კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
სექტემბერი 2017 (162)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)
აპრილი 2017 (220)

ვისგან იგებს კახა ცაბაძის შვილიშვილი „სოდის“ საიდუმლო ინფორმაციებს

კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარის, კახა ცაბაძის შვილიშვილი, ნიკა, ძალიან კეთილი და გონიერი ბიჭია – ძალიან უყვარს მეგობრები და მათთვის კეთილი საქმეების გაკეთება. ცნობილი კომპოზიტორების მემკვიდრეს, მუსიკისკენ მაინცდამაინც არ მიუწევს გული, მაგრამ უფროსების ხათრით ფეხბურთის თამაშს დროებით შეელია და მალე როიალთან „დამეგობრებას“ აპირებს. ნიკას იმედი აქვს, რომ დიდ საფეხბურთო მოედანზე მომავალში აუცილებლად მოხვდება, მანამდე კი სწავლასთან და გართობასთან დაკავშირებულ გეგმებს აწყობს.



– მე ვარ ნიკა აბაიშვილი, ვსწავლობ „იესემში“, რომელსაც უკვე გადაარქვეს სახელი და „ჯიელსი“ დაარქვეს. ჩვენი სკოლა „იესემი“ იცით რას ნიშნავდა? „ეს სად მოვხვდი“ დაარქვეს უფროსკლასელებმა და ჩვენც ასე ვეძახით.

– რატომ – „ეს სად მოვხვდი“?

– იმიტომ, რომ ძალიან ძნელი სწავლაა, ასე თბილისის არც ერთ სკოლაში არ ასწავლიან. მთელი წელი ჩვენს ეზოში ყველა ბავშვი თამაშობდა, ჩემ გარდა. მე მქონდა ლიმიტი, როდის უნდა ჩავსულიყავი ეზოში და როდის ამოვსულიყავი, ჩემ მეტს არავის არ ჰქონდა გამოცდები, არ მესმის, ეს გამოცდები რა საჭიროა პატარა ბავშვებში? კიდევ კარგი, სწავლა მთელი ზაფხული არ გააგრძელეს და ბებიამ გრაფიკი გააუქმა. ჩვენს სკოლაში ისეთი მაგარი სიმკაცრეა, თავი რომ მოიკლა და ძალიან მოინდომო, შატალოზეც ვერ წახვალ. შატალოზე მე არც მინდება წასვლა, მაგრამ, რა იცი, უცებ რა მოგივა თავში.

– კარგად სწავლობ?

– დიახ, ცხრებზე და ათებზე, ყველაზე გულიანად ქართულსა და ინგლისურს ვსწავლობ, ვერ ვიტან გეოგრაფიას, ძალიან საინტერესო საგანია, მაგრამ რაღაცნაირი მასწავლებელი გვასწავლის და ხშირად გვეჩხუბება ხოლმე. მასწავლებელმა ისე უნდა ასწავლოს ბავშვებს, რომ არ იყვიროს და ბავშვებს სკამზე ცარცის დაყრის სურვილი არ გაუჩნდეთ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ეს მასწავლებელი მსოფლიოს ყველაზე მაღალ მწვერვალზე ავიყვანოთ და იქ დავტოვოთო.

– მერე, როგორ უნდა წაიყვანოთ იქ?

– მოტყუებით წავიყვანთ ჯომოლუნგმაზე და იქ დავტოვებთ, მარტო ხომ ვეღარ ჩამოვა, ან გზაში გაიყინება, ან რამე მოუვა.

– სკოლაში ბევრი მეგობარი გყავს?

– ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ბიჭებთანაც ვმეგობრობ და გოგონებთანაც, ზოგი ფიქრობს, რომ გოგოებმა მეგობრობა არ იციანო, მე ასე არ ვფიქრობ. გოგოებმაც იციან კარგი მეგობრობა. მე მაგათთან ერთადაც კარგად ვთამაშობ. ადრე სამი გოგო გვყავდა, ახლა ექვსნი არიან – გენდერული ბალანსი დაცულია. (იცინის) ცუდი ისაა, რომ გოგოები ფეხბურთს ვერ თამაშობენ კარგად, მაგათი ხათრით ჩვენც წრეში ბურთს ვთამაშობთ, თორემ ეგ რა ბიჭების სათამაშოა? მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. რომ შეიძლებოდეს, გეოგრაფიის გაკვეთილზეც კი ფეხბურთს ვითამაშებდი.

– კარგი მეგობრობა რას ნიშნავს?

– ერთად რომ ვდგავართ და ვინმე სხვა მოვა, შენ არ უნდა მიგატოვოს და იმასთან არ უნდა წავიდეს. მეგობარი კეთილი უნდა იყოს და გაჭირვებაში დაგეხმაროს, თუ იჩხუბეთ, მერე მაინც კეთილად უნდა მოექცეთ ერთმანეთს. თუ ის გოგო მოგწონს, მასე ვეღარ მოსთხოვ. უნდა მიახვედრო, რომ მოგწონს და ისიც კი არ გემეგობრება, შეყვარებულივით იქნება.

– როგორ ახვედრებთ გოგოებს, რომ მოგწონთ?

– შენ არ უნდა უთხრა, ჯობია, ვინმე მეგობარს დაავალო და ის ეტყვის. მე თვითონ არავინ არ მიყვარს, მაგრამ ერთ გოგოს ვატყობ, რომ მეპრანჭება – სულ ჩემთან ერთად უნდა თამაში. მე, სანამ ოცი წლის არ გავხდები, არ მინდა, რომ შეყვარებული მყავდეს, შეყვარებული ცოლად უნდა მოიყვანო და აბა, ეხლა ცოლს ხომ ვერ მოვიყვან, მაგის უფლებას ვინ მომცემს? მერე, დიდი რომ ვიქნები, არც ცოლის მოყვანას დამიშლიან და თან უკვე მექნება ფული, რომ ცოლი სადმე წავიყვანო და რასაც მთხოვს, ვუყიდო.

– როცა დიდი ბიჭი იქნები, ვინ გინდა, რომ გამოხვიდე?

– მინდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი ვიყო. ნახევარდაცვაში ვითამაშო რომელიმე ცნობილ გუნდში. ახლა ფეხბურთზე აღარ დავდივარ, არ უნდათ, რომ ფეხბურთელი ვიყო. ჰგონიათ, რომ ერთი შეცდომა რომ დავუშვა, ფეხი მომტყდება და სკოლას გავაცდენ, მე მაინც ვთამაშობ ფეხბურთს ეზოში. იქაც რომ არ ვივარჯიშო, ფეხბურთელი ვერ გამოვალ.

– ნიკა, შენს კლასში ცნობილი ადამიანების შვილები სწავლობენ?

– ერთი-ორი. ადრე ჩემი კლასელი და ჩემი მეგობარი იყო „სოდის“ უფროსის მოადგილის შვილი. ძალიან კარგი ბიჭია, ტელეფონში „სოდის“ სურათები ჰქონდა და ერთად ვათვალიერებდით. მაგისი მამა ნარკოტიკების გამყიდველებსა და საშიშ ყაჩაღებს იჭერდა. ხანდახან ლუკა იმასაც მიყვებოდა, რასაც თვითონ ჩუმად იგებდა, მაგრამ მაგას ვერ მოგიყვებით – სახელმწიფო საიდუმლოა.

– შენმა მეგობრებმა იციან, შენ ვისი შვილიშვილი ხარ?

– როგორ არ იციან, გიორგი ცაბაძეზე ბევრი რამე გაუგიათ, იციან, რომ ძალიან ცნობილი კომპოზიტორი და კეთილი კაცი იყო. ბაბუაზე, კახაზეც იციან, რომ კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეა. მე აბაიშვილი ვარ, მაგრამ სკოლაში ცაბაძეს მეძახიან. ბაბუაჩემის გვარი რომ მქონდეს, კარგი იქნებოდა, მაგრამ მამაჩემის გვარზე უარს ხომ ვერ ვიტყოდი და მამას გულს ხომ არ ვატკენდი? თან, აბაიშვილიც კარგი გვარია. ბაბუაჩემი, ჯემალ აბაიშვილი, დიდი სპორტსმენი იყო, ხელბურთში.

– ბაბუების მსგავსად მუსიკას შენც ხომ არ წერ?

– არააა... მე დაკვრაც კი არ ვიცი, (იცინის) ორი ხელით საერთოდ ვერ ვუკრავ. არ მიყვარს როიალი, არც კი ვეკარები ხოლმე. ბებიას ბრალია, დაკვრა რომ არ ვიცი. მერე იტყვიან, ოჯახს უღალატე, დაკვრა რომ არ იციო. სკოლაში ბევრ დავალებას გვაძლევდნენ, ბებიას ვეცოდებოდი და მუსიკაზე არ მიმიყვანა, ახლა ვაპირებ, რომ მუსიკაზე ვიარო. ბებია უკვე ამბობს, მუსიკა გამოგადგებაო, მაგრამ მე არ მინდა კომპოზიტორობა, ფეხბურთი მირჩევნია. კომპოზიტორობაც საინტერესოა, მაგრამ... სანამ მე გავიზრდები, ან ჩემს ოჯახს შეეცვლება აზრი ფეხბურთზე, ან მე მომინდება კომპოზიტორობა.

– ორივე საქმე ერთად არ გამოვა?

– აბა როგორ? ინგლისში ან გერმანიაში ფეხბურთი ვითამაშო, მერე აქ ჩამოვიდე და „სიყვარული მინდაა“ ვიმღერო? (იცინის) მე ვიცი, რომ ერთი კაცი ჯერ ფეხბურთელი იყო და მერე ოპერაში შევიდა, მაგრამ მე ეს არ გამომივა.

– იცი, კომპოზიტორები მუსიკას როგორ წერენ?

– ტექსტს წაიკითხავენ, თუ ნაღვლიანია, ნაღვლიან მუსიკას დაწერენ, თუ სასაცილო და მხიარული ტექსტია, მუსიკაც მხიარული უნდა იყოს. ეს ძნელია, იოლი კი არაა. აკორდები არსებობს მინორული და მაჟორული. მე რომ კომპოზიტორი ვიყო, სულ მხიარულ მუსიკას დავწერდი, რომ ადამიანები გამხიარულდნენ. მე დავწერ მუსიკას ოჯახზე, მეგობრებზე, ლამაზ ქალებზე. გამიჭირდებოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ახალ ჰიმნსაც შევქმნიდი. ძალიან მაგარი იქნებოდა, ყველა ფეხბურთი ჩემი მუსიკით რომ დაიწყოს (იცინის). ვიცი, რომ ჩემი დიდი ბაბუა ნაღვლიან, მაგრამ მაგარ მუსიკას წერდა. ის უფრო მაგარი კომპოზიტორი იყო, მაგრამ კახა ბაბუაც მიაღწევს მაგდენს. კახა კომპოზიტორების კავშირშიც ხომ მუშაობს, კომპოზიტორები ბევრ რამეს ქმნიან.

– საქართველოში ახლა ყველაზე კარგი კომპოზიტორი ვინ არის?

– მე გამიგია ბიძინა კვერნაძე და, აი, ის კაცი რომ არის, რაღაცნაირი ხმით რომ ლაპარაკობს და ხან მღერის კიდეც ... რევაზ ჩხიკვაძე (გულისხმობს მსახიობ რამაზ ჩხიკვაძეს – თ.ს.). ახლა კომპოზიტორებს პრობლემები ჰქონდათ, ბორჯომში სახლი წაართვა მიშამ და აღარ დაუბრუნა. მეც ვეღარ მივდივარ ბორჯომში, ყველას წაგვართვა მიშამ ის სახლი.

– რატომ წაართვა მიშამ სახლი კომპოზიტორებს?

– ამ ქვეყანაში კარგი რაც არის, მიშას ყველაფერი თავისთვის უნდა. ერთ შეცდომას როგორც კი დაუშვებს, მერე ყველაფერი ცუდად ხდება, ამიტომაც არის მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ. ბავშვებს კი გაგვიკეთა მოედნები, მაგრამ დიდებს მოედნები რაში სჭირდებათ, ხელფასები და პენსიები უნდათ, რისთვისაც იბრძვიან ოპოზიციონერები, მაგრამ ვერ გაიგებ ვის რა უნდა – ზოგს მარტო ფული უნდა, ზოგს თანამდებობა.

– ვინ მოგწონს ოპოზიციიდან?

– კახა კუკავა მომწონს, იმიტომ, რომ ბაბუას სეხნიაა. კიდევ შალვა მომწონს ლეიბორისტი და სოსო შატბერაშვილი – ეგ კაცი ჩემი მეზობელია. მე დუშეთში მაქვს „დაჩა“, იქ, თურმე, ძალიან ბევრი ლეიბორისტი ცხოვრობს. მეც მყავს ბავშვი ლეიბორისტები მეგობრად, ერთად ვთამაშობთ ხოლმე.

– შენც ლეიბორისტობას ხომ არ აპირებ?

– შეიძლება, ბავშვი ლეიბორისტების პარტია შევქმნა და უფროსი ვიყო. მერე შალვა ნათელაშვილს გავიცნობ, ის დიდების უფროსი იქნება, მე – პატარების (იცინის). დუშეთში როცა ჩავალ, ამ საკითხზე ვიმუშავებ, მაგრამ იქ დიდხანს უნდა დავრჩე, რომ პატარების პარტია შევქმნა, მე კი ერთ თვეზე მეტხანს ყოფნა მბეზრდება – წყალი კვირაში ერთხელ მოდის, მარტო ხეებზე ძრომიალით და ფეხბურთის თამაშით ვერთობით.

– ნიკა, შენი ოცნება რა არის?

– ძალიან მინდა, რომ დედა და მამა ერთად ცხოვრობდნენ და მსოფლიოს ყველა ბავშვს ჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდეს – თვითონ და მშობლები სულ ერთად იყვნენ.

თამუნა სამადაშვილი

скачать dle 11.3