ჰგონიათ ქალები და მით უფრო, ცოლები სულელები, რატომ ფიქრობენ, რომ ყველაფერი გაუვათ და ყველაფერი შერჩებათ?! ჩემი ქმარი აშკარად „ამ ტალღაზე“ იყო მომართული და დებილად მთვლიდა, თორემ სიფრთხილეს მაინც გამოიჩენდა. მთელი ფეხმძიმობა მაკლდა მისი ყურადღება. მიზეზებს იგონებდა, რომ სახლიდან გავარდნილიყო. იმას ვერ მეტყოდა, მივლინებაში მივდივარო. ამიტომ, ვითომ ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და ოფისში გვიანობამდე რჩებოდა. რატომ არ დარჩებოდა, როცა თავისი „ნაშაც“ იქვე ჰყავდა?! კარგა ხანს მაყრიდა თვალში ნაცარს. ჩემს ცხვირწინ აკეთებდა ამ ყველაფერს. არ ვიცი, რას ფიქრობდა – რომ მე ისეთი შტერი ვიყავი, ვერაფერს მივხვდებოდი თუ ფეხებზე დაიკიდა. ალბათ, უფრო პირველი ვარიანტი იყო. სულელად ჩამთვალა. გაინაღდა სამსახური და კარგი ცხოვრება ჩემს ხარჯზე. ჰოდა, გაგულავდა... ტელეფონზე მისი საუბარი გავიგონე შემთხვევით... იმ თავის ტურფას ელაპარაკებოდა. არ ვიცი, ის რას სთხოვდა, მაგრამ ეს დაპირებებს იძლეოდა და ამშვიდებდა. ცოტა კიდევ მოიცადეო... მალე ყველაფერი კარგად იქნებაო. ჯერ კიდევ არ ვარ მყარად ფეხზე დამდგარი. ასე უცებ ვერ გავეყრები. ჰო, ვიცი, ჩემთვის რაც გააკეთე და რა ძნელი იყო შენთვის ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ახლა არ დამშვიდდები, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრებაო... არ იცოდა ვაჟბატონმა, სახლში რომ ვიყავი. სასეირნოდ ჩავედი ქვემოთ და ალბათ, იფიქრა, დედაჩემთან წავედი. ვერც მიხვდა, რომ ყველაფერი მოვისმინე. იმიტომ რომ, ისევ წამოვედი. პარკში ვიჯექი და ვფიქრობდი, ამ ნაძირალას სამაგიერო როგორ გადავუხადო-მეთქი. ნელ-ნელა საკმაოდ ბევრი ისეთი დეტალი გამახსენდა, მის ღალატში რომ მარწმუნებდა. სახლში რომ გვიან მოდიოდა, მაშინვე დასაძინებლად გარბოდა. ჩემთან ერთად სიარულს ერიდებოდა. არ მიყვარს ფეხმძიმე ცოლებთან ერთად რომ დასეირნობენ ქუჩა-ქუჩა, არიქა, რა მაგარი „ტიპები“ ვართ და ცოლები როგორ გვიყვარსო. მოკლედ, მოჰყავდა სულელური არგუმენტები. თვითონ განსაკუთრებით იპრანჭებოდა და ჭკუაზე არ იყო. ბოთლებით „იმხობდა“ სუნამოებს თავზე. ახლა ვხვდები, რატომაც. არაკაცი. მე უკვე აღარ მთვლიდა ყურადღების ღირსად. ვეღარ ხედავდა ამის აუცილებლობას. ეგონა, რადგან შვილს ვაჩენდი მისგან, მამაჩემი ფირმას მთლიანად აჩუქებდა. მე, რა თქმა უნდა, შემეძლო, მივსულიყავი მამაჩემთან და ყველაფერი მეთქვა, მაგრამ ამით შვებას ვერ ვიგრძნობდი. ძალიან უნდა გამემწარებინა.

– მართლა უცნაურია, რომ ყოველგვარი ემოციის გარეშე დაჯექით და მოიფიქრეთ შურისძიების გეგმა.

– ვინ გითხრათ, რომ ემოციების გარეშე ვფიქრობდი. იმდენი ვიტირე, ბავშვი მუცელში „გადაირია“. სულ ვკანკალებდი. რამდენჯერმე სახლში ავარდნა და სკანდალის მოწყობაც მინდოდა. შევიკავე თავი. ამით ისევ მე მოვიშლიდი ნერვებს. სხვანაირად უნდა მემოქმედა, რომ გამწარებულიყო. ძალიან მინდოდა, სიგიჟემდე მიმეყვანა და საკუთარი ხელები დაეკბინა.

– თუ შეიძლება, მითხარით, შურისძიების შემდეგ, ისევ მასთან აპირებდით დარჩენას?

– ამაზე იმ წუთში ნაკლებად ვფიქრობდი. მთავარი შურისძიება იყო. მამაკაცებს რომ ჰკითხოთ, ქალები შურისმაძიებლები და საზიზღარი არსებები ვართ. იმას აღარ ამბობენ, რატომ ვხვდებით შურისმაძიებლები... რა არის ამის მიზეზი. ისიც ავიწყდებათ, რამდენს ვითმენთ და ვპატიობთ მამაკაცებს. რისი ღირსებიც საერთოდ არ არიან. კაცებმა ცოტა მაინც რომ დაატანონ გონებას ძალა და მიხვდნენ, რა საფრთხის წინაშე დგებიან, როცა ცოლებს სულელის იარლიყს აწებებენ, გაცილებით ნაკლები პრობლემები ექნებოდათ. არ არიან ცოლები სულელები, საცოდავო მამაკაცებო!

– საცოდავოო? ფიქრობთ, ისინი საცოდავები არიან?

– დიახ. ნამდვილად, საცოდავები არიან. არ ესმით ქალების. არ იციან, რა უნდათ. უფრო სწორად, ჰგონიათ, რომ იციან, რა უნდათ. არადა, გაგებაში არ არიან. უმრავლესობა ასეა და გამონაკლისები საერთო ფონს ვეღარ შეცვლიან. მე სულ მცდარი წარმოდგენა მქონდა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე.

– რას გულისხმობთ?

– ვამბობდი, როცა ქალს კაცი ღალატობს, ანუ, როცა ქმარს ღალატის სურვილი უჩნდება, დამნაშავე ცოლია-მეთქი. არ ყოფილა ასე. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ხშირად არ არის ასე. მთავარი პრობლემა მამაკაცების იდიოტურ თავდაჯერებულობაშია – ისინი „ზეარსებები“ არიან და მათთვის ბევრი რამე დასაშვებია. უმრავლესობა დაგიმტკიცებს, რომ მათი ღალატი არ არის ღალატი. ჩემი ქმარიც ცდილობს, ეს დაამტკიცოს ჩემთან.

– აპატიებთ?

– არა. არავითარ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა დაკმაყოფილებულია. ჩემი შურისძიება განსაკუთრებული იყო და ძალიან ეფექტური. გავანადგურე. მიწასთან გავასწორე.

– ასეთი რა გაუკეთეთ?

– რასაც თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, იმ ვარიანტებიდან – არც ერთი. ჩემი შურისძიება, ერთი შეხედვით, მარტივი იყო, მაგრამ ათიანში მოვარტყი. ფეხმძიმობისას მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები მქონდა და ჩემმა ექიმმა კუჭის მოქმედების მოსაწესრიგებელი აბები გამომიწერა. შესაფერისი მომენტი შევარჩიე. სამსახურში რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის, განსაკუთრებული ზარ-ზეიმით რომ მოემზადა, მე ხომ უკვე ვიცოდი, რა „განსაკუთრებული“ შეხვედრებიც ჰქონდა და ჩაიში თითქმის ნახევარი კოლოფი ჩავუყარე. ბავშვს გეფიცებით, თუ გატყუებდეთ. რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდა. წავიდა. მე ორი საათის შემდეგ წავედი მასთან ოფისში. ბავშვი დედაჩემს დავუტოვე. სულ ერთი საათით გავალ-მეთქი. საკუთარი თვალით უნდა მენახა ჩემი შურისძიების ეფექტი. ვერ წარმოიდგენთ, იქ რა ხდებოდა. მამაჩემთან შევედი კაბინეტში. ბრაზისგან გაწითლებული იყო. მთელი თანამშრომლები სიცილით იხრჩობოდნენ. ჩემი ქმარი ტუალეტში იყო ჩაკეტილი. რაც დაემართა, მიხვდებით, ალბათ. პირდაპირ შეხვედრების ოთახში რამდენიმე თანამშრომლის თვალწინ... ჩემმა მობილურმაც ისტერიკულად დაიწყო რეკვა. მე მირეკავდა, ალბათ, უნდოდა, ტანსაცმელი გამეგზავნა მისთვის ოფისში – ტრუსები და შარვალი. არ ვუპასუხე. მამაჩემს მოვუყევი, რომ მღალატობდა და მასთან ცხოვრებას აღარ ვაპირებდი.

– კუჭი რამაც აუშალა, ეგეც მოუყევით?

– არა. ეს არავინ იცის. მხოლოდ ახლა ვყვები თქვენთან. ისეთი ბედნიერება და სიხარული ვიგრძენი, როცა წარმოვიდგინე, რა განცდებში იქნებოდა, თავს რომ ვეღარ აკონტროლებდა. ამაზე მეტი სიმწარე რა გინდა?! სამუდამოდ მოვჭერი თავი. მამაჩემს ვთხოვე, ისე მოიქეცი, ვითომ შენთვის არაფერი მითქვამს-მეთქი. ამ შემთხვევის გამო, ალბათ, მაინც დასჯი და მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს-მეთქი. მართლაც, სამსახურიდან არ გაუგდია, მაგრამ ისე ჩამოაქვეითა, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, თვითონ უნდა მიდიოდეს. იმ თავის „ნაშოჩკამაც“ მიატოვა... ახლა უკვე ყველაფრის საქმის კურსში ვარ.

– საერთოდ არ გიგრძნობინებიათ, რომ იცით მისი ღალატის შესახებ?

– როგორ არ მითქვამს? სახლში რომ მოეთრა სველი შარვლით, ტუალეტში როგორ გარეცხავდა, ხომ წარმოგიდგენიათ! მანქანიდან ძლივს გავიყვანე სუნი. ყარდა. ეგრევე ჩხუბი დამიწყო. მობილურს რატომ არ პასუხობდიო. არ მესმოდა-მეთქი. რანაირად არ გესმოდა, როცა საათზე მეტი, შეუსვენებლად ვრეკავდიო. კი, მაგრამ მე რატომ მირეკავდი, იმ შენს საყვარელს ვერ დაურეკე-მეთქი?! ჯერ ვერ მიხვდა, ან თითქოს ვერ მიხვდა. მერე ისევ დამიყვირა – შენ რა, სულ გაგიჟდი, ვინ საყვარელი? საიდან მოიტანე ეს სისულელე ან, საერთოდ, რას გულისხმობო. მეც „მივაწექი“, ყველფერი ვიცი-მეთქი. უსინდისო და ნაძირალა ხარ. ჩემი გამოყენება გინდოდა. მამაჩემის ხარჯზე გეგმავდი ცხოვრების მოწყობას, მაგრამ არც ისეთი სულელი ვარ, შენ რომ გგონია. აუცილებლად ვეტყვი მამაჩემს, რომ გამოგაგდოს თავისი ფირმიდან-მეთქი. გაგიჟდა. დამიჩოქა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ლამის ფეხები დამიკოცნა. ისეთი გულისამრევი სანახავი იყო, ლამის შემეცოდა. მომიყვა, რა დაემართა. ამის გამო, ისედაც ცუდად მაქვს სამსახურში საქმეო. შენც ნუ გამაგდებ, სულ დავიღუპებიო. ნუ გამანადგურებო. შევცდი, რომ გიღალატე. ძალიან შევცდი. როგორმე მაპატიე. ცხოვრების ბოლომდე შენი ერთგული  ვიქნები...

– და, თქვენც დაუჯერეთ?

– არა, რა თქმა უნდა. მე მისი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. მაგრამ, გაგდებას არ ვაპირებ. მომწონს, ასე რომ შემომციცინებს და ფეხქვეშ მეგება. ისეთი მორჩილია და საცოდავი...

– მერე, გჭირდებათ ასეთი ქმარი?

– რატომ არ მჭირდება? ჩემი შვილის მამააა. ეგ მამაჩემისგან ვერანაირ თანამდებობას ვეღარ ეღირსება. ახლა მე ვიწყებ მასთან მუშაობას და მე გავხდები წარმატებული ქალი. თვითონ კი მიხედოს ბავშვს. იაროს საყიდლებზე, სული „მიბეროს“ და მანებივროს... მერე ვნახოთ, თუ მომინდება, მოგვიანებით გავეყრები. ამას ყოველთვის მოვასწრებ. ჯერ ძალიან მომწონს, ასეთს რომ ვუყურებ. მამაკაცი სწორედ ასე უნდა გყავდეს, თორემ მერე თავში უვარდებათ და თავი სამყაროს მბრძანებლები ჰგონიათ.

 

 

скачать dle 11.3