კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ხეცოიძემ სიმამრი და სიდედრი


უსასტიკესი მკვლელობისთვის ლერი ხეცოიძეს 21 წლით პატიმრობა მიესაჯა. 27 წლის ბრალდებულმა ყოფილი სიმამრი დამტვრეული მაგიდის ფეხით მოკლა. სიკვდილს ძლივს გადაურჩა მისი სიდედრი, მაგრამ ყოფილმა სიძემ შემზარავი დანაშაული სასამართლოზე კატეგორიულად უარყო, თუმცა არ გაუვიდა – ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებით ის ციხეში ზუსტად 21 წელს გაატარებს.

სისხლიანი ტრაგედია აწ გარდაცვლილი 62 წლის გიორგი ბერულავას ოჯახში მოხდა. დამნაშავე მისი ყოფილი სიძე ციხეშია და ამჟამად სასჯელს იხდის, მაგრამ ძებნაში იმყოფება მკვლელობის თანამონაწილე მისი ორი მეგობარი.

მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან სამი წელი გავიდა, პოლიციამ მხოლოდ ხეცოიძეს მიაგნო, დანარჩენების კვალი დაიკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, ძებნილი ძმები – იგორ და ვოვა კუნცაროვები თავს დაღესტანს აფარებენ.

საქმის მასალების თანახმად, გარდაცვლილის ქალიშვილმა ნინო ბერულავამ და ლერი ხეცოიძემ 1997 წელს იქორწინეს. ბერულავებისგან განსხვავებით, ხეცოიძეები ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, მაგრამ ცოლ-ქმრის ურთიერთობა მაინც კარგად აეწყო. ნინოს მშობლებმა ქალიშვილს ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში უყიდეს. ყველაფერი ნორმალურად იყო, ორი წლის შემდეგ შვილიც შეეძინათ, მაგრამ ხეცოიძე ოჯახში იშვიათად ჩნდებოდა, რაც საბოლოოდ ცოლ-ქმრის განქორწინების მიზეზი გახდა. მართალია, ქმარი შინ იშვიათად მისვლის მიზეზად სოფელში მშობლების მარტო დატოვებას ასახელებდა, მაგრამ გაირკვა, რომ ის ბავშვობის მეგობრებთან კუნცაროვებთან ერთად შარში გაეხვია. როგორც გაირკვა, ძმები ფულის გამოძალვის ბრალდებით ძებნილები გახდნენ, მათთან ერთად კი დანაშაულში მხილებული ხეცოიძეც აღმოჩნდა.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, 5 მარტს, დაახლოებით 22:30 საათზე, ლერი ხეცოიძე, ორ მეგობართან, კუნცაროვებთან ერთად, ყოფილ სიმამრს მიადგა. მიუხედავად იმისა, რომ ხეცოიძე ბერულავას სიძე აღარ იყო, ყოფილმა სიმამრმა მეგობრებთან არ შეარცხვინა და სტუმრებს სუფრა გაუშალა. მალე ოჯახის სხვა ახლობლებიც მოვიდნენ, მაგრამ შემოსწრებულები მალე დაიშალნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ეგონათ სიძე ყოფილ სიმამრთან შესარიგებლად მივიდა და არ უნდოდათ, საუბარში ხელი შეეშალათ.

მას შემდეგ, რაც სტუმრები და მასპინძლები მარტო დარჩნენ, ვახშმის შემდეგ, სიძემ სიდედრი სალაპარაკოდ სახლის პირველ სართულზე გაიხმო. უცებ ქალს მეუღლის ყვირილი შემოესმა და მეორე სართულზე ასვლა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად სიძემ თავში შეშის ნაჭერი ჩაარტყა. ქალი იქვე დაეცა, რის შემდეგაც სიძემ პირი „სკოჩით“ აუკრა და მეგობრებთან დაბრუნდა, რომლებიც მის სიმამრს უსწორდებოდნენ – თავში გატეხილი მაგიდის ფეხს ურტყამდნენ. ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ სიძემ და მისმა მეგობრებმა კაცი ცემით მოკლეს...

გამოძიების მასალებით, ტრაგედიის შემდეგ თავდამსხმელებმა ოჯახიდან 7 000 დოლარი, 2 000 დოლარად ღირებული მუსიკალური ცენტრი და 600-ლარიანი მობილური ტელეფონი წაიღეს. „სტუმრებმა“, რომლებსაც მასპინძლები გარდაცვლილები ეგონათ, კარი გარედან დაკეტეს და მიიმალნენ...

„სკოჩით“ პირახვეული და ხელ-ფეხშეკრული სიდედრი გარკვეული დროის შემდეგ გონს მოვიდა, კართან მიხოხდა და საშველად მეზობლებს მოუხმო. არადა, გასაოცარია, რომ მეზობლებმა მანამდე ვერაფერი გაიგეს. ეს, ალბათ, იმიტომ მოხდა, რომ ბერულავებს უზარმაზარი ეზო აქვთ, სახლი კი ეზოს სიღრმეშია.

ვინაიდან თავდამსხმელებმა ძვირად ღირებული ნივთები წაიღეს, გამოძიებამ მომხდარს ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა და ეჭვმიტანილებზე ძებნა გამოაცხადა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბერულავას გარდაცვალების მიზეზი გახდა ქალა-ტვინის ტრავმა, ქალის სარქველისა და ფუძის ძვლების მოტეხილობით. არანაკლებ მძიმე იყო ცოცხლად გადარჩენილი სიდედრის მდგომარეობაც – მერი ბერულავას დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა აღმოაჩნდა, მაგრამ ის სიკვდილს გადაურჩა.

ვინ ჩაიდინა ასეთი სისასტიკე, თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში იყო უცნობი, რადგან მერი ბერულავა გონს ექვის თვის შემდეგ მოვიდა. სწორედ მისი ჩვენების შემდეგ გახდა ცნობილი თავდამსხმელების ვინაობა.

დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მისმა ყოფილმა სიძემ მერი ბერულავას დაურეკა და 2 000 დოლარი სთხოვა. ჯერ უთხრა, რომ ბიზნესში ჩასადებად სჭირდებოდა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მას პოლიცია ეძებდა და რეალურად საქმის მოსაგვარებლად უნდოდა.

დაზარალებულის თქმით, როდესაც მეუღლის კივილი შემოესმა და მისკენ წასვლა დააპირა, ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, რომ სიძემ კეფაში რაღაც ჩაარტყა. ქალი დაეცა, მაგრამ, ვინაიდან გონება არ დაუკარგავს, ხეცოიძემ მოგუდვა დაუპირა, ბოლოს კი გაკოჭა.

დაზარალებულის ჩვენებით, ძირს დაგდებულს ქმრის ხროტინისა და სიძის ხმა ესმოდა, რომელიც მეგობრებს ნიშნისმოგებით ეუბნებოდა, მაგის ბრალია, ოჯახი რომ დამენგრა და გავისტუმრე იმქვეყნადო. ქალბატონის თქმით, შემდეგში სიძემ მასაც დაუწყო ცემა, რის შედეგადაც გაითიშა, ხოლო გონს რომ მოვიდა, შინ აღარავინ იყო.

საგულისხმოა, რომ, იმ პერიოდში, როდესაც ხეცოიძე ყოფილ სიდედრ-სიმამრს კლავდა, ცოლ-შვილი თავის მშობლებთან, სოფელში ჰყავდა გაგზავნილი. როგორც გაირკვა, ხეცოიძემ ყოფილ ცოლს სთხოვა, რომ მის მშობლებს ბავშვი ენატრებოდათ და მათთან ჩასულიყო. სწორედ იქ შეატყობინეს ნინო ბერულავას, რომ თავდამსხმელებმა მამა მოუკლეს. როგორც მან სასამართლოზე განაცხადა, როდესაც მშობლების სახლში მივიდა, მისი მამა ისე იყო ნაწამები, თავის ქალა ჰქონდა ახდილი. რაც შეეხება დედამისს, ცოცხალი კი გადარჩა, მაგრამ ისიც ისე იყო ნაცემი ძლივს იცნო.

რეალურად რა დაუშავა სიმამრმა სიძეს, ძნელი სათქმელია, თუმცა, ლერი ხეცოიძე სამი წლის შემდეგ დააკავეს და, გარდა მკვლელობისა, ყაჩაღობის მუხლიც წაუყენეს. რაც შეეხება მკვლელობის ვერსიას, ხეცოიძე აცხადებდა, რომ მის სიმამრს მისი მეგობრის ფული ემართა და არ აძლევდა. მოკლედ გამოძიების ოფიციალურ ვერსიას ის სხვაგვარად ყვებოდა.

მისი ჩვენების თანახმად, ყოფილ სიმამრს, რომელსაც მისი მეგობრის ვალი ჰქონდა, თანხის მისაცემად პერიოდულად იბარებდა, მაგრამ ატყუებდა. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე კი სიმამრმა დაურეკა და უთხრა, რომ მისი მეგობარი მისულიყო, რადგან ფულის მიცემას აპირებდა. ხეცოიძე ამბობს, რომ მან მეგობარს სიმამრის დანაბარები გადასცა, მაგრამ ვოვამ არ დაიჯერა – ისევ მომატყუებსო.

ხეცოიძის თქმით, მკვლელობის დღეს ის ბიძაშვილის სახლში იყო და მთელი დღე ნარდს თამაშობდა. ვინაიდან მისი მშობლების სახლში სტუმრად მისი ყოფილი ცოლი იყო ჩასული, ამჯობინა, ბიძაშვილთან დარჩენილიყო, თუმცა, დაწოლამდე ვოვა გაახსენდა, დაინტერესდა, წავიდა თუ არა ის მის სიმამრთან ფულის გამოსართმევად. ამიტომ, ჯერ დაურეკა, მაგრამ ვოვა არ პასუხობდა, რამაც ხეცოიძე ძალიან შეაშინა, იფიქრა, რომ ის პოლიციამ დააკავა. ხეცოიძე ამბობს, რომ ამის გამო სიმამრთან დარეკა, მაგრამ ტელეფონს იქაც არავინ უპასუხა და სწორედ ამ მოტივით წავიდა ყოფილი სიმამრის სახლში.

ხეცოიძის ჩვენებიდან: „კარი რომ იგორმა გამიღო, ძალიან გამიკვირდა. შიგნით რომ შევედი, კიდევ უფრო გავოცდი, რადგან ოთახში პირში ნაჭრებჩატენილი და „სკოჩით“ პირაკრული სიდედრი დამხვდა. რომ ვიკითხე, რა ხდებოდა, ვოვამ მითხრა, შენი სიმამრის ტყუილებით დავიღალე, წადი, ნახე, ხომ არ მოკვდაო. შემზარავი სურათი დამხვდა: თავგაპობილი ჩემი სიმამრი ძირს ეგდო. წყალი დავასხი, მაგრამ რეაგირება არ ჰქონია, უკვე მკვდარი იყო. ამის შემდეგ სიდედრთან მივედი და პირიდან ნაჭრები ამოვუღე. მთხოვდა, ისიც არ მოეკლათ, მაგრამ ვოვამ სკამი ჩაარტყა. მეგობრებს ვთხოვე, არ მოეკლათ და სასწრაფო გამოგვეძახებინა, შესაძლოა, ორივე გადარჩენილიყო, მაგრამ არ გამიშვეს. მეტი გზა აღარ იყო, ბინა მეც მათთან ერთად დავტოვე“.

რეალურად რა თანხა წაიღეს თავდამსხმელებმა, გაურკვეველია. საქმეში წერია, რომ ბინიდან 7 ათასი დოლარია წაღებული, მაგრამ ერთ-ერთ ჩვენებაში დაზარალებული 30 ათას დოლარს ასახელებს. თუმცა, სასამართლოზე განაცხადა, რომ მას ფული საერთოდ არ აინტერესებს. რაც შეეხემა მისი ყოფილი სიძის ადვოკატს, ის ირწმუნებოდა, რომ ხეცოიძე მკვლელი არ არის და გამოძიებას ნამდვილი დამნაშავის დაკავებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ, ასეა თუ ისე, განსასჯელს 21 წლით პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხეცოიძე გამოძიებას სამი წელი ემალებოდა, რაც მის დამნაშავეობას ადასტურებდა.


скачать dle 11.3