კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაკარგა შეგრძნებები დავით ქაშიაშვილმა და როგორ გააკეთა მან ბორდელზე პირველი სერიოზული სიუჟეტი

დათო ქაშიაშვილს, „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს საზოგადოება კარგად იცნობს. უკვე რამდენიმე წელია ის ქვეყანაში მომხდარ ყველაზე სისხლიან და ტრაგიკულ ამბებს გვამცნობს ხოლმე (და არა მარტო), თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ დათო ლიტერატურის დიდი მოყვარულია, კარგად წერს, თავს ცდის პოეზიასა და პროზაშიც, კარგად ერკვევა ასტრონომიაში, უყვარს ფლორა და ფაუნა, უღრან ტყეში მგელიც კი დააფრთხო...

– დათო, შენ ყველა გიცნობს, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ლექსებსაც წერ და თანაც კარგ ლექსებს.
– ჰო (იცინის). საქართველოში პატარა სეგმენტია ის, ვისაც ლიტერატურა უყვარს, პროზა პოეზია.. 8 წლიდან ვწერ. ეს ხომ არარეალური ცხოვრებაა, როცა ვწერ, სხვა დათო ვარ… რა ვიცი, ლიტერატურულ კონკურსებში ვიღებ მონაწილეობას, გამოვდივარ საღამოებზე, შარშან გამიმართლა და ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გავხდი, „პენ-მარათონში” არ მიმიღია მონაწილეობა. ჟურნალისტებს ამის დრო არ გვაქვს. ჩემს უფროსს როგორ ვეტყვი, გამათავისუფლე, „პენ-მარათონში” უნდა მივიღო მონაწილეობა-მეთქი (იცინის). როცა რამე ნიუსს ვწერ, ძალიან გაკრული ხელით ფურცელზე პირდაპირი ჩართვისთვის, შეიძლება, ფურცლის უკანა მხარეს რამე სხვა დავწერო.
– შენ ყველაზე რთულ სფეროში მუშაობ, კრიმინალს აშუქებ. არ გიჭირს ემოციურად?
– ამაზე ჩემი აზრი მაქვს. მუშაობა რომ დავიწყე (პრესაში ვმუშაობდი, რამდენიმე გაზეთში), ჩემი პირველი სტაბილური სამსახური იყო ოპერატიულ ჯგუფში, რომელიც აშუქებდა მარტო კრიმინალურ ქრონიკას და შემთხვევის ადგილზე ძალიან სწრაფად მივდიოდით. მეგობარმა მეგობარი მეჩვიდმეტე სართულიდან გადმოაგდო, და ეს იყო პირველი სისხლიანი ამბავი ჩემთვის, გვამიც ვნახე. მთელი ღამე მესიზმრებოდა ეს დამტვრეული ახალგაზრდა, კინაღამ გავგიჟდი! ვფიქრობდი, მორჩა, აღარ ვიმუშავებ-მეთქი, მაგრამ ნელ-ნელა შევეჩვიე, ერთმა ტრაგედიამ მეორე შეცვალა და უკვე ყველანაირი შეგრძნება დავკარგე. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. ჩემთვის ეს ნიუსია და მეტი არაფერი.
ერთმა შემთხვევამ კი ჩემში საშინელი განცდა აღძრა – ძალიან მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ოჯახის წევრები რომ მოვიდნენ ადგილზე, მათ შორის პატარა გოგონაც იყო, რომელიც საშინლად ტიროდა… ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, წითელი მანქანა იყო საშინლად დამტვრეული და ბავშვს ვუთხარი: ნუ გეშინია, ეს მამიკოს სისხლი კი არა, მანქანის საღებავია-მეთქი. ერთხელ იმასაც შევესწარი, როგორ გამოჭრა ერთმა მეორეს ყელი ლოტკინზე, როცა ჭიშკარი შევაღეთ... მაშინ მივხვდი, როგორ ჰგავს ადამიანი ქათამს, როცა ყელს ჭრიან. არადა, ვერ ვიტანდი ქათმის დაკვლას…ჩემს თვალწინ ასეთი ფაქტი მოხდა! ერთხელ გვამი ვიპოვეთ – ტანი იყო მარტო, თავი არა... მოკლედ, შეგრძნებები დავკარგე რა… თუ ახალ ამბებს აკეთებ, მნიშვნელობა არ აქვს, კაცი ხარ თუ ქალი, ფიზიკურად სუსტი თუ ძლიერი, ეს შენი სამსახურია. მე მინდა, ჩემი გაკეთებული სიუჟეტი საუკეთესო იყოს. ზოგადად, ემოციური არ ვარ და არც მიყვარს, ვინმეს თავს რომ ვახვევ სახლიდან მოტანილ განცდებს, ვერ ნახავ ადამიანს, რომელსაც გარეთ ცხვირჩამოშვებული ვუნახივარ. ვცდილობ, კარგ გუნებაზე ვიყო.
– დიქტოფონის ჩართვამდე მითხარი, რომ ერთ-ერთი პირველი სიუჟეტი ბორდელში გააკეთე ფარული კამერით. აბა, მიამბე?!
– სიუჟეტს ვამზადებდით პროსტიტუციაზე თბილისში. ქართული კანონმდებლობით პროსტიტუცია არ ისჯება, ისჯება „პროსტიტუციისთვის ბუნაგის გამოყოფა”. ციტირებას ვახდენ კანონიდან (იცინის). ვაკეთებდით სიუჟეტს და მე და ჩემი ოპერატორი ბორდელში კლიენტების სახით შევედით, რა თქმა უნდა, ფარული კამერით. თავი-ქალმა (ანუ „მამაშამ“) რომ შემოგვხედა, თქვა: ამ ბიჭებისთვის შველივით გოგოები მყავსო. დეტალებს ნუ მომაყოლებ ახლა (იცინის).
– იყვნენ მერე შველივით?
– არ იყვნენ ცუდები, ყველა ქალი თავისებურად ლამაზია... სახეები „დავბლარეთ” ანუ გავაბუნდოვნეთ. მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, სრულიად შემთხვევით შევხვდი, უკვე ჟურნალისტის ამპლუაში (იცინის). თავიანთი თავიც ნახეს სიუჟეტში. კარგი ისტორია გამოვიდა.
– ტყუილის თქმა ხშირად გიწევს?
– აუ, კი და მაგრადაც დავამუღამე, ვიცი, როგორ „დავკერო“ რესპონდენტები – ახალგაზრდა გოგოებს სხვანაირად ვკერავ, შუახნის და ხანდაზმულ ქალებს სხვანაირად, მამაკაცებს და ბიჭებს სხვაგვარად. ისე ვიტყუები, წარბს არ ვიხრი. ვერც მიხვდები, რომ ვიტყუები, მუშაობის პროცესმა მიმაჩვია.
– ექსტრემი თუ გიტაცებს?
– ძალიან მიყვარს პარაპლანით კლდიდან გადმოხტომა. ერთხელ ჩამოვვარდი კიდეც პარაპლანიდან, ცოტა შერყევა და დაჟეჟილობა მქონდა, მაგრამ იმ წუთასვე ავდექი და თავიდან გავფრინდი. მოყვარული კლდეზე მცოცავი ვარ, ალპინიზმიც მიტაცებს, მაგრამ სამსახურიდან გამომდინარე, ალპინიზმით იმდენად ხშირად ვკავდები, რომ მბეზრდება. ხან ვიღაც იკარგება მთაში, ხან რაღაც... არ მიყვარს მოტო და ავტოექსტრემი. ფრთხილი ვარ საერთოდ და არც მანქანა მყავს. მყავდა ველოსიპედი, რომელიც მომპარეს. ძალიან მიყვარდა, „მანუელი” ერქვა. მერე მისი სახელი ტელესკოპს დავარქვი, „მანუელ უმცროსი“ ჰქვია ჩემს ტელესკოპს.
– ტელესკოპიც გაქვს?
– კი (იცინის). მაქვს ამოჩემებული ნივთები. სახურავზე ავძვრები და იქიდან ცას ვაკვირდები, ყველაზე კარგად ვათვალიერებ მთვარეს, ვენერას და თუ კარგი ამინდია, მარსსაც. მინდა, ვარსკვლავების აფეთქებას ვუყურო ჩემი ტელესკოპით. აბასთუმნის ობსერვატორიიდანაც დავკვირვებივარ, ძალიან მიყვარს ცა, კოსმოსი, თეორიულ ცოდნასაც ვაგროვებ მნათობებზე, ახალაღმოჩენილ ვარსკვლავებზე. მთვარიდან წავიყვანდი პირდაპირ რეპორტაჟს დიდი სიამოვნებით, ჩავარჭობდი იქ „რუსთავი 2-ის” დროშას, სთენდაფს ჩავწერდი. არ მინდა, ისეთ პლანეტაზე დავდგა ფეხი, სადაც ამიაკის ოკეანეებია. მარსზე მინდა მოვხვდე, ძალიან საინტერესო პლანეტაა. რამდენიმე უცხოპლანეტელსაც ჩავწერდი...
– ცხენოსნობა თუ გიტაცებს?
– ძალიან მიყვარს ცხოველები და მით უმეტეს, ცხენები. იპოდრომზე არ დავდივარ, მამაჩემს ჰყავდა სოფელში ცხენი, დაბერდა და მოკვდა მერე. ძალიან მიყვარდა ჯირითი, ქართული ჯიშის ცხენი. არაბული ცხენიც მყავდა. ერთხელ მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ცხენზე არასოდეს მჯდარა, ერთად ავძვერით ცხენზე… ის მსუქანი და დონდლო ბიჭი იყო მაშინ, ახლა აღარ არის (იცინის). ულაყმა ვერ გაუძლო იმის სიმძიმეს, წაიქცა და ქვეშ მოგვიყოლა. მე გადავრჩი და იმას ხელი მოსტყდა. ძალიან მიყვარს უუნაგირო და უუზანგებო ცხენით ჯირითი, სერიოზული ექსტრემია. უაღვირო, საშიშია.
ცხოველები იმდენად მიყვარს, რომ ცხოველის ხორცს არ ვჭამ, რასაც თვალები აქვს, კატეგორიულად არ ვჭამ იმას. წინააღმდეგი ვარ ნადირობის. რამდენიმე წელია, ვეგეტარიანელი გავხდი. ყველაზე მეტად ცხოველებიდან კატები მიყვარს, ადამიანზე ჭკვიანია კატა. ძაღლიც მყავდა – ბიჩი, რომელიც 17 წლის გარდაიცვალა, ბრმა იყო და მარტო მე მეთამაშებოდა. მყავდა კატა – ფილომენა ერქვა. ცოლი რომ შევირთე, პროტესტის ნიშნად სახლიდან წავიდა (იცინის). ეტყობა იეჭვიანა, ბავშვობაში მყავდა ყვავი, კუ, ზღარბი... ბევრი ცხოველი. მიყვარს მცენარეებიც და სახლი სავსე მაქვს დეკორატიული მცენარეებით. მაქვს მინიატურული ჭადარი, მინიატურული ბროწეული, ასტრა… ვუვლი. როცა შინ არ ვარ, მეუღლე უვლის. ბავშვებსაც ასევე, უყვართ მცენარეები. უმცროსი წლის და 9 თვისაა და ყვავილებს არ პუტავს, არ ვნებს.
ტყე-ღრეში ხეტიალიც ძალიან მიყვარს, ერთხელ დუშეთის ტყეში მე და ჩემს მეგობარს მგელი გამოგვიხტა, დამფრთხალი იყო თვითონაც. ეტყობა, მონადირე მოსდევდა ან რამე. ჩვენც გამოვიქეცით და ის კი ცალკე გარბოდა (იცინის). სხვა დროსაც მინახავს ტყეში ნადირი, ირემი, მელა... სოკოს შეგროვება მიყვარდა ძალიან და გაკეთებაც ვიცი.
– საჭმლის მომზადებაც იცი?
– როგორ არა, ხორციან კერძებს არ ვამზადებ, მაგრამ ჩემს მომზადებულ ლობიოს არაფერი მირჩევნია. ძირითადად, თვითონ ვიგონებ ხოლმე, რეცეპტებში არ ვიხედები. სტუდენტობისას მიწევდა კეთება.
– მოგზაურობა თუ გიყვარს?
– მადრიდში ვსწავლობდი 3 თვეს, ძალიან მწირი ბიუჯეთით ვიყავი და ვერ მოვასწარი ბევრი რამის ნახვა. ძალიან, მიყვარს უცხო ქალაქში რომ ჩადიხარ და თავგზის აბნევის მომენტი გაქვს – არ იცი, რა გააკეთო, საით წახვიდე. რომში მე და ჩემმა ოპერატორმა 7 საათი ვიბოდიალეთ ქალაქში. სანამ სასტუმროში მივიდოდით, მოსაღამოვდა, მაგრამ იმდენი რამის ნახვა მოვასწარით, ღირდა დაკარგვად. იტალიელები თბილი, გულღია ხალხია, ხმაურით ჰგვანან ქართველებს. როგორი ქალები დადიან რომში, იცი? რომ გამოივლის სავსემკერდიანი, თვალს აყოლებ გაშტერებული, მობრუნდები და ისევ ისეთი მოდის! თუმცა სავსე მკერდების გარდა კიდევ ბევრი რამ მომეწონა რომში (იცინის). მაინც ქართველი ქალი ყველაზე ლამაზია და ყველაზე ლამაზი ქალი მე ვიპოვე, ის დღეს ჩემი მეუღლეა და სახლში მყავს! ჩემთვის ის ყველაზე ლამაზია. შეიძლება, ქალს თვალები ჰქონდეს ულამაზესი და ის თვალები ათ ქალად ღირდეს.
– ბალტიისპირეთსა და უკრაინაში ყოფილხარ?
– უკრაინაში არა, მაგრამ წავიდოდი. ბალტიისპირეთში გავსინჯე „ჯეკ დენიელსის” სოუსში მომზადებული შემწვარი კარტოფილი და დავლიე ბევრი ლუდი. იქ ხახვის მურაბაც იყო და ათასნაირი გაურკვეველი რამ. ჩამოვედი თბილისში და მოკლედ, ვცადე „ჯეკ დენიელსით” იმავე კერძის მომზადება, ისეთი საშინელი გამოვიდა, კაციშვილი არ შეჭამდა (იცინის). მომწონს ბალტიისპირეთი. იქ სულ ვაკეა, ბარი, მთიანი არაა. ვფიქრობდი, რიგელ გოგონას რომ თვალებზე ხელი ააფარო და დარიალის ხეობაში ამოაყოფინო თავი, ხომ გაგიჟდა-მეთქი (იცინის).

скачать dle 11.3