კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ


კითხვა: 1999 წელს დავქორწინდი, მაგრამ არ ვარ რეგისტრირებულ ქორწინებაში. აქვს თუ არა ჯვრისწერის მოწმობას ქორწინების მოწმობის თანაბარი, კანონიერი ძალა?

პასუხი: საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეუღლეთა შორის უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს მხოლოდ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება, შესაბამისად, ჯვრისწერის მოწმობა არ წარმოშობს უფლებებსა და მოვალეობებს და კანონიერი ძალა არ გააჩნია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლი).

კითხვა: სასამართლოს მიერ ცნობილი ვარ უღირს მემკვიდრედ მამის სამკვიდრო ქონებაზე. გარდამეცვალა დედა. ნოტარიუსი უარს მიცხადებს დედის ქონების მიღებაზე, როგორც უღირს მემკვიდრეს და დედაჩემის დანაშთ ქონებას აძლევს ჩემს დას. მაქვს თუ არა უფლება, მივიღო დედის ქონება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მემკვიდრეობის ჩამორთმევა ხელს არ უშლის ამ უფლებაჩამორთმეულ პირს, იყოს სხვა მამკვიდრებლის ქონების მემკვიდრე. თქვენ და თქვენს დას გაქვთ მემკვიდრეობის მიღების თანაბარი უფლებები.

კითხვა: მე და ჩემი ყოფილი მეუღლე ვცხოვრობდით დაქირავებულ ბინაში. ქირავნობის ხელშეკრულება დადებულია ბინის მესაკუთრესა და ჩემს მეუღლეს შორის. ოჯახური უსიამოვნების გამო განვქორწინდით. ჩემი მეუღლე არ მაძლევს ბინაში ცხოვრების უფლებას იმ მიზეზით, რომ ხელშეკრულება დადებულია მასა და ბინის მესაკუთრეს შორის. მაქვს თუ არა ბინაში ცხოვრების უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მეუღლეთა განქორწინების შემთხვევაში, დავას, თუ რომელმა უნდა იცხოვროს დაქირავებულ ბინაში, წყვეტს სასამართლო, იმის მიუხედავად, თუ რომელი მეუღლეა დამქირავებელი.

კითხვა: ჩემს შვილს მოსამართლემ აღმკვეთ ღონისძიებად შეუფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით, რომლის გადახდის ვადად განისაზღვრა 20 დღე. გადახდამდე კი დატოვა პატიმრობაში. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში ვერ შევძლებთ გირაოს გადახდას, რა ბედი ეწევა ჩემს შვილს?

პასუხი: დადგენილ ვადაში გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, თქვენი შვილი დარჩება პატიმრობაში წინასწარი გამოძიების ვადის ამოწურვამდე.

კითხვა: სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, განსასჯელმა მთლიანად აღიარა ჩადენილი დანაშაული, რის გამოც სასამართლომ განჩინებით შეკვეცა სასამართლო გამოძიება, დაკითხა მხოლოდ განსასჯელი და ისე დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო?

პასუხი: სასამართლო მოიქცა სწორად. სასამართლოს უფლება აქვს, ნაწილობრივ ან სრულად შეკვეცოს სასამართლო გამოძიება, თუ განსასჯელი სრულად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეს აღიარება ნებაყოფლობით არ იწვევს მხარეთა დავას.

კითხვა: სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს, პირველივე სხდომაზე, ჩვენი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის – მოწმეთა დაკითხვა. სასამართლომ ადვოკატს უარი უთხრა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ მოტივით, რომ შუამდგომლობა დაგვიანებითაა შეტანილი. სწორია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება?

პასუხი: სასამართლო მოიქცა სწორად. ადვოკატი ვალდებულია, ასეთი სახის შუამდგომლობა სასამართლოს წარუდგინოს სასამართლო სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს ხუთი დღისა.

კითხვა: ჩამორთმეული მაქვს მშობლის უფლებები. ვის შეუძლია დამრთოს ბავშვის ნახვის უფლება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სასამართლოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის საფუძველზე, შეუძლია მშობლის უფლებაჩამორთმეულ პირს დართოს ბავშვის ნახვის უფლება, თუ ეს ცუდ გავლენას არ ახდენს ბავშვზე.

კითხვა: ვარ 16 წლის. კანონიერმა წარმომადგენელმა მომანიჭა საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლება, შემიძლია თუ არა დაქორწინება შეუზღუდავად?

პასუხი: არა, რადგან ასეთი პირი შეუზღუდავი ქმედუნარიანი ხდება მხოლოდ საწარმოო საქმიანობის სფეროსთვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში.

კითხვა: სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩემს მოვალეს, სესხის ხელშეკრულების თანახმად, დაეკისრა 19 000 ლარის გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რომ არ მომხდარიყო, მან თავის სახელზე რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება აჩუქა შორეულ ნათესავს.

პასუხი: თუ მოვალეს სხვა ქონება არ გააჩნია, საიდანაც მოხდება აღნიშნული თანხის ამოღება, სარჩელი აღძარით სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვეთ ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურებულად იქნება ცნობილი, რომ მოპასუხეებს შორის ჩუქების ხელშეკრულება დადებული იქნა მხოლოდ მოსაჩვენებლად, რათა მოვალეს კუთვნილი ქონებიდან არ გადაეხადა 19 000 ლარი, სასამართლო მიიჩნევს ჩუქების ხელშეკრულებას მოჩვენებით გარიგებად.

კითხვა: ვყიდი საცხოვრებელ ბინას. მოტეხილი მაქვს ხელი, რის გამოც ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას ვერ ვაწერ ხელს. მაქვს თუ არა უფლება, ნასყიდობის ხელშეკრულების გამფორმებელ ნოტარიუსს მოვთხოვო ხელის მოწერა ჩემ ნაცვლად?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, პირს, ფიზიკური ნაკლის გამო, უფლება აქვს, სხვას მიანდოს გარიგებაზე ხელის მოწერა. ამ უკანასკნელის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს ოფიციალურად. ნოტარიუსს კი თავისი ხელის მოწერის დამოწმების უფლება არ აქვს.

კითხვა: სასამართლო სხდომაზე დავასაბუთე, რომ ანდერძი, რომელიც მოპასუხესთან იმყოფებოდა, წარმოადგენდა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა დამადასტურებელ წერილობით მტკიცებულებას და სასამართლოს მოვთხოვე ამ წერილობითი მტკიცებულების გამოთხოვა. სასამართლომ განჩინებით უარი მითხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რა წესით უნდა გავასაჩივრო სასამართლოს აღნიშნული განჩინება?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული განჩინება ცალკე არ გასაჩივრდება. მისი გასაჩივრება შესაძლებელია გადაწყვეტილებასთან ერთად.

კითხვა: 3 წლის ბავშვს გარდაეცვალა მშობლები. მას დაენიშნა მეურვე და იგი მეურვის საცხოვრებელ ბინაში გადავიდა, მშობლების კუთვნილი ბინა კი ბავშვის საკუთრებაში აღირიცხა. რომელი ადგილი მიიჩნევა მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებლად – მისი კუთვნილი ბინა თუ მეურვის ბინა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მცირეწლოვანი ბავშვის საცხოვრებლად მიიჩნევა მეურვის საცხოვრებელი ბინა.


скачать dle 11.3