კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა ურთიერთობა შეინარჩუნა ყოფილ ცოლთან ზაზა იაქაშვილმა და ვისთან ერთად გაარკვია ანი გიუნტერმა კრედიტებისა და მზითევის ამბები


როდესაც ანი გიუნტერთან ჩვენი რუბრიკის მეორე სტუმარზე ვფიქრობდით, მან თქვა, რომ ერჩივნა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ იცნობს და რომლის შესახებაც სწორედ ინტერვიუდან გაიგებდა უამრავ რამეს. ვინაიდან სერიალი „ჟამი ყვავილობისა“ დღითიდღე პოპულარული ხდება, ჩვენ მისი ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო როლის შემსრულებელი ზაზა იაქაშვილი შევარჩიეთ, რომელიც არა მხოლოდ კარგი მსახიობი, კარგი ჟურნალისტიც აღმოჩნდა.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ზაზა იაქაშვილი

– როგორ ხარ, ანი? ვიცი, რომ პატარას ელოდები, ხომ არ იცი ბიჭი გყავს თუ გოგო?

– გადასარევად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება ჩემს პატარას, ამის შესახებ საუბარი არ მინდა, საიდუმლოდ დავტოვებ. მართალია, ისეთი თემაა წესით სულ ამის გარშემო უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

– ეს აბსოლუტურად სწორად მიმაჩნია. კარგი, მითხარი ვინ არის შენი მეუღლე? გაგვაცანი.

– ჩემი მეუღლე სახლში არ გახლავთ და ამის გამო ბოდიშიც მოგიხადათ. ჩემი მეუღლე არის კახა არაბიძე, პროფესიით იურისტი. კარგი, მოსაწონი ბიჭია. (იცინიან) უპირველესად, ძალიან კარგი ქმარია, მაგრამ ისედაც კარგი ბიჭია. კარგი ბიჭის ცოლი გამოვდივარ. (იცინიან) ამიტომაც მხოლოდ ასე ვიტყვი, ძალიან კარგი ქმარია.

– დიასახლისობას როგორ მიეჩვიე?

– გადასარევად. კახა არ არის პრეტენზიული და სკანდალებს არ აწყობს იმის გამო, თუ გაურეცხავი ჭურჭელი დახვდა. ზუსტად ასეთი ქმარი მჭირდებოდა მე, რომელიც დილის ექვსის ნახევარზე გავდივარ სახლიდან. შესაბამისად, ოთხ საათზე ვერ ავდგები იმისთვის, რომ ქმარს ყავა დავახვედრო. სამაგიეროდ, რომ მოვდივარ, ყავა მხვდება, რადგან ზუსტად ამ დროს იღვიძებს ის.

– ესე იგი, შენს ამ არანორმალურ გრაფიკს ნორმალურად ეგუება.

– ეგუება, რადგან ეს საკითხი თავიდანვე გარკვეული გვქონდა. პირიქით, ყველანაირად ხელს მიწყობს. ახალი დაქორწინებულები რომ ვიყავით, სამსახურში მას დავყავდი. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლი მაკითხავდა, მაინც ჰქონდა სურვილი, თვითონ მივეყვანე სამსახურამდე. მერე უკვე კახამაც ძალიან დაძაბულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა და ჩემს წაყვანას ვეღარ ახერხებდა. ახლა რაღაცნაირად ვანაწილებთ დროს ისე, რომ ერთად, რაც შეიძლება მეტი დრო გავატაროთ. თავიდან, გადაცემას ყოველთვის უყურებდა, სასიყვარულო ესემესებს მიგზავნიდა. ყოველ წამს და ყოველ წუთს მოდიოდა ესემესი, რომ ახლა ასე მიტრიალდი, ასე მოტრიალდი, ამ პროფილში კარგად ჩანხარ, ეს არ თქვა, ისე გამოიხედე. ახლა, უკვე ხუთი თვეა რაც ცოლ-ქმარი ვართ და ზუსტად რამდენიმე დღის წინ ეთერის დროს ჩემი ტელეფონის ხმა გაისმა. ხმის ჩაწევა დამავიწყდა და მიუხედავად იმისა, რომ ყურში ბევრი აღშფოთებული ხმა მესმოდა, როგორია პირდაპირ ეთერში „ნოკიას“ ზარი, მაინც ბედნიერი ვიყავი, იმის მოლოდინში, რომ ჩვეულებისამებრ, ძალიან სასიამოვნო ესემესი დამხვდებოდა. რომანტიკული განწყობით გავხსენი ტელეფონი და აღმოჩნდა, რომ „ლაჟვარდოვანი დილიდან“ გადავსულვართ „სად არის ჩემი წინდები?!“ (იცინიან) პირდაპირ ეთერში ეს საკითხი გავარკვიეთ.

– რის თქმა გინდა, რომ ყოველდღიური ცხოვრება რომანტიზმს მაინც ებრძვის?

– ნამდვილად. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს ქათამი და სისტემატურად ქათამს ვუხარშავდი. რომ დამირეკავდა და მეტყოდა რას შვრებიო, დედალს გიხარშავ-მეთქი, ვპასუხობდი. ერთი სიტყვით, სულ ქათამი გვქონდა. გუშინ წამოიჭრა საკითხი, რა იყო უფრო ადრე, ქათამი თუ კვერცხი? კითხვა, რომელსაც კაცობრიობამ პასუხი ვერ გასცა და ჩვენ პასუხი ვიპოვეთ. თავიდან იყო ქათამი და ახლა არის კვერცხი, რადგან ახლა ჩვენს სახლში ყოველ დილით მხოლოდ კვერცხია. კვერცხი შემწვარი, მოხარშული, ყიყლიყო და სხვა. (იცინიან).

– ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობ?

– კი. მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებით ვიკვებები, ნახევარფაბრიკატები გამორიცხულია. ძეხვს, სოსისს და ასეთი ტიპის ცელოფანში ჩატენილ ხორცს მირჩევნია ერთი ქილა მაწონი. ადრე ვიტყუებოდი, რომ ვვარჯიშობდი, ჩემი რუბრიკის გამო. არ ვვარჯიშობ, თუმცა ძალიან მინდა აუზზე სიარული და ვერა და ვერ მივედი. ძალიან ვეცდები, რომ წონაში არ მოვიმატო, მაქსიმალურად ვაკონტროლებ საკუთარ თავს. ამ ბოლო დროს ვცდილობ, რაც შეიძლება, მეტი ვიარო ფეხით. ძალიან სასაცილოა ხოლმე, მეგობართან ერთად რომ ვსეირნობ და გვერდით კახა მანქანით მომყვება, თან განვიხილავთ ყველა საკითხს.

– არის თუ არა შენი მეუღლე შენთვის იდეალური მამაკაცი?

– იცი რა, ყოველთვის ვცდილობდი, იდეალები არ მყოლოდა, რადგან არ არსებობს იდეალური ადამიანი. თუმცა, ის ჩემთვის ნამდვილად იდეალურია. წარმოდგენები არ შემიქმნია, რომ მერე არ დამმსხვრეოდა.

– კარგი, შევცვალოთ თემა. ვიცი, რომ სერიალში მონაწილეობდი, ამ საქმის პიონერი იყავი, ასე ვთქვათ.

– კი და ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო პერიოდი იყო. ძალიან მენატრება გადაღებების პროცესი, ნოსტალგია მაქვს იმ დროსთან. სხვათა შორის, იმ სერიალმა ძალიან შეცვალა ჩემი ცხოვრება.

– რა უფრო სასიამოვნოა შენთვის, სერიალში მონაწილეობა თუ ის, რასაც დღეს აკეთებ?

– ვერ შევადარებ, რადგან ის სხვა გამოცდილებაა, ეს – სხვა. ამ შემთხვევაში უფრო თავისუფალი ვარ, თვითონ ვქმნი ყველაფერს, ვფიქრობ თემებზე, სტუმრებზე, ბევრ რამეზე ერთად. ხანდახან ვფიქრობ, რა კარგი იყო დაწერილი სცენარი, კონკრეტული დავალება მქონდა და ამ დავალების გარშემო ვმუშაობდი.

– შენ თუ ხარ გულახდილი სტუმრებთან, რომლებიც ხშირად ვერ იხსნებიან ჟურნალისტთან?

– მართალია, მე იმისთვის ვარ, რომ კითხვები დავსვა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემგან მოდის ის ტალღა, რაც სტუმარს არა მხოლოდ გულახდილობისთვის, ზოგადად საინტერესო საუბრისთვის სჭირდება. თან ძალიან ცოტა დრო აქვს სტუმარს იმისთვის, რომ სტუდიას მოერგოს, დამშვიდდეს და ამ ცოტა დროში თავისი სათქმელიც თქვას. ამიტომაც, ალბათ ბევრი რამ ჩემზეა დამოკიდებული.

– შენს რუბრიკაში გიწევს საუბარი ჩაცმაზე, თავის მოვლაზე, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. შენ თავად რა თემებზე გააკეთებდი გადაცემას ანი გიუნტერის შოუ რომ გქონდეს?

– ძალიან ბევრი თემა მაინტერესებს, თუმცა „კოსმო-რუბრიკა“ არ მზღუდავს და ნებისმიერ თემაზე შემიძლია საუბარი. ანუ, ის რაზეც ანი გიუნტერის შოუში ვილაპარაკებდი, იმაზე საუბარი აქაც შემიძლია. რაზე აღარ გვისაუბრია, კრედიტების თემაც გვქონდა, მზითვების თემაც გვქონდა...

– კრედიტებით შევსებული მზითვების?

– (იცინიან) ესეც იყო. რძალ-დედამთილის ურთიერთობაც და ცხოველების მოვლაც. რაც მაინტერესებს იმის გარშემო ვიწყებ ფიქრს.

– სამომავლოდ, რაიმე ახალი თუ გაქვს დაგეგმილი?

– პირველი, გადაცემის უფრო მეტად გახალისება. ფორმატიდან გამომდინარე, როდესაც ამა თუ იმ წერტილიდან პირდაპირი ჩართვა გაქვს, შეგიძლია შოუს პატარა ელემენტები დაუმატო.



ინტერვიუ 2.

ჟურნალისტია

ანი გიუნტერი



– ამ ბოლო დროს ხალხმა უფრო კარგად სერიალიდან გაგიცნო, მანამდე სხვა ამპლუაში იყავი.

– „იმედის ტალღაში“. შენი სიტყვები გამახსენდა, ის იყო პროექტი, სადაც ყველაფერი შენი მოსაფიქრებელია. მოგცემდნენ თემას, უნდა მოგეფიქრებინა სიმღერა, დადგმა, რა ჩაგვეცვა, მხოლოდ და მხოლოდ სამი-ოთხი დღე გვქონდა რეპეტიციისთვის და მერე – ჩაწერა. ასე, სამი თვის განმავლობაში. ხომ წარმოგიდგენია, რა რეჟიმში ვიყავით.

– კოსტიუმებსაც ერთად არჩევდით შენ და ნინი ბადურაშვილი?

– ნინის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, რადგან თავიდანვე მითხრა, რასაც გინდა, იმას გავაკეთებო. ეს ძალიან დამეხმარა, რადგან ნინისთვის პრობლემა არ იყო, ყველაფერს იმღერებდა, მე კი ხელის შეწყობა მჭირდებოდა. სოფო ხალვაშთან ერთად მომიწია კიდევ სიმღერა და ძალიან მინდა მასაც დიდი მადლობა ვუთხრა.

– სერიალში როგორია შენი როლი?

– ძალიან საინტერესო, მრავალპლანიანი. გამაფრთხილეს, რომ ეს იმდენად რთული როლია ბევრი მუშაობა სჭირდება და თუ კიდევ რაიმე მოსაზრება, ან სადმე პარალელური სამუშაო მქონდა, ეს დროებით უნდა გადამედო. ძალიან არაორდინალური და არაერთგვაროვანი ტიპია ჩემი გმირი. ამდენად, ამ როლზე მუშაობა ძალიან საინტერესოა.

– რამდენად ჰგავს ეს გმირი ზაზა იაქაშვილს?

– ერთადერთი, ეს არის საქმისადმი დამოკიდებულება და იმედი მაქვს, ამით მართლა ვგავართ ერთმანეთს. სხვა საერთო არაფერი გვაქვს. ამბობენ, რომ შენი როლის ადვოკატი უნდა იყოო და მეც ასე მიწევს. მართალია, სცენარი დაწერილია, მაგრამ შენ გევალება, რომ ის გმირი გააცოცხლო. მას აუცილებლად უნდა უთანაგრძნო. ზუსტად უნდა იცოდე მისი მოტივები – როგორი ბავშვობა ჰქონდა, რატომ ეწევა სიგარეტს ან რატომ არ ეწევა, რატომ იცინის ჩუმად და არ ხარხარებს, რომ სხვანაირად არაფერი გამოვა. ვთქვათ, სცენარში წერია ასეთი პასუხი, შენ კი სხვანაირად უპასუხებდი. უნდა გაიგო, ის რატომ პასუხობს ასე. ეს არის მთელი ხიბლი.

– ძალიან საინტერესო ფრაზა თქვი – იყო შენი როლის ადვოკატი. ადამიანი, რომელიც ჰიტლერს თამაშობდა, მთელი არსებით იცავდა მას. შენ ყველაზე მეტად რომელი გმირის დაცვა გაგიჭირდა, რომელიც ზოგადად მიუღებელი პიროვნება იყო?

– იმ როლებიდან, რომელიც მითამაშია, ყველაზე მეტად უარყოფითი პიროვნება ეს გმირია. აქ მხოლოდ დაცვაზე არ არის საქმე, საჭიროა თანაგრძნობა. როდესაც თამაშობ, საბოლოო ჯამში, ეს მაინც შენი ემოციაა. აბა, სხვა ვისი? მხოლოდ თანაგრძნობით შეიძლება შეაღწიო ამა თუ იმ გმირში და უარყოფითთან ერთად მისი დადებითი მხარეებიც აჩვენო ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სცენური, ეკრანული და ცხოვრებისეული სინამდვილე აბსოლუტურად განსხვავებულია, ყველგან ბუნებრივი უნდა იყო. ეს არის მგონი, მთავარი პრინციპი.

– ვხვდები, რა განსხვავებაა თეატრსა და კინოში მუშაობას შორის, მაგრამ რომელი უფრო რთულია?

– ვეცდები მარტივად ვთქვა, თუ, რა თქმა უნდა, ამას მარტივად თქმა ჰქვია. თეატრის სცენაზე მსახიობი ივსება, იხვეწება ტექნიკურად, ხდება მისი სულიერი ზრდა, ხოლო კინოში იხარჯება. ანუ, ის ყველაფერი, რასაც თეატრში გამოიმუშავებ, იმის დახარჯვა და დაცლა ხდება კინოში. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, თეატრი ჩემთვის ერთგვარ კვარცხლბეკზე დგას, რომელიც ხელშეუხებელია.

– კინოსა და თეატრზე ვისაუბრეთ, მაგრამ როგორია შენი ყოველდღიური ცხოვრება, როგორია შენი დილა, მაშინ როდესაც მე მთელ საქართველოს ვესალმები?

– დილით კვერცხს არ ვჭამ. (იცინიან) ჩემთვის დილა სხვადასხვანაირია, რადგან ხანდახან დილით ვამთავრებ მუშაობას. ანუ თუ გადაღებიდან შვიდ საათზე არ მოვედი და რამდენიმე საათი გამოძინების საშუალება მაქვს, მაშინ შვიდ საათზე ვდგები. არ არსებობს, ამ დროს გადავაცილო. ხუთ საათზეც რომ დავწვე, შვიდზე ავტომატურად მეღვიძება. ვდგები, ავდივარ კუს ტბაზე, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ვვარჯიშობ იოგას, ვცურავ. სახლში მივდივარ, რომ გამოვიცვალო და გავრბივარ საქმეებზე. რაც სერიალი დაიწყო საღამოს დარბაზში წასვლის საშუალება არ მაქვს, მაგრამ მანამდე კვირაში სამჯერ მაინც, საღამოობით ვვარჯიშობდი სრულკონტაქტიან კარატეზე.

– რამდენი ხანია რაც ამით ხარ გატაცებული?

– მთელი ცხოვრება, რაღაცას ვვარჯიშობ. მეექვსე კლასიდან ვვარჯიშობ იოგას მეთოდით. ყოველთვის ვიყავი დაინტერესებული აღმოსავლური ორთაბრძოლებით, ზოგადად აღმოსავლური ფილოსოფიით, ეზოთერიზმით. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩვენი წმიდა მამების ცხოვრება წავიკითხე, რომელიც ჩემს ბავშვობაში არ მოიპოვებოდა, სამოცდათერთმეტწლიანი ვარ, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, ყველაფერი ის, რითიც მანამდე ვიყავი გატაცებული გვერდითი მოვლენასავით იყო, რუსულად კარგად ჟღერს, „პაბოჩნი ეფექტ“, აიღე და ხევში გადაყარე. აქ ყველაფერია და თან ძალიან ძლიერი. ბოლო პერიოდში დამაინტერესა კონტაქტურმა კარატემ. მანამდე ასეთ ძლიერ სენსეისთან არ მქონია შეხება, როგორიც ახლა მყავს. სერიალმა მართალია, ძალიან ამომაგდო რიტმიდან, მაგრამ მინდა ისე მაინც მივიდე, რადგან ყველა საშინლად მომენატრა.

– იოგა არ არის მხოლოდ სხეულის ვარჯიში, ხომ?

– არავითარ შემთხვევაში. ეს არის სინთეზური ვარჯიში, რომელიც გულისხმობს სწორ კვებას, სულიერ სიმშვიდეს და სხვა. მიმაჩნია, რომ მსახიობი აუცილებლად უნდა ვარჯიშობდეს. ჯერ ერთი, ეს არის თვითდისციპლინა, გინდა არ გინდა ფსიქიკაც სხვაგვარად მუშაობს, იოლად არ იღლები და ეს თავისდაუნებურად ხდება. ბოლომდე იხარჯები არა მხოლოდ საქმეში, არამედ მეგობრებთან, სიყვარულში, ყველაფერში ერთად.

– ზაზა, პუნქტუალური ხარ? ისე გაწუხებს ის ფაქტი, რომ გადაღებაზე გაგვიანდება, მიკვირს.

– საერთოდ მირჩევნია ხოლმე ველოდო, ვიდრე ვიცოდე, რომ მელოდებიან. ეს მაგიჟებს. ყოველ შემთხვევაში, ამ დრომდე ჩემს არაპუნქტუალურობაზე არავის დაუწუწუნია. (იცინიან) ეს არის პროგრამა მინიმუმი. თუ გინდა რომელიმე საქმეში წარმატება გქონდეს პუნქტუალურობა პირველია.

– რაში იხარჯები უფრო მეტად?

– ვცდილობ, ყველაფერში ერთნაირად დავიხარჯო, თუ ამის საშუალება მაქვს. თუ არადა, იქ საერთოდ არ ვარ. ნახევრად, საშუალოდ არაფრის კეთება არ შემიძლია, თუ ვაკეთებ – ბოლომდე.

– მე უკვე ვილაპარაკე ჩემს სიყვარულზე. შენ დაოჯახებული ხარ?

– მე და ჩემი მეუღლე უკვე მეხუთე წელია, ერთად აღარ ვართ, თუმცა საუკეთესო მეგობრებად დავრჩით. ერთმანეთის უახლოესი ადამიანები ვართ.

– თუ ასეა, რატომ დაშორდით ერთმანეთს?

– რაღაც ეტაპი ურთიერთობებში, ალბათ ყოველთვის სრულდება. აღქმა ყველაფერია. როდესაც სამყაროს აღქმაში, აზროვნებაში, ინტერესებში ერთმანეთს შორდებით, მერე თანაცხოვრებაც სხვაგვარი ხდება. ფიქრობ, რომ ჯობია, დაშორდეთ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიშავებია. ბოლო პერიოდში თუ რაღაცეებზე ვერ შევთანხმდით, ეს არ ნიშნავს, რომ ვიჩხუბოთ და ერთმანეთს ხმა აღარ გავცეთ. ბავშვებს ხომ, მით უმეტეს, არაფერი დაუშავებიათ?!

– რამდენი შვილი გყავს?

– ორი. ანა თორმეტი წლის არის, ამერიკულ აკადემიაში სწავლობს. ზაფხულში ლონდონში იყო და არაჩვეულებრივი შედეგებით ჩამოვიდა. როგორც ვხვდები, ოქსფორდის რეალური კანდიდატია. ძალიან კარგი გოგოა მარიამი... მარიამს ძალიან უნდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ უნდა. (იცინიან) მართალია, დები არიან, მაგრამ თუ ანა მხოლოდ ინტელექტია, მარიამი მთლიანად ინტუიციაა. ათი წლისაა და ზუსტად იცის, რა სიტუაციაში, როგორ დაგელაპარაკოს.

– შენ რა დონეზე გაქვს განვითარებული ინტუიცია? გონებით უფრო იღებ გადაწყვეტილებას თუ ინტუიციით?

– როდის – როგორ. ცნობილია, რომ ინტუიციაში ქალს მამაკაცი ვერასდროს აჯობებს და ამაზე არც ვკამათობ. მაგრამ, წლების განმავლობაში, გააჩნია პროფესიას, მამაკაცსაც უყალიბდება ინტუიციის უნარი. არ მინდა, ვინმემ ისე გამიგოს, რომ მსახიობისთვის ინტელექტი საჭირო არ არის. პირიქით, ინტელექტის გარეშე ადამიანს ვერ გაიგებ, ვერ გაუკეთებ მის პიროვნებას ანალიზს.

– ახლა თუ არის შენს ცხოვრებაში სიყვარული?

– როგორ შეიძლება ჩემს ცხოვრებაში სიყვარული არ იყოს?! ძალიან მიყვარს ჩემი შვილები, მეგობრები, საქმე, ადამიანი. სულ შეყვარებული ვარ, ოღონდ ვისზე და რაზე ეს უკვე მეორე საკითხია.

– მრავალფეროვან სიყვარულს გისურვებ.

– ძალიან დიდი მადლობა, ეს ყველაზე მაგარია.


скачать dle 11.3