კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ამბობს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი უარს, აღიაროს თავისი შვილიშვილი საქართველოს ტახტის მემკვიდრედ და რატომ მისცეს ანა და დავით ბაგრატიონებმა თავიანთ ვაჟს გვარი – ბაგრატიონ-ბაგრატიონი

მართალია, ჯერჯერობით არათუ სრულიად საქართველოს სამეფო ტახტი, სრულიად საქართველოც კი არ არსებობს (იმ მარტივი მიზეზით, რომ ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია), სამაგიეროდ, ტახტის მსურველები არიან. ეს სურვილი კი განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც ანა და დავით ბაგრატიონებს ვაჟი –  გიორგი შეეძინათ. როგორც აღმოჩნდა, პატარა გიორგის ბაბუა, დედის მხრიდან, ნუგზარ ბაგრატიონი უარზეა, აღიაროს შვილიშვილის უფლებები (თუ, რა თქმა უნდა, მონარქია აღდგება) სამეფო ტახტზე, თუკი დავით ბაგრატიონი, ბავშვის მამა, მას არ აღიარებს სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედ თუ დე-იურე მეფედ. რაკი ისეთი სიტუაციაა, რომ ტახტი არსად იყო და პრეტენდენტები ვერ მორიგდნენო, ლეგიტიმისტსა და სამეფო კლუბის სპიკერთან, გაიოზ მამალაძესთან, შევეცდებით, გავარკვიოთ დავის არსი და ისიც, ბოლოს და ბოლოს, ჰყავს თუ არა სრულიად საქართველოს (ამ ეტაპზე არარსებულ) ტახტს ლეგიტიმური მემკვიდრე?

 

– რა გახდა დავის არსი ბაგრატიონთა ამ ორ შტოს შორის?    

– ჩვენ ვიცით, რომ, როდესაც გაუქმდა სამეფო ტახტები, საქართველო ორი –  ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოებისგან შედგებოდა.

– აფხაზეთის სამთავრო?

– აფხაზეთის სამთავრო დე-იურე იმერეთის სამეფოში შედიოდა. ასე რომ, იმერეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოები სხვადასხვა სამართალსუბიექტი იყო. როდესაც აღმოსავლეთ საქართველო გაერთიანდა თეიმურაზ მეორის მეფობის დროს, ქართლის მეფეების შთამომავლები, რომელთაც გრუზინსკები ერქვათ, რუსეთში ცხოვრობდნენ. ისინი არ ცნობდნენ თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის უფლებებს ქართლის ტახტზე, ასეთი საბუთი არ არსებობს. თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის შთამომავალია ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. გარდა ამისა, იყო კიდევ იმერეთის სამეფო...

ეს ჩვენი უბედურებაა, მაგრამ ასეთია რეალობა.

– ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა იმ სამეფო ხაზს გულისხმობთ, რომელიც ვახტანგ მეექვსისგან მოდის, რომელიც ისე წავიდა, რომ ვერასდროს დაბრუნდა საქართველოში?

– დიახ. კახეთს ჰყავდა თავისი სამეფო ოჯახი და დღეისთვის ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის შთამომავალი არის ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი. ასევე, კიდევ ერთი ადამიანი –  ევგენი პეტრეს ძე, მაგრამ მას და ნუგზარ ბაგრატიონს ჰყავთ ქალიშვილები. ისინი წარმოადგენენ კახელი ბაგრატიონების შტოს, მაგრამ ამავე დროს იყვნენ ქართლ-კახეთის სამეფოს მეფეთა შთამომავლები. მეორე მხრივ, ვახტანგ მეექვსის შთამომავლები ცხოვრობდნენ რუსეთში და თავს მიიჩნევდნენ ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრეებად. დე-იურე ეს ასეც იყო, რადგან ვახტანგ მეექვსისთვის ქართლ-კახეთის ტახტი ლეგიტიმურად არავის ჩამოურთმევია, მაგრამ ვახტანგ მეექვსის ბოლო შთამომავალი 1919 წელს გარდაიცვალა.

– ანუ, ის შტო დასრულდა.

– დიახ, დასრულდა. მაგრამ, როდესაც ერთი სამეფო შტო სრულდება, მემკვიდრეობა გადადის გვერდითა შტოზე. ასეთი მაგალითი ხშირია, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ისტორიაში. ასე რომ, ამ შემთხვევაში მუხრან-ბატონები, მათ წარმოადგენს დავით ბაგრატიონი, ანას ქმარი, შესაძლოა, ჩავთვალოთ ვახტანგ მეექვსის ნათესავებად, ქართლის ბაგრატიონებიდან და ესე იგი, მემკვიდრეებად. როდესაც ემიგრაციაში მყოფი პატრიოტების დიდი ნაწილი ცდილობდა საქართველოს გამოხსნას რუსეთისგან –  მათ მონარქისტულ ნაწილს მეთაურობდა მუხრანელი ბაგრატიონების ოჯახის უფროსი და მისი ვაჟი. სწორედ მაშინ შეიქმნა ქართული მონარქისტული მოძრაობა და გამოაცხადეს საქართველოს ტახტის მემკვიდრე, რამდენად მოხდა ეს კანონის სრული დაცვით, სხვა საქმეა. მაგრამ ფაქტია. 

– მაშინ, როდის?

– მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, მაგრამ ამბობენ, რომ ტახტის მემკვიდრის ის გამოცხადება არ იყო კანონიერი. ერთი სიტყვით, დღევანდელი მუხრან-ბატონები თავს მიიჩნევენ ქართლის ტახტის მემკვიდრეებად. თუ დავაზუსტებთ, სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრეებად. მხედველობაში მყავს ანას ქმარი, დავით ბაგრატიონი, რადგან ისინი ევროპაში ცხოვრობდნენ, დაუნათესავდნენ ესპანეთისა და ბავარიის, ასევე რუსეთის სამეფო ოჯახებს და არა მარტო ქართლის, არამედ სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრეობაზე გამოაცხადეს პრეტენზია, რაც სამართლებრივად ცოტა საკამათოა. ახლა ავიღოთ მეორე მხარე: არსებობს კახეთის (ქართლ-კახეთის) ტახტის მემკვიდრე და მას შეგვიძლია, ვუწოდოთ აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ეს არის ნუგზარ ბაგრატიონი, რომელმაც შექმნა თავისი კანცელარია და ისინი აცხადებენ, რომ ნუგზარ ბაგრატიონი არის სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრე (სხვათა შორის, სამეფო კანცელარია დავითსაც აქვს).

– ორმეფობა გვქონია?

– ესეც ძალიან საინტერესო მომენტია: კი არ ამბობენ, აღმოსავლეთი საქართველოს ტახტის მემკვიდრეო, არამედ –  სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრეო. მაგრამ იმერეთი სხვა სამართალსუბიექტი იყო, რადგან იმერეთი იყო სხვა სამეფო. იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ მეორე უძეოდ გადაეგო და, როდესაც გარდაიცვალა, მემკვიდრეობა გადავიდა ნათესავებზე, თანაც მხოლოდ მამრობითი სქესით. დღეისათვის იმერეთში ყველა ოჯახი შეწყდა მამრობითი სქესით და დარჩა ერთადერთი ოჯახი. ამ ოჯახის უფროსია ირაკლი ბაგრატიონი. ისინი არ ამბობენ, რომ წარმოადგენენ სამეფო ოჯახს, მაგრამ ამბობენ, რომ არიან იმერეთის სამეფო ტახტის სამართალმემკვიდრეები. ძალიან საინტერესოა, რომ ამ ოჯახმა ხელი არ მოაწერა მანიფესტზე, სადაც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედაა გამოცხადებული. ასევე, არ მოუწერა მას ამ მანიფესტზე ხელი მუხრან-ბატონების, ანუ დავითის ოჯახმა, და ჩემი ინფორმაციით, ძალიან ბევრმა ბაგრატიონ-მუხრანელმა. ესე იგი, არც ისინი აღიარებენ ნუგზარ ბაგრატიონს სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედ. მოკლედ, იმ მანიფესტს არ მოაწერა ხელი ორი შტოს უფროსმა ოჯახმა...

– ესე იგი, ნუგზარ ბაგრატიონი მხოლოდ თვითონ აღიარებს თავის თავს?

– არა, ის აღიარა რამდენიმე ბაგრატიონმა, მაგრამ მათ აღიარებას ფასი არ აქვს, თუ არ აღიარებენ მუხრანელებისა და იმერლების უფროსი ოჯახები. მთავარი კი არის ის, რომ სამეფო მემკვიდრეობა საქართველოში გადადის მხოლოდ მამრობითი სქესით. ქართული ლეგიტიმური კანონების მიხედვით, სამეფო ტახტის მემკვიდრეობა დგინდება მხოლოდ უფლის კანონებით: ანუ უფროსობით. თვით საეკლესიო კრებაც რომ ჩატარდეს, ტახტის მემკვიდრის გამოცხადებას არ ექნება იურიდიული ძალა.

–  ვინ არის მაშინ არარსებული, მაგრამ მაინც საქართველოს ტახტის მემკვიდრე?

–  დღეს არ გვყავს ერთიანი საქართველოს ტახტის მემკვიდრე.

– მაგრამ საქართველო არაერთხელ ყოფილა დაშლილი სამეფო-სამთავროებად და მოხერხებულა მათი გაერთიანებაც და ერთი მეფის დასმაც?

– სამწუხაროდ, ნუგზარ ბაგრატიონს არ ჰყავს ვაჟი. ევგენი ბაგრატიონს, ნუგზარის ნათესავს, ასევე, არ ჰყავს ვაჟი. ანუ კახეთის ბაგრატიონებს მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავთ. შესაბამისად, თუ კახეთის ბაგრატიონების შტო შეწყდება მამრობითი სქესით, გინდა თუ არა, მათი მემკვიდრეობა გადადის უახლოეს მოგვარეებზე აღმოსავლეთ საქართველოში.

– და ვინ არიან ისინი?

– დავით ბაგრატიონის ოჯახი, რომელიც არის მუხრანელი ბაგრატიონების ოჯახთა შორის უფროსი.

– ესე იგი, არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არის, თუ გავიხსენებთ, რომ ნუგზარ ბაგრატიონის შვილიშვილი დავით ბაგრატიონის ვაჟია?

– ჩვენი საზოგადოება, მონარქისტები, სამღვდელოება შეთანხმდა, რომ ქორწინება შემდგარიყო და ამით გადაწყვეტილიყო ამ ორ შტოს შორის არსებული კამათი, რადგან ბავშვი ორივეს მემკვიდრე იქნებოდა. ასეთი იყო ზეპირი შეთანხმება, ყოველ შემთხვევაში, მონარქისტთა შორის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ, თურმე ეს შეთანხმება არ აძლევს ხელს ნუგზარ ბაგრატიონის კანცელარიას და ბავშვი, რომელიც დაიბადა და რომელიც ნუგზარ ბაგრატიონის შვილიშვილია, გახდა ვაჭრობის საგანი, რაც ძალიან გულსატკენია. გინდა თუ არა, ნუგზარ ბაგრატიონს არ შეუძლია, ვინმე გამოაცხადოს ტახტის მემკვიდრედ. მეტიც, ტახტის მემკვიდრის გამოცხადება თვითმპყრობელ მეფესაც კი არ შეუძლია. კანცელარია აცხადებს, რომ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი დე-იურე მეფეაო. დე-იურე მეფე საქართველოს რეალობაში არასდროს ყოფილა. საქართველოში მეფობას სჭირდება ორი რამ: ის, ჯერ ერთი, სახელმწიფომ უნდა გამოაცხადოს მეფედ და, მეორეც, კათოლიკოსმა უნდა ჩაატაროს რიტუალი. არც ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის და არც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის შემთხვევაში, ასეთი რამ არ მომხდარა. სხვათა შორის, დავით ბაგრატიონსაც დე-იურე მეფეს უწოდებენ, რაც არასწორია.

– და არც არავინ აპირებს.

– ნუგზარ ბაგრატიონის კანცელარიის განცხადებაში წერია, რომ მას შეუძლია, გამოაცხადოს მემკვიდრე. ეს არ არის მართალი. თვითმპყრობელი მეფე და კავკასიის გამაერთიანებელიც რომ იყოს ნუგზარ ბაგრატიონი, მას მაინც არ ექნება უფლება, დანიშნოს ტახტის მემკვიდრე, იმიტომ რომ მემკვიდრეს ნიშნავს მხოლოდ უფალი ვაჟობით, უფროსი ვაჟობით...

მემკვიდრეობა მაინც მუხრანელ ბაგრატიონებზე გადადიოდა (დაინტერესებულ პირებს ვთხოვ წაიკითხონ დავით გამგებლის, (გიორგი მეთორმეტის მემკვიდრის)  კანონების კრებული. 

დავით ბაგრატიონის უფროსი ძმა, როგორც ჩანს, არ აცხადებს პრეტენზიას და მუხრანელების უფროსი გამოდის დავითი და მერე მისი ვაჟი. დავითიც ვერ გახდება საქართველოს ტახტის მემკვიდრე. 

არავინ, ზრდასრულთაგან არ არის სამეფოდ აღზრდილი და არც ერთი არ დაუთმობს მეორეს...

გინდა თუ არა, ეს ბავშვი, გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი ბაბუაზე წინაც არის და თავისი მამაზეც. ეს ბავშვი ერთმნიშვნელოვნად უკვე არის აღმოსავლეთ საქართველოს ტახტის მემკვიდრე. ძალიან საინტერესოა, რომ გვარად ჩაუწერეს ბაგრატიონ-ბაგრატიონი, იმიტომ რომ ბაგრატიონ-გრუზინსკი, ბაგრატიონ-იმერეტინსკი, ბაგრატიონ-მუხრანსკი, –  არის რუსეთის მიერ დაპყრობილი, დაქვემდებარებული გვარების ტიტულები. ბაგრატიონ-გრუზინსკი ნიშნავს საქართველოს (აღმოსავლეთ) მთავარს (იმერეტინსკი დასავლეთისას), მაგრამ ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ბაგრატიონ-ბაგრატიონი. 

დღეის მონაცემებით, შეიქმნა ახალი შტო, გაჩნდა რაღაც ახალი რეალობა. მე შეიძლება, ბევრი პრეტენზია მაქვს მისი მამისადმი, მაგრამ ბავშვი რა შუაშია?! 

ნუგზარ ბაგრატიონის კანცელარია ამბობს, დავით ბაგრატიონმა უნდა აღიაროს საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ნუგზარ ბაგრატიონი, დადოს საქორწინო ხელშეკრულება, რის შემდეგაც ნუგზარ ბაგრატიონი მის შვილს მისცემს ტახტის მემკვიდრეობას და ბაგრატიონ-გრუზინსკიდ აღიარებსო. მაგრამ ნუგზარ ბაგრატიონის აღიარება დავითის შვილს აღარ სჭირდება. იმ ბავშვს აღარ სჭირდება ბაგრატიონ-გრუზინსკის გვარი, რადგან დამთავრდა ეს რუსული გავლენა (ნუ ეწყინება ნურავის) და, რაც მთავარია, ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს ეტყვის დავით ბაგრატიონი ნუგზარ ბაგრატიონს, ჩემზე მეტი ხარო, იმიტომ რომ დავით ბაგრატიონის მამა და ბაბუა ესპანეთისა და ინგლისის სამეფო კარისა და რუსეთის ტახტის მემკვიდრეების მიერ არიან აღიარებულები მეფედ და ამას შეჩვეულია დავითი. სხვა საკითხია, ეს შეცდომაა თუ არა. დავით ბაგრატიონი ფიქრობს, რომ არის საქართველოს ტახტის მემკვიდრე. მართალია, ესეც არასწორია, მაგრამ არასდროს დაუთმობს ნუგზარ ბაგრატიონს და არ ეტყვის, შენ ხარ მეფე და მე მხოლოდ უბრალო თავადიო. ასეთი რამ არ მოხდება. ამ დავაში კი ბავშვი არასასურველ მდგომარეობაშია...

– დასავლეთ საქართველოს ანუ იმერეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეების პრობლემა როგორ გვარდება?

– იმ ბავშვს დასავლეთ საქართველოსთანაც აქვს უპირატესობა. ჩემი აზრით, დასავლეთ საქართველოში არსებული, იმერეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე ოჯახმა შეიძლება აღიაროს ეს ბავშვი, როგორც უპირატესი. სამაგიეროდ, ამ ბავშვის ოჯახმა და ყველამ უნდა აღიაროს, რომ იმერელი ბაგრატიონების ოჯახი არის იმერეთის ტახტის მემკვიდრე, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი, იმერლები ამის შემდეგ აღიარებენ ამ ბავშვს საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, ჩემი აზრით. ისე, სხვა გზა მაინც არ არის. 

თუ საჭირო გახდება, დავასახელებ ერთ-ორ ისტორიკოსს, რომლებმაც მიუწერეს ბაგრატიონს და არა ბაგრატიონ-იმერეტინსკის, სრულიად უსაფუძვლოდ გაგვარებული – იმერეტინსკი. ხოლო იმერელ ბაგრატიონთა ოჯახის წინააღმდეგ დიდი კამპანია გააჩაღეს. თუ შემომეკამათებიან, დავასახელებ გვარებსაც და გამოვაქვეყნებ დოკუმენტებს, რომლებიც სახლში მაქვს. ჩემი აზრით, გამოსავალი ასეთია: ეს ოჯახი, ვფიქრობ, თანახმაა, აღიარონ დავით ბაგრატიონის ვაჟი სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრედ, თუ ბავშვის მშობლები აღიარებენ მათ. დაპირისპირებით არაფერი გამოვა. ყველაფერი გამოვა შეთანხმებით.

თუ ყველა შეთანხმდება, ასეთი სურათი იქნება: ბავშვი –  გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონ-ბაგრატიონი იქნება სრულიად საქართველოს ტახტის მემკვიდრე, მისი პაპა, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი –  პაპა და საპატიო უფლისწული, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი –  დედა და საპატიო უფლისწული, დავით ბაგრატიონ-მუხრანელი –  მამა და საპატიო უფლისწული, იმერეთის ოჯახის წარმომადგენელი –  ირაკლი, ასევე საპატიო უფლისწული და დანარჩენი ყველა ჩვეულებრივი ადამიანი. მე მგონი, ახლა ეს არის გამოსავალი, სხვა შემთხვევაში კამათი გაგრძელდება.

რაც მთავარია, დღეს მონარქიაზე საუბარს აზრი არ აქვს. ამაზე მას შემდეგ უნდა ვისაუბროთ, რაც რეფერენდუმი ჩატარდება და ხალხი გამოხატავს ამის სურვილს. ამ ეტაპზე მონარქიის საკითხი მომზადებული არ არის.

– თვითონ ის ოჯახები არ არიან მომზადებული, ჯერ არაფერი ჩაუბარებიათ და ლამის დაჭამეს ერთმანეთი. არადა, ასეთი პოლიტიკოსები ხომ უკვე გვყავს?

– ეს დაპირისპირება ქართულ საზოგადოებაში აჩენს ბზარებს და ასევე, წარმოაჩენს ქართული ხასიათის უარყოფით მხარეებს. იმედი მაქვს, ყველა მიხვდება, რომ ამ ბავშვს ყველასგან, უპირველესად, სჭირდება სიყვარული. დაიბადა პატარა ქართველი და იქნებ მას სულაც არ უნდა მეფობა, იქნებ უნდა, რომ ქართული არმიის ჯარისკაცი გახდეს და იქნება ეს იყოს მისთვის უდიდესი ბედნიერება? იქნებ ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა? ასე რომ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია. ამიტომ მივმართავ ყველას: აცადეთ პატარა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონს ბავშვობა. ის ჯერ ჩვილია და მას ანგელოზები მფარველობენ, აცადეთ მას ანგელოზებთან ურთიერთობა. 

– თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გამორჩენას უნდა ელოდეს ნუგზარ ბაგრატიონი იმით, რომ აღიარონ?

– ცოტა ძნელია ამის თქმა, ჩვენ რომ ვიყოთ ტახტის მემკვიდრის შვილი, არავინ იცის, რას გავაკეთებდით... ძალიან ნუ განვსჯით. მეფეთა შთამომავლობა ძნელია. მე მგონი, ის და მისი კანცელარია სხვადასხვაა და ის შეცდომაში შეიყვანეს.

– არ არის ძნელი, ზუსტად ვიცი, რომ ნებისმიერ ადამიანს და, მით უმეტეს, მას, ვისაც მეფობის ამბიცია აქვს, უნდა შეეძლოს საკუთარ ამბიციებზე ამაღლება?

– ადრე ნუგზარ ბაგრატიონის კანცელარია ამბობდა, რომ ნუგზარ ბაგრატიონის მემკვიდრე ანაა, მისი ქალიშვილი. თუმცა ახლა ამბობენ, ვისაც ნუგზარ ბაგრატიონი მოინდომებს, ის იქნება მემკვიდრეო: ან ანას უფროსი ქალიშვილი, ან ანასა და დავითის ვაჟიო. გაუგებარია, საიდან მოაქვთ ის, რომ მემკვიდრეობა ქალით გადადის, მოჰყავთ თამარის მაგალითი, რაც არასწორია და დაინტერესებულმა პირებმა ნახონ ჩემი წიგნი.

– ჯერ თამარ მეფე უნდა იყო და შემდეგ უნდა მოიყვანო არგუმენტი!

– ამას გარდა, თამარის მამამ მოკლა თავისი ძმისშვილი, ვაჟი არ ჰყავდა ოჯახს, დინასტიას და ტახტზე აიყვანეს თამარი. მას პირველ ქმართან, არაბაგრატიონთან ღმერთმა შვილი არ მისცა, მეორე ქმარი კი გვარად ბაგრატიონი იყო და ასე გაგრძელდა ის დინასტია, ბაგრატიონთა გვარით. ჩვენთან მოქმედებს ბიბლიური ლეგიტიმიზმი და ის უნდა განვასხვავოთ რუსული თუ ინგლისური ლეგიტიმიზმისგან.

– ათი საუკუნის წინანდელი ამბავი გავიხსენოთ, როგორ გახდა ბაგრატ მესამე გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე: აღმოსავლეთის ტახტი მამით ერგო, აფხაზეთის, ანუ დასავლეთ საქართველოს ტახტი, დედის ხაზით, ტაო კი გამზრდელმა დავით კურაპალატმა გადასცა. აშკარაა, რომ ბაგრატიონები ათი საუკუნის წინათ უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ?

– ტახტის მემკვიდრეობა, უპირველესად, მოვალეობაა და არა პატივი. დემეტრე თავდადებულმა ჩვენისთანა მოქალაქები კი არ შეიწირა, არამედ თვითონ შეეწირა მათ, ისევე, როგორც ლუარსაბ მეფე და ქეთევან დედოფალი. როდესაც საქართველოს უჭირდა, ჩვენ არ გაგვიგონია სამეფო ოჯახის უფროსების (სხვადასხვა შტოდან) მოწოდებები. მხოლოდ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა რატომ უნდა ყოფილიყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და არა ბაგრატიონები?! ბაგრატიონობა მსახურებაა და არა პატივი. საქართველოში მეფობა და უფლისწულობა იყო ბრძოლა, ჩვენთან მეფობა არასდროს ყოფილა ფუფუნება!

 

 

скачать dle 11.3