კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლები ან სომხეთის, ან აზერბაიჯანის საკუთრება და რას იღებს აზერბაიჯანი საქართველოსგან გაზის ნაცვლად

რაკი მოვლენები გურამიშვილის მოტივების მიხედვით ვითარდება („მე კი ვმალავ, მაგრამ ჩემი სატკივარი არა მალავს“), ჭირმაც თავი არ დამალა და აზერბაიჯანის საზღვარზე საინგილოს ქართული სკოლის მასწავლებელს ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს. მეტიც, აზერბაიჯანის ქართულ სკოლებში ჩხრეკაც ჩატარდა და სახელმძღვანელოები იქიდანაც ამოიღეს. ამ ფაქტის გათვალისწინებით, აშკარა ხდება, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილების საკითხის გადაჭრა მტკივნეული პროცესი იქნება. მეორე მხრივ, როგორც საქართველოში, ისე აზერბაიჯანში დავით გარეჯის ორივე ქვეყნის მფლობელობაში გამოცხადების პერსპექტივამ მხარდაჭერა ვერ ჰპოვა (ბუნებრივია, ორივე მხარეს თავისი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოტივები აქვს). ვითარება კი ერთობ კომიკურიცაა: თუკი ჩვენი მეზობლების ლოგიკას გავყვებით, ჩვენს ტერიტორიაზე ძეგლების ნაწილი სომხურია, მეორე ნაწილი –  აზერბაიჯანული, რაც იმას ნიშნავს, რომ, სახელდობრ, ჩვენ ამ საუკუნეების განმავლობაში ნაცრის ქექვის მეტი არც არაფერი გვიკეთებია. ასეა თუ ისე, საკითხში გარკვევას მამუკა არეშიძესთან ერთად შევეცდებით. 

 

– თუ გადავხედავთ ჩვენი ურთიერთობის დინამიკას, ვნახავთ, რომ  საქართველომ საქმე ისე დააყენა, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მუდმივად ვალში გრძნობს თავს. არადა ეს ასე არ არის, რადგან, თუ საქმე-საქმეზე მიდგება, აზერბაიჯანი იმ რესურსებს, რაც გააჩნია, საქართველოს გარეშე ვერ გამოიყენებს თავისი პოლიტიკური მომგებიანობისთვის, იმიტომ რომ რჩება ერთადერთი გზა –  რუსეთის ტერიტორია და მაშინ რუსეთი უკარნახებს მას სატრანზიტო წესებს და იქიდან ვერანაირ პოლიტიკურ მოგებას ვერ ნახავს. ასე რომ, ჩვენ შორის გარკვეული პარიტეტი არსებობს მიზანშეწონილებასა და ინტერესებში. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი ენერგომატარებლებით არაერთხელ დაგვხმარებია, როდესაც ჩვენ ეს დაგვჭირვებია. საერთოდ, დღეს ჩვენი გაზმომარაგება მთლიანად აზერბაიჯანზეა ორიენტირებული.

– თუმცა ამ ჩვენი გაზის ფასი ვერ დავადგინეთ?

– ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი დოკუმენტი, რის მიხედვითაც, 20 წლის განმავლობაში ბევრად იაფად გვეკუთვნის აზერბაიჯანული გაზი, ვიდრე ვინმე სხვას. ეს ხელშეკრულება  90-იან წლების ბოლოსაა დადებული და მას ვადა ჯერ არ გასვლია. გარდა ამისა, გატარებული გაზის 5-10 პროცენტს ვიღებთ ტრანზიტის საფასურად სომხეთისგან. ამდენად, ჩვენთან გაზის ფასი ბევრად უფრო ნაკლები უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის. მოდი, ისიც ვთქვათ, ჩვენგან რას იღებს აზერბაიჯანი: ჯერ ერთი, ის ჩვენგან იღებს წყალს და, გარდა ამისა, ნელ-ნელა იკავებს ჩვენს ენერგო და საფინანსო ბაზარს. ერთი მხრივ, „სოკარის“ და, მეორე მხრივ, ბანკების მეშვეობით. ერთი აზერბაიჯანული ბანკი უკვე მუშაობს და მეორეც შემოდის –  „ფაშა ბანკი“, ალიევის მეუღლის კლანის ბანკი. ამაში, ერთი შეხედვით, ცუდი არაფერია, როგორც იტყვიან, ხელი ხელს ჰბანს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას მაინც მუდმივი რიდი აქვს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ.

– რით მჟღავნდება ეს?

–  ჩამოგითვლით: უპირველესად, ეს არის საზღვრის დემარკაციის საკითხის გაუთავებელი გადადება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 90-იან წლებში სახელმწიფო დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც, დაახლოებით, 300 ჰექტარი მიწა წითელ ხიდთან აზერბაიჯანს გადასცეს კეთილი ნების ნიშნად. არადა, ვინ ჰკითხავდა ვინმეს საქართველოს მიწების დარიგებას?! მარნეულის რაიონის სასაზღვრო მონაკვეთში საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გაუგებარი კონფიგურაცია. არა ისეთი, როგორიც იყო საბჭოთა პერიოდში, არამედ სხვანაირი –  გადმოწეულია საზღვარი და სომხეთმა წაიღო დაახლოებით 20 ჰექტარი. გაუგებარია, რის საფუძველზე, მაგრამ ამით სარგებლობენ სომეხი მესაზღვრეები და ავიწროებენ მარნეულის რაიონის სამხრეთით მცხოვრებ აზერბაიჯანელი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაგან წერილი წერილზე მიდის ბაქოში. ოფიციალური ბაქო ამ წერილებს, ერთი შეხედვით, უყურადღებოდ ტოვებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ წერილებს იყენებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის. იგივე ხდება საქართველოს საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე: ეს იქნება დავით გარეჯი თუ ერისიმედი. კომუნისტების გინებაშია გაქაფული დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ სოფელი ერისიმედი ზუსტად იმიტომ დააარსეს, რომ ალაზნის კალაპოტის შეცვლის გამო, რადგან ადმინისტრაციული საზღვარი ალაზნის კალაპოტის გასწვრივ გადიოდა, ქართული მიწა არ დარჩენილიყო სხვა ქვეყნის შემადგენლობაში.  აღარ დარჩათ სახნავ-სათესი მიწები.

– ეს ჩვენი დავით გარეჯი როგორ მოხვდა ალბანური ძეგლის კატეგორიაში?

– ალბანური ძეგლის თემა მას შემდეგ წამოვიდა, რაც ყარაბაღელმა სომხებმა მოახერხეს, ძალიან მსხვილი კითხვის ნიშანი დაესვათ შემდეგი საკითხისთვის: თუ ყარაბაღი არის ძირძველი მუსლიმანური მიწა, რატომ არის იქ იმდენი სომხური ეკლესია, რომლებიც დათარიღებულია შუა საუკუნეებით და უფრო გვიანდელი პერიოდით? ამ და აზერბაიჯანის, როგორც ალბანური სახელმწიფოს გარკვეულმა მემკვიდრეობის თემებმა აზერბაიჯანელი მეცნიერების თავში ჩამოაყალიბა იდეა: იმისთვის, რომ ყარაბაღის კუთვნილება განემტკიცებინათ, საჭირო იყო ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარე სომხური ძეგლები ექციათ ალბანური კულტურის ძეგლებად და ასეც მოხდა. მაგალითად, ისინი ამბობენ, ყარაბაღში მდებარე ეკლესია-მონასტრებზე სომხური წარწერები იმიტომ არის, რომ ადრე იყო ალბანურად, მაგრამ სომხებმა წაშალეს და სომხურად წააწერესო. სომხებს აქვთ ეს თვისება და აზერბაიჯანელები ამით აპელირებენ. ამასთან, ნუ დაგვავიწყდება, რომ აზერბაიჯანში ცხოვრობს საკმაოდ დიდი ალბანური თემი, დაახლოებით, სამი ათას კაცამდე და ისინი დღემდე ქრისტიანები არიან. ჩვენ მათ ვუწოდებთ უდებს და დაახლოებით 120 უდე ჩვენთანაც ცხოვრობს. მოკლედ, 90-იანი წლების ბოლოს იქ შეიქმნა ალბანური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. ეს თემი გაერთიანდა ამ ეპარქიაში და შემდეგ დაიწყო ნადირობა სომხურ ეკლესიებზე. ავტომატურად, საქართველოსგან მყარი პოზიციის არქონის გამო, ქართული კულტურის ძეგლებიც, რომლებიც ზაქათალა-კახის რაიონშია, გამოცხადდა ალბანური კულტურის ძეგლებად და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია თავხედურად აძლევს საკუთარ თავს უფლებას, გამოსცეს ბროშურა, რომელშიც ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესია ალბანური კულტურის ძეგლადაა გამოცხადებული. სულ 15-მდე ქართული ეკლესია-მონასტერია გამოცხადებული ალბანურად, მაგრამ ქურმუხი მთავარია.

– კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს, როგორ მოხვდა დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე?

– ბერთუბანზე საბჭოთა დროს გადიოდა საზღვარი.

– ანუ გაერომ ჩვენ გვაღიარა ბერთუბნის გარეშე საზღვრებში?

– დიახ, ბერთუბნის ერთი მონაკვეთი არ შემოდიოდა ჩვენს შემადგენლობაში, მაგრამ საბჭოთა დროს იქ საზღვარი არასწორად იყო გავლებული. აქვე მინდა, შევეხო სახელმძღვანელოების საკითხს: დიდი რეზონანსია ქართველ საზოგადოებაში, რომ საზღვარზე გააჩერეს ქართული სკოლის პედაგოგი საფაროვა და წაართვეს წიგნები.

– მათ შორის, მათემატიკის წიგნებიც.

– ეს უკვე ერთგვარი გადახრაა. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში ჩაატარეს ჩხრეკა და ამოიღეს ქართული ისტორიისა და ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოები. ქართველი საზოგადოება ამან გააღიზიანა. დავინტერესდი, რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებში. როგორც აღმოჩნდა, წელს სასკოლო ლიტერატურა აზერბაიჯანიდან არ შემოსულა. იქაურმა განათლების სამინისტრომ გამოაგზავნა საქართველოს განათლების სამინისტროში წერილი, იმის გასარკვევად, თუ რა სახის ლიტერატურა სჭირდებოდა საქართველოს აზერბაიჯანულენოვან სკოლებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მარნეულში განლაგებულია ალიევის უზარმაზარი ცენტრი, რომელიც ამ საკითხს აგვარებს: ხელი შეუწყოს აზერბაიჯანელების იდენტიფიკაციის საკითხს. საქართველოს განათლების სამინისტროსგან პასუხი არ მისულა. ეს სირაქლემის პოზიციაა და, შესაბამისად, საინგილოში მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა ამას ადრეც აკეთებდნენ აზერბაიჯანელები.

– ყოველთვის აკეთებდნენ.

– დიახ, ყოველთვის. კახა ლომაიას ეპიზოდი გაიხსენეთ. ვითომ რა არის, პასუხი რომ არ გასცეს წერილზე?! მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ჯავახეთის შემთხვევაში: ჩავიდა შაშკინი, ელაპარაკა სომხეთის განათლების მინისტრს და რაღაც გადაწყვიტეს. თუ ვერ მოილაპარაკებდნენ, იმას მაინც იტყოდნენ, ვერ მოვილაპარაკეთო. ჩვენი რეგიონული პოლიტიკა მკაფიო მხოლოდ რუსეთთან კონფრონტაციის ფარგლებშია, სხვა შემთხვევაში, ვგულისხმობ, ჩრდილო კავკასიელებთან ურთიერთობის გააქტიურებას, არაფერი ხდება. საერთოდ, პლაკატურობა და ფასადურობა დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისთვის და ამიტომაც გვაქვს ამდენი გაუგებრობა.

–  რაც უნდა უჩუმათო, შესაძლოა, 20, თუნდაც, 300 ჰექტრის დაკარგვა ვერ შეიტყოს მთელმა ქვეყანამ, მაგრამ იმას, ვის დარჩება დავით-გარეჯი, ყველა გაიგებს. შესაძლოა, იყოს გამოსავალი კომპლექსის ორივეს საკუთრებაში გამოცხადება?

– სხვათა შორის, გაერომ ჩვენ იმ საზღვარში გვაღიარა, სადაც ის 300 ჰექტარიცაა, რომელიც, რატომღაც, აზერბაიჯანს გადასცეს, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა უფრო მოხერხებულად მოწყობილიყო.

– ძველი ბიბლიური შეგონებაა: სიკეთე არასდროს რჩება დაუსჯელი.

– ამდენად, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო, დაემადლებინა ეს აზერბაიჯანისთვის და გარეჯის თემა მოეგვარებინა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებას. მით უმეტეს, რომ წინა ხელისუფლების დროს ამის მოგვარება ადვილი გახლდათ, რადგან ალბანური თემა არ იყო აქტუალური. დღეს აზერბაიჯანისთვის ეს თემა უკვე ისტორიის ნაწილი გახდა და არ დათმობენ. ამიტომ გაჩნდა ექსტერიტორიულობის, ანუ ორმაგი კონტროლის საკითხი, რაც სისულელეა. ესე იგი, რა გამოდის, ვაღიაროთ, რომ ბერთუბანი ალბანური კულტურის ძეგლია?! ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესთავაზა აზერბაიჯანს სხვა ტერიტორია, მაგრამ აზერბაიჯანელებმა არ მოინდომეს. მე არ ვიცი, რა არის გამოსავალი. მეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლებას, აქვს ზემოქმედების მექანიზმები, ხომ ხედავთ, როგორ გააფთრებით იბრძვის სომხური ეკლესია თავისი უფლებებისთვის და იმ ვირტუალური ქონებისთვის, რომელიც ვითომდა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენებმა ბოლოს გამოაჩინეს ბრჭყალები, ისიც ეკლესიის დონეზე, როდესაც სანაცვლოდ სომხეთში არსებული ქართული ეკლესიების დაბრუნება მოითხოვეს. სხვათა შორის, თბილისური სომხური თემი, რომელიც ძალიან აქტიურად ითხოვს თბილისში განლაგებული ეკლესიების მათთვის გადაცემას, ახტალის შემთხვევაში ამბობს, რომ ის ქართული კულტურის ძეგლია.

– გმადლობთ!

– მე კვლავ უარეს სცენარს დავუბრუნდები: თუკი ორივეს მფლობელობაში იქნება, ალბანური წირვა-ლოცვა აღევლინება?

– ვერ აღევლინება, სულ ერთი მღვდელი ჰყავთ.

– რას დავკარგავთ, ხომ მაინც ჩვენია?

– ამის თქმა არ შეიძლება. ბრიყვული გამონათქვამია, ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებსო  მგონი, ვოლტერმა თქვა, სამშობლოს ვერ წაიღებ ფეხსაცმლის ძირებითო. სამშობლო გულშია, ეს მიწა ცნობიერებაშია და შენი ხელისუფლების ძალაუფლება კი არის შენს ქონებაში. ქონება არ არის მხოლოდ მატერიალური ცნება. ქონება არის სულიერი ცნება. როდესაც აბარებ შენი მატერიალური ქონების დიდ ნაწილს, შემდეგ სულიერებასაც აბარებ. ამბობენ, რომ ქართულ ენერგეტიკას რუსები ვერ წაიღებენ, მაინც აქ უნდა ამუშაონო. ესეც სისულელეა, იმიტომ რომ გააჩერებენ და ეს თითქმის წაღებულს ნიშნავს. როდესაც შინაურ მტერს ალიენდეს დამარცხება დასჭირდა, თავდაპირველად, ომი კი არ გაუმართავს, არამედ გააჩერეს ჩილეს ეკონომიკა. ამერიკულ კომპანიებს ეკუთვნოდა მაშინ ჩილეს მთელი ტვირთსაბრუნავი სტრუქტურა და ამის შემდეგ მოუწყვეს პუტჩი. ამიტომ ხელისუფლების მიერ ხალხის კვება იმით, რომ ვერავინ ვერაფერს წაიღებს, არასწორია. დღეს ეს ექსტერიტორია იქნება, ხვალ კი აზერბაიჯანი მოახერხებს და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცებს, რომ დავით გარეჯი არის ალბანური კულტურის ძეგლი და ის, რაც ქართველების მხარესაა, მიტაცებულიაო. დავით გარეჯის ჩვენს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილი ხომ უპატრონოდაა?! და ისინი იმ მერვედში, რაც მათ ტერიტორიაზეა, შექმნიან ფანტასტიკურ კომპლექსს, რომ მთელ მსოფლიოს დაუმტკიცონ, როგორ ზრუნავენ ალბანურ კულტურაზე.

– ჩვენც ვიზრუნოთ, ვინმე გვიშლის?

– ეს კითხვა ჩემთან არ არის! მე რომ ვიყო საქართველოს ხელმძღვანელობაში, საზღვაო ტურიზმის განვითარებას კი არ დავიწყებდი, არამედ მთისა და ისტორიულ ტურიზმს განვავითარებდი, რადგან, უპირველესად, მთა უნდა ავითვისოთ და დავიცვათ.

 

 

скачать dle 11.3