კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქვეყნის 5 მილიონი ემიგრანტისთვის დაწერა გოჩა იაშაღაშვილმა ჰიმნი და რა პრინციპით არ მღერის ის გერმანიაში კლუბებსა და რესტორნებში

მომღერალი გოჩა იაშაღაშვილი საქართველოდან უკვე 15 წლია, გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მართალია, მისი სიმღერები ქართველი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა თავად მომღერლის შესახებ არცთუ ბევრი რამ იცის. გოჩა იაშაღაშვილი, იგივე „ბავარიელი,” არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, მღერის სიმღერებს, რომელთა ტექსტიცა და მუსიკაც თავადვე ეკუთვნის. როგორც თვითონ აღნიშნავს, მას არ აქვს საზღვრები, რომლებიც მუსიკალურ მიმართულებაში თავისუფალ მოძრაობას შეუზღუდავს.

– უკვე დიდი ხანია, გერმანიაში ცხოვრობთ. ქართველი ხალხისთვის თქვენი სიმღერები კარგად არის ნაცნობი, თუმცა თავად თქვენ შესახებ ბევრი რამ არ იციან. რატომ – გერმანია?
– გერმანიაში 1996 წლიდან ვცხოვრობ, უკვე 15 წელია, აქ ვარ. პირველად ოჯახთან ერთად ჩამოვედი, მერე ისე მოხდა, რომ ბავშვები საქართველოში დავაბრუნე, რადგან აქაური სასკოლო მენტალური აღზრდა არ მომეწონა. მარტო დავრჩი და თანამშრომლობა დავიწყე სხვადასხვა შემოქმედებით მუსიკალურ გაერთიანებასთან, მაგრამ ხან ერთი გაკოტრდა, ხან – მეორე...
– ამჟამად რით ხართ დაკავებული, რას საქმიანობთ?
– ამჯერად ალბომის შექმნით ვარ დაკავებული, რომელიც გერმანულ ენაზე იქნება ჩაწერილი. ერთ ინფორმაციასაც გაგანდობთ, რომელიც ჯერ არავისთვის მითქვამს და პირველად თქვენ გეუბნებით: ბოლო პერიოდში ორი მუსიკა დავწერე, აქედან ერთ-ერთი ჰიმნი გახდება, რომელიც რუსეთიდან ჩამოსული 5 მილიონი გერმანელისთვის დაიწერა. მეორე მუსიკას რაც შეეხება, „ავე მარიას“ ჩემი ვარიანტი გავაკეთე, რომელსაც „ავე მარიას“ კი არ ვარქმევ, არამედ უბრალოდ, მას ვუძღვნი.
– სიმღერებს, რომლებსაც ქართულ ენაზე მღერით, თავად ქმნით – თქვენ ხართ მათი ტექსტებისა და მუსიკის ავტორი. რაც შეეხება გერმანულს?
– რამდენიმე სიმღერის ტექსტი მე მეკუთვნის, დანარჩენ სიმღერებზე კი ერთ-ერთმა ბერლინელმა პოეტმა, პაოლ საიმონდმა დაწერა ტექსტები. უფრო რომანტიკული ტექსტებია, რადგან მუსიკაც ასეთია. გერმანელები ხშირად მეუბნებოდნენ, შენი სიმღერები მოგვწონს, კარგი კონცერტები გაქვს, მაგრამ, ენა არ გვესმის და ვერ ვიგებთ რაზე მღერიო. ამიტომ, ერთ-ერთ კონცერტზე გერმანელ ხალხს შევპირდი, რომ თუ კარგ პოეტს მოვიძიებდი, აუცილებლად ავმღერდებოდი მათ ენაზე. მართალია, ამდენი წელი გერმანიაში ვცხოვრობ, ვლაპარაკობ მათ ენაზე, თუმცა, იმას ნამდვილად ვერ დავიჩემებ, რომ გერმანულ ენაზე პოეტობას შევძლებ. რამდენიმე ტექსტი კი დავწერე, მაგრამ, ძალიან მარტივი. ამიტომ, ჯობდა, ამაზე სხვას ეზრუნა.
– ალბათ, დამეთანხმებით, რომ გერმანული ენა ცოტა უხეშად ჟღერადია სიმღერის დროს.
– მართალია, სხვა ქვეყნებიდანაც მქონდა მოწვევა, მაგრამ, გერმანიაზე იმიტომ გავაკეთე არჩევანი, მინდოდა, იმ ჰაერით მესუნთქა რომელიც ბახმა, ბეთჰოვენმა, მოცარტმა და სხვა არაერთმა გენიოსმა ისუნთქა. სასწაული ქვეყანაა, ყველა გენიოსი აქედან წამოვიდა. ეს რომ გერმანელებთან ვთქვი, მაგრად გაუსწორდათ – ასეთი უცხოელებისთვის კეთილი იყოს ჩვენს ქვეყანაში მობრძანებაო. ძალიან კარგად მიმიღეს. რომ მითხრეს, ჩვენი ენა ცუდად ჟღერს სიმღერის დროსო, ამაზე შევედავე – დაგიმტკიცებთ, რომ ცუდად არ ჟღერს, თქვენს ენას მოვეფერები-მეთქი. „მხოლოდ შენთვის” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც გერმანულ ენაზე ისე ვიმღერე, კულტურის განყოფილებიდან ხუთი კაცი მოვიდა და მითხრა, ასეთი სითბოთი და სიყვარულით შესრულებული გერმანული სიმღერა ჯერ არ მოგვისმენიაო. ჩვენ ქართველები ვართ და ყველაფერს ასე ვეფერებით-მეთქი. ასეთ რეაქციას მართლა არ მოველოდი, რაღაც სასწაული იყო.
– საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?
– ჩემი ოჯახი საქართველოში ცხოვრობს და ამიტომ წელიწადში ორჯერ მაინც ვახერხებ ჩამოსვლას.
– რამდენი შვილი გყავთ და ისინი თუ მღერიან?
– სამი გოგოს მამიკო ვარ. ტყუპები უნივერსიტეტის სტუდენტები არიან და ეკლესიაში გალობენ. მესამეც მღერის და, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავს თვითონ გააცნობს საქართველოს. 14 წლის არის და, მის ასაკში მე რომ მისნაირად მემღერა, ალბათ, გაცილებით მეტს მივაღწევდი.
– გერმანელებს არ უჭირთ თქვენი გვარის გამოთქმა?
– გვარის პრობლემა ხშირად მაქვს – ძალიან უჭირთ გამოთქმა. ყველას ვეუბნები, გოჩა დამიძახეთ, ნუ წვალობთ-მეთქი. რა რთული გვარი გაქვთო, მეუბნებიან. მე კი ვპასუხობ, რომ რთული კი არ არის, უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ მისი წაკითხვა-მეთქი.
– ფსევდონიმი არ გაქვთ?
– კი, „ბავარიელი.” ეს იმიტომ დავირქვი, რომ ადვილად ჟღერს, თან, ვარ ადამიანი, რომელიც ბავარიაში ცხოვრობს.
– კლუბებში ან მსგავს დაწესებულებაში თუ მღერით გერმანიაში?
– კლუბებსა და რესტორნებში სიმღერას ძალიან ვერიდები. არ მომწონს, პირგამოტენილი, ჩანგლიანი კაცი რომ გისმენს, ამ დროს მისი მთელი ინტერესი კუჭზეა გადასული და ეს არასწორად მიმაჩნია. მე მაინც დარბაზში მირჩევნია სიმღერა. კონცერტი ხშირად ჩამიტარებია, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც მოჰყოლია პრესაში. მოსწონთ, როგორ პროპაგანდას ვუწევ ქართულ კულტურას. ყოველთვის, როცა კონცერტს ვაკეთებ, აფიშაზე მუდმივად ფიგურირებს საქართველო, მაგალითად: „ქართული საღამო,” „ქართული გაზაფხული,” „ქართული ხმები,” „გეფერებათ ქართველი” და ასე შემდეგ.
– ვერ წარმომიდგენია, რომ ბავარიული ლუდის მოყვარული არ იყოთ.
– ლუდის მოყვარული ვარ, რატომაც არა. ასზე მეტი სახეობის ლუდი აქვთ ბავარიაში. რომ გითხრათ, ყოველდღე ვიჭყიპები-მეთქი, არა, მაგრამ, თუ მიზეზი მაქვს, ორი-სამი კათხა კარგი ლუდის მირთმევას არაფერი ჯობია.
– თქვენს ნამღერ ქარულ სიმღერებში ყოველთვის შეიმჩნევა იუმორი. რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, ასევე ჭარბი დოზით გაქვთ ეს გრძნობა?
– იუმორის გრძნობა ჩემს სულში ძალიან მაღალია. ყველა ელოდება, რომ რაღაც ახალი ისტორია, კურიოზი, ან ანეკდოტი მოვყვე. ყველას უხარია ჩემი დანახვა.
– თქვენი სიმღერებიდან „ო, ეს თვალები” განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს „არ დაიდარდოს” მსმენელებში. საინტერესოა, ეს სიმღერა კონკრეტულად ვინმეს მიუძღვენით?
– ეს სიმღერა 1988 წელს მაქვს დაწერილი. ამ სიმღერით შეიქმნა, ასე ვთქვათ, ჩემი კერა. მაშინ დისკები სად იყო, პატარა ბიჭი ვიყავი, სიმღერა კასეტაზე ჩავწერე და გავუგზავნე ჩემს მომავალ მეუღლეს, რის შემდეგაც მოხდა ყველაფერი. ეს სიმღერა პირადად ჩემს მომავალ მეუღლეს მივუძღვენი და მისთვის დავწერე. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი ცხოვრების მეგზური გახდა და გვერდით ასეთი ადამიანი მყავს.
– საქართველოში ჩამოსვლას როდის გეგმავთ?
– ახალ წლამდე ჩამოსვლის შანსი ჯერჯერობით არ მაქვს, რადგან, როგორც გითხარით, ალბომზე ვმუშაობ სტუდიაში, ვქმნი არანჟირებებს, რომელშიც ძალიან მეხმარება გია მაჭარაშვილი. გია ჩემი მეგობარია, ის მართლაც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. სხვათა შორის, ნიურნბერგის ერთ-ერთ მუსიკალურ გაერთიანებაში ვიყავი მისული, სადაც ჩემი გერმანულ ენაზე შესრულებული სიმღერა მოვასმენინე, რომლის არანჟირებაც გიას ეკუთვნის. სიმღერა ძალიან მოეწონათ, არანჟირებაზე კი მკითხეს, ამას ორკესტრი უკრავსო? რომ გაიგეს, ამას მხოლოდ ერთი კაცი უკრავდა კომპიუტერული ხმებით, გაგიჟდნენ. ალბათ, ქართველები იმდენად ვერ ვაფასებთ ჩვენს ნიჭსა და ხელოვნებას, როგორც ამას უცხოელები ხედავენ ჩვენში.
– რას ეტყვით თქვენს ქართველ მსმენელებს?
– პირველ ყოვლისა, ბედნიერი ვარ მაშინ, როცა ჩემი ხალხია ბედნიერი. ღმერთს ყოველთვის იმას ვთხოვ, შემაძლებინოს ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარო. ჩემი სიხარული ის არის, როცა სხვას მივანიჭებ სიხარულს. ჩემს საქართველოს სულ მონატრებული ვესაუბრები, რადგან ხშირად ვერ ვხედავ. მინდა, ყველას ის საქმე ეკეთებინოს, რაც უყვარს და კარგად გამოსდის და არა იძულებით მუშაობდეს ამა თუ იმ სამსახურში. ღმერთმა ყველას მისცეს იმის საშუალება, რომ საკუთარი პროფესიით ირჩინოს თავი.

скачать dle 11.3