კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ მოითმინა თამარის თანამედროვე ამირსპასალარმა და რის გამო დააქორწინეს ივანე მხარგრძელის ულამაზესი ქალიშვილი თამთა ეგვიპტის სულთანზე

თამარის მეფობის პერიოდს „ოქროს ხანას“ უწოდებენ. მისი მემკვიდრეების მეფობის ჟამს კი საქართველოს გავლენა ნელ-ნელა შესუსტდა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზს, უმრავლესობის გან განსხვავებით, ისტორიკოსი გოჩა საითიძე თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში პოულობს. 

 

 გოჩა საითიძე: თამარის მეფობის პერიოდში საქართველომ თავისი პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების მწვერვალს მიაღწია. მის სიცოცხლეში ჩვენს ქვეყანას სერიოზული მარცხი არ უგემია. თამარის მეფობისას არაფერი მომხდარა ისეთი, ხელი რომ შეეწყო მომავალში საქართველოს ასეთ დასუსტება-დაკნინებისთვის. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმას, რაც მოხდა ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მმართველობის დროს, სწორედ თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში ჩაეყარა საფუძველი.

– რით დაასაბუთებთ თქვენს ვერსიას?

– დავიწყოთ თავიდან: თამარის მეუღლის, დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი ფეოდალების უპირობო ბატონობა. ძმები მხარგრძელები – ზაქარია და ივანე კარნახობდნენ დაქვრივებულ მეფეს, თუ როგორ უნდა ემოქმედა. ერთი მხრივ, მათი სახელები საქართველოს ისტორიაში ლეგენდებითაა მოცული და არ მინდა ისე გამოვიდეს, თითქოს მხარგრძელებს მხოლოდ ნეგატიური კუთხით ვახასიათებდე, რას ამბობთ, პირიქით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ზაქარია მხარგრძელს. მისი დამსახურებით გავიმარჯვეთ შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში. სხვათა შორის, ბასიანის ბრძოლის წინ, ერთი საინტერესო და აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. რუმის სულთანმა – რუქნ ად-დინმა თამარს ელჩის ენით შემოუთვალა: გაშორდი ქმარს, მიატოვე ორივე შვილი და ცოლად გამომყევი, თუ გინდა, რომ არ ავაოხრო შენი ქვეყანა, არადა ნაცარტუტად ვაქცევ საქართველოსო. ელჩმა იმეტიჩრა და ზეპირი დანაბარებიც მოახსენა თამარს: ისიც დამაბარა, სულთანმა რუქნ ად-დინმა, რომ თუ ცოლად არ გამომყვები, ხარჭად დაგისვამო. თამარ მეფის შეურაცხყოფა ვერ მოითმინა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა და ელჩს ისეთი სილა გააწნა, დიდი ხნის განმავლობაში მკვდარივით ეგდო ძირს. როდესაც მოასულიერეს, უთხრა: წესით და რიგით, შენთვის ჯერ ენა უნდა ამოგვეგლიჯა და თავიც ზედ მიგვეყოლებინა, მაგრამ რა ვქნათ, ელჩი ხარ და ელჩობა გიცავსო. თამარმა კი დააბარა, გადაეცი რუქნ ად-დინს, რომ წარმომიგზავნია ჩემი მხედრობა და შევებათ ერთმანეთსო, რასაც მოჰყვა კიდეც ჩვენი სახელოვანი გამარჯვება.

 მოგეხსენებათ, რომ ხშირად ადარებენ ერთმანეთს დავითისა და თამარის დროინდელ საქართველოს და ამბობენ, ერთი და იგივეაო. მე მათ არ ვეთანხმები.

– რატომ?

– აღმაშენებლის სათავეში მოსვლამდე დიდაზნაურობა, ამა თუ იმ პროვინციის გამგებლობა გადადიოდა მამიდან შვილზე. გავიხსენოთ თუნდაც კლდეკარის ერისთავი ბაღვაშები. დავითმა  სახელმწიფოს დამანგრეველი ეს სისტემა მოსპო და ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს დაუქვემდებარა. მან შექმნა მოსაკარგავეთა ინსტიტუტი. ვინც ივარგებდა, ის ინიშნებოდა თანამდებობაზე და ამაში ჯამაგირს იღებდა. ასე გაგრძელდა გარკვეულ პერიოდამდე. თუმცა, თამარის დროს, ეს წრე ხელმეორედ დატრიალდა. შეიძლება ითქვას, თამარის მეფობის ბოლო პერიოდში მხარგრძელები იქცნენ სახელმწიფოდ სახელმწიფოში; მათი პირადი და ოჯახურ-კლანური ინტერესები უფრო მაღლა იდგა, ვიდრე სახელმწიფოს ინტერესები.

 თამარის მეფობის დასასრულს ზაქარია მხარგრძელი არის ამირსპასალარი – თავდაცვის მინისტრი, ივანე მხარგრძელი მსახურთუხუცესი, ანუ სამეფო ქონებისა და მეურნეობის გამგებელი. ჩრდილოეთ სომხეთი, რომელიც თამარის მეფობის პერიოდში საბოლოოდ შემოვიერთეთ, სამართავად გადაეცათ მხარგრძელებს. ჩრდილოეთ სომხეთის შემოერთების შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს დღის წესრიგში დადგა სამხრეთ სომხეთის შემოერთება. სწორედ სამხრეთ სომხეთზე გადიოდა აბრეშუმის გზის მთავარი მაგისტრალი. განსაკუთრებით ცნობილი იყო ქალაქი ხლათი, რომელიც სწორედ მთავარ მაგისტრალზე მდებარეობდა. ამ დროისთვის ამ რეგიონში გაბატონებით 2 ძალა იყო დაინტერესებული – ჩვენ და ეგვიპტის სახელმწიფო. მისმა სულთანმა ალ-ადილმა დაგვასწრო და ხლათში გამგებლად თავისი ვაჟი ალ-ავჰადი დასვა. ქართველებმა მხარგრძელების მეთაურობით ხლათს შეუტიეს. 

– როგორ განვითარდა მოვლენები?

– ამ ისტორიას სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ისტორიული წყარო გვიამბობს ოდნავი განსხვავებებით თუმცა, საბოლოოდ, ერთი შინაარსი იკვრება – ალ-ავჰადმა ვერ გაბედა ქართველებთან შებრძოლება და ქალაქში შეიკეტა. მისი ბრძანებით, ქალაქში შესასვლელი ხიდი ჩაანგრიეს და ზემოდან თივა დააყარეს, რათა ქართველთათვის ზიანი მიეყენებინათ, თუ ისინი ხიდზე გადასვლას განიზრახავდნენ. თუმცა, მათ არც კი უცდიათ ქალაქში შესვლა. ქართველებმა ალყა შემოარტყეს ხლათს. გარკვეული ხნის შემდეგ, მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ქალაქი დანებებას აპირებდა. ასეთი ვითარება მოსწყინდა ივანე მხარგრძელს, როგორც ისტორიკოსი გადმოგვცემს, მაგრად დათვრა, არ დაუჯერა არავის და გადაწყვიტა, ოციოდე კაცის თანხლებით, ქალაქისთვის წრე დაერტყა. შედგა ხიდზე და წყალში ჩავარდა. ხლათელებმა დაინახეს თუ არა ეს, გამოცვივდნენ და დაატყვევეს. როგორც კი გამოფხიზლდა ივანე, იმის მაგივრად, რომ საიდუმლოდ შეენახა თავისი ვინაობა, აყვირდა: მე საქართველოს ერთ-ერთი ხელისუფალი ვარ და არაფერი არ უნდა მომივიდესო. გარდა ამისა, წუწუნიც დაიწყო: სანამ მე აქ ვარ, შესაძლოა, ჩემს თანამდებობას სხვა იკავებდეს და დროზე გამიშვით აქედანო. როცა  ხლათელებმა შეიტყვეს, თუ რა ძვირფასი „ნადავლი” ჩაუვარდათ ხელში, თავიანთი პირობები წამოაყენეს. ზაქარია მხარგრძელი გარედან უთვლიდა მუქარას, თუ ივანეს თმის ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდება თავიდან, მიწად ვაქცევ და მიმოვაბნევ ხლათსო. ხლათელებმა ის დაამშვიდეს, ივანე მხარგრძელს არაფერი დაემართება, თუ ჩვენს პირობებს შეასრულებთო. 

– რა მოთხოვნები ჰქონდათ ალყაშემორტყმულ ხლათელებს?

– ყველა ტყვე უნდა გაათავისუფლოთო. დაახლოებით 5 ათასამდე კაცი ჰყავდათ ჩვენებს დატყვევებული. პირველ ჯერზე 100 ათასი დინარი გადაგვიხადეთ და მერე ყოველწლიურად, გარკვეული თანხაო. ალყა ახლავე უნდა მოხსნათ და ის 27 ციხესიმაგრე, რაც უკვე სამხრეთ სომხეთში აიღეთ, უნდა დაგვითმოთ. და ბოლოს, ჩვენს გამგებელს, ალ-ავჰადს ბევრი სმენია ივანე მხარგრძელის ულამაზეს ქალიშვილ თამთაზე და ის მას უნდა მიათხოვოთო. 

– როგორ მოიქცა თამარი?

– ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა წამოყენებული პირობა შეასრულა. ივანე მხარგრძელი გაათავისუფლეს. საქართველოსა და ეგვიპტეს შორის 30-წლიანი ზავი დაიდო. ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული გასასვლელი აბრეშუმის გზის ღერძზე. ეს ამბავი მოხდა 1210 წლის ოქტომბერში.

 აღსანიშნავია ერთი ეპიზოდიც. რადგან მხარგრძელებს ამხელა დამსახურება მიუძღოდათ საქართველოს წინაშე, ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ, თამარმა განიზრახა, მისი ძმა – ივანე დაენიშნა ამირსპასალარად. ეს პატივი ივანემ იცოტავა. „ქართლის ცხოვრებაში” წერია: დიდი მადლობა, მეფეო, მაგრამ მეცოტავება ეს პატივი, მე ისეთი თანამდებობა მინდა, რომლის მსგავსიც აქამდე ჩვენში არ ყოფილაო.

– როგორი იყო თამარის პასუხი ამაზე?

– თამარმა ათაბაგობა უბოძა მხარგრძელს. მანამდე საქართველოში ასეთი სავაზირო არ ყოფილა. ათაბაგს მაჰმადიანურ სახელმწიფოებში უფლისწულის აღმზრდელს უწოდებდნენ. 

– ანუ ლაშა-გიორგის აღმზრდელს?

– საქმეც ისაა, ლაშა ამ დროს უკვე 16 წლის იყო, რაღა აღზრდა უნდოდა. ჩვენი ისტორიკოსები ათაბაგს „უპორტფელო მინისტრს“ უწოდებენ, რომელსაც რეალურად ფუნქცია არ ჰქონდა, გავლენა კი – უზარმაზარი. რეალურად, იგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს დაუპირისპირდა, რამაც საქართველოს დასუსტება გამოიწვია. ივანე მხარგრძელმა ათაბაგობაც მიიღო, და არც ამირსპასალარობაზე თქვა უარი. ამ მაგალითითაც კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, როგორ დადგა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა კერძო პირის ინტერესი. ეს ორი მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ საქართველოს დასუსტებას თამარის მეფობის უკანასკნელ წლებში ჩაეყარა საფუძველი.

 

 

скачать dle 11.3