კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2018 (107)
სექტემბერი 2018 (209)
აგვისტო 2018 (267)
ივლისი 2018 (223)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)

ეროვნულ სამოსში გამოწყობილი რამდენი ფიგურა ინახება ლია ხუციშვილის კოლექციაში და რა განსხვავებაა ყარაჩოხელსა და კინტოს შორის

 

ლია ხუციშვილი ძალიან ლამაზი, ქართული და, შეიძლება ითქვას, ეროვნული კოლექციის მფლობელია. მასში თავმოყრილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის წარმომადგენელთა ფიგურები, რომლებიც ქალბატონი ლიას მიერ იმოსება, უფრო სწორად – იღებება, რაშიც მას ძალიან ეხმარება თავისი ძირითადი პროფესია – ქალბატონი ლია ქიმიკოსია. რაც შეეხება ფიგურებს, ისინი ჩვენი რესპონდენტის მეუღლის მიერ იქმნება, ოღონდ, უშუალოდ ქალბატონი ლიას ჩანაფიქრისა და მისი მითითებების მიხედვით. დღეს ქალბატონი ლია ხუციშვილი ჩვენი რესპონდენტია.

ლია ხუციშვილი: ამ კოლექციაზე მუშაობა სულ შემთხვევით დავიწყეთ მე და ჩემმა მეუღლემ –  გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ეროვნული თოჯინები. ჯერ დაიბადა იდეა, შემდეგ მეუღლეს გავუზიარე ჩანაფიქრი. ის ძერწავს, მე კი მათი შემოსვა-შეღებვით ვარ დაკავებული. ჩვენს ნამუშევარს მივეცით სუვენირის სახე. თავდაპირველად ამ ყველაფერს გასართობი ხასიათი ჰქონდა თუმცა, დღეს მოხდა ისე, რომ ჩვენი ნამუშევრები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია დაბინავებული, რადგან ძალიან დიდ დაინტერესებასა და შეძენის სურვილს გამოთქვამენ ხოლმე ტურისტები მათი ხილვისას. ჩვენ მიერ შექმნილი ყოველი პირველი არსება  ამ კოლექციის საკუთრება ხდება, შემდეგ კი, ასე ვთქვათ, ასლები, ბევრჯერ დაგვირიგებია საჩუქრად. 

– რამდენი წლის წინ შეიქმნა პირველი თოჯინა ამ კოლექციისთვის?

– დაახლოებით 15 წლის წინ. თავდაპირველად ქართულ კაბაში და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი წყვილი გავაკეთე. ამას მოჰყვა კახელები, შემდეგ – თუშები... ვიყავით ძიების პროცესში და ნელ-ნელა მოხდა ისე, რომ ჩვენს კოლექციაში საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა დაიდო ბინა. 

კახელი ჯერ ყანწით წარმოვადგინეთ, მეორე ვარიანტში – პურითა და ყურძნით დატვირთული ურმით. რაჭველი პურის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც სვანის ფიგურას ამშვენებს სვანური კოშკი. თუშები ფარითა და ხმლით აღვჭურვეთ. აჭარლებიც თავიანთი მშვენიერი სამოსით, დროდადრო ყარაჩოხელები, მეზურნეები, მეფაეტონეები და მეთევზეები შევქმენით, მოგვიანებით კი კინტო.

– ამ სუვენირების ჩაცმულობა აშკარად ეროვნულია, ფერებსაც ეროვნულს იყენებთ მათ შესამოსად?

– რა თქმა უნდა. როდესაც ამ ფიგურების შემოსვა დავისახე მიზნად, ვსარგებლობდი სპეციალური ლიტერატურით, სადაც მოცემული იყო ყველანაირი ინფორმაცია ქართული სამოსისა და მისი ფერების შესახებ. აჭარლების სამოსში ნარინჯისფერი ჭარბობს. გოგონების სამოსი გაცილებით მრავალფეროვანია, მათი ჭრელი ქამრების ფერი შეუზღუდავია. ქართული სამოსი უმეტესწილად თეთრია. 

– რაც შეეხება მთიულების ჩაცმულობას?

– აქ საჭიროა მოხატული გულმკერდი, ასევე, მოსაცმელი და კაბა. მამაკაცის სამოსი და ქუდიც მოქარგულია. მთიულთა ჩაცმულობაში გამოიყენება ყველა ის ფერი, რაც მათი ხელით შექმნილ ეროვნულ ხალიჩებშია გამოყენებული.

– ყარაჩოხელებზე რას გვეტყვით?

– ყარაჩოხელები მუქი ლურჯი სამოსით წარდგებიან, მათი განუყრელი ატრიბუტია წითელი ფერის ხელსახოცი. აქვეა კინტოც.

– ყარაჩოხელებისა და კინტოების განსხვავების შესახებ რას გვეტყვით?

– კინტო თბილისის ქუჩების ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურა იყო, რომელიც განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა-პასუხითა და თავისებური ჩაცმა-დახურვით. ისინი თაბახზე დაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს ქუჩებში გასაყიდად თავით  დაატარებდნენ. ხშირად ხდება ყარაჩოხელებისა და კინტოების ერთმანეთში არევა ან ერთმანეთთან გაიგივება, სინამდვილეში კი ყარაჩოხელი დარბაისელია, გულმართალი, რაინდი, ხოლო კინტო – გაქსუებული... ერთი სიტყვით, კინტო ყარაჩოხლის გადაგვარებული მოდგმაა. ყარაჩოხელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, ბრგე... კინტო თვალმანკიერია, ჩიკორა კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელშიც ვაჟკაცური ელემენტები ნაკლებადაა. ასეთივე სხვაობაა მათ ჩაცმულობაშიც.

– კიდევ ვინ არიან ამ კოლექციაში წარმოდგენილნი?

– სვანები, სვანური ქუდითა და ხანჯლით. ამ კოლექციის დათვალიერებისას სვანები ყოველთვის ხუმრობენ ხოლმე: რატომ არის სვანი ასეთი პატარა და სხვა კუთხის წარმომადგენელი კი – დიდიო!

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– ქიმიკოსი, თუმცა, დავამთავრე თუ არა სწავლა, ჩემი წითელი დიპლომი ჩავდე უჯრაში და ამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. 

– ამ თოჯინების შესამოსად ფერების შეზავებაში თუ იყენებთ ქიმიის ცოდნას?

– ამ საქმიანობაში ნამდვილად მეხმარება. 

– რა მასალისგან იქმნება ეს ეროვნული ფიგურები?

– უმეტესწილად თაბაშირით.

– ამჟამად რამდენი ფიგურაა კოლექციაში თავმოყრილი?

– დაახლოებით ორმოცი და თითოეული მათგანი ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. მათ შესაქმნელად ვხელმძღვანელობთ მხოლოდ და მხოლოდ სპეციალური ლიტერატურით.

– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?

– მე ძალიან მიყვარს ეს კოლექცია.  და სულ ვფიქრობ, რა შევძინო ახალი, რომ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო. როგორც წესი, მათი შემოსვისას განსაკუთრებით ქალბატონებს ვუთმობ დიდ დროს. გასაკვირიც არაფერია, ქართველი ქალის სილამაზეზე ხომ უამრავი რამ დაწერილა. ასე რომ, ეს კოლექცია და მასზე მუშაობა მე ძალიან მიყვარს და მახალისებს.

 

 

скачать dle 11.3