კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაუშალა სტალინმა მიხეილ კალინინს ინტიმური ზრახვები


ორი დიდი მოღვაწე შეიძლება ბევრი რამით ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ იმავდროულად ხასიათით კარდინალურადაც განსხვავდებოდეს. მაგალითად, ნაპოლეონ ბონაპარტეს გარს ეხვია ბრწყინვალე პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მთელი პლეადა და ის ცდილობდა საფრანგეთი დიდებისა და კეთილდღეობის გზაზე მათი თანადგომითა და დახმარებით გამოეყვანა. იოსებ სტალინის გარემოცვა უნიჭო, უინიციატივო, გაუნათლებელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისაგან შედგებოდა, ამიტომ იყო, რომ სტალინმა რუსეთი უძლიერეს ზესახელმწიფოდ აქცია, მხოლოდ ყველასაგან დამოუკიდებლად, პოლიტიკური ელიტის, ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენების გარეშე სტალინი მართავდა მარტო. მის გარშემო მოფუსფუსე პოლიტიკოსები კი, მხოლოდ იმის შთაბეჭდილებას ჰქმნიდნენ, რომ თითქოს ზესახელმწიფოს მართვა-გამგეობაში მონაწილეობდნენ. ცხადია, ეს ფუსფუსი სტალინის სცენარით იყო გათვალისწინებული, ამიტომ იყო, რომ მოფუსფუსენი დიდი გულმოდგინებით ასრულებდნენ რეჟისორის მიერ განსაზღვრულ როლებს. სტალინი კმაყოფილი იყო, თუმცა ზოგჯერ ეს უნიჭო ადამიანები მის გაღიზიანებასაც იწვევდნენ. ბევრ სხვა უარყოფით თვისებასთან ერთად, სტალინს ერთი უარყოფითი თვისებაც ახასიათებდა. იგი უდიდესი ცინიკოსი იყო. ადამიანებისადმი ცინიკური დამოკიდებულება მას წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო უძლიერდებოდა, რადგან მის გარშემო მხოლოდ უუნარო და უსუსურ ადამიანებს ხედავდა. სტალინის გარემოცვაში სულ რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე გამოირჩეოდა, რომელსაც ბელადი აფასებდა და შესაბამისად პატივსაც მიაგებდა. ასეთი იყო მაგალითად, ლავრენტი ბერია. საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა კავშირში პრეზიდენტის თანამდებობა არ არსებობდა, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს სათავეში ედგა ჩვეულებრივი გაუნათლებელი მუშა-რევოლუციონერი მიხეილ კალინინი. ერთხელ დაისვა საკითხი კალინინის თანამდებობისათვის სახელი შეეცვალათ და ეწოდებინათ, არა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ საკავშირო მამასახლისი („ვსესოიუზნაია სტაროსტა“). საკითხის განხილვისას სტალინმა აღნიშნა: ეს სახელწოდება კარგია, რომ არა ერთი საშიშროება. რუს გლეხს სოფლის მამასახლისი წარმოუდგენია მათრახით ხელში, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რუსი გლეხი, „ვსესოიუზნაია სტაროსტას“ როგორ წარმოიდგენს – ცხადია, უზარმაზარი მათრახით ხელშიო. ამ სახელწოდებით შეშინდება რუსი გლეხი, – დაასკვნა სტალინმა.

სტალინს მიხეილ კალინინი ძალზე აგდებული ჰყავდა. ერთხელ დიდი თეატრის ერთ-ერთი ბალერინა სტალინის დავალებით სპეცსამსახურებმა კალინინს მიუჩინა. ბალერინამ კალინინს სთხოვა: დიდი თეატრის გარდერობიდან რამდენიმე საათით ძვირფას ქურქს წავიღებ, ჩავიცვამ, მეგობრებთან თავი რომ მოვიწონოო. კალინინი პატიოსანი ადამიანი იყო, მაგრამ ლამაზი ქალის ხვეწნა-მუდარას ვერ გაუძლო და თეატრის დირექტორთან წერილი გაატანა ლამაზი ქალბატონის შესაბამისი თხოვნით. ქურქი, რა თქმა უნდა, რამდენიმე საათში თეატრის გარდერობში დააბრუნეს. ამის შემდეგ, სტალინმა მიხეილ კალინინი თავისთან გამოიძახა და უთხრა: მიხეილ ივანოვიჩ, თქვენი ბებრუხანა აღარ გყოფნით, რომ ახალგაზრდა ბალერინასთან გააბით ინტიმური კავშირიო?! კალინინმა გადაჭრით უარყო ყველაფერი, მაგრამ სტალინმა მაგიდაზე, მის მიერვე დაწერილი ბარათი რომ დაუდო, საწყალ მოხუცს ენა ჩაუვარდა.

მიხეილ კალინინს, როგორც იმ დროის ბევრ გამოჩენილ ადამიანს თეთრი ტილოს შარვლისა და კიტელის ჩაცმა უყვარდა. სტალინს ასეთი ჩაცმულობა არ მოსწონდა და ამის შესახებ რამდენჯერმე უთხრა კიდეც კალინინს. ერთხელ, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი კალინინი სტალინთან წვეულებაზე მივიდა. სტალინმა პომიდორი აიღო, ხელში დაჭყლიტა, კალინინს ესროლა და თან დააყოლა: აღარ დაანებებ ნიფხავ-პერანგით სიარულს თავსო.

სტალინის დაცინვის ობიექტი ხშირად ხდებოდა ნიკიტა ხრუშჩოვიც. ერთხელ, სტალინთან თათბირზე დაბარებული იყვნენ: ხრუშჩოვი და სხვა თანამდებობის პირები. ისინი სტალინის მისაღებში ისხდნენ და ელოდნენ გამოძახებას. ყველას თვალები ბელადის კაბინეტის კარისკენ ჰქონდა მიპყრობილი. მოულოდნელად, სტალინი, რომელიც თურმე კაბინეტში არ იმყოფებოდა, კორიდორის მხრიდან შევიდა მისაღებში. ყველანი დაიბნენ, მაგრამ ფეხზე წამოდგომა და მისალმება მაინც მოასწრეს. ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელსაც იმხანად საკმაოდ მოზრდილი ღიპი ჰქონდა, ადგომა შეაგვიანდა. სტალინმა რომ ჩაიარა, იგი ჯერ კიდევ იჯდა. სტალინის გამჭოლმა მზერამ ხრუშჩოვი დაზაფრა, მიუხედავად იმისა, რომ ბელადს სიტყვაც არ დაუძრავს, თათბირი კარგა ხანს გაგრძელდა. ხრუშჩოვმა მოსვენება დაკარგა, სულ რაღაც ცუდის მოლოდინში იყო. სტალინი დროდადრო ისეთ მზერას აპყრობდა მას, რომ ეს უკანასკნელი წონასწორობას კარგავდა. როგორც იქნა, თათბირი დამთავრდა. მონაწილეები რიგ-რიგობით გადიოდნენ. ნიკიტა ხრუშჩოვიც მიუახლოვდა კარს, სულ ერთი ნაბიჯიც და თავისუფლად ამოისუნთქავდა. სწორედ ამ დროს, ზურგიდან მოესმა ბელადის ხმა: ნიკიტა სერგეევიჩ, ცოტა ხანს მოიცადეთო! ხრუშჩოვს ელდა ეცა. სკამამდე ძლივს მიბარბაცდა, მაგრამ დაჯდომას ვერ ბედავდა, მუხლებაკანკალებულს არც სტალინი სთავაზობდა დაჯდომას. ბელადი დინჯად მიმოდიოდა კაბინეტში, ბოლოს შეჩერდა, ხრუშჩოვს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: თქვენზე მითხრეს კულაკის შვილიაო. 30-იან წლებში კულაკის შვილობა და სამშობლოს მოღალატეობა ერთი და იგივე იყო. ხრუშჩოვს ენა ჩაუვარდა. თუმცა, ძალა მოიკრიბა და სტალინს უთხრა, რომ ის ღარიბი გლეხის ოჯახიდან იყო.

სტალინის კაბინეტიდან გასული ნიკიტა ხრუშჩოვი იმ დღესვე სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვიდან კურსკის ოლქში, თავის მშობლიურ სოფელში გადაფრინდა. სასოფლო საბჭოში სასწრაფოდ აიღო ცნობა, რომ მისი ოჯახი კულაკთა სიაში არასდროს ყოფილა და მუდამ ღარიბ გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. გახარებულმა ხრუშჩოვმა პირველი შემთხვევისთანავე, ცნობა სტალინს წარუდგინა. სტალინმა ცნობას გულგრილად დახედა და ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა: „ხოროშო”. ეს ნიკიტა ხრუშჩოვისათვის რეაბილიტაციას ნიშნავდა.

ერთხელ, ნიკიტა ხრუშჩოვი ბელადთან იმყოფებოდა კაბინეტში. სტალინმა ყალიონის გაბოლება მოინდომა, მაგრამ ყალიონი მაგიდაზე ვერ აღმოაჩინა და ხრუშჩოვს მიმართა: ნიკიტა სერგეევიჩ, მგონი, ჩემი ყალიონი მაგიდის ქვეშ აგდია, იქნებ დამეხმაროთ და მომაწოდოო. ხრუშჩოვმა მისი თხოვნა უმალვე შეასრულა. მომდევნო შეხვედრებზე, სტალინი სისტემატურად სთხოვდა ხრუშჩოვს მაგიდის ქვეშ შევარდნილი ყალიონის მოძებნას, თუმცა კარგად იცოდა, რომ ყალიონი იქ არ ეგდო. ოფლში გაწუწული, მსუქანი ხრუშჩოვი გულმოდგინედ ეძებდა დაკარგულ ნივთს, რაც სტალინს კარგ ხასიათზე აყენებდა. ბოლოს, ნიკიტა ხრუშჩოვი, როგორც იქნა, სტალინს ეშმაკობას მიუხვდა და ბელადის კაბინეტში შესვლამდე, ჯიბეში მალავდა ხოლმე მსგავს ყალიონს. როცა სტალინი მაგიდის ქვეშ ყალიონის მოძებნას დაავალებდა დიდ პოლიტიკოსს, ეშმაკი ნიკიტა გულმოდგინე ძებნის შემდეგ, ჯიბიდან ჩუმად ამოიღებდა ყალიონს, მაგიდის ქვეშიდან გამოძვრებოდა და ვითომც არაფერი, ისე მიაწვდიდა ხოლმე ბელადს. სტალინი ცხადია, მაშინვე მიუხვდა ნიკიტას ეშმაკობას, მაგრამ არ იმჩნევდა, სანამ ნიკიტას მიერ ნაპოვნი ყალიონებით არ აივსო სტალინის სამუშაო მაგიდის უჯრა.

ბელადი მუდამ დასცინოდა ცნობილ ქართველ ბოლშევიკ მიხა ცხაკაიას. ერთხელ, მიხა ცხაკაია მოხსენებით გამოდიოდა. დასასრულს, მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: დღეს კომუნიზმის დროშა ფრიალებს დედამიწის ერთ მეექვსედზე, მალე იგი აფრიალდება ერთ მეათედზე, შემდეგ ერთ მეასედზე.... სტალინმა ცხაკაიას რეპლიკა ესროლა: მიხა, გაჩერდი, თუ არა, შენ საქმეს ისე წაიყვან, დედამიწაზე კომუნიზმის დროშის ჩასარჭობ ადგილს არ დატოვებო.

სტალინს ძალიან მოეწონა სერგეი მიხალკოვის მიერ დაწერილი საბჭოთა კავშირის ჰიმნის ტექსტი. აღფრთოვანებულმა ბელადმა მიხალკოვს უთხრა: რაც გინდა მთხოვეო. მიხალკოვმა იმ დროს მიღებული ეტიკეტის თანახმად უპასუხა, რომ მას საბჭოთა ხელისუფლებამ ყველაფერი მისცა და არაფერი სურს. კომუნალურ ბინაში დაბრუნებულ სერგეი მიხალკოვს ცოლმა უსაყვედურა: ბინა რომ არ გვაქვს, სტალინს რატომ არ სთხოვეო. მიხალკოვმა ისარგებლა იმით, რომ სტალინთან დარეკვის უფლება ჰქონდა და ბელადს ბინის მიღებაში დახმარება სთხოვა. სტალინის პასუხი გამაოგნებელი იყო: „მე მიყვარს გაბედული ადამიანები, მაგრამ ვერ ვიტან თავხედებს!”

სტალინს არა მარტო ცალკეული პიროვნებების, არამედ საერთოდ ადამიანების გაბიაბურებაც უყვარდა. 20-იანი წლების მიწურული იდგა, პირველად შექმნილი კოლექტიური მეურნეობები ვერ ამართლებდნენ. პურის კრიზისი მძვინვარებდა. უამრავი ადამიანი შიმშილით იხოცებოდა. ასეთ ვითარებაში, მოსკოვში ტარდებოდა, კოლმეურნეთა საკავშირო შეკრება. სოფლებიდან ჩამოსული გლეხების თვალით, პრეზიდიუმში მჯდარ სტალინს მრავალი მილიონი გლეხი უყურებდა. სტალინს უსვამდნენ ერთადერთ კითხვას: რა ვთქვათ? როგორ ავიცილოთ შიმშილი თავიდან? სტალინის პასუხი მოკლე და ცინიკური იყო: „ამხანაგებო! იქნება მოსავალი, იქნება პური, არ იქნება მოსავალი, არ იქნება პური. უნდა ვიმუშაოთ ამხანაგებო!” მთელი დარბაზი მოინუსხა, რუსმა მუჟიკმა ურთულეს კითხვაზე, უმარტივესი პასუხი მიიღო. კომედია ამით არ დამთავრებულა, შეკრების მონაწილენი დაბრუნდნენ თავთავიანთ სოფლებში და ახლა უკვე თანასოფლელებისთვის გამართულ კრებებზე, გამოსვლებს ისინიც ასე ამთავრებდნენ: ამხანაგმა სტალინმა თქვა: „იქნება მოსავალი, ინება პური, არ იქნება მოსავალი, არ იქნება პური. უნდა ვიმუშაოთ ამხანაგებო!” სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მოსკოვში გამართულ საკავშირო შეკრებაზე, ისე სოფლის კრებებზეც ამ სიტყვების წარმოთქმას მქუხარე ოვაციები მოჰყვებოდა ხოლმე.

ვახტანგ გურულის

მასალების მიხედვით


скачать dle 11.3