კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დაფრინავს ბედს მინდობილი გოგა ხაჩიძე და ვის გაუკვალა მან გზა მიწაზე

თითქმის სამი წელია, რაც  გოგა ხაჩიძე გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობს. მართალია, ხმები მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სეზონურად ვრცელდება, მაგრამ  გარემოს დაცვის თავკაცის პოსტზე საკუთარ რეკორდს დღითი დღე აუმჯობესებს და მოარულ ხმებზე  დიდად არ ჯავრობს. ჩინოვნიკური ცხოვრების სტილს ვერ შეეჩვია. მისი ცხოვრება კადრში და კადრს მიღმა, ისეთი  გახსნილი და ემოციურია, როგორც თავად არის. თავის წილ თავისუფლებას არც მიწაზე კარგავს და არც ცაში, სადაც საკმაოდ ხშირად ხვდება ექსტრემალური გატაცებების წყალობით. ბოლო პერიოდში ძველი ცხოვრებაც  აქტიურად „გაიხსენა” –  ჯერ იაპონელების კატასტროფას მიუძღვნა მუსიკა, შემდეგ დათო ევგენიძესთან ერთად დადგა სცენაზე და ძლივს ხელში ჩაგდებული ინსტრუმენტის წყალობით, ძალიან ლამაზი მელოდია შექმნა.     

 

– ბატონო გოგა, ბოლო პერიოდში ისე გააქტიურდით მუსიკალურ ფლანგზე, ისევ  ძველ  ცხოვრებას ხომ არ უბრუნდებით  ნელ-ნელა?

–  განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ისე მოხდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევხვდით  ერთმანეთს მე და დათო ევგენიძე. ერთად დავუკარით და ვთქვით, მოდი, ამას საჯარო სახე მივცეთო.  ასე, დაუგეგმავად გადაიკვეთა ჩვენი გზები, – ეს იყო და ეს, არც ერთი რეპეტიცია არ გვქონია, ისე დავუკარით კონცერტზე. ამ მხრივაც უნიკალური და  კარგი კონცერტი გამოვიდა,  ბევრი ხალხი დაესწრო. რაც შეეხება მუსიკას, რომელზეც  უკვე კლიპიც კი   გადაიღეს, ჩემი სურვილი იყო, შემექმნა ლამაზი  მუსიკა  ემოციებზე, რომელიც  ზაფხულთან და ბათუმთან იქნებოდა დაკავშირებული. მუსიკა მთლად სეზონური არ გამოვიდა, მაგრამ ჩემმა ჩანაფიქრმა გაამართლა. არც  ამ შემთხვევაში  დამჭირვებია დიდი ძალისხმევა. დავსხედით ერთად მე და დათო ფორჩხიძე, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე და უბრალოდ, ჩავწერეთ მუსიკა. პირველად მოვსინჯე ძალები როგორც ინსტრუმენტალისტმა და არა, როგორც  ჯგუფის წევრმა. 

–  სად მოიძიეთ ინსტრუმენტი ჰანგდრამი, რომელზეც ამ კლიპში უკრავთ და რომელიც საქართველოში ჯერ არავის უნახავს? 

–  ო, ამას დიდი ისტორია აქვს. ეს მართლაც იშვიათი და უცხო ინსტრუმენტია, მასობრივი მოხმარებისთვის არ გამოიყენება. ჰანგდრამი შვეიცარიაშია დამზადებული, მაგრამ „წარმომავლობა” აშკარად აზიური აქვს. როცა პირველად ამ ინსტრუმენტის ჟღერადობა მოვისმინე, გაოცებული დავრჩი. მერე დავიწყე მისი მოძიება. ძალიან ბევრი ვითმინე და  ვიწვალე, რომ მისი ყიდვის უფლება მიმეღო. როგორც თავიდან გავიგე, მისი პირდაპირ ყიდვა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული – დამამზადებელი  მყიდველს უყენებს მკაცრ პირობებს, რომ  მინიმუმ  ორი წელი უნდა მოითმინოს, ამ ხნის განმავლობაში ინსტრუმენტს არ მოგყიდის. ამით რაღაცნაირად ამტკიცებ, რომ მართლა გინდა ამ ინსტრუმენტის შეძენა. ამას მოჰყვება ხელშეკრულება, რომ ინსტრუმენტს არ გაყიდი. მოკლედ, ძალიან ბევრი პირობა უნდა დააკმაყოფილო, რომ ჰანგდრამის  პატრონი გახდე.  ეს ორი წელი გავატარე მიწერ-მოწერასა და პირობების გაცვლა-გამოცვლაში ინსტრუმენტის დამამზადებელთან, რომელიც საკმაოდ უცნაური ტიპია. წარმოიდგინეთ, შვეიცარიაში საკუთარ სახელოსნოში სხედან ქალი და კაცი და აკეთებენ ჰანგდრამს. ადამიანები კი წლები ელოდებიან, მათ მიერ დამზადებული ინსტრუმენტის შეძენას. მერე მასზე  დაკვრას არ იტყვით? დაკვრას ახლაც  კი ვსწავლობ.  

 –  ასე ტანჯვით მოპოვებული ჰანგდრამის ხათრით ახალი მუსიკა როგორ არ უნდა  დაგეწერათ. 

–   იაპონელების ტრაგედიას მივუძღვენი მუსიკა და ბათუმისთვის არ უნდა დამეწერა? ჰანგდრამი  ქართულ ჟღერადობაშიც კარგად ჩაჯდა, მომეწონა.  სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო დიდი ემოციებით ვაკეთებდი  მუსიკას, ვიდრე წლების წინ. ბორდიური ხელოვნებასა და იმ საქმეს შორის, რასაც ვაკეთებ, იმდენად მაღალია, იმისთვის, რომ, ბორდიურს იქით აღმოჩნდე, ბევრად მაღლა უნდა აძვრე და გადახტე. შესაბამისად, გახსნილობა, გულწრფელობა და თავისუფლება ამ კონცერტმა უფრო მეტი მომიტანა. წლების წინ, როცა ამას ვაკეთებდი, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე. ახლა რაღაცის გადალახვა მომიწია და მიხარია, რომ გამომივიდა. ბევრია ისეთი, ვისაც  არ დაეზარება და იტყვის: რა დროს დიმპიტაურ-დამპიტაურია, წადი, ხე დარგეო, ზოგიც ბანალურად შემოგითვლის მოსაკითხს და იტყვის, ეს კომპოზიტორი დაგვაქცევსო, თითქოს კომპოზიტორი სალანძღავი სიტყვა იყოს. რა უნდა ვუთხრა ასეთ ადამიანს, კანონით თმენის ვალდებულება მაქვს, თორემ მეც „მოვიკითხავდი“ ასეთებს.          

–  იცით, რომ თქვენს ქმედებას ეს ამბები მოჰყვება და მაინც აკეთებთ. რატომ, მინისტრობა აღარ გინდათ და  ისევ თავისუფალი ცხოვრებისკენ ილტვით?

–  ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ. ამერიკის პრეზიდენტები მღერიან, ცეკვავენ და რა მოხდა, მე რომ მუსიკა დავწერო? კლინტონი მშვენივრად  უკრავდა საქსოფონზე, ცუდი იყო ამაში რამე? სამაგიეროდ, მომავალში, როცა მოქმედი მინისტრი დაუკრავს ან იმღერებს, ეს აღარავის გაუკვირდება. ის მინისტრიც თავისუფლად მოიქცევა, სტანდარტები უნდა გაფართოვდეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მინისტრი  დასაქოქი ადამიანია – არ აქვს თავისი სამყარო, დაქოქავ და მინისტრად იმუშავებს, ასე ნამდვილად არაა. ყველანი ადამიანები ვართ, ზოგს სიმღერა უნდა, ზოგს დაკვრა და ზოგს ქეიფი,  საჯარო მოხელის და საერთოდ, ჩარჩოებში ცხოვრება ძალიან დამღლელია. ადამიანის ბუნება ასეთია –  რაც გაქვს იმას არ აფასებ და რაც არ გაქვს, იმას მისტირი. ამას მათთვის ვამბობ, ვინც ფიქრობს, რომ მინისტრობას რა უნდა – კაბინეტი გაქვს, მანქანა, ისა, ესა. ჩემთვის კი ეს  არის საქმე, რომელიც უნდა გააკეთო.  ადამიანი იღლები არა შრომით, არამედ ცხოვრების წესით, პასუხისმგებლობით, ვალდებულებებით. ამას წინათ ის ფოტოები ვნახე, რომელიც ჩემი მინისტრად წარდგენის დროს არის გადაღებული და დავრწმუნდი, როგორ შემცვლია თმის ფერი, როგორ გავჭაღარავდი (იცინის).  

–  თქვენი ცხოვრების წესი, ნამდვილად რომ არაჩინოვნიკურია, – მღერით, დაფრინავთ, მოტოციკლით დადიხართ.

– მოტოციკლი  აღარ  მყავს. ერთი კარგი იდეა მქონდა და იმ პროექტს მოვახმარე ეს ფული. საზოგადოებისთვის მისაღები საქმეა და აბსოლუტურად სხვა სფეროში, რაც კი გამიკეთებია ოდესმე. თუმცა, მისი გახმაურებისგან  ჯერ თავს შევიკავებ. იმ დაძაბული ცხოვრების ფონზე, რაც გვაქვს, მაინც რომანტიკოსად ვრჩები. ასეთ რაციონალურ ცხოვრებაში ეს იოლი არაა, მაგრამ არ უნდა დაკარგო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია. იმას არ ვამბობ, რომ ვზივარ კაბინეტში და რომანტიკულ გადაწყვეტილებებზე ვფიქრობ, მაგრამ არ ველევი ადამიანურ ემოციებს, რითაც ცხოვრება საინტერესო ხდება.  სულ ახლახან მივხვდი, რომ კოსმონავტი ვეღარ გამოვალ, გავცდი ამ პერიოდს და ძალიან გავმწარდი. თუ ძალიან არ დახვეწეს კოსმოსური ხომალდები, იქ მე აღარ გამიშვებენ. კოსმონავტები ხომ  ფიზიკურად ყველაზე შორს გადიან, როგორ შეიძლება ამაზე არ ოცნებობდე? (იცინის) მე მომწონს მრავალფეროვნება და სიახლეები, ყოველდღიურად ვვარჯიშობ, დავრბივარ, ვცურავ, ფორმაში ვარ. არც ექსტრემალურ სპორტზე ვამბობ უარს – დავფრინავ,  თხილამურებით ვსრიალებ.  ამ ბოლო დროს ველოსიპედსაც „დავუმეგობრდი”, მაგრამ ქალაქში  ვერ დავდივარ, რადგან ჩემი ცხოვრების წესი მეტ-ნაკლებად ჩინოვნიკურია. ესეც კანონის  ფარგლებშია მოქცეული, თუმცა ჩემს წილ თავისუფლებაზე უარს არასდროს ვამბობ, რაც შეიძლება, სტერეოტიპებში მთლად ვერ ჯდებოდეს. მთავარია, დავიცვათ კანონი, თორემ დახეული ჯინსით რომ ვიარო, მგონი, ეს დანაშაული არაა. თუ ეს არ შეიძლება, სადმე უნდა ეწეროს. ბევრს არ ესმის, რომ მინისტრსაც შეიძლება, უნდოდეს დახეული შარვლით სიარული. ეტიკეტს ყოველთვის ვიცავ, რადგან  მარტო საკუთარ თავს არ წარმოვადგენ და ადამიანებისთვის მთავრობის წევრი ვარ (იცინის). ქუჩაში შიმშილით რომ ვკვდებოდე, მანქანით მოძრაობისას ჭამას ვერ დავიწყებ, ამას ვერ გავაკეთებ. ვინმე გაჩერდება ჩემს გვერდით და ამას აუცილებლად აღნიშნავს.  როცა რაიონიდან მოვდივარ დაღლილი, ხომ შეიძლება, ჩამეძინოს. მძღოლს ვეუბნები: თბილისში რომ შევალთ გამაღვიძე, მძინარეს ნუ ჩამომატარებ-მეთქი. ვიღაცამ შეიძლება თქვას, გოგა ხაჩიძე ვნახე გათიშული მთვრალი, თვალებს ვერ ახელდაო. არადა, მე და სასმელი საერთოდ ვერ ვმეგობრობთ. ცხოვრების ასეთ წესს მივეჩვიე, ისევე, როგორც ყველაფერს დანარჩენს – ცუდსა და კარგს, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება. ჩინოვნიკობამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში, მაგრამ ვფიქრობ, „საბაზო მოდელი” შენარჩუნებული მაქვს. ამისთვის  სულ ვიბრძვი – ვიბრძვი საკუთარ თავთანაც. დილის შვიდ საათზე რომ გაიღვიძებ სამ საათზე დაძინებული, ბრძოლა არაა?! მერე ოთხ კილომეტრს რომ გაირბენ, იცურებ ესეც ხომ ბრძოლაა?! გამალებული ვებრძვი მავნე ჩვევებს, მაგრამ სიგარეტთან დაკავშირებით, ჯერ წარმატებას ვერ მივაღწიე, ხომ ხედავთ, ელექტროსიგარეტით ვარ აღჭურვილი, მატყუარა საწოვარა მაქვს, მაგრამ ვიცი, ამის დახმარებით სიგარეტს თავს ვერ დავანებებ. 

–   თქვენი სამუშაო კაბინეტი ადრე უფრო „გამწვანებული” იყო, ვიდრე ახლა. რატომ?

–   არის რაღაც-რაღაც სიმბოლიკები, სტუმარი რომ შემოვა, ხომ უნდა იგრძნოს, რომ გარემოს დაცვის მინისტრის კაბინეტშია. ეს თევზები, დღითი დღე რომ მრავლდებიან,  გარემოს შემადგენელი არაა?  თქვენ ის ხე გახსოვთ, აქ რომ იდგა. ის ხე  ლამის გახმა.

–  გარემოს დაცვის მინისტრს კაბინეტში ხე გაუხმა?

–  არა,  საბოლოოდ, გახმობას გადავარჩინეთ, ჩემმა თანაშემწემ თავის კაბინეტში გაიტანა და ახლა „ჩემს”  ხეს ის უვლის (იცინის).

–  მოიტანეთ ერთი ხე, თქვენ ეს არ გაგიჭირდებათ. 

–  არა, ასე  არაა საქმე. მოვიტანო და მერე იტყვიან, ხეები კაბინეტში მიაქვსო (იცინის). ერთი პერიოდი ნადირობით ვიყავი გატაცებული. რაც მინისტრი გავხდი, სანადიროდ ხშირად აღარ დავდივარ. ვერავინ იტყვის, რომ ნადირობით ან თევზაობით შევაწუხე, ჩემთვის ნადირობაც და თევზაობაც ბუნებაში გასვლაა და არა მიზანი, რომ  ცხოველი და ფრინველი მოვკლა.  მე კარგ ურთიერთობებზე, საინტერესო ადამიანებზე, დადებით ემოციებზე,  დროსა და ზოგადად,  ცხოვრებაზე „ვნადირობ”. ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი „მუღამი” აქვს (იცინის). 

– ისე  ხშირად „დაფრინავთ” პარაპლანით, თითქოს მაინც  გაურბიხართ ამ „სიამეებს”...

–   არაფერს არ გავურბივარ. უბრალოდ, მიყვარს  ექსტრემი. საოცარი შეგრძნებაა, როცა  ადამიანი ტექნიკის, ძრავას გარეშე დაფრინავ, იქ, სადაც ყველაზე დაუცველი ხარ, ბედს და საკუთარ შესაძლებლობებს  მინდობილი. როცა მიწაზე ხარ, უნდა გახსოვდეს, რომ ცა არსებობს. ცაში კი იმაზე უნდა იფიქრო, რომ არსებობს მიწა, სადაც ყოველთვის უნდა დაბრუნდე (იცინის).         

 

 

скачать dle 11.3