კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თამაში ბედთან

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹14-38(560)

 

– ასეთ რამეს სერიალშიც ვერ ნახავ... – ჩუმად გადაულაპარაკა დევიმ მარიკას და ანიშნა, ოთახის კუთხეში მდგარ სავარძელზე გადავინაცვლოთო. მარიკამ თავი დაუქნია. თემოს არც შეუნიშნავს, მათი უსიტყვო შეთანხმება. სიგარეტს ეწეოდა და ცდილობდა, ამოეცნო, გულწრფელი იყო ქალი, რომელიც მის წინ იჯდა თუ, უბრალოდ, ოსტატურად თამაშობდა.

– გისმენთ, ქალბატონო, შეგიძლიათ, განაგრძოთ...

– მაპატიეთ, ძალიან ვწუხვარ იმ სიტყვების გამო, რომლებიც თქვენი მისამართით ვთქვი. უბრალოდ, როცა აღელვებული ვარ, საკუთარი ემოციების გაკონტროლება მიჭირს.

– ეგ უკვე მოვისმინე. საქმეზე გადადით, – თემომ იგრძნო, რომ ნელ-ნელა მოთმინების ფიალა ევსებოდა...

– ჩემმა შვილმა ყველაფერი მითხრა... ის თქვენთან იყო.

– დიახ, სიმართლის სათქმელად მოვიდა. თუკი, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. 

– სიმართლეა და, მაინტერესებს, რა ელის მას ამისთვის – დააპატიმრებთ?

– ვის?

– ჩემს შვილს.

თემომ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები:

– ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ქალბატონო, ჯერ ძიება არ დამთავრებულა.

– ჩემმა ვაჟიშვილმა მითხრა, რომ ის ახლა მთავარი ეჭვმიტანილია.

– ეჭვმიტანილი არ ნიშნავს, რომ დამნაშავეა. პირდაპირ გეტყვით, მას მოტივი ჰქონდა, რომ  მამამისის მკვლელობა შეეკვეთა.

– ვხვდები, მაგრამ, ასეთი მოტივი მეც მქონდა.

თემოს გაეღიმა:

– ესეც ვიცი. ქალს ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს მოღალატე ქმრის მკვლელობის შეკვეთის მოტივიც და სურვილიც. მით უფრო, როცა თითქმის მთელი ქონების ერთადერთ მემკვიდრედ რჩება.

– მემკვიდრეობა არაფერ შუაშია. ჩემი ქმრის სიკვდილს რომ არ დავუმწუხრებივარ – ესეც მართალია, მაგრამ, არც მე და არც ჩემს შვილს გიას მკვლელობასთან კავშირი არ გვაქვს. უნდა დამიჯეროთ, – ქალს ისევ წამოუვიდა ცრემლები.

– ქალბატონო, მე მარტო ფაქტებს ვუჯერებ – ასეთი სამსახური მაქვს.

– ფაქტები კი ჩვენს წინააღმდეგ მეტყველებს... – სიმწრით მობრიცა ტუჩები ქალმა, – მივხვდი, რისი თქმაც გინდოდათ. მაშინ, ერთი თხოვნა მაქვს...

თემომ ამოიოხრა:

– ქალბატონო, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. დამშვიდდით და სახლში წაბრძანდით. მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ, თუ თქვენი შვილი უდანაშაულოა...

– მე შევუკვეთე ჩემი ქმრის მკვლელობა, – თქვა მოულოდნელად ქალმა: 

დევი, რომელიც მანამდე მარიკას ეჩურჩულებოდა, შემობრუნდა და თემოს შეხედა. მერე ისევ მარიკას მიუბრუნდა:

– ცუდად არის საქმე. პაპავამ თუ იფეთქა... აქ ფსიქოლოგია საჭირო. ხომ არ ჩაერთვები საუბარში?

– მე?!

– დამიჯერე, ახლა შენი ჩარევა აუცილებელია. ეს ქალი უნდა დავამშვიდოთ და დავარწმუნოთ, მშვიდობიანად წავიდეს აქედან, სანამ პაპავა გაგიჟებულა.

მარიკა მორჩილად გაემართა მოსაუბრისკენ. თემომ შვებით ამოისუნთქა და ანიშნა მიხედეო.

– ქალბატონო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნამდვილი მკვლელი დავიჭიროთ.

– მართლა?

– რა თქმა უნდა. თქვენიც გვესმის, მაგრამ, ახლა სახლში უნდა წაბრძანდეთ.

 ქალმა გაოგნებულმა ამოხედა:

– თქვენ არ გესმით? მე შევუკვეთე ჩემი ქმრის მკვლელობა-მეთქი, მე ვარ დამნაშავე!

– კარგი. ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ, – სწრაფად დაეთანხმა პაპავა.

– დამაპატიმრეთ...

– სახლში წაბრძანდით. ჯერ სიმართლე უნდა დადგინდეს.

– ჩემი სიტყვები საკმარისი არ არის?

– არა. მარიკა, აუხსენი... – თემომ სიგარეტი აიღო და კაბინეტიდან გავიდა. დევიც უკან გაჰყვა.

– რა მოხდა? – ჰკითხა მაშინვე, როგორც კი დერეფანში აღმოჩნდნენ.

– გააჩნია, რაზე მეკითხები.

– რა ვიცი. ახვლედიანისგან დაიწყე...

– განსაკუთრებული არაფერი. როგორც მოველოდით, წყნეთის საქმე – უბედური შემთხვევაა. შეგვიძლია, დავხუროთ. მარიკასთვის ხომ არაფერი გითქვამს?

– არა, ვეღარ მოვასწარი, ნოდიას ცოლის ვიზიტმა შემიშალა ხელი. 

– ჰო, მართლა, ეგ ქალი აქ როგორ აღმოჩნდა, საშვი შენ დაუშვი?

– არა, ნაცნობი ჰყოლია ჩვენთან. ვინაობა არ გაამხილა. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს?! 

– ახვლედიანმა პირდაპირ მიბრძანა, ნოდიას საქმე დაამთავრეთ, მინისტრს თვის ბოლომდე ანგარიში უნდა ჩავაბაროო.

– ჰოდა, დაურეკე და უთხარი. დამნაშავე კაბინეტში მიზის-თქო, – გაიცინა დევიმ.

– სულაც არა ვარ ხუმრობის გუნებაზე, – მოიღუშა თემო, – ისეთი გულუბრყვილო გგონივარ, რომ გამწარებული, შვილზე გადაფარებული დედის ტყუილს დავიჯერებ?

– არავითარ შემთხვევაში, მაგრამ, არც ისეთი აბსურდული ტყუილია. არ მეთანხმები?

– მე უფრო სხვა რამეს ვეჭვობ: იქნებ, შვილმა დედასთან ერთად დაგეგმა ეს ყველაფერი? არ არის სარწმუნო ვერსია?

– ის გოგო რა როლს თამაშობდა მკვლელობაში? – ჰკითხა თემომ, – შენი ვერსია მაინტერესებს.

– შეიძლება, იმანაც იცოდა, შეიძლება – არა. უფრო – არა! თუმცა, ვფიქრობ, გამოიყენებდნენ. თუ ბატონი დონ ჟუანისთვის საყვარლებს არჩევდა, შესაძლოა, სპექტაკლის რეჟისორობაც მას დაავალეს. მერე „ნაშას” რაღაც „გადაუდებელი” საქმე გამოუჩნდა და მკვლელსაც მწვანე შუქი აენთო.

– მე ეს ვერსიები არაფერში გამომადგება, ფაქტები არ მაქვს. საქმეს სასამართლოს ვერ გადავცემთ, გამორიცხულია. თანაც, არ მჯერა ამ ქალის – მეტისმეტად ემოციურია. ძალიან არის მონდომებული, საკუთარ დანაშაულში დაგვარწმუნოს.

– ესე იგი, ნამდვილ დამნაშავეს აფარებს ხელს. ვის გამო შეიძლება ქალმა ასეთი მსხვერპლი გაიღოს?! – საყვარელი ადამიანის და...

– შვილის...

– ჩვენს შემთხვევაში – შვილის. ხომ არ იტყვი, რომ საყვარელი ჰყავდა და ქმარი თავიდან ამიტომაც მოიშორა? – დევი აშკარად გამხიარულდა.

– ერთობი, არა?!

– აბა, რა ვქნათ? ახვლედიანმა დრო რამდენი მოგცა?

– არც ასე რთულად არის საქმე. წამოდი.

– სად მეპატიჟები? ხინკალზე უარს არ ვიტყოდი.

– ხინკალი კი არა...

– მოიცადე, შენ ახვლედიანს რაზე ელაპარაკე? უთხარი იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც ჩილაჩავას საქმეში გვაქვს?

– რა გარემოებები გვაქვს ამისთანა?! მანქანა წყნეთის გზაზე და სტენტირება – სულ ეს არის.

დევიმ თვალი ჩაუკრა:

– კარგი, რა! შენ ხომ ჩემზე კარგად იცი, რომ ეს ბევრიც არის. თუმცა, თუ მეორე მხრიდან შევხედავთ სიტუაციას, ერთი საქმით ნაკლები იქნება.

თემომ ხელი ჩაიქნია და ამოიოხრა.

... მარიკამ საფერფლე ურნაში ჩაცალა და ქალს წინ დაუდგა.

– მგონი, ყველაფერი აგიხსენით. წაბრძანდით სახლში და ჩვენ თვითონ გამოგიძახებთ.

– თქვენმა გამომძიებელმა არ დამიჯერა.

– მთავარი ეს არ არის. მთავარია, დაამტკიცოთ, რომ თქვენ შეუკვეთეთ ქმრის მკვლელობა.

– ჩემი აღიარება არაფერია? რაღა დამტკიცება გინდათ?

მარიკამ ამოიოხრა:

– ესე იგი, ცუდად აგიხსენით. აი, ბატონი თემური დაბრუნდა და ის უკეთესად დაგელაპარაკებათ.

– სალაპარაკო ჯერჯერობით არაფერია, – თავის მაგიდას დაუბრუნდა პაპავა, – წაბრძანდით და მე თავად დაგიკავშირდებით.

– არ დამიჯერეთ...

– მარიკა...

– დიახ, ბატონო თემო.

– ქალბატონი გააცილე.

– მე შევუკვეთე ჩემი ქმრის მკვლელობა. რა გავაკეთო, რომ დამიჯეროთ?

– კარგად დაფიქრდით და ისეთი ფაქტები გაიხსენეთ, თქვენი აღიარება დამაჯერებელი რომ იყოს. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ახლა მიბრძანდით, მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

***

ნიკამ თავი ასწია და დედას შეხედა. ქალი მშვიდად კითხულობდა წიგნს და პატარა ყლუპებით წვენს სვამდა.

– მე და მარიკამ გადავწყვიტეთ, ერთად ვიცხოვროთ.

ქალმა პატარა მაგიდაზე დადგა ჭიქა. შუშა ხმაურით შეეხო ზედაპირს.

– ვიცი, ეს შენთვის მოულოდნელია. თუმცა, იქნებ არც ისეთი მოულოდნელი... მოკლედ, ალბათ, ბინას ვიქირავებთ.

ქალს ისევ არაფერი უთქვამს.

– დაქორწინება ცოტა ნაადრევი მეჩვენება. თუმცა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მარიკა ჩემი ცხოვრების ქალია.

– ჩემგან რას ელოდები? გითხრა, რომ აღფრთოვანებული ვარ?

– არა. ვხედავ, რომ ასე არ არის.

– მიზეზი არ გაინტერესებს?

ნიკამ მხრები აიჩეჩა:

– მგონია, რომ ვიცი. ბანალური, სტანდარტული შემთხვევაა – შენ ის არ მოგწონს.

– ჰო, არ მომწონს, – ქალმა თვალებში შეხედა შვილს, – არ მომწონს, მაგრამ, ბანალურობა არაფერ შუაშია. თუ გახსოვს, ყოველთვის ვამბობდი, რომ შენს არჩევანს პატივს ვცემდი.

– ვიცი, მახსოვს.

– ასეც არის, პატივს ვცემ, მაგრამ...

– მაგრამ?! – ნიკას სახე დაეღრიჯა.

– რა ვქნა, ვერ წარმომიდგენია ეგ გოგო შენ გვერდით. მინდა, რომ კარგად გამიგო. არანაირი პრეტენზია არ მაქვს მის მიმართ. არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ აგიხსნა. როცა ვუყურებ... ცუდი წინათგრძნობა მაქვს...

– დედა, რა სისულელეს ლაპარაკობ. ეს რას ნიშნავს? პირდაპირ მითხარი, რა გინდა. რას ერჩი მარიკას?

ქალს სახე გაუმკაცრდა:

– არაფერს. მე ჩემი სათქმელი უკვე ვთქვი და ძალიან ვნანობ. დაივიწყე. შენი და მარიკას ამბავი ძალიან მახარებს.

ნიკა გაწითლდა:

– ვეცდები, შესაფერისი ბინა მოვძებნო. მუშაობასაც დავიწყებ...

– და... ჩემთან ყოველგვარ ურთიერთობას გაწყვეტ? – სევდიანად ჩაიცინა ქალმა.

– მე ეგ არ მითქვამს.

– არ გითქვამს, მაგრამ, იფიქრე. ნიკა, მე შენ მეტი არავინ მყავს.

– ესეც არ იყო ბანალური? ვალდებულებებს მახსენებ, რომ მე, შენმა ერთადერთმა ვაჟმა, რომელსაც მთელი ცხოვრება შემომწირე, მადლიერების გრძნობა მაინც უნდა გამოვიჩინო და გვერდიდან არ მოგშორდე? მოკლედ, უმადური, უძღები შვილის სტატუსი გარანტირებული მაქვს.

– ასე ნუ ლაპარაკობ. ჩვენ ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ მარიკა ჩადგა ჩვენს შორის და ერთმანეთის გაგებას იმიტომ ვეღარ ვახერხებთ, კბილები გააღრჭიალა ნიკამ, – სანამ კიდევ მეტყვი რამე საშინელებას, აჯობებს წავიდე.

– არა, მოიცადე... – ქალი სწრაფად წამოხტა და შვილს მოებღაუჭა, – ნიკა, მე მინდა, ისევ ისე იყოს ყველაფერი, როგორც ადრე. თუ მარიკა შენი ცხოვრების ნაწილია და ამას უკვე აღარაფერი შეცვლის, მე სანიმუშო დედამთილი ვიქნები.

– თუ სანიმუშო დედამთილის როლს ითამაშებ? – ირონიული ღიმილით ჰკითხა ნიკამ.

– შენ იცი, რომ მე თამაში არ შემიძლია.

– ესე იგი, ახლა მატყუებ, ალბათ, ისევე, როგორც მამაჩემთან დამოკიდებულებაში მატყუებდი.

– მამაშენი რა შუაშია?

– რა შუაშია? შენ თქვი, ერთმანეთის ყოველთვის გვესმოდაო, მაგრამ, ეს არ არის სიმართლე. რაც გავიზარდე, სულ უფრო ნაკლებად მესმოდა შენი, ზოგჯერ კი საერთოდაც არ მესმოდა. რამდენი ხანია, მამას საფლავზე არ ყოფილხარ? აღარც კი გახსოვს.

– საფლავზე სიარული არაფერს ნიშნავს. თვითონ საფლავიც არაფრად მიმაჩნია. ადამიანი, თუკი ის მართლა რამეს ნიშნავს შენთვის, გულში და გონებაში გყავს და არა სადღაც, მიწის ქვეშ.

– ეს ერთხელ უკვე მოვისმინე, – თავი დააქნია ნიკამ, – მართალი გითხრა, არც ისე დამაჯერებლად ჟღერდა.

– ვიცი, მაგრამ, სხვა ახსნა არ მაქვს. თუმცა, რადგან გითხარი, ამაზე აღარ ვილაპარაკებ-მეთქი, სიტყვას აღარ ვიტყვი.

– ეგ უკვე შენი პრობლემაა, – ჩაილაპარაკა ნიკამ და მობილურს უპასუხა – გისმენ, დათო. ახლავე წამოვალ. სადაც მეტყვი, – ბიჭმა მობილური ჯიბეში ჩაიტენა.

– როდის გადაწყვიტეთ? კარგია, თუ ეს შეკითხვაც დაკითხვად არ მოგეჩვენება.

– დათოს უნდა შევხვდე, მეჩქარება, – ნაჩქარევად წარმოთქვა ნიკამ და თითქმის სირბილით გავიდა ოთახიდან.

***

მარიკამ ჩანთა აიღო:

– დარწმუნებული ხართ, რომ დღეს აღარ დაგჭირდებით? ბატონო თემურ...

თემო ჩაფიქრებული ეწეოდა სიგარეტს და საკმაოდ გვიან გაიაზრა მარიკას ნათქვამი:

– რა მითხარი?

– ნამდვილად აღარ გინდათ ჩემი დახმარება-მეთქი?

– დღეს არა. შეგიძლია, წახვიდე. დედაშენს დაელაპარაკები?

– კი, თუ მოინდომებს... ისეთი ტიპია, ვერაფერს დააძალებ. მთლიანად მის სურვილზე ვარ დამოკიდებული.

– ძალიან მაინტერესებს. მინდა, რაღაცაში  დავრწმუნდე. საქმე, ფაქტობრივად, დახურვისკენ მიდის.

– ნოდიას საქმეზე რა ხდება?

– ერთი დამაჯერებელი ფაქტი და – მის შვილს ბრალს წავუყენებთ.

– შვილს?

– დედის ვიზიტმა ეჭვი უფრო გამიმძაფრა, თუმცა შეიძლება, მკვლელობა ერთადაც დაგეგმეს. ბევრი დეტალი გასარკვევია, თუნდაც იმ გოგოს, ნიასთან დაკავშირებით. მეეჭვება, მამის გზიდან ჩამოცილების მთავარი მიზეზი ეგ იყოს. ერთ-ერთი მიზეზი – შეიძლება, მაგრამ, არა გადამწყვეტი.

– უნდა დაგეთანხმოთ. ნიას დაკითხვას აპირებთ? მეცოდება...

– ქალური განცდებია, – ამოიოხრა თემომ, – ჯობდა, ყველაფერზე ცოტა ადრე ეფიქრა. მოკლედ, თავისუფალი ხარ. ხვალ ჩვეულებრივად მოხვალ, – თემომ შუბლი მოისრისა, – ჰო, მართლა, დევიმ რაღაც მითხრა.

მარიკა გაწითლდა.

– არა, არა, არ იფიქრო, შენი პირადული მაინტერესებდეს. ისე მოხდა, რომ...

მარიკამ თავი დაუქნია:

– უკვე ვიცი. ისე მოხდა, რომ ამ ამბავში თქვენც აღმოჩნდით ჩარეული, მაგრამ, გეფიცებით, მეც საკმაოდ გვიან შევიტყვე სიმართლე.

– შენ არაფერ შუაში ხარ. არც ის არის შენი ბრალი, ჩემს ოჯახში რომ პრობლემებია. ეს, ადრე თუ გვიან, მაინც მოხდებოდა. როცა ზღვარზე ხარ, ყოველ წუთს უნდა ელოდე გარდაუვალ კრახს.

– მაინც ძალიან ვწუხვარ. იქნებ, კიდევ შეიძლება რაღაცის შეცვლა?

– რაღაც რომ შეცვალო, ამის სურვილი უნდა გქონდეს. აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.

მარიკამ ჩანთა მკერდზე მიიკრა და თავდახრილი გავიდა კაბინეტიდან. თემომ ნამწვავებით სავსე საფერფლე ურნაში ჩაცალა და ახალი კოლოფი გახსნა.

***

ნიკა საკუთარ თავს ებრძოდა. გადაწყვეტილება რომ მიიღო, თითქოს დამშვიდდა, მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. დედასთან საუბარი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეჭვი შეჰპარვოდა, ეჭვი იმისა, რომ ოდესმე მოაგვარებდა ურთიერთობას დედასა და საყვარელ ქალს შორის. თითქმის წარმოიდგინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება ასე, ორ ადამიანს შორის მედიატორის როლში. ყველაზე ცუდისთვის უნდა მომზადებულიყო. იქნებ, იმაზეც ღირდა დაფიქრება: საერთოდ უღირდა კი ეს ურთიერთობა და სიყვარული მუდმივ ნერვიულობად? ნიკამ ხელი ჩაიქნია და კარი გაიჯახუნა.

დათოს მანქანის კარი ღია ჰქონდა და ხმადაბლა რაღაც მელოდიას უსტვენდა... ნიკა რომ დაინახა, პროტესტის ნიშნად ორივე ხელი აიქნია:

– სადა ხარ, ტო, აქამდე! თემურმა ორჯერ დარეკა. არ მინდა, სიძე გავაბრაზო, ისედაც პრობლემები აქვს ჩემს დასთან.

– მერე, შენ რა შუაში ხარ? – ნიკამ მანქანის კარი მიიჯახუნა.

– ეე... რა გჭირს, გაგიჟდი? კარი არ გააფუჭო. ჩემი მანქანა კი არ არის, მიშიკომ მათხოვა. არ მინდა, დავუმტვრიო.

– მიშიკომ? რომელმა მიშიკომ?

– რომელმა და იმან, საქართველოს პრეზიდენტმა, – გაიკრიჭა დათო, – ჩილაჩავამ, ბიჭო. რაღაც საქმეების მოგვარება დამავალა და, მოკლედ, სარბენია, რა... მე კი მანქანა არ მყავს. ყველა შენსავით მდიდარი კი არ არის?

– თუ გვაგვიანდება, ლაქლაქს მორჩი და მანქანა დაქოქე, – უხეშად მიმართა ნიკამ.

– სულ იღრინები, არადა, წესით, პირიქით უნდა იყოს. შეყვარებული ხარ, იმასაც უყვარხარ. ბედნიერი და გაბრწყინებული უნდა დადიოდე...

– ძალიან ბევრს ლაპარაკობ. სიტყვები გაგითავდება და შენს სიძესთან მუნჯივით იჯდები.

– არა უშავს, დაკითხვაზე კი არ მივდივარ, რამდენიმე შეკითხვაზე ვუპასუხებთ და წამოვალთ.

– ესე იგი, ამ საქმეს მაინც იძიებენ?!

– აუ, შენ ხარ გამომძიებელი, თუ ჩემი სიძე? სული ნუ ამომხადე შეკითხვებით. მივალთ და, რაც გაინტერესებს, იმასთან გაარკვიე.

ნიკამ წყრომით შეხედა მეგობარს:

– ჩილაჩავები აშკარად არ განიცდიან ოჯახის მარჩენალის დაკარგვას. თუ მეხსიერება არ მღალატობს, ეს მისი მანქანაა. ძალიან სწრაფად „აუთვისებიათ” ქონება.

– ნიკა, ნუ იბოღმები, რა! ძალიან გადამდებია შენი უგუნებობა. ყველა ისე გლოვობს, როგორც შეუძლია. აი, ჩემი სიძე რეკავს. გადავრევთ ასეთი დაგვიანებით.

– არ მესმის, აუცილებელი იყო, დამნაშავეებივით თავის ციხესიმაგრეში დავებარებინეთ? თუ ლაპარაკი უნდოდა, სადმე, ნეიტრალურ ტერიტორიაზე შევხვდებოდით.

– ეე, შენც ჩემი დასავით ნუ დაიწყე, რა... ასეთი სამსახური აქვს კაცს და მორჩა!

***

ეს თამაშია... თამაში საკუთარ ბედთან, ან – ბედისწერასთან; იქნებ, საკუთარ მესთანაც კი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელ ვარიანტს აირჩევ და დაიჯერებ. თუ ბედს ეთამაშები, მარცხისთვისაც მზად უნდა იყო, – ეს წამგებიანი ვარიანტია, სამაგიეროდ, ერთი მიმზიდველი მხარე აქვს – შეგიძლია, თქვა, რომ ბედთან თამაშში დამარცხდი და არავინ დაგცინებს. პირიქით, შეგიბრალებენ და ამით კიდევ ერთხელ მოიტყუებ თავს. თამაში საკუთარ „მესთან” უფრო რეალურია და დამაჯერებელი, ოღონდ, ნაკლებად ამბიციური და პრესტიჟული. თუმცა, ესეც ხომ თავიდანვე იცოდი, ასე რომ, არჩევნის გაკეთება არ უნდა გაგიჭირდეს. შენი მთავარი პრობლემა ეს არ არის. პრობლემა ისაა, რომ ვერავის უსაყვედურებ... – სარკეს მოსცილდა. ონკანი გახსნა, ორივე ხელი წყლის ჭავლს შეუშვირა და პეშვით სახეზე შეისხა. აწუხებდა იმის გაცნობიერება, რომ ბოლო დროს თავდაჯერებულობას კარგავდა, შეცდომების გარდაუვალობაა მოსალოდნელი. ეჭვი არ უნდა შეეპაროს. ისევ სარკისკენ გააპარა მზერა და საკუთარი გამოსახულება ამჯერად უფრო მოეწონა, თითქოს თავდაჯერებულობაც დაუბრუნდა, მაგრამ, ეს მაინც არ იყო ის, რაც მას უნდოდა. ერთში კი ნამდვილად შეეძლო, დარწმუნებული ყოფილიყო – უკან დასახევი გზა არ ჰქონდა. და, ესეც ხომ თავიდანვე იცოდა... 

***

დათომ სიცილით შეაღო სიძის კაბინეტის კარი:

– გამოვცხადდით. ორივე ერთად შემოვიდეთ თუ ცალ-ცალკე?

– შემოდით! – მკაცრად თქვა თემომ, ისე, რომ არც წამომდგარა.

– გამარჯობა. როგორ ხარ? – დათო პაპავასთან მივიდა და გადაეხვია. თემო უხერხულად შეიშმუშნა. დათომ არ შეიმჩნია, ან, უბრალოდ, ვერ მიხვდა.

– მაკას ამბავი ხომ არ გაინტერესებს? მაგარი გატეხილშია, სულ ცხვირ-პირი ჩამოსტირის.

– დათო, მაგის მოსასმენად სხვაგან შეგხვდებოდი. სხვა რამე მაინტერესებს. შენც მოდი, დაჯექი... – მიუბრუნდა კართან მდგარ ნიკას, – მოკლედ, ალბათ, იცით, რატომაც დაგიბარეთ: თქვენი მეგობრის მამა უცნაურ გარემოებაში გარდაიცვალა და რაღაც დეტალების დაზუსტება მინდოდა.

– ანუ, მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა?! შენ გაინტერესებს, ჩვენ რა ვიცით, ამის შესახებ? – გაეღიმა დათოს, – ეგ ისეთი ტიპი იყო, თავს ნამდვილად არ მოიკლავდა. შეეშალა, რა... ვერ გათვალა.

– შვილთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა? – თემო ნიკას აშკარად ზვერავდა.

– კარგი. მიშიკოს პრობლემა არ ჰქონია. მამამისი ფულს არ „უჟოჟკავდა”, მანქანაც უყიდა. ის კი არა, ჩვენც გვპატიჟებდა ხოლმე თავის ხმაურიან წვეულებებზე.

– ამით რისი თქმა გინდა? შვილთან და თქვენთან ერთად აწყობდა ორგიებს? – თემომ მზერა ცოლისძმაზე გადაიტანა, – მოიცა, რა იყო?

ნიკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მაგიდის ქვეშ ფეხი შეუმჩნევლად წაჰკრა მეგობარს.

თემომ ესეც შენიშნა.

– მირჩევნია, ცალ-ცაკლე დაგელაპარაკოთ. დათო, მეორე ოთახში გადი და დამელოდე.

დათო შეიჭმუხნა, მაგრამ, არ გაუპროტესტებია და ზანტად გაემართა მეორე ოთახისკენ.

ნიკა თავდახრილი იჯდა. მარიკაზე და დედასთან საუბარზე ფიქრობდა. ნაკლებად აინტერესებდა, რას ეტყოდა პაპავა. მისთვის საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, მკვლელობა იყო მიშიკოს მამის თავზე დატრიალებული ტრაგედია თუ – უბედური შემთხვევა.

– მანქანა გყავთ?

შეკითხვამ ცოტათი გააკვირვა. თავი ასწია და გამომძიებელს დაბნეული ღიმილით შეხედა:

– მე მეკითხებით?

– დიახ, – თემომ პატარა ფურცელზე მანქანის მარკა და ნომერი დაწერა და ნიკას წინ დაუდო, – ეს ხომ თქვენი ავტომობილია?

ბიჭმა ფურცელი აიღო და დახედა:

– დიახ, ჩემია. რა მოხდა?

– ახლა სად არის თქვენი ავტომობილი?

– სახლში. დათომ მანქანით მომაკითხა და...

– რამდენი ხანია, გყავთ?

– წელიწად-ნახევარი იქნება. აქ შევიძინე, ბაზრობაზე, – ნიკა ვერაფრით მიხვდა, რა კავშირი შეიძლებოდა, ჰქონოდა მის ავტომობილს ჩილაჩავას ამბავთან. ან, საერთოდ, რატომ დაინტერესდა გამომძიებელი მანქანის საკითხით. უცებ გონება გაუნათდა და გაფითრდა – თავისი ავარიის ამბავი გაახსენდა. ნუთუ, იმ ტიპმა მაინც უჩივლა?..

– მანქანასთან დაკავშირებით კიდევ უნდა გკითხოთ  და, შეეცადეთ, სიმართლე მითხრათ, – თემომ სიგარეტს მოუკიდა და ბიჭს ჩააშტერდა. მისი შესამჩნევი მღელვარება მიანიშნებდა, რომ სწორ გზაზე იდგა.

– დიახ, რა თქმა უნდა. თუმცა, ვერ ვხვდები, რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ჩემს მანქანას წყნეთში მომხდარ ამბავთან.

– პირდაპირი. იმ დღეს, დროის ზუსტად იმ მონაკვეთში, როცა თქვენი მეგობრის მამას უბედურება დაემართა, ეს ავტომობილი წყნეთის გზაზე იმყოფებოდა.

ნიკა ერთბაშად ვერ ჩასწვდა პაპავას სიტყვების აზრს და გაუხარდა, გამომძიებელმა ავარიის ამბავი რომ არ ახსენა, გულზე მოეშვა და გაეღიმა კიდეც.

– ჰო, დიახ, რა თქმა უნდა, – თქვა ანგარიშმიუცემლად.

– ეს პასუხია? ანუ, ისე უნდა გავიგო, რომ ამ დროს წყნეთში იყავი? მაშინ, მეორე შეკითხვა:  მიზეზი, რისთვისაც წყნეთში ახვედი.

– მე?! როდის ავედი წყნეთში?

– ხომ დამეთანხმე, რომ იმ დღეს, როცა ჩილაჩავა დაიღუპა, შენ წყნეთში იყავი? გეკითხები, რა მიზნით იყავი წყნეთში ასული და, თუ ჩილაჩავების აგარაკზე არ მისულხარ, მაშინ, სად იყავი. თან, ისიც მოიფიქრე, ვის შეუძლია, შენი სიტყვები დაადასტუროს – ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნიკამ შუბლი მოისრისა:

– იცით, ახლა დავფიქრდი და, მგონი, მაგ დღეს საჭესთანაც კი არ ვმჯდარვარ, – თქვა რამდენიმეწუთიანი ფიქრის შემდეგ, – ჰო, ასეა. წყნეთში ნამდვილად არ ვყოფილვარ. მიშას მამის სიკვდილის ამბავი ვარჯიშზე გავიგე – აუზზე ვიყავი და იქ თქვეს ბიჭებმა. სხვათა შორის, მიშაც იქ იყო, – ნიკამ ნელ-ნელა სრულიდ აღიდგინა ის დღე, – ჰო, ასეა. და, საერთოდ, აღარც კი მახსოვს, წყნეთში ბოლოს როდის ვიყავი.

– მაშინ, როგორ აღმოჩნდა შენი მანქანა წყნეთის გზაზე?

ნიკამ თავი გააქნია.

– არ ვიცი. მართლა არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს.

თემომ სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დასრისა და ჩაიცინა:

– ეს საკმაოდ სერიოზული ამბავია. ამიტომ, ასე მარტივად არ იქნება საქმე. ვის შეეძლო, მანქანა წაეყვანა? ათხოვე ვინმეს?

ნიკამ ისევ გააქნია თავი:

– არავისთვის მითხოვებია და ვერც ვერავინ წაიყვანდა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეიძლება, ჩემი მანქანა ვანდო, დათოა, მაგრამ, მე და დათო იმ დღეს ერთად ვიყავით აუზზე.

– ვარჯიშზე ფეხით მიდიხარ ხოლმე? იქნებ, სანამ შენ ვარჯიშობდი, მანქანა ვინმემ წაიყვანა და მერე უკანვე დააბრუნა? შესაძლებელია ასეთი ვარიანტი? 

– არა. იქვე ვცხოვრობ და აუზზე ყოველთვის ფეხით დავდივარ. შეგიძლიათ, დათოს ჰკითხოთ.

– აუცილებლად შევეკითხები, მაგრამ, მოგვიანებით. მე ჯერ არ მიმიღია პასუხი ჩემს შეკითხვაზე – როგორ აღმოჩნდა შენი მანქანა წყნეთის გზაზე.

– არ ვიცი. – ნიკამ გამომძიებელს თვალებში შეხედა, – არ ვიცი!..

***

... ეს თამაშია, თამაში ბედთან და საკუთარ თავთან. თამაში კი ყოველთვის აზარტულია... სხვანაირად მას აზრი დაეკარგებოდა. შენ ყოველთვის იყავი აზარტული და ამან მიგიყვანა სახიფათო თამაშამდე. ხომ ხვდებოდი, რომ, ერთხელაც, თამაში ისე არ დამთავრდებოდა, როგორც შენ ვარაუდობდი. თამაშში ეს ვარიანტი თავიდანვეა ჩადებული. ჭკვიანი ადამიანი ყოველთვის ზუსტად ხვდება, როდის გაჩერდეს. შენ რა არ გეყო – ჭკუა? თუ, აზარტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა? ფაქტია, რომ მოგეწონა ეს თამაში და საკუთარი სურვილებისთვის წინააღმდეგობა აღარ გაგიწევია. ვერც იმას იტყვი, რომ ბავშვურად მოგივიდა. იმიტომ, რომ ბავშვები ყველაზე პრაგმატული არსებები არიან. ეს თამაში ბედთან და საკუთარ თავთან თავად დაიწყე, ფინალიც თვითონ უნდა მოიფიქრო.

***

თემომ ბრაზით შეხედა ცოლისძმას.

– რაღაც, ძალიან მხიარული ხარ იმის მერე, რაც ჩემს ზურგს უკან ჩაიდინე.

– მე? წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მელაპარაკები. შემთხვევით ხომ არ ფიქრობ, რომ ვიაგრის დიდი დოზა მე დავალევინე ჩილაჩავას?

– შენს ადგილას სასაცილოდ არ მექნებოდა საქმე. რატომ ჩემთან არ მოხვედი და არ მითხარი, მაკა ჩემს თანაშემწეზე რომ ეჭვიანობდა? არ ვაპირებდი ახლა ამაზე საუბარს, მაგრამ, ვეღარ მოვითმინე.

დათოს ნირი წაუხდა.

– ვინ გითხრა? ნიკამ?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

– როგორ არა აქვს, ტო... თუ ნიკამ გამყიდა, მაგრა მიუქარავს. მე, პირიქით, მაკას დამშვიდება მინდოდა, თქვენ შორის გამწვავებული სიტუაციის განეიტრალება. დიახ, მართლა ასე იყო და საკმაოდ უხერხულად ვგრძნობ თავს ამის გამო. პრინციპში, ვაპირებდი კიდეც, დაგლაპარაკებოდი. აქ ამისთვის დაგვიბარე? მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი, ამ სულელს ის გოგო თუ შეუყვარდებოდა.

– დათო, შენთვის არავის უთქვამს, რომ ადამიანების ბედით თამაში არ შეიძლება? – მოიღუშა თემო, – მაგრამ, ახლა მართლა არ არის ამაზე ლაპარაკის დრო, აქ ამისთვის არ მომიყვანიხარ. ჩილაჩავას სიკვდილი, შეიძლება, უბედურ შემთხვევას დაბრალდეს და საქმე დაიხუროს, მაგრამ... არის ამ საქმეში ერთი დეტალი, რომელსაც უყურადღებოდ ვერაფრით დავტოვებ და საამისოდ საკმარისზე მეტი მიზეზი მაქვს, მომისმინე და, სანამ რამეს იტყოდე, კარგად დაფიქრდი: იმ დღეს, როცა შენი მეგობრის მამა გარდაიცვალა, დროის იმ სავარაუდო მონაკვეთში, როცა ეს მოხდა, წყნეთის გზაზე ნიკას ავტომობილი მოძრაობდა. დაფიქსირებულია, როგორც ასვლა, ისე ჩამოსვლა. ამაზე რას იტყვი?!

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3