კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცური საქმე

 

ზაფხულის კვირა დღეს, შუაღამეს რამდენიმე წუთი რომ აკლდა, კლუბ „კლიოს” კართან,  ბროდერიკ-ავენიუზე, გოგონამ თომას კეროლს, იგივე იღბლიან ტომს, ქუდი მიაწოდა. იღბლიანმა გოგონას ხელში ტკიცინა დოლარიანი ჩაუდო, თვალი ჩაუკრა და თბილ, მაგრამ, მთვარიან ღამეში გამოვიდა. 52 წლის იყო და  45-ს თუ მისცემდით, თავად კი მიაჩნდა, რომ 39-ის იყო. ნახევრად მოწეული სიგარეტი გადააგდო და კლუბის ავტოსადგომისკენ გაემართა, სადაც მას ძალიან ძვირი და ძალიან დიდი ავტომობილი ელოდა. საჭესთან დაჯდა, გასაღები საკეტს მოარგო და მხოლოდ მაშინ იგრძნო, რომ მარტო არ იყო. მის უკან იარაღის გადატენის ხმა გაისმა. კეროლი ადგილზე გაქვავდა, შემდეგ კი დაბალმა კაცმა, რომელიც უკანა სავარძელზე იჯდა, თავში ექვსჯერ ესროლა. 

დანაშაულის ადგილის პირველი დათვალიერება ფინმა და მატერამ მოახდინეს. 

– ნეტა, ვის უნდა გასჩენოდა იღბლიანი ტომის გაგორების სურვილი? – გულუბრყვილოდ იკითხა ფინმა.

– კარგი კითხვაა, – ჩაიცინა მატერამ, ბოლოს და ბოლოს, ასეთი რა ჩაიდინა? – შეიარაღებული ძარცვა, დაყაჩაღება, გატაცება, სამი მკვლელობა, რომელთაგან ერთიც ვერ დავუმტკიცეთ, თუმცა, ვიცით, რომ მან ჩაიდინა... კლუბ „კლიოსა” და სამი არალეგალური კაზინოს ნამდვილი მეპატრონე, მეორე კაცი ბარი ბეიერის ბანდაში... მგონი, სულ ესაა.

– მოკლედ, კეთილსინდისიერი მოქალაქე იყო. ეჭვი არაა, პროფესიონალი მუშაობდა – თავში ექვსი ტყვია დაახალა. როგორ გგონია, შურისძიებაა?

– ეტყობა, მაგრამ, როგორც ვიცი, ბეიერსა და არჩი მასკოუს შორის შავ კატას არ გაურბენია. ისინი დიდი ხანია, მშვიდად თანაარსებობენ. ორი ბანდა ატყავებს ქალაქს, იმის მაგივრად, რომ ერთმანეთი ხოცონ.

– კეთილგონივრული მიდგომაა, – ჩაიცინა ფინმა, – ჩვენთან ხომ კანონი და წესრიგი მეფობს. ისღა დაგვრჩენია, ვიამაყოთ, რომ ამ კანონს ვემსახურებით და ამ წესრიგს ვიცავთ.

დაახლოებით ორი დღისა და სამი საათის შემდეგ, არჩი მასკოუს სამი კაცი საროსკიპოდან გამოვიდა, სადაც ერთი კვირის გადასახადის ამოსაღებად და მომსახურების ხარისხის შესამოწმებლად შეიარეს. ისინი მანქანაში სხდებოდნენ, როდესაც მათ გვერდით ძველისძველი „კაბრიოლეტი„ გაჩერდა. მძღოლი წინ გადმოიხარა და გადაჭრილი თოფიდან ამ სამი კაციდან შუაში მდგარს ესროლა. შემდეგ სავარძლიდან ავტომატური პისტოლეტი აიღო და მისი ორი კომპანიონიც დაცხრილა. ეს ყველაფერი მან ძალიან სწრაფად გააკეთა. შემდეგ მანქანა ადგილიდან მოწყდა, მოსახვევში ორ ბორბალზე შევიდა, მაშინვე სიჩქარე დააგდო და ოთხი კვარტალი ასე გაიარა. შემდეგ მძღოლმა ავტომობილი ტროტუართან გააჩერა, იარაღი დაშალა, შავ დიპლომატში ჩააწყო და თავის მანქანაში გადაჯდა, რომელიც იქვე, კუთხეში ეყენა. 

ამ საქმესაც ფინი და მატერა იძიებდნენ. 

– ამჯერად, არჩი მასკოუს სამი კეთილსინდისიერი მოქალქე – ჯო დენი, ჩარლი ვეისი და „გრძელი ცხვირი” მარჩისონი... – ჩაილაპრაკა ადგილის დათვალიერების შემდეგ ფინმა. – ეს უკვე ომს ჰგავს. ასე არ არის, სერ?

– მმმ... – გაწელა მატერამ, – უცნაურია. მაშინ, ჩვენამდე რაღაც ხმებს მაინც ხომ უნდა მოეღწია? პოლიციის უპირატესობა ამაშია – ჩვენ ისეთ ამბებს ვიგებთ, რაზეც ჩვეულებრივ მოქალაქეს წარმოდგენაც კი არ აქვთ. მართალია, ყოველთვის არ ვრეაგირებთ, მაგრამ, ყოველთვის ვიგებთ. კაცმა რომ თქვას, ეს ფორმაც იმიტომ გვაცვია, რომ ის მოვლენებში თანამონაწილეობის შეგრძნებას გვაძლევს. 

მეორე დღეს მისტერ არჩი მასკოუმ მისტერ ბარი ბეიერს დაურეკა.

– ამის საჭიროება არ იყო.

– რისი?

– მე დენიზე, ვეისზე და „გრძელ ცხვირზე” გეუბნები. შენ ხომ იცი, „იღბლიანი ტომი” ჩემ გარეშე გააგორეს? შურისძიება ტყუილად დაიწყე.

– ვინ მოკლა იღბლიანი ტომი?

– მე საიდან უნდა ვიცოდე?

– მაშინ, მე საიდან უნდა ვიცოდე, ვინ მოკლა დენი, ვეისი და „გრძელი ცხვირი”? მე რომ მეფიქრა, იღბლიანი ტომი შენ მოკალი, იცი, რას ვიზამდი? დენზე, ვეისზე და „გრძელ ცხვირზე“ ხელს არ გავისვრიდი, პირდაპირ შენ გაგაგორებდი.

– ჩემთან ასე ლაპარაკი საჭირო არ არის, ბარი.

– როგორც მინდა, ისე ვლაპარაკობ! 

– ჰო?! – მასკოუს ხმაში მუქარა გაისმა.

– ჰო. 

იმავე საღამოს ვინმე როზუელ სპუნი, მანქანის დაქოქვისთანავე, უძლიერესმა აფეთქებამ ამქვეყნიდან იმქვეყანას გაამგზავრა. დაბალი კაცი მთელ ამ პროცესს ქუჩის მეორე მხარეს არსებული ტავერნიდან აკვირდებოდა. მისტერ სპუნი ბარი ბეიერის „კასირი” იყო. ორ საათში ბარი ბეიერის ბიჭებმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცეს და რესტორან „ვესტ-საიდს” მიადგნენ, სადაც მასკოუს გუნდი ერთობოდა. მანქანის უკანა კარი გაიღო, იქიდან ხუთი კაცი გადმოვიდა და ავტომატებიდან რესტორნისკენ ტყვიების წვიმა წამოვიდა. მალე არჩი მასკოუს რვა ერთგული თანამებრძოლი იატაკზე ეყარა. თავდამსხმელებიდან ერთი დაიღუპა. 

მასკოუმ „ვალი“ მეორე დღეს დააბრუნა: ბეიერის ორი სათამაშო სახლი დაარბია და მისი მარჯვენა ხელი მოკლა. სიტუაცია მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ჩაწყნარდა. ორივე ბანდის მეთაურებმა თანდათან გააცნობიერეს, რომ ომის მდგომარეობა არც ერთს არ არგებდა. მაგრამ, მეორე დღესვე, მაზგი ლოპესი თავისივე მანქანის საბარგულში ვიოლინოს სიმით გაგუდული იპოვეს, ხოლო ლოგანი საკუთარი აუზიდან შეკრული ხელ-ფეხითა და ქლორიანი წყლით სავსე ფილტვებით ამოიყვანეს. ბენი ბენედეტო კი მაშინ აფეთქდა, როდესაც მანქანა დაქოქა.  

ომი სამი თვე გაგრძელდა. შიგადაშიგ მშვიდობაც დაისადგურებდა ხოლმე.  როდესაც არჩი მასკოუსა და ბარი ბეიერის შეხვედრის შესახებ ხმები ვრცელდებოდა, მალევე ვიღაცას კლავდნენ და ყველაფერი თავიდან იწყებოდა. სამი თვის თავზე ქალაქში ისევ გავრცელდა ხმა სამშვიდობო შეთანხმების შესახებ. ამ ინფორმაციას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მაგრამ, ქალაქში უკვე მეხუთე დღე იყო, არავინ მოეკლათ. ამ დროისთვის დაღუპულების რიცხვი ოთხმოცდასამს აღწევდა.

იმ ღამეს ფინი და მატერა შიშისგან გარინდული ქალაქის ქუჩებში ჩვეულებრივ პატრულირებდნენ, მაგრამ მათ სიურპრიზი ელოდათ. ერთი დაბალი კაცი დააპატიმრეს. პირველად მატერამ დაინახა, რომ ქუჩაზე ფარებჩამქრალი და დაქოქილი მანქანის სალონში ვიღაცა რაღაცას ხლაფორთობდა. მანქანა მატერამაც გააჩერა და ფარებიც ჩააქრო. დაბალი კაცი საქმეს მორჩა. ძრავა გამორთო, მანქანიდან გადმოვიდა და მხოლოდ მაშინ დაინახა ფინი და მატერა დამიზნებული პისტოლეტებით. ფინიმ მანქანაში ჩაიხედა.

– კარგად მოგიფიქრებია, – ნანახს კომენტარი გაუკეთა მან, – პატარა პისტოლეტი საჭის ღერძზეა მიბმული, ხოლო სასხლეტზე მიმაგრებული მავთული გაზის პედალს უერთდება. შენ პედალს აწვები, ტყვია კი პირდაპირ მკერდში გხვდება. 

მატერამ დაბალ კაცს შეხედა:

– ეს ვისი მანქანაა, შე სათვალიანო ქილერო?

– „ყურპარტყუნა კერადაინის”.

– მასკოუს კაცის. შენ ბარი ბეიერზე მუშაობ?

დაბალს ყბა ჩამოუვარდა: 

– რა თქმა უნდა, არა.

– აბა, სად მუშაობ?

– „აბერდინ ფარმაცევტიკალში”, ქიმიკოსი ვარ. 

– ვინ?!

– მოდი, ყველაფერს თავიდან მოგიყვებით. მე ედუარდ ფიჩი მქვია. ჩემი სახელი გაგონილი არ გექნებათ, მაგრამ, ჩემი შვილი გეცოდინებათ, რიჩარდ ფიჩი – გასულ აგვისტოში თავი მოიკლა. როგორც გაირკვა, მას ძალიან დიდი თანხა ჰქონდა წაგებული.  ფულის შოვნას ცდილობდა, მაგრამ, თანხა ყველდღიურად იზრდებოდა. გადაწყვიტა, რომ გამოსავალი არ იყო და თავი ჩამოიხრჩო. მას სწორედ იღბლიანი ტომის ვალი ჰქონდა და მანვე დაუწესა ის გაუგონარი პროცენტები. როგორც გავარკვიე, მისი პასუხისგებაში მიცემა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც მისი მოკვლა გადავწყვიტე...

– იღბლიანი ტომი თქვენ მოკალით?! – ყბა ახლა ფინს ჩამოუვარდა.

– დიახ, მე.

– მეორე დღეს კი ბეიერმა საპასუხო დარტყმა განახორციელა და ასე დაიწყო ომი.

– მთლად მასეც არაა. არის საქმეები, რომლებიც მამაკაცმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს, თუმცა, შეიძლება, ისინი კანონის ჩარჩოში არ ჯდება. ტომი რომ მოვკალი, მივხვდი, ამ მკვლელობას ყველა ისე უყურებდა, როგორც შურისძიებას. გაზეთებმა ამას „განგსტერული გარჩევა“ უწოდეს. ჰოდა, მეც ვიფიქრე, ცუდი არ იქნებოდა ორივე ბანდა ერთმანეთისთვის მიმესია. ბორდელიდან გამოსული ის სამი კაციც მე ჩავცხრილე და მისტერ სპუნიც მე ავაფეთქე. უკვე შემდეგ, მხოლოდ ისეთ მომენტებში ვერეოდი, როდესაც ომი მინავლდებოდა, ხოლმე. ასე რომ, მე მხოლოდ თხუთმეტი კაცი მოვკალი. გადაწყვეტილი მქონდა, აქ რომ მოვრჩებოდი,  სხვა ქალქში გადავსულიყავი და იქ გამეგრძელებინა დაწყებული. ვგრძნობ, რომ ქალაქების განგსტერებისგან გათავისუფლება ჩემი მოწოდებაა. თუმცა, ახლა, როგორც ვხვდები, სასამართლო და ციხე მელის...

სიჩუმე ჩამოვარდა. მატერამ სიგარეტს მოუკიდა და ჩაახველა:

– ერთი რამ უნდა აგიხსნათ, მისტერ ფიჩ: პოლიციელები ძალიან დაკავებული ხალხი ვართ. ჩვენ ფანტასმაგორიულ ისტორიებზე დროს ვერ დავკარგავთ, დამნაშავეები გვყავს დასაჭერი.   

– მისტერ ფიჩ, მატერას სურს, გითხრათ, რომ ისეთ საყვარელ მოხუცს, როგორიც თქვენ ხართ, ახლა უნდა ეძინოს. თქვენთან საუბარი დიდი სიამოვნებაა, მაგრამ სამუშაო გვაქვს. დამნაშავეებს ღამით არ სძინავთ. 

– ღმერთმა დაგლოცოთ! – მხოლოდ ეს თქვა მისტერ ფიჩმა. 

– მაინც დარტყმული მოხუცია, – თქვა მატერამ, როდესაც მისტერ ფიჩი წავიდა, – რამდენ ხანს გაუმართლებს?

– ჯერჯერობით, თხუთმეტით ნულია მის სასრგებლოდ.

– და კიდევ თითქმის სამოცდაათი, რომლებიც თავად დახოცეს.

– შეხედე, „ყურპარტყუნა კერადაინი“ მოდის. უნდა გავაჩეროთ, ვიდრე მანქანაში ჩაჯდება.

– ჰოდა, მიდი და გააჩერე!

– შენ უფრო ახლოს ხარ. უკვე ჯდება.

– როგორ ფიქრობ, გავარდება? იქნებ პისტოლეტი დაინახოს?

... მათ ჯერ ძრავის დაქოქვის ხმა გაიგონეს, შემდეგ კი – გასროლის. „ყურპარტყუნა კერადაინი“ საჭეს დაემხო. 

მატერამ მანქანა დაქოქა:

– როგორ მოგეწონა?

– თექვსმეტი, – შეაჯამა ფინმა და თვალი ჩაუკრა. 

თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3