კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-38(560) 

 

ცხინვალში ორის ნახევარზე ჩავედი და რესტორან „ოსეთის“ მიმდებარე ტერიტორიისა და ქუჩების შესწავლას შევუდექი იმ შემთხვევისთვის, თუკი ჩემი მეწყვილე რაიმე გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო ვერ შეძლებდა ჩემს გამოყვანას და შემთხვევის ადგილიდან გამოსვლა მარტოს მომიხდებოდა. ყოველ საქმეს ძირითადი გეგმის გარდა, სათადარიგო ვარიანტიც გააჩნია და სწორედ ამ ვარიანტს ვამუშავებდი ცხინვალის ქუჩებში ხეტიალის დროს.

სამს ათი წუთი აკლდა. სათადარიგო ვარიანტი უკვე შემუშავებული მქონდა და რესტორან „ოსეთში“ უნდა წავსულიყავი დავალების შესასრულებლად, როდესაც ერთი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა: რესტორნიდან დაახლოებით ხუთასი მეტრის დაშორებით ვიმყოფებოდი და უკვე საქმეზე მივდიოდი, როდესაც ერთ-ერთ ქუჩაზე ორმოციოდე წლის კაცი მომიახლოვდა და ცხინვალელებისთვის დამახასიათებელი აქცენტით, რუსულად მკითხა:

– რუსი ხარ?

– დიახ, რუსი ტურისტი ვარ და მოსკოვიდან ჩამოვედი თქვენი რესპუბლიკის დასათვალიერებლად, – უაქცენტო რუსულით მივუგე მამაკაცს და გზა უნდა განმეგრძო, რომ მან სახელოზე ჩამავალო ხელი, გამაჩერა და მითხრა:

– მე ვალოდია მქვია, შენ?

– ვასია, – მივუგე ცხინვალელს და მის გამოწვდილ ხელს ხელი შევაგებე.

– ვასია, ცხინვალი მოგწონს?

– ძალიან!

ვალოდიას ესიამოვნა ჩემი პასუხი, მხარზე მეგობრულად დამკრა ხელი და მითხრა:

– წამოდი ჩემთან, სახლში გეპატიჟები, ისე უნდა გაქეიფო, ისე, რომ ცხინვალიდან წასვლა აღარ მოგინდეს!

„ესღა მაკლდა“, – გავიფიქრე გუნებაში, ვალოდიას კი ვუთხარი:

– დაპატიჟებისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ, ჩემს ცოლთან, მის დასთან და დის ქმართან ერთად ვარ და მელოდებიან.

ეს რომ ვალოდიამ გაიგო, სულ მთლად გადაირია, მაჯაზე მეორე ხელიც ჩამავლო და მითხრა:

– კიდევ უკეთესი! ოთხივე ჩემთან წამოდით და კარგად ვიქეიფოთ!

– არა, არა, – ვიუარე მე, – სხვა დროს იყოს, ახლა კი უნდა წავიდე და გამიშვით.

– არსადაც არ გაგიშვებ, – ჯორზე შეჯდა ვალოდია, – ჩვენთან ასეა მიღებული და ჩვენს წესებს უნდა დაემორჩილო!

„ეს რა ხათაბალაში გავეხვიე“, – გავიფიქრე გუნებაში და მივხვდი, რომ ვალოდიას ასე იოლად ვერ მოვიშორებდი, თუმცა, ერთხელაც ვცადე ამის გაკეთება, გავუღიმე და ვუთხარი:

– დიდი  მადლობელი ვარ, ჩემო კარგო, მაგრამ, მართლა ძალიან გვეჩქარება, უნდა წავიდეთ და თქვენთან სხვა დროს ვიქეიფოთ.

ვალოდიამ პირქუში გამომეტყველება მიიღო, თვალი თვალში გამიყარა და კბილებში გამოსცრა:

– შენ მოსკოვში ხომ არ გგონია თავი? აქ ცხინვალია, კავკასია და, ჩვენს წესებს თუ არ დაემორჩილე, ცუდად წაგივა საქმე! – ვალოდიამ მუშტი მომიღერა და ცხვირთან ძალიან ახლოს მომიტანა.

კონფლიქტი რომ არ გამწვავებულიყო, რაც ჩემს დავალებას ჩაშლიდა, ვალოდიას გავუღიმე და ვუთხარი:

– კარგი, კარგი, ბოდიშს გიხდი, თანახმა ვარ და წავიდეთ შენთან, მაგრამ, ჯერ ჩემებს დავუძახებ, შენ კი აქ დამელოდე.

– შენები სად არიან? – შემომიბღვირა ვალოდიამ.

– რესტორან „ოსეთში“ მელოდებიან.

– წამოდი, მეც მოვდივარ, – მომიგო კოპებშეკრულმა ვალოდიამ და ჩემთან ერთად რესტორნისკენ დაიძრა.

მე უკვე ვიცოდი, რაც უნდა მექნა, გუნებაში მეცინებოდა და ვფიქრობდი: სულელო ვალოდია, შენს თავს დააბრალე, რაშიც ახლა გაებმები-მეთქი.

რესტორან „ოსეთში“ რომ შევედით, ოთხი საათი იყო დაწყებული. მე სრული მობილიზება მოვახდინე, მთელი ჩემი ნებისყოფა მოვიკრიბე და უზარმაზარ დარბაზს თვალი გადავავლე. მარცხენა კუთხეში დიდი მაგიდა იყო გაშლილი, რომელთანაც თხუთმეტი ადამიანი იჯდა და იქვე იმყოფებოდა სალიკვიდაციო ობიექტიც.

– აბა, სად არიან შენები? – მკითხა ვალოდიამ.

მე პასუხი არ გამიცია მისთვის და ნელი ნაბიჯით გავემართე მოქეიფეებისკენ, ვალოდია კი ფეხდაფეხ ამედევნა. სუფრისგან ორი ნაბიჯის მოშორებით შევჩერდი, შეჩერდა ვალოდიაც და პირი დააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ მე მას სიტყვის თქმა არ ვაცადე, ორი ცალი პისტოლეტი ამოვაცურე და ერთი ვალოდიას მივუშვირე, მეორედან კი სამი ტყვია ვესროლე ობიექტს, რომლებიც მას თვალში, შუბლსა და გულში მოხვდა და ადგილზევე მოკლა. მე კი ჯერ უკუსვლით დავიხიე უკან, თან პისტოლეტები მქონდა მიშვერილი მოქეიფეებისთვის, შემდეგ მკვეთრად შევტრიალდი, პისტოლეტები დავუშვი და რესტორნიდან სწრაფი ნაბიჯით გავედი. გარეთ ნაბიჯებს მოვუჩქარე, სულ მალე ჩემი მეწყვილის მანქანაში ჩავჯექი და ვუთხარი:

– საქმე გაკეთებულია, წადი!

ხშირი ნაძვნარიდან ისე გამოვედით, „კუდზე“ არავინ დაგვჯდომია და არც ცხინვალის გასასვლელში გავუჩერებივართ ავტოინსპექციას. ჩემი მეწყვილე საკმაოდ მშვიდად გამოიყურებოდა, მანქანას კარგად მართავდა და ეტყობოდა, რომ გამოცდილი პროფესიონალი იყო. გადასახვევამდე რომ მოვედით, მითხრა:

– მანქანას აქვე დავტოვებთ, მეორეში გადავსხდებით და ხაშურში წავალთ, საიდანაც შენ ელექტრომატარებლით დაბრუნდები თბილისში. შმოტკები, გრიმ-პარიკი და დანარჩენი რეკვიზიტები კი ზურგჩანთაში ჩაალაგე. მიდი, იჩქარე, დრო არ ითმენს!

ტანსაცმელი მანქანაშივე გამოვიცვალე. პისტოლეტები, ფოტოაპარატი, გრიმ-პარიკი და ტანსაცმელი ზურგჩანთაში ჩავალაგე და მეორე მანქანაში გადავსხედით, რომელიც მყუდრო ადგილზე იყო გაჩერებული, ძველი კი მის ადგილას დავტოვეთ. შემდეგ საპირისპირო მიმართულებით გავემგზავრეთ. ხაშურში ძალიან მალე ჩავედით და მეწყვილემ გამომშვიდობებისას მითხრა:

– მშვიდობით, ძმაო, იმედია, ერთმანეთს აღარ შევხვდებით!

– მშვიდობით, – მივუგე მეწყვილეს, მანქანიდან გადმოვედი და სადგურისკენ გავემართე, რომ თბილისში ელექტრომატარებლით დავბრუნებულიყავი.

თბილისში დროზე ჩავედი და კაფე „ნარგიზთანაც“ ჩვეულებისამებრ მივედი. არც მერის დაუგვიანია.

– როგორ ხარ, საყვარელო? – მერის თვალებზე ვაკოცე, თმაზე მივეფერე და ვკითხე, – ეგ როგორაა?

– მეც კარგად ვარ და ესეც, – მერიმ მუცელზე დაიდო ხელი და მკითხა:

– შენ?

– მეც კარგად ვარ, –  მერის ხელი გადავხვიე და ვუთხარი, – წამოდი, შევიდეთ და ვივახშმოთ.

– ძალიან გშია?

– არა, რატომ მეკითხები? – ვუთხარი მერის.

– მაშინ მოდი დღეს აღარ ვივახშმოთ და ქაშუეთში წავიდეთ.

– სად წავიდეთ? – საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

– აქვე, ქაშუეთის ეკლესიაში, – მომიგო მერიმ და დაამატა, – ხომ იცი, რომ პატარას ველოდებით და ღმერთს მისი მშვიდობით მოვლინება უნდა შევევედროთ. ამისთვის კი ეკლესიაში სიარულია საჭირო.

– კარგი რა, მერი, ვინმემ არ დაგვინახოს.

– დაგვინახოს მერე, ცუდს რას ვაკეთებთ, ვქურდობთ, ვმრუშობთ თუ კაცს ვკლავთ?

„ვკლავ, აბა რას ვაკეთებ“, – გავიფიქრე გუნებაში, მერის კი ვუთხარი:

– კარგი, წავიდეთ.

იმ პერიოდში ეკლესიაში ძალიან ცოტა ხალხი დადიოდა, ტაძრები თითქმის ცარიელი იყო და ყოველი შემსვლელი ყურადღებას იპყრობდა. მე და მერი რომ ქაშუეთში შევედით, საღამოს ლოცვა ტარდებოდა და ტაძარში ათიოდე, თანაც ხანში შესული ადამიანი იმყოფებოდა. ჩვენს დანახვაზე მღვდელმა ორიოდე წამით შეწყვიტა მსახურება, შეგვათვალიერა და ისევ განაგრძო. მერიმ ექვსი სანთელი იყიდა, სამი ცალი მე მომცა და მითხრა:

– ღვთისმშობელთან, მაცხოვართან და მიცვალებულების კუთხეში დაანთე.

– რომ არ ვიცი, სად რომელია?

– კარგი, წამომყევი და, სადაც მე დავანთებ, შენც იქ დაანთე, – მითხრა მერიმ და პირველად მიცვალებულების კუთხისკენ გაემართა.

მერე  მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებთან დავანთეთ სანთლები. მე მხოლოდ ვანთებდი, პირჯვარს არ ვიწერდი, მერი კი მხურვალედ ლოცულობდა. წმიდა მარიამის უზარმაზარი ხატის წინ კი მან მუხლი მოიყარა და ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლი.

– რა გატირებდა, მერი, ვინმემ გაწყენინა? – ვკითხე მერის, როდესაც ეკლესიიდან გამოვედი.

– არა, ვის უნდა ეწყენინებინა. ცრემლი უნებლიეთ მომდიოდა, – მომიგო მერიმ და ისე სათნოდ გამიღიმა, რომ ხატზე გამოსახულ ღვთაებას მივამსგავსე.

იმ დღიდან დაწყებული, მერიმ სისტემატურად დაიწყო ეკლესიაში სიარული, ნელ-ნელა ყველა მართლმადიდებლური წეს-ჩვეულება და რიტუალი აითვისა და სულ მალე ჭეშმარიტ მორწმუნედ ჩამოყალიბდა. მერე მოძღვარიც გაიჩინა და რეგულარულად აბარებდა აღსარებას, მარხულობდა, ქველმოქმედებდა – ერთი სიტყვით, აბსოლუტურად უბოროტოდ ცხოვრობდა და შემდგომში შვილებსაც ასე ზრდიდა და იმავეს მოითხოვდა ჩემგანაც, თან მთხოვდა, მოძღვარი გამეჩინა, მე კი მას ვპასუხობდი, მოძღვარი არ მჭირდება-მეთქი.

– რას ამბობ, კოკი, მოძღვარი ყველას სჭირდება და, მათ შორის – შენც. ჩვენ, ადამიანები, გზააბნეული ცხვრები ვართ და მოძღვარი იმისთვის გვჭირდება, რომ ჭეშმარიტი გზა მიგვითითოს და გვმწყემსოს, – მომიგებდა ხოლმე მერი.

– მოძღვარს აღსარება უნდა ვუთხრა, მე კი ეს არ შემიძლია. უბრალოდ, მრცხვენია, რომ უცხო ადამიანს ჩემი ინტიმური ამბები მოვუყვე. შენ, რა, ყველაფერს უყვები შენს მოძღვარს?

– რასაც ვერ ვუყვები, იმას ფურცელზე ვწერ და კითხულობს.

– მერე, არ გრცხვენია?

– ზოგჯერ – კი, მაგრამ, აღსარების შემდეგ ვიწმინდები და ზიარებას რომ ვიღებ, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ხელახლა დავიბადე. აი, თუნდაც ამისთვის ღირს აღსარების ჩაბარება და მოძღვარი აუცილებელია, – დაასკვნიდა ხოლმე მერი და დაამატებდა: – ამიტომ, ჩემო კარგო, გირჩევ, რაც შეიძლება მალე გაიჩინო მოძღვარი.

– მე უკეთესს გეტყვი, – ვპასუხობდი მერის: – მოძღვარს აღსარებას ცოდვების გამო ეუბნები. შენც, ნუ ჩაიდენ ცოდვებს და, აღარც აღსარების თქმა დაგჭირდება და აღარც მოძღვარი. აბა, რა ცოდვებს ჩავდივარ ახლა მე? არ ვლოთობ, ქალებში არ დავდივარ და ოჯახზე გადამკვდარი კაცი ვარ, გიდობა და თარჯიმნობა კი, როგორც ვიცი, ცოდვად არ ითვლება. აი, მილიციელი რომ ვიყო, სამხედრო, ან მოსამართლე, მაშინ სულ სხვა იქნებოდა, მაგრამ, ერთი რიგითი ადამიანი ვარ და ვის რას ვუშავებ?

– რასაც შენ ამბობ, უკვე ესაა ცოდვა. ყველა ადამიანი ცოდვილია. აქედან გამომდინარე კი აღსარებაც უნდა თქვა და, შესაბამისად, მოძღვარიც გჭირდება. შეიძლება, შენ სასიკვდილო, მიუტევებელ ცოდვებს არ სჩადიხარ, მაგრამ, მაინც ცოდვილი ხარ, ნუ ამპარტავნობ და ჭეშმარიტების გზას შეუდექი, – მეტყოდა ხოლმე მერი და ჩვენი მსუბუქი დავა ამით მთავრდებოდა, რადგან არაფერს ვპასუხობდი და ზედაპირულად ეს ისე ჩანდა, თითქოს მეუღლეს შეგნებულად ვუთმობდი. სინამდვილეში კი მშვენივრად ვიცოდი, რომ მერი მართალი იყო და იმასაც კარგად ვუწყოდი, თუ რა ჯოჯოხეთურ, მიუტევებელ ცოდვებს ჩავდიოდი, მაგრამ, უკვე ისე ღრმად მქონდა შეტოპილი, რომ უკან დასახევი გზა აღარ მრჩებოდა და, სიმართლე რომ ვთქვა, უკან დახევა არც მინდოდა...

ზოგადად – სპეცსამსახურები, კონკრეტულად კი „კაგებე“ ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი უმკაცრესი, საიდუმლო კანონები გააჩნია და ნებისმიერი დარღვევა ერთადერთი სასჯელით – სიკვდილით ისჯება... უშიშროების თანამშრომელი მუდმივად ბეწვის ხიდზე გადის, მის თავზე კი დამოკლეს მახვილი კიდია. გზიდან ნებისმიერი გადახვევა მისთვის კატასტროფით მთავრდება და, რაც უფრო მაღალი თანამდებობა უკავია ადამიანს, მით მეტად სახიფათო პოზიციაში იმყოფება ის. „კაგებე“ ის სტრუქტურაა, სადაც ყველა ყველას უთვალთვალებს, ბოლომდე არავინ არავის ენდობა და ყველაზე უახლოესი მეგობრებიც კი მზად არიან, შესაბამისი ბრძანების შემდეგ ერთმანეთს სული ამოხადონ... ამიტომ, „კაგებეს“ თანამშრომელმა, რომელსაც სიცოცხლის შენარჩუნება სურს, ოთხი რამ უნდა შეასრულოს: პირველი – უნდა შეეძლოს ენაზე კბილის დაჭერა და უწყებრივი საიდუმლოს სიკვდილამდე შენახვა. მეორე – ნებისმიერი უწყებრივი ბრძანება უსიტყვოდ და ზუსტად უნდა შეასრულოს; მესამე – არასდროს, არავის არ უნდა ენდოს ბრმად და ბოლომდე; მეოთხე – არასდროს არ უნდა სცადოს უწყებიდან წამოსვლა... ოთხივე ცნება მყარად მქონდა შესისხლხორცებული და უკან დახევა იმიტომ არ მინდოდა, რომ, ვიცოდი, ასეთ შემთხვევაში სიკვდილი არ ამცდებოდა, სიკვდილი კი ნამდვილად არ მინდოდა, მით უმეტეს, ახალდაოჯახებულ კაცს, რომელიც თავის პირმშოს ელოდა.

პირველი ვაჟი შემეძინა და მამაჩემის პატივსაცემად სანდრო დავარქვი. ბავშვი აბსოლუტურად ჯანმრთელი დაიბადა და თითქმის უპრობლემოდ იზრდებოდა. მისი შემხედვარე ვხარობდი, თან გუნებაში მერიზე მეცინებოდა, რადგან მას მიაჩნდა, რომ ცოდვილი მშობლების შვილებს უამრავი პრობლემა ექმნებოდათ და, მისი ლოგიკით, ჩემ გამო პატარა სანდრო მუდმივად ხიფათში უნდა ყოფილიყო...

– მართალია, ყველა ადამიანივით ჩვენც ცოდვილები ვართ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ მომაკვდინებელ ცოდვებს არ ჩავდივართ და ჩვენი პატარა სანდროც იმიტომაა ღვთივდაცული და კურთხეული, – მეტყოდა ხოლმე მერი და ჩვენს ეზოში მცხოვრები „ჩეკას“ ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი მოჰყავდა მაგალითად, – აი, ის საცოდავები, ხომ ხედავ, რა დღეში არიან?

– რა დღეში არიან? – ჩავეკითხებოდი ხოლმე მერის.

– რაღა რა დღეში, კოკი, მაგათი პატარა გვანცა ჩვენი სანდროს ტოლია. რომ შეხედავ, თვალს ვერ მოსწყვეტ, მაგრამ, იმ საცოდავს დამბლა სჭირს და ექიმები მშობლებს ვერავითარ გარანტიას ვერ აძლევენ, რომ ოდესმე გამოჯანმრთელდება, – მეტყოდა ხოლმე მერი, სანდროს გადახედავდა, პირჯვარს გადასწერდა და დაამატებდა: საბრალო ბავშვი... მაგრამ, ასე ხდება ხოლმე – ის საწყალი წინაპრების ცოდვებისთვის ისჯება. ბაბუამისი ძველი „ჩეკისტი“ იყო, ხალხს ხოცავდა და ღმერთმა მას ეს ცოდვები არ აპატია.

– კარგი, რა, მერი! რა შუაშია ბაბუამისი? დედამისს მშობიარობის ტრავმა აქვს და ბავშვის დამბლაც იმან გამოიწვია, – ვპასუხობდი მერის და მაშინ გულწრფელად მჯეროდა, რომ მართალი ვიყავი. რადგან მე თავად ვხოცავდი ადამიანებს, ჩემი ცოლ-შვილი კი უპრობლემოდ ცხოვრობდა,  მიმაჩნდა, რომ მერი ცდებოდა, ცოდვები აქ არაფერ შუაში იყო და, საერთოდ, ღმერთის არსებობის მაშინ ნამდვილად არ მწამდა.

– ღმერთმა მოგიტევოს, კოკი, ეგ ურწმუნოება, – მეტყოდა მერი და ჯერ ისევ სანდროს გადასახავდა ჯვარს, შემდეგ – მე, ბოლოს თვითონ გადაიწერდა პირჯვარს და დაამატებდა: – ნუთუ დაგავიწყდა, კოკი, რა დაემართა გვანცას მამას?

გვანცას მამა უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა. ის საცოდავი, მშენებელი იყო და ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსი უნდა ჩაებარებინა მიმღები კომისიისთვის, რომელიც ყველა დეტალს დაწვრილებით ამოწმებდა. სახლის სახურავის შემოწმების დროს კოკისპირული წვიმა წამოსულა, მეხიც გავარდნილა და გვანცას მამა ადგილზევე მოუკლავს, რომელსაც, თურმე, მეხამრიდზე ჰქონდა ხელი ჩავლებული. ის საცოდავი, ადგილზევე დანახშირებულა და სახლში „ცინკის“ კუბოთი მოასვენეს...

– მეხმა მოკლა, უბედური შემთხვევაა, – ვეუბნებოდი მერის, ის კი მპასუხობდა:

– მეხი ღმერთის იარაღი იყო, კოკი, ის უბედური კი მამამისის ცოდვების გამო დაისაჯა. გვანცას ბაბუა კი ისეთი ცოდვილი იყო, რომ ამას ვეღარ გაუძლო და თავში ტყვია დაიხალა.

– დაიხალა და დაიხალა, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია?.. გვეყო დავა! – ვეტყოდი ხოლმე მერის, სხვა ოთახში გავდიოდი და ჩვენი უსიამოვნო საუბარი ამით მთავრდებოდა.

გვანცას ბაბუა „ჩეკას“ პენსიონერი პოლკოვნიკი იყო და ცალკე, მარტო ცხოვრობდა. მას მე სამეზობლოდან ვიცნობდი და ისიც კარგად მიცნობდა. ზოგჯერ ბაბუაჩემსაც ესტუმრებოდა ხოლმე, თუმცა ბაბუას ის გულზე არ ეხატებოდა და მეუბნებოდა: შავბნელი ადამიანია და, ვინ იცის, რამდენი უსამართლობა აქვს ჩადენილიო.

ის ბაბუას ნარდს ეთამაშებოდა, მაგრამ, სულ აგებდა ხოლმე და ჩვენი სახლიდან დაბოღმილი მიდიოდა. ბაბუა არასოდეს აცილებდა სტუმარს.  ის რომ კარს გაიხურავდა, თვალს ჩავუკრავდი და ვეკითხებოდი:

– ისევ მოუგე?

– არ ეტყობოდა? – გაიცინებდა ბაბუა და დაამატებდა, – ესღა მაკლია, მაგას მოვაგებინო, თანაც ჩემს სახლში.

შემდეგ ის კაცი ახალ სახლში გადავიდა, ჩვენს ეზოში იშვიათად მოდიოდა და ბოლოს მისი შვილის დასაფლავებაზე ვნახე. ერთი წლის შემდეგ კი „ჩეკას“ ყოფილი პოლკოვნიკი თავის ბინაში შუბლგახვრეტილი იპოვეს. ყველა ამბობდა, თავი მოიკლაო და ძიებამაც ასეთი დასკვნა დადო. სინამდვილეში კი, ის მე მოვკალი – ეს ცენტრის დავალება იყო.

საქმის მომცემმა მეკავშირემ მითხრა:

– ცენტრმა შენ იმიტომ მოგანდო ეს საქმე, რომ იმ კაცს კარგად იცნობ, მის სახლში შესვლის პრობლემა არ გექნება, დანარჩენი კი შენი პროფესიონალიზმის საქმეა. თვითმკვლელობა ისე დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ მასში ეჭვი არავინ შეიტანოს.

თურმე, იმ კაცს დღიურები ჰქონია, რომელშიც „ჩეკას“ მთელი ბინძური საქმიანობა იყო აღწერილი, აგრეთვე, ყველაფერ ამის დამადასტურებელი საბუთები და ეს მასალა მას დასავლეთში უნდოდა, გაეყიდა. აბა, ასეთ რამეს ვინ აპატიებდა და, ეს ამბავი რომ არ გახმაურებულიყო, მოსკოვმა მისი მოშორება გადაწყვიტა, ხოლო დღიურები და საბუთები კი, მე უნდა წამომეღო მისი ლიკვიდაციის შემდეგ.

– სად აქვს ეს ყველაფერი შენახული? – ვკითხე მეკავშირეს.

– სამწუხაროდ, ეს ცნობილი არ არის, ადგილზევე უნდა მოძებნო, – მიპასუხა მეკავშირემ, შეხვედრის ადგილსა და დროზე შევთანხმდით და ერთმანეთს დავშორდით.

ყოფილი პოლკოვნიკი საკმაოდ გამოცდილი კაცი იყო, მისი მოტყუება იოლი არ იქნებოდა, ამიტომ, ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც მასში ეჭვს არ გამოიწვევდა და დავალების შესრულებას გამიადვილებდა.

რამდენიმე ვარიანტი გავაანალიზე და, ბოლოს, გადავწყვიტე, პოლკოვნიკს სახლში ვწვეოდი და მისი ბიოგრაფიის მოყოლა მეთხოვა, ვითომ ეს ჩემი საქმიანობისთვის მჭირდებოდა.

– ოჰ, კოკი, შენ ხარ? – გაუკვირდა პოლკოვნიკს და სახლში შემიპატიჟა, – რა გაგჭირვებია, რით შემიძლია, გემსახურო?

– ალბათ, გეცოდინებათ, რომ მუზეუმში „ჩეკას“ ისტორიის განყოფილება იხსნება...

– არა, პირველად მესმის, – გულწრფელად გაუკვირდა პოლკოვნიკს.

– დიახ, სწორედ ასეა. სამსახურში დამავალეს, რომ მასალები შემეკრიბა, მე კი თქვენ  გამახსენდით და იმიტომ გეახელით. დაგვეხმარებით? – განვუმარტე თადარიგის პოლკოვნიკს.

– რა თქმა უნდა, რაზეა ლაპარაკი! ერთი, აქეთ მობრძანდი, ჩემო კოკი, დაბრძანდი და აქ ამიხსენი ყველაფერი, – პოლკოვნიკმა თავის კაბინეტში შემიპატიჟა, საწერი მაგიდის წინ სკამზე დამსვა, თვითონ მაგიდას მიუჯდა, უჯრა გამოაღო და იქიდან პისტოლეტი ამოაცურა, მერე მომიშვირა და კბილებში გამოსცრა: – არ ჩაგივიდა ფეხი, ხომ, შე ნაბიჭვარო?! ჩემს მოსაკლავად მოხვედი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაგივარდა, არა?!

მთელი ჩემი ცხოვრება, დღევანდელობის ჩათვლით, ხიფათითაა სავსე და მუდმივად სიკვდილს ვეთამაშები, ანუ ყოველთვის ცუდის მოლოდინში ვარ და შესაბამის მზადყოფნაში ვიმყოფები. იმ საღამოს კი, როდესაც პოლკოვნიკის მოსაკლავად მისული მის პირდაპირ მოვკალათდი, ასეთი მზადყოფნა დავკარგე და კინაღამ საკუთარი სიცოცხლით ვაგე პასუხი. გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ ასეთ უმწეო მდგომარეობაში პირველად და, იმედია, უკანასკნელად ვიმყოფებოდი, რაც ჩემი პროფესიის ადამიანისთვის მიუტევებელია, თუმცა, მაშინ განგებამ დამინდო, მას შემდეგ ასეთი შეცდომა აღარ დამიშვია და იმედია, არც არასდროს აღარ დავუშვებ...

– ეს აბსურდი საიდან მოიტანეთ, ბატონო ჩემო? – მშვიდად ვუთხარი პოლკოვნიკს, თან მის მაყუჩიან ბრაუნინგს შევავლე თვალი და იარაღამდე სავარაუდო მანძილი გავზომე. მაინტერესებდა, მივწვდებოდი თუ არა ხელით, რომ პისტოლეტი წამერთმია ან ხელიდან გამეგდებინებინა.

– ნუთუ აბსურდს ვლაპარაკობ ამხელა კაცი, თანაც „ჩეკას“ ძალიან გამოცდილი პოლკოვნიკი, – ირონიულად მომიგო პოლკოვნიკმა, ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, პისტოლეტი თავში დამიმიზნა და მითხრა, – რაც უნდა ეცადო, ვერ მომწვდები და, ზედმეტი მოძრაობა რომ შეგნიშნო, შუბლს გაგიხვრეტ!

– ჯერ ერთი, რას მერჩით, თანაც, თუ შუბლს გამიხვრეტთ, დაგხვრეტენ, – ისევ მშვიდად ვუთხარი პისტოლეტმომარჯვებულ პოლკოვნიკს და მისი განეიტრალების სხვა საშუალებებზე დავიწყე ფიქრი, რადგან ხელ-ფეხით უკვე ვეღარ მივწვდებოდი.

– რომ დამხვრიტონ, უნდა დამაპატიმრონ, ჩემს შეპყრობას კი ვერ ეღირსებით – ამაღამ მივდივარ. მანამდე კი მოგკლავ, სახლს ცეცხლს წავუკიდებ და, სანამ გაირკვევა, რა მოხდა, მე უკვე თურქეთში ვიქნები.

– სადაც გნებავთ, იქ წაბრძანდით, მაგრამ, მე რას მერჩით, რა დაგიშავეთ? – ვუთხარი პოლკოვნიკს, თან ხელი ნელ-ნელა წელისკენ გავაცურე, რომ პისტოლეტი მომემარჯვებინა და პოლკოვნიკისთვის მესროლა, მას კი ირონიულად გაეცინა და მითხრა:

– რომ არ დამიშავო, სწორედ ამიტომაც გკლავ. ახლა ხელები ასწიე, ფრთხილად ადექი და კედელს აეკარი, თორემ, გაუფრთხილებლად გესვრი.

მე ზუსტად შევასრულე პოლკოვნიკის ბრძანება. მან კი გრძელი ბამბუკის ჯოხი აიღო, რომლითაც ის, სავარაუდოდ, ფარდებს ასწორებდა, შემდეგ იმ ჯოხის მეშვეობით ქამრიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამომიცურა და იარაღი ხელთ რომ იგდო, გამარჯვებულის ტონით მითხრა:

– ამაზე რას იტყვი, მაყუჩიანი პისტოლეტი რისთვის გინდა?

მე პოლკოვნიკისთვის არაფერი მითქვამს, რადგან მოქმედების გეგმა უკვე შემუშავებული მქონდა და გადამწყვეტი იერიშისთვის ვემზადებოდი.

– სათქმელი არაფერი გაქვს და დუმხარ, ხომ? – განაგრძო მონოლოგი პოლკოვნიკმა, – მაშინ, მე გეტყვი: რად გინდა და, ჩემს მოსაკლავად, მაგრამ, ხომ არ ჩაგივიდა ფეხი. აბა, რა ეგონა „კაგებეს“, როცა ჩემს მოსაკლავად ვიღაც ნაბიჭვარი მომიგზავნეს? მე თვითონ ძველი, სტაჟიანი მკვლელი ვარ და შენისთანა ღლაპს გავაცურებინებდი თავს?

– მაინც როგორ მიხვდით, რომ თქვენს მოსაკლავად მოვედი? – ვკითხე პოლკოვნიკს.

– ჯერ ერთი, ველოდი მკვლელს, მზად ვიყავი. ხოლო შენ რომ დაგინახე, მივხვდი, ვინ იყავი, რა გინდოდა და, აი, შედეგიც – მე გავიმარჯვე, შენ და შენი უფროსობა კი დამარცხდით, ასე ვთქვათ, გაფარჩაკდით...

„ეს ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ გაფარჩაკდება“, – გავიფიქრე გუნებაში, პოლკოვნიკს კი ვუთხარი:

– მე ის მაინტერესებს, თქვენ როგორ ამოიცანით ჩემში მკვლელი.

– ძალიან უბრალოდ, ჩემო კოკი, – ირონიულად, გამარჯვებულის ტონით მომიგო პოლკოვნიკმა, – რამდენიმე წლის წინ რომანთან ერთად გნახე პიონერთა სასახლის წინ, თქვენი საუბრის ერთი ფრაზა გავშიფრე და, ახლა რომ აქ გამომეცხადე, ძნელი მისახვედრი აღარ იყო, ვისთან მქონდა საქმე.

პოლკოვნიკი „ძია“ რომანს გულისხმობდა, ანუ იმ დღეს, როდესაც მე და რომანი კოჯრიდან თბილისში დავეშვით საიდუმლო რკინიგზით ლენინის მოედნის მეტროში და შემდეგ კი ფეხით გავიარეთ პირველ სკოლამდე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რომანთან ერთად ქალაქში გამოვჩნდი, ჩვენი საუბარი კი პიონერთა სასახლის კუთხეში, კედელთან შედგა და მას პოლკოვნიკი ვერანაირად ვერ მოისმენდა და ვუთხარი:

– ვინ რომანს გულისხმობთ?

პოლკოვნიკს ირონიულად ჩაეცინა ჩემს სიტყვებზე და მითხრა:

– კაგებეშნიკს, იმას, ვინც, სავარაუდოდ, დაგავერბოვკა. მე ჯერ კიდევ უშიშროებაში ვმუშაობდი, როდესაც ის სამსახურში მიიღეს.

– გასაგებია, მაგრამ, თქვენ ვერანაირად ვერ მოისმენდით ჩვენს საუბარს, – ვთქვი მე.

– მე მხოლოდ ერთი ფრაზა გავშიფრე, მან გითხრა: „რაც შენ დღეს ნახე, ყველაფერი საიდუმლოდ უნდა დარჩეს“. ეს კი საკმარისი იყო, მივმხვდარიყავი, თუ ვინ იყავი შენ, – თქვა პოლკოვნიკმა, ჩაეცინა და დაამატა, – ეს ძალიან ადვილია, კოკი, ამას ბავშვიც კი მიხვდებოდა.

პოლკოვნიკი მართალს ამბობდა, რომანმა მართლაც მითხრა მსგავსი ფრაზა, მაგრამ, ჩვენ ახლომახლო არავინ იმყოფებოდა და ჩვენს სიტყვებს ვერავინ გაიგონებდა. გამორიცხული იყო დისტანციური მოსმენაც. უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა. „ალბათ, მან ლაპარაკის ტუჩების მოძრაობით გაშიფვრა იცის, – გავიფიქრე გუნებაში, – კი, ნამდვილად ასეა. როგორც ეტყობა, მან შორიდან დაგვინახა, რომ ვსაუბრობდით, ეს ფრაზა გაშიფრა და ყველაფერს მიხვდა. უყურე ამ დამპალს, წლების შემდეგ სად გამოადგა ეს ინფორმაცია!“

– თქვენ, ალბათ, ტუჩების მოძრაობით შეგიძლიათ ლაპარაკის გაშიფვრა, როგორც ყრუ-მუნჯებს, არა? – ვკითხე პოლკოვნიკს.

– როგორც იქნა, შენს ტვინამდეც დავიდა, – მითხრა კოპებშეკრულმა პოლკოვნიკმა, შემდეგ მეორე პისტოლეტიც მომიშვირა, რომელიც მანამდე დაშვებული ეჭირა ხელში და დაამატა: – ამოირჩიე, რომლიდან გესროლო, ან, იქნებ, ორივე იარაღიდან დაგახალო ტყვიები მაგ უჭკუო თავში?

„აბა, კოკი, ახლა მთელი შენი ნებისყოფა მოიკრიბე, მთელი ცოდნა გამოიყენე და ამ ვირთხას თავს ნუ მოაკვლევინებ“, – გავიფიქრე გუნებაში, რადგან პოლკოვნიკის შემხედვარე მივხვდი, რომ, ცოტაც და, სასხლეტს თითს გამოჰკრავდა და ტვინს გამასხმევინებდა. შემდეგ უზარმაზარ კედლის საათზე გადავიტანე მზერა, რომლის ისრებიც ათზე იყო გაჩერებული, წამზომი კი თორმეტს უახლოვდებოდა. საბოლოო იერიშისთვის მოვემზადე და საღამოს ათი საათის შესრულებამდე ათი წამით ადრე გუნებაში წამების გადათვლა დავიწყე: „ათი, ცხრა, რვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი...“

– ბუუმ! – დაჰკრა კედლის საათმა და, დროის უმოკლეს მონაკვეთში, სანამ საათი მეორეჯერ ჩამოჰკრავდა, საწერი მაგიდის ქვეშ შევსრიალდი, ჩემგან ორ მეტრში მდგარ, ორპისტოლეტმომარჯვებულ პოლკოვნიკს დავეტაკე, იატაკზე წავაქციე და ისე გავაგდებინე ორივე პისტოლეტი, რომ მან ერთი გასროლაც ვერ მოასწრო... ბუუმ! – ჩამოჰკრა საათმა მეათეჯერ და ორივე მაყუჩიანი პისტოლეტი უკვე ხელებში მეჭირა, პოლკოვნიკს ვუღიმოდი და ვეუბნებოდი:

– რაო, ბებერო ვირთხავ, გაჯობა ნაბიჭვარმა?

– იქნებ, მოვილაპარაკოთ? – მომიგო იატაკზე წამომჯდარმა პოლკოვნიკმა, – ცოტა დანაზოგი მაქვს და თითქმის სულ შენ დაგითმობ, თუკი არ მომკლავ და გაქცევის საშუალებას მომცემ. მე მხოლოდ იმდენს დავიტოვებ, რომ საზღვარზე გადამყვან მეგზურს გადავუხადო და პირველ თვეს მეყოს საჭმელად, შემდეგ კი ფულის მეტს რას ვიშოვი.

– ბევრს მთავაზობ? – ვკითხე პოლკოვნიკს და აქცენტი შეგნებულად გავაკეთე შემოთავაზების რაოდენობაზე, რათა მას ეფიქრა, რომ „დამკერა“.

– ათი კილოგრამი ოქრო მაქვს. ექვსი შენი იყოს, ოთხი კი – ჩემი, – მითხრა პოლკოვნიკმა. შემდეგ თაროებს უკან მდებარე საიდუმლო სეიფი გამოაღო, ხუთი ცალი ორკილოგრამიანი ოქროს ზოდი გამოიღო, ჩემ წინ დადო და მითხრა: – თითოეული ორ კილოგრამს იწონის, სამი ცალი – შენ, ორი – მე.

– ეს ოქრო საიდან გაქვს? – ვკითხე პოლკოვნიკს.

– მეორე მსოფლიო ომის დროს, ფაშისტები რომ კავკასიას მოადგნენ, მოსკოვიდან გვიბრძანეს, თბილისის ბანკის საცავები ძვირფასეულობისგან დაგვეცალა და ყველაფერი ფშავში, ერთ-ერთი კლდის საიდუმლო გამოქვაბულში გადაგვეზიდა. ამ ოპერაციაში მეც ვმონაწილეობდი და სწორედ მაშინ მოვახერხე ამ ხუთი ზოდის მოპარვა.

– მერე, როგორ შეგრჩა, ეს ზოდები არავინ მოიკითხა?

– მოიკითხა კი არა, ერთი ამბავი ატყდა. მით უმეტეს, რომ ძვირფასეულობის ტრანსპორტირება სულ რაღაც ოთხი საათის დაწყებული იყო, როდესაც პირადად ლავრენტი ბერიას უბრძანებია ამ ოპერაციის გაუქმება. ბერია პირადად ხელმძღვანელობდა კავკასიის დაცვას და უთქვამს, საქართველოში ფაშისტები ვერ შემოვლენ, პანიკას ნუ ქმნით და ყველაფერი უკან დააბრუნეთო. აბა, ბერიას სიტყვას ვინ დაუდგებოდა წინ და ოქრო კვლავ საცავებში ჩავიტანეთ. თუმცა, მე ხუთი ზოდი უკვე მოპარული და საიმედოდ გადამალული მქონდა. ხომ ხედავ, დღემდე შემომრჩა. ნახე, ორთავიანი არწივია ამოტვიფრული ზოდებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეფის დროინდელი, უმაღლესი ხარისხის ოქროა, – მითხრა პოლკოვნიკმა, თან ჩემ პირდაპირ კითხვას თავი აარიდა და არ მიპასუხა, როგორ გადაურჩა სასჯელს ქურდობისთვის.

– სასჯელს როგორ გადაურჩი? – გავუმეორე პოლკოვნიკს, მან კი თავი გააქნია, ჩაეცინა და მითხრა:

– რა ცნობისმოყვარეები ხართ თანამედროვე ახალგაზრდები! რა მნიშვნელობა აქვს, საიდან მაქვს ეს ოქრო? მთავარია, რომ მაქვს და კიდევ უფრო მთავარი, რომ შენ აქედან სამოც პროცენტს გაძლევ. მაგრამ, რადგან კომპანიონები ვართ, გეტყვი: ეს ოქროს ზოდები ჩემს კოლეგას მოვპარე ყუთიდან, რომელიც მეორე გადამზიდავ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. 

– შენს კოლეგას რა უქნეს?

– დახვრიტეს, – მითხრა პოლკოვნიკმა, – მანამდე კი ისე აწამეს, კაცს აღარ ჰგავდა და, ჯობდა, თავი მოეკლა.

– თურქეთში რატომ გარბიხარ?

– ცოცხალი რომ გადავრჩე. უშიშროებამ ჩემი დღიურების ამბავი შეიტყო და შენც ხომ ამიტომ მოგაგზავნეს ჩემს მოსაკლავად?

– აბა, მიჩვენე შენი დღიურები,  – ვუთხარი პოლკოვნიკს. მან ათი ცალი შავყდიანი რვეული და ორი ცალი საბუთებით სავსე საქაღალდე მაგიდაზე დაალაგა და მითხრა:

– აი, აქედან იმდენ ფულს ვიშოვი, რომ ამ ზოდებს ასჯერ გადაწონის.

– სულ ესაა?

– კი, – მითხრა პოლკოვნიკმა და თვალი თვალში გამიყარა, თან, შემომთავაზა, – შენც ჩემთან ერთად წამოდი და იმდენ ფულს გაშოვნინებ, საშვილიშვილოდ გეყოფა.

პოლკოვნიკისთვის პასუხი არ გამიცია და საწერ მაგიდასთან დავსვი. შემდეგ მის პისტოლეტს მაყუჩი მოვხსენი, შუბლზე მივადე, სასხლეტს ხელი გამოვკარი და ტვინი გავასხმევინე... ბოლოს პისტოლეტის ტარი გავწმინდე და იარაღი მარცხენა ხელში დავაჭერინე მოკლულს, რადგან ის ცაცია იყო, ბოლოს ოქროს ზოდები, რვეულები და საქაღალდეები სპორტულ ჩანთაში ჩავალაგე, სეიფი დავკეტე, ყველაფერი მოვაწესრიგე და პოლკოვნიკის ბინიდან შეუმჩნევლად გამოვედი.

მიუხედავად იმისა, რომ პოლკოვნიკის ლიკვიდაცია ისე განხორციელდა, როგორც დაგეგმილი იყო, ვერავინ ვერაფერი შეიტყო, ყველას თვითმკვლელობა ეგონა, თანაც, ყველაფერ ამას სახელმწიფოსთვის დაბრუნებული ათი კილო ოქროც დაემატა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს ჩემს კარიერაში ყველაზე წარუმატებელი საქმე იყო. წესით, მე ცოცხალი არ უნდა გადავრჩენილიყავი, მაგრამ, ყველა წესს აქვს გამონაკლისი, განგებამ აშკარად დამინდო, დღემდე ცოცხალი ვარ და კარგად ვიცი, რომ მსგავს შეცდომას მეორედ უკვე აღარავინ გაპატიებს.

შეცდომისგან დაზღვეული, რა თქმა უნდა, არავინაა, მაგრამ შეცდომა ჩვენს საქმეში სიკვდილის ტოლფასია და, თუ გინდა, რომ ცოცხალი გადარჩე, შეცდომაც არც უნდა დაუშვა. პირიქით, სხვისი შეცდომის, სისუსტის მაქსიმალურად გამოყენება უნდა შეგეძლოს და სწორედ მაშინ ხარ უმაღლესი დონის პროფესიონალი, როდესაც ასეთი რამ შეგიძლია.

ჩემი პროფესიის ადამიანს მაგარი ნერვები, სხარტი გონება, ცივი გული და მტკიცე ხელი უნდა ჰქონდეს და, თუ ყველაფერ ამას გამოცდილება და რესპექტაბელური გარეგნობაც  ერთვის, მაშინ, იდეალური, თითქმის მოუხელთებელი შემსრულებელი ხარ და შენს საქმეში ბადალი არ გყავს.

არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს მკვლელობას რეკლამას ვუკეთებ და ვინმეს მოვუწოდებ, მკვლელი გახდეს. რა თქმა უნდა, არა! მკვლელობა, ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა, ვისაც არ უნდა კლავდე, ცუდს თუ კარგს, დიდ ცოდვად მიმაჩნია და ყველას მოვუწოდებ, რომ ამ საქმეს ხელი არ მოჰკიდონ და სხვა პროფესია აირჩიონ. მე რომ ახლა ვიწყებდე ცხოვრებას და არჩევანი მქონდეს, არამც და არამც მკვლელის პროფესიას არ ავირჩევდი და ნებისმიერ სხვა საქმეს მოვკიდებდი ხელს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი პროფესიის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ხშირ შემთხვევაში, ოცდაათ წელს არ აჭარბებს და მსოფლიოში ლამის ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც საკმაოდ ხანდაზმულ ასაკს მიაღწია და კვლავაც წარმატებით განაგრძობს საქმიანობას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3