კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად გადაარჩინა დათო გომართელი სირცხვილს მეგობრის შარვალმა და რის გამო გაუგზავნა მან ვანო მერაბიშვილის ცოლს ოცი ცალი წითელი ვარდი


მომღერალი დათო გომართელი, როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ძალიან მეგობრული, უღალატო და სანდო ადამიანია. მას ისინი თვალდახუჭული ენდობიან. დათო ხშირად ეკითხება მეგობრებს რჩევებს და ითვალისწინებს კიდეც. სარგებლობს თუ არა ის გავლენიანი მეგობრების დახმარებით, რატომ დადიოდა ის თავის ბავშვობის მეგობრებთან უცხოეთში და რა აკავშირებს მას ვანო მერაბიშვილთან, ამაზე თავად დათო გვესაუბრება.



დათო გომართელი: ბედნიერი კაცი ვარ, რადგან მეგობრებში ნამდვილად გამიმართლა. უმეგობრო ადამიანი, ჩემი აზრით, ღარიბიცაა, მარტოხელაც და უბედურიც. მე ამ მხრივ, მდიდარი კაცი ვარ. მეგობარი ადამიანისთვის უდიდესი ძალაა. ოჯახის წევრების შემდეგ, მეგობრები დგანან და ცხოვრებაში თუ მათი დახმარებისა და გვერდში დგომის იმედი არ გაქვს, რა კაცი ხარ მაშინ?! კიდევ ვამბობ, მე ამ მხრივ ბედნიერი ვარ, რადგან უამრავი ნაცნობი, მეგობარი და საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით.

– დათო, რუსეთში კარგა ხანს ცხოვრობდი. იქ თუ შეიძინე მეგობრები და, საერთოდ ადვილია შენთან ურთიერთობა?

– მართალია, გარკვეული პერიოდი რუსეთში ვცხოვრობდი და იქაც გავიჩინე სამეგობრო წრე. რაც დრო გავიდა და გავიზარდე, ახლა უფრო ძნელია ახალი მეგობრის შეძენა. თუმცა, კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, არც ურთიერთობა მიჭირს და, შესაბამისად, ძალიან დიდი ახალი სანაცნობო წრე მყავს. თუმცა მეგობრობას მე სხვა კრიტერიუმით ვაფასებ: თუ გამოცდილება, წლები და ცხოვრების გზის რაღაც ეტაპი არ გაქვს ადამიანთან ერთად გავლილი, ისე, მეგობარს ვერ უწოდებ. ბავშვობის მეგობართან მთელი ცხოვრება გამოგივლია, გაჭირვება თუ სიხარული გაქვს მასთან ერთად განცდილი, გამოცდილიც გყავს გარკვეულ სიტუაციებში და ამიტომ მასთან სხვანაირი, უფრო ახლო მეგობრობა გაკავშირებს, უფრო მეტად ენდობი, რჩევას ეკითხები, ითვალისწინებ მის აზრს და ასე შემდეგ. რაც ასაკში შედიხარ, ახალი მეგობრის გაჩენა მით მეტად გიჭირს კაცს. უფროსი მეგობრებიც მყავს და ხშირადაც ვეკითხები ხოლმე რჩევებს.

– ამბობენ, ადამიანი რომ ამოიცნო, ერთი ფუთი მარილი უნდა ჭამოო. თავად თუ გიჭირს ადამიანის ამოცნობა?

– ფუთი მარილის ჭამისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, ნამდვილი მეგობარი რომ გყავდეს, ცხოვრების რაღაც ეტაპი მის გვერდით უნდა განვლო. ზოგი ბოლომდე მოგყვება, ზოგიც თავის გზას ირჩევს და დროდადრო გშორდება.

– 37 მანეთად თუ დადიოდი მოსკოვში მეგობრებთან ერთად დროის სატარებლად?

– რამდენჯერაც გინდათ (იცინის). მაშინ ამდენი ლუდის ბარი არ იყო საქართველოში, დღეს რომ არის. მოსკოვში, კალინინსკი პროსპექტზე, ახლა „ნოვი არბატი“ ჰქვია, იყო ერთ-ერთი ცნობილი ლუდის ბარი „ჟიგულევსკოე“. იქ იყო მაგარი ლუდი, თავისი „კრევეტკებითა“ და თევზეულობით. დილის 9 საათზე იხსნებოდა. მეგობრებმა თბილისში ვიქეიფეთ და იქ წავედით „პახმელიაზე“ გამოსასვლელად. უზარმაზარი რიგი დაგვხვდა. ხომ წარმოგიდგენიათ – რუსები და „პივა“! რაღას ვიზამდით, ჩავდექით ჩვენც რიგში. გავიხედე, მამაჩემის ძმაკაცი, გურამ ლორთქიფანიძე, იგივე ლორთქია არ დგას ამ უზარმაზარ რიგში? გამოველაპარაკე. თურმე ისიც თბილისში დამთვრალა და ჩვენსავით მოსკოვში გადმოფრენილა სპეციალურად „პახმელიაზე“ გამოსასვლელად (იცინის). კარგი დრო იყო. ასე ვიხალისებდით ცხოვრებას და ბევრი გასახსენებელიც დაგვრჩა. თან, რუსეთში მაგარი რესტორნები იყო. ახლა რომ რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები არიან, იგივე ალა პუგაჩოვა, ლაიმა ვაიკულე, ბორის მაისეევი და სხვები, ამ რესტორნებში მღეროდნენ. მე და ჩემი მეგობრები გავშლიდით მაგარ სუფრას, ვქეიფობდით და თან მათ ვუსმენდით. ჩემი მეგობარი დათო ევგენიძე იქ ცხოვრობდა და ხშირად დავდიოდით სასტუმრო „კონტინენტალში“ სხვა მეგობრებთან ერთად, სადაც ეს მომღერლები მღეროდნენ. ასე რომ, მე ის პერიოდიც კარგად მახსოვს, როცა პუგაჩოვა რესტორნის მომღერალი იყო (იცინის).

– მასთან არ მეგობრობდით?

– მეგობრობით არ ვმეგობრობდი, თუმცა გარკვეული ურთიერთობები მქონდა. რომ გითხრათ, ალასთვის ვარდები გამიგზავნია-მეთქი, ნამდვილად მოგატყუებთ. რაც მე იქ დრო მაქვს ნატარები...

– ალასთვის არა, მაგრამ ვანო მერაბიშვილის ცოლისთვის ხომ გაგიგზავნიათ ვარდები? როგორც ვიცი, თაკო თქვენი მეგობარია.

– როდესაც თაკოს ბავშვი გაუჩნდა, წავედი, ვიყიდე ოცი ცალი წითელი ვარდი და ამ თაიგულით მივედი სამშობიაროში მისალოცად, ოღონდ, თავად არ გადამიცია. ვინ შემიშვებდა?! ის ვარდები კი გავუგზავნე იქ მომუშავე პერსონალის ხელით. თაკოსთან ვმეგობრობ და ეს ჩვეულებრივი ამბავია.

– მის მეუღლესთანაც მეგობრობ?

– მის მეუღლესთან არ ვმეგობრობ, თუმცა კარგად ვიცნობ და არაერთხელ შევხვედრივართ ერთმანეთს. მე ისეთი პროფესია მაქვს, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მართალია, თაკო დიდი ხნის მეგობარი არ არის, სულ რამდენიმე წელია ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ კარგი მეგობრები ვართ. ჩემს კლუბშიც იყო რამდენჯერმე.

– სულ კარგი სამსახური რომ გაქვს, ამაში მეგობრების ხელი ხომ არ ურევია?

– საერთოდ, თუ კაცს ტვინი არ გაქვს, მეგობრები რეკომენდაციას ვერ გაგიწევენ. მე მგონი, ღმერთის წყალობით, ისეთი სამსახურები მაქვს, სადაც ჩემი ცოდნა და ნიჭი მადგება. ისე, დასამალი არც არის, რომ მეგობრების დახმარების იმედი ყოველთვის მაქვს. ისე, ამბობენ, სპორტის სასახლის დირექტორად რომ დანიშნეს დათო, ამაში გავლენიანი მეგობრის ხელი ურევიაო. თუ ვანო მერაბიშვილს გულისხმობენ, ის მაშინ არ იყო თანამდებობაზე, ასე რომ, ეს გამორიცხულია (იცინის). ნავთობის კორპორაციაში, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და სხვაგანაც მიმუშავია და, თუ საკუთარი თავის იმედი არ გაქვს, რაც უნდა გავლენიანმა მეგობარმა „ჩაგიწყოს“ საქმე, ვერ ივარგებ. სულ იმას ვამბობ, ნეტა ღმერთმა მომცეს ძალა, რომ მეგობარს ყოველთვის დავეხმარო-მეთქი. ამით უფრო ამაყი ხარ, წელში გასწორებული, შენი თავითა და საქციელით კმაყოფილი. მთელი ჩემი ცხოვრება მეგობრების გვერდით მაქვს გატარებული და ვერც წარმომიდგენია მათ გარეშე ცხოვრება. ჩემი შვილიც მეგობრებს, კერძოდ, მერაბ თევზაძეს, ირაკლი მეძმარიაშვილსა და არჩილ გეგენავას მოვანათლინე. მეუღლის მხრიდან კი მარიშას მეგობარმა გოგონებმაც მონათლეს. თავად იმდენი ნათლული მყავს, სათვალავი ამერია. ახლა გადავწყვიტე, ყველანი ერთად შევკრიბო და ერთმანეთი გავაცნო. ხომ უნდა იცოდნენ, დათოს ნათლულები რომ არიან ყველანი?! (იცინის). ახლახან მოვნათლე ჩემი მეგობრის შვილი ამერიკაში, ბერძნულ ეკლესიაში. სხვათა შორის, ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან გიო ხუციშვილი, დათო ევგენიძე, ირაკლი ჩარკვიანი, ირაკლი მეძმარიაშვილი და კიდევ ბევრი. სტუდენტობის დროს კი ირაკლი ჭანტურიასთან ვმეგობრობდი, მან გამაცნო დათო გოგიაშვილი და ჩამოვაყალიბეთ ტრიო. მახსოვს, დიდი ამბავი იყო ამ ტრიოზე ატეხილი.

– მეგობრებისთვის საყვარელი გოგონას ფანჯრებთან სიმღერა თუ გითხოვია?

– როგორ არა (იცინის). ბევრჯერ გვიმღერია შეყვარებული გოგონების ფანჯრებთან ღამით. არ დამავიწყდება, ერთხელ, მეგობრები ვქეიფობდით. ერთმა მეგობარმა გვთხოვა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ერთი გოგონა მომწონს და წამყევით, მინდა, ხმებში ვუმღეროთ. მაშინ უცხოური მანქანები იშვიათად დადიოდა თბილისის ქუჩებში. მამაჩემს ჰყავდა ახალი ჩამოყვანილი „ტოიოტა“, რომელსაც სახურავზე ლუქი ჰქონდა. ამ მანქანით წავედით და იმ ამოჭრილი ლუქიდან ვუმღერეთ ღამით. არ დამავიწყდება, მთელი უბანი შევძარით (იცინის). ერთხელ კი, ჩვენი ტრიო სოხუმში წავიდა გასტროლებზე, ქართული პოეზიის დღეები ტარდებოდა. მოკლედ, უნდა გავიდე სცენაზე და, ვხედავ, შარვალი არ გამერღვა?! რა გინდა, ქნა? მამუკა ჩარკვიანი დავიჭირე, გავხადე შარვალი და ჩავიცვი. არადა, მამუკა ჩემზე გაცილებით გამხდარი იყო. სხვა გზა არ მქონდა. ასე, იაპონელი ქალივით, მოკლე-მოკლე ნაბიჯებით გავედი სცენაზე, სიმწრით ვიმღერე და მერე ისევ „იაპონელივით“ დავბრუნდი კულისებში. მეგობრის შარვალმა კი გადამარჩინა, მაგრამ ვაი იმ გადარჩენას! (იცინის). ამ ისტორიას მერე დიდხანს იხსენებდნენ ჩემი მეგობრები. ეჰ, კარგი დრო იყო...


скачать dle 11.3