კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იქნა გამოტოვებული ბახტრიონის აჯანყების შემსწავლელთაგან ხუცესის შებილწვის ეპიზოდი

არის ისტორიული მოვლენები, რომელთა შესახებ მკვლევრები აღმატებული, ზეაწეული ტონით საუბრობენ... ჩვენმა რესპონდენტმა, ფსიქოლოგმა გელა გარაყანიძემ ისურვა, რომ დღევანდელ სასაუბრო თემაზე ხმადაბალი ინტონაციით, „მოგუდულად” გაგვემართა დიალოგი.

 

გელა გარაყანიძე: ბახტრიონის აჯანყების საკითხი, ზოგადად, მთლიანობაში, ხმადაბალ ინტონაციაზე სასაუბრო თემა არ გახლავთ... აქ ჩანს ჩვენი ერის მამულიშვილთა მიერ სამშობლოსადმი ერთგულება და თავდადება, ერთად დგომა და თავის განწირვა... მაგრამ, არ ჩანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც, მიზეზთა და მიზეზთა გამო, იგნორირებას უკეთებდნენ. არადა, ეს დეტალი, აჯანყების საბაბი გახლდათ.

– ბატონო გელა, თქვენ ისეთ ტონალობაში წარმოთქვით სიტყვა „საბაბი”, აშკარაა – გინდოდათ ხაზი გაგესვათ, რომ არც მე და არც ჩვენს მკითხველს მიზეზში არ აგვერიოს.

– თქვენ კარგად დაგიჭერიათ ჩემი ხმის ტემბრის არსი – ჭეშმარიტად, აჯანყებას ჰქონდა თავისი მიზეზები, მაგრამ, ჰქონდა თავისი საბაბიც...

თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ ისტორიკოსთა შრომებში აჯანყების შესახებ ძალზე განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ერთი აზრი არ არსებობს არც მომხდარი ფაქტის თარიღზე, არც მის მთავარ მოთავეთა შემადგენლობასა და მათი ერთმანეთთან ნათესაობის ხარისხზე... ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ აჯანყება 1659 წელს მოხდა, ზოგი კი 1660 წელს ანიჭებს უპირატესობას; ზოგიერთ ავტორს მიაჩნია, რომ ალავერდელი აჯანყების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, ზოგიერთ სახელმძღვანელოში კი იგი საერთოდ არ არის ნახსენები; ზოგიერთი მემატიანე აღნიშნავდა, რომ შალვა ერისთავია ზაალის სიძე, ხოლო ელიზბარი მისი ძმა, ზოგიერთს კი ჰგონია, თითქოს ერისთავები მამა-შვილნი არიან. ერთი ცნობილი ავტორი კი განმარტავდა, რომ ბიძინა ჩოლოყაშვილი გახლდათ ზაალ ერისთავის სიძე, ხოლო იყო კიდევ სხვა ბიძინა ჩოლოყაშვილიც – სუფრაჯი, თავის სახლიკაცთან, 1648 წელს აღსრულებულ რევაზ ჩოლოყაშვილთან დაპირისპირებული; არც გმირთა წამების თარიღზეა ერთიანი აზრი: ზოგი 1661 წელს ასახელებს, ზოგი  – 1662 წელს... პატრიოტთა მიერ გაჟლეტილ თურქმანთა რაოდენობაზეც კი განსხვავებული თვალსაზრისია – ზოგს მიაჩნია, რომ მათი რიცხვი 1 500 ოჯახს შეადგენდა, ზოგი კი 15 ათასს ასახელებს...

– პირადად თქვენ რომელ თვალსაზრისებს უჭერთ მხარს, როგორია ზემოთ ჩამოთვლილ ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე თქვენი მოსაზრება?

– თავმდაბლობაში ნამდვილად არ ჩამეთვლება, მაგრამ, ყველა დასმულ საკითხსა თუ, კითხვაზე ჩემი არგუმენტირებული პასუხი მაქვს... მოდი, ჯერ იმ თემაზე ვისაუბროთ, რომელზეც ფსიქოლოგებსაც გვაქვს „საუბრის უფლება”, წმინდა ისტორიული საკითხებისთვის კი, სხვა დროს მოვიცალოთ...

– ფსიქოლოგებისთვის განსაზღვრულ „საუბრის უფლებაში” ნამდვილად მღვდლის ეპიზოდს გულისხმობთ, ხომ ასეა?

– დიახ, სწორედ ეს მაქვს მხედველობაში. ოღონდ, ამთავითვე ვიტყვი – „მღვდლის ეპიზოდი” ზოგ ნაშრომში, განსაკუთრებით – სახელმძღვანელოებში, საერთოდ გამოტოვებულია, ზოგან კი დამახინჯებულად არის შეტანილი – ისეთნაირად, რომ რეალური ვითარება ობიექტურად არ არის წარმოჩენილი. არ ვამბობ, რომ ამ ავტორებს ეს ყველაფერი უვიცობით აქვთ გაკეთებული. ზემოთ ნახსენებ „მიზეზთა და მიზეზთა გამო-ში”, რასაკვირველია, უმთავრესად, ბოლშევიკური იდეოლოგია იგულისხმება... ბარემ, აქვე ვიტყვი, რომ რამდენიმე მკვლევარმა საბჭოთა პერიოდშიც მოახერხა თავის წიგნში „მღვდლის ეპიზოდის” დაფიქსირება...

– იქნებ გადავიდეთ ძირითად სათქმელზე. ნაადრევად ნაამბობი სიუჟეტის შემდეგ ანალიტიკისათვის, ფსიქოლოგიური განსჯისათვის მეტი დრო დაგვრჩება...

– კი ბატონო, ოღონდ, ისევ ანალიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე, სათქმელს ცოტა შორიდან დავიწყებ:

ქართველებს ძირითადად თავდაცვით ომებში გვიხდებოდა მონაწილეობა, თუმცა, იყო ეპოქა, ანდა ისტორიული მომენტი, როცა დაპყრობითი ან სადამსჯელო ომებიც გაგვიმართავს... როცა მემატიანენი მოთარეშე ჯარის თავგადასავალს აღწერდნენ, ძირითადი აქცენტი მათ მიერ მოპოვებული ნაალაფარის რაოდენობას ეხებოდა ხოლმე – ტყვეთა, ცხვარ-ძროხათა, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობათა, კარვების, საბრძოლო იარაღების... არ გვახსოვს, რომ მემატიანეს მოეთხროს, თითქოს ქართველებს ესა თუ ის ხალხი ან მათი რომელიმე ჯგუფი დედაბუდიანად ამოეწყვიტოს...

მაგრამ, ზემოთ ნათქვამს გამონაკლისიც ჰქონდა და ეს გამონაკლისი სწორედ ბახტრიონ-ალავერდს უკავშირდება.

გავიხსენოთ ბერი ეგნატაშვილი: „ამოსწყვიტეს და მოსრნეს ბახტრიონის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ხოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნეს, თათარნი და ელნი, რაც ესახლა, ყოველი მოსრეს პირითა მახვილისათა. და ამოსწყვიტეს დედაწულითურთ და, აკვანში რომელნიც ყრმანი იწვნენ, იგინიცა დახოცნეს. სადაც კახეთს თათარი და ელი ესახლა, ყოველივე ამოსწყვიტეს.”

ახლა კი ვახუშტი ბატონიშვილს მოვუსმინოთ: „მიუხდნენ პირველად ბახტრიანს, მოსრნეს და მოსწყვიდნეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყოველსა კახეთსა შინა მოსწყვიდნეს, რამეთუ არცაღათუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი”.

ისმის კითხვა: ასე რამ გააბოროტა კახელები, არაგველები, ქსნისხეობელები, თუშები, ფშაველები, ხევსურები? 

თუ „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულს ვერწმუნებით, საქმის ვითარება ასეთი ყოფილა: კახეთის ბარის ადგილებში 80 000-მდე თურქმანი ჩაასახლეს... თვით სპარსელი ისტორიკოსიც ვერ მალავს, რომ ელებს იმის მისწრაფება ჰქონდათ, რომ ქართველებზე ებატონათ და ამ ორ ხალხს შორის დავა და ჩხუბი გაჩნდაო. კახეთში საყოველთაო უკმაყოფილება ჩამოვარდა... ხალხის წარმომადგენელი იყო თურქმანებისგან შეურაცხყოფილი ის ხუცესი, რომელიც დუშეთს ეახლა ზაალ ერისთავს, დაუჩოქა და შესჩივლა: „გააოხრეს სრულიად ურჯულოთა აგარიანთა... და აწ ამისი მაგიერი პასუხი ღმერთს შენ მიეც და შენ უნდა გასცე, ვინათგან შენდა რწმუნებულ არს კახეთი“...

– თუ არ ვცდები, ეს მონაკვეთი მეოთხე ტომშია მოთხრობილი და პერსონალურად მკვლევარ გივი ჯამბურიას ეკუთვნის. მაგრამ, თუ არ ვერწმუნებით ნარკვევების რვატომეულს?

– ახლა კი ვნახოთ, რა მოხდა და როგორ მოხდა რეალურად. ბერი ეგნატაშვილი: „მაშინ მგზავრი ვინმე ერთი კახი ხუცესი მარტო მივიდოდა გზასა თვისსა კახეთში, ხოლო დამთხვევით შეემთხვივნეს გზაზედა მღდელსა მას თათარნი რაოდენნიმე. და შეიპყრეს უსჯულოთა მათ ხუცესი იგი მტერთა მათ და მოშურნეთა ქრისტეს სჯულისათა, შეკრეს ხუცესი იგი მძლავრებითა და შეამთხვივეს საქმე სიბილწისა, რომელ არს ცოდვა სოდომური, და განუტევეს. ხოლო წარვიდა ხუცესი იგი და მივიდა დუშეთს. ზოგად ისხდნენ ზაალ ერისთავი და ცოლი მისი, დაუჩოქა ხუცესმა და შესჩივლა: – შენ ზაალ ერისთავი ხარო და კახეთის გამგებელიო, გააოხრეს სრულიად კახეთი უსჯულოთა აგარიანთა და მე გზაზედ შემიპყრეს და შემამთხვიეს საქმე უშვერი და ხელშეკრულ განმხრწნეს და ყვეს ჩემ ზედა საქმე სათქმელადაც უშვერი... ხოლო, რა ესმა საქმე ესე ზაალ ერისთავსა, დიდად მწუხარე იქმნა.”

ვახუშტიც ზუსტად იმავე შინაარსის ვერსიას გადმოგვცემს. 

– მემატიანეთა მოთხრობილი და რვატომეულის ვერსია რადიკალურად განსხვავდება... ჩემთვის და, ვფიქრობ, მკითხველისთვისაც, გაბოროტების ფსიქოლოგიური მექანიზმი თვალნათლივ გამოიკვეთა. ნარკვევებშიც არის ხუცესის შეურაცხყოფაზე საუბარი, მაგრამ ზოგს, შეიძლება, ეგონოს, რომ აქ სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფაზეა ლაპარაკი...

– ქართულ მწერლობაში, პროზასა და პოეზიაში, დრამატურგიაში, ხალხური გადმოცემების ჩათვლით... პოეტურ ფოლკლორსა თუ თქმულებებში... საერთოდ, ქართულ სულიერებაში, ცნობიერებაში – არსად არ არის აღწერილი მამათმავლობა და მამათმავლები... თითქმის არსად. მაშინ, როცა ქართულ სულიერებაში, კაცობრიობისთვის ყველა სხვა საინტერესო თემაა გაშუქებული: სამშობლოსა და ქალის სიყვარული, სიკეთისა და ბოროტების ურთიერთკავშირი, შური და შურისძიება, ვაჟკაცობა და ღალატი, მრუშობა და ქურდობა, ქედმაღლობა და კეთილშობილება, სიალალე და ქვემძრომობა, სიმამაცე და სიზარმაცე... – ერთი სიტყვით, სამყაროს მრავალფეროვნება! მაგრამ, ქართველმა შემოქმედმა „ცისფერის” სულის ასახსნელად არ მოიცალა! ხაზს ვუსვამ: არ მოიცალა, და არა – ვერ მოიცალა! 

– ზემოთ თქვენ იხმარეთ სიტყვა „თითქმის”. „არ მოიცალა” თუ, „თითქმის არ მოიცალა”?

– ერთადერთი გამონაკლისი „დათა თუთაშხიაა”, სადაც სპეციფიკური სიტუაციაა აღწერილი – საბჭოთა ციხე.  თუ ბატონი ჭაბუა, ამ თემას გვერდს აუხვევდა, დასახული მიზანი – საბჭოთა ყოფისა და ციხის აღწერა, – ობიექტური არ გამოუვიდოდა. მართლაც და, ვინმეს ხომ უნდა აღეწერა ეს სურათი?! პატიმრობაში არნამყოფი, ალბათ, სიყალბეს ვერ გაექცეოდა. პატიმრობაში ნამყოფთაგან, უფრო უკეთ სხვას ვის შესწევდა ამის უნარი, თუ არა ბატონი ჭაბუას ნიჭისა და გაქანების მქონეს?!

დღეს კი ასეთი სურათია: ტელეეთერით ძალზე ხშირად გადაიცემა კინოფილმები, თუ „საპნის ოპერები”, სადაც „ცისფერებია” გამოყვანილი და „ცისფერული” ცხოვრებაა აღწერილი... შეიძლება, ისინი გაიდეალებულნი არ არიან თუმცა, არც მკვეთრად უარყოფით ფერებში არიან გამოხატულნი! თითქოს ეს მოვლენა („ცისფერობა”) ერთი ჩვეულებრივი, ყოველდღიურობის ამსახველი ნორმა იყოს...

– ფეოდალური ხანიდან დღევანდელობაში გადმოვიდეთ? თქვენ უადგილოდ გეჩვენებათ პარალელების გავლება?

– ერთ ნიუანსზე გავამახვილებდი ყურადღებას: საბჭოთა ხანაში – მხატვრულ ლიტერატურაში, თეატრში, კინოში თუ პრესაში, ყველანაირად იდევნებოდა ყოველგვარი სექსუალური თემატიკა... კინოფილმებიდან ცალკეულ ფრაგმენტებს ჭრიდნენ და ხალხი ამით უკმაყოფილო იყო... დღეს პირიქით არის – ამა თუ იმ კინოფილმში ხშირად ზედმეტად ხელოვნურად არის ჩასმული ვულგარულ-ეროტიკული სცენები და ხალხი ისევ უკმაყოფილოა... ამჯერად, ზედმეტი სიშიშვლისგან...

– იქნებ, ყველაფერი უნიჭობის ბრალია?

– ვინ იცის... ამ საქმიანობის მესვეურთ რომ ჰკითხოთ, ალბათ გიპასუხებენ, რომ ისინი ერის სექსუალურ გათვითცნობიერებაზე, „ჩამორჩენილთა და გამოუსვლელთა” წუთისოფელში „გამოყვანა-განათლებაზე“ ზრუნავენ, მოძველებული ტრადიციებისა და ჩვევების წინააღმდეგ იბრძვიან.

 

 

скачать dle 11.3