კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

დედას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ვაპატიეთ ღალატი
მყავს ათი წლით უფროსი ძმა, რომელმაც, ფაქტობრივად, გამზარდა, რადგან დედამ ჩვენ და მამა მიგვატოვა და სხვა კაცზე გათხოვდა. მაშინ ლაშა 13 წლის იყო, მე – 3-ის. მამამ ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი, ლაშამ – კიდევ უფრო მძიმედ და დედას არ აპატია ღალატი: მას მერე არც ტელეფონზე დალაპარაკებია, არც შეხვედრია და ჩემი ნახვის უფლებასაც არ აძლევდა. სამი წლის შემდეგ მამა გარდაგვეცვალა და დავრჩით მარტო. არც ბებიები გვყავდა, არც დეიდა-მამიდები (დედაც და მამაც დედისერთები იყვნენ). შორეული ნათესავები კი, რომლებიც ჭილყვავებივით შემოგვესივნენ დაობლების შემდეგ, ლაშამ უცერემონიოდ გაყარა სახლიდან, რადგან მიხვდა, რომ თითოეულის ერთადერთი მიზანი ჩვენი ბინისა და ქონების დაპატრონება იყო. ნათესავები კი არა, მამას გასვენებაში მოსული დედა გააგდო, თან, ისეთი ფორმით, დედაჩემს თავმოყვარეობა რომ ჰქონოდა, თავი უნდა მოეკლა. მაშინ ბევრმა გაამტყუნა ჩემი ძმა – მაინც დედაა და ასე არ უნდა მოჰქცეოდა; შეცდომა ყველას მოსდის და შვილმა მშობელს უნდა აპატიოს, ამ შეცდომის გამოსწორების შანსი უნდა მისცესო. მაშინ მეც ვამტყუნებდი (გულში) ლაშას, რადგან სულ რაღაც 6 წლის ვიყავი და ძალიან მინდოდა, მეც მყოლოდა დედა, რომელიც იზრუნებდა ჩემზე, მომეფერებოდა. ამ ყველაფერს ხომ საშინლად ვიყავი დანატრებული. მაგრამ, ახლა რომ ვიხსენებ, ვხვდები: ლაშას ტოლი რომ ვყოფილიყავი, მეც ვერ ვაპატიებდი, რადგან სახლიდან წასვლის შემდეგ დედას ერთხელაც არ ვყავდით ნანახი და, სამძიმარზე რომ მოვიდა (მე სურათიდან ვიცანი), ჩვენ წინ იდგა, ერთი კი შემოგვხედა და მერე იქვე მდგომ ქალს ჰკითხა, ბავშვები სად არიანო, ანუ ვერც ერთი ვერ გვიცნო. თან, ისე უმოწყალოდ იყო გამოპრანჭული, თითქოს იქიდან ოპერაში აპირებდა წასვლას: ასხმული ბრილიანტები, მოწითალო პომადა, დამაკიაჟებული სახე, იისფერი შარვალი და პიჯაკი, ამოჭრილი დეკოლტე...
მისი ეს შეკითხვა ჩემმა ძმამ რომ გაიგონა, ხმამაღლა უთხრა: საერთოდ, ვინ ხარ ან აქ რას მოდიოდი; შენ დიდი ხანია, შვილები აღარ გყავს და მაგ ბრილიანტებისა და შენი დეკოლტეს გამომზეურება თუ გინდოდა, ღამის კლუბში უნდა წასულიყავი, იქ უფრო შინაური იქნებოდიო. დედაჩემი მაშინვე მიხვდა, რომ მის წინ მდგარი მოზარდი მისი შვილი იყო, მაგრამ, იმის ნაცვლად, რომ ლაშა გულში ჩაეკრა და მოენანიებინა ცოდვა, შე გველის წიწილოო, უთხრა და ისეთი გაულაწუნა სახეში, ტკაცანი, ალბათ, გარეთ გაიგონეს. ხალხი შეცბა და ისეთი უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა, არავინ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მე, პატარა ბავშვი, გაფართოებული თვალებით შევცქეროდი ერთმანეთს მიშტერებულ დედა-შვილს. ეს სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ, არ დამავიწყდება ლაშას თვალები: ტკივილით, სევდით, შეურაცხყოფით, გაწბილებით, იმედგაცრუებით აღსავსე. მე დღესაც შემიძლია, ხატზე დავიფიცო, რომ ის ქალი, რომელსაც ოდესღაც ჩვენი დედა ერქვა, გონზე რომ მოსულიყო და, თუნდაც ამ გალაწუნების შემდეგ, ლაშა გულში ჩაეკრა და პატიება ეთხოვა, ჩემი ძმა ყველაფერს მიუტევებდა – ეს მაშინ ამოვიკითხე მის თვალებში. მაგრამ, ამის ნაცვლად, დედამ კიდევ ერთხელ თქვა, ერთი შეხედეთ, ეს გველის წიწილი რა უტეხად მიყურებსო და ხელი ასწია, რომ კიდევ ერთხელ გაერტყა ჩემი ძმისთვის, მაგრამ, მე მოვასწარი, ჩავაფრინდი იმ ხელში და ისეთი ძალით ვუკბინე, მისმა სისხლმა ტუჩები დამისველა. მერე გონება დავკარგე. როგორ დაასაფლავეს მამა, არ მახსოვს. რამდენიმე დღის შემდეგ გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ერთი ნათესავი მეორეს ჩემზე: თან დედამისს კბენდა და თან მგელივით ყმუოდა. მეგონა, საწყალი ბავშვი ჭკუიდან გადავიდაო. ახლა რომ ვიხსენებ იმ დღეს, თვითონაც ვერ ვხვდები, ასე რატომ მოვიქეცი. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, დედას ფიზიკურად მოვრეოდი და იქიდან გამეგდო. ჩემი ძმის დაჩაგვრას კი, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა, ვერავის ვაპატიებდი.
მამას გარდაცვალებიდან 15 წელი ისე გავიდა, დედაჩემი საერთოდ არ შეგვხმიანებია. თუ მანამდე ჩუმად მაინც ვოცნებობდი ხოლმე მის ნახვაზე, იმ დღის შემდეგ სიტყვა „დედაც“ კი შემძულდა. ყველა ქალს ეჭვის თვალით ვუყურებდი. ჩემს მეგობრებთან რომ მივდიოდი, მათი დედებიც ორპირები და მოღალატეები მეგონა. თუმცა, რომ წამოვიზარდე, ამ განწყობამ გამიარა და გულში გადაწყვეტილი მქონდა, თუ ოდესმე გავთხოვდებოდი და შვილები მეყოლებოდა, დედამიწაზე საუკეთესო დედა უნდა ვყოფილიყავი.
ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ძმა გზიდან არ გადაცდა, კარგი, წესიერი, საქმიანი კაცი დადგა და ძალიან კარგი გოგო მოიყვანა ცოლად. შვილები რომ ეყოლათ, თან ვყვებოდი, მინდოდა, ძმის ამაგი ამით გადამეხადა. მე და ჩემი რძალი ძალიან კარგად ვიყავით ერთმანეთთან და ლაშას ეს ძალიან უხაროდა. როგორც იქნა, ჩვენს ოჯახშიც დაისადგურა სიმშვიდემ და ბედნიერებამ.
ლაშას დაოჯახებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მეც გავთხოვდი. ქორწილი, რა თქმა უნდა, ჩემმა ძმამ გადამიხადა. მე ქმართან გადავედი საცხოვრებლად, მაგრამ თითქმის ყოველდღე დავდიოდი ლაშასთან ან ისინი მოდიოდნენ ჩვენთან. ჩემი ქმარი და გიოც კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს და ვცხოვრობდით ასე, ერთ დიდ ოჯახად. მაგრამ, პირველი შვილი რომ გავაჩინე, რაღაც გართულებები დამეწყო და საავადმყოფოში მთელი თვე ვიწექი უმძიმეს მდგომარეობაში. ძალიან ბევრი სისხლი მქონდა დაკარგული და ჩემი ჯგუფის სისხლის შოვნა გაუჭირდათ. უკეთ რომ გავხდი, მაშინ მითხრა ექთანმა, ვიღაც უცხო ქალმა გადაგისხა სისხლიო. ვინ ქალმა-მეთქი, – გამიკვირდა. სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ, რაც ამ პალატაში შემოგიყვანეს, იმ დღიდან არ მოგშორებია, იჯდა გარეთ და ტიროდა. როცა გაიგო, სისხლი დაგვჭირდა, მაშინვე გაიქცა ექიმთან და დონორობის სურვილი გამოთქვა. კიდევ კარგი, რომ თქვენი სისხლი ერთმანეთს დაემთხვა, თორემ, ნახევარი საათიც რომ დაგვეგვიანა გადასხმა, ვეღარ გიშველიდითო. პრინციპში, მაშინვე მივხვდი, ვინც იყო ის ქალი, მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ, გული არ ამჩუყებია. ის კი არა, ვიფიქრე, ამით უნდა, რომ თავი „შემოგვატყუოს“ და ასე დაიბრუნოს შვილები-მეთქი. წლების განმავლობაში ისეთი გაქვავებული მქონდა გული, დედობის ბედნიერებამაც კი ვერ მაიძულა, დედაჩემისთვის მეპატიებინა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, არც მომიძებნია.
დაახლოებით ოთხი წლის შემდეგ კი ვიღაცამ შემატყობინა, დედაშენი გარდაიცვალა და შაბათს დაკრძალვააო. ჩემი ცუდქალობა უნდა ვაღიარო – წასვლას არ ვაპირებდი, მით უმეტეს, რომ ლაშა საქართველოში არ იმყოფებოდა და მის გარეშე ამის გაკეთება ძმის ღალატად მიმაჩნდა, მაგრამ ჩემმა ქმარმა კატეგორიულად მითხრა, ასე თუ მოიქცევი, დედაშენზე უარეს საქციელს ჩაიდენ (მან ყველაფერი იცოდა ჩემგან) და არც ღმერთი გაპატიებს და არც შენი შვილები მოგიწონებენო. ძალიან მიმძიმდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ, მაინც დავუჯერე ქმარს და ორივე წავედით. იქ რაც განვიცადე და გადავიტანე, ამის მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ, მაგრამ, ის, რაც ვიღაც მოხუცი ქალისგან გავიგე, ისეთი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, აღარც კი ვიცოდი, გამხარებოდა თუ გავბრაზებულიყავი: თურმე, დედაჩემი თითქმის მთელი წელი იწვა საავადმყოფოში მძიმე სენით (თან, პატრონიც არავინ ჰყოლია) და მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფრის ფულს ჩემი ქმარი იხდიდა ჩემგან მალულად. რომ ვკითხე, საიდან გაიგე, რომ ავად იყო, შენ ხომ მას არც კი იცნობდი-მეთქი, მითხრა, ვიღაც ქალმა დედაშენის მოწერილი წერილი მოიტანა, რომელშიც დახმარებას გთხოვდა. შენ სახლში არ იყავი და შენ მაგივრად ყველაფერი მე გავაკეთე. თქმით კი იმიტომ არ გითხარი, რომ არ გენერვიულა და, თანაც, არ მინდოდა, თუნდაც ცუდი დედის უკანასკნელ თხოვნაზე უარი გეთქვაო. გამოგიტყდებით და, პირველად მაშინ დავიტირე დედა. ჩემი ქმარი კი უფრო მეტად შემიყვარდა.
ჩემი ძმა რომ ჩამოვიდა, ყველაფერი ვუამბეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც განიცადა დედის სიკვდილი. დედაჩვენის წლისთავი ჩვენ გადავიხადეთ, შვილებმა და, მაშინ პირველად გამოტყდა და (ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ნასვამი იყო), ვერ ვპატიობდი, მაგრამ დედა ყოველთვის ძალიან მიყვარდა და მენატრებოდაო.
თეა, 39 წლის.

დედამთილის ჩხუბი მომენატრა
შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, ამ წერილს რომ წაიკითხავს, მაგრამ ყველაფერი უცნაურობა მე უნდა გადამხდეს თავს.
რომ გავთხოვდი, ცხადია, ქმართან გადავედი საცხოვრებლად. სახლში მული და დედამთილი დამხვდნენ. რამდენიმე თვეში მულიც გათხოვდა სხვა ქალაქში და დავრჩით ჩვენ სამნი. მერე შვილიც მეყოლა. ჩემს ქმართან კარგი ურთიერთობა მქონდა, არც დედამთილთან მქონდა მაინცდამაინც ჩხუბი და ალიაქოთი, მაგრამ, მუდამ ცდილობდა, ჩვენს საქმეში ჩარეულიყო, ორივესგან მოითხოვდა, მის ჭკუაზე ყოფილიყო ყველაფერი, რაც სერიოზულ დაძაბულობას ქმნიდა ჩემსა და ჩემს ქმარს შორის და ამის გამო ხშირად წავკამათებულვართ. მართალია, ბავშვის გაზრდაში ძალიან მეხმარებოდა და სამზარეულოს საქმეებიც, პრაქტიკულად, საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული, მაგრამ, თავი ტომის ბელადად ჰყავდა წარმოდგენილი და ვერ ეგუებოდა, მის მოთხოვნებსა და სურვილებს უსიტყვოდ თუ არ შევასრულებდით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არც ერთ ქალს (მით უმეტეს – ახალგაზრდას) არ უყვარს, როცა მასზე სხვა ქალი მბრძანებლობს, მის ცხოვრებას წარმართავს და გამონაკლისი არც მე ვიყავი. დედამთილის ასეთმა საქციელმა ისე დამთრგუნა, ვეღარც კი ვგრძნობდი, რომ ეს ჩემი სახლი და ჩემი ოჯახი იყო. ხანდახან ისიც კი მეგონა, მდგმური ვარ-მეთქი. მაგრამ, ისე მიყვარდა ქმარი, რომ ყველაფერს ვითმენდი, თუმცა, გულში მუდამ ვოცნებობდი, ნეტავი ჩემი დედამთილი ერთი თვით მაინც წავიდეს სადმე, რომ თავი მეც სრულფასოვან დიასახლისად ვიგრძნო-მეთქი.
ერთხელ ჩემი ქმარიც შეესწრო ჩვენს კამათს, რაც, გაგეცინებათ და, ჩემი თმის ფერის გამო მოგვივიდა. ანუ, დედამისს არ მოსწონდა, რომ თმას ბორდოსფრად ვიღებავდი და ჩამჩიჩინებდა, ფერი შეიცვალეო, მე კი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ვაპირებდი თმის გადაღებვას, რადგან დედამთილმა ასე კატეგორიულად მომთხოვა, საწინააღმდეგო რეაქცია გამიჩნდა ამაზე და ვუთხარი, თმა ჩემია და, თუ მინდა, სულაც გადავიპარსავ-მეთქი. არ იცით, რა მიპასუხა? თავგადაპარსულები საგიჟეთში წვანანო. თქვენ რა ხასიათზე დადგებოდით? ისე ამეშალა ნერვები, ვეღარაფერი ვუპასუხე და ხმამაღალი ტირილი მოვრთე. ამ ყველაფერს ჩემი ქმარი შეესწრო და ჯერ ორივეს გაგვიბრაზდა, მერე ცალ-ცალკე დაგვიწყო დაწყნარება. რომ ვერ შემირიგა, საღამოს რესტორანში წამიყვანა, მეორე დღეს კი – მაღაზიაში და რაც მინდოდა, ყველაფერი მიყიდა. ასე ხდებოდა ყოველთვის: დედამისის „გამოსვლების“ შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, ქმარი განსაკუთრებით მანებივრებდა და იმ დღეებში განსაკუთრებით ახლობლები ვიყავით ერთმანეთისთვის.
ერთ დღეს კი ჩემმა მულმა დედამისს დაურეკა, ერთი წლით მაინც უნდა ჩამოხვიდე ჩემთან, ბავშვების გაზრდაში რომ მომეხმარო. ძიძის აყვანის საშუალება არ გვაქვს, სამსახურს კი ვერ დავკარგავო. ჩემს მულს ტყუპი ბიჭები ჰყავს, ჯერ ერთი წლისებიც არ იყვნენ და, ცხადია, მარტოს უჭირდა შვილების მოვლა. დედამისს დიდად არ გახარებია ეს ამბავი, მაგრამ, შვილს უარი ვერ უთხრა და რამდენიმე დღეში მასთან წავიდა.
პირველი კვირა ეიფორიაში ვიყავი, მერე თანდათან აღვიქვი, რომ სანატრელი დრო დამიდგა – მე გავხდი ჩემი ოჯახის სრულუფლებიანი დიასახლისი (მიუხედავად იმისა, რომ დედამთილი ტელეფონით დღემდე მაკონტროლებს). მაგრამ, გავიდა ორი თვე და ვიგრძენი, რომ რაღაც ისე აღარ არის, რაღაც მაკლია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქმეს თავს ვერ ვაბამ: ხან ჭურჭელი მრჩება გასარეცხი, ხან – სახლი დასალაგებელი. მეც ვმუშაობ და, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი ძალიან მიწყობს ხელს (ხშირად ან გვიან მივდივარ სამსახურში, ან ადრე ვბრუნდები სახლში), მაინც ვერ ვასწრებ ყველაფერს. ჯერ ძიძა ავიყვანეთ, მერე ბაღში მივიყვანე ბავშვი, მაგრამ, მაინც რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს. თუმცა, მთავარი მაინც სხვაა: ჩემი ქმარი აღარ არის ისეთი, როგორიც დედამისის წასვლამდე იყო – აღარც დღესასწაულებს მიწყობს, არც არსად აღარ დავყავარ, რადგან სულ ბავშვთან ვარ. მისი რომანტიზმიც სადღაც გაქრა. ეტყობა, ჩემი და დედამისის ჩხუბი აძლევდა სტიმულს, რომ მეტად ყურადღებიანი და ალერსიანი ყოფილიყო. ახლა ჩვენს სახლში აღარც ჩხუბის ხმა ისმის და აღარც ცოლ-ქმრის სიყვარული იგრძნობა. ვართ ასე, ერთ დონეზე ჩუმად, წყნარად და სტაბილურად, რასაც ვერაფრით ვერ ვეგუები. ამიტომ, გინდ დამიჯერეთ და გინდ არა, ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდება ჩემი დედამთილი – ჩემი ქმრის სიურპრიზები მომენატრა.
ირა, 27 წლის.

ყველას აქვს ბედნიერების უფლება
ამ წერილს მოსკოვიდან გწერთ და ძალიან გთხოვთ, დამიბეჭდოთ.
საქართველოში დავიბადე და დედითაც და მამითაც ქართველი ვარ, თუმცა, დედაჩემის დედაა რუსი და მოსკოვში ცხოვრობს.
5 წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები გაიყარნენ, დედამ მომკიდა ხელი და დედამისთან წავედით მოსკოვში. მას მერე 20 წელი გავიდა და საქართველოში სულ ოთხჯერ თუ ხუთჯერ ვიყავი ჩამოსული, მამა კი მხოლოდ ორჯერ მყავს ნანახი (ისიც, პატარაობისას) და მესამედ მისი ნახვის სურვილი აღარ გამჩენია, რადგან, ვიგრძენი, რომ ერთმანეთისთვის არაფერი ვიყავით (ხომ იცით, ასეთ რამეს ბავშვი შეუმცდარად გრძნობს). სხვათა შორის, არც მამის ნათესავებს მოუკლავთ თავი ჩემი მოკითხვით და ჩემზე ზრუნვით.
მოკლედ, რუსეთში გავიზარდე, მენტალიტეტიც იქაური ჩამომიყალიბდა და, შესაბამისად, ძალიან ბუნებრივად მიმაჩნდა (და ახლაც ასე მიმაჩნია), რომ ყველა ადამიანს, მათ შორის შვილიან ქალსაც, აქვს პირადი ბედნიერების უფლება. ამიტომ, ძალიან ნორმალურად აღვიქვამდი იმ ფაქტს, რომ დედას ჰყავდა მეგობარი მამაკაცი, რომელიც ორივეს კარგად გვექცეოდა. მე მას დიდ პატივს ვცემდი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ვხედავდი და ვგრძნობდი, რომ დედა მასთან ბედნიერი იყო. სხვათა შორის, იმ კაცმა რამდენჯერმე სთხოვა დედას ხელი, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღო. ბოლოს მე მთხოვა, საქმე ჩამიწყვე დედაშენთანო, მეც კაცურად გავუგე და „მაჭანკლობა“ გავმართე დედასთან, მაგრამ, არაფერი გამომივიდა. ვერაფრით ვერ ვიგებდი უარის მიზეზს, რადგან, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ამ რამდენიმე ხნის წინ კი, ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი მიზეზის გამო, ისინი დაშორდნენ, სხვათა შორის, ყოველგვარი ჩხუბისა და სკანდალის გარეშე. ორივეს ცალ-ცალკე დაველაპარაკე, მაგრამ არც ერთმა არაფერი არ მითხრა. ის კაციც ძალიან განიცდის ამ ამბავს, მაგრამ დედაჩემი ისეთ დღეშია, აღარ ვიცი, რა მოვუხერხო: სამსახურს თავი დაანება, ზის სახლში, ფანჯარასთან და მთელი დღე არც ჭამს, არც სვამს, არც ხმას იღებს. ერთხელ, ძალიან რომ გადავეკიდე, რა დაგემართა-მეთქი, მხოლოდ ერთი ფრაზა მითხრა: მორჩა, ცხოვრება დამთავრდაო. კინაღამ გული გამისკდა. მაშინვე დავრეკე ჩვენს ნათესავ ნევროპათოლოგთან და დახმარება ვთხოვე. მან დედა გასინჯა და მითხრა, ან რაღაც სერიოზული სტრესი აქვს გადატანილი და მალავს, ან რაღაც დიდი დარდი აწუხებს. მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად დრო და მოთმინება დაგვჭირდებაო. ამას წინათ კი დედამ მთხოვა, საქართველოში წამიყვანეო. რა თქმა უნდა, მაშინვე დავთანხმდი.
ბილეთები უკვე აღებული მაქვს და რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოვფრინდებით. ღმერთმა ქნას, დედას ამან უშველოს.
ზურა, 25 წლის.

მეგობრებს ჩემთან ყოფნა აღარ უნდათ
ამ ბოლო ხანებში ისე მოხდა, რომ ყველა მეგობარი შემომეცალა და, შემიძლია ვთქვა, მარტო დავრჩი. აქამდე ყოველთვის მე ვიყავი ჩვენი სამეგობროს სული და გული, ყოველთვის მე ვიყავი ყურადღების ეპიცენტრში. ჩემს სურვილებსა და იდეებზე იყო აგებული ჩვენი შეკრებები, ექსკურსიები, წასვლა-წამოსვლა. ახლა კი, რატომღაც, არავის აღარ უნდა ჩემთან მოსვლა, ჩემს საზოგადოებაში ყოფნა. ბებიაჩემმაც კი შეამჩნია და მითხრა, ჩხუბი ხომ არ მოგივიდა ვინმესთან, რატომ ამოიკვეთეს ფეხი ჩვენი სახლიდან შენმა დაქალებმაო.
ჩხუბი ნამდვილად არავისთან მომსვლია, უბრალოდ, მე გავხდი სხვანაირი (ამას ცოტა გვიან მივხვდი). თუკი ადრე ყველაფერი მეხალისებოდა, მიხაროდა, ახლა სულ მელანქოლიურ ხასიათზე ვარ. სიცილი და გიჟობები კი არა, ლაპარაკიც მეზარება. თითქოს მინდა, რომ ისევ ჩემთან იყოს ყველა, მაგრამ, ნებისმიერ მათგანთან ძალიან მალე მწყინდება, აღარ ვიცი, რა ველაპარაკო და ერთი სული მაქვს, მარტო დავრჩე. არ ვიცი, რა მემართება, ასე რატომ შემეცვალა ხასიათი. სხვათა შორის, დედაჩემმაც შემატყო და სულ მეკითხება, რა მოხდაო. ჰგონია, რომ ან შეყვარებულს დავშორდი, ან უიმედოდ შემიყვარდა ვინმე. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა. რაღაც ფლირტები კი იყო, მაგრამ, სერიოზული გრძნობა არც მანამდე მქონია ვინმეს მიმართ და არც ახლა მაქვს. დედა ისეა შეშინებული, გადამკიდებია, ფსიქოლოგთან წავიდეთო. თავიდან ძალიან უარზე ვიყავი, მაგრამ, ახლა ვფიქრობ, მართლაც საჭიროა ფსიქოლოგის დახმარება. ეს მელანქოლია რომ გამიძლიერდეს, მეშინია, სულ არ გავრეკო ან საერთოდ უმეგობროდ არ დავრჩე.
ქეთა, 22 წლის.

რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 595 40-76-78.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.

скачать dle 11.3