კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

რომელია მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა და რამდენ მილიონ დოლარად გაიყიდა აუქციონზე ქართული მარკა „ტფილისის უნიკა“

ადამიანს, რომელიც საფოსტო მარკების შეგროვებით არის დაკავებული, ფილატელისტს უწოდებენ. ეს ტერმინი მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში შემოიღო ფრანგმა კოლექციონერმა ჟორჟ ერპენმა. თანამედროვე საუკუნეშიც არაერთი პიროვნებაა გატაცებული ფილატელიით. ჩვენი რუბრიკის რესპონდენტიც საფოსტო მარკების კოლექციონერი, პროფესიით ფილოლოგი ცარო ჯანაშვილი გახლავთ. დღევანდელ ინტერვიუში იგი გვიამბობს, თუ რამდენი ათეული წლისაა მისი კოლექცია, რომელი პირველი ქართული მარკაა ცნობილი მსოფლიოში და რამდენ მილიონად გაიყიდა მისი ასლი 2000 წელს ერთ-ერთ აუქციონზე.
ცარო ჯანაშვილი: ამ კოლექციას ბავშვობიდან ვაგროვებდი. მახსოვს, როგორ ვიყავით გატაცებულები მე და ჩემი თანატოლები მარკების შეგროვებით. ჩემი და მაშინ სტუდენტი იყო და, თუ სადმე წავიდოდა, ყოველთვის ჩამოჰქონდა ხოლმე ჩემი კოლექციისთვის საფოსტო მარკები. გავიდა ხანი და, ჩემმა მეგობარმა თავისი კოლექცია შეჰმატა ჩემსას. მახსოვს, ისეთი ბედნიერი ვიყავი...
– ქალბატონო ცარო, როგორც ვხედავ, ქვეყნების მიხედვით გაქვთ ისინი დალაგებული.
– მართალი ბრძანდებით, ჩემი საკოლექციო საფოსტო მარკები დალაგებული მაქვს ქვეყნებისა და თემატიკის მიხედვით. ეს გერმანული მარკებია თავისი ფლორითა და ფაუნით, კულტურით; ეს – პოლონური. აქ სპორტის თემაა, აი, ზღაპრის გმირები, მსახიობები... კოსმოსის თემაც დაიწყო...
– ბევრი ჩეხური მარკა ჩანს...
– მახსოვს, ჩეხოსლოვაკიაში მიმოწერაც მქონდა მაშინ და ამიტომაა, რომ ამდენი ჩეხური მარკაა ამ კოლექციაში. აი, ბელადების გამოსახულებიანი მარკები, ეს კი ფრანგულია.
– კომუნისტურ პერიოდში უცხოური მარკების შეგროვებას როგორ ახერხებდით?
– როგორც მოგახსენეთ, ჩემი და წარმატებული სტუდენტი იყო და ხშირად გზავნიდნენ ხოლმე სახვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც არასოდეს ჩამოდიოდა ხელცარიელი. როგორც წესი, ჩემთვის მარკები ჩამოჰქონდა და, კიდევ – ყავა. მახსოვს, ერთხელ მომწერა: ცარო, იცი როგორი ყავა ვიყიდე? ისეთი, რომელიც ნალექს არ იკეთებსო.
– ეს რომელი წელი იყო?
– ეს იყო, ალბათ, 1966 წელი, მე მაშინ მერვეკლასელი ვიყავი.
– საიდან ჩამოიტანა მან უნალექო ყავა?
– მოსკოვიდან (იცინის).
აი, მონღოლეთის თემაც დაიწყო. ეს უკვე ბერძნული მარკებია. სკოლა რომ დავამთავრე, ცოტა ხნით, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, რაიონის ფოსტაში დავიწყე მუშაობა. მახსოვს, ერთხელ, ბერძენი მამაკაცი მოვიდა და მისამართის დაწერა მთხოვა წერილზე. მეც გადავხატე, რადგან ბერძნული წერა-კითხვა არ ვიცოდი. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მიწერილი მისამართით წერილი ადრესატამდე ჩავიდა, სხვა შემთხვევაში კი, თურმე, არ უმართლებდა. ამის შემდეგ მის ყველა წერილს მე ვაწერდი მისამართს, ის კი ბერძნული საფოსტო მარკებით ამდიდრებდა ჩემს კოლექციას.
ეს ვიეტნამური მარკებია, რომლებიც ხშირად იყიდებოდა ხოლმე მაშინდელ „სოიუზპეჩატის“ ჯიხურებში, ეს კი ბულგარულია... უნგრული, კუბური...
– როდის შეიქმნა პირველი მარკა და რომელ ქვეყანაში?
– მსოფლიოში პირველი საფოსტო მარკა, „შავი პენი”, გამოუშვეს 1840 წლის 1 მაისს. რამდენიმე დღეში გამოვიდა მეორეც – „ლურჯი პენი”. ცირკულაციაში შევიდა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. „შავ პენს” – შავ-თეთრი, „ლურჯ პენს” კი ლურჯი ნახატი ამშვენებდა. ორივეზე გამოსახული იყო დედოფალი ვიქტორია.
ბრიტანეთის შემდეგ საფოსტო მარკების გამოყენება დაიწყეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც, შემდეგ კი მათ ბრაზილიამ მიჰბაძა...
– რაც შეეხება საქართველოს, როდის გამოიცა პირველი ქართული საფოსტო მარკა?
– საქართველოსთან დაკავშირებული საფოსტო მარკების ისტორია იწყება რუსეთის იმპერიის მიერ 1857 წელს გამოცემული თბილისის საქალაქო ფოსტის 6-კაპიკიანი მარკით „ტფილისის უნიკა”. პირველ მსოფლიო ომამდე მოძიებული იყო „ტფილისის უნიკის” სამი ეგზემპლარი. 1910-1920 წლებში სამივე მარკა შეუძენია ფილატელისტ აგაფონ ფაბერჟეს – ცნობილი იუველირისა და კოლექციონერის, პეტერ კარლ ფაბერჟეს ვაჟს. მას შემდეგ ამ მარკამ რამდენიმე კოლექციონერი გამოიცვალა. „ტფილისის უნიკა” უკანასკნელად 2000 წელს გაიყიდა აუქციონზე. საწყის ფასად დასახელდა ნახევარი მილიონი დოლარი. მარკის ახალი პატრონის ვინაობა ანონიმური დარჩა.
რაც შეეხება პირველ ეროვნულ ქართულ საფოსტო მარკას, ის გამოიცა 1919 წლის 26 მაისს. ამ უკანასკნელის ასლი ჩემს კოლექციაში დაცულია.
– ქალბატონო ცარო, რამდენი წლისაა ამჟამად თქვენი კოლექცია?
– ჩემი საფოსტო მარკების კოლექცია უკვე 45 წლისაა.
– ამჟამადაც დაკავებული ხართ ამ კოლექციის გამრავალფეროვნებით?
– ამჟამად, სიმართლე გითხრათ, მისი დაცვით ვარ დაკავებული. უკვე დიდი ხანია, ახალი არაფერი შეჰმატებია ამ კოლექციას. გამოვიტან ხოლმე, გავშლი, დავათვალიერებ, დავალაგებ საგულდაგულოდ და ისევ ვინახავ.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ეს კოლექცია ძალიან მიყვარს. როდესაც ვათვალიერებ, სულ თვალწინ მიდგას, როდის შევიძინე ან მაჩუქეს თითოეული მარკა; მეხსიერებაში აღვიდგენ იმ ადამიანებს, რომლებიც მისი გამრავალფეროვნებით იყვნენ დაკავებულნი ჩემთან ერთად; იმ წლებს, იმ სიხარულს, რომელიც თითოეული მარკის შეძენის შემდეგ მეუფლებოდა... – ამ ემოციებს არაფერი შეედრება...

скачать dle 11.3