კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის მანდილოსანი, რომელმაც ირაკლი ნასიძე ერთი ნახვით მოხიბლა და როგორ გადაიქცა ის მისთვის სამოთხის ჩიტად

დიდი ხანია, საიუველირო კომპანია „ზარაფხანა“ თავის მომხმარებელს ძალიან ლამაზ და საინტერესო ნამუშევრებს, სამკაულებს სთავაზობს. ახალ კოლექციას, რომლის გამოშვებაც საახალწლოდ იგეგმება, „ზარაფხანა“ დიზაინერ ირაკლი ნასიძესთან ერთად გააფორმებს. ახალი კოლექცია 12 მოდელს მოიცავს, ის შესრულდება ძვირფას ლითონში და გაიწყობა ძვირფასი ქვებით. ულტრათანამედროვე და დახვეწილი დიზაინის ახალი სამკაული, ძირითადად განკუთვნილი იქნება საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის.

ირაკლი ნასიძე: თბილისში ჩემი ახლანდელი ვიზიტის მიზანია, ახალი სამკაულის კოლექციით პირველად წარვდგე ქართველი მომხმარებლის წინაშე. კოლექცია 12 მოდელისგან შედგება და მათ შორის იქნება ექსკლუზიური ნიმუშიც, ანუ გამოიცემა ლიმიტირებულად და დაინომრება. ასევე, შეიძლება, ამ სამკაულის ინტერპრეტაცია, მაგრამ ეს არ გასცდება სამკაულის ჩარჩოებსა და კონცეფციას.
– როგორც ვიცი, თემა არის ჩიტები. თქვენ ჩიტების, ზოგადად ბუნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ, გიყვართ ზაფხულობით შეკვეთილში დასვენება...
– ფრინველების და თევზებისადმი ჩემი განსაკუთრებული ყურადღება და დამოკიდებულება ბავშვობიდან მოდის. ამ პროექტშიც ჩიტებს მივანიჭე უპირატესობა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი პროექტი მქონდა წარდგენილი და „ზარაფხანამ“ არ იცოდა ჩემი ჩიტებისადმი დამოკიდებულება, ძალიან მესიამოვნა, როდესაც ეს თემა დაადასტურეს. ჩიტები, თევზები, ეს ის ობიექტებია, რომლებსაც ჩემს შემოქმედებაში ყოველთვის დიდი დატვირთვა ჰქონდა. პარიზში არის ნიჭიერი ფოტოგრაფი – ირინა ჯაფარიძე. სამწუხაროდ, მას საქართველოში ბევრი არ იცნობს. მის ფოტოზე გამოსახულია ბავშვი, რომელიც გუბეში იყურება. სიუჟეტი, რა თქმა უნდა, ქუჩაში ვითარდება. ამ ფოტომ ძალიან დამმუხტა, მისი ნებართვით ჩემი პერფორმანსი ჩავატარე და ზევიდან დავახატე. სიუჟეტი ასეთია: ბავშვი იხედება გუბეში, საკუთარ თავს ხედავს და გუბეში ასევე, მოჩანს თევზები და კენჭები. ამ ბავშვში საკუთარი თავი დავინახე – გუბეში, მოჟამულ, ღრუბლიან სიტუაციაში მე თევზებსაც აღვიქვამდი. პატარაობაში ჩემ გარშემო იყო ისეთი რაღაცეები, რასაც სხვები ვერ აღიქვამდნენ და ეს რომ მათთვის მეთქვა, არ დაიჯერებდნენ. ჩიტებსაც იგივე დატვირთვა აქვს ჩემთვის – გამოხატავს სულიერ თავისუფლებას, სიმშვიდეს, მშვიდობას, სიყვარულს, მოგზაურობას, სიკეთეს, კარგ ამბავს. ამ კოლექციის იდეა, კონცეფცია არის შეხვედრა ადამიანთან, მანდილოსანთან, რომელმაც თავისი სილამაზით, განწყობით, სამყაროს მისეული აღქმით მომხიბლა.
– ვინ არის, არ ამბობთ?
– არ ვამბობ. მას პირველი გაცნობის და, შეხვედრისთანავე, სამოთხის ჩიტად აღვიქვამდი. ეს შეხვედრა ფრაგმენტული იყო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ის არის, რომ ემოციურად იმუხტები და ეს ყოველთვის გრძელდება.
– როგორი იყო ირაკლი ბავშვობაში, როცა არსებულ სამყაროში ისეთ რამეებს აღიქვამდა, რასაც სხვები ვერ აღიქვამდნენ?
– ბავშვობაში ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ რაღაც სტანდარტებში არ ვჯდებოდი, თუნდაც ის, რომ მაინტერესებდა ისეთი რაღაცეები, რაც საერთოდ არ აინტერესებდათ ჩემს უახლოეს მეგობრებს. თუმცა ჩემი ექსტრავაგანტური ხედვა მათთვის ყოველთვის მისაღები იყო და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი უცნაურია თავისი აზროვნებით, ხედვით, მის მეგობრებს კი ამ დროს ფეხბურთი აინტერესებთ, თუმცა მაინც გიღებენ ისეთს, როგორიც ხარ – ეს ცხოვრებაში ძალიან დიდი შანსია. შემიძლია ვთქვა, რომ ეს შანსი ყოველთვის თან მდევდა ადამიანებთან ურთიერთობისას. ის წარმატება კი, რაც ირაკლის ბრენდს გააჩნია, ეს ძალიან დიდი დაუღალავი შრომის შედეგია. სამყაროში ნებისმიერ საკითხში მოქმედებს ბუმერანგის პრინციპი. ამიტომ, ვცდილობ, ჩემი გაშვებული ბუმერანგი დადებითად იყოს დამუხტული, რომ უკან ისეთივე ენერგიით დამიბრუნდეს.
– მეგობრები ფეხბურთს თამაშობდნენო... არასდროს გაინტერესებდათ ფეხბურთი?
– ფეხბურთი მაინტერესებდა იმ დონეზე, რომ მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი სტადიონზე. პრინციპში, არც ვიცოდი, ვინ თამაშობდა. სამაგიეროდ, ძალიან მაინტერესებდა და დიდი ხანი – 6 წელი, ვიყავი დაკავებული ძიუდოთი. იუნიორებში საქართველოს ჩემპიონიც გავხდი. უფრო პატარა კი, კარატეზეც დავდიოდი. მამაჩემის სურვილი იყო, სპორტზე მევლო და ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. დღეს მე როგორიც ვარ, ეს მშობლების დამსახურებაა. მათ ჩემი და ჩემი დის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით.
– მკაცრები იყვნენ.
– დედა ოდნავ იჩენდა სიმკაცრეს, მამა – არა. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ჩემს მეგობრებთანაც მეგობრობდა. არისტოკრატული ოჯახიდან იყო და როდესაც მოდის განხრით წასვლა გადავწყვიტე, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭისთვის იმ დროს, საქართველოში ეს არაკლასიკური პროფესია იყო, მისი მხრიდან წინააღმდეგი არ ყოფილა. ჩემი მშობლები ნატიფ ხელოვნებას იყვნენ ნაზიარები და ჩემი არჩევანი მათთვის მისაღები იყო.
– დასთან ერთად ხშირად მუშაობდით, ახლა რა ხდება ამ კუთხით?
– ვმუშაობდი, ისევ ვმუშაობ. უბრალოდ, მესამე ბავშვი გააჩინა და ჯერჯერობით პაუზა გვაქვს.
– როგორი ბიძა ხართ? ბავშვების სანახავად ხშირად ვერ ჩამოდიხართ.
– როცა ჩამოვდივარ, ვცდილობ, კარგი ბიძა ვიყო. უფროსი ცელქია და ეუბნებიან, იცოდე, ირაკლი ჩამოვაო. მგონი, ცუდი ბიძა არ ვარ.
– სხვადასხვა კოლექციას, ალბათ, სხვადასხვა მუზა ჰყავს.
– მუზა შეიძლება იყოს ბუნება, განწყობა ან ვინმესთან საუბარი. შემოქმედი ხალხი უცნაურია. რომ მეკითხებიან, რატომ შექმენიო, მე ასეთი კითხვა მებადება: რატომ ლაპარაკობ? საიდან მოდის ეს ხმა? ვინ მოგცა... – ეს ამიხსენით. ჩემთვის ძალიან დიდი ქორეოგრაფია პინა ბაოში. მისი ხედვა ცეკვაში, რეჟისურა არ შეიძლება, სიტყვაში აისახოს, სიტყვით გადმოიცეს. ახლა მასზე საოცარი ფილმი გამოვიდა, სადაც თვითონ პინა ამბობს: არის სიუჟეტი, არის ემოცია, რომელსაც სიტყვა არ შეესაბამება. მიმაჩნია, რომ ის, ვინც კითხვას სვამს, მას განმარტება სჭირდება. მაგრამ, არის რაღაცეები, რასაც ვერ განმარტავ, რადგან თავის მაგიას დაკარგავს. ამიტომ, ასეთი ადამიანების გაგება, გარკვეულწილად, რჩეულთა ხვედრია. ჩიტები ჩემთვის კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათი დახმარებით, ჩემი შემოქმედება ფრთებს ისხამს და გადავყავარ სილამაზის, ესთეტიკის კალეიდოსკოპში. როგორ შემიძლია ავხსნა, რა ხდება ამ კალეიდოსკოპში? ბავშვობაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთი სწორედ კალეიდოსკოპი იყო. მასში იმდენი ნიუანსია, წარმოუდგენელია, თითოეული ფერი, ფორმა დაახასიათო და თქვა, რატომ არის ასეთი.
– თბილისიდან ისევ პარიზში ბრუნდებით, ალბათ, ძალიან ბევრი გეგმა და სამუშაო გაქვთ.
– 30 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, გვაქვს ახალი კოლექციის – „ზაფხული 2012-ის“ პრეზენტაცია ლუვრში და ჩვენთან, „შოუ-რუმში“ (ინტერვიუ ჩაწერილია 26 სექტემბერს – ავტორი). ეს პრეზენტაცია ტარდება ბაიერებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი კლიენტურა გვყავს და პრიორიტეტს მათ ვაძლევთ. არიან ახალი ბაიერებიც. ასევე, მუშაობის საკმაოდ კარგ პროცესშია კოლექცია „ზამთარი 2012-2013“, რომლის პრეზენტაცია უკვე იანვარში იქნება.
– თქვენი კლიენტები ვინ არიან?
– ფრანგები, ასევე იტალიელები, ამერიკელები, ბალტიისპირეთი, რუსეთის ბაზარი, უფრო ეკატერინბურგი მაქვს მხედველობაში და იაპონელები – ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ორი ხაზი, ერთი არის „აღკუზიუ“ ანუ „კერვის ხელოვნება“. ეს არის „ოტ-კუტიური“, მაგრამ მე მას დავარქვი „აღკუზიუ“, რადგან ის მხატვრის, მოქანდაკის აზროვნებით შექმნილი ინდივიდუალური სამოსია. მეორე ხაზია „პრეტ-ა-პორტე“, ანუ ყოველდღიური სამოსი. უკვე ორი წელია, რაც ჩემი ყველა კოლექცია ტრიკოტაჟით არის შექმნილი, რომელიც იტალიასა და იაპონიაში იქსოვება. ასევე, მაისურებიც კი იქსოვება. ასეთ დამუშავებას „ქულ ფეშენ“ ჰქვია, ძალიან სუფთა და ლამაზია.
– როგორია ახალ კოლექციებში ირაკლი ნასიძის ქალი?
– თავისუფალი. ფორმები საკმაოდ განიერი, მულტიფუნქციურია. ერთი კაბით სამი-ოთხი სილუეტი იქმნება, გადმოატრიალებთ მოკლე კაბაა, ან პირიქით, გადმოატრიალებ და გრძელია... ანუ, ამ იდეაში დევს ის, რომ ყველა ქალს, რომელიც ჩვენთან სამოსს იძენს, ვუტოვებთ კრეატიულობის საშუალებას. უბრალოდ, ჩვენ ვაძლევთ ბაზას და შეუძლია, შექმნას თავისი ფორმები.
– საქმის გარდა, რას აკეთებთ, როგორ ცხოვრობთ პარიზში, სად გიყვართ სიარული?
– სიმართლე რომ გითხრათ, საქმის გარდა ვერანაირად ვერ ვცხოვრობ. ეს ისეთი რიტმია, იმდენი საქმეა, რომ სულ ვმუშაობ. თუმცა, განტვირთვასაც ვახერხებ. მიყვარს გამოფენებზე წასვლა, ნახატების, ქანდაკებების ნახვა, იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც მიყვარს. მათთან ერთად შეიძლება, ერთი ფინჯანი ყავა დავლიო და უკვე დადებითად ვიმუხტები. შეკვეთილი ახსენეთ, არ მიყვარს ხალხმრავალ ადგილებში დასვენება. შეიძლება, სადმე მარტო წავიდე და განმარტოებით დავისვენო.
– რა ხდება ირაკლის პირად ცხოვრებაში?
– ირაკლის პირად ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.
– და ეს საქმეზეც კარგად მოქმედებს?
– რეალობაში ძნელია, ყველაფერი კარგად იყოს, რაღაც დათმობებია საჭირო. რა თქმა უნდა, საქმეზე, განწყობაზე ყველაფერი მოქმედებს – ჰაერი, ამინდი და მით უმეტეს, პირადი.

скачать dle 11.3