კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაზინოს ხიბლი

კაზინო საკმაოდ უცნაურად იყო მოწყობილი: შესასვლელში გზა ორად იყოფოდა. ერთ მხარეს ფარდა ჩამოეფარებინათ და მის მიღმა მოეწყოთ სალარო, ხელის გაწვდენაზე...
თამაშში ბედი არასდროს მწყალობდა... ჩემი ფინანსებიც ყოველთვის „რომანსებს მღეროდნენ“. შამპანურს მხოლოდ სხვების წვეულებებზე ვსვამდი და საერთოდაც...
მუნიციპალური კაზინო ძალიან განსხვავდებოდა ფეშენებელური კაზინოებისგან. ძველისძველ, დაფხავებულ შენობაში მდებარეობდა და არავითარი ბრწყინვალება... სამაგიეროდ, გამაყრუებელი ხმაური სათამაშო დარბაზში... „რულეტკა“ ყველაზე ძალიან მომწონდა, მაგრამ, აქაც მარცხი მელოდა. ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე. როცა არ გიმართლებს – არ გიმართლებს. სასტუმროში დაბრუნება გადავწყვიტე. საზიზღარ გუნებაზე ვიყავი და, გასაგებია, რატომაც. საშინლად არ მომწონს, როცა დამცინიან. ისე, ძალიან არ მომწონს, რომ ცხოვრების ინტერესს ვკარგავ. ფრენკი ნომერში არ იყო და გუნება უარესად მომეშხამა. დილით პლაჟზე ჰოლანდიელი „ნაშა“ გავიცანით. დარწმუნებული ვიყავი, რომ უპირატესობას მე მომანიჭებდა. ფრენკი „ისე რა“ ტიპია, გახდილი ხომ, საერთოდ არ ახდენს შთაბეჭდილებას. მე გაცილებით ეფექტური სხეული მაქვს. მაგრამ, როცა არ გიმართლებს – არ გიმართლებს. კაზინოშიც ხომ ასეა?! ჰოდა, ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა „ნაშა“ ცხვირწინ „ამახია“. უნდა ვაღიარო, რომ ბოლოს აღარც მქონდა მისი „შებმის“ სურვილი. ყველაფერზე სულელივით იცინოდა და მეც ნერვები მომეშალა... რატომღა უნდა მეყურებინა, როგორ ხითხითებდნენ და ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს ის და ფრენკი?!.
სასტუმროში ფრენკი ღამის 2 საათზე დაბრუნდა. სანამ ტანსაცმელს იხდიდა, მალულად ვადევნებდი თვალს. რაღაც მელოდიას ღიღინებდა. საწოლზე წამოვჯექი. დაინახა, რომ არ მეძინა. გამიღიმა და მკითხა:
– სად დაიკარგე, მაიკ? ყველგან გეძებდით. „თოჯინას“ მეგობარიც ჰყავს, მოგეწონება. ქერაა და ისეთი მარტოსული... ძალიან გაგვიმართლა... ნიცაში შემოვლით არიან. კარგად გავერთობით...
... ეს ისტორია ერთი თვის წინ იპოდრომზე დაიწყო, შტატებში. მეოთხე გარბენზე ბოლო ცენტიანიც დავდე და, როგორც საერთოდ ხდებოდა ხოლმე, წავაგე. მოუსვენრად ვწრიალებდი, რომ ვინმე ნაცნობი მენახა და ათდოლარიანი გამომერთმია. მერე ფრენკი დავინახე... მაშინვე ვიფიქრე, რომ სადღაც უკვე მყავდა ნანახი... მომესალმა.
– მაიკ! როგორ ხარ? არ გახსოვარ? ფრენკ ადამსი ვარ.
გამახსენდა... ეს ფეხზე მოსიარულე ჩონჩხი... თერთმეტი წლის წინ, როცა 16 წლის ვიყავი, მე და ეს ტიპი ერთი ქუჩის ბანდაში გახლდით. სხვათა შორის, მაგრები ვიყავით, ყველას შიშის ზარს ვცემდით.
– ძალიან გამიმართლა, დიდი ფული „მოვხსენი“ და ევროპაში მოგზაურობას ვაპირებ. მარტო არ მიყვარს მოგზაურობა. აი, შენთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი. რას იტყვი? თუ გადაუდებელი საქმეები არ გაქვს, მთელ ხარჯებს საკუთარ თავზე ვიღებ. ფრანგულიც ვიცი... ერთი სიტყვით, არ წააგებ.
იმ პერიოდში მართლაც უსაქმოდ ვიყავი. უფულოდაც. ამიტომ, ზუსტად ექვსი დღის შემდეგ, პარიზის ორლის აეროპორტში დავეშვით. ფრენკმა პირობა შეასრულა. ჯიბის ფულსაც კი, თვითონ მაძლევდა. თანაც, საკმაოდ გულუხვად. პარიზში რამდენიმე დღე დავრჩით. ღამის კლუბებში დავდიოდით, ღირსშესანიშნაობებიც დავათვალიერეთ. სულ წვიმდა. მზე მომენატრაო, აიხირა ფრენკმა და ნიცაში გადმოვინაცვლეთ. ხშირად მიფიქრია, რატომ ვარ ასეთი უიღბლო-მეთქი. აი, ფრენკს ხომ უმართლებდა? თუნდაც ქალებში. რაღაც მაინც ჰქონოდა მიმზიდველი... მართალია, ფულს მაძლევდა, მაგრამ, ჩემი თავმოყვარეობა ამით კიდევ უფრო ზარალდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფრენკს არასდროს ერთი სიტყვითაც არ უგრძნობინებია, რომ კისერზე ვაჯექი... ანუ, მიზეზი ნამდვილად მქონდა, მისთვის სამაგიეროს გადახდაზე მეფიქრა. მოკლედ, ფული უნდა მეშოვა. კაზინოში იყო ამის შესაძლებლობა, მაგრამ, რადგან თამაშში არასოდეს მიმართლებდა, სხვა საშუალების გამოძებნა იყო საჭირო. კიდევ ერთხელ აღვიდგინე მეხსიერებაში კაზინოს ის კუთხე, სადაც მოთამაშეები „ფიშკებს“ ფულზე ცვლიდნენ. რომ მომენდომებინა, კარგად რომ მომენდომებინა... სულ ადვილად გადავუგრეხდი ხელს მოლარეს და ფულს ავიღებდი ისე, რომ ვერც დამინახავდა. მის წინ ყოველთვის ეწყო მსხვილი ბანკნოტები და წვრილი კუპიურები. სალაროს უკან იყო ის შავი, სქელი ფარდა, რომელზეც უკვე ვილაპარაკე. მართალია, ბარიც არ იყო შორს, მაგრამ, მსუქანი, ზარმაცი ბარმენი, რომელიც ან სულ ჭიქებს რეცხავდა, ან ნახევრად ეძინა, სალაროს არასდროს უყურებდა.
ანგელოზი არასოდეს ვყოფილვარ. არც მქონდა ამაზე პრეტენზია... მოკლედ, ეს საქმე უნდა გამეკეთებინა – კაზინო უნდა გამექურდა. ერთბაშად წარმოვიდგინე, როგორი სიამაყით გავშლიდი ბანკნოტებს ჩვენს ნომერში, საწოლზე და ვუჩვენებდი ფრენკს და ამით დავუმტკიცებდი, რომ მეც რაღაცას წარმოვადგენ.
ფრენკი ყოველთვის ფრთხილი იყო. მეუბნებოდა ხოლმე, კაზინომ ძალიან არ გაგიტაცოს, თორემ, უნიფხვოდ დარჩებიო. იცი, მონტე-კარლოში მცხოვრებნი რატომ არ დადიან კაზინოში? – სიცილით მითხრა მან, – აკრძალული აქვთ. გარდა ამისა, ჭკუაც ჰყოფნით, რომ ფულზე არ ითამაშონ. ფული, შემიძლია, მე მოგცე.
ასეთი ლაპარაკი კიდევ უფრო მიჩენდა „საგმირო საქმის“ ჩადენის სურვილს.
... პატარა ბარში ორი ჭიქა ვისკი გადავკარი. მერე საოჯახო წვრილმანების მაღაზიაში შევედი და საპნის მოზრდილი ნაჭერი ვიყიდე. როცა წინდაში ჩავდე, მშვენიერი იარაღი გამომივიდა – ხელკეტივით რაღაც. ძარცვისთვის უკვე მზად ვიყავი. სანაპიროზე დავჯექი და დაღამებას დაველოდე. ვიფიქრე, ეს საუკეთესო დრო იყო ძარცვისთვის. შიშს ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ მოლოდინის უსიამოვნო განცდა... იმასაც ვფიქრობდი, რომ შუაღამისთვის სალაროში ფული საკმარისზე მეტი იქნებოდა. კაზინოში უხმაუროდ შევედი. არც იქ იყო ხმაური. ერთ მომენტში ისიც ვიფიქრე, კაზინო დღეს საერთოდ მუშაობს თუ არა-მეთქი... მაგრამ, მერე ბარმენი დავინახე. ჩვეულებისამებრ, თვლემდა. ფარდიდან მარცხენა ხელი გავყავი და ჩემი „წინდა“ მოვუქნიე. ხმაც არ ამოუღია, ისე გაითიშა. ფრთხილად გადავაწვინე სკამიდან იატაკზე. მაგრამ სულ ტყუილად ვიწვალე... როცა არ გიმართლებს – არ გიმართლებს: სალარო თითქმის ცარიელი აღმოჩნდა. რამდენიმე საცოდავი ფრანკი სულ რაღაც ორასი დოლარი თუ გამოვიდოდა. კინაღამ ავბღავლდი. სწორედ ამ დროს ბარმენი შემობრუნდა და პანიკაში ჩავარდნილი გამოვარდა დერეფანში. სასტუმრომდე სირბილით მივედი. მეჩვენებოდა, რომ მომდევდნენ. სასტუმროს წინ პარკი იყო და იქ შევუხვიე. სკამზე ჩამოვჯექი. ვფიქრობდი, როგორი უიღბლო ვარ-მეთქი. თან აზრების დალაგებას ვცდილობდი – რაღაც ხომ უნდა მეთქვა ფრენკისთვის... ღმერთს მარტო იმასღა ვთხოვდი, კაზინოდან „კუდი“ არ ამყოლოდა.
ფრენკ ადამსი საწოლზე იწვა. რომ დამინახა, ზეწარი გადაიხადა და სუნთქვა შემეკრა: იქაურობა სავსე იყო მსხვილი და წვრილი კუპიურებით... ენაც ვერ მომიბრუნდა, რომ ფრენკისთვის რამე მეთქვა. ავბედითმა წინათგრძნობამ შემიპყრო.
– ნახე, როგორ გამიმართლა? კაზინოში მხოლოდ ერთხელ შევიარე, დღეს, 11 საათზე და ასე გამიმართლა. ვიგრძენი, რომ ეს ჩემი დღე იყო. რა მოგივიდა, რა სახე გაქვს? მაიკ... კარგად ხარ? ეს ფული შენ ხომ არ წააგე?! გეუბნებოდი, კაზინოს არ გაეკარო-მეთქი?! რატომ არ დამიჯერე? იცი, როგორ მიყურებ? თითქოს მოჩვენება ვიყო... აბა, რა გეგონა? ყველაფრისთვის უნდა გადაიხადო... სამწუხაროდ, მაგ ორასი დოლარით მოგიწევს აქაურობის დატოვება, თანაც – სასწრაფოდ... ბარმენმა ხომ შენ დაგინახა?!. ისე, ყოველთვის ასეთი უიღბლო იყავი. გოგონებშიც კი არ გიმართლებდა...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3